მთავარი,სიახლეები

ჯიმ მორისონის პარიზი

25.12.2017 • 3020
ჯიმ მორისონის პარიზი

დეკემბერში ჯიმ მორისონი 74 წლის გახდებოდა. მუსიკოსი ამერიკიდან პარიზში 1971 წელს გაიქცა. ანონიმურად მცხოვრები მორისონისთვის პარიზი წერისა და შთაგონების წყაროდ იქცა, რაც კარგად ჩანს მის იმდროინდელ ჩანაწერებში. დავათვალიეროთ ადგილები, სადაც სამოციანი წლების როკვარსკვლავმა სიცოცხლის ბოლო წელი გაატარა.

საცხოვრებელი სახლი ბოტრელის ქუჩა №17-ში, სადაც  მორისონი გარდაცვლილი იპოვეს.

ფოტო: commons.wikimedia.org

ეს ჯიმ მორისონისა და მისი მეგობრის, პამელა კურსონის ბინა იყო, რომელიც მათ მანეკენ ელიზაბეტ ლარივიერისგან ჰქონდათ ნაქირავები. წყვილი სადარბაზოდან მარჯვნივ, მესამე  სართულზე ცხოვრობდა. მორისონი დიდ დროს ატარებდა პარიზის ცენტრში მდებარე ბინაში, რომ ბევრი ეწერა. ის სწორედ ამ ბინის აბაზანაში იპოვა პამელა კურსონმა გარდაცვლილი 1971 წლის 3 ივლისის დილას. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი გულის გაჩერება იყო, არ ჩატარებულა აუტოფსია, რადგან საფრანგეთის იმდროინდელი კანონმდებლობა ამას არ მოითხოვდა.

სასტუმრო  „George V”-ი

ფოტო: pariszigzag.fr

1970 წლის ზაფხულში პირველად ამ სასტუმროში გაჩერდა ჯიმ მორისონი. პამელა კურსონი აქ ელოდებოდა ამერიკიდან ჩამოსულ მორისონს, მაგრამ მათ მალევე დატოვეს იქაურობა და პარიზის ცენტრში გადავიდნენ. მორისონს არ უყვარდა ეს სასტუმრო და „წითელხალიჩებიან ბორდელს“ უწოდებდა მას.

ვოსგის მოედანი  (La place des Vosges)

ფოტო: pariszigzag.fr

ვოსგის მოედანი ხალხისგან გაქცევის საუკეთესო ადგილი იყო მორისონისთვის (რასაც ვერასდროს ახერხებდა ამერიკაში). მოედანი ნაქირავები ბინიდან 5 წუთის სავალზე იყო. ჯიმ მორისონი ვოსგის ბაღში ისვენებდა და წერდა. მისი ბოლო პოემების დიდი ნაწილი, მაგალითად, „The American Night“-ი და „Wilderness“-ი ამ ბაღშია დაწერილი.

ღვინის სარდაფი „Vin des Pyrénées”-ი

ფოტო: .justacote.com

Doors -ის მთავარი წევრის საყვარელი ღვინის სარდაფი ბოტრეის ქუჩის 25 ნომერში მდებარე Vin des Pyrénées-ი იყო. მორისონი აქ ყიდულობდა ღვინოს და როგორც კაფეს ლეგენდა ამბობს, ძირითადად ბორდოს თეთრ ღვინოს არჩევდა ხოლმე.

ბოტრეილის რესტორანი  (Le restaurant Beautreillis)

ფოტო: pariszigzag.fr

მორისონი ხშირად იყო სახლის წინ მდებარე ამ რესტორნის სტუმარი. აქაურობა მუსიკოსისა და მისი მეგობარი გოგოს გახშირებული კამათის მოწმე იყო. 1990 წელს, მომღერლის გარდაცვალებიდან ოცი წლის შემდეგ, ფანებმა რესტორანი შეისყიდეს და ჯიმ მორისონისადმი მიძღვნილი სპეციალური დეკორაციებით გააფორმეს, თუმცა 1996 წელს ახალმა მფლობელმა ინტერიერი გადააკეთა და ახლა აქ მუსიკოსის პარიზულ ისტორიებზე ასოციაციები არ შეგექმნებათ. შეიცვალა რესტორნის სახელიც, ახლა „restaurant Beautreillis“-ის ნაცვლად აქ  „Le dindon en laisse“ დგას.

პაბი „Mazet”-ი  (Le pub „Mazet”)

ფოტო: pariszigzag.fr

პატარა ანგლოსაქსონური პაბი, პარიზის შუაგულის მეექვსე არონდისმანში ჯიმისთვის ინგლისურად სალაპარაკო და ალკოჰოლის მისაღები ადგილი იყო, აქაც თავის საყვარელ თეთრ ბორდოს შეექცეოდა და როგორც პაბის ლეგენდა ამბობს, მორისონი იმ დროს უკვე აღარ გავდა სექსსიმბოლოს, რომელიც Doors-ის ალბომების გარეკანზე იყო გამოსახული.

საფლავი

ფოტო: pariszigzag.fr

პერ-ლაშეზის სასაფლაოზე ჯიმ მორისონის საფლავს ყოველდღიურად უამრავი მნახველი ჰყავს. ფანების წყალობით აქ ყოველთვის ყვავილების სიმრავლეა. ზოგიერთი მარტო მოდის, ზოგიერთიც – მეგობრებთან ერთად მოსაწევად და ლუდის დასალევად. 46 წლის წინ გარდაცვლილი მუსიკოსის, პოეტისა და „კლუბ 27-ის“ წევრის, ჯიმ მორისონის საფლავი დღემდე მნიშვნელოვანი ადგილია პარიზში.

წყარო: pariszigzag.fr

გადაბეჭდვის წესი


ასევე: