„ჩემი კომპანიის პასუხისმგებლობას ვერ ვხედავ, გაჩენილი ბზარები უხარისხო მშენებლობის შედეგი არ არის. ექსპერტიზის შემდეგ, შეიძლება გეოლოგის ან საპროექტოს პასუხისმგებლობა გამოიკვეთოს, რადგან მაგ ადგილზე შენობა არ უნდა აშენებულიყო“ – ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.
მევლუდ გეწაძე ამბობს, რომ კომპანიამ მშენებლობა გეოლოგიური დასკვნის და პროექტის მიხედვით შეასრულა: „ექსპერტი მშენებლის პასუხისმგებლობას ვერ დააყენებს, თუ ასე იქნება, ყველას შევეკამათები, რადგან შენობა გამართულია. საძირკველში 10 მეტრიანი და მეტი სიგრძის ხიმინჯები გვაქვს ჩარჭობილი, რომელიც რვა სართულიანი შენობის სიმყარისთვისაც კი საკმარისია. მაგ ადგილზე ჭაობიანი გრუნტია და ამიტომ მოხდა რყევა. ბაღის გვერდით, მაღალსართულიანი შენობაც შენდებოდა, სადაც მუდმივად მოძრაობდა მძიმე ტექნიკა და საძირკველის შესწავლის დროს, ისეთი ძლიერი დარტყმები იყო, ყველაფერი ზანზარებდა. სწორედ ამ რყევების შედეგია ეს ბზარებიც“.
მევლუდ გეწაძის თქმით, საბავშვო ბაღის დასრულებულ შენობას ბზარები ერთ წელიწადში გაუჩნდა. „ეს ბზარები მაშინ ჩვენ გავასწორეთ, მაგრამ ისევ განვითარებულა, ზუსტად იმავე ადგილებში. ეს იმას ნიშნავს, რომ ბზარები ძლიერმა რყევებმა გამოიწვია.“
ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო ვადები გასულია, თუმცა როგორც სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, საგარანტიო ვადა, შენობის კონსტრუქციულ ნაწილზე არ ვრცელდება. „თუ საღებავია ცუდად გაკეთებული, ან ფანჯარა ჩამოვარდა, საკეტი გაფუჭდა, ასეთ დეტალებზე ვრცელდება საგარანტიო, შენობის კონსტრუქციულ ნაწილი – ეს უკვე სხვა ამბავია“.
ახალაშენებულ ბაღში, რამდენიმე თვეში წყალი სახურავიდანაც ჩავიდა, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელი, პასუხისმგებლობას არც ამ შემთხვევაში იღებს:
„სახურავი თოვლისგან არ გაწმინდეს და წყალი ამიტომ ჩადგა. ჩვენ მოვაყვანინეთ სახანძრო და გავწმინდეთ სახურავი, ამის შემდეგ მსგავსი არაფერი ყოფილა. არც სახურავი გამოცვლილა“.
27-ე საბავშვო ბაღის მშენებლობაზე თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 32 769 ლარი დაიხარჯა.
ამ დროისთვის საბავშვო ბაღი არ მუშაობს. ბაღში 200 აღსაზრდელია რეგისტრირებული. ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ადმინისტრაცია ექსპერტიზის დასკვნას დაელოდება. საბავშვო ბაღი ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარეობს.