რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 062 290 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +940]
  • ტანკი – 11 088 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 23 103 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 31 273 ერთეული [+41]
  • MLRS – 1 456 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 204 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 50 315 ერთეული [+147]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 555 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 57 856 ერთეული [+125]
  • სპეცტექნიკა – 3 936 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 664 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 75 813 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 625 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 504 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 584 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 28 318 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 39 356 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უახლოეს დღეებში პუტინისა და ტრამპის შეხვედრა იგეგმება — კრემლი

“მედვედევს გადაეცით…” – ტრამპმა რუსეთის ექსპრეზიდენტს მიმართა

იმედგაცრუებული ვარ პუტინით, ვაპირებ, 50-დღიანი ვადა შევამცირო – ტრამპი

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„მხოლოდ აგვისტოში გახსენდებით“- როგორ ცხოვრობენ 2008 წლის ომის მონაწილეები

„მხოლოდ 7 აგვისტოს გახსენდებით!“ – საყვედურნარევია აგვისტოს ომის მონაწილეებთან საუბარი. მათ არამხოლოდ განცდა აქვთ, რომ ყველამ დაივიწყა, ამას ასაბუთებენ კიდეც.

„როგორც სახელმწიფომ, ისე საზოგადოებამაც დაგვივიწყა“ – ამბობენ ყოფილი ჯარისკაცები. 

არადა სათქმელი ბევრი აქვთ, გასახსენებელი და მოსაყოლი, გასაზიარებელი ცოდნაც ბევრი აქვთ, მაგრამ ამბობენ, რომ „მათი მოსმენა არავის სურს“ და „მათი ცოდნა არავის სჭირდება“.

გვიყვებიან, რომ არ იწვევენ სახელმწიფო ღონისძიებებზე, არ ინტერესდებიან, რა გამოწვევების დაძლევა უწევთ და როგორ ცხოვრობენ აგვისტოს ომის ვეტერანები მას შემდეგ, რაც სამსახური დაასრულეს.

გული სწყდებათ, როცა სამხედრო ჰოსპიტალში შესულებს რეგისტრატორი ეკითხება: „პენსიონერი ხარ? დახმარება გჭირდება? “ ან „ცივად და მკვახედ“ ეუბნებიან: წადი და ცნობა მომიტანე, რომ პენსიონერი ხარ და დახმარება გეკუთვნის“.

აგვისტოს ომის მონაწილეებიდან უმეტესობა ყოფილი სამხედრო პირია, ზოგი პენსიაში გავიდა, ზოგმა წლების წინ უპატაკა უფროსს, რომ წასვლა სურდა, მიზეზი მეტწილად ჯანმრთელობის პრობლემები იყო, აგვისტოს ომის შემდეგ ომგამოვლილები, რეაბილიტაციის შესაძლებლობის და ყურადღების მიღმა დარჩნენ.

როგორც გვიყვებიან, თავად მოძებნეს გზები, რომ ეცხოვრათ და ოჯახები გადაერჩინათ. სხვა საქმეს მოჰკიდეს ხელი, „ვისაც რა შეგვიძლია ვაკეთებთ, იმისთვის კი არა რომ ღირსეულად ვიცხოვროთ, უბრალოდ ცხოვრება შევძლოთ, გავაგრძელოთო“ – ამბობენ.

რას სთავაზობს სახელმწიფო ომის ვეტერანს? – როგორც თავად გვიყვებიან ყოფილი ჯარისკაცის პენსია 100 ლარია, ყოფილი თანამდებობის პირის, მაღალი რანგის სამხედრო პირის კომპენსაცია კი პენსიაში გასვლის შემდეგ რანგის მიხედვით განისაზღვრება.

ბევრ ყოფილ ჯარისკაცს, აგვისტოს ომის ვეტერანს, ემიგრაციაში მოუწია წასვლა. მუშაობენ პოლონეთში ტაქსისტებად, ამერიკაში დიდი სატვირთოების მძღოლებად, ევროპის სხვადასხვა ქალაქებში მშენებლობებზე მუშებად ან ხელოსნებად.

  • 470 ლარი კაპიტანს კომპენსაცია სამხედრო სამსახურისთვის და 100 ლარი დახმარების სახით

მალხაზ აღლემაშვილი გვიყვება, რომ აგვისტოს ომის დროს ასეულის მეთაურის მოადგილე იყო და შემდეგ მეთაური გახდა. სამხედრო სამსახური მან 2017 წელს დატოვა. „სრული ასაკით, კაპიტნის წოდებით წამოვედიო“ – გვიხსნის. ეს იმას ნიშნავს, რომ პენსიის ასაკამდე იმსახურა. სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ სახელმწიფომ მას 100-ლარიანი დახმარება და ე.წ. კომპენსაცია, 470 ლარი დაუნიშნა.

„470 ლარი მაქვს, როგორც სამხედრო სტაჟის კომპენსაცია, 100 ლარიან დახმარებას კი მაძლევენ, კომუნალურები რომ გადავიხადო“ – ამბობს ის. 

მალხაზ აღლემაშვილი გულდაწყვეტით ამბობს, რომ სახელმწიფო არანაირ ინტერესს არ იჩენს ყოფილი სამხედრო პირების მიმართ, არავინ კითხულობს მათ, ახერხებენ თუ არა ღირსეულად ცხოვრებას.

„საერთოდ თუ ვახსენდებით ვინმეს?! ვცხოვრობ როგორც გლეხი კაცი, ვმუშაობ მიწაზე, სადაც რა სამუშაო გამოჩნდება 50-60 ლარზე, იქ მივდივარ, ძირითადად შავ სამუშაოს ვასრულებ, ხან მძღოლად ვმუშაობ. მეტი რა უნდა ვქნა. არავითარი ინტერესი არ არის ჩვენს მიმართ, არავითარი. არავის მოვუკითხივართ, რა თქმა უნდა ზედა ეშელონიდან, თორემ მეგობრები მყავს, ისინი მეხმიანებიან. არა, რას მეკითხებით, არასდროს არცერთ ღონისძიებაზე არ მივუწვევართ. ეს კი არა, ისეთი გაჭირვებები გამოვიარე სამსახურის შემდეგ, ხელფასიც არ მქონდა, ემიგრაციაში გავუშვი მეუღლე, რომ იქედან დამეხმაროს, შვილები სტუდნტები მყავს და რა ვიცი…“

მალხაზ აღლემაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ უდეში ცხოვრობს. მას მეგობრებზე, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებზეც ვკითხეთ.

„იგივე სიტუაციაშია ყველა ჩემი მეგობარი. დღეს ერთი დამიკავშირდა,მასთან გისაუბრიათ და დამირეკა, მიამბო. ზოგი ბაზარში ვაჭრობს. ინტერნეტში ვნახე ვეტერანთა კავშირს ერთჯერადი დახმარებები ექნებაო, ვითომ 1000-ლარიანი. ისიც ალბათ ძალიან გაჭირვებულებზეა, მე შეწუხებაც არ მიყვარს ვინმესი, თუ ძალიან არ გამიჭირდა“.

მალხაზ აღლემაშვილს არ დავიწყებია მოეყოლა იმ იშვიათ შემთხვევაზეც, როცა მის მიმართ პატივისცემა გამოხატეს, როგორც სამხედრო მოხელის მიმართ:

„ერთადერთი შემთხვევა მქონდა, საგზაო პატრული რომ დადის, გამაჩერეს და გაიგეს რომ ომის მონაწილე ვარ, ისიც ჩვენს კუთხეში, სხვაგან არა. აღარ მიმოწმებენ საბუთებს, შეღავათს მიკეთებენ“.

მოქმედმა სამხედროებმა კი უარი უთხრეს, უბრალოდ შორიდან ეყურებინა სამხედრო სწავლებისთვის.

„ახალი დასრულებული რომ მქონდა ჯარში მუშაობა ჩემი სპეციალობით სწავლება ტარდებოდა ჩვენთან ორფოლოში. მინდოდა შორიდან მეყურებინა. ჩაკეტილი ჰქონდა სამხედრო პოლიციას შესასვლელი, არც კი შეგვიშვეს. უბრალოდ დაინტერესებული ვიყავი, როგორც ჩემს სპეციალობაზე შეყვარებული. არც მიმიშვეს ახლოს“ – გულდაწყვეტით გვითხრა მან.

  • ჯანმრთელობის დაზღვევა

იმედა ცერცვაძემ ქართულ ჯარში 25 წელი იმსახურა, ის აგვისტოს ომის დროს ასეულის მეთაური იყო. ისიც გულნატკენია, რომ „2008 წლის ომში მონაწილე გმირები დაივიწყეს“.

„ასეულის მეთაური ვიყავი, 2008 წლის ომის დროს ბატალიონის უფროსი ოფიცერი, 2008 წლის შემდეგ ასეულის მეთაური, ბევრი თანამდებობა შევიცვალე. არტილერიას ვასწავლიდი, სპეციფიკური სპეციალობაა, უამრავი პირადი შემადგენლობა მყოლია, 2006 წლიდან 2014 წლის ჩათვლით პერიოდს გამოვარჩევდი.

2016 წლის თებერვალში გავედი პენსიაში, ისეთი ქართული სულით გაჟღენთილი ბიჭები გვყავდა, დღემდე ვმეგობრობთ, მათ ძალიან უყვარდათ თავიანთი სპეციალობა და სამშობლო, საქართველოს ყველა კუთხიდან იყვნენ ჩემს შემადგენლობაში“ -გვიყვება იმედა ცერცვაძე.

იმედა ცერცვაძე

ყოფილ ასმეთაურს ვკითხეთ, როგორ ცხოვრობს პენსიაში გასვლის შემდეგ. მან ჯერ ომის დროს მის სოფელში დაღუპულ ჯარისკაცებზე გვიამბო, ასე თავად გადაწყვიტა:

„ჩემს სოფელში, გორის რაიონის სოფელ ძევლეთში 2008 წლის ომის დროს 3 ჯარისკაცი დაიღუპა: ლევან მანძულაშვილი, რომელიც გმირულად დაიღუპა ცხინვალის მისადგომებთან და მიხეილ ცერცვაძე და არჩილ ბერიანიძე – ბომბის ჩამოვარდნის დროს“. 

ასმეთაური გვიყვება, რომ 2016 წლის შემდეგ, რაც ის პენსიაში გავიდა და სამხედრო ძალებიდან წავიდა, მალევე წავიდნენ სხვებიც. ისინი ჯერ საპენსიო ასაკს მიღწეულები არ იყვნენ, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათო, ამბობს:

„უამრავი მეგობარი მყავს, რომლებიც დღეს აღარ მსახურობენ ქართულ ჯარში. ისინი სამსახურეობრივი გამოწვევების გამო არ წასულან, ვეღარ შეძლეს ერჩინათ ოჯახები, ბევრი ოფიცერია, გვარებიც შემიძლია ჩამოვთვალო, პოლკოვნიკი, მაიორი ვიცე-პოლკოვნიკი, კაპიტანი… ალბათ 15-20 სამხედროა მხნე ბიჭები, რომელსაც სამშობლოსათვის გული უძგერს დღესაც.

ბევრი წასულია და უცხო ქვეყანაში მუშაობს, შრომობს და ერთმანეთს ეხმარებიან. შეიძლება იქ სულ 1000 ევროს იღებენ ხელფასს, მაგრამ 100-150 დოლარს მეგობარს უგზავნიან, ასეთი ბევრი ვიცი. ისეთებსაც უგზავნიან, რომლებიც ახლაც მსახურობენ და ამჟამად თადარიგის ჯარისკაცები და ოფიცრები არიან“. 

ასმეთაურს, რომელიც ჯარისკაცებს არტილერიას ასწავლიდა, პენსიაში გასვლის შემდეგ ჯერ 22-ლარიანი დახმარება მისცეს, შემდეგ გაგიზარდეთო და 100 ლარამდე გაუზარდეს. მისი თქმით, ეს დახმარება ახლაც 100 ლარს შეადგენს:

„ჩვენ ომის ვეტერანობისთვის სასირცხვილო 22 ლარი გვქონდა, ბოლოს თქვეს 100 ლარს ვუმატებთო, მაგრამ 100 ლარი კი არ მოგვიმატეს, გამოაკელით ის 22 ლარი. სინამდვილეში დაგვიმატეს მათხოვრული 78 ლარი და თვითონ 14 000 ლარები აქვთ ხელფასი. მე ხომ 78 ლარი დამიმატეს, აბა თვითონ ჰქონდეს 740 ლარი, შეინახავს ოჯახს? – ყველაზე დიდ მოვალეობას სამშობლოს წინაშე ასრულებს ჯარისკაცი, მის გარეშე არცერთი ქვედანაყოფი არაფერი არ არის“ – ამბობს იმედა ცერცვაძე.

სახელმწიფო მოხელეები ხშირად აპელირებენ ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევაზე, რომლითაც სამხედრო პირები სარგებლობენ. ყოფილ ასმეთაურს ვკითხეთ, როგორ მუშაობს ეს დაზღვევა, უადვილებს თუ არა მათ ჯანმრთელობის პრობლემებთან გამკლავებას:

„ორი წლის წინ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივედი.

მისაღებში, კანცელარიაში გოგონა მეუბნება, თქვენ უნდა მომიტანოთ ცნობა, რომ ნამდვილად მსახურობდითო. ისე გავბრაზდი, ავღელდი… ამ 25 წლის მანძილზე, რაც ვიმსახურე, რამდენჯერმე ვარ ჰოსპიტალში ნამყოფი, რამდენჯერ კომისია გაგვივლია. ვიცი, იქ არის სამხედრო მონაცემები, შეხვალ, აკრეფ გვარს და ყველაფერს იპოვი. ვუთხარი შებრძანდით საიტზე, თქვენ ყველა მონაცემი გაქვთ-მეთქი, არა თქვენ უნდა წაბრძანდეთ და ჩამომიტანოთ ცნობა ან გამოაგზავნონო…

ჩვეულებრივ გადამახდევინეს, როგორც რიგით მოქალაქეს, რომ მივსულიყავი ექიმთან, არანაირი შეღავათი. ისიც მითხრეს, თქვენთვის, ვეტერანებისთვის, ჰოსპიტალი თბილისშია და იქ უნდა მიხვიდეთო.

ხომ შეიძლება ყოფილი სამხედროსთვის შეღავათი იყოს? – აი, ასე უდგება ხელისუფლება ყოფილ სამხედროს, ასე გვეხმარებიან.

ქუთაისის ქვეით ბრიგადაში მოვრჩი მე სამსახურს ბოლოს, ანუ იქ უნდა ჩავსულიყავი და ცნობა ამეღო. დამცინავად მომექცნენ, ძალიან საწყენია“ – გვიყვება იმედა ცერცვაძე.

ყოფილი სამხედრო ამბობს, რომ სახელმწიფოს დანიშნული კომპენსაციით ვერ იცხოვრებს და ოჯახის გადასარჩენად სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი:

„635 ლარი მაქვს, ვეტერანებისთვის დანიშნული 100 ლარიც რომ ჩავთვალოთ. ნაკვეთი მაქვს და რაღაც 2 კაპიკი რომ შემოვიტანო სახლში, მოსავალი მომყავს“.

ასმეთაურს უცდია, თავისი ცოდნისა და გამოცდილების შესახებ მომავალი თაობისთვის გაეზიარებინა ცოდნა, თუმცა უშედეგოდ:

„ჩვენს სოფელში საშუალო სკოლაა, ომში დაღუპული მიხეილ ცერცვაძის სახელობის. ერთხელ ვუთხარი ყოფილ პედაგოგს, როგორც ყოფილი სამხედრო, სკოლაში რომ მივიდეთ კვირაში ერთი საათი, გავესაუბროთ გამოცდილებაზე მოზარდებს-მეთქი, არანაირი მსგავსი…“ – გვიყვება იმედა ცერცვაძე.

  • „ვეტერანთა სამმართველო რასაც დაარქვეს, ფიქტიურია და სინამდვილეში გადააქციეს ბიზნესად“

„ეს ინსტიტუტი ზოგადად, ვეტერანთა სამმართველო რასაც დაარქვეს, ფიქტიურია და სინამდვილეში გადააქციეს ბიზნესად. ბოლო წლების განმავლობაში, დაახლოებით ალბათ 7 – 8 წელი, ან უფრო მეტიც, ეს ინსტიტუტი სულ ჩაკვდა.

დეპარტამენტის ხელმძღვანელებს აქვთ მაღალი ხელფასები და ომის ვეტერანებს 100 ლარი პენსიის სახით. მოგეხსენებათ, რაც არის 100 ლარი – აბსოლუტურად არაფერი.

თუ ვეტერანს ჰყავს შვილი, მეუღლე, ოჯახი, თუნდაც არ ჰყავდეს, რა უნდა გააკეთოს 100 ლარით?! უმრავლესობა ფსიქოლოგიურად არის დაზარალებული. ცოტა საზოგადოებაზეც განაწყენებული ვარ… კარგი, სახელმწიფომ დაასამარა ომის ვეტერანები, საერთოდ არანაირი ყურადღება არ აქვთ, ერთადერთი სამედიცინო დაზღვევაა და იმასაც ხანდახან გვამადლიან, მაგრამ საზოგადოებას შეუძლია შეანჯღრიოს მთავრობა“ – ამბობს „ბათუმელებთან“ არჩილ ჯაფარიძე, აგვისტოს ომის მონაწილე.

არჩილ ჯაფარიძე – აგვისტოს ომის მონაწილე

არჩილს, ისევე როგორც სხვა ვეტერანებს, გული სტკივა, რომ ომის ვეტერანები საზოგადოებამაც დაივიწყა, ისევე, როგორც სახელმწიფომ:

„გამახსენეთ ერთი შემთხვევა, სადმე, ღონისძიებაზე თუ მიუწვევიათ ომის ვეტერანი, თუ ყოფილა წინა პლანზე. ან რაღაც წელიწადში ერთხელ, ზუსტად ამ თარიღზე გაახსენდებათ, [გულისხმობს 7-8 აგვისტოს] რაიმე დიდ გადაცემებში თუ მიუწვევიათ, ან ღონისძიება თუ ჩატარებულა ომის ვეტერანთა წარმოსაჩენად. ქვეყნის ოცი პროცენტი გვაქვს ოკუპირებული, ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაშია ქვეყანა და რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ მომავალი თაობა იყოს მოტივირებული? – ახალგაზრდა, რომელიც უნდა წავიდეს ჯარში, იმსახუროს ქვეყნისთვის, რა მაგალითს აძლევს სახელმწიფო მას? – არანაირ მაგალითს არ აძლევს. უყურებს ის ახალგაზრდა, რომ ამ კაცმა იომა, დაიჭრა, გადაიარა ამხელა რაღაც მის თავზე, და რა? – უპატრონოდ გდია“. 

თუ ყოფილ ჯარისკაცს ჰკითხავთ, მიმართეს თუ არა ვინმეს, ვისაც ევალება რეაგირება კონკრეტულ საკითხზე, მოითხოვეს თუ არა, გაგზავნეს თუ არა განაცხადები, შეაწუხეს თუ არა ვინმე, მათგან ხშირად მოისმენთ პასუხს – „ჯარისკაცი არ იწუწუნებს“, „ჯარისკაცი არ მოითხოვს“… მაგრამ მათივე ნაამბობიდან ცხადი ხდება, რომ მათ გული სწყდებათ, ფიქრობენ, რომ უჩინარნი არიან.

  • „ერთადერთი, სადაც ომის ვეტერანი ახსენდებათ, სადღეგრძელოებია“

„ერთადერთი, სადაც ვეტერანები ახსენდებათ, ქართული სუფრაა. როგორც ჩვენ გვჩვევია საქართველოში, გრძელ-გრძელი სადღეგრძელოები. სხვა მე არ მახსენდება, უმეტესობას ვიცნობ და არ მახსენდება, რომელიმეს ეთქვას, რომ საქართველოში, რომელიღაცა ჯგუფს, რომელიღაცა ინსტიტუტს მივეწვიეთ ან უბრალოდ ეთქვათ, დაესწარით რაღაცას, უბრალოდ სტატუსის გამო დაესწარითო.

ჩვენ რას ვითხოვთ?! სადმე დაინახეთ, რომ ომის ვეტერანები გამოვიდნენ და რაღაც მოითხოვეს? ჩვენ ეს არ გვჩვევია. არც პოლიტიკაში ზედმეტი ჩარევა.“ – გვიყვება არჩილ ჯაფარიძე და იმ ერთადერთ შემთხვევას იხსენებს, როცა ვეტერანებმა აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს მიაკითხეს და მისი გამონათქვამის გამო – „ლაჩრულად წაგებული ომი“ – პასუხი მოსთხოვეს:

„რამდენიმე ადამიანი შევიკრიბეთ, როცა რიჟვაძემ ლაჩრები გვიწოდა. ჩვენ რომ ვომობდით და თვითონ ხულოში იყო გაქცეული. მივედით მასთან, არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გაგვიკეთებია, მოვითხოვეთ, რომ ბოდიში მოეხადა ჩვენთვის. მე პირადად დავუსვი კითხვა, სად იყავი, როცა ჩვენ ვიბრძოდით-მეთქი. რა თქმა უნდა, არანაირი პასუხი არ მიგვიღია, გამოვიდა მეორე დღეს და ასე არ მითქვამსო. ჩიქოვანიც [ბათუმის ყოფილი მერი არჩილ ჩიქოვანი], როგორც გავიგე ჩვენთან ერთად იბრძოდა სხვა დანაყოფში და როგორც ჩანს უჯიკა, რეებს როშავო.

ჩვენ არ გვიყვარს პოლიტიკური რაღაცები, ომი – ომია, მტერი ერთია, რომელი ხელისუფლებაც არ უნდა იყოს. როცა ქვეყანას სჭირდება, ფორმასაც ჩაიცვამ და აიღებ იარაღს ხელში, მაგრამ გული მტკივა, როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების გამო. მარტო სუფრაზე, როცა ღვინოს დალევ, მაშინ არ უნდა გაგახსენდე. მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, უკრაინაში იბრძვიან, ვამაყობ მამუკა მამულაშვილით, ის არის ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი, ის არის ოცდამეერთე საუკუნის გმირი.

2008 წელს ვინც საქართველოს შეეწირა და ვინც გადარჩა, ისინი გმირები არიან, იმიტომ რომ 2008 წელს ვიბრძოდით არა რომელიმე ქვეყნის იმედად, არა რომელიმე ქვეყნის შორს მსროლელის და დრონების იმედად, არამედ ერთმანეთის იმედად, თითოეულმა ჩვენგანმა იცოდა, რომ ჩვენ არ გაგვაჩნდა საკმარისი იარაღი, ვიცოდით, რომ 100-დან 90 პროცენტი იყო სიკვდილი, მაგრამ იქ ვიდექით, სადაც საჭირო იყო, ამიტომ ვიძახი, რომ ის ბრძოლა იყო განსხვავებული, ქართველს ჰქონდა ქართველის იმედი და სხვა არავის“.

  • ემიგრაციაში სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ

არჩილ ჯაფარიძე გვიყვება, რომ აგვისტოს ომის მონაწილეებიდან დღეს ბევრი ემიგრაციაშია.

„ჩემი სამეგობროს 90 პროცენტი თავის გადასარჩენად ემიგრაციაშია წასული, ოჯახების შესანახად ზოგი პოლონეთში ტაქსისტად მუშაობს, ზოგო ამერიკაში დიდ სატვირთო მანქანას მართავს, ზოგი ევროპაში მშენებლობებზე მუშაობს, რომ საკუთარი თავი და ოჯახი არჩინოს.

არ გამიგია, რომ ჩვენს ქვეყანაში რაიმე პროგრამები არსებობს ყოფილი სამხედროებისთვის. მე ხომ არ უნდა ვარკვიო? უნდა დაგირეკონ და საქმის კურსში ჩაგაყენონ, გითხრან. აქაც ისევე შინაურულად ხდება… საერთო ჯამში, რომ გითხრათ, არც არაფერი არ ხდება ომის ვეტერანისთვის, საერთოდ დაასამარეს ეს ინსტიტუტი, ალბათ არც სჭირდებათ, რა ვიცი…“

არჩილ ჯაფარიძემ გვიამბო ასევე თავის ხელმძღვანელზე, ასმეთაურზე, რომელიც პენსიაში გავიდა და ახლა ოჯახის სარჩენად მძიმე შრომის გაწევა უწევს:

„ამ ხალხს, რომ სახელმწიფო არ დააფასებს… მაგალითად ჩემი ხელმძღვანელი, უჭკვიანესი პიროვნებაა, დღეს ახმეტელის მეტროსთან დახლზე ვაჭრობს, გორიდან ჩააქვს და ყიდის ხილს, პოლკოვნიკი კაცი, წარმოგიდგენიათ? – ის რომ ევროპაში ცხოვრობდეს ან ამერიკაში, მისი ცხოვრება სხვა დონეზე იქნება მოწყობილი, დახლზე ვაჭრობს პოლკოვნიკი კაცი, ამ ქვეყნის სიამაყე, რომელმაც უამრავი ჯარისკაცი და ალტირელისტი გაზარდა.

საზოგადოებას ძალიან დიდი როლი აკისრია, რომ წამოწიოს ეს თემა და გაახსენოს ხალხს. დღეს თუ სახელმწიფო გვაქვს, დროშა გვაქვს, ვისი დამსახურებაა? ვინ გააკეთა ეს ყველაფერი? – სამხედრო ძალების ვეტერანებმა და იქ დაღუპულმა გმირებმა.

„აბა ომი გინდათ“ არის რუსული პროპაგანდა“

აგვისტოს ომის მონაწილეებთან საუბრისას არ შეიძლება არ წამოიჭრას საკითხი, რომელიც ეხება ამ ბოლო წლებში ხშირად დასმულ კითხვას – „აბა ომი გინდათ?“

„აბა ომი გინდათო, ამ კითხვაზე ყოველთვის მაქვს ასეთი პასუხი – ეს არის რუსული პროპაგანდა.

ომი გინდა რას ნიშნავს, ახლა მშვიდობა გვაქვს?! – როცა ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია და რუსის ჯარი გიდგას ქვეყნის ცენტრალურ მაგისტრალთან, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთს, ქვეყანას ყოფს შუაზე, იქ გიდგას, ახლა შვიდობა გვაქვს?!

ვეტერანები არაფერს არ სთხოვენ სახელმწიფოს. პირიქით, უნდათ, რომ ასწავლონ, თუნდაც სკოლებში, აუხსნან სტუდენტებს, როგორ უნდა გადარჩნენ, იარაღის აწყობა-დაშლა, ამას არავინ არ დაამადლის სახელმწიფოს. საჭირო კი არა, ზე საჭიროა ეს ხალხი, მაგრამ მიზანმიმართულად მიდის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სრული განადგურება, გაქრობა“- ამბობს აგვისტოს ომის მონაწილე.

ის ჩვენთან საუბარში ხაზს უსვამს სამხედროების კეთილდღეობაზე ზრუნვის მნიშვნელობას, განსაკუთრებით მაშინ როცაც ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია:

„ჩვენ მუდმივად უნდა ვემზადებოდეთ ომისთვის, გამოთქმაც არის, თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის. ვინ ემზადება? წინა ხელისუფლებამ ვეტერანებს დაუნიშნა 22 ლარი, საერთოდ კატატროფა იყო, სირცხვილი, შემდეგ ამათ 100 ლარზე გადაიყვანეს. რატომ მიჩქმალეს ეს ყველაფერი, რატომ აკეთებენ მიზანმიმართულად ჯერ შემცირებას შეიარაღებული ძალების, მერე ომის ვეტერანების ასე გაქრობას ქვეყნიდან და თითქოს გავისერინეთ ჩვენ სადღაც ატმის ბაღებში და ჩამოვედით. რატომ აკეთებენ ამას? – ეს არის რუსული დავალება.“

  • „ტრაილერის მძღოლი ვარ, ვშრომობ და ვცხოვრობ“ – აგვისტოს ომის მონაწილე

კახა თვალაბეიშვილი ოზურგეთში ცხოვრობს, ისიც აგვისტოს ომის მონაწილეა. სამხედრო სამსახური 2016 წელს, ჯანმრთელობის პრობლემების გამო მიატოვა. სახელმწიფოს დახმარებით არ უსარგებლია, სამხედრო სამსახურიდან წასვლის შემდეგ 6 წელი თურქეთში მუშაობდა.

კახა თვალაბეიშვილი

„ტრაილერის მძღოლი ვარ და გადაზიდვებზე ვმუშაობ. 2016 წელს როცა წამოვედი, პირდაპირ სტამბოლში წავედი სამუშაოდ, აეროპორტი შენდებოდა, 6 წელი იქ ვიმუშავე. ამის შემდეგ საქართველო-თურქეთის მიმართულებით ვმოძრაობ. 2 წელი ბულგარეთში ვიმუშავე, კოკა-კოლის ქილებს ვეზიდებით უმეტესწილად.

საქართველოში სხვა საქმეს ვერ მოვკიდე ხელი, ყველგან გამოცდილებას ითხოვდნენ, რაც მოგეხსენებათ გამოცდილება ციდან არ მოდის, ამიტომაც წავედი სტამბოლში“.

კახამ გვითხრა, რომ სცადა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით შეთავაზებული დაფინანსების მიღება, თუმცა არც ეს გამოუვიდა:

„ჯანმრთელობის დაზღვევის გამოყენება ერთხელ ვცადე, ბათუმში ვიყავი საავადმყოფოში, მითხრეს 40 000 გაქვს ბრუნვა და ვერ დაგაფინანსებთო. კომპანიები რომ გვირიცხავენ საწვავისთვის, ეს თანხა დაფიქსირდა და საყოველთაო დაზღვევამ არ იმუშავა, არც ვეტერანის დაზღვევა გამომიყენებია. ისედაც უნდობლობა და შიში მაქვს, საავადმყოფოში ათასი რამ ჩამიტარეს, გადამიღეს – 900 ლარი დავხარჯე და ვერ გავიგე რა მჭირდა.

20 წლის ვიყავი პირველად ავტომატი რომ დავიჭირე ხელში, არ შემშინებია, მაგრამ საავადმყოფოში რომ შევდივარ, მეშინია. ზოგადად მოქალაქეებისგან უფრო ვგრძნობ ყურადღებას და დაფასებას, როცა იციან, რომ ნაომარი ხარ, უფრო გამოხატავენ პატივისცემას, ვიდრე მთავრობისგან“.

ისევე როგორც სხვები, ჩვენთან საუბარში კახაც ამახვილებს ყურადღებას იმ ბიუროკრატიაზე, რასაც პროგრამების გამოყენების მცდელობისას აწყდებიან ვეტერანები:

„6 თვე ვერ ავიღე პენსია და ახლა მითხრეს, თავიდან უნდა მოხვიდე და სოციალურში განაცხადი უნდა შეიტანოო. არავინ არაფერში არ დამხმარებია, ჩვეულებრივად ვმუშაობ და ვცხოვრობ. პენსიონერი დედ-მამა და 2 მცირეწლოვანი შვილი მყავს, მე სახელმწიფო არ შემიწუხებია.

რაც მახსენდება, ერთხელ რაღაც წიწიბურა და მაკარონი მომიტანეს, ოზურგეთის ვეტერანთა დეპრტამენტმა გამოაგზავნა, გავგიჟდი ამაზე, გამოვართვი და გაჭირვებულ მეზობელს მივეცი, ისე რომ არც გამიხსნია. მე ვშრომობ და პროდუქტის გამოგზავნა არ მჭირდება“ – გვითხრა კახამ.

„ფაქტია, რომ მიჰყვებიან პუტინის გზას“ – საბჭოთა ინსტრუმენტები სინდისის პატიმრების წინააღმდეგ

„იცით რა გააკეთეთ? საბჭოთა კოშმარი გაუღვიძეთ ხალხს და სტიგმა გააძლიერეთ“, – ამ სიტყვებით მიმართა მასწავლებელმა ნინო დათაშვილმა მის ბრალმდებლებს სასამართლო პროცესზე, სადაც მას მანდატურზე ძალადობის მოტივით „ქართული ოცნების“ რეჟიმი ასამართლებს.

ამავე სასამართლოზე ნინო მოუყვა ხალხს, თუ როგორ აპირებს ივანიშვილის რეჟიმი სინდისის პატიმრის წინააღმდეგ გამოიყენოს საბჭოთა რეპრესიული ინსტრუმენტი – პატიმრის ფსიქიატრიულ შემოწმება იძულების წესით.

როგორ გააცოცხლა საბჭოთა ძალადობის მეთოდები „ქართულმა ოცნებამ“ და რატომ გაახსენდა საზოგადოებას საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლის – ნაზი შამანაურის ისტორია ამ დღეებში? „ბათუმელები“ ამ თემაზე „სოვლაბის“ მკვლევარს რუსუდან კობახიძეს ესაუბრა.

  • ქალბატონო რუსიდან, რადგან საბჭოთა აჩრდილი დაგვყვება სხვადასხვა რეჟიმის სახით სულ, გვინდა ისაუბროთ მაგალითებზე, თუ როგორ იყენებდა საბჭოთა ხელისუფლება ფსიქიკური ჯანმრთელობის ინსტრუმენტს სინდისის პატიმრების წინააღმდეგ და დღეს როგორც გააცოცხლა ეს ინსტრუმენტი „ოცნების“ ხელისუფლებამ?

ფსიქიატრიის გამოყენება არის ცოტა გვიანდელი, ხრუშჩოვის პერიოდიდან. მანამდე კი, სტალინის რეპრესიების დროს, ძირითადად, გულაგებში ასახლებდნენ, ხვრეტდნენ ან ციხეში ჰყავდათ ადამიანები.

ყველა კატეგორიის ადამიანი იყო სტალინური რეპრესიების მსხვერპლი – ბოლშევიკებიც, ინტელიგენცია, გლეხობა, რიგითი მოქალაქეები და ასე შემდეგ. მაგრამ მერე, როდესაც ხრუშჩოვმა დესტალინიზაცია დაიწყო და ე.წ. დათბობის პოლიტიკა გაატარა, მას დასავლეთისთვის უნდა ეჩვენებინა, რომ აი, აღარ ჰყავთ პოლიტპატიმრები.

თუ დისიდენტი რაიმე პრეტენზიებს გამოთქვამდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, ან უარყოფდა მას, მას ათავსებდნენ ფსიქიატრიულში.

ფსიქიატრიული წამების მაგალითები უფრო მეტად რუსულმა დისიდენტობამ შემოგვინახა. ვლადიმირ ბუკოვსკის აქვს წიგნი, სადაც ის დეტალურად აღწერს, როგორ აწამებდნენ მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. თავიდან მას არ ჰქონდა ეს შიში, ეგონა, რომ ციხეს ფსიქიატრიული სჯობდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს იყო წამების იარაღი.

რაც მთავარია, ხრუშჩოვის დროს ეს ფსიქიატრიული სახლები ძალიან გამრავლდა.

ორი მიზანი ჰქონდა რეჟიმს. ერთი ეს იყო ამ ადამიანების გატეხა წამების საშუალებით, რომ მათ უარი ეთქვათ თავიანთ შეხედულებებზე და მეორე იყო მათი დემონიზაცია, რომ ისინი არ არიან ფსიქიკურად ჯანმრთელები, რადგან საბჭოთა კავშირში ყველას უნდა ჰყვარებოდა რეჟიმი.

ამიტომაც ეს ადამიანები საზოგადოების თვალში შერაცხილი იყვნენ გიჟებად.

სხვათა შორის ეს იარლიყი – „გიჟი“ და ამ დაწესებულების სახელი („ფსიხუშკას“ ეძახდნენ), ძალიან კარგად მოქმედი იარლიყი იყო. განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა მოქალაქეების ცნობიერებაში ფსიქიატრიული მკურნალობა დღემდე იწვევს რაღაც შიშს, რომ აი ვიღაცას გიჟი არ ეგონო.

  • ეს სტიგმა და სტერეოტიპები, რაც ფსიქიკურ ჯანმრთელობის საკითხს უკავშირდება, აქედან მოდის?

რა თქმა უნდა – ეს იყო იარლიყი. როგორც „აგენტი“, „სამშობლოს მტერი“ ასეთივე იარლიყი იყო „გიჟი“, რომ ეს ადამიანი არ არის ნორმალური.

„გიჟის“ მიმღებლობა იმ დროს დასავლეთშიც პრობლემა იყო, თუმცა ჩვენთან შედარებით მათ ადრე დაძლიეს ეს სტიგმები.

მახსოვს ჩემ დროს მართლა მეშინოდა არა ციხის, არამედ ფსიქიატრიულში განმწესების. იმხელა სტიგმა იყო ეს და მეორე ის, რომ ფსიქიატრიულში ადამიანებს აწამებდნენ, მაგრამ საბჭოთა კავშირში, როგორც სხვა ნეგატიური ინფორმაცია, არც ეს გამოდიოდა გარეთ.

თუნდაც გულაგები ავიღოთ, ეს ინფორმაცია იყო დამალული და ამაზე აშკარად არაფერი იწერებოდა გაზეთებში – ვთქვათ, ამდენი ადამიანი მოთავსდა ციხეში ან ფსიქიატრიულში, ასეთი სტატისტიკა არ იწერებოდა. მაგრამ ეს ჭორის სახით მოარული ინფორმაცია კიდევ უფრო მეტად შემაშინებელი იყო.

ვალერია ნოვოდვორსკაიას აქვს კარგად მოყოლილი, როგორ ათავსებდნენ ფსიქიატრიულში, როგორ აძლევდნენ წამლებს ძალით, მაგრამ ვერ გატეხეს.

საქართველოში, ერთადერთი გახმაურებული ამბავი იყო ნაზი შამანაურის მკვლელობა. მკვლელობას იმიტომ ვამბობ, რომ ეს დასრულდა სიკვდილით. ამიტომაც გამოვიდა ეს ამბავი გარეთ, მაგრამ ესეც გამოვიდა ეროვნული მოძრაობის დროს.

ნაზი შამანაური გარდაიცვალა 1983 წელს და რა თქმა უნდა, მასზე იწერებოდა. გაზეთ „კომუნისტში“ სტატიაც დაიბეჭდა ნაზი შამანაურზე, სადაც ეწერა – „იყო კი მსხვერპლი“?

  • თქვენ მკვლევარი ხართ და წაკითხული გექნებათ მისი წერილები, რას წერდა ნაზი შამანაური ამ წამებაზე?

მისი დღიურები, სხვათა შორის, არ არის არქივებიდან, ეს ზვიად გამსახურდიას დროს გამოიცა წიგნად.

  • როგორ გადარჩა ეს დღიურები, გაქვთ ამაზე ინფორმაცია?

უცნაურია, რომ ამაზე დამადასტურებელი კვლევა არ არსებობს, მაგრამ შესაძლებელია, დედამისმა გამოიტანა: დედასთან ერთად იყო ის ფსიქიატრიულში და დეტალურად, ყოველ დღეს აღწერს, როგორც სცემდნენ, ძალით ასხამდნენ წამლებს, კბილები ჩაუმსხვრიეს და ასე შემდეგ.

როგორ ცდილობდნენ მის დემონიზებას – გასკდა ეს ამბავი იმით, რომ ეს გოგო გარდაიცვალა ფსიქიატრიულში.

„კომუნისტი“ ნაზი შამანაურზე წერდა, რომ ის იყო ფსიქიკურად გაუწონასწორებელი, რომ რაღაც ფანჯრებს ამტვრევდა, რომ მან მჟავა შეასხა ვიღაცას და თან იცით, როგორი დამამცირებელი ეპითეტებით წერია, რომ „40 წელს მიღწეული, გაუთხოვარი ქალი, ვერც ოჯახი შექმნა, ვერც მეგობრები გაიჩინა, ვერც თავისი საქმე“ და თითქოს ასე იყო დაჩაგრული ცხოვრებისგან. მთელი ერთი გვერდი ეთმობოდა ნაზის გაშავებას.

ნინო დათაშვილის მიმართაც ფაქტობრივად იგივე მეთოდი უნდოდათ გამოეყენებინათ.

  • ნინო დათაშვილმა თავის სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ „ჩემთან ციხეში ჩუმად შემოიყვანეს დავით მაღრაძე“. ეს ის კაცია, რომელიც შამანაურის საქმეშიც ფიგურირებს. რას ფიქრობთ ამაზე?

თავის წერილებში შამანაურს ჰყავს მოხსენიებული და არც მაღრაძე უარყოფს ამ ინფორმაციას მედიასთან. მან თქვა, რომ მუშაობდა იმ დროს და თქვა, რომ გადასარევად ვექცეოდით ნაზის და ასე შემდეგ. შემდეგ ფეისბუქში დაწერა ერთმა ქალმა, რომ მე ვმუშაობდი იმ დროს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და დავით მაღრაძე იყო ვინც აყალბებდა დიაგნოზებსო.

  • დავით მაღრაძის ამ სისტემაში ყოფნა დღემდე, რაზე მეტყველებს პირადად თქვენთვის?

ჩვენ არასდროს არ მივუტრიალდით იმ ჯალათებს, იმ დამნაშავეებს, ვინც მსგავს ისტორიებში მონაწილეობდა. ჩვენ მხოლოდ მსხვერპლები ვიცით. ის ხალხი, ვინც ეს ადამიანები აწამეს, მოკლეს, არა. უახლეს ისტორიასთან დაკავშირებით არანაირი რეფლექსია არა გვაქვს ამ თვალსაზრისით.

თუნდაც ის, რომ ძალიან დიდი წინააღმდეგობა იყო ლუსტრაციის კანონთან დაკავშირებით და 35 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა ამ კანონის მიღება. ეს მოგვცემდა შესაძლებლობას, რომ თუნდაც დავით მაღრაძეს არ ემუშავა წამყვან თანამდებებზე და გვეცოდინებოდა, ვინ ემსახურებოდა რეჟიმს.

დღიურში ნაზი შამანაური წერს, რომ ვეხვეწებოდი მაღრაძეს სწორი დიაგნოზი დაესვაო. ეხვეწებოდა ნაზის დედაც, მაგრამ მაღრაძემ არ გაითვალისწინა.

  • შამანაურთან დაკავშირებით მან ახლაც კი მადისკრედიტირებელი კომენტარი გააკეთა. თქვა, რომ ის არ იყო ნამდვილი დისიდენტი.

მანდ არის რაღაც სიმართლის მარცვალი, რადგან ერთი წერილი მაქვს წაკითხული, სადაც ნაზი ამბობს, მე გული მტკივა, ასეთი ამბები რომ ხდებაო (საბჭოთა კავშირში). ის უფრო ებრძოდა ამ უკანონო გამოვლინებებს. შეიძლება იყო კიდევაც წინააღმდეგი მთლიანად საბჭოთა სისტემის, მაგრამ მას ეს არ ჰქონდა ვერბალიზებული.

იძახდა, რომ ვთქვათ ხაშურის რაიონში ამდენი ფული მოიპარეს, ეს არ გააკეთეს, იმან ეს ჩაიჯიბა და ასეთი ნაივური წერილები აქვს მიწერილი მაგალითად ჯანსუღ ჩარკვიანზე და მე მგონი ელდარ შენგელაიაზეც.

როგორც მერაბ კოსტავა ან ზვიად გამსახურდია უყურებდნენ ამ საკითხს პოლიტიკურად, ასე შესაძლოა არ ყოფილიყო, ან არ გამოხატავდა ამას აქტიურად – კონკრეტულ მანკიერებებზე მიუთითებდა, მაგრამ ესეც კი ვერ აიტანეს.

რაღაც კორუფციული სქემა გაშიფრა და ესეც კი ვერ აიტანეს და ამის გამო ადამიანი აწამეს. იმიტომ, რომ ნაზი იყო ჟურნალისტი და წერდა გარკვევით.

მთელი ეს წამება მიმართული იყო იქითკენ, რომ მას უარი ეთქვა ამაზე, გაეტეხათ ეს ადამიანი, რომ მასვე ეთქვა, ეს მოვიგონე და არაფერიც არ მომხდარა.

  • „ქართული ოცნებაც“ ხომ იმიტომ ებრძვის თავისუფალ მედიას, რომ მათ კორუფციულ საქმეებს და დანაშაულებს ამხელს.

„ქართულ ოცნებას“ სინდისის პატიმრები ვინც ჰყავს დატყვევებული, მიზანია ამათი გატეხა. გამუდმებული მიწოლა ასე ვთქვათ, რომ „აღიარეთ“, „მოინანიეთ და გამოგიშვებთ“, „შეწყალება დაწერეთ“, რაზეც ყველამ უთხრა უარი. ეს მართლა დიდი გამარჯვებაა ჩვენი საპროტესტო მოძრაობის.

მაგრამ შამანაურის დროს, ეს შიში იყო ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე დღეს.

ფაქტობრივად, ჩვენი საზოგადოება უფრ ო მედეგია დღეს ამ შეშინების, დათრგუნვის მიმართ. ეს ძალიან დიდ იმედს მაძლევს.

  • ეს ალბათ იმიტომ, რომ თავისუფალი მედია ჯერ კიდევ არსებობს ამ ქვეყანაში, ინფორმაცია მეტია და თაობაც გაიზარდა თავისუფლებაში.

რა თქმა უნდა. მაშინ იყო ინფორმაციული ვაკუუმი. გარე სამყაროდან არანაირი ინფორმაცია არ შემოდიოდა. ხალხი „თავისუფლებას“ ან „ამერიკის ხმას“ თუ მოუსმენდა ჩუმად და ესეც იყო ძალიან მცირე ნაწილი ადამიანების. დანარჩენი ხალხი მიბმული იყო იმ გაზეთებსა და ტელევიზიაზე, რომელიც საბჭოთა პროპაგანდას აწარმოებდა.

  • შამანაურის ისტორიის გარდა კიდევ ვინ გახსენდებათ, ვის წინააღმდეგაც ცდილობდნენ ფსიქიატრიის გამოყენებას? ახსენეს მერაბ კოსტავა, ასევე მწერლები, პოეტები, თქვენ თუ გაიხსენებთ კონკრეტულ შემთხვევებს?

ჩვენი ისტორიის, ისტორიული მეცნიერებების ძალიან დიდი მინუსია, რომ ეს საკითხები არ არის კარგად გამოკვლეული. ერთი ეს არის, რომ თვითონ სახელმწიფო არ უწყობს ამას ხელს – არქივები საერთოდ დაგვიკეტეს. გვიანი საბჭოეთის არქივები ისედაც შეზღუდული იყო. კგბ-ს არქივი და შს სამინისტროს არქივები ბოლო ორი წელია დაკეტილია და ამას აპროტესტებს „სოვლაბი“.

თან ოფიციალურად არანაირი მიზეზი არ არის გამოცხადებული, მხოლოდ ის თქვეს, რომ რაღაც რეორგანიზაციაა. ფაქტობრივად, მკვლევრებს არანაირი საშუალება არ გვაქვს არქივებში რაღაც რომ გადავამოწმოთ.

  • ხომ არ არის ამის მიზანი ის, რომ დღის სინათლეზე არ გამოვიდეს ვთქვათ მაღრაძის ან მისი მსგავსი ადამიანების ისტორიები?

მიჰყვებიან პუტინის გზას – პუტინმა რომ „მემორიალი“ აკრძალა რუსეთში, საბჭოთა კვლევის ძალიან დიდი ორგანიზაცია და საქმეები აღძრა ამ მეცნიერებზე. ფაქტობრივად, გაქცეულები არიან ეს მეცნიერები რუსეთიდან.

  • სხვათა შორის კრემლმა „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთიც დაადანაშაულა საბჭოთა რეჟიმის დისკრედიტაციაში, სწორედ რეპრესირებულთა ისტორიების აქტიური გაშუქებისთვის. როგორ ფიქრობთ, რუსეთის ამ რეაქციას უპასუხა „ოცნებამ“ არქივების დახურვით?

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხუთი წლის წინ, პირდაპირ დადო „სოვლაბზე“ განცხადება, რომ ეს არის დეზინფორმაციული მანქანა, რომ ისტორიის დეზინფორმაციას ვეწევით თურმე და იქ „ბათუმელებიც“ იყო მოხსენიებული და სხვა კრიტიკული მედიებიც.

არ ვიცი პუტინის დავალება შეასრულეს თუ არა ამ არქივების დახურვით, მაგრამ ფაქტია, რომ მიჰყვებიან მათ გზას. ყველა მათი ქმედება არის გამეორება პუტინის გზის. თუმცა ამათ იმაში უჭირთ, რომ ის რაც პუტინმა ათ წელიწადში გააკეთა, ამათ ორ წელში უნდათ გააკეთონ, რაც კრახისთვის არის განწირული. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ მათ შედეგს მიაღწიონ.

არა მარტო იმიტომ, რომ ასე მოკლე დროში ეს შეუძლებელია, ჩვენ წინააღმდეგობის მეტი რესურსი გვაქვს და მეორე ის არის, რომ ქართული საზოგადოება ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე რუსული. მათ არ აქვთ გამოცდილება თავისუფალი, დემოკრატიული განვითარების და მუდმივად იმპერიულ დღის წერიგში არიან.

ვხედავთ უკრაინის ომის მიმართაც როგორი დამოკიდებულება აქვთ. აი, ამიტომ ასეთი სტიგმები ნინოს წინააღმდეგ ჩვენს საზოგადოებაში ვერ იმუშავებს.

თუ ნინოს წინააღმდეგ გამოიყენებენ იარლიყს „გიჟი“ – საზოგადოებისთვის ამის დაჯერება გართულდება. თუმცა ეს შესაძლოა პროფესიიდან მისი განდევნის მიზეზი გახდეს.

  • სასამართლოზე ნინო დათაშვილმა ბრალდების მხარეს უთხრა – „იცით რა გააკეთეთ? საბჭოთა კოშმარი გაუღვიძეთ ხალხს და სტიგმა გააძლიერეთ“.

ნებისმიერი ასეთი სტიგმის წამოწევის შემთხვევაში, ეს საბჭოთა ტრავმა იღვიძებს და ყველას ნაზი შამანაური გაახსენდა ხომ? იმიტომ, რომ ეს ტრავმა არის დალექილი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ისტორიას ბევრი არ იცნობდა.

  • თქვენ ახსენეთ ლუსტრაციის კანონი, ეს თემა ისევ წამოსწია „თავისუფლების მოედანმა“. ფიქრობთ, რომ ისევ საჭიროა ამ კანონის მიღება?

ვფიქრობ, ცოტა დაგვიანებულიც კია დღეს ლუსტრაციის კანონის მიღება საბჭოთა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის კუთხით. ფაქტობრივდა, საბჭოთა კგბ-ს აგენტებიდან ბევრი მათგანი გარდაცვლილია, მაგრამ კარგი იქნება ფსბ-სთან თანამშრომლობას თუ გამოიკვლევენ და ამას მიემართება ეს კანონი.

ლუსტრაცია ის კი არ არის, რომ ჩვენ გაზეთებში დავწეროთ ამათი სახელი და გვარები, უბრალოდ უნდა შეიქმნას ბაზა, რომ ამ ადამიანებს აღარ მიეცეთ საშუალება იმუშაონ წამყვან თანამდებობზე. ლუსტრაციის კანონი რომ გვქონოდა, იგივე დავით მაღრაძეს აღარ მიეცემოდა საშუალება ყოფილიყო სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ფსიქიატრი.

როგორც ვხედავთ, დღესაც ის იპოვეს, დათაშვილის საქმეში რომ გამოეყენებინათ.

ძალიან ბევრმა ფსიქიატრმა და ფსიქიკურ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციამ ამოიღო ხმა ნინო დათაშვილის ამბავზე და გააკეთა კრიტიკული განცხადება, რომ არ შეიძლება ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოყენება ადამიანების სტიგმატიზებისთვის. არ შეიძლება ამის დაშვება, რომ ნინო გადაიყვანონ ფსიქიატრიულში იძულებით ექსპერტიზაზე.

ანუ, ამით შეშინება მაინც არ გამოსდით იმიტომ – აქ საზოგადოებრივი ორგანიზაციების დონეზე ვართ ჩამოყალიბებული, რაც რუსეთში არ არის და იქ შესაძლოა ამან კიდევ იმუშაოს.

„აგენტი“, როცა უნდოდათ ჩვენთვის მოეკრათ რუსული კანონით, არც ეს მუშაობს. ვხედავთ, რომ პირიქით მოხდა – „ოცნების“ წარმომადგენლები ვერ გამოდიან ქუჩაში და დაცვებით უწევთ პანაშვიდებზე სიარული, მათ ეშინიათ კაფეში შესვლის, საჯარო სივრცეში ღიად გამოჩენის – ადამიანების მხრიდან აგრესიას იღებენ. როდესაც საბჭოეთში პირიქით იყო და სტიგმატიზირებული ხალხის წრეს ერიდებოდა საზოგადოება.

  • ფიქრობთ, რომ საბჭოთა რეპრესიული ინტრუმენტების გამოყენებას ჩვენს საზოგადოებაში მომავალი არ აქვს?

რა თქმა უნდა. მაგრამ თვითონ მცდელობაც კი შემაძრწუნებელია.

მზია ამაღლობელი არ იჯდება ციხეში, იმიტომ რომ ესენი ორი წელი ვერ გაძლებენ, მაგრამ ის, რომ ციხეში ჩასვეს სილის გაწვნისთვის, ეს შემაძრწუნებელია. მათე დევიძე რომ გაწირეს, საბა ჯიქია, რომ გაწირეს, გიორგი მინდაძე რომ გაწირეს, ეს არის შემაძრწუნებელი.

მოსამართლემ ხელი მოაწერა, რომ ეს ადამიანები ისხდნენ ციხეში და ეს არის საშინელება. ეს არის საბჭოთა აზროვნება, რომ მათ ზუსტად იციან, რომ მზია ან სხვები არ არიან დამნაშავეები, მაგრამ მათ აქვთ ეს შიში – მიბმულობა რეჟიმის მიმართ.

როგორც კი ეს შიში მოიხსნება, როგორც კი ბიძინას ძლევამოსილების მითი გაცამტვერდება, ეს სისტემა ჩამოინგრევა.

შემზადებაა დაკარგული ტერიტორიების აღიარებაზე – რას ნიშნავს ომის დაწყებაზე კობახიძის განცხადება

„განცხადება, რომ ომი დაიწყო საქართველომ – რაც უნდა ცუდი მმართველი ჰყოლოდა მაშინ საქართველოს, ის წარმოადგენდა საქართველოს – ამით პირდაპირ ზიანს აყენებ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, იმედს, რომ ოდესმე მაინც აღდგება ეს ტერიტორიული მთლიანობა. ეს ქვეყნის ინტერესების ღალატი – მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კობახიძე არალეგიტიმური პრემიერია,“ – მიიჩნევს ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი.

ანალიტიკოსის აზრით, ირაკლი კობახიძის განცხადებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით, გამოიყენებს არამხოლოდ რუსეთი, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაშიც შეიძლება შეიცვალოს დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.

კახა გოგოლაშვილის დაკვირვებით, კობახიძის განცხადება ქართული საზოგადოების შემზადებაა იმისთვის, რასაც რუსეთი სთხოვს თავის მოკავშირე, არალეგიტიმურ მთავრობას საქართველოში: დაკარგული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას.

„ასეთი განცხადება კეთდება იმიტომ, რომ რუსეთის ზეწოლა საქართველოზე ძლიერია – ხელი მოეწეროს თავდაუსხმელობის შეთანხმებას ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან. ეს პრაქტიკულად ნიშნავს მათი დამოუკიდებლობის აღიარებას. შემდგომში ეს რაღაცნაირად რომ გამართლებული იყოს საზოგადოების თვალში, ამიტომაც წამოიწყო კობახიძემ ეს კამპანია, რომ აი, ჩვენ ვართ დამნაშავე,“ – ამბობს კახა გოგოლაშვილი.

„ბათუმელებმა“ რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორთან, კახა გოგოლაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

კახა გოგოლაშვილი
  • ბატონო კახა, „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის პრემიერის თქმით, 2008 წელს ომი რუსეთმა კი არა, „სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დაიწყო დიფ სთეითის დაკვეთით“. რას ნიშნავს ეს განცხადება თქვენთვის?

ეს განცხადება ბევრ რამეს შეიცავს: პირველია ქვეყნის ინტერესების ღალატი – მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კობახიძე არალეგიტიმური პრემიერია. ამ განცხადებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, პირველ რიგში, რუსული აუდიტორიისთვის, რუსეთის მთავრობისთვის, რომელიც ცხადია, ამას გამოიყენებს.

მეორე საკითხი: თითქოს ომი დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა. მიხეილ სააკაშვილი არ შეჭრილა რუსეთში და მას არ დაუწყია ომი. შეიძლება, სააკაშვილს დააბრალო რაღაც კონფლიქტის ესკალაცია საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე სეპარატისტულ ანკლავში, შესაძლოა დაისვას საკითხი: შეეძლო თუ არა მას ამ ესკალაციის შეჩერება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ომის დაწყება.

აბოლუტური აბსურდია სააკაშვილისთვის ომის დაწყების დაბრალება: ომი ნიშნავს იმას, რომ ეომები სხვა ქვეყანას და ამ შემთხვევაში სხვა ქვეყანა შემოიჭრა ჩვენთან – ჩვენ არ დავსხმივართ თავს სხვა ქვეყანას.

ის საუბარი, რაც ზახაროვას აქვს თავის განცხადებაში, ჩვენ მშვიდობისმყოფელებს თავს დაესხნენო, არავის დაუმტკიცებია. იგივე ტალიავინის კომისიის დასკვნაში წერია, რომ რუსეთმა შესაბამისი სამხილები ვერ წარმოადგინა, რომ თითქოს ქართველმა ჯარისკაცებმა მოკლეს რუსი ჯარისკაცები.

  • ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ, ასევე სტრასბურგის სასამართლომაც გამორიცხა ქართული მხარის პასუხისმგებლობა აგვისტოს ომში.

დიახ, ნამდვილად ასეა.

ირაკლი კობახიძის აბსურდული განცხადების მესამე გარემოება არის „დიფ სთეითის“ ყურით მოთრევა. რა თქმა უნდა, გაუგებარია „ოცნების“ პოზიცია, კონკრეტულად ვის გულისხმობენ ამ „დიფ სთეითში“, მაშინდელ ამერიკის ხელისუფლებას, თუ ამერიკის ხელისუფლების ადმინისტრაციას, მაგალითად, დაზვერვას, ან სხვა სამსახურებს, რომელიც შეიძლება ცენტრალური ხელისუფლების გარეშე მოქმედებდა, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად ჩამოუყალიბებელი განცხადება მტკიცებულების გარეშე.

  • თქვენ ქვეყნის ინტერესების ღალატი ახსენეთ. მიგაჩნიათ, რომ ირაკლი კობახიძე იმიტომ აბრალებს საქართველოს აგვისტოს ომის დაწყებას, რომ კრემლის დავალებას ასრულებს? ომზე საუბრის დროს ირაკლი კობახიძე რუსეთი არ უხსენებია. 

როდესაც ვსაუბრობთ პატრიოტიზმზე, რამდენიმე განზომილება აქვს ქვეყნის ღალატს, პირველ რიგში, ეს ეხება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

განცხადება, რომ ომი დაიწყო საქართველომ – რაც უნდა ცუდი მმართველი ჰყოლოდა მაშინ საქართველოს, ის წარმოადგენდა საქართველოს – ამით პირდაპირ ზიანს აყენებ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, იმედს, რომ ოდესმე მაინც აღდგება ეს ტერიტორიული მთლიანობა.

კობახიძის ეს განცხადება ასევე არის საბაბი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ განხეთქილება არსებობდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხზე. ასე სპობ შესაძლებლობას, იგივე სამხედრო ძალით საქართველომ აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა, რადგან თუ საქართველო ჩაითვლება დამნაშავედ კონფლიქტის პროვოცირებაში, მას აღარ დაუჭერენ მხარს.

მაგალითად, როცა აზერბაიჯანმა აღადგინა სამხედრო ძალით ტერიტორიული მთლიანობა, აზერბაიჯანს ჰქონდა ამის სრული ლეგიტიმური უფლება, რადგან მას არ დაურღვევია არანაირი საერთაშორისო სამართალი არავის მიმართ ყარაბაღთან დაკავშირებით.

შესაბამისად, როცა აზერბაიჯანმა დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი ყარაბაღში, საერთაშორისო თანამეგობრობამ ღირებული ვერაფერი თქვა და არც სომხეთს გაუწია დახმარება – ყველა თვლიდა და იცოდა, რომ აზერბაიჯანს აქვს ლეგიტიმური უფლება, სამხედრო ძალით დაიბრუნოს ტერიტორიები.

თუ ჩაითვლება, რომ საქართველომ დაარღვია საერთაშორისო სამართალი, გამოიწვია ომის და უბედურება, აქ უკვე ვიცით სხვა მაგალითები, მაგალითად, კოსოვო – საერთაშორისო თანამეგობრობის დიდმა ნაწილმა აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა, თანაც აღიარა ცივილიზებულმა სამყარომ და არა რუსეთისნაირმა ველურმა ქვეყნებმა.

ისრაელი-ღაზას კონფლიქტშიც ზოგიერთი ისრაელს ადანაშაულებს ესკალაციაში და ედავებიან ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას. შესაბამისად, აქტიურად უჭერენ მხარს პალესტინის დამოუკიდებლობას.

იმ ტიპის განცხადებები, რაც გააკეთა ირაკლი კობახიძემ, ხელს უწყობს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვას და მისი აღდგენის შანსის მინიმიზებას. ქვეყანას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა და მტერმაც უნდა იცოდეს, რომ შენ შესაძლოა ამ ეტაპზე არა, მაგრამ შეგიძლია სამხედრო ძალითაც სცადო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს უნდა იცოდეს მტერმა, რომ შენთან მოლაპარაკებაზე წამოვიდეს.

შესაბამისად, ამ განცხადების გამოძახილი ჩვენთვის იქნება დამანგრეველი: ზახაროვას განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელი უნდა მოვაწეროთ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან თავდაუსხმელობის შეთანხმებას, მერე დელიმიტაცია უნდა მოხდეს საზღვრებისო.

ამით საქართველოს უნდა აეკრძალოს ნებისმიერი ზეწოლის უფლება – სამხედრო ძალის გამოყენების მუქარის უფლებაც კი. ეს ნიშნავს იმას, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არასდროს არ წამოვლენ შენთან მოლაპარაკებაზე.

  • საერთაშორისო თანამეგობრობამ იცის, რომ ირაკლი კობახიძე არალეგიტიმური პრემიერია. გასაგებია დიპლომატიური და პოლიტიკური ზიანი, სამართლებრივი შედეგიც შეიძლება ამას მოჰყვეს? 

განსხვავდება საერთაშორისო თანამეგობრობა, შეიძლება, შეერთებულმა შტატებმა არ გააკეთოს ეს, მაგრამ იგივე ტრამპის მოძრაობები ძნელად ამოსახსნელია – არაა გამორიცხული, ტრამპისნაირმა მომავალმა ადმინისტრაციამ გამოიყენოს ეს განცხადება. მერე რა, რომ არალეგიტიმური მთავრობა ამბობს ამას? საერთაშორისო ურთიერთობებში ხშირად გადამწყვეტია არა სამართლიანობის შეგრძნება და რაღაც ჰუმანიტარული მოსაზრებები, არამედ – ინტერესები. შემდეგ კი, კობახიძის განცხადების მსგავსი გადაწყვეტილებებით ხდება მიღებული გადაწყვეტილებების „გაპრავება“.

პირველ რიგში, რუსეთი გამოიყენებს ამას და რუსეთის მსგავსი არადემოკრატიული ქვეყნები.

ჩემი აზრით, ასეთი განცხადება დღეს უფრო კეთდება იმიტომ, რომ რუსეთის ზეწოლა საქართველოზე ძლიერია – ხელი მოეწეროს თავდაუსხმელობის შეთანხმებას ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან, რაც პრაქტიკულად ნიშნავს მათი დამოუკიდებლობის აღიარებას. შემდგომში ეს რაღაცნაირად რომ გამართლდეს საზოგადოების თვალში, ამიტომაც წამოიწყო კობახიძემ ეს კამპანია, რომ აი, ჩვენ ვართ დამნაშავე.

  • ამით აიხსნება ის, რომ 2018 წელს ირაკლი კობახიძე ომის დაწყებაზე სხვა რამეს ამბობდა, ომი რუსეთმა დაიწყოო? „2008 წელს რა თქმა უნდა ომის დამწყები აგრესორი იყო რუსეთის ფერერაცია…“ – ამბობდა 7 წლის წინ ირაკლი კობახიძე.

სიტყვამ დაკარგა აზრი დიდი ხანი, განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ რიტორიკაში.

ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია, რას ამბობდა ივანიშვილი და მერე როგორ შეცვალა: დემოკრატიას აშენებდა და ააშენა ავტორიტარიზმი. სიტყვას აღარ აქვს მნიშვნელობა: ჩვენ ისეთ ეტაპზე გადავედით, როცა ძალა წყვეტს და არა სიტყვა.

  • რამდენად შეიძლება რუსეთის დასამარცხებლად გადამწყვეტი ძალა გახდეს პროცესი, რაც ახლა სამხრეთ კავკასიაში ხდება? გარდა იმისა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი რუსულ ორბიტას დაშორდნენ, გუშინ ამ ქვეყნების მეთაურები აშშ-ს პრეზიდენტს შეხვდნენ. 

ეს პროცესი ნიშნავს იმას, რომ რუსეთი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს ბრჭყალებში ხელისუფლებაზე ზეწოლას, რადგან საქართველო ერთადერთი ადგილი რჩება, სადაც რუსეთს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა – კავკასიაში მყარად ჰქონდეს მოკიდებული ფეხი.

ჯერ მთლად მყარად არ აქვს რუსეთს აქ ფეხი მოკიდებული, ვიდრე მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რუსეთის წინააღმდეგია, მაგრამ თუ ხელისუფლება მოახერხებს მოსახლეობის იძულებას, რუსეთი თავს იგრძნობს რეაბილიტირებულად სომხეთისა და აზერბაიჯანის დაკარგვის მიუხედავად. რუსეთი ფიქრობს, რომ თავის სტრატეგიულ ინტერესებს ბოლომდე გაატარებს კავკასიაში საქართველოს მეშვეობით.

  • გამოუვა ეს რუსეთს, თუ აშშ-ს დღის წესრიგში ჩნდება სამხრეთ კავკასია და, შესაბამისად, საქართველო? 

სომხეთის და აზერბაიჯანის შემთხვევაში აშშ-ს კონკრეტული, ლოკალური ინტერესი აქვს და ეს ეხება ირანს – ზანგეზურის დერეფნის დაცულობა მნიშვნელოვანია ირანის შესაძლო აგრესიისგან, ასევე ირანზე ზეწოლის ბერკეტი უნდა შეიქმნას.

ამერიკელების სომხეთში ყოფნა დერეფნის გასწვრივ აგრეთვე არის ზემოქმედების საშუალება თურქეთსა და აზერბაიჯანზე – აშშ გამოდის ერთგვარი გარანტი, ფასილიტატორი თურქულ სამყაროსა და სომხეთს შორის.

სომხეთისთვის კი, ეს არის შუა აზიასა და თურქულენოვან სამყაროსთან ძლიერი წვდომის შესაძლებლობა – ეს სომხეთის სასიცოცხლო ინტერესია.

სომხეთს დაიცავს თურქეთიც – სომხეთი ვეღარასოდეს ვერ მოხვდება რუსეთის გავლენის ქვეშ, თუ მან დაამყარა თურქეთსა და აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთობები. თურქეთის სასიცოცხლო ინტერესში იქნება სომხეთის რუსეთისგან დაცვა.

საქართველო ამ მოცემულობაში საკმაოდ მოწყვლად პოზიციაში აღმოჩნდება – საქართველო იმდენად მნიშვნელოვანი აღარ ხდება! შესაძლოა, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრობლემა აშშ-ს აღარ ადარდებდეს, რადგან ზანგეზურის დერეფანი დაცული ექნება… საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშ იქნება, თუ თურქეთის, ეს მისი სადარდებელი აღარაა.

ერთადერთი აჭარის რეგიონზე შესაძლოა თურქეთმა წამოუყენოს გარკვეული პირობები რუსეთს: არ შეიზღუდოს თურქული ინვესტიციები და არ შეიზღუდოს ზოგადად თურქეთ-საქართველოს ვაჭრობა, სხვა მხრივ კი, სამხედრო ძალაც რომ ჩააყენოს რუსეთმა საქართველოში ყველგან, თურქეთისთვის ეს შეიძლება დიდ პრობლემას არ წარმოადგენდეს.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ახალ ოფისს მოიწყობს 40-მდე ოთახით

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ახალ ოფისს სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მერიის მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში მოიწყობს.

ვისი საკუთრებაა ახალი საოფისე ფართობი და რა პირობებით გეგმავს იქ მუნიციპალური ინსპექცია გადასვლას? – ამ კითხვაზე პასუხის მიღება „ბათუმელებმა“ ინსპექციაში სცადა, თუმცა არ გვიპასუხეს. მუნიციპალურ ინსპექციაში გვითხრეს, რომ ჩვენს მიერ დასმული [და დასასმელი] ყველა კითხვა ჩამოვწეროთ, წერილობით ელექტრონულად გავუგზავნოთ და ინსპექციის შესაბამისი სამსახურები 10 დღის ვადაში გვიპასუხებენ.

ინფორმაცია ვერ მივიღეთ ვერც ბათუმის მერიისგან. არადა, „სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩის N94-96-ში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის I სართულის სივრცეში საჯარო სამსახურის ოფისის მოწყობაზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე“ მუნიციპალურ ინსპექციას ტენდერი 25 ათასი ლარით უკვე გამოცხადებული აქვს.

აღნიშნულ მისამართზე ორი ორსართულიანი ავარიული სახლის დემონტაჟსა და ახლის მშენებლობაზე კი ბათუმის მერიას ტენდერი 2023 წლის იანვარში ჰქონდა გამოცხადებული, რომელშიც შპს „ანაგმა“ გაიმარჯვა.

სელიმ ხიმშიაშვილის N94 – 96-ში ავარიული სახლების დემონტაჟისა და ახალი 8 სართულიანი კორპუსის მშენებლობისთვის ბათუმის მერიას ქალაქის ბიუჯეტიდან 21 მილიონ 550 ათას 123 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. კორპუსის მშენებლობა დღესაც გრძელდება, შესაბამისად ოჯახები, რომლებიც აქ ავარიულ სახლებში ცხოვრობდნენ, ჯერ არ შეუსახლებიათ.

ახალი კორპუსის სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, პირველ სართულზე სხვადასხვა ფართობის სავაჭრო სივრცეებისთვის ჯამში 1 194,5 კვადრატული მეტრი ფართობია დათმობილი. დიდი ალბათობით, მუნიციპალური ინსპექცია ოფისად სწორედ ამ სივრცეებს გადააკეთებს.

ინსპექციის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, მშენებარე კორპუსის პირველ სართულზე უნდა დაპროექტდეს 35-დან 40-მდე სამუშაო ოთახი. პროექტირებისთვის საჭირო სატენდერო თანხა – 25 000 ლარი კი, როგორც დოკუმენტებშია მითითებული, ინსპექციას ბაზრის კვლევის მიხედვით განუსაზღვრავს.

„ბაზრის კვლევისათვის ინფორმაცია [ფასების ცხრილი; ტექნიკური დავალება] გაეგზავნა 12 პოტენციურ მიმწოდებელს, წინადადებას დაეთანხმა და განფასებული დოკუმენტაცია წარმოადგინა სამმა პოტენციურმა მიმწოდებელმა [პრეისკურანტის] ღირებულებით: მიმწოდებელი N1 – 37 000 ლარი; მიმწოდებელი N2 – 45 000 ლარი; მიმწოდებელი N3 – 100 000 ლარი“.

პროექტი და ხარჯთაღრიცხვა ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 დღეში უნდა მოამზადოს [ექსპერტიზის ვადის ჩათვლით]. პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს ასევე „არსებული არამზიდი ტიხრების სადემონტაჟო სამუშაოები“. ამასთან, მუნიციპალური ინსპექცია იტოვებს უფლებას „შეიტანოს ცვლილებები საპროექტო დავალებაში საჭიროებიდან გამომდინარე“.

ამ ხარჯთაღრიცხვის მომზადების შემდეგ დადგინდება რა თანხა იქნება საჭირო მუნიციპალური ინსპექციის ახალი ოფისის მოსაწყობად.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ოფისი დღეს გალაკტიონ ტაბიძის N56-შია განთავსებული. საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით ამ მისამართზე ინსპექციას 1 617 კვადრატული მეტრი ფართობი კერძო პირისგან იჯარით აქვს აღებული.

იჯარის ვადა 2020 წლიდან 2024 წლის იანვრამდე პერიოდი იყო, თუმცა საიჯარო ხელშეკრულებაში ცვლილება 2023 წლის ივლისში შეუტანიათ. ახალი ვადა დოკუმენტებში არ ჩანს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მუნიციპალური ინსპექცია ახალ ოფისში გადასვლას 2026 წლისთვის გეგმავს.

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია 2020 წლიდან ფუნქციონირებს და ის ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება. 2025 წლისთვის ინსპექციის დაფინანსება წინა წელთან შედარებით 1 404 000 ლარით გაზარდეს და დღეს 7 231 100 ლარია. აქედან მხოლოდ ხელფასებში 3 754 900 ლარი დაიხარჯება.

ინსპექციაში შტატით 111 ადამიანია დასაქმებული. გარდა ამისა, ინსპექციაში დამატებით ხელშეკრულებით აყვანილი პირებიც ჰყავთ დასაქმებული.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის დირექტორია არჩილ კონცელიძე, რომელმაც ამ თანამდებობაზე [მისივე დეკლარაციის მიხედვით] ხელფასის სახით ხელზე 43 803 ლარი აიღო 2024 წელს.

ახალი ოფისის პროექტირებაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 17 აგვისტოს დაიწყება და 19 აგვისტოს დასრულდება.

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას კიდევ ერთი ტენდერი აქვს გამოცხადებული 19 980 ლარით. ამ ტენდერის ფარგლებში ინსპექცია 20 ცალ მობილურ ტელეფონს იყიდის.

მშენებარე კორპუსი ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე / 8.08.2025
მშენებარე კორპუსი ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე / 8.08.2025

———-

ბათუმში, სადაც ათ წელზე მეტია სამშენებლო ბუმი „მძვინვარებს“, მოსახლეობის 70%-ს არ აქვს საშუალება შეიძინოს ახალი საცხოვრებელი ფართი. გენგეგმის კონცეფციის ავტორები წერენ, რომ ეს გასათვალისწინებელია საბინაო ფონდის ზრდისა და სრულყოფის დაგეგმვისას:

ბათუმში მცხოვრებთა 70%-ს ახალი ბინის შეძენის საშუალება არ აქვს – გენგეგმის კონცეფცია

„ივანიშვილს საქმის გარჩევა რიჟვაძესთან არ დაუსრულებია“ – რას ნიშნავს მდინარაძის განცხადება

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეზე საუბრისას განაცხადა, რომ ის არასდროს ყოფილა მისი ახლო მეგობარი.

ნიშნავს თუ არა მდინარაძის განცხადება იმას, რომ თორნიკე რიჟვაძე შესაძლოა ისევ იყოს ივანიშვილის მხრიდან ზეწოლის სამიზნე? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პარტია „ახლების“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი კირთაძეს ესაუბრა, პოლიტიკოსს, რომელიც კარგად იცნობს აჭარაში მიმდინარე პროცესებს.

  • ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ, რატომ უარყო მდინარაძემ რიჟვაძესთან მეგობრობა. რაზე მეტყველებს ეს?

ვფიქრობ, ეს განცხადება უნდა განვიხილოთ პოლიტიკურ ჭრილში, რადგან კაცი, რომელიც ცოტა ხნის წინ თორნიკე რიჟვაძეს თავის მეგობრად ასახელებდა, რომელიც თურმე კონსულტაციებს გადიოდა და რჩევებს აძლევდა დანიშნულიყო თუ არა ელჩად რიჟვაძე და ასე შემდეგ, ახლა აკეთებს ასეთ განცხადებას, რომ თურმე რიჟვაძე აღარ ყოფილა მისი მეგობარი.

ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა თორნიკე რიჟვაძის „შეწყალებაზე“ და ალბათ რაღაც გაგრძელებას ვიხილავთ შემდეგი პროცედურების რიჟვაძესთან მიმართებაში.

ყოველ შემთხვევაში, ამ განცხადებით მე ასეთი წარმოდგენა მრჩება.

გიორგი კირთაძე/facebook
  • არ შეწყალებაში რას გულისხმობთ, იმას, რომ რიჟვაძეზე შესაძლოა ისევ გაგრძელდეს ზეწოლა?

რა თქმა უნდა.

კობახიძის განცხადება ხომ გახსოვთ, მე და ჩემს გუნდს არანაირი პრეტენზია არ გვაქვს თორნიკე რიჟვაძის მიმართო. ამიტომ ვფიქრობ, რომ რიჟვაძის მიმართ ივანიშვილის მხრიდან შესაძლოა ზეწოლა კიდევ გაგრძელდეს.

  • აქ იგულისხმება იმ თანხების ამოღება, რაზეც არაოფიციალურ საუბრებში იყო საუბარი?

რა თქმა უნდა.

  • მდინარაძემ თქვა დღეს, რომ რიჟვაძეს ტელეფონი არ აქვს და ამიტომ ვერ ვეკონტაქტებიო. ეს რაზე მეტყველებს?

შესაძლოა იმიტომ არ ესაუბრება, რომ იცის ივანიშვილის პოზიცია მდინარაძემ.

ასევე, ის განცხადება, რომ არ არის რიჟვაძის მეგობარი და არც არასდროს ყოფილა, ალბათ ამის გაგრძელებაა. ამიტომ ვამბობ, რომ რიჟვაძეზე მომავალში კიდევ გაგრძელდება ზეწოლა ივანიშვილის მხრიდან– მეთქი.

  • ხაბეიშვილი საუბრობდა მდინარაძის სტამბულში ჩასვლაზე და ასე შემდეგ. თქვენ ხომ არ გაქვთ რაიმე ინფორმაცია სად არის რიჟვაძე, ისევ კლინიკაშია თუ სადმე სხვაგან?

ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ამბავი, რომელიც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, მას შემდეგ რაც ის გადაიყვანეს თურქეთში, დანარჩენი ყველაფერი არის ხელისგულზე და ამას ბევრი წყაროც არ სჭირდება.

ფაქტია, რომ თორნიკე რიჟვაძეზე ხორციელდებოდა იმ ხარისხის ზეწოლა, რომ მას ესროლეს თუ თავად ისროლა, რომელი ვერსიაც არ უნდა იყოს, ეს შესაძლოა მხოლოდ და მხოლოდ მომდინარეობდეს ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ადამიანის მხრიდან და ეს არის ბიძინა ივანიშვილი.

და მდინარაძის ეს განცხადებაც, რაც დღეს გააკეთა, ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილს საქმის გარჩევა რიჟვაძესთან არ აქვს დასრულებული და სწორედ ამიტომაც დისტანციადა მისგან მამუკა მდინარაძე.

სამწუხაროდ, ასეთია რეჟიმის ბუნება და რეჟიმის შემადგენელი ჭანჭიკებიც ისე იქცევიან, რაც არაფერში არ ჯდება, ალბათ.

  • საზოგადოებას ამ დრომდე არ მოუსმენია გამოძიების არცერთი ვერსია რიჟვაძის საქმეზე…

ის, რომ ამ დრომდე პროკურატურას, არცერთ უწყებას არანაირი განცხადებაც კი არ გაუკეთებია ამ საქმესთან მიმართებაში საზოგადოებისთვის, რომლისთვისაც, რა თქმა უნდა, ეს ძალიან საინტერესო თემაა, ხომ ცხადყოფს, რომ იქ რაღაც მნიშვნელოვანი დანაშაული მოხდა და ეს დანაშაული მოხდა რეჟიმის მხრიდან?! და ეს ჩემი აზრით, ეს პირდაპირ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს.

რა გამოძიება ამას სჭირდებოდა, სადაც სათვალთვალო კამერებითაა ყველაფერი აღჭურვილი. დაკითხეს ის ხალხი, ვინც ამ სათვალთვალო კამერებზე ჩანს? ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რა ვითარებაში მიმდინარეობდა რიჟვაძესთან საქმის გარჩევა – ამ ყველაფრის გარკვევას, მონდომების შემთხვევაში, არათუ რამდენიმე თვე, რამდენიმე საათიც არ დასჭირდებოდა.

  • იმის ხაზგასმა მდინარაძის მხრიდან, რომ ის „ოცნების“ შს მინისტრთან მეგობრობს, რაიმე დატვირთვა აქვს ამ შემთხვევაში?

ეს საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, ის არასდროს უარყოფდა მასთან მეგობრობას, თუმცა არც რიჟვაძესთან მეგობრობას უარყოფდა ამ განცხადებამდე და ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ თორნიკე რიჟვაძე იყო მისი ახლო მეგობარი.

შს მინისტრი დღეს არის მათი გუნდის წევრი, თორნიკე რიჟვაძე კი ივანიშვილს მოძულებული ჰყავს და მასთან საქმის გარჩევის რეჟიმშია. ამიტომ, რეჟიმის საყრდენი ბურჯი იქნება მისი მეგობარი, ხოლო ის ადამიანი, ვისთანაც ივანიშვილს საქმე აქვს გასარჩევი, მათ შორის მომავალშიც, რა თქმა უნდა, აღარ არის მისი მეგობარი და შესაბამისად, დისტანცირდა მისგან.

ის, რომ რიჟვაძე თავისი ნებით არ დაბრუნდება საქართველოში, ფაქტია, მის სიცოცხლეს საფრთხე პირდაპირი მნიშვნელობით დაემუქრა, ამიტომ ლოგიკური იქნება, რომ ის არ დაბრუნდეს რეჟიმის პირობებში საქართველოში, თუ მას იძულებით არ დააბრუნებენ.

„ვგმობ მზია ამაღლობელის პოლიტიზებულ პატიმრობას“ – ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის განაჩენს ეხმიანება.

„მკაცრად ვგმობ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პოლიტიზებულ 2-წლიან პატიმრობას, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც პატიმრობაში გაუარესდა.

მისი საქმე ასახავს საქართველოში მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდ ზეწოლას.

ჩეხეთი სოლიდარობას უცხადებს და მოუწოდებს ყველა უსამართლოდ გასამართლებული პირის გათავისუფლებისკენ“ – წერს იან ლიპავსკი X-ზე.

მზია ამაღლობელს 6 აგვისტოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

განაჩენი დაგმეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა, 24 ქვეყნის საელჩომ, ევროკავშირმა, სენატორებმა აშშ-დან და მაღალი რანგის დიპლომატებმა. განცხადებები მზია ამაღლობელის განაჩენის შესახებ დღემდე არ წყდება.

ამავე თემაზე: 

კონგრესმენები, სენატორები, ევროკავშირი – ვინ ეხმიანება მზია ამაღლობელის განაჩენს

 

კინო გზაზე – თიბისის მხარდაჭერით, კინოპროექტმა საქართველო მოიარა

კინომოგზაურობა შედგა – თიბისის მხარდაჭერით, თანამედროვე ქართულმა ფილმებმა საქართველოს სოფლები და ქალაქები მოიარეს.

„კინო გზაზე“ დამოუკიდებელი კინემატოგრაფისტების მიერ შექმნილი პროექტია. პროექტის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში, 10 სხვადასხვა ლოკაციაზე თანამედროვე ქართველი რეჟისორების მიერ შექმნილი ფილმების ჩვენება გაიმართა.

6 ივნისს, პროექტის მოძრავი ეკრანი თელავში გაიშალა და აქედან დაიწყო ქართული კინოს მოგზაურობა – ყვარელში, ლაგოდეხში, შალაურში, წნორში, ქუთაისში, ფოთში, ქობულეთში, ვანსა და ზუგდიდში.

მაყურებლები პირისპირ შეხვდნენ რეჟისორებს – ილო ღლონტს, გიორგი თავართქილაძეს, ანკა გუჯაბიძეს, უტა ბერიას, თამთა ხალვაშს, მელანო სოხაძეს, დავით ფირცხალავას და სხვებს. გაიმართა არაერთი საინტერესო დისკუსია.

კინოპროექტის დასკვნითი ჩვენება 10 აგვისტოს, ახალციხეში გაიმართება და წარმოგიდგენთ თაკო რობაქიძის, ვაჟიკო ჩაჩხიანისა და გიორგი გოგიჩაიშვილის მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმებს – „მცოცავი ოკუპაცია“, „ზამთრის თბილი დღე“, „8 წუთი“ და „10:45“.

კინოჩვენებას ახალციხეში შეხვედრების სივრცე – „კანტორა“ უმასპინძლებს (გრიგოლ ხანძთელის #30). დასწრება თავისუფალია და ტრადიციულად, ჩვენების დასრულების შემდეგ, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ და გაესაუბრონ ფილმების რეჟისორებს.

რეგიონებში სოციალურ-კულტურული ცხოვრების გაძლიერება თიბისის ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია. ამ პროექტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, როგორ აახლოებს ხელოვნება ადამიანებს; ქმნის ახალ შესაძლებლობებს და აღრმავებს საერთო ღირებულებებს.

პოლიტიკურად მოტივირებული და დაუსაბუთებელი – ქარტია მზია ამაღლობელის განაჩენზე

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს მზია ამაღლობელის განაჩენთან დაკავშირებით – 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ჟურნალისტთა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს 2 წლით მიუსაჯა პატიმრობა ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე სილის გაწვნის გამო. 

ქარტია მკაცრად გმობს მზია ამაღლობელისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს და მას დაუსაბუთებლად, პოლიტიკურად მოტივირებულად და უსამართლოდ მიიჩნევს.

„ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ ქარტიის განცხადებას:

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს და 6 აგვისტომდე ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის, სილის გაწვნის გამო. პროკურატურა მას სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა, რისთვისაც 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.

მართალია, მოსამართლემ ბრალის გადაკვალიფიცირების შემდგომ შედარებით მსუბუქი მსჯავრი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოიტანა, თუმცა ამ ცვლილებამ მზია ამაღლობელის უფლება სამართლიან სასამართლოზე ვერ აღადგინა, ვინაიდან მას არც ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაუდენია.

353-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ექვს წლამდე, შემდეგი ქმედებისთვის – პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე, აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმე ეყრდნობა ცრუ მოწმე პოლიციელთა ჩვენებებს, გაყალბებულ მტკიცებულებებს და მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსა და ლოგიკას. მზია ამაღლობელთან არ უსაუბრიათ გამომძიებლებს. თვეების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები არღვევდნენ უდანაშაულობის პრეზუმფციას მზია ამაღლობელის მიმართ იმგვარი გამოგონილი ბრალდებებით, რასაც მისთვის სასჯელის დამძიმება შეეძლო. აჭარის ტელევიზიამ უარი თქვა იმ ვიდეომასალის სრულად გასაჯაროებაზე, რომლიდანაც 44-წამიანი ამონარიდი პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნისთვის მტკიცებულებად გამოიყენა.

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და არსებული სასამართლო პრაქტიკით, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, სილის გაწვნა, არსებითი ზიანის გარეშე, არ წარმოადგენს თავდასხმას ანუ იმგვარ დანაშაულს, რაც სისხლის სამართლის კოდექსით იდევნება.

მზია ამაღლობელს უკვე ორჯერ დააკისრეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ქმედებებისთვის, რაც მას არ ჩაუდენია. 18 მარტს ის მოსამართლე სალიხ შაინიძემ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო 2000 ლარით დააჯარიმა, ხოლო 18 ივნისს – მოსამართლე მარიანა ფომაევამ 1000 ლარით, „იერსახის დამახინჯების“ გამო, სტიკერის გაკვრის ეპიზოდზე.

მზია ამაღლობელმა უსამართლობისადმი პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან, 38 დღე იშიმშილა.

წინასწარი პატიმრობის პერიოდში მზია ამაღლობელის ჯანმრთელობა სწრაფად გაუარესდა და მან შეიძლება მხედველობა დაკარგოს, თუკი დროულად არ მიიღებს კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას.

მზია ამაღლობელი, რომელიც დაკავებისას დაექვემდებარა არაარადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას, აქამდე არ უცნიათ დაზარალებულად. არ არის დასჯილი არცერთი ის პირი, ირაკლი დგებუაძის ჩათვლით, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ.

მზია ამაღლობელი უსამართლოდ იდევნება, მისი გაბედული პროფესიული საქმიანობისა და „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებისათვის. „ქართული ოცნება“ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების დაშინებას ცდილობს და რეპრესიული ზომებით ავიწროებს დამოუკიდებელ მედიას, ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და ახშობს განსხვავებულ აზრს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ითხოვს, რომ მზია ამაღლობელს მოეხსნას ცრუ ბრალდება და ის უპირობოდ და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს“ – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

8 აგვისტო. რუსეთის საგარეო: „მზად ვართ საქართველოსთან ვითანამშრომლოთ“

რუსეთ-საქართველოს ომის 17 წლისთავზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან „ჯანსაღი, პრაგმატული თანამშრომლობისთვის“ და ახლა თბილისმა უნდა განსაზღვროს თავისი შემდგომი ქმედებები.

„რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების სრულად ნორმალიზებით. მოსკოვი მზადაა თბილისთან პრაგმატული თანამშრომლობა განავითაროს იქ, სადაც ეს ორივე მხარისთვის სასარგებლოა.

საქართველოში უნდა ჩამოყალიბდნენ რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში მათ შემდგომ ქმედებებზე.

ამავდროულად, მოსკოვი და თბილისი ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში ავითარებენ ურთიერთობებს. ასევე, იზრდება რუსეთიდან [საქართველოს] რესპუბლიკაში ტურისტების ნაკადიც“, – განუცხადა გალუზინმა რუსულ პროპაგანდისტულ მედია „იზვესტიას“.

დღესვე, 8 აგვისტოს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე გაკეთებულ კომენტარში განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლების მიერ ცხინვალის წინააღმდეგგრესიის საჯაროდ აღიარების ფონზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის პირდაპირი დიალოგი შესაძლოა წინ წავიდეს“.

ზახაროვამ თქვა, რომ მოლაპარაკების პროცესის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად რჩება იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადება საქართველოს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ.

„პრიორიტეტულ ამოცანებს შორისაა საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადება, რაც არა მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების განმეორების საიმედო გარანტიას წარმოადგენს, არამედ თბილის-სოხუმ-ცხინვალის სამკუთხედში ნორმალიზაციისკენ სვლის საწყის წერტილსაც წარმოადგენს.

საქართველო-აფხაზეთის და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაციის დაწყება და მათი შემდგომი დემარკაცია ხელს შეუწყობს სამი სახელმწიფოს სასაზღვრო რაიონებში სიტუაციის სტაბილიზაციას“, – აღნიშნა მან.

ზახაროვას „ოცნების“ პრემიერი, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა.

ამავე დროს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს.

„ეს მოწოდება არ არის ჩვენთვის სერიოზული, რაც შეეხება თავდაუსხმელობას, ჩვენ ვაცხადებთ ერთადერთ რამეს – ერთადერთი გზა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ არის მშვიდობიანი გზა და, რა თქმა უნდა, ვერავითარ სხვა შეთანხმებასა და დოკუმენტზე ვერ იქნება საუბარი. იქ ზახაროვა რაღაცას ამბობს, იქ კუბილიუსი რაღაცას ამბობს, თქვენ ნუ დასდევთ მათ განცხადებებს“, – თქვა კობახიძემ.

17 წლისთავზე კობახიძემ აგვისტოს ომს საქართველოს წინა ხელისუფლების ავანტიურა უწოდა და განაცხადა, რომ ქართული მხარე არა თავდაცვით ოპერაციას, არამედ შეტევით მოქმედებებს ახორციელებდა.

ამასთან, გუშინ, 7 აგვისტოს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2008 წელს საქართველოს ხელისუფლება „დიფ სთეითის“ დაკვეთით მოქმედებდა.

„ეს იყო კატასტროფული ავანტიურა, ეს იყო დაკვეთილი ღალატი. გარედან „დიფ სთეითის“ მიერ დაკვეთილი ღალატი იყო. ჰკითხეთ დონალდ ტრამპს და მის ადმინისტრაციას, ვინ არის „დიფ სთეითი“. სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი გარე დაკვეთით, „დიფ სთეითის“ დაკვეთით“, – განაცხადა კობახიძემ.

Georgian Dream’s PM Irakli Kobakhidze Accuses Georgia of Starting the August 2008 Russia-Georgia War

Georgian Dream’s Prime Minister Irakli Kobakhidze accuses Georgia of starting the August 2008 Russia-Georgia War.

On the 17th anniversary of the August 2008 War, Georgian Dream-appointed Prime Minister Irakli Kobakhidze called the war an “adventure” by Georgia’s previous government and claimed that the Georgian side was not carrying out a defensive operation, but offensive actions.

“Today, we must recall all the documents signed by the government at the time. Among them is the Tagliavini Report, which was effectively endorsed by the the United National Movement regime. It clearly states that Saakashvili’s regime started the war. There is also the Council of Europe resolution, which was adopted almost unanimously and states that large-scale military actions were launched by Saakashvili’s regime.

Also, there is the Council of Europe resolution, which was adopted at the time by the Council of Europe almost unanimously, and it states that large-scale military actions were launched specifically by Saakashvili’s regime.

Additionally, there is the Georgian president’s decree on the declaration of military actions, which states that Russia entered Georgia on August 8.

These documents cannot be ignored — they are irrefutable proof that the then-agentic government started the war and inflicted severe damage on our country’s national interests. This was an act of treason.

The Council of Europe resolution and the Tagliavini Report outline a chronology of events, noting that on August 7, 2008, the then-regime opened artillery fire on Tskhinvali, and this was followed the next day by the entry of Russian troops into Georgia.

Theoretically, if we were to launch an assault tomorrow on Tskhinvali or Sokhumi, that would start a war. This is the truth — it’s reflected in the Council of Europe resolution, which states there was an escalation, but that escalation turned into large-scale war only after the regime at the time launched assault on Tskhinvali without warning. On the morning of August 8, 2008, the regime proudly announced that they were capturing village after village, advancing settlement by settlement toward Tskhinvali, that they had entered the city and were moving toward the Roki Tunnel. This was not a defensive operation. They openly declared that they were restoring constitutional order through offensive actions.

Saakashvili’s party committed a grave act of treason that cost the lives of more than 400 people. These individuals, of course, died for their homeland and its national interests. But if we were to betray our country tomorrow, if we were to launch such an operation as part of an adventure or sign off on a foreign directive, our soldiers would again go to war and die for their homeland — but that would not justify our betrayal. This is exactly what Saakashvili’s regime did,” said Irakli Kobakhidze.

Moreover, on August 7, Kobakhidze stated that in 2008 the Georgian government was acting on orders from the “deep state.“

“This was a catastrophic adventure. It was a treason ordered from outside. It was a treason commissioned by the “deep state.“ Ask Donald Trump and his administration who the deep state is. Saakashvili’s regime started the war based on external orders — on the orders of the deep state,” said Kobakhidze.

UPDATE: 

On August 11, 2025 Georgian Dream–appointed Prime Minister Irakli Kobakhidze, marking the 17th anniversary of the Battle of Shindisi, once again blamed the Georgian government for starting the Auguts 2008 Russo-Georgian War.

In response to critical questions from journalists, he said that the war was “started not by Georgia, but by the Saakashvili regime,” and that “20% of Georgia is occupied by Russia.”


Cover Photo: On the left – Bidzina Ivanishvili; On the right – Irakli Kobakhidze


Seventeen years have passed since the August 2008 Russia–Georgia war.

The international community typically marks Russia’s aggression against Georgia on August 7, while Moscow and the Georgian Dream government does it on August 8. Until recently, the Ministry of Foreign Affairs had been an exception. However, last year, for the first time under Georgian Dream’s rule and in contrast to its previously established practice, Georgia’s Ministry of Foreign Affairs issued its statement marking the anniversary of the August 2008 war on August 8 instead of the 7th.

August 7 Tells Two Stories — Russia’s Invasion and Georgian Dream’s Kremlin Alignment

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 აგვისტოს 21 საათიდან 9 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში ელჭექის ხასიათის წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან – 17-20 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 12 – 17 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 10 აგვისტოს აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, 11 აგვისტოდან კი გამოიდარებს.

______________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

„უახლოესი მეგობარი არასდროს არ ყოფილა“- მამუკა მდინარაძე თორნიკე რიჟვაძეზე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, მისი მეგობარი არასდროს ყოფილა.

მისი თქმით, პროკურატურა რიჟვაძის საქმეზე მაშინ გააკეთებს განცხადებას, როცა მყარი მტკიცებულებები ექნება. ამის შესახებ მან 7 აგვისტოს თქვა ჟურნალისტებთან.

„შს მინისტრისგან გავიგეთ ის, რომ კამერები იყო (შემთხვევის ადგილზე) და კამერები ამოღებულია და მიდის ყველა სავარაუდო ვერსიაზე საუბარი.

მერე ათასი მანიპულაცია იყო, გეკა გელაძე იყო, მამუკა მდინარაძე და ეს სისულელე, ტყუილები ითქვა, მაგრამ რაც ჩვენ გავიგეთ, იქ იყო 4 თუ 5 ადამიანი, მათ შორის ორი ოჯახის წევრი თორნიკე რიჟვაძის და მასპინძლის ორი თუ ერთი მეზობელი, ეს არ ვიცი ზუსტად“ – თქვა მამუკა მდინარაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა ახლა თორნიკე რიჟვაძესთან კომუნიკაცია, მამუკა მდინარაძემ უპასუხა, რომ არა -„ახლა არა“.

ასევე, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ მოიკითხა მეგობარი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის შემდეგ, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ რიჟვაძე მისი მეგობარი არასდროს ყოფილა:

„უახლოესი მეგობარი არასდროს არ ყოფილა. თანაგუნდელი…“ – დააზუსტა მან.

სამაგიეროდ, მამუკა მდინარაძე არ უარყოფს „ოცნების“ შს მინისტრთან მეგობრობას.

„გეკა გელაძე ჩემი მეგობარია და თორნიკე რიჟვაძე უახლოესი მეგობარი არასდროს არ ყოფილა. ვმეგობრობდით. მეგობრობის ხარისხზე როგორ ვილაპარაკო“ – თქვა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის თქმით, თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მყოფი თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობას ყოველ დღე კითხულობს მისი ოჯახის წევრებთან:

„მოვიკითხე ბევრჯერ, პირადად ვერ მოვიკითხე იმიტომ, რომ არ აქვს მას ტელეფონი და კომუნიკაცია საზოგადოებასთან. მისი ოჯახის წევრებთან გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია და ვიგებთ მდგომარეობის შესახებ ამბავს და ვიცით, რომ არის უკეთ და უკეთ“.

  • რა ხდება?

7 ივლისს შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობაზე.

თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით შეიყვანეს კლინიკაში. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას ფილტვი ჰქონდა დაზიანებული.

მომხდარიდან მალევე პროსახელისუფლებო მედიებმა გაავრცელეს წერილი, რომელიც თითქოს თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა და რომელშიც რიჟვაძე ბიძინა ივანიშვილსა და კობახიძეს ოჯახის დაცვას სთხოვდა. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა საგარეჯოში, ბათუმის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი უფროსის, ალექსი ახვლედიანი სახლში სცადა.

სამართალდამცველებმა ახვლედიანი იმავე დღეს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ალექსი ახვლედიანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით ედავება. 8 ივლისს გამართული სასამართლო სხდომიდან ალექსი ახვლედიანი 30 000 ლარი გირაოთი გაათავისუფლეს.

თორნიკე რიჟვაძეს პირველი სასწრაფო ოპერაცია საგარეჯოს კლინიკაში გაუკეთეს, შემდეგ კი ის თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან თორნიკე რიჟვაძე, როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა განმარტა, ოჯახის მოთხოვნით სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.

თორნიკე რიჟვაძემ აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა 2025 წლის აპრილში დატოვა. მან თანამდებობის დატოვების შესახებ ფეისბუქგვერდზე დაწერა.

თანამდებობის დატოვებიდან მალევე გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ თორნიკე რიჟვაძეს „ფულს სთხოვდნენ“ და არაოფიციალურად დაკავებული ჰყავდათ მამამისიც, დავით რიჟვაძეც.

9 ივლისს არალეგიტიმური მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძის სანახავად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა,  იქ მან არაერთხელ გაიმეორა, რომ გამოძიების დეტალებზე ვერ ისაუბრებდა, მაგრამ თვითმკვლელობის მცდელობაში ირიბად დაადანაშაულა მედია.

10 ივლისს კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიმართ „მას და მის მეგობრებს“ „არავითარი პრეტენზია არ აქვთ“.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 061 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 040]
  • ტანკი – 11 083 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 23 102 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 31 232 ერთეული [+52]
  • MLRS – 1 456 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 203 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 50 168 ერთეული [+238]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 555 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 57 731 ერთეული [+126]
  • სპეცტექნიკა – 3 936 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 664 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 75 210 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 625 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 478 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 584 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 28 245 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 39 238 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უახლოეს დღეებში პუტინისა და ტრამპის შეხვედრა იგეგმება — კრემლი

“მედვედევს გადაეცით…” – ტრამპმა რუსეთის ექსპრეზიდენტს მიმართა

იმედგაცრუებული ვარ პუტინით, ვაპირებ, 50-დღიანი ვადა შევამცირო – ტრამპი

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

კონგრესმენები, სენატორები, ევროკავშირი – ვინ ეხმიანება მზია ამაღლობელის განაჩენს

6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს — გადაწყვეტილება დაგმეს საქართველოს პარტნიორებმა და საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა.

  • ევროკავშირი

ევროკავშირი მკაცრად გმობს მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა და ღრმა შეშფოთებას გამოხატავს სასამართლო სისტემის ინსტრუმენტალიზაციის გამო დამოუკიდებელი ხმების წინააღმდეგ მის რეპრესიის იარაღად გამოყენებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და ასევე უსამართლოდ დაკავებული პირები, უზრუნველყოს და დაიცვას სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც მართლმსაჯულების ფუნდამენტური პრინციპი და დემოკრატიული მმართველობის არსებითი საყრდენი.

  • 24 საელჩო

საქართველოში აკრედიტებულმა 24-მა დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

ავსტრიის, ბელგიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, ესპანეთის, შვედეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები, რომლებიც წარმოადგენენ მედიის თავისუფლების კოალიციის წევრ ქვეყნებსა და მოკავშირე დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საქართველოში, გმობენ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა.

„მზია ამაღლობელის საქმე დამატებით დაამძიმა მისმა გაჭიანურებულმა წინასწარმა პატიმრობამ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განსაკუთრებით მისი მხედველობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. მზია ამაღლობელის საქმე და „ბათუმელებსა” და „ნეტგაზეთზე” განხორციელებული ზეწოლა საქართველოში ჟურნალისტების მზარდი დაშინების, დაუსჯელი ძალადობისა და სამართლებრივი დევნის მაგალითია, მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების აშკარა დარღვევის გზით“, — ნათქვამია განცხადებაში.

  • PACE-ის მონიტორები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მომხსენებლებმა საქართველოს საკითხებზე — ედიტ ესტრელამ (პორტუგალია, სოციალისტური პარტია) და საბინა კუდიჩმა (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE) მკაცრად დაგმეს მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი განაჩენი.

„ეს სასჯელი არაპროპორციულია, აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული და სისხლის სამართლის პროცესის დამოუკიდებელი მედიისა და დისიდენტური მოსაზრებების ჩასახშობად ბოროტად გამოყენების მაგალითია. დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი და დაჟინებით მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივი სცეს საქართველოს წევრობის ვალდებულებებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შესახებ“, — განაცხადეს მომხსენებლებმა, რომლებიც წელს საქართველოში ვიზიტს გეგმავენ.

საქართველო ევროპის საბჭოს ათი წევრი სახელმწიფოდან ერთ-ერთია, რომლებიც ექვემდებარება ასამბლეის სრული მონიტორინგის პროცედურას, რომლის მიზანია დაეხმაროს ამ ქვეყნებს წევრობის ვალდებულებებისა და გაწევრიანების ვალდებულებების შესრულებაში.

  • ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეფასებით, მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი ორწლიანი სასჯელი არაპროპორციულია და სერიოზულ საკითხებს წარმოშობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფარგლებში.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემს წინა მოწოდებას ხელისუფლებისადმი – გაათავისუფლონ იგი და მოვუწოდებ, უზრუნველყონ ჟურნალისტების თავისუფლად და არასაჭირო ჩარევის გარეშე მუშაობა, გამოხატვის თავისუფლების უფლების სრული პატივისცემით“, – წერს ადამიანის უფლებათა კომისარი X-ზე.

  • ეუთოს წარმომადგენელი მედიის საკითხებში

ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში იან ბრატუმ კიდევ ერთხელ მოუწოდა მზია ამაღლობელის გათავისუფლებისკენ და თქვა, რომ ყურადღებით დააკვირდება პროცესს სააპელაციო სასამართლოშიც, სადაც საქმე გასაჩივრდება.

„11 იანვარს დაპატიმრებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელისთვის ორწლიანი პატიმრობის განაჩენი შემაშფოთებელია და დამანგრეველ გავლენას ახდენს საქართველოში დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაზე“, — დაწერა იან ბრატუმ X-ზე.

  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს „ფორმულამ“ ჰკითხა მზია ამაღლობელისთვის 2-წლიანი პატიმრობის მისჯის შესახებ.

„ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებითა და გაზრდით, პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებით და სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის მთავრობის ქმედებების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების მიზანმიმართული შევიწროებით. ჩვენ სერიოზულად გვაშფოთებს, რომ საქართველო ახლახან მიღებულ კანონმდებლობას, მათ შორის გრანტების შესახებ კანონში შესწორებებს, შერჩევით იყენებს საქართველოს მთავრობის ფაქტობრივი ან სავარაუდო კრიტიკოსების წინააღმდეგ, რითაც ზედმეტად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებას“, — ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „ფორმულასთვის“ გამოგზავნილ პასუხში.

  • შვეიცარია

„შვეიცარია ღრმად შეშფოთებულია მზია ამაღლობელისთვის ორწლიანი პატიმრობის მკაცრი და არაპროპორციული განაჩენით, რომელიც მას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გაშუქებისას, დამოუკიდებელი ჟურნალისტის პროფესიის შესრულებისთვის მიუსაჯეს“, — დაწერა X-ზე შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის (FDFA) მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა განყოფილებამ (PHRD).

  • პოლიტიკოსები

„ეს არ არის მხოლოდ ბრწყინვალე ჟურნალისტის პოლიტიკური დევნა. მზია საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. ივანიშვილის რეჟიმი თავისუფლებასა და დემოკრატიას უფრო სწრაფად კლავს, ვიდრე ეს კრემლმა გააკეთა რუსეთში“, – ასე გამოეხმაურა მზია ამაღლობელის საპატიმრო სასჯელს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე.

ევროპარლამენტარმა „მწვანეებიდან“ და ევრონესტის თანათავმჯდომარემ, სერგეი ლაგოდინსკიმ საქართველოს მმართველ პარტიას მოუწოდა, შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნის გზა და პატივი სცეს პრესის თავისუფლებას.

„დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მზია ამაღლებელი – მამაცი ჟურნალისტი, რომელმაც 200 დღეზე მეტი გაატარა პატიმრობაში ერთი სილისთვის. სანამ ის სასამართლო პროცესზეა, საქართველოს ხელისუფლება აორმაგებს ზეწოლას და საგადასახადო პრეტენზიების საფუძველზე აყადაღებს „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ ანგარიშებს.
პროტესტი დანაშაული არ არის! ჟურნალისტიკა საფრთხეს არ წარმოადგენს! საქართველოს მმართველმა პარტიამ უნდა შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნის გზა და პატივი სცეს პრესის თავისუფლებას“, – წერს ლაგოდინსკი.

შოკისმომგვრელი და შემაძრწუნებელი უწოდა ნინო სახელაშვილის მიერ გამოტანილ განაჩენს ავსტრიელმა ევროპარლამენტარმა მწვანეთა პარტიიდან, ლენა შილინგმა.

„ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის. მზია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის წევრობაზე აცხადებს პრეტენზიას, ჟურნალისტებს აშინებენ, მედიას ანგარიშებს უყინავენ და სასამართლო პროცესებს პოლიტიკურად იყენებენ“, – განაცხადა შილინგმა.

Renew Europe-ის წევრმა, პეტრას აუსტრევიჩიუსმა მზია ამაღლობელისთვის ორწლიანი პატიმრობის შეფარდების საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს არადემოკრატიული, არაევროპული, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ რეპრესიული პოლიტიკური კურსის შემოქმედებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.

„განცხადებების დრო დამთავრდა“, — დაწერა X-ზე ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა.

პოლონელი ევროპარლამენტარის (EPP) კშიშტოფ ბრეიზას შეფასებით, ევროკავშირის მკაფიო მოთხოვნების შესრულების ნაცვლად, რომლებიც ადამიანის უფლებების, დემოკრატიის დაცვასა და ქვეყნის ევროპული განვითარების გზაზე დაბრუნებას გულისხმობს, „ქართული ოცნების“ რეჟიმი ჟურნალისტებს აპატიმრებს.

„ეს ევროპული არ არის — ეს ავტორიტარულია. საქართველო უკეთესს იმსახურებს!“ — წერს ბრეიზა.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა მზია ამაღლობელის განაჩენის კონტექსტში კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება „მეგობარი აქტის“ მიღების საჭიროებაზე.

„ანტიამერიკულმა „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს უსამართლოდ მიუსაჯა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა. რეჟიმი კრძალავს სიტყვის თავისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, რათა თავის მიზანს მიაღწიოს – მიჰყიდოს ქვეყანა კომუნისტურ ჩინეთს. საჭიროა MEGOBARI!“ – დაწერა უილსონმა X-ზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაემოხმაურნენ იტალიის პარლამენტის წევრებიც.

„მზია ამაღლობელი მამაცი ჟურნალისტია, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და საქართველოს პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარი. დღეს მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თავისუფალი მედიის მიმართ მზარდი რეპრესიების ფონზე. ვუერთდები მათ, ვინც მისი თავისუფლებისა და რეპრესიების დასრულებისკენ მოუწოდებს“ — დაწერა X-ზე იტალიის პარლამენტის წევრმა, ლია კუარტაპელემ.

იტალიელმა სენატორმა მარკო ლომბარდომ აღნიშნა, რომ მზია ამაღლობელი სინამდვილეში ისჯება თავისუფალი და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისთვის და იმის გამო, რომ ხალხის პროტესტს ასახავს.

„ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, განაჩენი გამარჯვებად ვაქციოთ“, — თქვა მან.

  • უფლებადამცველი ორგანიზაციები

ქართველი ჟურნალისტის გამამტყუნებელ განაჩენსა და ორწლიან პატიმრობას გამოეხმაურა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი:

„მზია ამაღლობელი პოლიციის მხრიდან არაერთი ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა: სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შეაფურთხეს, სხეულზე დაზიანებები მიაყენეს და სამედიცინო დახმარებაზე უარი უთხრეს. პოლიციის თანამშრომლებმა ეს თავადვე დაადასტურეს სასამართლო პროცესზე, თუმცა მაინც დაუსჯელობამ გაიმარჯვა. სასამართლო პროცესს თან ახლდა პროცედურული დარღვევები და მიკერძოებულობა“.

Amnesty International-ის თქმით, მზია ამაღლობელმა უნდა მიიღოს სამართლიანი სასამართლო პროცესი და მის მიმართ ჩადენილ ძალადობაზე აუცილებელია, ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) გლობალური ურთიერთობების მთავარი ოფიცრის, ჯიფსი გილენ კაიზერის განცხადებით, მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი აღმაშფოთებელი ორწლიანი სასჯელი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოში ავტორიტარული ტაქტიკის მზარდ გამოყენებას დამოუკიდებელ მედიაში შიშის დასათესად და საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ამაღლობელის დევნა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაგმო პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა (IPI).

პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრის თანახმად, მზია ამაღლობელისთვის 2-წლიანი პატიმრობის შეფარდება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ახშობს განსხვავებულ აზრს და ააშკარავებს ქართული სასამართლოს როლს ჟურნალისტიკის კრიმინალიზაციაში.

„აღშფოთებული ვართ მოსამართლე სახელაშვილის მიერ ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის 2-წლიანი პატიმრობის განაჩენით“, — წერს ორგანიზაცია X-ზე.

რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტი (IRFS) და ქალთა მედიის საერთაშორისო ფონდი (IWMF) შეუერთდნენ მედიის თავისუფლების კოალიციის და 24 დიპლომატიური მისიის განცხადებას, რომლებიც მოითხოვენ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

გამამტყუნებელი განაჩენი ჟურნალისტის პროფესიაზე თავდასხმად შეაფასა და მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ (IFJ).

„2-წლიანი პატიმრობა მზია ამაღლობელის ჟურნალისტური საქმიანობისთვის გამოტანილი აშკარა შურისძიების აქტია. ჩვენ ვგმობთ ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მხარს ვუჭერთ მზიას და მის გუნდს „ნეტგაზეთსა“ და „ბათუმელებში“, — დაწერა მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების (MFRR) კონსორციუმმა.

გადაწყვეტილება დაგმო ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლების დამცველმა ორგანიზაცია ARTICLE 19-მა და მანაც, მოითხოვა მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

„ეს არის დამოუკიდებელი ჟურნალისტის აშკარა შევიწროება და მცდელობა, შეიქმნას დამაშინებელი ეფექტი იმ პირებისთვის, რომლებიც აშუქებენ საქართველოში სოციალურ-პოლიტიკურ მღელვარებებს“, — აცხადებს ARTICLE 19.

ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის ორწლიანი პატიმრობის განაჩენის საპასუხოდ , PEN America-მ განაცხადა:

„პატივცემული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის დაპატიმრება დამანგრეველი დარტყმაა საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის. ეს არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი შემაძრწუნებელ გზავნილს უგზავნის ყველა ჟურნალისტს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს კანონის კრიტიკული ხმების გასაჩუმებლად გამოყენება და პატივი სცეს პრესის თავისუფლებას, როგორც ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედს“.

განაჩენს გამოეხმაურა უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი, რომელიც Trial Watch-ის ინიციატივის ფარგლებში, მონიტორინგს უწევდა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს.

„მზია ამაღლობელის დამნაშავედ ცნობა საქართველოს მიაკუთვნებს იმ ქვეყნების მზარდ რიცხვს, სადაც სისხლის სამართალს იყენებენ ჟურნალისტების გასაჩუმებლად და თავისუფალი სიტყვის შესაზღუდად – განსაკუთრებით პოლიტიკური არასტაბილურობის პერიოდში, როდესაც ხალხს განსაკუთრებით ესაჭიროება წვდომა დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაზე“, – განაცხადა ქეით ლევინმა, TrialWatch-ის სამართლებრივი პროგრამის უფროსმა მენეჯერმა.

  • რა ხდება?

6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს პოლიციელისთვის სილის გაწვნისთვის 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურა მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით პოლიციელზე თავდასხმაში ადანაშაულებდა, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება გადააკვალიფიცირა 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე: პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე, აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, რაც ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.

მზია ამაღლობელის ადვოკატები განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„ვინ გითხრათ, რომ ჩანაცვლება ხდება?“ – ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი

დღეს, 7 აგვისტოს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმის მერობის კანდიდატად თორნიკე ფაღავას განიხილავს და არა გიორგი მურვანიძეს, რომელიც ამჟამად ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელია.

დღეს ამ საკითხზე შეკითხვა გიორგი მურვანიძეს ონლაინგამოცემა „აჭარა თაიმსმა“ დაუსვა.

„გამორიცხვით ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ. შეუძლებელია, რაღაც გამორიცხო ცხოვრებაში. …გარანტია ვერ იქნებოდა, როგორ იქნებოდა გარანტია? მე უბრალოდ ვაგრძელებ მერის მოვალეობის შესრულებას და ვნახოთ, როგორ იქნება შემდგომში“ – უთხრა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მურვანიძემ „აჭარა თაიმსს“.

გიორგი მურვანიძემ ინტერვიუში ხაზი გაუსვა იმას, რომ ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და მზადაა, გახდეს ბათუმის არჩეული მერი.

„ვინ გითხრათ, რომ რამე მოხდა, რატომ ხართ ასე დარწმუნებული? ვინ გითხრათ, რომ ჩანაცვლება ხდება? საუბარი შეიძლება ბევრ რამეზე იყოს, გადაწყვეტილება მიღებულია?!“ – კითხულობს გიორგი მურვანიძე.

ბათუმის წინა არჩეული მერი – არჩილ ჩიქოვანი 2025 წლის მაისში გადადგა მას შემდეგ, როცა თანამდებობა მოულოდნელად და ფეისბუქპოსტით თორნიკე რიჟვაძემ დატოვა. სწორედ ამის შემდეგ დაინიშნა გიორგი მურვანიძე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად.

ამავე თემაზე: 

4 ცათამბჯენის კონცეფცია ბათუმის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში წინა დღით ჩასვეს

„შეუძლებელია მზია ამაღლობელის განაჩენის სამართლიანი დასაბუთება“ – ინტერვიუ

„რეალურად ეს მუხლი კიდევ უფრო შეუსაბამოა იმ ქმედებასთან, რაც მზია ამაღლობელმა ჩაიდინა,“ – კატეგორიულია იურისტის, გურო იმნაძის შეფასება მზია ამაღლობელის განაჩენზე.

მზია ამაღლობელის საქმეზე მოსამართლემ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა და ჟურნალისტი 2 წლით გაუშვა ციხეში.

6 აგვისტოს გამოცემა „ბათუმელების“ და ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელს და დირექტორს, მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მზია ამაღლობელს პროკურატურა სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სილის გაწვნა თავდასხმა არ არის, მაგრამ არის წინააღმდეგობა – სსკ-ის 353-ე მუხლი, რომლითაც მზია ამაღლობელი გაასამართლეს, გულისხმობს ოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. 

იურისტ გურო იმნაძის აზრით, შეუძლებელია ნინო სახელაშვილის მიერ მიღებული განაჩენის სამართლიანი და დასაბუთება დაიწეროს, რადგან საქმეში შესაბამისი მტკიცებულება არ არსებობს, მოსამართლე კი, საქმეში ახალ მტკიცებულებას ვერ გააჩენს:

„დაზარალებულად ცნობილი ირაკლი დგებუაძეც კი არ საუბრობს ამ საქმეში ამ კუთხით, რომ მზია ამაღლობელის ქმედებამ არსებითად შეაფერხა სამართალდაცვითი მოქმედებები, რომ მას სამართალდაცვითი ფუნქციის შესრულება შეეზღუდა თუნდაც ძალიან მცირე დროით…

პირველი კურსის იურისტისთვისაც კი ძალიან მკაფიოა, რომ ეს მუხლი [სსკ-ის 353-ე] არაფერ შუაშია მზია ამაღლობელის მიერ ჩადენილ ქმედებასთან,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გურო იმნაძე.

რას ნიშნავს სამართლებრივად სილის გაწვნის საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლა? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა იურისტ გურო იმნაძეს.

  • ბატონო გურო, თქვენი აზრით, რამდენად სამართლიანად და კანონიერად იმოქმედა მოსამართლემ, რომელმაც მზია ამაღლობელის საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა? მოსამართლემ ჩათვალა, რომ სილის გაწვნა არაა თავდასხმა, მაგრამ არის წინააღმდეგობის გაწევა. 

რა თქმა უნდა, მოსამართლეს აქვს უფლება, რომ ქმედება გადააკვალიფიციროს სხვა მუხლზე, მაგრამ ამ უფლებით მოსამართლეს შეუძლია ისარგებლოს იმ შემთხვევაში, თუ ის დარწმუნდება, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება სუსტია და სამართლიანი იქნება სხვა მუხლის გამოყენება.

ასეთ შემთხვევასთან მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს საქმე: აქამდე ვსაუბრობდით იმაზე, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, რომლითაც პროკურატურას ბრალი ჰქონდა წარდგენილი მზია ამაღლობელის მიმართ, შეუსაბამო იყო მზია ამაღლობელის მიერ ჩადენილ ქმედებასთან მიმართებით – ეს ქმედება არ იძლეოდა სისხლის სამართლებრივ ინტენსივობას. იმისთვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის დანაშაულად სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული კონკრეტული მუხლით – ამ შემთხვევაში 353-ე პრიმა მუხლით [პოლიციელზე თავდასხმა] – აუცილებელია ქმედება იყოს მაღალი ინტენსივობის მქონე.

სილის გაწვნა კი ღირსების სიმბოლური აქტია. შეუძლებელია, ეს ქმედება ჩაითვალოს სისხლისსამართლებრივი ინტენსივობის ქმედებად.

ის მუხლი [353-ე მუხლი, წინააღმდეგობა], რომლითაც სასამართლომ დააკვალიფიცირა გუშინდელი განაჩენით ეს ქმედება, არამხოლოდ ინტენსივობით, არამედ შინაარსობრივად სხვა ტიპის ქმედებაა. აქ უკვე საუბარია განზრახვაზე: ბრალდებული ხელს უნდა უშლიდეს პოლიციელს ან აიძულებდეს მას სხვადასხვა ტიპის უკანონო ქმედებისკენ, ამ მიზნის მისაღწევად კი, ბრალდებული უნდა იყენებდეს ძალადობრივ ქმედებას.

ამ სახის ქმედებაზე მთელი პროცესის განმავლობაში არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია სასამართლოს. ასევე, ცხადია, რომ სასამართლო თავისით ვერ გააჩენს ვერანაირ მტკიცებულებას საქმეში.

  • მოსამართლეს არ აქვს სამართლებრივი შესაძლებლობა განაჩენი კანონიერად დაასაბუთოს?

სასამართლო თავისით ვერ გააჩენს ვერანაირ მტკიცებულებას, რომ ამა და ამ განზრახვით მოქმედებდა მზია ამაღლობელი. ეს მუხლი [სსკ-ის 353-ე მუხლი, წინააღმდეგობა] სასჯელის ნაწილში ნაკლებად მძიმეა, მაგრამ რეალურად ეს მუხლი კიდევ უფრო შეუსაბამოა იმ ქმედებასთან, რაც მზია ამაღლობელმა ჩაიდინა.

ჯერ არ გვინახავს ჩვენ სასამართლოს დასაბუთება, მაგრამ შეუძლებელია სასამართლოს ამ გადაწყვეტილების ადეკვატური, სამართლიანი დასაბუთება გამომდინარე იმ მტკიცებულებებიდან, რაც ამ საქმეში არსებობს.

ჩვენ უკვე ვნახეთ ამ საქმეში, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის მტკიცებულებები. ახალ მტკიცებულებებს და ახალ არგუმენტაციას მოსამართლე ამ საქმეში ვერ გააჩენს. არსებული მტკიცებულებებიდან და მხარეების პოზიციებიდან გამომდინარე კი, აქედანვე შეიძლება გვქონდეს მყარი ვარაუდი, რომ შეუძლებელია ეს გადაწყვეტილება იყოს დასაბუთებული.

გურო იმნაძე

სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში გამოჩნდება, რამდენად იყო ფაქტორი ის, რომ შედარებით მსუბუქ სასჯელს ითვალისწინებს 353-ე მუხლი.

როცა მოსამართლე ხედავს, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელი აშკარად არაპროპორციულია, მოსამართლე იყენებს საკანონმდებლო მექანიზმს, აჩერებს საქმის წარმოებას და კონსტიტუციური წარდგინებით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. ამ შემთხვევაში კონსტიტუციური წარდგინების მიზანი იქნებოდა იმის შემოწმება, რამდენად სამართლიანია და პროპორციულია სასჯელი, რომელიც გათვალისწინებული კონკრეტულ ქმედებაზე და ეს სასჯელი ხომ არ ლახავს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს?!

არათუ იურისტისთვის, საღად მოაზროვნე, საშუალო არითმეტიკული მოქალაქისთვისაც ცალსახაა, რომ სილის გაწვნაზე 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა აშკარად დისპროპორციული და შეუსაბამო სასჯელია.

  • განაჩენის დასაბუთება არ შეიძლება დაეყრდნოს არგუმენტს, რომ წინააღმდეგობის გაწევის მუხლი შედარებით ნაკლებად მძიმე სასჯელს ითვალისწინებს, ვიდრე თავდასხმის მუხლი?

რა თქმა უნდა, ეს არ არის კანონიერი. ეს თვითნებობაა რეალურად მოსამართლის მხრიდან, თვითნებობა კი ძალიან სახიფათოა მოსამართლის მხრიდან.

ეს არის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მოსამართლის მხრიდან. სამართლებრივად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის სამოსამართლეო თვითნებობა.

  • როგორ ისჯება მოსამართლის მხრიდან თვითნებობა? 

ეს უფრო სამოხელეო დანაშაულია. შეიძლება საქმე გვქონდეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან, ან უფლებამოსილების გადამეტებასთან.

ეს მძიმე მუხლებია და ბევრი ნიშანი სჭირდება დადასტურებას: მოსამართლისთვის მკაფიო უნდა იყოს ის, რომ ამგვარი გადაკვალიფიცირების უფლება მის კომპეტენციას სცდება. უნდა ჩანდეს, რომ მოსამართლემ აშკარად იცოდა, რომ, მაგალითად, ეს მუხლი არაფერ შუაშია, მაგრამ იმიტომ გამოიყენა, რომ ნაკლებ სასჯელს ითვალისწინებს – ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, შეიძლება ვილაპარაკოთ დანაშაულის კატეგორიაზე.

  • რას მოიაზრებს პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა? სილის გაწვნა პოლიციელისთვის რა სამართლებრივი ლოგიკით შეიძლება აღვიქვათ, როგორც წინააღმდეგობა? 

ამ მუხლის [სსკ-ის 353-ე მუხლი] მთავარი კომპონენტია პირის განზრახვა – სამართალდამცველს ხელი შეუშალოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში, ან აიძულოს კონკრეტული ქმედების ჩადენისკენ ძალადობრივი გზით.

მზია ამაღლობელს რომ კონკრეტული პირის დაკავების პროცესში პოლიციელისთვის გაერტყა ხელი, ფიზიკური ძალის გამოყენებით შეეჩერებინა სამართალდამცავი, რომელიც კანონიერ მოქმედებას ასრულებს, ამ შემთხვევაში გვექნებოდა წინააღმდეგობა, მაგრამ ჩვენ რადიკალურად განსხვავებული სურათი გვაქვს: მზია ამაღლობელი თავად გახდა პოლიციელების მხრიდან შეურაცხყოფის ადრესატი და მას ჰქონდა ერთგვარი რეაქცია ამ ქმედებით [სილის გაწვნა].

პირველი კურსის იურისტისთვისაც კი ძალიან მკაფიოა, რომ ეს მუხლი [სსკ-ის 353-ე] არაფერ შუაშია მზია ამაღლობელის მიერ ჩადენილ ქმედებასთან.

მეტიც: დაზარალებულად ცნობილი ირაკლი დგებუაძეც არ საუბრობს ამ საქმეში ამ კუთხით, რომ მზია ამაღლობელის ქმედებამ არსებითად შეაფერხა სამართალდაცვითი მოქმედებები, რომ მას სამართალდაცვითი ფუნქციის შესრულება შეეზღუდა თუნდაც ძალიან მცირე დროით.

ირაკლი დგებუაძის ჩვენების მთავარი აქცენტი იყო ლოყის სიწითლე და ტკივილის განცდა. ეს მათ სჭირდებოდათ იმისთვის, რომ 353-ე პრიმა მუხლი [პოლიციელზე თავდასხმა] დასაბუთებულიყო. ამიტომაც, იყო ამდენი აქცენტი ინტენსივობაზე, რომ ეს ქმედება ბატონი დგებუაძის თქმით ტკივილის მომტანი იყო – მნიშვნელოვანი ტკივილის მომტანი.

  • თქვენი დაკვირვებით, რის დემონსტრირება სცადა კვალიფიკაციის შეცვლით სასამართლომ და შესაბამისად „ოცნების“ რეჟიმმა? „ეს არ არის განაჩენი, ეს არის დასჯის აქტი“ – ამბობდა განაჩენის გამოცხადების შემდეგ მზია ამაღლობელის ერთ-ერთი ადვოკატი, მაია მწარიაშვილი 

ვეთანხმები იმ პოზიციებს, რასაც აჟღერებენ მზია ამაღლობელის ადვოკატები. ეს იყო სამაგალითო დასჯის აქტი და უნდა ვიცოდეთ, რომ სამაგალითო დასჯასაც აქვს თავისი საზღვრები და ფარგლები.

ნებისმიერ მოქალაქეს – იურისტის კვალიფიკაცია რომც არ ჰქონდეს – ჰუმანურობის პრინციპი კარნახობს, რომ სილის გაწვნისთვის 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა აბსოლუტურად არაგონივრული და არაპროპორციულია.

ამიტომაც მოხდა ასეთი მკაცრი სასჯელის მქონე მუხლიდან შედარებით რბილ მუხლზე გადაკვალიფიცირება. აღსანიშნავია, რომ თუ ჩავხედავთ ამ 353-ე მუხლს, რომლითაც დაკვალიფიცირდა მზია ამაღლობელის მიერ ჩადენილი ქმედება – სასჯელის სახით ითვალისწინებს არასაპატიმრო სასჯელს: შინაპატიმრობას, ჯარიმას, მოსამართლეს შეეძლო ეს გამოეყენებინა, მაგრამ არც ეს გააკეთა, რადგან ამ შემთხვევაში აუცილებელი იყო მზია ამაღლობელის სამაგალითო დასჯაც.

ვხედავდით ყველა, რამდენად მაღალი იყო პოლიტიკური წნეხი სასამართლოზე „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან. ვისმენდით, რომ მზია ამაღლობელი მოქმედებდა თითქოს დაკვეთით, „მოინანიოს და აღიაროს…“ ამ განცხადებების საპასუხოდ კი მზია ამაღლობელის პოზიციები მუდმივად პრინციპულია.

  • „ოცნების“ პრემიერმა არაერთხელ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია მზია ამაღლობელის მიმართ. თქვენი დაკვირვებით, ეს და ამ საქმის სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები რამდენად ზრდის შანსს, რომ მზია ამაღლობელმა სტრასბურგის სასამართლო მოიგოს? 

თავს ვიკავებ პროგნოზისგან, როცა საქმე ეხება ევროპულ სასამართლოს – ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით იღებს სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას, თუმცა ერთ-ერთი კომპონენტი არის ეს განცხადებები, რაც კეთდება საჯარო ფიგურებისგან.

ცხადია, რომ ამ პოლიტიკური განცხადებების მიზანი იყო, ერთის მხრივ, საზოგადოებრივი აღქმა გამრუდებულიყო მზია ამაღლობელის შესახებ, ამიტომაც, ვისმენდით განცხადებებს ფორსირებულ რეჟიმში, ხოლო მეორეს მხრივ, იმ სამართლებრივ სისტემაში, რაც ჩვენ გვაქვს, ეს იყო მკაფიო მესიჯი მოსამართლეებისთვის: რა ტიპის პოლიტიკური დაკვეთა არსებობს ამ საქმეზე.

  • ახსენეთ სამაგალითო დასჯა. თქვენი აზრით, რატომ არჩია „ოცნების“ რეჟიმმა მზია ამაღლობელის ციხეში გამოკეტვა 2 წლით და არა, მაგალითად, მინიმუმ 4 წლით? 

ცხადია, 4 წელი უფრო მკაცრია, ვიდრე 2 წელი, მაგრამ 2 წელი საპატიმრო სასჯელი ფაქტობრივად არაფრისთვის, ეს არის სამაგალითო დასჯა და მკაფიო მესიჯი ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე ფორმით პროტესტს გამოხატავს, შეიძლება მსგავსი რისკის ქვეშ დადგეს.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს საქმე არაა დამთავრებული: მათ ხელშია ისევ, მზია ამაღლობელი 2 წელი იქნება ციხეში, 4 წელი, თუ უფრო მეტი.

გადაკვალიფიცირება, ჩემი აზრით, არჩიეს იმიტომ, რომ ერთგვარი ბალანსია საჭირო, მათ შორის, ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების პირის წინაშე – „ოცნების“ ამომრჩევლისთვისაც შეიძლება გაუგებარი იყო ასეთი მკაცრი სასჯელი. ამ ერთგვარი დაბალანსების უკან – სადღაც წელიწად-ნახევარი დარჩა სასჯელის მოსახდელად და გამოვა – დგას სამაგალითო დასჯის მიზანი.

  • ეს განაჩენი გასაჩივრდება სააპელაციო წესით. რა მოლოდინის არსებობაა თქვენთვის ლოგიკური? 

ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი. მე გადაკვალიფიცირებასაც არ ველოდი.

აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში და ყველა შიდა მექანიზმი უნდა იქნას გამოყენებული, მაგრამ მოლოდინი ამ მიმართულებით უნდა გვქონდეს ფრთხილი და მოზომილი: არ ველოდები, რომ სააპელაციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც იქნება სამართლიანი და გამოვა გამამართლებელი განაჩენი.

ამ თემაზე:

„ეს გადაკვალიფიცირება ისეთივე უკანონოა, როგორც მზიას ციხეში გატარებული ყოველი დღე“

თორნიკე რიჟვაძესაც გამარჯვებული ეგონა თავი 2024 წელს, როგორი გამარჯვებულიცაა ვხედავთ – ინტერვიუ

„ქართული ოცნების“ მთავრობას 60-ზე მეტი სინდისის პატიმარი ჰყავს ციხეში. ამ დროისთვის მხოლოდ ერთი სინდისის პატიმარი, ექიმი გიორგი ახობაძე ცნო სასამართლომ უდანაშაულოდ და 6 აგვისტოს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

მუხლის გადაკვალიფიცირების მიუხედავად, პატიმრობაში დატოვეს მზია ამაღლობელი და ორი წელი მიუსაჯეს. უფრო ადრე, 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს 21 წლის სტუდენტს, მათე დევიძეს.

რატომ გადაწყვიტა „ოცნებამ“ ექიმ გიორგი ახობაძის გათავისუფლება და მაგალითად, მათე დევიძის ან მზია ამაღლობელი ციხეში დატოვება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ყოფილ დიპლომატს, ზურაბ ფარჯიანს ესაუბრა.

  • ბატონო ზურაბ, გიორგი ახობაძეს ვერ დაუმტკიცა რეჟიმმა დანაშაული და ის ისედაც უკანონო პატიმარი იყო მთელი 8 თვის განმავლობაში. ბრალდების მხარე, ვერც სხვა სინდისის პატიმრების შემთხვევაში ამტკიცებს მათ „დანაშაულს“, მაგრამ ფაქტია, რომ ცხრათვიანი ბრძოლის შემდეგ, მხოლოდ ერთი სინდისის პატიმარია თავისუფალი. თქვენი აზრით, რატომ გადაწყვიტეს გიორგი ახობაძის გათავისუფლება?

პირველ რიგში მაინც იმას ვიტყვი, რომ ჩვენ აქ ვცდილობთ ამოცნობანა ვითამაშოთ, რაც შეუძლებელია, რადგან მთელი ქვეყანა არის რაღაც ბნელ ოთახში და ამ ბნელი ოთახიდან ვმარჩიელობთ.

მარჩიელობენ „ოცნებაშიც“, რადგან მაგალითად თორნიკე რიჟვაძე რომ ავიღოთ, მაგასაც თავი ხომ გამარჯვებული და თეთრ ცხენზე ამხედრებული ეგონა 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში, არჩევნები „მოგებული“, სიები ჩატანილი და მერე როგორი გამარჯვებულიც აღმოჩნდა ის და სხვებიც „ქართული ოცნებიდან“, კი ვხედავთ.

ამიტომ ეს მარჩიელობაც უმადური საქმეა.

მეორე, რა შეცდომასაც ვუშვებთ, არის ის, რომ გადამეტებულ სიბრძნეს ვაბრალებთ ამ ხალხს [„ოცნებას“]. გვგონია, რომ ყველა მათი ნაბიჯი არის წინასწარ გათვლილი, ხუთი სვლით წინ გვისწრებენ და ასე შემდეგ.

ახობაძის შემთხვევაში, შესაძლოა ის მოსამართლე დაფიქრდა – „მინდა მე ამდენი შარი, ტყუილ-უბრალოდ ამ ადამიანის ციხეში გაშვება…“ შეიძლება თვითგადარჩენის ინსტინქტი იყო.

ახობაძის გამოშვება იცით რას ნიშნავს? – „უიმე, ნარკოტიკები ჩაუდეს“ – ანუ ჩვენი პოლიცია და შსს ვეღარაა ისეთი სპეტაკი? კორუფციული საქმეები რომეო მიქაუტაძეზე ან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომ დაიჭირეს და ყოფილი მინისტრის ცოლის ძმა, რა ხდება ანუ, კორუფციაში ვართ ჩაფლული?

ახობაძის გათავისუფლება ხომ ნიშნავს, რომ მას ნარკოტიკები ჩაუდეს?! მაშინ როცა ცხრა თვეა თავიანთი პროპაგანდისტული არხებით საზოგადოებას უმტკიცებდნენ, რომ ადამიანი, ექიმი, რომელიც დედას უვლიდა და მოუკვდა იმის გამო, რომ ციხეში უსამართლოდ ჩასვეს, იყო თურმე ნარკომომხმარებელი და დამნაშავედ გამოიყვანეს… ამ დროს რა ხდება?

მათ ინტერესებში, წესით, არ შედის გიორგი ახობაძის გამოშვება.

ამავდროულად ვხედავთ, რომ მზიას ორი წელი მიუსაჯეს. ამიტომ, არ ვიცი, შესაძლოა მართლა მოსამართლის ინსტინქტი იყო, რომ ჯანდაბას, შესაძლოა თქვენ ხელფასი არ მომცეთ, მაგრამ მომავალი ხელისუფლება ათ წელიწადს არ მომცემს.

  • ფიქრობთ, რომ მაშინ, როცა საზოგადოებას აქვს განცდა, რომ სასამართლო ხელისუფლებას მთლიანად აკონტროლებს ივანიშვილი, ამ კონკრეტულ მოსამართლეს, რომეო ტყეშელაშვილს ეყო წინააღმდეგობის უნარი?

მეორეს მხრივ, ხომ გვესმის, რომ პოლიცია და პროკურატურაც ასევე ემორჩილება „ქართულ ოცნებას“. მაშინ რა გამოდის, რომ პოლიციამ და პროკურატურამ – ერთმა ნარკოტიკი ჩაუდო და მეორე ამ ჩადებას „აპრავებდა?“

ჩვენ რომ გვქონდეს ნორმალური სახელმწიფო, სადაც სასამართლო და პროკურატურა დამოუკიდებელია, ამ შემთხვევაში კითხვის ნიშნები არ იქნებოდა, მაგრამ ახლა ასეთი სიტუაცია არ არის. აბსოლუტურად ყველა შტო არის ერთი პარტიის ხელში.

ჩვენ ვართ ქვეყანაში, სადაც ე.წ. პრემიერ-მინისტრი აკეთებს განცხადებებს, არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას და პირდაპირ აძლევს მითითებებს სასამართლოს.

  • ამიტომ ჩნდება სწორედ ეს კითხვები, თუ რა მოხდა. 

საქმეც იმაშია, რომ ამ თამაშში „ოცნება“ გამარჯვებული არ არის. მეორე მხრივ, ისევ „ოცნების“ შსს-ს და პროკურატურის კეთილსინდისიერება დგება ეჭვის ქვეშ.

  • იყო ასეთი მოსაზრებაც – იქნებ უნდათ გომელაურის ან მისი გარემოცვიდან ვინმეს ციხეში ჩასმა და ესეც მათი შიდა კლანური ინტერესებისთვის დასჭირდათ?

არა მგონია. რა უშლით მათ ხელს, რომ თუნდაც გომელაური ან სხვა ვიღაცები ციხეში ჩასვან.

გომელაური ან სხვა ვიღაცები რომ ჩასვან, ამაზე ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილი ღაწვებს არ დავიხოკავთ და არც ტაშით შევხვდებით და ცრემლით არ გავედევნებით, არც რომეო მიქაუტაძეს და არც სხვებს და თავისი ამომრჩეველიც ტაშს დაუკრავს იქეთ.

ამიტომ ვამბობ, რომ ისევ და ისევ ლოგიკას არ ემორჩილება ეს ყველაფერი.

ლოგიკურად ასეა – ადამიანს ნარკოტიკები ჩაუდეს, ადამიანი გამართლდა და უნდა დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც ამაშია გარეული.

თუმცა ამათი ხელწერა ის არის, რომ ყველა გასვრილ ადამიანს ხელს აფარებენ.

გავიხსენოთ წულუკიანის კომისიაზე გახმაურებული საქმე ხუტა პაჭკორიას, რომლის არსებობაც არ ვიცოდით და თურმე არის სირაძის მოადგილე და ამ დროს კომისიაზე მიწვეული ერთ-ერთი ქალი პირდაპირ ადებს ხელს, რომ მან 2011 წელს მისი ძმა აწამა და აქედან მალევე მისი ძმა გარდაიცვალა.

უეცრად აღმოვაჩინეთ, რომ ეს ხუტა პაჭკორია „ოცნებას“ შეწოვილი ჰყავს და ძალიან მშვენივრად მუშაობს მათზე. ამიტომ მგონია, რომ არც ახობაძის საქმის ფიგურანტებს გაწირავენ, რადგან სჭირდებათ ასეთი ხალხი.

„ოცნების“ ამომრჩევლის ადგილზე მე დავფიქრდებოდი, რომ ან ჩაუდეს, ან სასამართლოს მიუქარია ძალიან. ან მურუსიძეა დამნაშავე ან შსს.

  • ჩვენ, ვინც თვალს ვადევნებთ სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესებს, ვხედავთ, რომ ბრალდებას ფაქტობრივად არ აქვს მათ წინააღმდეგ ისეთი მტკიცებულებები, რის გამოც ეს ადამიანები პატიმრობაში უნდა იყვნენ. თუკი მოხდება ისე, რომ ნაწილს გაათავისუფლებენ, ნაწილს კი დატოვებენ ციხეში, ამით შეეცდებიან იმ ერთობის დაზიანებას, რომელიც დღეს პროტესტში მყოფ ხალხშია? ეს შეიძლება იყოს მიზანი?

სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ამ ერთსულოვნებაში ბზარი უკვე შესულია და ეს საერთოდ არ უკავშირდება სინდისის პატიმრებს. ეს უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ამას ვხედავთ ყველგან – სოციალურ ქსელებში იქნება თუ სხვაგან. რომ ვთქვა, რომ ახობაძის გამოშვება რაიმე ბზარს შეიტანს ამ პროცესში, არა და თავად სინდისის პატიმრების რეაქციებიც ამაზე მეტყველებს.

მეორე მხრივ, რაში სჭირდებათ ეს ცირკი და 60-მდე ადამიანის ციხეში დიდი ხნით გაშვება, მაშინ როცა მათი ამომრჩეველიც კი ხვდება და ეთანხმება, რომ ეს ხალხი არ უნდა იჯდეს ციხეში და უნდა გამოუშვან. რეზო კიკნაძის მიმართ, მაგალითად, „სელპაკის“ ხელსახოცის სროლის კადრი აქვთ „მტკიცებულება“, მეტი არაფერი.

ზოგადად, ქართულ ხელისუფლებებს ახასიათებს ხოლმე ზედმეტი სიჯიუტე იქ, სადაც ამის საჭიროება აბსოლუტურად არ იყო და კომპრომისი იქ, სადაც კომპრომისი საერთოდ არ იყო საჭირო.

არის სიტუაციები, როცა დათმობა არის სიძლიერე და არის სიტუაციები, როცა უკან დახევა არის შენი შინაგანი სიძლიერის გამოვლინება უფრო, ვიდრე გაკერპება.

ამათ ჰგონიათ, რომ 60 ადამიანს რომ დაიჭერენ, ამით რაიმეს აირიდებენ. ასე არც მსოფლიო ისტორია მუშაობს და არც ცალკეული ქვეყნების ისტორია.

საბოლოო ჯამში, შენ თუ ქვეყანაში ისეთ სიტუაციას შექმნი, რომ აგიფეთქდეს, ის აუცილებლად აგიფეთქდება.

სირიაში, სენდაიას ციხეში ათასობით ადამიანი იყო დაჭერილი, მაგრამ ამის მიუხედავად ასადების ოჯახს სირია ხელში აუფეთქდა.

ესენი ცდილობენ, ამ სიხისტით გვაჩვენონ, რომ ძალიან მაგრები არიან და დაგვაშინონ, მაგრამ ასე არ ხდება.

შენ თუ ხალხს აცხოვრებ უსამართლო სისტემაში და ამ ხალხს განვითარების პერსპექტივას არ მისცემ, საბოლოო ჯამში, მაინც ცუდ სიტუაციამდე მიხვალ.

არავითარი არასამთავრობოები არ არსებობდა, როცა მოხდა საფრანგეთის დიდი რევოლუცია. „ყოველ მეორეს უკეთია როლექსი და კარტიეს“ მთქმელი ადამიანები მოწყვეტილი არიან ხალხის ცხოვრებას და ჰგონიათ, რომ თუ 60 ადამიანს დაიჭერენ, ამით პროტესტი აღარ იქნება.

ბეშუმში რომ იყო კობახიძე რამდენიმე დღის წინ, ვნახეთ ხომ, რამხელა დაცვით დადის და მოწყვეტილი არიან რეალობას. ჰგონიათ, რომ ამ სიხისტით ვინმეს დააშინებენ და სიტუაციას შემოატრიალებენ. ჩემი აზრით, დიდ შეცდომას უშვებენ.

  • მზია ამაღლობელის შემთხვევაში ადამიანების რაღაც ნაწილს გაუჩინეს განცდა, რომ აი ნახეთ, როგორი ლოიალურები ვართ, 7 წელს კი არ ვუსჯით, 2 წელი მივუსაჯეთ. ასეთი მანიპულაციების იმედი აქვთ?

არავითარი ჰუმანურობა ამაში არ არის. მათ თუ ჰგონიათ, რომ ხალხი, საზოგადოება ამას მათ ჰუმანურობად მიიღებს, რომ „ვაიმე როგორ დათმობაზე წავიდნენ და მადლობები ხომ არ ვუთხრათ“, არა. იმიტომ, რომ ყოფილა მსგავსი პრეცედენტები როგორც საქართველოში, ასევე ევროპის ქვეყნებში, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაა, როცა ფეხქვეშ გაიგდეს პოლიციელი და იმაზე არ დადგენილა თავდასხმა და ამ შემთხვევაშიც ვერ იქნებოდა.

სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა, პოლიციელის პატივისცემა და ასე შემდეგ, ეს არის აუცილებელი, ამაზე დგას სახელმწიფო, თუმცა ირაკლი დგებუაძე და სხვა სამართალდამცავების ქმედებები არის იმის მაგალითი, თუ როგორ არის ამ ინსტიტუციის ავტორიტეტი შერყეული, სამწუხაროდ და კიდევ უფრო მეტად შეირყევა ასეთი შემთხვევებით.

  • სხვა სინდისის პატიმრების შემთხვევაშიც იყო შეთავაზება, რომ „მიმართეთ პრეზიდენტს შეწყალებაზე“ და ეს იყო მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლის, ნინო სახელაშვილის ბოლო ფრაზაც, მზია ამაღლობელის განაჩენის გამოცხადების შემდეგ. ამ ფორმით ცდილობს „ოცნება“, რომ გამოსტყუოს საზოგადოებას ლეგიტიმაცია რაღაც დოზით მაინც?

კი, ბუნებრივია ცდილობენ და ეს ისევ და ისევ მათ აყენებს წამგებიან პოზიციაში.

ეს არ არის ის ხალხი, რომელიც მზია ამაღლობელის სამოქალაქო გმირობას დააფასებს და თან ვერც ხვდებიან. ვერ ხვდებიან, რომ არავინ არ მოითხოვს შეწყალებას, რადგან არსებობს ასეთი ცნება – პრინციპები.

პრინციპების ერთგულება რა არის და პრინციპულობა, ვერ გაიგებს ის ადამიანი, რომელიც 20 წელიწადი გერმანიის არასამთავრობოში მუშაობდა და ახლა გერმანიას ლანძღავს.

საზოგადოების უკმაყოფილების ძირეული მიზეზები რაც არსებობდა, არსად არ წასულა.

გუშინ, მაგალითად, ნინო დათაშვილს მალულად ჩაუტარა ამბულატორიული ფსიქიატრიული ექსპერტიზა დავით მაღრაძემ. უკმაყოფილების მიზეზებს ზევიდან ამატებენ ასეთ რამეებს და ამიტომ არ მგონია, რომ ვთქვათ, კიკნაძეს გამოუშვებ ან სხვა რომელიმე სინდისის პატიმარს და ამით რაიმე შეიცვლება პროტესტში.

ძირეული მიზეზები არსად არ წასულა და ჰქონდეთ იმის მოლოდინი, რომ მოსახლეობა კმაყოფილი იქნება – ამაში ეჭვი მეპარება.

პირიქით უფრო მოხდა. ამ ერთი წლის განმავლობაში უფრო მეტი ადამიანია უკმაყოფილო „ოცნებით“, ვიდრე მანამდე. შეიძლება მათი მომხრეებიც კი დაკარგეს.

  • ანუ მათივე პოლიტიკა მათ საზიანოდ მუშაობს?

კი, მე ასე ვთვლი.

ადამიანი უნდა იყო თანმიმდევრული. თანმიმდევრულობას აქვს ის პლუსი, რომ ბოლო-ბოლო აფერისტ-ფლიდად არ აღიქმები მაინც. ჯერ იძახო, რომ აი ტრამპი მოვა და მეორე დღეს იძახო, რომ ეს ტრამპი „დიფ სთეითის“ აგენტია… და მერე ის გიხაროდეს, რომ შენმა გაგზავნილმა ელჩმა ტრამპთან სურათი გადაიღო…

თუ „გათხოვებენ“, თუ ომში გითრევენ, რად გვინდა მაშინ საერთოდ მაგათი რამ, ხომ?!

  • ეს არათანმიმდევრულობა რისი ბრალია? ის, რომ ეს სცენარი არის სხვისი, ამ შემთხვევაში რუსეთის დაწერილი?

გლობალური ომის პარტია მართლა მათი გამოგონებაა. მერე ამ გლობალური ომის პარტიას ხან რა მიამატეს და ხან რა მოაკლეს და ამაზე ააგეს მთელი საარჩევნო კამპანია. თუმცა დუგინის და, ზოგადად, კრემლის ნარატივებზე არიან.

„ოცნების“ ბათუმის მერობის სავარაუდო კანდიდატი სამშენებლო კომპანიებში ფლობდა წილებს

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ბათუმში, სავარაუდოდ, თორნიკე ფაღავა იქნება.

თორნიკე ფაღავა „ოცნების“ საპარლამენტო სიის 103-ე ნომერი იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

თორნიკე ფაღავა ორ სამშენებლო კომპანიაში 31% და 26%-იან წილებს ფლობდა მიმდინარე წლის 5 აგვისტომდე.

ინფორმაცია თორნიკე ფაღავას ბათუმის მერობის შესაძლო კანდიდატობაზე დღეს, 7 აგვისტოს გავრცელდა.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, დღეს თორნიკე ფაღავამ „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს და შეტყობინებებს არ უპასუხა, თუმცა „ბათუმელებს“ ორმა სხვადასხვა წყარომ დაუდასტურა, რომ „ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატად სწორედ თორნიკე ფაღავას განიხილავს.

  • ვინ არის თორნიკე ფაღავა

32 წლის თორნიკე ფაღავა პროფესიით იურისტია, საჯარო მმართველობის მაგისტრი. იგი ჯერ კიდევ ორი დღის წინ, 2025 წლის 5 აგვისტომდე ფლობდა წილებს ორ სამშენებლო კომპანიაში.

თორნიკე ფაღავამ მიმდინარე წლის 25 აპრილს „ქართულ ოცნებას“ 50 ათასი ლარი შესწირა. ეს დროში ემთხვევა აჭარაში ადგილობრივი მთავრობის ცვლილებას.

თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის თავმჯდომარის პოსტი 4 აპრილს დატოვა.

2025 წლის 5 აგვისტომდე თორნიკე ფაღავა ორ კომპანიაში ფლობდა წილს – შპს „ტემპო აა“-სა და შპს „ტემპო ჰოლდინგში“.

შპს „ტემპო აა“-ში თორნიკე ფაღავას ყველაზე მეტი, 31 %-იანი წილი ჰქონდა, კომპანიაში მისი თანამეწილეები იყვნენ ვლადიმერ გასიტაშვილი – 14 %, გიორგი დავითაძე – 26 %, ბექა გასიტაშვილი – 11 %, გელა არობელიძე – 7 % და შოთა არობელიძე 11 %.

რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 5 აგვისტოს კომპანიის მეწილეთა წილის ოდენობა შეიცვალა, კომპანიიდან კი გაქრა თორნიკე ფაღავას სახელი და გვარი.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, თორნიკე ფაღავამ თავისი 31 %-იანი წილი 5 ათას ლარად მიჰყიდა ვლადიმერ გასიტაშვილს, გიორგი დავითაძესა და ბექა გასიტაშვილს.

5 აგვისტოს მონაცემებით შპს „ტემპო აა“-ს მეწილეთა ვინაობა ასე გამოიყურება – ვლადიმერ გასიტაშვილი – 24 %, გიორგი დავითაძე – 37 %, ბექა გასიტაშვილი – 21 %, გელა არობელიძე – 7 % და შოთა არობელიძე 11 %.

5 აგვისტოს შეიცვალა მეორე კომპანიის, შპს „ტემპო ჰოლდინგის“ მეწილეთა ვინაობაც. თორნიკე ფაღავას ამ კომპანიაში 26 %-იანი წილი ჰქონდა, 2025 წლის 5 აგვისტოს გაკეთებული ამონაწერის მიხედვით კი მისი სახელი და გვარი კომპანიის მეწილეთა სიიდან გაქრა.

თორნიკე ფაღავამ კომპანიის 26 %-იანი წილი 50 ათასს აშშ დოლარად გაასხვისა.

„ტემპო ჰოლდინგი“ სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ბათუმში ცათამბჯენებს აშენებს.

თორნიკე ფაღავა „ქართული ოცნების“ 2024 წლის საპარლამენტო სიაში 103-ე ნომრად იყო წარდგენილი. 2024 წლის სექტემბერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ბათუმში საპარლამენტო სიის წარდგენისას, ვრცლად ისაუბრა თორნიკე ფაღავას შესახებ და შემდეგნაირად დაახასიათა ის: „თორნიკე ფაღავა, ახალგაზრდა კაცი, ბათუმელი, პროფესიონალი იურისტი, რომელიც ჩვენთან მუშაობდა „ქართული ოცნების“ ფრაქციაში“.

მას შემდეგ რაც აჭარაში მთავრობის თავმჯდომარე და ბათუმის მერი შეიცვალა, თორნიკე ფაღავა ჩნდება თითქმის ყველა სამთავრობო ღონისძიებაზე.

მაგალითად, სხვადასხვა დროს ის დაესწრო სულხან თამაზაშვილის დამტკიცებას არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე აჭარის არალეგიტიმურ უმაღლეს საბჭოში, გურამ თამაზაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალს და ქვიშის ფეხბურთის მატჩს ბათუმის ბულვარში.

თორნიკე ფაღავა ესწრება თითქმის ყველა საჯარო ღონისძიებას, რომელშიც ბათუმის ამჟამინდელი მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე მონაწილეობს.

ამავე თემაზე:

4 ცათამბჯენის კონცეფცია ბათუმის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში წინა დღით ჩასვეს

August 7 Tells Two Stories — Russia’s Invasion and Georgian Dream’s Kremlin Alignment

August 7 marks 17 years since Russia’s invasion of Georgia in 2008

Today, Georgian opposition leaders, international diplomatic missions, civil society activists, and members of the public honoured the memory of the fallen heroes and civilians who lost their lives due to the Russian occupation. Georgian Dream did not.

Another date often associated with the start of the August 2008 War is 08/08/08 — a narrative heavily promoted by Russia, which claims it intervened solely to “defend” civilians in the Tskhinvali region. However, it has been thoroughly documented and proven that the war began on August 7, when Russia launched a premeditated invasion of Georgian territory — in blatant violation of international law, a pattern it has repeated in other conflicts since.

In 2024, the Foreign Ministry of Georgia, officially shifted its commemoration to August 8 — aligning with the date long promoted by Moscow. So, last year, for the first time since Georgian Dream party coming to power, Georgia’s MFA broke with the tradition it had upheld for over a decade and issued official statements on August 8, 2024,  like Moscow did.

This marks the second consecutive year the Georgian Dream government has followed Russia’s lead — yet another signal of its pro-Russian turn.

August War 2008

Seventeen years ago, Russia — a country approximately 245 times larger than Georgia — invaded and occupied additional Georgian territories, bringing the total occupied area to over 20% of the country. In 2008, Russia “recognized the independence” of two Georgian regions that were, and still are, under its military control — a tactic it would later repeat in Ukraine.

Since 2008, the so-called “creeping occupation” has continued, with Russian forces gradually shifting the occupation line deeper into Georgia-controlled territory. The occupation line has divided families and, most disturbingly, cost civilian lives.

Each year, numerous incidents of kidnappings, illegal detentions, and even killings by Russian occupation forces are documented. In some of the most recent and horrifying cases, Georgian citizens were shot dead while visiting churches or the graves of their loved ones during religious holidays.

The August 2008 War claimed the lives of many Georgian civilians and soldiers, with some subjected to torture.

One of the most well-known cases is that of young Georgian soldier Giorgi Antsukhelidze, whose torture was filmed and circulated by Russian occupying forces. In the video, Russian soldiers are seen ordering Antsukhelidze to step on the Georgian flag including other humiliating actions. He refused — and was tortured to death for it.

Giorgi Antsukhelidze — on the right, an image from the video documenting his torture by Russian occupiers

Antsukhelidze was posthumously awarded the title of National Hero of Georgia. He had two children: a son, Levani, who was less than a year old at the time of his father’s death, and a daughter, Ana, who was born after the tragedy.

Another National Hero of the August 2008 War, Vakhtang Gzirishvili, was killed at the age of 20 on August 8, 2008, in a Russian airstrike near the village of Tbeti. He died while evacuating wounded fellow soldiers to safety.

His mother, Marina Gzirishvili — who passed away in summer of 2024 — shared Vakhtangi’s final letter, written to her on the morning of August 7, 2008:

Vakhtang Gzirishvili, National Hero of Georgia

“The war has begun. I’ve known for a long time that it would. I felt it. You probably felt it too.
But the difference is, you’re afraid of losing me — while we are afraid of nothing.

Mom, I want you to see this war the way I see it — without fear, without worry.

Mom, if my fate is to end in this war, if I am meant to die here, I will make the enemy pay dearly for my life. And let it never bring you shame that I am your flesh and blood.

You can proudly say that your son defended his homeland. I am grateful to you, Mother, for teaching me truth and courage. Remember — Georgian mothers used to send their sons to certain death without tears, because death for the homeland is no place for weeping.

Farewell — and don’t be sad.” 

 


Cover Photo:A column of Russian troops moves from North Ossetia toward Tskhinvali, August 8, 2008.
Photo: Musa Sadulayev

რატომ ახსენა პოლიციელზე პანღურის ამორტყმის საქმე მზია ამაღლობელის ადვოკატმა განაჩენის შემდეგ

კაცი, რომელმაც პოლიციელს საზარდულში პანღური ამოარტყა, სასამართლომ პოლიციელზე წინააღმდეგობის გაწევის მუხლით [სსკ 353-ე მუხლი] გაასამართლა. ეს ის მუხლია, რომლითაც 2 წლით ციხეში გაუშვეს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პოლიციელზე სილის გაწვნისთვის.

მზია ამაღლობელისგან განსხვავებით, კაცი, რომელმაც პოლიციელს პანღური ამოარტყა, ციხეში არ გაუშვიათ – მას მზია ამაღლობელის მსგავსად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა ორივე წელი სასამართლომ მას პირობით ჩაუთვალა.

„ი. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 2 წელი,“ – აღნიშნული იყო პანღურის ამორტყმის საქმის განაჩენში.

ეს გადაწყვეტილება არც ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს არ შეუცვლიათ.

6 აგვისტოს გამოცემა „ბათუმელების“ და ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელს და დირექტორს, მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მზია ამაღლობელს პროკურატურა სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სილის გაწვნა თავდასხმა არ არის, მაგრამ არის წინააღმდეგობა – სსკ-ის 353-ე მუხლი გულისხმობს ოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. 

„ზუსტად ერთი საქმე მივუთითე წინა პროცესზე სასამართლოს და მინდა ყურადღება მიაქციოთ: იქ პოლიციელს პანღური ამოარტყა ერთ-ერთმა, ასე ვთქვათ, ბრალდებულმა და იმ საქმეში დაზარალებული იყო რიგითი პატრულ-ინსპექტორი და არა პოლიციის უფროსი,“ – განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრის დროს ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა უზენაესი სასამართლოს მიერ განხილული ეს საქმე [საქმე №526აპ-24 სექტემბერი, 2024 წელი] გაიხსენა და ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ სასამართლოს შეეძლო ამ შემთხვევაშიც კი – როცა მან მუხლი გადააკვალიფიცირა – გამოეყენებია სასჯელის სხვა ფორმა და ციხეში არ დაეტოვებინა მზია ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის დადასტურებული პრობლემა აქვს.

„იმ საქმეში სასამართლომ თქვა, რომ ეს არ იყო თავდასხმა პოლიციელზე და პირობითი სასჯელი დააკისრა, ჩვენ შემთხვევაში კი, დააყენა თავისუფლების აღკვეთა.

დღეს სასამართლოს შეეძლო გამოეყენებინა როგორც ჯარიმა, რომელსაც გადააკონვერტირებდა თავისუფლების აღკვეთის იმ ვადაში, რაც მზიამ მოიხადა და გაათავისუფლებდა. 7 თვე თავისუფლების აღკვეთა სილის გაწვნისთვის, რომელსაც დანაშაულთან საერთო არაფერი აქვს, საკმარისი არ არის?!

ერთი, რომ [მოსამართლეს] შეეძლო ჯარიმის გამოყენება და დარბაზიდან გათავისუფლება და ასევე, შეეძლო პირობითი მსჯავრის დადგენა, რაც არ გააკეთა სასამართლომ,“ – აღნიშნა მზია ამაღლობელის ერთ-ერთმა ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა.

პოლიციელისთვის პანღურის ამორტყმის საქმეზე კი სასამართლომ დაადგინა შემდეგი:

„…საპატრულო სამსახურის პატრულ-ინსპექტორების: დ.კ.-სა და კ.კ.-სთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციული წესით – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სასკ-ის 173-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს ი.ბ. და გადაიყვანეს ქ. ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, მისი დროებითი დაკავების იზოლატორში მოთავსების მიზნით.

აღნიშნულ შენობაში ი.ბ. თავს დაესხა დეპარტამენტის საპირფარეშოში მყოფ დ.კ.-ს [მისი ადმინისტრაციული წესით დაკავებაში მონაწილე პოლიციელს] და მას ამოარტყა ფეხი საზარდულში, რის შედეგადაც დ.კ.-მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი,“ – აღნიშნულია განჩინებაში.

ი.ბ-ს ბრალი წაუყენებს სისხლის სამართლის კოდექსის 353 1 -ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავდასხმას პოლიციელზე მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. სასამართლომ ამ შემთხვევაშიც კვალიფიკაცია.

მზია ამაღლობელის საქმე გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში.

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ასევე სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ

ამ თემაზე:

ცემად ვერ შეფასდება 1 დარტყმა, თუნდაც მან ტკივილი გამოიწვიოს – უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა

 

მზია ამაღლობელი უნდა გათავისუფლდეს – „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ განცხადებას ავრცელებს და გმობს მზია ამაღლობელისთვის ორწლიანი პატიმრობის მისჯას.

„6 აგვისტოს ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელს, დამოუკიდებელი გამოცემების: „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, 2 წელი მიუსაჯეს მიკერძოებული სასამართლო პროცესის შედეგად, რასაც მრავალი პროცესუალური დარღვევა ახლდა.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გმობს ამ უკანონო გადაწყვეტილებას, რომელიც ასახავს საქართველოს ხელისუფლების ავტორიტარიზმისკენ გადახრას.

ჟურნალისტი უნდა იქნას გათავისუფლებული“ – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელი, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების, 1991 წელის შემდეგ, პირველი ჟურნალისტი ქალია, რომელიც პოლიტიკური მოტივით იქნა დაკავებული.

„ბრალდება არაპროპორციულია: სილის გაწვნა არ არის სისხლის სამართლის დანაშაული და ორწლიანი სასჯელი ხელისუფლების მიერ მართლმსაჯულების სისტემის სულ უფრო აშკარა გამოყენების ნაბიჯია კრიტიკოსების გასაჩუმებლად.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაასრულოს მართლმსაჯულების ეს ფარსი და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჟურნალისტი“ – ამბობს ჟან კაველიე, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი.

6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს სისხლის სამართლის წესით. იგი 200 დღეზე მეტია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

მზია ამაღლობელს პატიმრობაში მხედველობა მკვეთრად დაუქვეითდა.

„ეს არის რეპრესია. აწარმოეს პროპაგანდა“ – ნინო დათაშვილი ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებაზე

დღეს, 7 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრის, მასწავლებლის, სამოქალაქო აქტივისტის, ნინო დათაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

ნინო დათაშვილმა სასამართლო სხდომაზე ისაუბრა პროკურატურის ინიციატივითა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისთვის არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ ექსპერტიზის ჩატარებაზე და პროკურატურის ამ ინიციატივას რეპრესია უწოდა.

„ეს განჩინება [ფსიქიატრიული ექსპერტიზის შესახებ] არის ჩემთვის სამარცხვინო ფურცელი სასამართლოს ისტორიაში.

სასამართლო სხდომაში მონაწილეობის უფლებაც არ მომცეს. ეს არის რეპრესია ჩემ მიმართ და ადვოკატების მიმართაც. აწარმოეს პროპაგანდა. პენიტენციურ დაწესებულებაშიც კი მითხრეს ახლა წამოსვლამდე: შენმა ადვოკატებმა მოითხოვეს შენი ფსიქიატრიული ექსპერტიზაო.

ეკითხა ჩემთვის პროკურატურას, იქნება მინდოდა ექსპერტიზა. ციხეში კვირაში ორჯერ მაქვს ბანაობის საშუალება და ფსიქიატრიულში ყოველდღე მექნებოდა. ეს არის წამებასთან გათანაბრებული მოპყრობა.

დაგუგვლაც შეიძლება რა არის „ემოციური ლაბილობა“.

წარმოდგენილი მაქვს მკურნალი ექიმის მიერ ჩაწერილი შაბლონური ფრაზა ოპერაციის შემდეგ. ემოციური ლაბილობა, რაც დიაგნოზი არ არის. სამსაათიანი ოპერაციის შემდეგ გამომწერეს და რა თქმა უნდა, მქონდა ემოცია, მყავდა მცირეწლოვანი შვილი და თავისთავად, ვნერვიულობდი.

ნეიროქირურგის მეორე დასკვნაში, უკვე აღარც წერია არანაირი ფსიქიკური ემოციური მდგომარეობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია ძალიან მალე დამჭირდა.

მკურნალი ექიმები და ნეიროქირურგები არ წერენ ფსიქიკურ დიაგნოზებს, ესეც იგუგლება, პროკურორებო.

საბჭოთა კოშმარი გაუცოცხლეთ ხალხს. როგორც მოქალაქე ვამბობ, სტიგმა გააძლიერეთ. ძალიან ბევრ მოქალაქეს არ მიუწვდება ხელი ფსიქიატრიაზე. ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება ფსიქიატრის დახმარება, მიდის ბევრი და ეუბნებიან, რომ ადგილი არ აქვთ. ძალიან ბევრი ბავშვი და მოსწავლე გადამიმისამართებია და მყავს ძალიან ბევრი მადლიერი მშობელი. არანაირი პრობლემა მე ფსიქიატრიასთან არ მაქვს. მადლობა ჩემს მეგობრებს, რომ ამაზე ილაპარაკეთ. არ შეიძლება სტიგმა და სტერეოტიპები გავაძლიეროთ ფსიქიატრიაზე. არ მინდოდა, რომ ამის ხელშემწყობი ვყოფილიყავი.

ჩემმა ადვოკატებმა ჩემი სამედიცინო დოკუმენტაცია იმიტომ წარმოადგინეს აქ, რომ ამის ფრიალი არ გვინდოდა. ეს განსაკუთრებული პერსონალური მონაცემებია. პროკურატურამ იძულებული გაგვხადა, რომ ეს განსაკუთრებული პერსონალური მონაცემები გამხდარიყო საჯარო და განხილვის საგანი.

მე არანაირი შეღავათს არ ვითხოვ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. მე მხოლოდ მინდოდა, რომ ჩემს აბიტურიენტ შვილთან ვყოფილიყავი” – თქვა ნინო დათაშვილმა სასამართლო სხდომაზე.

ნინო დათაშვილის ადვოკატის, თამარ გაბოძის თქმით, ნინო დათაშვილის ექსპერტიზა ჩუმად ჩაატარეს ციხეში ამბულატორიული წესით, მაშინ როდესაც სასამართლოს განჩინებაში სტაციონარი ეწერა, ანუ მოსამართლის გადაწყვეტილებით ბრალდებული დაწესებულებაში უნდა გადაეყვანათ ფსიქიატრიული ექსპერტიზისათვის:

„პროკურორი ამბობს, თითქოს დაცვის მხარის წარდგენილ დოკუმენტში ეწერა აშლილობა. თვითონ აქვს არასწორი ინფორმაცია შეტანილი. ხომ უჭერს მხარს შუამდგომლობას?! ხომ აიღო განჩინება?!

შეაპარეს ჩუმად სამხარაულის ექსპერტები, რადგან იცოდნენ, რომ უკანონო იქნებოდა მისი ექსპერტიზაზე გადაყვანა. ჩუმად შეიყვანეს სასწრაფოდ გუშინ ექსპერტები! ერთი მხრივ ამბობს, რომ სწორი იყო, დაცვის მხარის მტკიცებულებებს დავეყრდენითო, მეორე მხრივ, უარყოფს თავის მიერ შედგენილ დოკუმენტებს. ჩაიდინეს სამსახურებრივი სიყალბე! შეცდომაში შეიყვანეს სამხარაულის ბიუროც, თითქოს ამბულატორიული ექსპერტიზა იყო დადგენილი, როცა სტაციონარული ჰქონდათ დანიშნული“ – განაცხადა თამარ გაბოძემ.

ამის შემდეგ ადვოკატმა პროკურორ ცირამუას მიმართა:

„რატომ ჩაატარეთ ამბულატორიული [კვლევა], რატომ შეაპარეთ ექსპერტები ისე, რომ არ დაუკავშირდით ადვოკატებს?! …ცდილობთ, რომ გამოასწოროთ უდიდესი შეცდომა, ხერხემლის ოპერაციის გამო ჩაატარეთ შერაცხადობის კვლევა!

ახლა ასე ცდილობთ გამოასწოროთ ეს სიყალბე. შეარბენინეს დავით მაღრაძე, რომ თავი გადაერჩინათ. ამით დასტურდება, რომ დაცვის მხარე მართალი იყო. არ შეიძლება, რომ ხერხემლის ოპერაციის გამო, ადამიანის შერაცხადობის საკითხი იყოს კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებული“.

სამოქალაქო აქტივისტი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნინო დათაშვილი სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით 20 ივნისს დააკავეს. პროკურატურა ცდილობს თავდასხმად დააკვალიფიციროს ინციდენტი, რომელიც დათაშვილსა და მანდატურებს შორის მოხდა ნინოს სასამართლოდან ძალის გამოყენებით, იძულებით გაძევებისას. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით დაიწყო.

ადმინისტრაციულ შენობებზე დროშებს 8 აგვისტოს დაუშვებენ – „ოცნების“ მთავრობის განკარგულება

2025 წლის აგვისტოში მე-17 წელი შესრულდა რუსეთ-საქართველოს ომიდან.

ომში დაღუპულთა ხსოვნის ნიშნად, საქართველოს მასშტაბით სამთავრობო უწყებებზე სახელმწიფო დროშები 8 აგვისტოს 00:00 საათიდან დაეშვება.

„საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, 2025 წლის 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 2025 წლის 9 აგვისტოს 00:00 საათამდე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე დაშვებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფო დროშები“ – აღნიშნულია მთავრობის 2025 წლის 4 აგვისტოს განკარგულებაში, რომელსაც „ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

გასულ 2024 წელს, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში პირველად და თავისივე დამკვიდრებული პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავი თავის განცხადებაში 7-ის ნაცვლად 8 აგვისტოს აღნიშნა.

ომის 16 წლისთავზე განცხადებები 8 აგვისტოს თბილისმა და მოსკოვმა გაავრცელეს — საერთაშორისო საზოგადოება კი, რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ  7 აგვისტოს გამოეხმაურა.

დღეს, 7 აგვისტოს გამოეხმაურა აგვისტოს ომს როგორც აშშ-ს , ასევე სხვა ქვეყნების საელჩოები საქართველოში. ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია „ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროს.

რა მნიშვნელობა აქვს თარიღს?

ომის დაწყების თარიღი პირდაპირ კავშირშია დავასთან, თუ ვინ დაიწყო ომი.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოფიციალურად 2008 წლის 7 აგვისტოს, 23:35 წუთზე გასცა სამხედრო ოპერაციის ბრძანება. რიგი წყაროები მიუთითებენ, რომ ამ დროისთვის საქართველოში უკვე შემოჭრილი იყო რუსეთის რეგულარული არმია, თუმცა მოსკოვის პოზიციაა, რომ ისინი საპასუხოდ, 8 აგვისტოს შემოვიდნენ. იმის მიხედვით, რომელ მხარეს მიიჩნევენ კონფლიქტის ინიციატორად, ომის წლისთავს 7 ან 8 აგვისტოს აღნიშნავენ.

ვრცლად ამ თემაზე:

საგარეო უწყებამ შეცვალა ომის წლისთავის 7 აგვისტოს აღნიშვნის პრაქტიკა

 

თიბისი კაპიტალის ჩართულობით, „სილქ როუდ ჯგუფი“ ყოფილი სასტუმრო Rooms Kokhta-ს მფლობელი გახდა 

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში შერწყმა/შეძენის ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგება შედგა – „სილქ როუდ ჯგუფმა” სასტუმრო Rooms Kokhta-ს შენობა შეიძინა, რომელიც “აჭარა ჯგუფის” საკუთრებაში იყო. თიბისი კაპიტალმა ამ ტრანზაქციაში გამყიდველის ექსკლუზიური მრჩევლის როლი შეასრულა.

თიბისი კაპიტალის მრჩეველთა გუნდის ჩართულობით შეთანხმება უმოკლეს ვადაში, ორ თვეზე ნაკლებ დროში, განხორციელდა. გაყიდვის პროცესი მოიცავდა: ბიზნესის შეფასებას, მყიდველის მოძიებას, მხარეთა შორის მოლაპარაკებაში მონაწილეობასა და ტრანზაქციის წარმატებით დახურვას.

ბაკურიანში 2019 წლიდან გახსნილი Rooms Kokhta 95 სასტუმრო ოთახს აერთიანებს. ახალ ბრენდზე, ობიექტის მართვასა და განვითარებაზე “სილქ როუდ ჯგუფში” შემავალი კომპანია “სილქ ჰოსფითალითი” იზრუნებს. ახალი მფლობელების მიზანია, სასტუმრო გახდეს ოთხივე სეზონზე მიმზიდველი დანიშნულების წერტილი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.

“სილქ როუდ ჯგუფსა” და “აჭარა ჯგუფს” შორის ტრანზაქცია თიბისი კაპიტალისთვის შერწყმა/შეძენის მე-9 გარიგებაა. საინვესტიციო ბანკს ამ მიმართულებით 3 ქვეყანაში – საქართველოში, უკრაინასა და უზბეკეთში – ჯამურად 350 მილიონი დოლარის მოცულობის ტრანზაქციები აქვს განხორციელებული.

„თიბისის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის ორ ყველაზე მსხვილ კომპანიასთან. მოხარული ვარ, რომ ამ ორ ჯგუფს შორის გარიგება სწორედ თიბისი კაპიტალთან თანამშრომლობით განხორციელდა. ჩვენი გუნდი კლიენტებს ეხმარება ახალი შესაძლებლობების მოძიებასა და შემდგომ სტრატეგიული გადაწყვეტილებების აღსრულებაში. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი წარმატებული ტრანზაქცია ხელს შეუწყობს ამ მიმართულებაში ახალ გარიგებებს“,- ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

„თიბისი ბანკი აჭარა ჯგუფის მრავალწლიანი პარტნიორია. მნიშვნელოვანია, რომ ბანკი ჩვენს გუნდსა და სამომავლო ხედვას პირველივე ნაბიჯებიდან ენდობა და ფინანსურ პარტნიორობას უწევს. თიბისი კაპიტალთან კი აჭარა ჯგუფი მისი დაარსების დღიდან თანამშრომლობს, რაც არაერთ წარმატებულ პროექტში გამოიხატება, მათ შორის, ამ შეთანხმებაში. წარმატებას ვუსურვებთ „სილქ როუდ ჯგუფს“ როგორც სასტუმროს, ასევე რეგიონის განვითარების ხედვის განხორციელებაში“,- ლუკა თავზარაშვილი, „აჭარა ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი.

„მოხარული ვართ, რომ გარიგება “აჭარა ჯგუფთან” წარმატებით დაიხურა. “სილქ ჰოსფითალითის” პორტფელს კიდევ ერთი საინტერესო აქტივი შეემატა. ქონების გამოსყიდვის პროცესი დასრულებულია და ჩვენი გუნდი უმოკლეს დროში შეძლებს საოპერაციო კუთხით  სასტუმროს გადმობარებას. “სილქ როუდ ჯგუფი” და მისი დამფუძნებლები ათწლეულებია განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებენ სამთო-სათხილამურო სპორტს, მის განვითარებასა და პოპულარიზაციას. ამ ხედვის კვალდაკვალ კიდევ უფრო დიდი შემართებით მოხდება ბაკურიანის კურორტისა და კონკრეტულად სასტუმროს განვითარება“,- ნონა ონიანი, “სილქ როუდ ჯგუფის” ფინანსური დირექტორი.

„გიცხადებთ სოლიდარობას და გიდასტურებთ ერთგულებას“ – აშშ-ს საელჩო აგვისტოს ომს ეხმაურება

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, 2008 წლის აგვისტოს ომს ფეისბუქზე გამოეხმაურა.

საელჩო სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და წერს, რომ აშშ კიდევ ერთხელ უდასტურებს საქართველოს ერთგულებას და აღიარებს მის ტერიტორიულ მთლიანობას.

„დღეს ჩვიდმეტი წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეჭრიდან.

ეს არის დღე, როდესაც ვიხსენებთ ომის მსხვერპლს, იძულებით გადაადგილებულ პირებს და მათ, ვინც სიცოცხლე ბრძოლაში დაკარგა. ჩვენ ვხედავთ, როგორ სათუთად ინახავს მათი გმირობის ხსოვნას ქართველი ხალხი.

სოლიდარობას გიცხადებთ და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“ – წერია საელჩოს განცხადებაში.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 060 310 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 040]
  • ტანკი – 11 076 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 23 095 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 31 180 ერთეული [+47]
  • MLRS – 1 456 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 203 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 49 930 ერთეული [+163]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 555 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 57 605 ერთეული [+130]
  • სპეცტექნიკა – 3 936 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 664 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 75 210 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 625 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 478 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 584 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 28 245 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 39 238 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უახლოეს დღეებში პუტინისა და ტრამპის შეხვედრა იგეგმება — კრემლი

“მედვედევს გადაეცით…” – ტრამპმა რუსეთის ექსპრეზიდენტს მიმართა

იმედგაცრუებული ვარ პუტინით, ვაპირებ, 50-დღიანი ვადა შევამცირო – ტრამპი

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ყველა უნდა ვიყოთ მზია ამაღლობელი, მაშინ საქართველო გამოსწორდება – მურმან დუმბაძე

„ახლა თუ დააკვირდებით, ხელისუფლება და პროკურატურა პირდაპირ ევედრება მზია ამაღლობელს და სხვა პოლიტპატიმრებსაც, იქნებ არჩადენილი დანაშაული აღიაროთო. იციან, რომ ის სასჯელი, რომელიც მზიას ემუქრება, არის მოგონილი“, – გვითხრა პოლიტიკოსმა მურმან დუმბაძემ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ერთ-ერთი დასკვნითი სასამართლო სხდომის წინ.

დღეს, 6 აგვისტოს, მზია ამაღლობელს 2 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა.

ბრალდება გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის 353-ე მუხლის პირველი ნაწილზე – ოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.

მურმან დუმბაძის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:

„პირველ რიგში მადლობა მზია ამაღლობელს. ასეთი გაბედული, ასეთი მტკიცე ნებისყოფის ადამიანი პრაქტიკულად ვიცი და გამიგია, მაგრამ იშვიათობაა მაინც. მადლობა ყველა პოლიტპატიმარს. თუ დააკვირდებით, ხელისუფლება და პროკურატურა პირდაპირ ევედრება მზია ამაღლობელს და სხვა პოლიტპატიმრებსაც, იქნებ არჩადენილი დანაშაული აღიარონ. იციან – ის სასჯელი, რომელიც მზიას ემუქრება, არის მოგონილი სასჯელი. ცრუ სასჯელია და დრო მოვა… დროს ვერ მოუგებს ვერცერთი პროკურატურა, ვერც „ქართული ოცნება“ და ვერც ჩვენ მოვუგებთ, დრო განსაზღვრავს, ვინ არის მართალი და გამოჩნდება, რომ მზია ამაღლობელი არის მართალი.

მისი სიმტკიცე მაგალითია ჩვენთვის, რომ ჩვენც თურმე ასეთები უნდა ვიყოთ. თუ ასეთები ვიქნებით, საზოგადოების დიდი ნაწილი იქნება მზია ამაღლობელი, ჩვენი ქვეყანა გამოსწორდება, ისე არ გამოსწორდება. ამიტომ მგონია, რომ პესიმისტურ განცხადებას კი ვაკეთებ მაგრამ, მაინც მგონია, რომ დიდი რაოდენობა უწყვეტი პროტესტისა, 8-9 თვეა მოქალაქეები უჭერენ მხარს ამ მოძრაობას, ყინვაში, სიცივეში, თბილისიდან დაწყებული ბათუმში დამთავრებული, საქართველოს დიდი ნაწილი აი ამ პროტესტით არის მოცული, მაგრამ გვაკლია ერთი რამე, ეს არის გაბედულება, ღიად და ხმამაღლა ჩვენ ვერ ვამბობთ სიმართლეს.

ახლა გაიარა ნაცნობმა პოლიციელმა და თვალი ჩამიკრა. მას მოსწონს, რომ მე აქ ვდგავარ, მაგრამ თვითონ ვერ დადგება, მისი ცოლი ვერ დადგება, მისი შვილი ვერ დადგება, ეს ძალიან ცუდია. როცა ამ სენს ქართველები დაამარცხებენ, ანუ დავძლევთ ყველაზე მთავარ დაავადებას, სიმსივნეს, კიბოს, რა ვიცი რაც გინდათ ის დავარქვათ, ეს არის შიში და ამ შიშს, რომ დავძლევთ, საქართველო გაბრწყინდება.

მომავალი ბუნებრივია გვაქვს – იმიტომ, რომ არსებობს მზია ამაღლობელი. ჩვენ ხომ არ ვიცოდით 7 თვის წინ, რომ მზია ამაღლობელი ასეთი იქნებოდა, ეს აღმოჩენაა, ჩვენ ხომ არ ვიცოდით. კი, მაგარი იყო, წერდა, ამხელა გაზეთს უშვებდა, მის გაზეთებზე ჩამოვყალიბდით პოლიტიკოსებად, ყველა ნომერი წაკითხული გვაქვს და ვერკვეოდით ამ საკითხებში, მაგრამ მაინც გულის კუნჭულში ეს იყო უბრალოდ წერა, ახლა ქმედებაში გადავიდა, უშიშრობა და სიმტკიცე არის სიმბოლო და მზია ამაღლობელს დავუდგათ ძეგლი, რომ გამოვა გარეთ.

რა თქმა უნდა, „ოცნებამ“ კი არა, პირმა ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ ეს მოგონილია. მეც ვამბობ, რომ გამოლაწუნება პოლიციელზე არ არის სასიამოვნო საყურებელი, მაგრამ ყველა ქრისტე არა ვართ, ემოციური ადამიანები ვართ, შემოლაწუნებისდარი სასჯელი არსებობს, ეს არის ჯარიმა, ეს არის ფულადი ადმინისტრაციული წესით და არავითარ შემთხვევაში ეს უზარმაზარიო ბრალდება და ამდენი ადამიანის შეწუხება. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ იცის, რომ ეს არის მოგონილი, ცრუ ბრალდება, ყველამ იცის, რომ მოვა დრო და მზია ამაღლობელი გამოვა გმირად.

ის გმირია დღესაც, არაა თავისუფლებაში, მაგრამ მაინც მგონია, რომ ყველაზე თავისუფალი ადამიანი მაინც მზიაა.

პოტენციურად ყველა შეიძლება გისოსებს მიღმა მოხვდეს. ჩვენ ისეთი პოლიტიკური სისტემა უნდა შევქმნათ, რომ ეს მინიმუმამდე დავიდეს.

დრომ ამოწურა ბიძინა ივანიშვილის შესაძლებლობები ორგანიზაციულად, პოლიტიკურად, ეკონომიურად, მორალურად, ყველანაირად, 13 წელი ერთი და იგივე ადამიანი მართავს ქვეყანას, რომელმაც ვერავითარი დემოკრატიული საფუძველი ვერ შექმნა. ამ დაპირებით მოვედით, წვლილი გვაქვს ამ დაპირებაში, ხომ მართალია. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, მე ალბათ ერთ-ერთი პირველი ვარ, რომელიც ამაზე ძალიან დიდ ბოდიშს იხდის.

მე არ ვამბობ, რომ მიშა სააკაშვილის ხელისუფლება არ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მიშას ხელისუფლება არ უნდა დასრულებულიყო ბიძინა ივანიშვილის აღზევებით. მიშა გავუშვით და ბიძინა  მოვიყვანეთ მის ადგილზე, ეს იყო პოლიტიკური შეცდომა, უნდა ვაღიაროთ, ჩვენი ამოცანაა ხელისუფლებები იყოს მოკლევადიანი. ეს საქართველოს მოქალაქეზეა დამოკიდებული, ჩემზე, თქვენზე, თითოეული მოქალაქე უნდა გახდეს, მე არ ვიტყოდი მზია ამაღლობელისდარი, მაგრამ უნდა გახდეს მზია ამაღლობელის გულშემატკივარი.

ჯო უილსონი ეხმიანება მზია ამაღლობელის განაჩენს – „საჭიროა MEGOBARI“

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ეხმიანება მზია ამაღლობელისათვის 2-წლიანი პატიმრობის განაჩენს და წერს, რომ „მეგობარი“ აქტია საჭირო.

„ანტიამერიკულმა „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს უსამართლოდ მიუსაჯა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა.

რეჟიმი კრძალავს სიტყვის თავისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, რათა თავის მიზანს მიაღწიოს – მიყიდოს ქვეყანა კომუნისტურ ჩინეთს. საჭიროა MEGOBARI!“ – წერს ჯო უილსონი X-ზე.

„მეგობარი აქტი“ კანონპროექტია, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. კანონპროექტი დამტკიცებულია წარმომადგენელთა პალატის და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ. დარჩენილია კენჭისყრა სენატში.

დღეს, 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მის განაჩენს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია გამოეხმაურა, მათ შორის: ევროკავშირი, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი, ეუთოს წარმომადგენლობა მედიის თავისუფლების საკითხებში და ა.შ.

მზია ამაღლობელის სასჯელი არაპროპორციულია – ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი X-ზე ეხმიანება „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელისათვის 2 წლით პატიმრობის შეფარდებას.

„ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელისთვის ორწლიანი პატიმრობის გამოტანილი სასჯელი არაპროპორციულია და სერიოზულ საკითხებს წარმოშობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფარგლებში.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემს წინა მოწოდებას ხელისუფლებისადმი – გაათავისუფლონ იგი და მოვუწოდებ, უზრუნველყონ ჟურნალისტების თავისუფლად და არასაჭირო ჩარევის გარეშე მუშაობა, გამოხატვის თავისუფლების უფლების სრული პატივისცემით“ – წერს მაიკლ ო’ფლაერტი.

დღეს, 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს სისხლის სამართლის წესით.

„ევროკავშირი მკაცრად გმობს მზია ამაღლობელის განაჩენს“ – განცხადება

ევროკავშირი განცხადებას ავრცელებს  მზია ამაღლობელის განაჩენთან დაკავშირებით, რომელსაც დღეს, 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

„ევროკავშირი მკაცრად გმობს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა და ღრმა შეშფოთებას გამოხატავს სასამართლო სისტემის ინსტრუმენტალიზაციის გამო, დამოუკიდებელი ხმების წინააღმდეგ მის რეპრესიის იარაღად გამოყენებასთან დაკავშირებით.

მედიის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლების უფლება ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ თავიანთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება დევნის ან გაუმართლებელი შეზღუდვის შიშის გარეშე.

ხელისუფლების ქმედებები, რომელიც მიმართულია დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ და მისი გაჩუმებისკენ, სწორედ დემოკრატიის საფუძველს უთხრის ძირს, არ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და ასევე უსამართლოდ დაკავებული პირები, უზრუნველყოს და დაიცვას სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც მართლმსაჯულების ფუნდამენტური პრინციპი და დემოკრატიული მმართველობის არსებითი საყრდენი.

ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს მოსახლეობას და მის ევროპულ მისწრაფებებს და სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის ურყევად ერთგული რჩება“ – ნათქვამია განცხადებაში.

_________________

ფოტოზე: 16 მაისი, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან. 

აღშფოთებული ვართ მზია ამაღლობელის განაჩენით – პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი

პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი ეხმიანება „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის განაჩენს – დღეს, 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა.

„აღშფოთებული ვართ მოსამართლე სახელაშვილის მიერ ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის 2-წლიანი პატიმრობის განაჩენით.

ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ახშობს განსხვავებულ აზრს და ააშკარავებს ქართული სასამართლოს როლს ჟურნალისტიკის კრიმინალიზაციაში“ – წერს ორგანიზაცია X-ზე.

_____________

ფოტოზე: ბათუმის საქალაქო სასამართლო, 23 ივნისი, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ეუთოს წარმომადგენლობა მედიის თავისუფლების საკითხებში მზია ამაღლობელის განაჩენს ეხმიანება

უეთოს წარმომადგენლობა მედიის თავისუფლების საკითხებში X-ზე ეხმიანება „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელისათვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთას.

„11 იანვარს დაპატიმრებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელისთვის ორწლიანი პატიმრობის განაჩენი შემაშფოთებელია და დამანგრეველ გავლენას ახდენს საქართველოში დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაზე.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მისი გათავისუფლებისკენ და ყურადღებით დავაკვირდები სააპელაციო პროცესს“ – წერს პლატფორმა X-ზე იან ბრატუ, ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში.

დღეს, 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს სისხლის სამართლის წესით. იგი 200 დღეზე მეტია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ მისი წინასწარ პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობდა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს არ გაითვალისწინა და მზია ამაღლობელი ყოველი შუამდგომლობის შემდეგ მაინც უკანონო პატიმრობაში დატოვა. მზია ამაღლობელს პატიმრობაში მხედველობა მკვეთრად დაუქვეითდა.

„შოკისმომგვრელი და შემაძრწუნებელი“ – ავსტრიელი ევროპარლამენტარი მზია ამაღლობელის განაჩენზე

ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი სოციალურ ქსელში ეხმიანება „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის განაჩენს, ორი წლით პატიმრობას.

„მაისში ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ვესწრებოდი. ის ფაქტი, რომ დღეს მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, შოკისმომგვრელი და შემაძრწუნებელია.

ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის. მზია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის წევრობაზე აცხადებს პრეტენზიას, ჟურნალისტებს აშინებენ, მედიას ანგარიშებს უყინავენ და სასამართლო პროცესებს პოლიტიკურად იყენებენ“ – წერს ლენა შილინგი.

დღეს, 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს სისხლის სამართლის წესით. იგი 200 დღეზე მეტია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ მისი წინასწარ პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობდა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს არ გაითვალისწინა და მზია ამაღლობელი ყოველი შუამდგომლობის შემდეგ მაინც უკანონო პატიმრობაში დატოვა. მზია ამაღლობელს პატიმრობაში მხედველობა მკვეთრად დაუქვეითდა.

კლუნების ფონდის განცხადება მზია ამაღლობელის განაჩენზე

უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი, რომელიც Trial Watch-ის ინიციატივის ფარგლებში, მონიტორინგს უწევს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს, განაჩენს ეხმაურება.

„მზია ამაღლობელის გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს იმ ქვეყნებს შორის ათავსებს, რომელთა რიცხვი მზარდია და რომლებიც სისხლის სამართლის კანონმდებლობას ჟურნალისტების გასაჩუმებლად და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით იყენებენ – განსაკუთრებით პოლიტიკური არასტაბილურობის დროს, როდესაც ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაზე წვდომა“, – განაცხადა ქეით ლევინმა, TrialWatch-ის იურიდიული პროგრამის უფროსმა მენეჯერმა.

კლუნების ფონდის-ის TrialWatch, რომელიც უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ დახმარებას სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესებს 2025 წლის მარტიდან აკვირდება.

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ TrialWatch მოამზადებს ანგარიშს, რომელიც შეაფასებს საქმეს სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების შესაბამისად.

TrialWatch არის კლუნის ფონდის ინიციატივა, რომელიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს უსამართლოდ დაპატიმრებულ ჟურნალისტებს.

რაც შეეხება ცოლ-ქმარის, ამალ და ჯორჯ კლუნების ფონდს, ის 40-ზე მეტ ქვეყანაში უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სიტყვის თავისუფლებასა და ქალთა უფლებებს. ფონდის დახმარებით ათობით ჟურნალისტი გაათავისუფლეს და ათასობით ქალმა მიიღო უფასო იურიდიული მხარდაჭერა საკუთარი უფლებების დასაცავად.

„ეს გადაკვალიფიცირება ისეთივე უკანონოა, როგორც მზიას ციხეში გატარებული ყოველი დღე“

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე, მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებას ეხმიანება.

„შვიდი თვის განმავლობაში პროკურატურა ამტკიცებდა, რომ მზიას ქმედება პოლიციელზე თავდასხმა იყო. დღეს მოსამართლემ თქვა, რომ სილა თავდასხმა კი არა, წინააღმდეგობა იყო პოლიციელისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით.

მოსამართლის ეს გადაკვალიფიცირება ისეთივე უკანონოა, როგორც მზიას ციხეში გატარებული ყოველი დღე.

ესაა პოლიტიკური მართლმსაჯულების კიდევ ერთი ხრიკი, ვითომ ნაკლები სანქციით გადაიფაროს მზიას მიმართ ამ დრომდე ჩადენილი უსამართლობა.

მზიას სიმტკიცე აუცილებლად იპოვის სამართალს.

გიორგი ახობაძეს ვულოცავ თავისუფლებას! ვინ აგებს პასუხს იმ დღეებისათვის, რომელიც მან უსამართლოდ გაატარა ციხეში?!“ – წერა ნონა ქურდოვანიძე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს სტრასბურგის სასამართლოში.

დღეს, 6 აგვისტოს, მზია ამაღლობელს 2 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა.

ბრალდება გადაკვალიფირდა სისხლის სამართლის 353 მუხლის პირველი ნაწილზე – პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე. 

განაჩენი დღეს, 6 აგვისტოს გამოაცხადა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

Exit mobile version