„მხოლოდ 7 აგვისტოს გახსენდებით!“ – საყვედურნარევია აგვისტოს ომის მონაწილეებთან საუბარი. მათ არამხოლოდ განცდა აქვთ, რომ ყველამ დაივიწყა, ამას ასაბუთებენ კიდეც.
„როგორც სახელმწიფომ, ისე საზოგადოებამაც დაგვივიწყა“ – ამბობენ ყოფილი ჯარისკაცები.
არადა სათქმელი ბევრი აქვთ, გასახსენებელი და მოსაყოლი, გასაზიარებელი ცოდნაც ბევრი აქვთ, მაგრამ ამბობენ, რომ „მათი მოსმენა არავის სურს“ და „მათი ცოდნა არავის სჭირდება“.
გვიყვებიან, რომ არ იწვევენ სახელმწიფო ღონისძიებებზე, არ ინტერესდებიან, რა გამოწვევების დაძლევა უწევთ და როგორ ცხოვრობენ აგვისტოს ომის ვეტერანები მას შემდეგ, რაც სამსახური დაასრულეს.
გული სწყდებათ, როცა სამხედრო ჰოსპიტალში შესულებს რეგისტრატორი ეკითხება: „პენსიონერი ხარ? დახმარება გჭირდება? “ ან „ცივად და მკვახედ“ ეუბნებიან: წადი და ცნობა მომიტანე, რომ პენსიონერი ხარ და დახმარება გეკუთვნის“.
აგვისტოს ომის მონაწილეებიდან უმეტესობა ყოფილი სამხედრო პირია, ზოგი პენსიაში გავიდა, ზოგმა წლების წინ უპატაკა უფროსს, რომ წასვლა სურდა, მიზეზი მეტწილად ჯანმრთელობის პრობლემები იყო, აგვისტოს ომის შემდეგ ომგამოვლილები, რეაბილიტაციის შესაძლებლობის და ყურადღების მიღმა დარჩნენ.
როგორც გვიყვებიან, თავად მოძებნეს გზები, რომ ეცხოვრათ და ოჯახები გადაერჩინათ. სხვა საქმეს მოჰკიდეს ხელი, „ვისაც რა შეგვიძლია ვაკეთებთ, იმისთვის კი არა რომ ღირსეულად ვიცხოვროთ, უბრალოდ ცხოვრება შევძლოთ, გავაგრძელოთო“ – ამბობენ.
რას სთავაზობს სახელმწიფო ომის ვეტერანს? – როგორც თავად გვიყვებიან ყოფილი ჯარისკაცის პენსია 100 ლარია, ყოფილი თანამდებობის პირის, მაღალი რანგის სამხედრო პირის კომპენსაცია კი პენსიაში გასვლის შემდეგ რანგის მიხედვით განისაზღვრება.
ბევრ ყოფილ ჯარისკაცს, აგვისტოს ომის ვეტერანს, ემიგრაციაში მოუწია წასვლა. მუშაობენ პოლონეთში ტაქსისტებად, ამერიკაში დიდი სატვირთოების მძღოლებად, ევროპის სხვადასხვა ქალაქებში მშენებლობებზე მუშებად ან ხელოსნებად.
- 470 ლარი კაპიტანს კომპენსაცია სამხედრო სამსახურისთვის და 100 ლარი დახმარების სახით
მალხაზ აღლემაშვილი გვიყვება, რომ აგვისტოს ომის დროს ასეულის მეთაურის მოადგილე იყო და შემდეგ მეთაური გახდა. სამხედრო სამსახური მან 2017 წელს დატოვა. „სრული ასაკით, კაპიტნის წოდებით წამოვედიო“ – გვიხსნის. ეს იმას ნიშნავს, რომ პენსიის ასაკამდე იმსახურა. სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ სახელმწიფომ მას 100-ლარიანი დახმარება და ე.წ. კომპენსაცია, 470 ლარი დაუნიშნა.
„470 ლარი მაქვს, როგორც სამხედრო სტაჟის კომპენსაცია, 100 ლარიან დახმარებას კი მაძლევენ, კომუნალურები რომ გადავიხადო“ – ამბობს ის.
მალხაზ აღლემაშვილი გულდაწყვეტით ამბობს, რომ სახელმწიფო არანაირ ინტერესს არ იჩენს ყოფილი სამხედრო პირების მიმართ, არავინ კითხულობს მათ, ახერხებენ თუ არა ღირსეულად ცხოვრებას.
„საერთოდ თუ ვახსენდებით ვინმეს?! ვცხოვრობ როგორც გლეხი კაცი, ვმუშაობ მიწაზე, სადაც რა სამუშაო გამოჩნდება 50-60 ლარზე, იქ მივდივარ, ძირითადად შავ სამუშაოს ვასრულებ, ხან მძღოლად ვმუშაობ. მეტი რა უნდა ვქნა. არავითარი ინტერესი არ არის ჩვენს მიმართ, არავითარი. არავის მოვუკითხივართ, რა თქმა უნდა ზედა ეშელონიდან, თორემ მეგობრები მყავს, ისინი მეხმიანებიან. არა, რას მეკითხებით, არასდროს არცერთ ღონისძიებაზე არ მივუწვევართ. ეს კი არა, ისეთი გაჭირვებები გამოვიარე სამსახურის შემდეგ, ხელფასიც არ მქონდა, ემიგრაციაში გავუშვი მეუღლე, რომ იქედან დამეხმაროს, შვილები სტუდნტები მყავს და რა ვიცი…“
მალხაზ აღლემაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ უდეში ცხოვრობს. მას მეგობრებზე, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებზეც ვკითხეთ.
„იგივე სიტუაციაშია ყველა ჩემი მეგობარი. დღეს ერთი დამიკავშირდა,მასთან გისაუბრიათ და დამირეკა, მიამბო. ზოგი ბაზარში ვაჭრობს. ინტერნეტში ვნახე ვეტერანთა კავშირს ერთჯერადი დახმარებები ექნებაო, ვითომ 1000-ლარიანი. ისიც ალბათ ძალიან გაჭირვებულებზეა, მე შეწუხებაც არ მიყვარს ვინმესი, თუ ძალიან არ გამიჭირდა“.
მალხაზ აღლემაშვილს არ დავიწყებია მოეყოლა იმ იშვიათ შემთხვევაზეც, როცა მის მიმართ პატივისცემა გამოხატეს, როგორც სამხედრო მოხელის მიმართ:
„ერთადერთი შემთხვევა მქონდა, საგზაო პატრული რომ დადის, გამაჩერეს და გაიგეს რომ ომის მონაწილე ვარ, ისიც ჩვენს კუთხეში, სხვაგან არა. აღარ მიმოწმებენ საბუთებს, შეღავათს მიკეთებენ“.
მოქმედმა სამხედროებმა კი უარი უთხრეს, უბრალოდ შორიდან ეყურებინა სამხედრო სწავლებისთვის.
„ახალი დასრულებული რომ მქონდა ჯარში მუშაობა ჩემი სპეციალობით სწავლება ტარდებოდა ჩვენთან ორფოლოში. მინდოდა შორიდან მეყურებინა. ჩაკეტილი ჰქონდა სამხედრო პოლიციას შესასვლელი, არც კი შეგვიშვეს. უბრალოდ დაინტერესებული ვიყავი, როგორც ჩემს სპეციალობაზე შეყვარებული. არც მიმიშვეს ახლოს“ – გულდაწყვეტით გვითხრა მან.
- ჯანმრთელობის დაზღვევა
იმედა ცერცვაძემ ქართულ ჯარში 25 წელი იმსახურა, ის აგვისტოს ომის დროს ასეულის მეთაური იყო. ისიც გულნატკენია, რომ „2008 წლის ომში მონაწილე გმირები დაივიწყეს“.
„ასეულის მეთაური ვიყავი, 2008 წლის ომის დროს ბატალიონის უფროსი ოფიცერი, 2008 წლის შემდეგ ასეულის მეთაური, ბევრი თანამდებობა შევიცვალე. არტილერიას ვასწავლიდი, სპეციფიკური სპეციალობაა, უამრავი პირადი შემადგენლობა მყოლია, 2006 წლიდან 2014 წლის ჩათვლით პერიოდს გამოვარჩევდი.
2016 წლის თებერვალში გავედი პენსიაში, ისეთი ქართული სულით გაჟღენთილი ბიჭები გვყავდა, დღემდე ვმეგობრობთ, მათ ძალიან უყვარდათ თავიანთი სპეციალობა და სამშობლო, საქართველოს ყველა კუთხიდან იყვნენ ჩემს შემადგენლობაში“ -გვიყვება იმედა ცერცვაძე.

იმედა ცერცვაძე
ყოფილ ასმეთაურს ვკითხეთ, როგორ ცხოვრობს პენსიაში გასვლის შემდეგ. მან ჯერ ომის დროს მის სოფელში დაღუპულ ჯარისკაცებზე გვიამბო, ასე თავად გადაწყვიტა:
„ჩემს სოფელში, გორის რაიონის სოფელ ძევლეთში 2008 წლის ომის დროს 3 ჯარისკაცი დაიღუპა: ლევან მანძულაშვილი, რომელიც გმირულად დაიღუპა ცხინვალის მისადგომებთან და მიხეილ ცერცვაძე და არჩილ ბერიანიძე – ბომბის ჩამოვარდნის დროს“.
ასმეთაური გვიყვება, რომ 2016 წლის შემდეგ, რაც ის პენსიაში გავიდა და სამხედრო ძალებიდან წავიდა, მალევე წავიდნენ სხვებიც. ისინი ჯერ საპენსიო ასაკს მიღწეულები არ იყვნენ, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათო, ამბობს:
„უამრავი მეგობარი მყავს, რომლებიც დღეს აღარ მსახურობენ ქართულ ჯარში. ისინი სამსახურეობრივი გამოწვევების გამო არ წასულან, ვეღარ შეძლეს ერჩინათ ოჯახები, ბევრი ოფიცერია, გვარებიც შემიძლია ჩამოვთვალო, პოლკოვნიკი, მაიორი ვიცე-პოლკოვნიკი, კაპიტანი… ალბათ 15-20 სამხედროა მხნე ბიჭები, რომელსაც სამშობლოსათვის გული უძგერს დღესაც.
ბევრი წასულია და უცხო ქვეყანაში მუშაობს, შრომობს და ერთმანეთს ეხმარებიან. შეიძლება იქ სულ 1000 ევროს იღებენ ხელფასს, მაგრამ 100-150 დოლარს მეგობარს უგზავნიან, ასეთი ბევრი ვიცი. ისეთებსაც უგზავნიან, რომლებიც ახლაც მსახურობენ და ამჟამად თადარიგის ჯარისკაცები და ოფიცრები არიან“.
ასმეთაურს, რომელიც ჯარისკაცებს არტილერიას ასწავლიდა, პენსიაში გასვლის შემდეგ ჯერ 22-ლარიანი დახმარება მისცეს, შემდეგ გაგიზარდეთო და 100 ლარამდე გაუზარდეს. მისი თქმით, ეს დახმარება ახლაც 100 ლარს შეადგენს:
„ჩვენ ომის ვეტერანობისთვის სასირცხვილო 22 ლარი გვქონდა, ბოლოს თქვეს 100 ლარს ვუმატებთო, მაგრამ 100 ლარი კი არ მოგვიმატეს, გამოაკელით ის 22 ლარი. სინამდვილეში დაგვიმატეს მათხოვრული 78 ლარი და თვითონ 14 000 ლარები აქვთ ხელფასი. მე ხომ 78 ლარი დამიმატეს, აბა თვითონ ჰქონდეს 740 ლარი, შეინახავს ოჯახს? – ყველაზე დიდ მოვალეობას სამშობლოს წინაშე ასრულებს ჯარისკაცი, მის გარეშე არცერთი ქვედანაყოფი არაფერი არ არის“ – ამბობს იმედა ცერცვაძე.
სახელმწიფო მოხელეები ხშირად აპელირებენ ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევაზე, რომლითაც სამხედრო პირები სარგებლობენ. ყოფილ ასმეთაურს ვკითხეთ, როგორ მუშაობს ეს დაზღვევა, უადვილებს თუ არა მათ ჯანმრთელობის პრობლემებთან გამკლავებას:
„ორი წლის წინ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივედი.
მისაღებში, კანცელარიაში გოგონა მეუბნება, თქვენ უნდა მომიტანოთ ცნობა, რომ ნამდვილად მსახურობდითო. ისე გავბრაზდი, ავღელდი… ამ 25 წლის მანძილზე, რაც ვიმსახურე, რამდენჯერმე ვარ ჰოსპიტალში ნამყოფი, რამდენჯერ კომისია გაგვივლია. ვიცი, იქ არის სამხედრო მონაცემები, შეხვალ, აკრეფ გვარს და ყველაფერს იპოვი. ვუთხარი შებრძანდით საიტზე, თქვენ ყველა მონაცემი გაქვთ-მეთქი, არა თქვენ უნდა წაბრძანდეთ და ჩამომიტანოთ ცნობა ან გამოაგზავნონო…
ჩვეულებრივ გადამახდევინეს, როგორც რიგით მოქალაქეს, რომ მივსულიყავი ექიმთან, არანაირი შეღავათი. ისიც მითხრეს, თქვენთვის, ვეტერანებისთვის, ჰოსპიტალი თბილისშია და იქ უნდა მიხვიდეთო.
ხომ შეიძლება ყოფილი სამხედროსთვის შეღავათი იყოს? – აი, ასე უდგება ხელისუფლება ყოფილ სამხედროს, ასე გვეხმარებიან.
ქუთაისის ქვეით ბრიგადაში მოვრჩი მე სამსახურს ბოლოს, ანუ იქ უნდა ჩავსულიყავი და ცნობა ამეღო. დამცინავად მომექცნენ, ძალიან საწყენია“ – გვიყვება იმედა ცერცვაძე.
ყოფილი სამხედრო ამბობს, რომ სახელმწიფოს დანიშნული კომპენსაციით ვერ იცხოვრებს და ოჯახის გადასარჩენად სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი:
„635 ლარი მაქვს, ვეტერანებისთვის დანიშნული 100 ლარიც რომ ჩავთვალოთ. ნაკვეთი მაქვს და რაღაც 2 კაპიკი რომ შემოვიტანო სახლში, მოსავალი მომყავს“.
ასმეთაურს უცდია, თავისი ცოდნისა და გამოცდილების შესახებ მომავალი თაობისთვის გაეზიარებინა ცოდნა, თუმცა უშედეგოდ:
„ჩვენს სოფელში საშუალო სკოლაა, ომში დაღუპული მიხეილ ცერცვაძის სახელობის. ერთხელ ვუთხარი ყოფილ პედაგოგს, როგორც ყოფილი სამხედრო, სკოლაში რომ მივიდეთ კვირაში ერთი საათი, გავესაუბროთ გამოცდილებაზე მოზარდებს-მეთქი, არანაირი მსგავსი…“ – გვიყვება იმედა ცერცვაძე.
- „ვეტერანთა სამმართველო რასაც დაარქვეს, ფიქტიურია და სინამდვილეში გადააქციეს ბიზნესად“
„ეს ინსტიტუტი ზოგადად, ვეტერანთა სამმართველო რასაც დაარქვეს, ფიქტიურია და სინამდვილეში გადააქციეს ბიზნესად. ბოლო წლების განმავლობაში, დაახლოებით ალბათ 7 – 8 წელი, ან უფრო მეტიც, ეს ინსტიტუტი სულ ჩაკვდა.
დეპარტამენტის ხელმძღვანელებს აქვთ მაღალი ხელფასები და ომის ვეტერანებს 100 ლარი პენსიის სახით. მოგეხსენებათ, რაც არის 100 ლარი – აბსოლუტურად არაფერი.
თუ ვეტერანს ჰყავს შვილი, მეუღლე, ოჯახი, თუნდაც არ ჰყავდეს, რა უნდა გააკეთოს 100 ლარით?! უმრავლესობა ფსიქოლოგიურად არის დაზარალებული. ცოტა საზოგადოებაზეც განაწყენებული ვარ… კარგი, სახელმწიფომ დაასამარა ომის ვეტერანები, საერთოდ არანაირი ყურადღება არ აქვთ, ერთადერთი სამედიცინო დაზღვევაა და იმასაც ხანდახან გვამადლიან, მაგრამ საზოგადოებას შეუძლია შეანჯღრიოს მთავრობა“ – ამბობს „ბათუმელებთან“ არჩილ ჯაფარიძე, აგვისტოს ომის მონაწილე.

არჩილ ჯაფარიძე – აგვისტოს ომის მონაწილე
არჩილს, ისევე როგორც სხვა ვეტერანებს, გული სტკივა, რომ ომის ვეტერანები საზოგადოებამაც დაივიწყა, ისევე, როგორც სახელმწიფომ:
„გამახსენეთ ერთი შემთხვევა, სადმე, ღონისძიებაზე თუ მიუწვევიათ ომის ვეტერანი, თუ ყოფილა წინა პლანზე. ან რაღაც წელიწადში ერთხელ, ზუსტად ამ თარიღზე გაახსენდებათ, [გულისხმობს 7-8 აგვისტოს] რაიმე დიდ გადაცემებში თუ მიუწვევიათ, ან ღონისძიება თუ ჩატარებულა ომის ვეტერანთა წარმოსაჩენად. ქვეყნის ოცი პროცენტი გვაქვს ოკუპირებული, ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაშია ქვეყანა და რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ მომავალი თაობა იყოს მოტივირებული? – ახალგაზრდა, რომელიც უნდა წავიდეს ჯარში, იმსახუროს ქვეყნისთვის, რა მაგალითს აძლევს სახელმწიფო მას? – არანაირ მაგალითს არ აძლევს. უყურებს ის ახალგაზრდა, რომ ამ კაცმა იომა, დაიჭრა, გადაიარა ამხელა რაღაც მის თავზე, და რა? – უპატრონოდ გდია“.
თუ ყოფილ ჯარისკაცს ჰკითხავთ, მიმართეს თუ არა ვინმეს, ვისაც ევალება რეაგირება კონკრეტულ საკითხზე, მოითხოვეს თუ არა, გაგზავნეს თუ არა განაცხადები, შეაწუხეს თუ არა ვინმე, მათგან ხშირად მოისმენთ პასუხს – „ჯარისკაცი არ იწუწუნებს“, „ჯარისკაცი არ მოითხოვს“… მაგრამ მათივე ნაამბობიდან ცხადი ხდება, რომ მათ გული სწყდებათ, ფიქრობენ, რომ უჩინარნი არიან.
- „ერთადერთი, სადაც ომის ვეტერანი ახსენდებათ, სადღეგრძელოებია“
„ერთადერთი, სადაც ვეტერანები ახსენდებათ, ქართული სუფრაა. როგორც ჩვენ გვჩვევია საქართველოში, გრძელ-გრძელი სადღეგრძელოები. სხვა მე არ მახსენდება, უმეტესობას ვიცნობ და არ მახსენდება, რომელიმეს ეთქვას, რომ საქართველოში, რომელიღაცა ჯგუფს, რომელიღაცა ინსტიტუტს მივეწვიეთ ან უბრალოდ ეთქვათ, დაესწარით რაღაცას, უბრალოდ სტატუსის გამო დაესწარითო.
ჩვენ რას ვითხოვთ?! სადმე დაინახეთ, რომ ომის ვეტერანები გამოვიდნენ და რაღაც მოითხოვეს? ჩვენ ეს არ გვჩვევია. არც პოლიტიკაში ზედმეტი ჩარევა.“ – გვიყვება არჩილ ჯაფარიძე და იმ ერთადერთ შემთხვევას იხსენებს, როცა ვეტერანებმა აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს მიაკითხეს და მისი გამონათქვამის გამო – „ლაჩრულად წაგებული ომი“ – პასუხი მოსთხოვეს:
„რამდენიმე ადამიანი შევიკრიბეთ, როცა რიჟვაძემ ლაჩრები გვიწოდა. ჩვენ რომ ვომობდით და თვითონ ხულოში იყო გაქცეული. მივედით მასთან, არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გაგვიკეთებია, მოვითხოვეთ, რომ ბოდიში მოეხადა ჩვენთვის. მე პირადად დავუსვი კითხვა, სად იყავი, როცა ჩვენ ვიბრძოდით-მეთქი. რა თქმა უნდა, არანაირი პასუხი არ მიგვიღია, გამოვიდა მეორე დღეს და ასე არ მითქვამსო. ჩიქოვანიც [ბათუმის ყოფილი მერი არჩილ ჩიქოვანი], როგორც გავიგე ჩვენთან ერთად იბრძოდა სხვა დანაყოფში და როგორც ჩანს უჯიკა, რეებს როშავო.
ჩვენ არ გვიყვარს პოლიტიკური რაღაცები, ომი – ომია, მტერი ერთია, რომელი ხელისუფლებაც არ უნდა იყოს. როცა ქვეყანას სჭირდება, ფორმასაც ჩაიცვამ და აიღებ იარაღს ხელში, მაგრამ გული მტკივა, როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების გამო. მარტო სუფრაზე, როცა ღვინოს დალევ, მაშინ არ უნდა გაგახსენდე. მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, უკრაინაში იბრძვიან, ვამაყობ მამუკა მამულაშვილით, ის არის ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი, ის არის ოცდამეერთე საუკუნის გმირი.
2008 წელს ვინც საქართველოს შეეწირა და ვინც გადარჩა, ისინი გმირები არიან, იმიტომ რომ 2008 წელს ვიბრძოდით არა რომელიმე ქვეყნის იმედად, არა რომელიმე ქვეყნის შორს მსროლელის და დრონების იმედად, არამედ ერთმანეთის იმედად, თითოეულმა ჩვენგანმა იცოდა, რომ ჩვენ არ გაგვაჩნდა საკმარისი იარაღი, ვიცოდით, რომ 100-დან 90 პროცენტი იყო სიკვდილი, მაგრამ იქ ვიდექით, სადაც საჭირო იყო, ამიტომ ვიძახი, რომ ის ბრძოლა იყო განსხვავებული, ქართველს ჰქონდა ქართველის იმედი და სხვა არავის“.
- ემიგრაციაში სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ
არჩილ ჯაფარიძე გვიყვება, რომ აგვისტოს ომის მონაწილეებიდან დღეს ბევრი ემიგრაციაშია.
„ჩემი სამეგობროს 90 პროცენტი თავის გადასარჩენად ემიგრაციაშია წასული, ოჯახების შესანახად ზოგი პოლონეთში ტაქსისტად მუშაობს, ზოგო ამერიკაში დიდ სატვირთო მანქანას მართავს, ზოგი ევროპაში მშენებლობებზე მუშაობს, რომ საკუთარი თავი და ოჯახი არჩინოს.
არ გამიგია, რომ ჩვენს ქვეყანაში რაიმე პროგრამები არსებობს ყოფილი სამხედროებისთვის. მე ხომ არ უნდა ვარკვიო? უნდა დაგირეკონ და საქმის კურსში ჩაგაყენონ, გითხრან. აქაც ისევე შინაურულად ხდება… საერთო ჯამში, რომ გითხრათ, არც არაფერი არ ხდება ომის ვეტერანისთვის, საერთოდ დაასამარეს ეს ინსტიტუტი, ალბათ არც სჭირდებათ, რა ვიცი…“
არჩილ ჯაფარიძემ გვიამბო ასევე თავის ხელმძღვანელზე, ასმეთაურზე, რომელიც პენსიაში გავიდა და ახლა ოჯახის სარჩენად მძიმე შრომის გაწევა უწევს:
„ამ ხალხს, რომ სახელმწიფო არ დააფასებს… მაგალითად ჩემი ხელმძღვანელი, უჭკვიანესი პიროვნებაა, დღეს ახმეტელის მეტროსთან დახლზე ვაჭრობს, გორიდან ჩააქვს და ყიდის ხილს, პოლკოვნიკი კაცი, წარმოგიდგენიათ? – ის რომ ევროპაში ცხოვრობდეს ან ამერიკაში, მისი ცხოვრება სხვა დონეზე იქნება მოწყობილი, დახლზე ვაჭრობს პოლკოვნიკი კაცი, ამ ქვეყნის სიამაყე, რომელმაც უამრავი ჯარისკაცი და ალტირელისტი გაზარდა.
საზოგადოებას ძალიან დიდი როლი აკისრია, რომ წამოწიოს ეს თემა და გაახსენოს ხალხს. დღეს თუ სახელმწიფო გვაქვს, დროშა გვაქვს, ვისი დამსახურებაა? ვინ გააკეთა ეს ყველაფერი? – სამხედრო ძალების ვეტერანებმა და იქ დაღუპულმა გმირებმა.
„აბა ომი გინდათ“ არის რუსული პროპაგანდა“
აგვისტოს ომის მონაწილეებთან საუბრისას არ შეიძლება არ წამოიჭრას საკითხი, რომელიც ეხება ამ ბოლო წლებში ხშირად დასმულ კითხვას – „აბა ომი გინდათ?“
„აბა ომი გინდათო, ამ კითხვაზე ყოველთვის მაქვს ასეთი პასუხი – ეს არის რუსული პროპაგანდა.
ომი გინდა რას ნიშნავს, ახლა მშვიდობა გვაქვს?! – როცა ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია და რუსის ჯარი გიდგას ქვეყნის ცენტრალურ მაგისტრალთან, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთს, ქვეყანას ყოფს შუაზე, იქ გიდგას, ახლა შვიდობა გვაქვს?!
ვეტერანები არაფერს არ სთხოვენ სახელმწიფოს. პირიქით, უნდათ, რომ ასწავლონ, თუნდაც სკოლებში, აუხსნან სტუდენტებს, როგორ უნდა გადარჩნენ, იარაღის აწყობა-დაშლა, ამას არავინ არ დაამადლის სახელმწიფოს. საჭირო კი არა, ზე საჭიროა ეს ხალხი, მაგრამ მიზანმიმართულად მიდის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სრული განადგურება, გაქრობა“- ამბობს აგვისტოს ომის მონაწილე.
ის ჩვენთან საუბარში ხაზს უსვამს სამხედროების კეთილდღეობაზე ზრუნვის მნიშვნელობას, განსაკუთრებით მაშინ როცაც ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია:
„ჩვენ მუდმივად უნდა ვემზადებოდეთ ომისთვის, გამოთქმაც არის, თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის. ვინ ემზადება? წინა ხელისუფლებამ ვეტერანებს დაუნიშნა 22 ლარი, საერთოდ კატატროფა იყო, სირცხვილი, შემდეგ ამათ 100 ლარზე გადაიყვანეს. რატომ მიჩქმალეს ეს ყველაფერი, რატომ აკეთებენ მიზანმიმართულად ჯერ შემცირებას შეიარაღებული ძალების, მერე ომის ვეტერანების ასე გაქრობას ქვეყნიდან და თითქოს გავისერინეთ ჩვენ სადღაც ატმის ბაღებში და ჩამოვედით. რატომ აკეთებენ ამას? – ეს არის რუსული დავალება.“
- „ტრაილერის მძღოლი ვარ, ვშრომობ და ვცხოვრობ“ – აგვისტოს ომის მონაწილე
კახა თვალაბეიშვილი ოზურგეთში ცხოვრობს, ისიც აგვისტოს ომის მონაწილეა. სამხედრო სამსახური 2016 წელს, ჯანმრთელობის პრობლემების გამო მიატოვა. სახელმწიფოს დახმარებით არ უსარგებლია, სამხედრო სამსახურიდან წასვლის შემდეგ 6 წელი თურქეთში მუშაობდა.

კახა თვალაბეიშვილი
„ტრაილერის მძღოლი ვარ და გადაზიდვებზე ვმუშაობ. 2016 წელს როცა წამოვედი, პირდაპირ სტამბოლში წავედი სამუშაოდ, აეროპორტი შენდებოდა, 6 წელი იქ ვიმუშავე. ამის შემდეგ საქართველო-თურქეთის მიმართულებით ვმოძრაობ. 2 წელი ბულგარეთში ვიმუშავე, კოკა-კოლის ქილებს ვეზიდებით უმეტესწილად.
საქართველოში სხვა საქმეს ვერ მოვკიდე ხელი, ყველგან გამოცდილებას ითხოვდნენ, რაც მოგეხსენებათ გამოცდილება ციდან არ მოდის, ამიტომაც წავედი სტამბოლში“.
კახამ გვითხრა, რომ სცადა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით შეთავაზებული დაფინანსების მიღება, თუმცა არც ეს გამოუვიდა:
„ჯანმრთელობის დაზღვევის გამოყენება ერთხელ ვცადე, ბათუმში ვიყავი საავადმყოფოში, მითხრეს 40 000 გაქვს ბრუნვა და ვერ დაგაფინანსებთო. კომპანიები რომ გვირიცხავენ საწვავისთვის, ეს თანხა დაფიქსირდა და საყოველთაო დაზღვევამ არ იმუშავა, არც ვეტერანის დაზღვევა გამომიყენებია. ისედაც უნდობლობა და შიში მაქვს, საავადმყოფოში ათასი რამ ჩამიტარეს, გადამიღეს – 900 ლარი დავხარჯე და ვერ გავიგე რა მჭირდა.
20 წლის ვიყავი პირველად ავტომატი რომ დავიჭირე ხელში, არ შემშინებია, მაგრამ საავადმყოფოში რომ შევდივარ, მეშინია. ზოგადად მოქალაქეებისგან უფრო ვგრძნობ ყურადღებას და დაფასებას, როცა იციან, რომ ნაომარი ხარ, უფრო გამოხატავენ პატივისცემას, ვიდრე მთავრობისგან“.
ისევე როგორც სხვები, ჩვენთან საუბარში კახაც ამახვილებს ყურადღებას იმ ბიუროკრატიაზე, რასაც პროგრამების გამოყენების მცდელობისას აწყდებიან ვეტერანები:
„6 თვე ვერ ავიღე პენსია და ახლა მითხრეს, თავიდან უნდა მოხვიდე და სოციალურში განაცხადი უნდა შეიტანოო. არავინ არაფერში არ დამხმარებია, ჩვეულებრივად ვმუშაობ და ვცხოვრობ. პენსიონერი დედ-მამა და 2 მცირეწლოვანი შვილი მყავს, მე სახელმწიფო არ შემიწუხებია.
რაც მახსენდება, ერთხელ რაღაც წიწიბურა და მაკარონი მომიტანეს, ოზურგეთის ვეტერანთა დეპრტამენტმა გამოაგზავნა, გავგიჟდი ამაზე, გამოვართვი და გაჭირვებულ მეზობელს მივეცი, ისე რომ არც გამიხსნია. მე ვშრომობ და პროდუქტის გამოგზავნა არ მჭირდება“ – გვითხრა კახამ.






