მთავარი,სიახლეები

„შეუძლებელია მზია ამაღლობელის განაჩენის სამართლიანი დასაბუთება“ – ინტერვიუ

07.08.2025
„შეუძლებელია მზია ამაღლობელის განაჩენის სამართლიანი დასაბუთება“ – ინტერვიუ

„რეალურად ეს მუხლი კიდევ უფრო შეუსაბამოა იმ ქმედებასთან, რაც მზია ამაღლობელმა ჩაიდინა,“ – კატეგორიულია იურისტის, გურო იმნაძის შეფასება მზია ამაღლობელის განაჩენზე.

მზია ამაღლობელის საქმეზე მოსამართლემ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა და ჟურნალისტი 2 წლით გაუშვა ციხეში.

6 აგვისტოს გამოცემა „ბათუმელების“ და ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელს და დირექტორს, მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მზია ამაღლობელს პროკურატურა სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სილის გაწვნა თავდასხმა არ არის, მაგრამ არის წინააღმდეგობა – სსკ-ის 353-ე მუხლი, რომლითაც მზია ამაღლობელი გაასამართლეს, გულისხმობს ოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. 

იურისტ გურო იმნაძის აზრით, შეუძლებელია ნინო სახელაშვილის მიერ მიღებული განაჩენის სამართლიანი და დასაბუთება დაიწეროს, რადგან საქმეში შესაბამისი მტკიცებულება არ არსებობს, მოსამართლე კი, საქმეში ახალ მტკიცებულებას ვერ გააჩენს:

„დაზარალებულად ცნობილი ირაკლი დგებუაძეც კი არ საუბრობს ამ საქმეში ამ კუთხით, რომ მზია ამაღლობელის ქმედებამ არსებითად შეაფერხა სამართალდაცვითი მოქმედებები, რომ მას სამართალდაცვითი ფუნქციის შესრულება შეეზღუდა თუნდაც ძალიან მცირე დროით…

პირველი კურსის იურისტისთვისაც კი ძალიან მკაფიოა, რომ ეს მუხლი [სსკ-ის 353-ე] არაფერ შუაშია მზია ამაღლობელის მიერ ჩადენილ ქმედებასთან,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გურო იმნაძე.

რას ნიშნავს სამართლებრივად სილის გაწვნის საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლა? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა იურისტ გურო იმნაძეს.

  • ბატონო გურო, თქვენი აზრით, რამდენად სამართლიანად და კანონიერად იმოქმედა მოსამართლემ, რომელმაც მზია ამაღლობელის საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა? მოსამართლემ ჩათვალა, რომ სილის გაწვნა არაა თავდასხმა, მაგრამ არის წინააღმდეგობის გაწევა. 

რა თქმა უნდა, მოსამართლეს აქვს უფლება, რომ ქმედება გადააკვალიფიციროს სხვა მუხლზე, მაგრამ ამ უფლებით მოსამართლეს შეუძლია ისარგებლოს იმ შემთხვევაში, თუ ის დარწმუნდება, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება სუსტია და სამართლიანი იქნება სხვა მუხლის გამოყენება.

ასეთ შემთხვევასთან მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს საქმე: აქამდე ვსაუბრობდით იმაზე, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, რომლითაც პროკურატურას ბრალი ჰქონდა წარდგენილი მზია ამაღლობელის მიმართ, შეუსაბამო იყო მზია ამაღლობელის მიერ ჩადენილ ქმედებასთან მიმართებით – ეს ქმედება არ იძლეოდა სისხლის სამართლებრივ ინტენსივობას. იმისთვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის დანაშაულად სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული კონკრეტული მუხლით – ამ შემთხვევაში 353-ე პრიმა მუხლით [პოლიციელზე თავდასხმა] – აუცილებელია ქმედება იყოს მაღალი ინტენსივობის მქონე.

სილის გაწვნა კი ღირსების სიმბოლური აქტია. შეუძლებელია, ეს ქმედება ჩაითვალოს სისხლისსამართლებრივი ინტენსივობის ქმედებად.

ის მუხლი [353-ე მუხლი, წინააღმდეგობა], რომლითაც სასამართლომ დააკვალიფიცირა გუშინდელი განაჩენით ეს ქმედება, არამხოლოდ ინტენსივობით, არამედ შინაარსობრივად სხვა ტიპის ქმედებაა. აქ უკვე საუბარია განზრახვაზე: ბრალდებული ხელს უნდა უშლიდეს პოლიციელს ან აიძულებდეს მას სხვადასხვა ტიპის უკანონო ქმედებისკენ, ამ მიზნის მისაღწევად კი, ბრალდებული უნდა იყენებდეს ძალადობრივ ქმედებას.

ამ სახის ქმედებაზე მთელი პროცესის განმავლობაში არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია სასამართლოს. ასევე, ცხადია, რომ სასამართლო თავისით ვერ გააჩენს ვერანაირ მტკიცებულებას საქმეში.

  • მოსამართლეს არ აქვს სამართლებრივი შესაძლებლობა განაჩენი კანონიერად დაასაბუთოს?

სასამართლო თავისით ვერ გააჩენს ვერანაირ მტკიცებულებას, რომ ამა და ამ განზრახვით მოქმედებდა მზია ამაღლობელი. ეს მუხლი [სსკ-ის 353-ე მუხლი, წინააღმდეგობა] სასჯელის ნაწილში ნაკლებად მძიმეა, მაგრამ რეალურად ეს მუხლი კიდევ უფრო შეუსაბამოა იმ ქმედებასთან, რაც მზია ამაღლობელმა ჩაიდინა.

ჯერ არ გვინახავს ჩვენ სასამართლოს დასაბუთება, მაგრამ შეუძლებელია სასამართლოს ამ გადაწყვეტილების ადეკვატური, სამართლიანი დასაბუთება გამომდინარე იმ მტკიცებულებებიდან, რაც ამ საქმეში არსებობს.

ჩვენ უკვე ვნახეთ ამ საქმეში, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის მტკიცებულებები. ახალ მტკიცებულებებს და ახალ არგუმენტაციას მოსამართლე ამ საქმეში ვერ გააჩენს. არსებული მტკიცებულებებიდან და მხარეების პოზიციებიდან გამომდინარე კი, აქედანვე შეიძლება გვქონდეს მყარი ვარაუდი, რომ შეუძლებელია ეს გადაწყვეტილება იყოს დასაბუთებული.

გურო იმნაძე

სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში გამოჩნდება, რამდენად იყო ფაქტორი ის, რომ შედარებით მსუბუქ სასჯელს ითვალისწინებს 353-ე მუხლი.

როცა მოსამართლე ხედავს, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელი აშკარად არაპროპორციულია, მოსამართლე იყენებს საკანონმდებლო მექანიზმს, აჩერებს საქმის წარმოებას და კონსტიტუციური წარდგინებით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. ამ შემთხვევაში კონსტიტუციური წარდგინების მიზანი იქნებოდა იმის შემოწმება, რამდენად სამართლიანია და პროპორციულია სასჯელი, რომელიც გათვალისწინებული კონკრეტულ ქმედებაზე და ეს სასჯელი ხომ არ ლახავს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს?!

არათუ იურისტისთვის, საღად მოაზროვნე, საშუალო არითმეტიკული მოქალაქისთვისაც ცალსახაა, რომ სილის გაწვნაზე 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა აშკარად დისპროპორციული და შეუსაბამო სასჯელია.

  • განაჩენის დასაბუთება არ შეიძლება დაეყრდნოს არგუმენტს, რომ წინააღმდეგობის გაწევის მუხლი შედარებით ნაკლებად მძიმე სასჯელს ითვალისწინებს, ვიდრე თავდასხმის მუხლი?

რა თქმა უნდა, ეს არ არის კანონიერი. ეს თვითნებობაა რეალურად მოსამართლის მხრიდან, თვითნებობა კი ძალიან სახიფათოა მოსამართლის მხრიდან.

ეს არის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მოსამართლის მხრიდან. სამართლებრივად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის სამოსამართლეო თვითნებობა.

  • როგორ ისჯება მოსამართლის მხრიდან თვითნებობა? 

ეს უფრო სამოხელეო დანაშაულია. შეიძლება საქმე გვქონდეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან, ან უფლებამოსილების გადამეტებასთან.

ეს მძიმე მუხლებია და ბევრი ნიშანი სჭირდება დადასტურებას: მოსამართლისთვის მკაფიო უნდა იყოს ის, რომ ამგვარი გადაკვალიფიცირების უფლება მის კომპეტენციას სცდება. უნდა ჩანდეს, რომ მოსამართლემ აშკარად იცოდა, რომ, მაგალითად, ეს მუხლი არაფერ შუაშია, მაგრამ იმიტომ გამოიყენა, რომ ნაკლებ სასჯელს ითვალისწინებს – ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, შეიძლება ვილაპარაკოთ დანაშაულის კატეგორიაზე.

  • რას მოიაზრებს პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა? სილის გაწვნა პოლიციელისთვის რა სამართლებრივი ლოგიკით შეიძლება აღვიქვათ, როგორც წინააღმდეგობა? 

ამ მუხლის [სსკ-ის 353-ე მუხლი] მთავარი კომპონენტია პირის განზრახვა – სამართალდამცველს ხელი შეუშალოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში, ან აიძულოს კონკრეტული ქმედების ჩადენისკენ ძალადობრივი გზით.

მზია ამაღლობელს რომ კონკრეტული პირის დაკავების პროცესში პოლიციელისთვის გაერტყა ხელი, ფიზიკური ძალის გამოყენებით შეეჩერებინა სამართალდამცავი, რომელიც კანონიერ მოქმედებას ასრულებს, ამ შემთხვევაში გვექნებოდა წინააღმდეგობა, მაგრამ ჩვენ რადიკალურად განსხვავებული სურათი გვაქვს: მზია ამაღლობელი თავად გახდა პოლიციელების მხრიდან შეურაცხყოფის ადრესატი და მას ჰქონდა ერთგვარი რეაქცია ამ ქმედებით [სილის გაწვნა].

პირველი კურსის იურისტისთვისაც კი ძალიან მკაფიოა, რომ ეს მუხლი [სსკ-ის 353-ე] არაფერ შუაშია მზია ამაღლობელის მიერ ჩადენილ ქმედებასთან.

მეტიც: დაზარალებულად ცნობილი ირაკლი დგებუაძეც არ საუბრობს ამ საქმეში ამ კუთხით, რომ მზია ამაღლობელის ქმედებამ არსებითად შეაფერხა სამართალდაცვითი მოქმედებები, რომ მას სამართალდაცვითი ფუნქციის შესრულება შეეზღუდა თუნდაც ძალიან მცირე დროით.

ირაკლი დგებუაძის ჩვენების მთავარი აქცენტი იყო ლოყის სიწითლე და ტკივილის განცდა. ეს მათ სჭირდებოდათ იმისთვის, რომ 353-ე პრიმა მუხლი [პოლიციელზე თავდასხმა] დასაბუთებულიყო. ამიტომაც, იყო ამდენი აქცენტი ინტენსივობაზე, რომ ეს ქმედება ბატონი დგებუაძის თქმით ტკივილის მომტანი იყო – მნიშვნელოვანი ტკივილის მომტანი.

  • თქვენი დაკვირვებით, რის დემონსტრირება სცადა კვალიფიკაციის შეცვლით სასამართლომ და შესაბამისად „ოცნების“ რეჟიმმა? „ეს არ არის განაჩენი, ეს არის დასჯის აქტი“ – ამბობდა განაჩენის გამოცხადების შემდეგ მზია ამაღლობელის ერთ-ერთი ადვოკატი, მაია მწარიაშვილი 

ვეთანხმები იმ პოზიციებს, რასაც აჟღერებენ მზია ამაღლობელის ადვოკატები. ეს იყო სამაგალითო დასჯის აქტი და უნდა ვიცოდეთ, რომ სამაგალითო დასჯასაც აქვს თავისი საზღვრები და ფარგლები.

ნებისმიერ მოქალაქეს – იურისტის კვალიფიკაცია რომც არ ჰქონდეს – ჰუმანურობის პრინციპი კარნახობს, რომ სილის გაწვნისთვის 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა აბსოლუტურად არაგონივრული და არაპროპორციულია.

ამიტომაც მოხდა ასეთი მკაცრი სასჯელის მქონე მუხლიდან შედარებით რბილ მუხლზე გადაკვალიფიცირება. აღსანიშნავია, რომ თუ ჩავხედავთ ამ 353-ე მუხლს, რომლითაც დაკვალიფიცირდა მზია ამაღლობელის მიერ ჩადენილი ქმედება – სასჯელის სახით ითვალისწინებს არასაპატიმრო სასჯელს: შინაპატიმრობას, ჯარიმას, მოსამართლეს შეეძლო ეს გამოეყენებინა, მაგრამ არც ეს გააკეთა, რადგან ამ შემთხვევაში აუცილებელი იყო მზია ამაღლობელის სამაგალითო დასჯაც.

ვხედავდით ყველა, რამდენად მაღალი იყო პოლიტიკური წნეხი სასამართლოზე „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან. ვისმენდით, რომ მზია ამაღლობელი მოქმედებდა თითქოს დაკვეთით, „მოინანიოს და აღიაროს…“ ამ განცხადებების საპასუხოდ კი მზია ამაღლობელის პოზიციები მუდმივად პრინციპულია.

  • „ოცნების“ პრემიერმა არაერთხელ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია მზია ამაღლობელის მიმართ. თქვენი დაკვირვებით, ეს და ამ საქმის სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები რამდენად ზრდის შანსს, რომ მზია ამაღლობელმა სტრასბურგის სასამართლო მოიგოს? 

თავს ვიკავებ პროგნოზისგან, როცა საქმე ეხება ევროპულ სასამართლოს – ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით იღებს სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას, თუმცა ერთ-ერთი კომპონენტი არის ეს განცხადებები, რაც კეთდება საჯარო ფიგურებისგან.

ცხადია, რომ ამ პოლიტიკური განცხადებების მიზანი იყო, ერთის მხრივ, საზოგადოებრივი აღქმა გამრუდებულიყო მზია ამაღლობელის შესახებ, ამიტომაც, ვისმენდით განცხადებებს ფორსირებულ რეჟიმში, ხოლო მეორეს მხრივ, იმ სამართლებრივ სისტემაში, რაც ჩვენ გვაქვს, ეს იყო მკაფიო მესიჯი მოსამართლეებისთვის: რა ტიპის პოლიტიკური დაკვეთა არსებობს ამ საქმეზე.

  • ახსენეთ სამაგალითო დასჯა. თქვენი აზრით, რატომ არჩია „ოცნების“ რეჟიმმა მზია ამაღლობელის ციხეში გამოკეტვა 2 წლით და არა, მაგალითად, მინიმუმ 4 წლით? 

ცხადია, 4 წელი უფრო მკაცრია, ვიდრე 2 წელი, მაგრამ 2 წელი საპატიმრო სასჯელი ფაქტობრივად არაფრისთვის, ეს არის სამაგალითო დასჯა და მკაფიო მესიჯი ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე ფორმით პროტესტს გამოხატავს, შეიძლება მსგავსი რისკის ქვეშ დადგეს.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს საქმე არაა დამთავრებული: მათ ხელშია ისევ, მზია ამაღლობელი 2 წელი იქნება ციხეში, 4 წელი, თუ უფრო მეტი.

გადაკვალიფიცირება, ჩემი აზრით, არჩიეს იმიტომ, რომ ერთგვარი ბალანსია საჭირო, მათ შორის, ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების პირის წინაშე – „ოცნების“ ამომრჩევლისთვისაც შეიძლება გაუგებარი იყო ასეთი მკაცრი სასჯელი. ამ ერთგვარი დაბალანსების უკან – სადღაც წელიწად-ნახევარი დარჩა სასჯელის მოსახდელად და გამოვა – დგას სამაგალითო დასჯის მიზანი.

  • ეს განაჩენი გასაჩივრდება სააპელაციო წესით. რა მოლოდინის არსებობაა თქვენთვის ლოგიკური? 

ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი. მე გადაკვალიფიცირებასაც არ ველოდი.

აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში და ყველა შიდა მექანიზმი უნდა იქნას გამოყენებული, მაგრამ მოლოდინი ამ მიმართულებით უნდა გვქონდეს ფრთხილი და მოზომილი: არ ველოდები, რომ სააპელაციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც იქნება სამართლიანი და გამოვა გამამართლებელი განაჩენი.

ამ თემაზე:

„ეს გადაკვალიფიცირება ისეთივე უკანონოა, როგორც მზიას ციხეში გატარებული ყოველი დღე“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: