„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეზე საუბრისას განაცხადა, რომ ის არასდროს ყოფილა მისი ახლო მეგობარი.
ნიშნავს თუ არა მდინარაძის განცხადება იმას, რომ თორნიკე რიჟვაძე შესაძლოა ისევ იყოს ივანიშვილის მხრიდან ზეწოლის სამიზნე? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პარტია „ახლების“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი კირთაძეს ესაუბრა, პოლიტიკოსს, რომელიც კარგად იცნობს აჭარაში მიმდინარე პროცესებს.
- ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ, რატომ უარყო მდინარაძემ რიჟვაძესთან მეგობრობა. რაზე მეტყველებს ეს?
ვფიქრობ, ეს განცხადება უნდა განვიხილოთ პოლიტიკურ ჭრილში, რადგან კაცი, რომელიც ცოტა ხნის წინ თორნიკე რიჟვაძეს თავის მეგობრად ასახელებდა, რომელიც თურმე კონსულტაციებს გადიოდა და რჩევებს აძლევდა დანიშნულიყო თუ არა ელჩად რიჟვაძე და ასე შემდეგ, ახლა აკეთებს ასეთ განცხადებას, რომ თურმე რიჟვაძე აღარ ყოფილა მისი მეგობარი.
ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა თორნიკე რიჟვაძის „შეწყალებაზე“ და ალბათ რაღაც გაგრძელებას ვიხილავთ შემდეგი პროცედურების რიჟვაძესთან მიმართებაში.
ყოველ შემთხვევაში, ამ განცხადებით მე ასეთი წარმოდგენა მრჩება.

გიორგი კირთაძე/facebook
- არ შეწყალებაში რას გულისხმობთ, იმას, რომ რიჟვაძეზე შესაძლოა ისევ გაგრძელდეს ზეწოლა?
რა თქმა უნდა.
კობახიძის განცხადება ხომ გახსოვთ, მე და ჩემს გუნდს არანაირი პრეტენზია არ გვაქვს თორნიკე რიჟვაძის მიმართო. ამიტომ ვფიქრობ, რომ რიჟვაძის მიმართ ივანიშვილის მხრიდან შესაძლოა ზეწოლა კიდევ გაგრძელდეს.
- აქ იგულისხმება იმ თანხების ამოღება, რაზეც არაოფიციალურ საუბრებში იყო საუბარი?
რა თქმა უნდა.
- მდინარაძემ თქვა დღეს, რომ რიჟვაძეს ტელეფონი არ აქვს და ამიტომ ვერ ვეკონტაქტებიო. ეს რაზე მეტყველებს?
შესაძლოა იმიტომ არ ესაუბრება, რომ იცის ივანიშვილის პოზიცია მდინარაძემ.
ასევე, ის განცხადება, რომ არ არის რიჟვაძის მეგობარი და არც არასდროს ყოფილა, ალბათ ამის გაგრძელებაა. ამიტომ ვამბობ, რომ რიჟვაძეზე მომავალში კიდევ გაგრძელდება ზეწოლა ივანიშვილის მხრიდან– მეთქი.
- ხაბეიშვილი საუბრობდა მდინარაძის სტამბულში ჩასვლაზე და ასე შემდეგ. თქვენ ხომ არ გაქვთ რაიმე ინფორმაცია სად არის რიჟვაძე, ისევ კლინიკაშია თუ სადმე სხვაგან?
ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ამბავი, რომელიც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, მას შემდეგ რაც ის გადაიყვანეს თურქეთში, დანარჩენი ყველაფერი არის ხელისგულზე და ამას ბევრი წყაროც არ სჭირდება.
ფაქტია, რომ თორნიკე რიჟვაძეზე ხორციელდებოდა იმ ხარისხის ზეწოლა, რომ მას ესროლეს თუ თავად ისროლა, რომელი ვერსიაც არ უნდა იყოს, ეს შესაძლოა მხოლოდ და მხოლოდ მომდინარეობდეს ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ადამიანის მხრიდან და ეს არის ბიძინა ივანიშვილი.
და მდინარაძის ეს განცხადებაც, რაც დღეს გააკეთა, ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილს საქმის გარჩევა რიჟვაძესთან არ აქვს დასრულებული და სწორედ ამიტომაც დისტანციადა მისგან მამუკა მდინარაძე.
სამწუხაროდ, ასეთია რეჟიმის ბუნება და რეჟიმის შემადგენელი ჭანჭიკებიც ისე იქცევიან, რაც არაფერში არ ჯდება, ალბათ.
- საზოგადოებას ამ დრომდე არ მოუსმენია გამოძიების არცერთი ვერსია რიჟვაძის საქმეზე…
ის, რომ ამ დრომდე პროკურატურას, არცერთ უწყებას არანაირი განცხადებაც კი არ გაუკეთებია ამ საქმესთან მიმართებაში საზოგადოებისთვის, რომლისთვისაც, რა თქმა უნდა, ეს ძალიან საინტერესო თემაა, ხომ ცხადყოფს, რომ იქ რაღაც მნიშვნელოვანი დანაშაული მოხდა და ეს დანაშაული მოხდა რეჟიმის მხრიდან?! და ეს ჩემი აზრით, ეს პირდაპირ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს.
რა გამოძიება ამას სჭირდებოდა, სადაც სათვალთვალო კამერებითაა ყველაფერი აღჭურვილი. დაკითხეს ის ხალხი, ვინც ამ სათვალთვალო კამერებზე ჩანს? ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რა ვითარებაში მიმდინარეობდა რიჟვაძესთან საქმის გარჩევა – ამ ყველაფრის გარკვევას, მონდომების შემთხვევაში, არათუ რამდენიმე თვე, რამდენიმე საათიც არ დასჭირდებოდა.
- იმის ხაზგასმა მდინარაძის მხრიდან, რომ ის „ოცნების“ შს მინისტრთან მეგობრობს, რაიმე დატვირთვა აქვს ამ შემთხვევაში?
ეს საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, ის არასდროს უარყოფდა მასთან მეგობრობას, თუმცა არც რიჟვაძესთან მეგობრობას უარყოფდა ამ განცხადებამდე და ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ თორნიკე რიჟვაძე იყო მისი ახლო მეგობარი.
შს მინისტრი დღეს არის მათი გუნდის წევრი, თორნიკე რიჟვაძე კი ივანიშვილს მოძულებული ჰყავს და მასთან საქმის გარჩევის რეჟიმშია. ამიტომ, რეჟიმის საყრდენი ბურჯი იქნება მისი მეგობარი, ხოლო ის ადამიანი, ვისთანაც ივანიშვილს საქმე აქვს გასარჩევი, მათ შორის მომავალშიც, რა თქმა უნდა, აღარ არის მისი მეგობარი და შესაბამისად, დისტანცირდა მისგან.
ის, რომ რიჟვაძე თავისი ნებით არ დაბრუნდება საქართველოში, ფაქტია, მის სიცოცხლეს საფრთხე პირდაპირი მნიშვნელობით დაემუქრა, ამიტომ ლოგიკური იქნება, რომ ის არ დაბრუნდეს რეჟიმის პირობებში საქართველოში, თუ მას იძულებით არ დააბრუნებენ.






