„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, მისი მეგობარი არასდროს ყოფილა.
მისი თქმით, პროკურატურა რიჟვაძის საქმეზე მაშინ გააკეთებს განცხადებას, როცა მყარი მტკიცებულებები ექნება. ამის შესახებ მან 7 აგვისტოს თქვა ჟურნალისტებთან.
„შს მინისტრისგან გავიგეთ ის, რომ კამერები იყო (შემთხვევის ადგილზე) და კამერები ამოღებულია და მიდის ყველა სავარაუდო ვერსიაზე საუბარი.
მერე ათასი მანიპულაცია იყო, გეკა გელაძე იყო, მამუკა მდინარაძე და ეს სისულელე, ტყუილები ითქვა, მაგრამ რაც ჩვენ გავიგეთ, იქ იყო 4 თუ 5 ადამიანი, მათ შორის ორი ოჯახის წევრი თორნიკე რიჟვაძის და მასპინძლის ორი თუ ერთი მეზობელი, ეს არ ვიცი ზუსტად“ – თქვა მამუკა მდინარაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა ახლა თორნიკე რიჟვაძესთან კომუნიკაცია, მამუკა მდინარაძემ უპასუხა, რომ არა -„ახლა არა“.
ასევე, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ მოიკითხა მეგობარი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის შემდეგ, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ რიჟვაძე მისი მეგობარი არასდროს ყოფილა:
„უახლოესი მეგობარი არასდროს არ ყოფილა. თანაგუნდელი…“ – დააზუსტა მან.
სამაგიეროდ, მამუკა მდინარაძე არ უარყოფს „ოცნების“ შს მინისტრთან მეგობრობას.
„გეკა გელაძე ჩემი მეგობარია და თორნიკე რიჟვაძე უახლოესი მეგობარი არასდროს არ ყოფილა. ვმეგობრობდით. მეგობრობის ხარისხზე როგორ ვილაპარაკო“ – თქვა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის თქმით, თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მყოფი თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობას ყოველ დღე კითხულობს მისი ოჯახის წევრებთან:
„მოვიკითხე ბევრჯერ, პირადად ვერ მოვიკითხე იმიტომ, რომ არ აქვს მას ტელეფონი და კომუნიკაცია საზოგადოებასთან. მისი ოჯახის წევრებთან გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია და ვიგებთ მდგომარეობის შესახებ ამბავს და ვიცით, რომ არის უკეთ და უკეთ“.
- რა ხდება?
7 ივლისს შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობაზე.
თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით შეიყვანეს კლინიკაში. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას ფილტვი ჰქონდა დაზიანებული.
მომხდარიდან მალევე პროსახელისუფლებო მედიებმა გაავრცელეს წერილი, რომელიც თითქოს თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა და რომელშიც რიჟვაძე ბიძინა ივანიშვილსა და კობახიძეს ოჯახის დაცვას სთხოვდა. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა საგარეჯოში, ბათუმის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი უფროსის, ალექსი ახვლედიანი სახლში სცადა.
სამართალდამცველებმა ახვლედიანი იმავე დღეს დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ალექსი ახვლედიანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით ედავება. 8 ივლისს გამართული სასამართლო სხდომიდან ალექსი ახვლედიანი 30 000 ლარი გირაოთი გაათავისუფლეს.
თორნიკე რიჟვაძეს პირველი სასწრაფო ოპერაცია საგარეჯოს კლინიკაში გაუკეთეს, შემდეგ კი ის თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან თორნიკე რიჟვაძე, როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა განმარტა, ოჯახის მოთხოვნით სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.
თორნიკე რიჟვაძემ აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა 2025 წლის აპრილში დატოვა. მან თანამდებობის დატოვების შესახებ ფეისბუქგვერდზე დაწერა.
თანამდებობის დატოვებიდან მალევე გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ თორნიკე რიჟვაძეს „ფულს სთხოვდნენ“ და არაოფიციალურად დაკავებული ჰყავდათ მამამისიც, დავით რიჟვაძეც.
9 ივლისს არალეგიტიმური მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძის სანახავად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა, იქ მან არაერთხელ გაიმეორა, რომ გამოძიების დეტალებზე ვერ ისაუბრებდა, მაგრამ თვითმკვლელობის მცდელობაში ირიბად დაადანაშაულა მედია.
10 ივლისს კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიმართ „მას და მის მეგობრებს“ „არავითარი პრეტენზია არ აქვთ“.






