ეროვნული ბანკი: საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 17,5 მილიარდი აშშ დოლარია

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2018 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 17,5 მილიარდი აშშ დოლარი [42,2 მილიარდი ლარი] შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მთლიანი შიდა პროექტის [მშპ] 111,5 პროცენტია.

2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 192,6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან:

[checklist]

  • საკურსო ცვლილებების გამო – 238,3 მლნ აშშ დოლარით,
  • ოპერაციული ცვლილებების გამო – 21 მლნ აშშ დოლარით.

[/checklist]

ამავდროულად, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ფასის და სხვა ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად 57 და 9,7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

მთლიანი საგარეო ვალიდან სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7,4 მლრდ აშშ დოლარი, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5,4 მლრდ აშშ დოლარი, ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 297,7 მლნ აშშ დოლარი, ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად – 824,5 მლნ აშშ დოლარი და 892,2 მლნ აშშ დოლარი.

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3,8 მლრდ აშშ დოლარი, სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 5,4 მლრდ აშშ დოლარი და კომპანიათაშორისო ვალმა – 2,6 მლრდ აშშ დოლარი.

მთლიანი საგარეო ვალის 90.9 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

ეროვნული ბანკის განცხადებით, „მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო [სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი] და კერძო სექტორის [საბანკო და სხვა სექტორები] საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის“ – 2003, შესაბამისად“.

ამავე თემაზე:

თქვენ ხუთი ათასი ლარი ვალი გაქვთ

წყალი „ბაკურიანის“ სათამაშო ბოთლები დღეიდან თაროებზეა

„საყვარელი გმირები სულ შენთან ერთად“ –  პირველად საქართველოში, წყალი „ბაკურიანი“ სათამაშო ბოთლების წარმოებას იწყებს, რომლის ეტიკეტის შეფუთვაც უოლტ დისნეის   გმირებით იქნება გაფორმებული. კომპანია IDS ბორჯომი საქართველომ კომპანია უოლტ დისნეი დსთ-სთან თანამშრომლობის ხელშეკრულება  2018 წელს გააფორმა, რომლის მიხედვით კომპანიას დისნეის პორტფოლიოში არსებულ გმირებზე გამოყენების ლიცენზია ენიჭება.

დღეიდან,  ყველასათვის საყვარელი გმირები –  ელზა, ანა და ოლაფი დისნეის Frozen-დან  და რკინის კაცი, ჰალკი და თორი მარველის Avengers-დან, ბავშვების საყვარელი წყლის, „ბაკურიანის“ განუყოფელი ნაწილი გახდება.

„საბავშვო სეგმენტი ჩვენთვის სიახლე არ არის, „ბაკურიანი“ ციდას გამოსვლის შემდეგ, მომხმარებლისგან დიდი მოთხოვნა და პოზიტიური გამოხმაურება გაჩნდა. გამოიკვეთა, რომ ბავშვთა წყლის სეგმენტი საკმაოდ მოთხოვნადი და მზარდია.  „ბაკურიანი“ ყველაზე ჯანმრთელი, ბავშვებისთვის აუცილებელი და საყვარელი წყალია, დისნეის ფილმებზე კი თაობები იზრდებიან, ამიტომ გადავწყვიტეთ სასარგებლო სასიამოვნოსთვის შეგვეთავსებინა და ჩვენი მომხმარებელი კიდევ ერთხელ გაგვეხარებინა.  „დალიე და ითამაშე“ სწორედ ესეთია ჩვენი კომუნიკაციის მესიჯი და მიზანიც“ – აცხადებს „ბაკურიანის“ ბრენდ მენეჯერი სალომე ბეჟიტაშვილი.

„ბაკურიანის“ სათამაშო ბოთლები,  0.33ლ სპეციალურ შეფუთვაში, ბორჯომის N2 ჩამომსხმელ ქარხანაში ისხმება. აღსანიშნავია, რომ  „ბაკურიანი“ ოპტიმალური რაოდენობის მინერალური კომპლექსებით გაჯერებული, ნატურალური მინერალური წყალია. უნიკალური შემადგენლობიდან გამომდინარე,  ის საუკეთესოა აქტიური ცხოვრების წესის მოყვარული ადამიანებისთვის.

კომპანიის შესახებ:

„ბაკურიანის“ მწარმოებელი კომპანია IDS ბორჯომი საქართველოა, რომელიც საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International-ის შემადგენელი ნაწილია. კომპანია ქართული მინერალური წყლების ბაზრის უპირობო ლიდერია, როგორც წარმოებული მინერალური წყლის მოცულობით, ასევე, წარმოებაში დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეებით.  ბაზარზე კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია მინერალური წყლის შემდეგი ბრენდებით: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.

სამუდამო პატიმრობამისჯილი პატიმრები პარლამენტის წინააღმდეგ

9 პატიმარი, ვისაც უვადოდ თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს. სასამართლოს პირველი კოლეგია განმწესრიგებელ სხდომაზე მსჯელობს, დაუშვებს თუ არა არსებითად განსახილველად სამუდამო პატიმრობამისჯილი პატიმრების სარჩელს.

დავის საგანი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონია, რომელიც მოსარჩელეების აზრით, არღვევს სასჯელის ზომისა და სახის ნიშნის საფუძველზე მოსარჩელეთა თანასწორობის უფლებას.

მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმები ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც სასჯელად უვადოდ თავისუფლების აღკვეთა აქვთ განსაზღვრული, თუმცა მათ სასჯელი ფაქტობრივად არ უმცირდებათ და მაინც უვადოდ თავისუფლების აღკვეთა რჩებათ შეფარდებული, როდესაც იმავე დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირებს, რომელთაც დაენიშნათ შესაბამისი ვადით თავისუფლების აღკვეთა, დანიშნული სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდათ.

„მართალია, საბოლოო ჯამში საკონსტიტუციო სასამართლოს შესაფასებელია თუ რამდენად  პირდაპირია ან ირიბი დისკრიმინაცია  აღნიშნულ შემთხვევაში და დიფერენციული მოპყრობა კლასიკური. რამეთუ, მართალია, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის დანაწესი არ მიუთითებს სასჯელის ზომისა და სახის ნიშნით დიფერენცირების აკრძალვაზე, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ  თავის არაერთ პრეცედენტული შინაარსის გადაწყვეტილებაში არაორაზროვნად ჩამოაყალიბა საკუთარი პოზიცია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის ფარგლებთან დაკავშირებით,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სარჩელში.

თუკი საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, პარლამენტს „ამნისტიის შესახებ“ კანონის შეცვლა მოუწევს.

უახლოესი დღეების ამინდი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2-3 ივლისს ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 27  – 32  გრადუსი  
  • ღამით: 20 – 25 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 25 – 30  გრადუსი 
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი 

ტალღის სიმაღლე 7-12 დმ (2-3 ბალი) იქნება. ზღვის წყლის ტემპერატურა 26.6 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს ღამის საათებში მოსალოდნელია ზოგან ელვა-ჭექა და ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

რატომ მიესალმა აჭარის განათლების მინისტრი რუსულად ფესტივალის მონაწილეებს

„მე ქართულად დავიწყე მისალმება და თარგმანი რომ არ გაჭიანურებულიყო, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვუთხარი რუსულად და მე მგონი პრობლემა არ არის“, – განაცხადა აჭარის განათლების მინისტრმა ინგა შამილიშვილმა „ბათუმელებთან“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, უნდა მიმდინარეობდეს თუ არა საერთაშორისო ფესტივალი რუსულ ენაზე იმ ქვეყანაში, რომლის 20 პროცენტიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და თითქმის ყოველდღე იტაცებენ ადამიანებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, საოკუპაციო ხაზიდან? ინგა შამილიშვილი ამბობს: „ამაზე გავაკეთე კომენტარი ტელევიზიებთან“.

განათლების მინისტრი რუსულად ბათუმში, ევროპის მოედანზე, 30 ივნისს გამართული ფესტივალის მონაწილეებს მიესალმა.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით კი, მინისტრი ფესტივალის მონაწილეებს მიესალმა ქართულად და რუსულად მხოლოდ მადლობა გადაიხადა, როცა ის დააჯილდოვეს ორგანიზატორებმა: „პატივისცემის ნიშნად, რუსულად გადაუხადა მადლობა“.

ფესტივალი ბათუმში 30 ივნისს რუსულ ენაზე მიმდინარეობდა, პარალელურად ისმოდა ქართული თარგმანიც.

ამავე თემაზე:

ფესტივალი ბათუმში რუსულ ენაზე, ქართული თარგმანით

შსს: დღეიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი 250 ლარით მოემატა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2018 წლის 1 ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი 250-250 ლარით გაეზარდა. პოლიციელებისთვის ხელფასის გაზრდაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, 19 ივნისს, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული პოლიციელის სოციალური უზრუნველყოფის და სოციალური გარანტიების კომპონენტი. ამიტომ დღეს შემიძლია გითხრათ, პირველი ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი გაეზრდება 250 ლარით. ეს არის ის მინიმუმი, რაც ჩვენ შეგვეძლო და გავაკეთეთ დღეს. ყველა ის ნაბიჯი, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, დიდწილად არის იმ საბიუჯეტო ეკონომიების ხარჯზე გაკეთებული, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ამ 6-7 თვის განმავლობაში,“ – თქვა მაშინ გიორგი გახარიამ.

მინისტრის განცხადებით: „250 ლარი დღევანდელი ხელფასიდან გამომდინარე, არ არის იდეალური, თუმცა ეს არის, რაც ჩვენ დღეს შევძელით. ჩვენ ამას გავაგრძელებთ მომავალი წლიდანაც… ჩვენ წელს სოციალური კომპონენტის, ასე ვთქვათ, გასაძლიერებლად შინაგან საქმეთა სამინისტროში დავიწყებთ ბინათმშენებლობის ახალ პროგრამას, რომელიც მოიცავს თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, ზუგდიდს და რუსთავს. ეს იქნება ის კომპონენტი, რომელიც გაზრდის სოციალურ გარანტიებს თითოეული პოლიციელისათვის და მათ თავიანთი ცხოვრების გრძელვადიანი დაგეგმარების საშუალებას მისცემს“.

 

შსს: ძმამ და ჩაქუჩით მოკლა და ეზოში დამარხა – საქმე გახსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1938 წელს დაბადებული რ.თ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის ფინანსთა სამინისტროს პრიორიტეტული სექტორების გამოსავლენად დახმარება დასჭირდა

სამი პრიორიტეტული სექტორის გამოსავლენად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბიუჯეტიდან 120-მდე ლარს დახარჯავს. შესაბამის კვლევაზე სავარუდოდ შპს „სავი“ იმუშავებს. კომპანიამ კვლევის მომზადება სამინისტროს 118 500 ლარად შესთავაზა. კვლევის შესყიდვის მიზნით სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი 20 ივნისს გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, გამარჯვებულმა საკონსულტაციო კომპანიამ უნდა გამოავლინოს და შეისწავლოს ეკონომიკის არანაკლებ სამი პრიორიტეტული სექტორი და თითოეული სექტორის არანაკლებ ოთხი ქვესექტორი, ასევე, აღმოაჩინოს თითოეული ქვესექტორის აუთვისებელი შესაძლებლობები და მოამზადოს ერთი კონკრეტული საინვესტიციო პროექტი, რომელსაც შემდგომში სამინისტრო პოტენციურ ინვესტორებს შესთავაზებს.

სამინისტროს მოთხოვნით, შეთავაზებაში ნათლად უნდა იყოს ჩამოყალიბებული საკონსულტაციო მომსახურების ხედვა. მკაფიოდ უნდა ჩანდეს თითოეულ ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოები და ამ სამუშოების შესაბამისობა ეტაპის მიხედვით დასახულ ამოცანასთან. ამასთანავე, შეთავაზებაში უნდა ჩანდეს თითოეული ეტაპის დასრულების შემდეგ კონკრეტულად რა შედეგის მიღწევა იქნება შესაძლებელი;

ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა. ერთ-ერთმა დისკვალიფიკაცია მიიღო, ამ დროისთვის ინფორმაცია გამარჯვებულის შესახებ სატენდერო კომისიას ჯერჯერობით არ გამოუვლენია, თუმცა სავარაუდოდ გამარჯვება მეორე მონაწილეს, შპს „სავი“-ს დარჩება.

 

 

აჭარის განათლების სამინისტრო სეზონური სკოლის მოწყობას გეგმავს

აჭარის განათლების სამინისტრო 2 აგვისტოდან  2 სექტემბრამდე საზაფხულო სკოლის მოწყობას გეგმავს.

ღონისძიებების ორგანიზების შესყიდვის მიზნით სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი 29 ივნისს გამოაცხადა.  შესყიდვის ღირებულება 130 000 ლარია.  ამ თანხაში უნდა შევიდეს მოწვეული სტუმრების სასტუმროს მომსახურებისა და მგზავრობის ხარჯებიც.

სამინისტრო ტენდერში გამარჯვებული პირისგან, სხვა საორგანიზაციო საკითხებთან ერთად, ითხოვს ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, მანანა თანდაშვილის ან ანალოგიური კვალიფიკაციისა და პროფესიული საქმიანობის მქონე პირის მოწვევას და ჰონორარის სახით 2000 ლარის შეთავაზებას.

სამინისტრო ასევე ითხოვს ამავე უნივერსიტეტის მეცნიერ თანამშრომლის, სალომე გოლამის,  ლიდსის უნივერსიტეტის გამოყენებითი და კორპუსლინგვისტიკის ცენტრის მეცნიერ თანამშრომელის რობერტ მაკდონალდ ლოვის,  ან ანალოგიური კვალიფიკაციისა და პროფესიული საქმიანობის მქონე პირის მოწვევას. ამ პირებისგან კი თანამშრომლეობაზე თანხმობა სამინისტროს უკვე აქვს.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, სეზონურ სკოლასა და კონფერენციაში  55  პირი მიიღებს მონაწილეობას.

სერ ელტონ ჯონის კონცერტი შეკვეთილში [+ფოტო]

ბრიტანელმა მუსიკოსმა სერ ელტონ ჯონმა, 30 ივნისს, საკუთარ ბენთან ერთად  შეკვეთილში Black Sea Arena-ზე ორსაათიანი კონცერტი გამართა.

ელტონ ჯონი შეკვეთილში / ია ფრანგიშვილის ფოტო

„ბლექ სი არენას“ კარი საღამოს , დაახლოებით ექვს საათზე გაიღო. კონცერტის დაწყებამდე ადგილზე მისული მაყურებლისთვის,  დიდ ეკრანზე არგენტინა–საფრანგეთის თამაშიც უჩვენეს.

როგორც აღმოჩნდა, სერ ელტონ ჯონი ფეხბურთის დიდი მოყვარულია. კომპანია „ისთერნ პრომოუშენის” ინფორმაციით  მათ მუსიკოსის სხვა მოთხოვნებთან ერთად, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინება მოუხდათ – მომღერლის კულისებში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ტელევიზორი, რომელშიც მუდმივად სპორტული არხები იქნებოდა ჩართული.

ელტონ ჯონი / ია ფრანგიშვილის ფოტო

სანამ სცენაზე ელტონ ჯონი გამოვიდოდა მსმენელის გახურებაზე ნიუ იორკული კლუბის − Groove-ის ჯაზბენდი Kennedy Administration-ი წარსდგა.

გრემის ჯილდოს ექვსგზის მფლობელი, ბრიტანელი მუსიკოსი „Wonderful Crazy Night “-ის პროგრამით საქართველოს პირველად ეწვია. ელტონ ჯონმა ქართველი მსმენელის წინაშე შეასრულა, როგორც ცნობილი ჰიტები “Sorry seems to be the hardest word“, “I want love“, “Your song“… ასევე, სიმღერებi ბოლო სტუდიური ალბომიდან – „Wonderful Crazy Night“.

ელტონ ჯონის მსგავსად, ფეხბურთის მხურვალე გულშემატკივრები დარბაზშიც ისხდნენ, ზოგიერთი მათგანი საყვარელი მომღერლიმოსმენის პარალელურად, საყვარელი ფეხბურთის გუნდის თამაშსაც ადევნებდა თვალს:

 

კონცერტის მსვლელობისას ბენდის წევრებმა მსმენელებს გიტარის მედიატორისა და დასარტყამი ინსტრუმენტის ჯოხების სახით, სუვენირები დაუტოვეს.

კონცერტის დასრულების შემდეგ, მსმენელის თხოვნით სერ ელტონ ჯონმა კიდევ ერთი კომპოზიცია შეასრულა, შემდეგ კი სცენიდან ავტოგრაფებიც კი დაარიგა.

 

ელტონ ჯონი “ბლექ სი არენაზე” / ია ფრანგიშვილის ფოტო

საქართველოში ჩატარებული კონცერტის შემდეგ, სერ ელტონ ჯონი თავის კარიერაში უკანასკნელ ტურნეს იწყებს. გამოსამშვიდობებელი ტურნე Farewell Yellow Brick Road-ი 2018 წლის 8 სექტემბერს აშშ-ში დაიწყება და მის ფარგლებში ხუთ კონტინენტზე 300 შოუ გაიმართება. ტურნე 2021 წელს დასრულდება. როგორც თავად მუსიკოსმა სპეციალურ შეხვედრაზე გამოსვლისას თქვა, სიმღერების წერას იგი კვლავ განაგძობს, თუმცა კონცერტებს მსოფლიოს მასშტაბით აღარ გამართავს. ამის მიზეზად, მან ცხოვრებისეული პრიორიტეტებისშეცვლა დაასახელა.

ელტონ ჯონი “ბლექ სი არენაზე” / ია ფრანგიშვილის ფოტო

ბლექ სი არენაზე ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტი დრესაც გაიმართება.

ელტონ ჯონი “ბლექ სი არენაზე” / ია ფრანგიშვილის ფოტო
ია ფრანგიშვილის ფოტო
ია ფრანგიშვილის ფოტო
ელტონ ჯონის კონცერტი “ბლექ სი არენაზე” / ია ფრანგიშვილის ფოტო
ია ფრანგიშვილის ფოტო

ურეკში, ზღვაში მოზარდი დაიხრჩო

დღეს, პირველ ივლისს, დილით, ურეკში, ზღვაში 16 წლამდე ასაკის ბიჭი დაიხრჩო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მესაკუთრეს ძეგლზე ორი სართულის დაშენება სურს

ბათუმში, მემედ აბაშიძის #40 -ში, ბიზნესმენ რუსლან კაკაბაძეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ორი სართულის დაშენება სურს, ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში დაგვიდასტურეს. ბიზნესმენმა სააგენტოს შესაბამისი პროექტის ესკიზი უკვე წარუდგინა.

სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მირზა ცეცხლაძის ინფორმაციით, სააგენტოს საბჭომ მას ესკიზი დაუწუნა და რეკომენდაციები მისცა.

ბათუმის ცენტრში მდებარე საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი შენობა და გამწვანებული ეზო, ჯამში 1128 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი და 664,8 კვადრატული მეტრი შენობა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირობიანი აუციონის წესით მილიონ 755 000 ლარად გაყიდა.

მესაკუთრეს, მთავრობასთან დადებული პირობის თანახმად, უკვე უნდა დაეწყო შენობის სარემონტო სამუშაოები, თუმცა ამ დროისთვის მას მხოლოდ ღობის რესტავრაციაზე აქვს  ნებართვა.

ამავე თემაზე: სამინისტრო ძველ ბათუმში ძეგლს 1,72 მილიონ ლარად ყიდის

 

ფესტივალი ბათუმში რუსულ ენაზე, ქართული თარგმანით

ბათუმში, ევროპის მოედანზე დადგმული სცენიდან დღეს, 30 ივნისს, ძირითადად, რუსულ ენაზე ისმოდა საუბარი და სიმღერა.  აქ ფესტივალი -„ოცდამეერთე საუკუნის ბავშვები“ გაიმართა. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალს ექვსი ქვეყნიდან ჰყავს მონაწილეები: ლატვიიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, რუსეთიდან და საქართველოდან.

ფესტივალი წამყვანს რუსულ ენაზე მიჰყავდა, ქართველი თანაწამყვანი კი, ძირითადად, რუსულიდან ქართულად თარგმნიდა მის ტექსტს.

ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვახტანგ ბერიძე ამბობს, რომ ეს საერთაშორისო ფესტივალია და ფესტივალის ენა განსაზღვრული არ არის:

„ეს არის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც მანამდე ჩატარებულია საფრანგეთში, იტალიაში, პოლონეთში, რუმინეთში, ლატვიაში, ლიტვაში, თურქეთში, მსოფლიოს 27 ქვეყანაში, მათ შორის ისეთ ქვეყნებში, სადაც რუსეთის მიმართ ჩვენზე დიდი აგრესია აქვთ. მაგალითად პოლონეთში ეს ფესტივალი სამჯერ ჩატარდა. რაც შეეხება რუსულ ენას და იმ აჟიოტაჟს, რაც არის ატეხილი სოციალურ ქსელებში, კარგი მსმენელი გაიგებს, რომ რუსულენოვანი ტექსტებით საუბრობენ საქართველოზე, ღირშესანიშნაობებზე და ა.შ.  წამყვანი არ არის რუსი, არის ბელორუსი… ბელორუსებს, აზერბაიჯანელებს და სხვებს, რომლებიც რუსულად საუბრობენ და მღერიან, ჩვენ ვერ ავუკრძალავდით არ გამოიყენონ რუსული ენა, ასეთი რამ არ ხდება“, – ამბობს ვახტანგ ბერიძე.

ფესტივალის ერთ-ერთი მხარდამჭერად აჭარის მთავრობაა მითითებული. აჭარის მთავრობის პრესსამსახურში ამბობენ, რომ მათი ჩართულობა ნომინალური იყო და მხოლოდ საინფორმაციო მხარდაჭერაში გამოიხატებოდა.

„გვთხოვეს ნომინალური მხარდაჭერა. ეს არის კერძო ფესტივალი, თვითდაფინანსებით. საორგანიზაციო საკითხებში არ ვყოფილვართ ჩართული. ვიცოდით, რომ იყო რუსულენოვანი ქვეყნები, ეს ჩვენი მეზობელი ქვეყნებია და მათ შორის მონაწილე იყო რუსეთიც. სხვა ტიპის კავშირი ამ ფესტივალთან აჭარის მთავრობას აქვს“, – გვითხრეს აჭარის მთავრობის პრესსამსახურში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფესტივალის ფინანსურ მხარდამჭერად ივენთკომპანია „GEO STUMARI“ იყო დასახელებული, თუმცა ეს კომპანია ღონისძიების ადგილზე შემსრულებელია და არა ფინანსური მხარდამჭერი. ეს „ბათუმელებთან“ „GEO STUMARI“-ის დირექტორმა, მალხაზ ბაბლუანმა დაადასტურა.

კითხვას, რატომ არის ფესტივალზე რუსული ენა წამყვანი და არა სახელწიფო, ქართული ენა, მაშინ როცა ფესტივალის მაყურებლებიც ქართველები უნდა იყვნენ, მალხაზ ბაბლუანი ასე პასუხობს:

„პოსტსაბჭოთა სივრციდან არიან მონაწილეები, უმეტესობა რუსულად საუბრობს და სხვა ენაზე მათთან კომუნიკაცია ვერ შედგებოდა. ქართულ ენაზეც იყო ყველაფერი, ორივე ენაზე.“

პროექტი – „ოცდამეერთე საუკუნის ბავშვები“, რუსეთში შეიქმნა. პროექტის ორგანიზატორი რუსული ტურკომპანია „პირამიდა ტურია“. როგორც პროექტის ვებგვერდზეა აღნიშნული, ფესტივალის მიზანია რუსეთისა და „ესენგეს“ ქვეყნების ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედების გაცნობა ევროპისა და სხვა ქვეყნებისათვის.

21 კილომეტრი ცურვით, ხელების გამოყენების გარეშე – ბეგლარ ელბაქიძე რეკორდისთვის ემზადება

58 წლის მოცურავე ბეგლარ ელბაქიძე აჭარაში მორიგი რეკორდის დამყარებას აპირებს – იგი გეგმავს ბათუმიდან ქობულეთამდე ე.წ. ვერტიკალური ცურვით ჩავიდეს და გააუმჯობესოს გასულ წელს დამყარებული რეკორდი. ცურვის ამ სახეობის დროს არ გამოიყენება ხელები, ლასტები და სხვა საცურაო აღჭურვილობა. ბეგლარ ელბაქიძეს ორივე ხელში დროშა ექნება და ისე დაფარავს ცურვით დისტანციას ბათუმიდან ქობულეთამდე.

„21 კილომეტრი უნდა გავცურო შეუჩერებლად ბათუმიდან ქობულეთამდე. ვფიქრობ, 10-11 საათი დამჭირდება. უკვე ორი კვირაა ბათუმში ვარ და ვემზადები“ – უთხრა ბეგლარ ელბაქიძემ „ბათუმელებს“.

ვერტიკალური ცურვა, ხელების გამოყენების გარეშე, ბეგლარ ელბაქიძემ ჯერ კიდევ ბავშვობაში ისწავლა, ხაშურის სოფელ გომში, მდინარე მტკვარში:

„სახლიდან ასიოდე მეტრში მოედინება მტკვარი. ბავშვობიდან ასე ვცურავ, არავის არ უსწავლებია არასდროს, ისე გამოვიდა, რომ ხელში ხან ქვები მეჭირა, ერთი ნაპირიდან მეორეზე გადამქონდა, ვთამაშობდით ბავშვები და ასე ვისწავლე. ნახევარი სოფელი ასე ცურავს ჩვენთან, თუმცა დიდხანს ამ ფორმით ცურვა ბევრს არ შეუძლია. 2006 წელს, თბილისის ზღვაში ვცურავდი, ცალ ხელში ტელეფონი მეჭირა, მეორეში – სიგარეტი. მაშინ შემამჩნიეს სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა“ – გვიყვება ბეგლარ ელბაქიძე.

2007 წელს ბეგლარ ელბაქიძემ ხელების დახმარების გარეშე თბილისის ზღვაზე 8 კილომეტრი გაცურა. ეს დისტანცია მან 3 საათსა და 28 წუთში, ლასტებისა და სპეციალური კოსტიუმის გარეშე, ხელაწეულმა გადაცურა, მას ცალ ხელში მობილური ტელეფონი, მეორეში კი საქართველოს დროშა ეჭირა.

ცურვის გარდა ბეგლარი მუსიკითაა დაკავებული, ამბობს რომ კლავიშიან ინსტრუმენტებზე უკრავს.

ბეგლარ ელბაქიძე რეკორდის დამყარებას წელს, აგვისტოში აპირებს. ზუსტი თარიღი, როდის დაფარავს თვითნასწავლი სპორტსმენი 21 კილომეტრს ბათუმიდან ქობულეთამდე, ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, ეს აგვისტოს ბოლოს მოხდება.

გაშიშვლება, „ბუქნები” და კამერები საპირფარეშოში – რა ხდება საპატიმროებში?

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ დაასრულა მონიტორინგი პენიტენციურ სისტემაში და სპეციალური ანგარიშიც წარმოადგინა – „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“.

მონიტორინგის ჯგუფი 119 პატიმარს გაესაუბრა, პატიმრებს საშუალება ჰქონდათ სპეციალურად შედგენილი კითხვარის მეშვეობით მიეღოთ მონაწილეობა გამოკითხვაში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში“ ნათქვამია, რომ N8 და N11 დაწესებულებაში არ არის სკანირების აპარატები. შესაბამისად, არასრულწლოვნების პირადი, სრული დათვალიერებისას მათ აშიშვლებენ.

გარდა იმისა, რომ სრული შემოწმებისას აშიშვლებენ N11 და N8 დაწესებულებებში არასრულწლოვნებს, მათ ასევე ე.წ. „ბუქნების გაკეთებაც“ უწევთ სრული შემოწმების მიზნით.

პატიმართა სრული შემოწმება პენიტენციურ სისტემაში ადამიანის პატივისა და ღირსების პატივისცემის პირობებში უნდა ხდებოდეს.

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი აღნიშნავს, რომ პირის სრული შემოწმებისას, დაუშვებელია სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება. მსგავსი შემოწმებები პენიტენციურ სისტემაში ადამიანის პატივისა და ღირსების პატივისცემის პირობებში უნდა ხდებოდეს.

პრობლემურია  ასევე, გაშიშვლების მეთოდი ქალთა N5 საპყრობილეში. კერძოდ, გაშიშვლებისას ქალ პატიმრებს სთხოვენ ტანსაცმლის ერთბაშად და არა ნაწილ-ნაწილ გახდას, რაც ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის მიერ დადგენილ სტანდარტებს.

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ქალთა დაწესებულებაში პატიმრების კვების რაციონში არ შედის ხილი და საპატიმროს მაღაზიაში, სადაც მათ პროდუქტისა და ჰიგიენური საშუალებების ყიდვა უწევთ, სამოქალაქო ფასებთან შედარებით ფასები 10-20%-ით მაღალია.

დედათა და ბავშვთა განყოფილებაში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს კანალიზაციის სისტემის გაუმართაობის შედეგად დერეფანსა და ოთახების ნაწილში დამდგარი მძიმე სუნი.

ანგარიშის მოსამზადებელი მონიტორინგის პერიოდში, გამოკითხვით ასევე გამოვლინდა, რომ N8 და N11 დაწესებულებებში არასრულწლოვნებს დეტალურად არ განუმარტავდნენ მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.

N8 დაწესებულებაში არ არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები საპირფარეშოებში, საცხოვრებელი საკნების იატაკი ბეტონისაა, ფანჯრები და რაფები დაბინძურებულია და არ იწმინდება. მსჯავრედებულ არასრულწლოვნებს არ აქვთ საკმარისი დრო სუფთა ჰაერზე გასატარებლად, რაც დროთა განმავლობაში ცუდად აისახება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ფსიქიკაზე.

დეესკალაციის ოთახებში ერთად უწევდათ ყოფნა სრულწლოვან და არასრულწლოვან პატიმრებს რიგ შემთხვევებში. კანონის მიხედვით კი პენიტენციურ სისტემაში მათ ერთმანეთთან კავშირი არ უნდა ჰქონდეთ. დეესკალაციის ოთახებში პატიმრებს შეზღუდულად მიეწოდებათ პირადი ჰიგიენის დაცვისა და ჭურჭლის სარეცხი საშუალებები.

დეესკალაციის ოთახებში მეთვალყურეობის სისტემის კამერა დამონტაჟებულია ისე, რომ ოთახის ტუალეტის ნიჟარა მოქცეულია ვიდეოკამერების ხედვის არეალში. ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასების მიხედვით, ეს ფაქტი უტოლდება არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, რაც ყოვლად დაუშვებელია.

გარდა ზემოთჩამოთვლილი საკითხებისა, 40-გვერდიან ანგარიშში ცალკეა გამოყოფილი უცხოელი პატიმრების პრობლემები, რომლებსაც ენობრივი ბარიერის გამო აქვთ საკნებში კომუნიკაციის დეფიციტი. მათ შეზღუდულად რეკავენ ახლობლებთანაც, რადგან ზარები საზღვარგარეთ საკმაოდ ძვირია და პატიმრებს ამის საშუალება ხშირად არ აქვთ. ასევე ცალკე საკითხებადაა განხილული სამედიცინო დახმარების არასრულყოფილების, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების სიმცირე, საკანში მოქმედი სარეაბილიტაციო, რესოციალიზაციის პროგრამების არასრულყოფილება და ხარვეზები.

ანგარიშში მოცემულია რეკომენდაციები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებისთვის.

ერთ-ერთი რეკომენდაციის მიხედვით, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს დაწესებულებებში სარეაბილიტაციო სერვისების გაძლიერება, პატიმრობისთვის ოპტიმალური პირობების შექმნა, მათ განათლებაზე ზრუნვა და ცნობიერების ამაღლება.

ამ საქმეში დიდია არასამთავრობო ორგანიზაციების წვლილი. ,,დემოკრატიის ინსტიტუტი“ უკვე წელიწადზე მეტია ახორციელებს „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს“ რაც ყოფილი პატიმრების, მათი ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რეაბილიტაციას, სამედიცინო მხარდაჭერას, მცირე ბიზნესის წახალისებასა და დასაქმებას უწყობს ხელს

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გააკეთა. მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, რომ სამინისტრო არ იზიარებს ანგარიშში მითითებულ დასკვნებს და რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა, მსჯავრდებულთა შემოწმების მოქმედი პროცედურა, სრულად შეესაბამება საერთაშორისო ევროპულ სტანდარტებს.

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

როგორ კარგავს ბათუმი სახეს, რელიგია და თვითმმართველობა – საჯარო განხილვა

დღეს, 30 ივნისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც ქალაქის მერიისა და საკრებულოს, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საჯარო განხილვის მომხსენებლები იყვნენ: ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე, ბათუმის საკრებულოს მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ლელა ნემსაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტის“ დირექტორი  ლევან გობაძე და გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტი ცაგო კახაბერიძე.

საჯარო განხილვაზე დღეს ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს და საკრებულოს თავმჯდომარეს,  სულიკო თებიძეს ელოდნენ, თუმცა ისინი, როგორც შეხვედრაზე ითქვა – მოუცლელობის გამო, შეხვედრაზე არ მოსულან.

ბათუმის მერის მოადგილემ, ლელა სურმანიძემ მერიის მუშაობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ქალაქის ბიუჯეტი საზოგადოების ჩართულობით იგეგმება და ასევე, მოქმედებს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, რომლის ჩართულობითაც მერია განიხილავს საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებსა და ინიციატივებს.

ლევან გობაძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტის“ დირექტორმა, სხვა პრობლემებთან ერთად, ქალაქის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ქალაქმშენებლობის საკითხი დაასახელა:

„ძალიან ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ბოლო წლებში ბათუმმა დაკარგა თავისი სახე. განაშენიანება მიმდინარეობს სისტემისა და გააზრების გარეშე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომელშიც ბათუმის თვითმმართველობის ორგანოებს არ გააჩნიათ გაწერილი ხედვა, პოლიტიკა. არის ისეთი შემთხვევებიც კი, როცა სამშენებლო ნებართვა გაცემული არ არის, თუმცა ტერიტორია უკვე შემოღობილია და მშენებლობა დაწყებულია. ასეთი საკითხები ნამდვილად არ მატებს ღირსებას ბათუმის თვითმმართველობის ორგანოებს. უნდა ჩამოყალიბდეს კარგად გააზრებული პოლიტიკა ამ მიმართულებით და მეორე საკითხია, ამ პოლიტიკის აღსრულება, რომელშიც ასევე ჩართული უნდა იყოს თვითმმართველობა, არასამთავრობო სექტორი და საზოგადოება მთლიანად. ბათუმის მერიამ და საკრებულომ უნდა აიღოს სრული პასუხისმგებლობა ამ საკითხზე.“

კიდევ ერთი საკითხი, რასაც ლევან გობაძე შეეხო, თვითმმართველობისა და რელიგიური კონფესიების ურთიერთობის თემას შეეხებოდა.

„ჩვენმა ორგანიზაციამ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია ბათუმის მერიიდან, გვაინტერესებდა, რამდენი ეკლესიის მშენებლობაზე გაიცა ბათუმში ნებართვა 2006 წლის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ არც ერთი ეკლესიის მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერიას არ გაუცია. კონკორდატშიც ჩაწერილია, რომ ნებისმიერი მშენებლობის დროს ეკლესიაც უნდა ექვემდებარებოდეს სამოქალაქო ნორმებს. თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ღია, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული თვითმმართველობა, მაშინ უნდა გვქონდეს ცალსახად გამოხატული პოზიცია რელიგიურ კონფესებთან დაკავშირებით. ყველა რელიგიურ კონფესიასთან მიმართებაში კანონი უნდა იყოს თანაბარი, ჩვენი კონსტიტუციის თანახმად ასეა. გვინდა ვიცოდეთ, რა პოლიტიკა, რა ხედვა აქვს ბათუმის თვითმმართველობას ამ საკითხთან დაკავშირებით. ბათუმი ყოველთვის იყო მულტიკულტურული და მულტირელიგიური ქალაქი“ – აღნიშნა ლევან გობაძემ.

ბათუმის საკრებულოს მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ლელა ნემსაძემ საკრებულოს მუშაობასა და საკრებულოსთან არსებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოზე ისაუბრა და მოკლედ შეეხო საკრებულოს სხდომების „ლაივსტრიმით“ გაშვების პრობლემასაც. მან აღნიშნა, რომ ამ კუთხით არსებობს ტექნიკური შეფერხება, რომლის აღმოფხვრაზეც მუშაობენ.

ქალაქის არაგეგმიურად და უსისტემოდ განაშენიანების საკითხი დაასახელა მთავარ პრობლემად „ბათუმელების“ ჟურნალისტმა, ცაგო კახაბერიძემ, რომელიც წლებია ქალაქმშენებლობის, კულტურული მემკვიდრეობისა და თვითმმართველობის საკითხებზე მუშაობს. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს საკითხი მჭიდროდაა კავშირში ქალაქში გამწვანების სიმცირესა და ავტოპარკინგის პრობლემასთან და თემა კონკრეტული მაგალითებით განიხილა. ჟურნალისტი შეეხო ბათუმში გარევაჭრობისა და ტროტუარებზე გამოტანილი კაფე-რესტორნების თემასაც.

შეხვედრის დასასრულს დისკუსია გაიმართა.

ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე საჯარო განხილვის ორგანიზატორი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) იყო.

ხელვაჩაურის მერია ეკომიგრანტებისთვის სოციალურ სახლს ააშენებს

ხელვაჩაურის მერიამ ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი მრავალბინიანი სახლის დაპროექტებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 3 335 145 ლარია გამოყოფილი.

სოციალური სახლი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში, მდინარე ყოროლისწყლის ნაპირთან, 2019 წლის დეკემბრამდე უნდა აშენდეს. სამშენებლო ტერიტორია 13 844 კვ/მ-ია.

მრავალბინიან სახლში იქნება 39 ბინა. აქედან 10 ბინა იქნება ოროთახიანი [თითოეული ბინის ფართობი – 55 კვ/მ], 25 ბინა – სამოთახიანი [75 კვ/მ], ხოლო 4 ბინა ოთხოთახიანი [95 კვ/მ] იქნება.

ტენდერში წინადადებების მიღება 2018 წლის 18 ივლისს დაიწყება და 23 ივლისს დასრულდება.

სავარაუდო ტერიტორია სადაც სოციალური სახლი უნდა აშენდეს

 

მოსალოდნელი ცხელი დღეების გამო ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი შეიცვალა 

განრიგში ცვლილების შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.  ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2 და 3 ივლისს მოსალოდნელი განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო შეიცვალა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისა და ზოგადი უნარების გამოცდის განრიგი.

კერძოდ:

  • ქართული ენისა და ლიტერატურის 2 და 3 ივლისისათვის დაგეგმილი მეორე სესია ჩატარდება 4 და 5 ივლისს, დილით. ანუ, აბიტურიენტები, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უნდა გამოცხადებულიყვნენ 2 ივლისს, 14:00 საათზე, ამ გამოცდას ჩააბარებენ იმავე საგამოცდო ცენტრში, 4 ივლისს, 08:00 საათზე. სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა – 09:00 საათზე. 
  • ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 3 ივლისს, 14:00 საათზე განაწილებული აბიტურიენტები გამოცდას ჩააბარებენ 5 ივლისს, 08:00 საათზე. სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა – 09:00 საათზე. 
  • 5 ივლისის ზოგადი უნარების გამოცდის პირველი და მეორე სესია ჩატარდება 7 ივლისს, ანალოგიური თანმიმდევრობით. ანუ, თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 08:00 საათზე, იგი ზოგადი უნარების გამოცდას 7 ივლისს, 08:00 საათზე ჩააბარებს (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა – 09:00 საათზე), ხოლო თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 14:00 საათზე, იგი გამოცდას ჩააბარებს 7 ივლისს 14:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 14:00 საათზე, გამოცდა 15:00 საათზე).

6 ივლისს გამოცდები უცვლელად ჩატარდება.

„იმის გათვალისწინებით, რომ აბიტურიენტების უმეტესობას უკვე ამობეჭდილი აქვს საგამოცდო ბარათი, აბიტურიენტის გვერდზე განთავსებულ ელექტრონულ ბარათში ცვლილებები აღარ შევა. აბიტურიენტი გამოცდაზე პირადობის მოწმობითა და საგამოცდო ბარათით უნდა გამოცხადდეს.

აღნიშნული ცვლილებები აბიტურიენტთა ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდა.

მიუხედავად გამოცდების განრიგში განხორციელებული ცვლილებებისა, აბიტურიენტის გვერდზე განთავსებულ ელექტრონულ ბარათში ცვლილებები აღარ შევა. გამოცდაზე უნდა მობრძანდეთ საგამოცდო ბარათით, რომელშიც მითითებული იქნება ძველი თარიღ(ებ)ი“ – აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. 

naec.ge

 

რა კრიტერიუმებით შეაფასებენ ტურისტულ ობიექტებს – ტენდერი იდუმალი სტუმრის გამოსავლენად

მიმდინარე წლის 20 ივლისიდან 15 სექტემბრამდე პერიოდში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურისტული ობიექტების მონიტორინგსა და შეფასებას გეგმავს. მომსახურების ხარისხის კვლევა აჭარის ფარგლებში 120 განთავსების ობიექტზე და კვების 80  ობიექტზე ჩატარდება.

მომსახურებას დეპარტამენტი ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, რისთვისაც 36 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.

სატენდერო პირობების მიხედვით, კვლევა იდუმალი სტუმრის/კლიენტის მეთოდით უნდა ჩატარდეს – „იდუმალი სტუმარი/კლიენტი უნდა ესტუმროს განთავსები ობიექტს [ღამისთევით], ასევე კვების ობიექტს და მოახდინოს ობიექტებზე დაკვირვება, დასვას კითხვები, გამოხატოს უკმაყოფილება, შექმნას კონფლიქტური სიტუაცია“.

პრეტენდენტმა კვლევა უნდა განახორციელოს დეპარტამენტთან შეთანხმებით შემუშავებული კითხვარის შესაბამისად, ასევე წინასწარ შეთანხმებული სცენარით.

სასტუმროს შემთხვევაში დაკვირვება უნდა მოხდეს შემდეგ პარამეტრებზე:

განთავსების ობიექტის საერთო ხედი; გარე ორენოვანი წარწერა;
მისაღები სივრცე; მისაღებ სივრცეში სტუმრის ჩამოსაჯდომის არსებობა;
ადმინისტრატორისა და მენეჯერის გარეგნული შეხედულება;
მომსახურეობის დონე; დაჯავშნის მომსახურება;
მიღება და განთავსება; ჰაუსკიპინგი;
საზოგადო ადგილებისა და ნომრის მდგომარეობა;
სარესტორნო მომსახურება; რუმ სერვისი;
დამატებითი მომსახურებები [ფიტნეს ცენტრი, ბიზნეს ცენტრი, კონსიერჟი და ა.შ.];
სტუმრის ემოციური მდგომარეობა სასტუმროში ყოფნისას.

კვების ობიექტის შემთხვევაში კი, დაკვირვება უნდა მოხდეს შემდეგ პარამეტრებზე:

კვების ობიექტის საერთო ხედი: დარბაზის სისუფთავე; მაგიდების სისუფთავე;სერვირების მდგომარეობა;
განათება; მუსიკის ხმის მოცულობა;
ობიექტზე სველი წერტილების საკმარისი რაოდენობა და მათი ჰიგიენური მდგომარეობა;
მიმტანის გარეგნული შეხედულება: მოწესრიგებული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი;
ვარცხნილობა, მაკიაჟი, მანიკური; სამკერდე ნიშნის არსებობა;

ასევე:  მომსახურეობის დონე; კერძის/საკვების ხარისხი და კონფლიქტურ სიტუაციაში მუშაობა.

სატენდერო პირობები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ტენდერში წინადადებების მიღება 15 ივლისს დაიწყება და 18 ივლისს დასრულდება.

„ჩემი ბედნიერება ბავშვების ჟრიამულია” – სკოლის ბუფეტის 70 წლის მცხობელი

„ჩემი ბედნიერება ბავშვების ჟრიამულია. რომ შემოგრიალდებიან ბუფეტში და სიხალისე შემოაქვთ ყველაფერი მავიწყდება“, – ამბობს 70 წლის ლარისა თორია, რომელიც უკვე 44 წელია სამეგრელოს ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის ბუფეტში მუშაობს მცხობელად.

„ყველაფერში“ შვილის რამდენიმეწლიან პატიმრობას გულისხმობს, როცა ოჯახის შემოსავალი მხოლოდ მისი პენსია და ცხობით გამომუშავებული ხელფასი იყო.

ამბობს, რომ ბავშვების დაპურება მისთვის სიამოვნებაა და არამხოლოდ ყოველდღიური ვალდებულება, სამსახური. მეტიც, რთული წლებთან გამკლავება ამ საქმიანობით შეძლო.

„სკოლაში ბავშვებს ჩემი გამომცხვარი რაღაცებიდან ყველაზე ძალიან კრემიანი ფუნთუშები მოსწონთ, ხაჭაპურიც. ვცდილობ ყოველთვის ყველაფერი გემრიელი იყოს“, – ამბობს ყოფილი პატიმრის დედა, რომლის შვილიც უკვე ციხიდან გათავისუფლდა და ცდილობს ცხოვრებას აქტიურად დაუბრუნდეს. მართალია, ახალგათავისუფლებულს ჯერ ოფიციალური სამსახური არ აქვს, მაგრამ ოჯახში უამრავი საქმეა: თხილის პლანტაციებიო, მიწის დამუშავება ბაღჩა-ბოსტნისთვის და ა.შ.

70 წლის ლარისა თორია ორგანიზაცია „თანაზიარის“ მეშვეობით „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების  მხარდაჭერის პროგრამაში“, პროექტების წერა ისწავლა, საქმეში ნათესავი დაიხმარა და ღუმელი, ჭურჭელი, სკოლის ბუფეტისთვის აუცილებელი ინვენტარი შეიძინა, მცირე ბიზნესი გააუმჯობესა. ასე მისი შემოსავალიც მნიშვნელოვნად გაიზარდა და სკოლის მოსწავლეებიც უფრო კმაყოფილები არიან.

ლარისა თორია სამომავლოდ პატარა ბუფეტის გაფართოებაზე ფიქრობს, სურს მაცივარი, კიდევ უფრო დიდი ღუმელი, მეტი და ლამაზი, ახალი ჭურჭელი შეიძინოს. მერე დახლის დადგმასაც შეძლებს და სკოლის გარდა შესაძლოა სოფის მოსახლეობასაც მოემსახუროს.

70 წლის ლარისა თორიას საქმეში, რაც ოჯახის შემოსავლის მთავარი წყაროა შვილიშვილები, რძალი და შვილიც ეხმარება.

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროგრამას“ დემოკრატიის ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს ოთხ სხვადასხვა რეგიონში ახორციელებს.

პროგრამა ყოფილი პატიმრებისა და პატიმართა ოჯახის წევრების რესოციალიზაციას, დასაქმებას, განათლებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას უწყობს ხელს.

პროექტში აჭარაში, გურიაში, სამეგრელო ზემო-სვანეთსა და იმერეთში მცხოვრები ოჯახებია ჩართული, რომლებსაც სამედიცინო და იურიდიული სერვისებით სარგებლობაც შეუძლიათ პროგრამის ფარგლებში.

პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

 

ვინ ყიდის და ვინ იყენებს ბათუმის საკანალიზაციო წყლიდან მიღებულ სასუქს

ბათუმის გამწმენდ ნაგებობაზე გასულ წელს 17 მილიონამდე კუბური მეტრი საკანალიზაციო წყალი გაიწმინდა. საკანალიზაციო წყლების გაფილტვრა-გაწმენდის შედეგად, ყოველწლიურად, დაახლოებით 300 კუბური მეტრი მშრალი მასა – გაუწყლოებული შლამი რჩება, რომელიც ერთგვარი სასუქია. გადამუშავებულ შლამს „ბათუმის წყალი“ ყიდის, მუნიციპალური ორგანიზაციებს კი, მაგალითად „ბათუმის გამწვანებას“, ეს შლამი უფასოდ გააქვს.

გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ზღვისპირას, აეროპორტის ასაფრენ ზოლსა და მდინარე ჭოროხს შორის, ადლიის დასახლებაში მდებარეობს, 2012 წლის მარტიდან 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

გამწმენდი ნაგებობა დღე-ღამეში დაახლოებით 60 ათას კუბურ მეტრ საკანალიზაციო წყლებს ღებულობს ბათუმის სამი და ასევე ახალისოფელი-გონიო-სარფის შვიდი სატუმბი სადგურიდან.

ადლიის გამწმენდი ნაგებობა / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

„წყალი ჯერ იწმინდება მექანიკურად. პირველი ეს არის – გაცხრილვა. ეს ნიშნავს, რომ მექანიკური დაბინძურება, რაც არის 6-მილიმეტრიან ცხაურზე რჩება. შემდეგ ხდება ქვიშის და ცხიმის მოშორება და წყალი შედის სპეციალურ აუზებში, სადაც ილექება პირველადი შლამი. ფეკალურ შლამს აქვს სუნი, ბაქტერიებით გადამუშავების შემდგომ კი რჩება მიწისებური უსუნო მასა, რომელსაც ვტუმბავთ აუზებიდან, ვაგროვებთ შლამის რეზერვუარში და შემდგომ სპეციალურ პრესსში, სადაც ვაშრობთ სოლარულად“, – გვითხრა მარიკა გვიანიძემ, ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობისა და სატუმბო სადგურების სამსახურის უფროსმა.

მისივე თქმით, აუზებში მექანიკურად გაწმენდილი წყალი იტუმბება ბიოლოგიურად გამწმენდ განყოფილებაში – ბიოფილტრებში, სადაც წყალი 24 საათის განმავლობაში ცირკულირებს.

ბიოლოგიური გაწმენდის შემდეგ წყალი გადადის საბოლოო სალექარში, სადაც ილექება შეწონილი [ბიოფილტრიდან ჩამორეცხილი] ნაწილაკები. ამის შემდეგ წყალი საბოლოოდ იწმინდება და 1090 მეტრი სიგრძის მილის მეშვეობით შავ ზღვაში, 40 მეტრ სიღრმეში ჩაედინება.

გამწმენდ ნაგებობაზე აცხადებენ, რომ ლაბორატორიულად მოწმდება, როგორც შემომავალი, ასევე გამავალი [ზღვაში ჩასაშვები] წყლები, რის მიხედვითაც ადგენენ გაწმენდის ეფექტურობას და ზღვრულ ნორმებს.

მსოფლიოში არაერთი ქვეყანაა, სადაც ზღვაში ჩაშასვებ წყალს ტექნიკურ წყლად იყენებენ. მარიკა გვიანიძე ამბობს, რომ ჩამდინარე წყლის გაწმენდა სასმელ წყლამდეც შეიძლება, თუმცა „გაწმენდილ წყალს იყენებენ იმ ქვეყნებში, სადაც სასმელი წყლის ნაკლებობაა და წყალი ძვირადღირებულია. ჩვენ გვაქვს აქ ჭა და ვაგროვებთ ტექნიკურ წყალს, რომელსაც გარეცხვისთვის ვიყენებთ. საქართველოში არ დგას იმის საჭიროება, რომ ჩამდინარე წყლის გაწმენდაზე, როცა ამდენი მდინარეა, დიდი ხარჯი გასწიო. ეს უფრო ძვირადღირებული ტექნოლოგიაა, ვიდრე მდინარის წყალი გაფილტრო, დეზინფექცია ჩაუტარო და სასმელ წყლად მიაწოდო მოსახლეობას“.

ადლიის გამწმენდი ნაგებობა / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

მარიკა გვიანიძის თქმით, გამწმენდ ნაგებობას ნარჩენი, როგორც ასეთი, თითქმის არ გააჩნია. ერთადერთი არის გაცხრილვითი ნარჩენები და ქვიშა, რომელიც გააქვთ ჩვეულებრივ ნაგავსაყრელზე: „ჩვენ ვატარებთ მძიმე მეტალებზე ანალიზს და რადგანაც ბათუმი არაა ინდუსტრიული ქალაქი, მძიმე მეტალები არ არის შლამში. ეს შლამი გააქვთ დეკორატიულ  მებაღეობაში, გამწვანებაში. ეს არის ძალიან კარგი სასუქი. სასოფლო სამეურნეო ნაკვეთებშიც შეიძლება შეტანა, თუმცა ამას თავისი წესები აქვს, ამიტომ შლამის გამოყენება დეკორატიულ მებაღეობაში უფრო რეკომენდებულია“.

შლამის გატანა ნებისმიერ პირს შეუძლია, ვინც შესაბამის ხელშეკრულებას გააფორმებს შპს „ბათუმის წყალთან“. „ბათუმის წყალში“ გვითხრეს, რომ 1 კუბ/მ შლამის ფასი 30 ლარია. კომპანიის ინფორმაციით, წლის განმავლობაში გამწმენდ ნაგებობაზე საშუალოდ 300 კუბური მეტრი შლამი გროვდება.

„მანქანა მოდის და ვუტვირთავთ ბორტზე. არანაირი დახარისხება-დაფასოება არ ხდება. გამწმენდი ნაგებობა ისედაც ძვირადღირებულია და ახლა კიდევ შლამის ტომრებში დაფასოებისთვის ცალკე ქარხანა უნდა ჩამოაყალიბო, რასაც სჭირდება ძალიან დიდი ტექნოლოგია. ამ ეტაპზე არ დგას დღის წესრიგში საკითხი, რომ ასეთი სახე მიეცეს შლამს“, – ამბობს მარიკა გვიანიძე.

ადლიის გამწმენდი ნაგებობა / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, გამწმენდი ნაგებობისა და კიდევ 10 სატუმბი სადგურის ექსპლუატაციისთვის [ლაბორატორიისა და ელექტროენერგიის ხარჯის ჩათვლით] წელიწადში დაახლოებით 1,5 მილიონი ლარი იხარჯება, რაშიც არ შედის ადმინისტრაციული ხარჯები.

ბათუმში, ადლიის დასახლებაში, გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო და 2012 წელს დასრულდა. პროექტი ავსტრიულმა კომპანიამ Posch&Partner Hydro Ingenieure შექმნა, ხოლო გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკმა 17 მილიონი ევროთი დააფინანსა.

სწორედ გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის თანახმად დაიწყო 2007 წელს, ბათუმის წყალარინების ახალი ქსელის გაყვანა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მესამე ფაზის სამუშაოები. დაფინანსებულია მეოთხე ფაზაც.

გამწმენდ ნაგებობაზე ჯერ არ არის დაერთებული ბარცხანის, თამარის, მახინჯაურის დასახლებები და ბათუმს შემოერთებული ტერიტორიები.

რა ეტაპზეა დღეს ბათუმში საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია? – იხილეთ ბმული:

ბათუმის საკანალიზაციო ქსელი და გაზრდილი ქალაქი

ბათუმის საკანალიზაციო ქსელი და გაზრდილი ქალაქი

 

აჭარის განათლების სამინისტროს კომპანია 88 ათას ლარს სთხოვს – სასამართლო დავა

სამშენებლო კომპანია „ვიგორა“ აჭარის განათლების სამინისტროს სასამართლოში უჩივის. დავის საგანი ქობულეთში, სოფელ კვირიკეში გარემონტებული სკოლაა, რაშიც სამინისტრომ ჯამში 490 817 ლარი გადაიხადა. კომპანიამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადები დაარღვია, სამინისტრომ სამუშაოების ნაწილი არ ჩაიბარა. დავას მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავს.

„თუ სამუშაოები შესრულებული არ იყო, რატომ ჩაიბარა განათლების სამინისტრომ სამუშაოები? მიღება-ჩაბარების 8 აქტია ამ საქმეში. ჩვენ სამუშაოების 95 პროცენტი გაკეთებული გვქონდა და ხელახლა ტენდერი გამოაცხადეს,“ – გვითხრა კომპანია „ვიგორის“ იურისტმა, თეიმურაზ ქათამაძემ, სასამართლო პროცესის დაწყებამდე.

მოსამართლის დარბაზში შემოსვლამდე განათლების სამინისტროს მხრიდან შერჩევით მიდგომაზე ისაუბრა ამ კომპანიის მეორე იურისტმაც, ომარ ხაჯიშვილმა: „20 დღით ვითხოვდით გადადებას და არ დაგვრთეს ნება, მაშინ, როცა სხვა კომპანიებს უვადებენ. ეს არის შერჩევითი მიდგომა. ჩვენ არ ვიყავით უცნობი კომპანია სამინისტროსთვის, მანამდე სხვა სკოლებიც გავარემონტეთ. სამინისტროსგან 88 ათას ლარს ვითხოვთ“.

„ასე მარტივად არაა, ამ საქმეზე გამოძიებაც არის დაწყებული,“ – მიმართა იურისტებს განათლების სამინისტროს ინტერესების დამცველმა და საქაღალდე პროცესისთვის მოამზადა.

„ვადების დარღვევის გამო, ჩვენ შესაგებელი სარჩელით პირგასამტეხლოს დაკისრებას ვითხოვთ – 11 ათას ლარს“, – აღნიშნა განათლების სამინისტროს იურისტმა, ნინელი გოგიტიძემ ჩვენთან საუბრის დროს. მისი განმარტებით, სამინისტრომ ყველა თანხა აანაზღაურა, რაზეც მიღება-ჩაბარების აქტი ჩაბარდა, ხოლო დამატებით შესრულებული სამუშაო, რაც ვადის გადაცილების შემდეგ შესრულდა „უხარისხო იყო და არ შეესაბამებოდა სტანდარტს“.

დიალოგი მხარეებს შორის მოსამართლის სასამართლო დარბაზში შემოსვლის შემდეგაც გაგრძელდა. მოსამართლე ირაკლი შავაძე დაინტერესდა, შედგა თუ არა მხარეებს შორის შეთანხმება.

„უკვე მეჩვიდმეტე პროცესია, ხუთჯერ დავურეკეთ სამინისტროს და არ გვიპასუხეს,“ – უპასუხა მოსამართლეს კომპანიის იურისტმა, ომარ ხაჯიშვილმა.

„ეს ტყუილია, ასეთი მცდელობა არ ყოფილა,“ – იყო განათლების სამინისტროს იურისტის რეპლიკა.

საქმის გაჭიანურების მიზეზი ექსპერტიზის დასკვნა გახდა. ექსპერტიზა სკოლაში ჩატარებულ სამუშაოებზე კომპანიის დაკვეთით ჩატარდა.

„ექსპერტმა ვერ თქვა, რომ ეს სამუშაოები შედის თუ არა იმ რვა მიღება-ჩაბარების აქტში. თქვენ ამბობთ, რომ სამუშაოები ჩაიბარა სამინისტრომ და სამინისტრო ამბობს, რომ რაც ჩაბარდა, იმის ფული გადაიხადა,“ – მიმართა მხარეებს მოსამართლემ.

სიმართლის დასადგენად ექსპერტიზა ხელახლა ჩატარდება.

„დირექტორი მოსულიყო, ის ამბობდა წინა პროცესზე, რომ მოლაპარაკება შესაძლებელი იყო,“ – დასძინა მოსამართლემ.

„მოსულია, მაგრამ არ ამოვიდა, გაბრაზებულია,“ – თქვა კომპანიის იურისტმა, ომარ ხაჯიშვილმა.

ტრენინგი პედაგოგებისთვის ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენებაში

საბაზო და საშუალო საფეხურის  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისათვის (VII-XIIკლასი), ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენებაში ტრენინგი იგეგმება.

ტრენინგზე პედაგოგები გაეცნობიან: Powerpoint-ის, Moviemaker-ის, Pixton.com- ის, LearningApps-ის შესაძლებლობებს და მათი გამოყენებით სასწავლო რესურსების შექმნის ხერხებს ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილების ეფექტიანობისათვის.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში პედაგოგს მიენიჭება 1 კრედიტქულა.

ტრენინგი მოიცავს:  20 საკონტაქტო  და 5 არასაკონტაქტო საათს. ტრენინგი  ტარდება ოთხი დღის განმავლობაში (დღეში 5 საათი).

რეგისტრაციის ბოლო ვადა 6 ივლისია. მოდულზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

მივა თუ არა აუდიტის სამსახურის უფროსი უმაღლეს საბჭოში

„აუდიტის სამსახურის უფროსობის კანდიდატი სხდომას არც კი დასწრებია, ისე განიხილა კომიტეტმა მისი საკითხი,“ – აცხადებს უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ელგუჯა ბაგრატიონი. უმაღლეს საბჭოს აჭარის აუდიტის  დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტმა კახაბერ კირტავას კანდიდატურა შესთავაზა. კახაბერ კირტავა ამ თანამდებობაზე მოვალეობას 2011 წლიდან ასრულებს.

აჭარის აუდიტის დეპარტამენტის უფროსს გენერალური აუდიტი ამტკიცებს, თუმცა კანონის მიხედვით, მას უმაღლესი საბჭოს თანხმობა სჭირდება. ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, ამ დრომდე უმაღლესი საბჭო კირტავასთვის თანხმობის მიცემაზე უარს ამბობდა. „ახლა როგორც ჩანს, დავალება მიიღეს და დაამტკიცებენ ისე, რომ კირტავა სხდომასაც არ დაესწრება“, – დასძენს დეპუტატი.

კახაბერ კირტავას კანდიდატურას უმაღლესმა საბჭომ პლენარულ სხდომაზე უნდა დაიჭიროს მხარი, მანამდე კი, საკითხი კომიტეტებმა უნდა განიხილონ. აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, განათლების და უფლებათა დაცვის კომიტეტებმა დღევანდელ სხდომაზე საკითხის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.

რატომ არ მოიწვია კახარ კირტავა კომიტეტებმა სხდომაზე, სადაც მისი დანიშვნის საკითხი განიხილებოდა – პრესსამსახურის განმარტებით, ამ ეტაპზე კომიტეტებმა მხოლოდ პროცედურული საკითხები განიხილეს, კახაბერ კირტავას კი, პლენარული სხდომისთვის მოიწვევენ.

 

რევმატიული პოლიმიალგია-დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

რევმატიული პოლიმიალგია  ხანშიშესულ პირთა დაავადებაა (ამ დაავადების დიაგნოზი ისმება 50 წელს გადაცილებულ ასაკში. ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში). დაავადება ხასიათდება მხრისა და მენჯის სარტყლის კუნთების ტკივილითა და შებოჭილობით, ასევე აღინიშნება:

[checklist]

  • მაღალი ტემპერატურა
  • ზოგადი სისუსტე
  • წონაში კლება
  • უმადობა
  • დეპრესია
  • გიგანტურ-უჯრედოვანი არტერიტი (რევმატიული პოლიმიალგიით დაავადებული ყოველი ხუთი ადამიანიდან ერთს უვითარდება უფრო სერიოზული გართულება, რომელსაც გიგანტურ-უჯრედოვან არტერიტს უწოდებენ (ასევე ცნობილია, როგორც საფეთქლის არტერიტი).

[/checklist]

ამ უკანასკნელმა შეიძლება გამოიწვიოს:

  • თავის ან კისრის არტერიების ანთება
  • გრძელვადიანი და მძიმე თავის ტკივილი, თავის ქალის გაძლიერებული მგრძნობელობით (თავის ქალა მგრძნობიარე ხდება შეხებისას)
  • ღეჭვის დროს, ყბის კუნთების ტკივილი
  • ხედვის გართულებები, როგორიცაა გაორებული მხედველობა

დაავადების ეტიმოლოგია უცნობია, მაგრამ ხშირად გვხვდება სტრესის, რევმატიული, ონკოლოგიური და სხვადასხვა ინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ.

ძირითადი სიმპტომების გამოსავლენად ხშირად ვიყენებთ აბრევიატურას : SECRET, რომელიც იშიფრება შემდეგნაირად:

[checklist]

  • S – შებოჭილობა და ტკივილი;
  • E-ხანდაზმული ასაკი;
  • C- საერთო კონსტიტუციური სიმპტომები ინდოევროპელებისთვის;
  • R-ართრიტი;
  • E-ედს-ის მომატება;
  • T-საფეთქლის არტერიტი.

[/checklist]

კლასიკურ შემთხვევაში ტკივილი ზემო კიდურებში არ ირადირდება იდაყვის სახსრის ქვემოთ, ქვემო კიდურებში – მუხლის სახსრის ქვემოთ.

EULAR -ის რეკომენდაციებით, მოწოდებულია შემდეგი დიაგნოსტიკური კრიტერიუმები:

  1. ასაკი >50 წელი
  2. ედს-ის > 40მმ/სთ. 99%
  3. ანემია – 47%
  4. AST მომატება – 23%
  5. R -ფაქტორი 0%
  6. ტუტე ფოსფატაზის მომატება 10% -ში

დღეისათვის ანთების აღმოფხვრის ერთადერთი ეფექტური მეთოდი კორტიკოსტეროიდების გამოყენებაა. ჰორმონები ინიშნება დაბალი დოზით. ხშირ შემთხვევაში, თერაპია რვა თვის განმავლობაში გრძელდება.

ვინაიდან, გრძელვადიანი ჰორმონული თერაპიის ფონზე შეიძლება ოსტეოპოროზის პროვოცირება, როგორც პრევენციული ღონისძიება, პაციენტებში ხშირად ინიშნება კვების დანამატები და მინერალური კომპლექსები, რაც ხელს შეუწყობს კალციუმის დეფიციტის აღმოფხვრას.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 422 27 95 53

ან გვეწვიეთ შემდეგ მისამართზე: ბათუმი, გორგილაძის ქუჩა N91

                      გისურვებთ ჯანმრთელობას!

                ანა წეროძე, სამედიცინო ცენტრ ,,საგიტარიუსის” ექიმი-რევმატოლოგი 

 

 

 

 

133 თანამშრომელი და ოთხი მუზეუმი ერთად – როგორ გეგმავს მუშაობას ახალი უწყება აჭარაში

საჯარო სამართლის იურიდიული პირი აჭარის მუზეუმი, რომელიც ბათუმში მდებარე ოთხ [ხარიტონ ახვლედიანის, არქეოლოგიური, ხელოვნებისა და ძმები ნობელების] მუზეუმს აერთიანებს, თითქმის ორი თვეა შეიქმნა. ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებულ მუზეუმებს დირექტორების ნაცვლად ახლა მმართველები ჰყავთ,  ვაკანტურია ერთი მუზეუმის მმართველის და დირექტორის მოადგილეების თანამდებობები. როგორ აპირებს მუშაობას ახალი უწყება? – „ბათუმელების“ შეკითხვებს თამარ ორაგველიძემ უპასუხა, „აჭარის მუზეუმის“ დირექტორმა.

  • აქამდე არსებობდა ოთხი მუზეუმი თავისი ადმინისტრაციით, ეს მუზეუმები რჩება, მაშ რატომ გახდა საჭირო აჭარის მუზეუმის შექმნა, რას გააკეთებს აჭარის მუზეუმი ისეთს, რასაც არ აკეთებდნენ ეს მუზეუმები ცალ-ცალკე?

ამ მუზეუმების ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანების საჭიროება იყო ნამდვილად, ყველა მუზეუმს შეუნარჩუნდება პროფილი, მაგრამ გაერთიანებულ მუზეუმებში გატარდება ერთიანი პოლიტიკა, ეს იძლევა მუზეუმების მოქნილი და ეფექტური მართვის შესაძლებლობას. მუზეუმებში არის საკითხები, სადაც ევროპულ სტანდარტებს ვპასუხობთ, მაგრამ სადღაც მოვიკოჭლებთ. მუზეუმების გაერთიანების შემდეგ გვყავს 133 თანამშრომელი, რომლებიც ჩვენს უწყებაში მუშაობენ და ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ.

  • რა არის აჭარის მუზეუმის მთავარი მიზანი?

მუზეუმები უნდა პასუხობდნენ თანამედროვე მოთხოვნებს.

საჭიროა მეტი პოპულარიზაცია იმ უნიკალური მასალის, რაც ჩვენს მუზეუმებშია დაცული. მუზეუმის წიაღში არიან ადამიანები, რომლებიც შესაძლოა სკეპტიკურად უდგებიან ამ საკითხს, მათ მუზეუმის ძველი სკოლა აქვთ გავლილი, მე არ ვამბობ რომ მოძველებული, უბრალოდ ისინი არიან იმ სკოლის წარმომადგენლები და ძალიან კარგად იცავენ იმ წესებს, რაც იყო დამკვიდრებული. ჩვენ გვჭირდება სიფრთხილე, სიზუსტე, მაგრამ 21-ე საუკუნის მუზეუმების ამოცანაა, რომ ნივთი, საგანძური, რაც გვაქვს, წარმოვაჩინოთ სათანადოდ და მაქსიმალურად მოხდეს ჩვენი საგანძურის პოპულარიზაცია. ეს აუცილებელია.

ეს მუზეუმი უნდა იქცეს საზოგადოებრივი განათლების პლატფორმად, ერთიანი სარესტავრაციო-საკონსერვაციო ცენტრი უნდა შეიქმნას, აკადემიური რესურსი, რომელიც სწორად შეაფასებს მუზეუმში დაცულ განძს და შეძლებს მის პოპულარიზაციას.

  • ანუ გამოდის, რომ აქამდე ამ მუზეუმებს ეს არ შეეძლოთ?  

არ შეეძლოთ იმ დონეზე, რა დონეზეც ჩვენ გვინდოდა, რომ ყოფილიყო. როცა ვამბობ „ჩვენ“, ვგულისხმობ მუზეუმის სივრცეს, იმიტომ, რომ 11 წელია მუზეუმელი ვარ, არ მოვსულვარ შორიდან, ყველა ამ მუზეუმთან ვთანამშრომლობდი და მიუხედავად ამისა, ჩემთვისაც ბევრი სიახლე აღმოჩნდა მუშაობის პროცესში. მხოლოდ ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში 180 000-მდე ექსპონატი ინახება, კი, არის დუბლირება და რამდენიმე ერთი სახეობის ექსპონატი, მაგრამ ეს არის უნიკალური მასალა. ვმუშაობთ, ვფიქრობთ, როგორ წარმოვადგინოთ ეს ნივთები ეფექტურად. ძალიან ბევრ სიახლეს ვპირდებით დამთვალიერებლებს.

  • იმ მისიის შესასრულებლად, რაც აქვს აჭარის მუზეუმს, ყველაზე დიდი სირთულე რაში მდგომარეობს თქვენი აზრით?  

ყველაზე რთულია ის, რომ ბევრი თემა, ბევრი საკითხი გვაქვს გადასაწყვეტი და ძალიან ბევრი მუშაობა გვჭირდება, თუმცა ეს არ გვაშინებს. სირთულეს იმაში, რომ რაღაცას ვერ გავაკეთებთ, ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ ძალიან სერიოზული გუნდი დამხვდა ყველა მუზეუმში, ადამიანები, რომლებიც 17 წლის ასაკიდან მუშაობენ მუზეუმში და ბევრი რამ იციან. რა თქმა უნდა, მათ კონსულტაციებს აუცილებლად გავითვალისწინებთ, მაგრამ გვაქვს ჩვენი ხედვებიც და ორივე, ძველი და ახალი სკოლის გამოცდილების გათვალისწინებით, შევქმნით თანამედროვე მუზეუმებს.

აუცილებლად ვაპირებთ გიდებისა და მეთვალყურეების გადამზადებას. აუდიოგიდის სერვისი ყველა მუზეუმში არ ჰქონდა და ვაპირებთ ამის გაკეთებას, იქნება სამ ენაზე: ქართულად, რუსულად და ინგლისურად შეთავაზებული.

  • მუზეუმის ერთ-ერთი ფუნქცია, გარდა სამუზეუმო ექსპონატების შენახვისა და საგანმანათლებლო საქმიანობისა, არის სამეცნიერო საქმიანობაც. ხომ არ გადაიწევს უკანა პლანზე ეს საკითხი?

ზოგი რატომღაც ფიქრობს, რომ  თუ კი ხდება საგამოფენო სივრცეების დაკავება ბევრი ღონისძიებით, ამით რაიმე ჩრდილი მიადგება კვლევით საქმიანობას. არა, ბევრი პროფილით იმიტომ ვმუშაობთ, იმიტომ ვართ 133 თანამშრომელი, რომ არ უნდა დაკნინდეს არც ერთი მიმართულება. იგეგმება საგანმანათლებლო ღონისძიებები, სამუზეუმო გაკვეთილები, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები აქვთ ჩვენს მუზეუმებს არა მარტო მოსწავლეებისთვის, არამედ მშობლებისთვის. ერთმა კმაყოფილმა ვიზიტორმა ხვალ ათი უნდა მოიყვანოს და მნიშვნელოვანია ერთი და იგივე არ დახვდეთ ამ ადამიანებს მუზეუმში.

  • აღნიშნეთ, რომ 133 თანამშრომელი გყავთ, ბევრი ხომ არ არის თანამშრომელთა ეს რაოდენობა ოთხი მუზეუმისთვის? იგივე, ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმს ჰყავს 75 თანამშრომელი. თუ ხედავთ კადრების შემცირების აუცილებლობას?  

ამ ეტაპზე, ამ მოცულობის სამუშაოსთან, ეს ბევრი არ არის. ახლა ჩვენ მობილიზება გვჭირდება და მოხარული ვიქნები, თუ არ დადგება ეს საკითხი. თავად თანამშრომლებზე, მათ აქტივობებზე, პროექტებზე და მომავალზეა ეს საკითხი დამოკიდებული. 21-ე საუკუნის მუზეუმში ყველაზე ძვირად ფასობს ემოცია. თუ დამთვალიერებელი იგრძნობს, რომ გამოფენები კრეატიულია, საინტერესოდ, შემოქმედებითადაა მოწოდებული, მაშინ კადრების შემცირების საკითხი არ დადგება. თუ ადამიანი არის საჭირო კადრი, ის იქნება მუზეუმში, ოღონდ ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.

  • ამბობენ, რომ ზოგიერთ მუზეუმში ძირითადად მუშაობენ ერთმანეთის ნათესავები. თუ შეგინიშნავთ ეს?

მე ეს ჯერ არ შემინიშნავს. ჩემი დამოკიდებულება ასეთია – თუ ჩემი ძმა მუზეუმში იმიტომ იმუშავებს, რომ ჩემი ძმაა, მაშინ აუცილებლად უნდა დატოვოს სამსახური, მაგრამ თუ მუშაობს იმიტომ, რომ არის წარმატებული მუზეუმელი, მაშინ მეამაყება, რომ ჩემი ძმაა.

  • თქვენი ძმა მუშაობს მუზეუმში?

არა. არც ჩემი ძმა, არც ჩემი ნათესავები და არავინ არ იქნება დასაქმებული ჩემი ნათესაობით. მუშაობენ ჩემი მეგობრები, თუ ისინი მიაღწევენ წარმატებას, ეს მათი პროფესიონალიზმის გამო იქნება.

  • მოადგილეები დანიშნეთ უკვე?

ჯერჯერობით არ მყავს არც ერთი მოადგილე, მიმდინარეობს კონსულტაციები. მუზეუმს ასევე ჰყავს სამეცნიერო საბჭო. სამეცნიერო საბჭოს წევრობა არ არის ანაზღაურებადი, საბჭოს წევრები მუზეუმის ცენზიანი თანამშრომლები უნდა იყვნენ. ოთხი წევრი ჰყავს ამჟამად საბჭოს: ამირან კახიძე, რატი ჩიბურდანიძე, ოთარ გოგოლიშვილი და თამარ შალიკაძე. ეს არის ძირითადად სარეკომენდაციო საბჭო.

  • ნობელების მუზეუმში დანიშნეთ მმართველი?

არა, ნობელის მუზეუმის მმართველის თანამდებობა ვაკანტურია. მიდის კონსულტაციები ამ თემაზე, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს.

  • თანამედროვე, 21-ე საუკუნის მუზეუმი ახსენეთ, ამ ყველაფერს სჭირდება თანამედროვე მიდგომები, რიგ შემთხვევაში ახალი ტექნოლოგიების გამოყენება, რა ფულადი რესურსები გაქვთ ამისთვის?

ვფიქრობ, კრეატიული მიდგომებით ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს. იანვრამდე 1 224 460 ლარი გვაქვს ბიუჯეტი. ახლა მივყვებით იმ გეგმას, რაც ჰქონდათ მუზეუმებს წლის დასაწყისში და პარალელურად იქნება სიახლეებიც. წლის ბოლომდე არ იგეგმება ცვლილება არც საკადრო მიმართულებით, ვინარჩუნებთ შტატგარეშე თანამშრომლებსაც.

  • ფონდების გაციფრულებას რაც შეეხება, მუშაობთ ამ მიმართულებით?

ჯერ არ გვაქვს მაღალი ხარისხის სკანერი, მაგრამ უკვე დაწყებულია გაზეთების გაციფრულების პროცესი. გვინდა უკეთესი ხარისხის მიღება, სკანერის ხარჯებს უკვე იანვრის ბიუჯეტში ჩავდებთ და შევიძენთ, თუმცა პროცესს არ ვაჩერებთ, შემდგომში ჩავანაცვლებთ უკეთესი ხარისხით. ასევე, ძალიან ბევრი კინოფირი ინახება ჩვენს ფონდებში, რომლებიც იხილავენ დღის სინათლეს.

რამდენიმე ღონისძიებას ვამზადებთ ახლა.

ერთი ეხება ღვინის თემას. 200-მდე ეტიკეტი შევისწავლეთ ერთი თვის განმავლობაში, ესაა იმ ღვინოების ეტიკეტები, რომლებსაც აჭარაში აწარმოებდნენ მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში. უკვე მოვიფიქრეთ, როგორ შეიძლება ეს იყოს წარმოდგენილი, გამოფენაზე გაცოცხლებული იქნება ძველი მარნები, რაც იმ დროის ბათუმში იყო და ვფიქრობთ სასტუმროების გაცოცხლებასაც, უფრო სწორედ ამ სასტუმროებში არსებული სარესტორნო სიტუაციების გაცოცხლება გვინდა, მუსიკის ჩათვლით. ამის საშუალებას გვაძლევს ძველი პრესა, სადაც დეტალურადაა ასახული ბევრი რამ.

ვაპირებთ ძველი ბათუმის გაზეთებში დაბეჭდილი კარიკატურების გამოფენას ხელოვნების მუზეუმში. ეს ორი გამოფენა ივლის-აგვისტოში გაიმართება და პარალელურად ვმუშაობთ სხვა გამოფენებზეც. ეს საუბარია მხოლოდ აჭარის მუზეუმის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე, თორემ ოთხივე მუზეუმში ასევე დაგეგმილი დაგვხვდა ძალიან საინტერესო ღონისძიებები, რომლებიც გაიმართება.

ასევე, 9-12 ივლისს დაგეგმილია საქართველოს საპატრიარქოსა და ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება თეიმურაზ მეორისა და ვახტანგ მეექვსის სამოსი, სუდარებითა და საფლავის ქვის საფარებლებით.

  • ტურიზმთან საკმაოდ ახლო კავშირშია მუზეუმების თემა. თუ გქონდათ შეხვედრა ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან?

ჯერ არ გვქონია, მაგრამ ყველას გვესმის, მუზეუმების მნიშვნელობა ამ მიმართულებით. მუზეუმსა და ტურიზმის ინდუსტრიას შორის თანამშრომლობა აუცილებელია ორივე მხარისთვის. კულტურული ტურიზმის კუთხით უახლოეს მომავალში იგეგმება სამუშაო შეხვედრები. ჯერ მცირე დროა რაც ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში გვექნება საერთო გეგმები.

  • კომერციული საქმიანობის ნებართვა აქვს სსიპ აჭარის მუზეუმს. რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით?

პირველი შეხება ამ თემასთან გვქონდა ამ დღეებში, გავაქირავეთ ფართობი, ექიმ-ფსიქოლოგებს სჭირდებოდათ სივრცე შეხვედრების გასამართად და ნობელის მუზეუმში გაიმართება ეს შეხვედრა, უკვე გაფორმდა ხელშეკრულება.

სად ჩაქრება ხვალ შუქი ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური  სამუშაოების  გამო შაბათს, 30 ივნისს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

6-დან 9 საათამდე 2145 აბონენტს ხელვაჩაურის სოფლებში: ჩელტაში, ორთაბათუმში, კაპრეშუმში, აგარაში, წინსვლასა და მიმდებარე სოფლებში, ასევე მწვანე კონცხის და მახინჯაურის დასახლებების ნაწილს.

10-დან 17 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 799 აბონენტს მეჯინისწყლის, თოდოგაურის, კახაბირს, ურეხის და მახვილაურის დასახლებების ნაწილში.

2 ივლისს, 6-დან 11 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქობულეთში 165 აბონენტს:  ჭავჭავაძის, დ. აღმაშენებლის, ლესელიძის და მიმდებარე ქუჩებზე.

 „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, აბონენტთა ენერგომომარაგება სამუშაოების დასრულებისთანვე აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ბათუმში ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე საჯარო განხილვა გაიმართება

30 ივნისს, 11-დან დღის ორ საათამდე, ბათუმში,  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში,  NDI-ის საჯარო განხილვა გაიმართება ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე. საჯარო განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

საჯარო განხილვა ფოკუსირებული იქნება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვასა და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გამოკვეთაზე.

საჯარო განხილვის პანელის მონაწილეები: ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ინტელექტის” დირექტორი  ლევან გობაძე და გაზეთ ,,ბათუმელების” ჟურნალისტი ცაგო კახაბერიძე ბათუმის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა ჩართულობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით დანერგილ მექანიზმებზე ისაუბრებენ.

ღონისძიების მეორე ნაწილი დისკუსიას დაეთმობა, სადაც მომხსენებლები აუდიტორიასთან ერთად მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან საკითხებს გამოკვეთენ, რაზეც შემდგომ არასამთავრობო ორგანიზაციები ფოკუსჯგუფის კვლევას ჩაატარებენ.

ბათუმში რესპირაციული ასოციაციის საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს

ბათუმში საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მე-6 საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს.  მასში 30 ქვეყნის 1100 დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის მეცნიერები ევროპის, ამერიკის, აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდან.

საერთაშორისო კონგრესის თემატიკა შეეხება რესპირაციული მედიცინის ყველა ასპექტს: ონკოლოგია და ქირურგია, კრიტიკული მედიცინა და ინფექციები, ტუბერკულოზი და ასთმა, ალერგია და ფილტვის ქრონიკული დაავადებები, პედიატრია და ნეონატოლოგია. კონგრესის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური სინქრონული თარგმნის უზრუნველყოფით.

რესპირაციული ასოციაციის საერთაშორისო კონგრესზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა: მსტვინავი სუნთქვა ბავშვთა ასაკში, ფილტვის კიბო -სიახლეები დიაგნოსტიკასა და მართვაში, ახალი მიდგომები და პერსპექტივები ასთმისა და ალერგიის მართვასა და მკურნალობაში, სიახლეები ტუბერკულოზის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში, რესპირაციული ინფექციების ძველი
გამოწვევები, ახალი საფრთხეები და სხვა.

კონგრესის მიზანია ქართველ და უცხოელ ექიმებს მიაწოდოს უახლესი ინფორმაცია რესპირაციული სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკის და მართვის შესახებ. ყველა მოხსენება ორიენტირებული იქნება პირველადი ჯანდაცვის თუ სტაციონარის პრაქტიკოს ექიმზე და მის ყოველდღიურ საქმიანობაზე.
საქართველოს რესპირაციული ასოციაცია შეიქმნა 2004 წელს. მის მიერ მომზადებულია და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულია 6 ეროვნული გაიდლაინი სასუნთქი სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკის და მართვის შესახებ.

სარეიდო ჯგუფი: საჯარო სამსახურები თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონს არღვევენ

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 29 ივნისს, საზოგადოებრივი  ჯანდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებმა  თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის ფარგლებში ბათუმში რამდენიმე კაფე-ბარი მოინახულეს.

მონიტორინგის სამსახურის მონაცემების მიხედვით, ზაფხულის სეზონზე კაფე-ბარებსა და რესტორნებში თამბაქოს კონტროლის კანონი ფაქტობრივად 100 % – ით სრულდება, თუმცა არასახარბიელო მდგომარეობაა საჯარო დაწესებულებებსა და საავადმყოფოებში, „სადაც ცალკეული პირები, მათ შორის, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები კაბინეტებში, დაკეტილ კარს მიღმა კვლავაც ეწევიან,“-აცხადებენ საზოგადოებრივ ჯანდაცვაში.

„ჩვენ გაუფრთხილებლად მოვინახულებთ ყველა იმ ორგანიზაციას, რომელზეც მონიტორინგის სამსახური მამხილებელი ფაქტების გამო, როგორც დამრღვევზე, გონივრულ ეჭვს მიიტანს.

ამ კანონის აღსრულებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ იმიტომ, რომ არამწეველები სუნმა არ შეაწუხოს, არამედ, დავიცვათ ადამიანების ჯანმრთელობა თამბაქოს მეორადი კვამლის მავნე ზემოქმედებისგან,“ – აცხადებენ სარეიდო ჯგუფის წარმომადგენლები.

თამბაქოს მოწევის აკრძალვის ნორმების დასაცავად ნებისმიერი დაწესებულება ვალდებულია: შენობის ყველა შესასვლელში და სხვა თვალსაჩინო ადგილას განათავსოს თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესები, შესაბამისი წარწერა და ნიშანი თამაბქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის თაობაზე, აგრეთვე იმ ფიზიკური პირის/დაწესებულების ადმინისტრაციის/წარმომადგენლის ტელეფონის ნომერი, რომელთან დაკავშირებაც შესაძლებელი იქნება სამართალდარღვევის ფაქტის არსებობის შემთხვევში.

დაწესებულების ადმინისტრაციამ/პერსონალმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა კანონიერი საშუალება, რათა აღკვეთოს სამართალდარღვევა მის მიერ ადმინისტრირებად ტერიტორიაზე.

დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, პირველ რიგში, მივმართავთ დაწესებულების ადმინისტრაციას. თუ ისინი არ აღმოფხვრიან დარღვევას, ვუკავშირდებით საპატრულო პოლიციას 112-ზე.

 

სასჯელი ტყეში ხანძრის გაჩენისთვის – გაიგე როგორ არ უნდა მოიქცე ბუნებაში 

ზაფხულში ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება ტყეში ხანძრების გაჩენის რისკი. ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მოწოდებული სტატისტიკით, წლის მანძილზე საქართველოში საშუალოდ 40-60 ხანძარი ჩნდება. ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი კი ადამიანთა დაუდევრობა. არასწორ ადგილას დანთებული კოცონი ან ნახევრად ჩამქრალის დატოვება ტყეში შეიძლება ხანძრის გამომწვევი მიზეზი გახდეს. სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტყეში გადაადგილებისას უსაფრთხოების წესები დაიცვან.

რატომ ჩნდება ტყეში ხანძარი და რა წვლილი მიუძღვის ამაში ადამიანს? – „ბათუმელების“ კითხვებს ეროვნული სატყეო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა უპასუხა.

„სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ძალიან ბევრია დაუდევრობით წარმოშობილი ხანძრა და ვერ უშველის ვერანაირი პრევენცია თუ თითოეული ჩვენგანის ცნობიერებამდე არ დავიდა, რომ ჩვენს გაუცნობიერებელ მოქმედებას შეიძლება ასეთი კატასტროფა მოჰყვეს. ხანძრის წარმოშობის მიზეზი მხოლოდ კოცონის უყურადღებოდ დატოვება არ არის ან ისეთ ადგილას კოცონის დანთება, სადაც არ შეიძლება. ის ნარჩენი, რომელსაც  ვტოვებთ ტყეში, შემდგომ ხდება ხანძრის წყარო.

პლასტმასის ბოთლები, შუშის ნამტვრევები, სველი ხელსახოცები, რომლებიც თითოეული პიკნიკის მერე გვრჩება თუ შეგნებულად ვტოვებთ ბუნებაში, მაღალი ტემპერატურის პირობებში ადვილად აალებადი მასალა ხდება. ხანძრის რისკი უფრო მეტად ასეთ ადგილებში იზრდება,“- ამბობს ნათია იორდანიშვილი.

იორდანიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია მოსახლეობამ გააცნობიეროს, რომ ტყეში ხანძრის დანთებისას წინასწარ უნდა მოამზადო ადგილი. ეროვნულ პარკებში და დაცულ ტერიტორიებზე კი ცეცხლი მხოლოდ იქ უნდა დაინთოს, სადაც სპეციალურადაა მოწყობილი ადგილი.

რაც შეეხება ტყის ფონდის ტერიტორიას, ცეცხლის დანთება აკრძალულია წიწვოვან ტყეში, ხეების ქვეშ, იქ სადაც ხეები მჭიდროდ დგანან ერთმანეთთან. გარდა ამისა, ცეცხლის დანთებისას აუცილებელია შეარჩიოთ ღია ფართობი,  გაწმინდოთ ეს ტერიტორია ბალახისგან და ადვილად აალებადი მასალებისაგან და შემდეგ დაანთოთ ცეცხლი. ადგილის დატოვებისას კი კარგად უნდა დარწმუნდეთ, რომ კოცონი ჩაქრა.

„ხშირად მწყემსები და მოსახლეობა წვავს მინდორს იმ მოტივით, რომ იქ უკეთესი, უფრო ნოყიერი ბალახი წამოვა.  ასეთი შემთხვევები ხშირია მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში, განსაკუთრებით დედოფლისწყაროში, სადაც ქარსაფარი ზოლებიც კი განადგურდა 2016 წელს“, – ამბობს ნათია იორდანიშვილი.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რამაც გამოიწვია ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად,  ასიდან ორას ლარამდე ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.

გარდა ადმინისტრაციული ჯარიმისა, პირს შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც. ტყის, ნარგავის დაზიანება ან განადგურება ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, ან მისი დაბინძურება მავნე ნივთიერებით ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

ტყის ან ნარგავის დაზიანება ან განადგურება ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საშიში საშუალებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან რვა წლამდე.

მთავარი ფოტო: ხანძარი ბორჯომის ტყეებში, 2017 წელი.

 

ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე კუკუშკამ მოძრაობა განაახლა

29 ივნისს ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე კუკუშკამ მოძრაობა განაახლა. პირველი რეისი დილის 7:15 წუთზე შესრულდა.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს მიწის მასები სოფელ დაბასთან მისასვლელ გზაზე, მერვე კილომეტრის მერვე პიკეტზე ჩამოიშალა, რის გამოც კუკუშკის გადაადგილება შეფერხდა. მომხდარის გამო არავინ დაშავებულა. ლიანდაგის მეწყერული მასისაგან გაწმენდით სამუშაოებს რკინიგზის შვილობილი კომპანია  ,,GR ბორჯომი – ბაკურიანი“ რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად აწარმოებდა. დღეს, კუკუშკით ბორჯომიდან ბაკურიანში ქართველებთან ერთად უცხოელმა ტურისტებმაც იმგზავრეს.ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე კუკუშკამ მოძრაობა განაახლა

ბათუმის ქართულ-ამერიკულმა სკოლამ ავტორიზაცია წარმატებით გაიარა

23 მაისს ბათუმის ქართულ ამერიკულმა სკოლამ ავტორიზაცია წარმატებით გაიარა და ოფიციალურად მიიღო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. სკოლა ფუნქციონირებას 2018-2019 სასწავლო წელს დაიწყებს.

რა არის სკოლის მისია

სკოლის უმთავრესი მისიაა ჯანსაღ, უსაფრთხო სასკოლო გარემოში აზროვნების კულტურის დამკვიდრება. აგრეთვე: მაძიებელი, შემოქმედი, პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება და საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი ღირებულებების შესაქმნელად. ადრეული ასაკიდან მოსწავლის მიერ თვითშეფასების, ანგარიშვალდებულებისა და სწორი არჩევანის გაკეთების უნარ-ჩვევათა განვითარების ხელშეწყობა. უცხოური ენებისა და მათემატიკის მაღალ დონეზე სწავლა/სწავლების შედეგად ხელი შეუწყოს და მოამზადოს მოსწავლეები როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის მაღალი რეიტინგის მქონე სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად. ჩვენ გვინდა, რომ ბავშვი სწავლისთვის სკოლაში სიხარულით მოდიოდეს და არა უბრალოდ ვალდებულების მოხდის მიზნით.

რა იქნება სკოლის პრიორიტეტები

ჩვენი სკოლის პრიორიტეტია უცხოური ენები და მათემატიკა. გაძლიერებულად ისწავლება ინგლისური ენა პირველი კლასიდან. მე-3 კლასიდან ემატება რუსული ენა, მე-5 კლასიდან მოსწავლეებს შეუძლიათ დამატებით აირჩიონ ფრანგული ან გერმანული ენა და სურვილის შემთხვევაში, დამატებით წრის სახით თურქული ენა.

მე-4 კლასიდან მოსწავლეებს ვთავაზობთ ისეთ საინტერესო საგანს, როგორიცაა Science, ეს არის საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლები ინგლისურ ენაზე. მე-5 კლასიდან მოსწავლეები ყოველწლიურად აბარებენ ინგლისურ ენაში დონის განმსაზღვრელ საერთაშორისო გამოცდას, როგორიც არის TOEFL-ი, ამ გამოცდის მთავარი დანიშნულებაა იმ მოსწავლეთა ინგლისური ენის ცოდნის შეფასება, რომლებისთვისაც ინგლისური მშობლიური ენა არ არის.

მე-12 კლასის მოსწავლეებს დამატებითი გაკვეთილის სახით ჩაუტარდებათ SAT-ი(‘Scholastic Aptitude Test). ეს არის

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მისიაზე, პრიორიტეტებზე, სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე სკოლის დირექტორი, თეონა ზოიძე საუბრობს.
ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მისიაზე, პრიორიტეტებზე, სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე სკოლის დირექტორი, თეონა ზოიძე საუბრობს.

საერთაშორისოდ აღიარებული გამოცდისათვის მომზადება. ტესტი ამოწმებს კითხვის, წერისა და მათემატიკის ცოდნის უნარებს. ამერიკის თითქმის ყველა უნივერსიტეტი და კოლეჯი ეყრდნობა SAT-ის შედეგებს ბაკალავრიატზე მისაღები გამოცდების დროს. ასევე სკოლის პრიორიტეტია გაძლიერებული მათემატიკა, რაც გულისხმობს გაზრდილ საათობრივ სწავლებას სასწავლო ბადეში, სახალისო და საოლიმპიადო მათემატიკის კლუბებში ბავშვების ჩართულობას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი იყოს არა მხოლოდ განათლებული, არამედ ჩამოყალიბდეს სრულფასოვან დამოუკიდებელ მოქალაქედ, რომელიც თავად შეძლებს სოციუმში ადაპტირებასა და საკუთარი უნარების სწორად რეალიზებას. ამაში გვეხმარებიან არამარტო კვალიფიციური პედაგოგები, არამედ სკოლაში არსებული სხვადასხვა შემეცნებით-კულტურული წრეები და კლუბები. ჩვენი მოსწავლეები მიიღებენ სხვადასხვა ოლიმპიადაში მონაწილეობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთაც და ჩვენ ამ ყველაფერში დავეხმარებით მათ. ასევე გამოვავლენთ განსაკუთრებული უნარების მქონე ბავშვებს, რომლებსაც მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს წარმატების მიღწევაში.

რა სახის კლუბები და წრეები იქნება სკოლაში

სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტია ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება. სპორტის გაკვეთილები გათვალისწინებულია როგორც სასკოლო სასწავლო გეგმაში, ისე დამატებით სპორტული წრის სახით. ასევე მოსწავლეს ექნება საშუალება, მრავალფეროვანი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებით ისარგებლოს. გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეებს შეუძლიათ გაერთიანება ერთ სპორტულ და ერთ შემეცნებით-სახელოვნებო  წრე/სექციაში. ესენია: ხელსაქმე, ვოკალი, ქართული ცეკვა, სამოქალაქო განათლება, ინგლისურენოვანი დრამწრე, სახალისო მათემატიკა, საოლიმპიადო მათემატიკა, გიტარაზე დაკვრა, ლიტერატურის მოყვარულთა კლუბი, კინომოყვარულთა კლუბი, ნორჩ ჟურნალისტთა კლუბი, ფრენბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, მინიფეხბურთი, ჭადრაკის წრე.

სპორტის გაკვეთილები გათვალისწინებულია როგორც სასკოლო სასწავლო გეგმაში, ისე დამატებითი სპორტული წრის სახით
სპორტის გაკვეთილები გათვალისწინებულია როგორც სასკოლო სასწავლო გეგმაში, ისე დამატებითი სპორტული წრის სახით

ვინ არიან სკოლის დამფუძნებლები

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის დამფუძნებელია „ვი თი ჯგუფი“, რომლის დირექტორიც გახლავთ ლევან გოგია და „თაიმ სერვისი“, რომლის დირექტორიც გახლავთ სულეიმან ჩიხლაძე. „ვი თი ჯგუფი“ ასევე თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის თანადამფუძნებელია.

ჰყავს თუ არა სკოლას მაღალკვალიფიციური პედაგოგები და ამ კუთხით თუ ამართლებს ის სწავლის საფასურს

სკოლამ კონკურსი გამოაცხადა ნოემბერში, რომელიც ორ ეტაპად ჩატარდა, ეს იყო cv -ების  გაცნობა და შემდგომ გასაუბრება, დღეს ჩვენი თანამშრომლები არიან ის მასწავლებლები,  რომლებმაც  გაიარეს კონკურსი. ამჟამად მიმდინარეობს  ტრენინგები მასწავლებლებისთვის, სამომავლოდ ტრენინგებს ექნება პერმანენტული ხასიათი. ტრენინგების  ძირითადი ორიენტირია სასწავლო გარემოში თვითდისციპლინისა და მოსწავლეებში დამოუკიდებლად სწავლის უნარების განვითარება.

რამდენად იქნება სწავლება ეროვნულ სასწავლო გეგმასთან თანხვედრაში და თუ იქნება სკოლაში განსხვავებული სწავლების მეთოდიკა

ჩვენი სასწავლო პროგრამა დაფუძნებულია ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, თუმცა თვით სწავლების მეთოდიკა უფრო საინტერესო იქნება. სკოლაში მუშაობა კვლევაზეა ორიენტირებული, რაც გულისხმობს მუდმივი მონიტორინგის სისტემას რამდენიმე მიმართულებით.

პირველყოვლისა, ეს არის სასკოლო გარემო, საკლასო გარემო, რაც მოიაზრებს ნდობაზე, ურთიერთპატივისცემაზე, აღიარებაზე დამყარებულ ურთიერთობებს მოსწავლე – მოსწავლეს შორის, მოსწავლე- მასწავლებელს შორის, მასწავლებელი – მასწავლებელს შორის, მშობელი – მასწავლებელს შორის და ა. შ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი დაცულად გრძნობდეს თავს, არ ჰქონდეს ბულინგის შიში, არ ჰქონდეს მობინგის შიში, არ ჰქონდეს საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის კომპლექსი, მნიშვნელოვანია ჩამოუყალიბდეს თვითშეფასების უნარი, ისწავლოს საკუთარი ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეების შეფასება, შეიცნოს ჯერ საკუთარი თავი, რაც წინაპირობაა ცხოვრებაში საკუთარი ადგილის მოძებნის და დამკვიდრებისთვის.

პედაგოგები ინდივიდუალურად იმუშავებენ თითოეულ ბავშვთან, მათი შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით. მასწავლებელიც ორიენტირებული იქნება მუდმივ თვითგანვითარებაზე, სისტემატიური თვითშეფასების განხორციელებით. მოხდება გაკვეთილებზე დასწრება და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება/დამკვიდრების წახალისება.

როგორია სკოლის ინფრასტრუქტურა

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ორსართულიანი შენობა, თავისი ინფრასტრუქტურით, რეკრეაციული ზონით და თავისუფალი სივრცით განუსაზღვრელ შესაძლებლობებს იძლევა მოსწავლის საგანმანათლებლო და შემოქმედებითი აზროვნებისთვის.

სკოლაში 25 საკლასო ოთახია, რომლებიც აღჭურვილია ეკოლოგიურად სუფთა, მოსწავლის ინდივიდუალური სასკოლო მერხებით და სკამებით, რომლებიც შეესაბამება მოსწავლეთა ასაკს; ინტერნეტით უზრუნველყოფილი კომპიუტერით, პროექტორითა და ეკრანით, დაფებით და სხვა აუცილებელი სასწავლო ინვენტარით.

სკოლას აქვს თითოეული მოსწავლისთვის პერსონალური კომპიუტერით უზრუნველყოფილი ინფორმაციული ტექნოლოგიების კაბინეტ-ლაბორატორია, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიები, რომლებიც აღჭურვილია ლაბორატორიისთვის საჭირო ხელსაწყოებითა და საგნებით, გამწოვი კარადებით, სადემონსტრაციო მაგიდებითა და სკამებით, ინტერნეტით მუდმივად უზრუნველყოფილი კომპიუტერებით, პროექტორით ჭკვიანი დაფებით. ამ ყველაფრის საშუალებით მასწავლებლებს შეეძლებათ, ინოვაციური გაკვეთილების დაგეგმვა, ხოლო მოსწავლეებს – პრაქტიკული მუშაობა.

სკოლის ბიბლიოთეკა
სკოლის ბიბლიოთეკა

სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის. ასევე გვაქვს ბიბლიოთეკა, სადაც განთავსებულია  როგორც  გრიფირებული, ასევე მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა ქართულ და უცხოურ ენებზე.

ამჟამად მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების მქონე დახურული სპორტული დარბაზის მშენებლობა, რომელსაც ექნება თავისი ტრიბუნები, სველი წერტილები, საშხაპეები, სადაც მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, არა მხოლოდ ფიზკულტურის გაკვეთილებს, არამედ სხვადასხვა კლუბისა და წრის გაკვეთილებსაც დაესწრონ. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ღია სპორტული დარბაზიც, სადაც კარგ ამინდში ჩატარდება სპორტული გაკვეთილები. დარბაზი მრავალფუნქციურია და გამოიყენება ფეხბურთისთვის, კალათბურთისთვის, ჩოგბურთისთვის, ხელბურთისთვის.

სკოლის ტერიტორიაზე გვაქვს კვების ობიექტები და საერთო საცხოვრებელი საზაფხულო სკოლისთვის. სკოლას ექნება რამდენიმე ღია რეკრიაციული სივრცე. ერთ-ერთია ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ბოსტანი, სადაც ბავშვები მიიღებენ ფერმერულ გამოცდილებას. ასევე გვექნება გასართობი და დასასვენებელი რეკრეაციული ზონა.

სკოლაში მიღებული განათლებით თუ შეძლებს მოსწავლე უცხოეთში სწავლის გასაგრძელებას

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბავშვს სკოლის დასრულების შემდეგ გაუადვილდეს უცხოეთში სწავლა. გარდა იმისა, რომ მე-5 კლასიდან მოსწავლეები იწყებენ საერთაშორისო გამოცდების ჩაბარებას,  მე-12 კლასში ისინი აბარებენ TOEFL IBT – ის გამოცდას. თუ მოსწავლე აირჩევს ტექნიკურ მიმართულებას, ამ შემთხვევაში, უცხოეთში SAT – ის გამოცდას ითხოვენ. ამიტომ ვამზადებთ მათ როგორც TOEFL – ის, ასევე SAT – ის გამოცდისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ გამოცდების საფასურს იხდის სკოლა. გამომდინარე აქედან, მოსწავლეს აქვს საშუალება, გააკეთოს განაცხადი ნებისმიერ უცხოურ სასწავლებელში და დაელოდოს დადებით პასუხს.

რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, ჩვენი სკოლა მთლიანად ეროვნული გამოცდების მიხედვით ასწავლის, ასე, რომ ბავშვს არ გაუჭირდება ამ გამოცდების ჩაბარება. თუმცა თუ მოხდა ისე, რომ ბავშვს დასჭირდა დამატებითი გაკვეთილები სააბიტურიენტო ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად, ჩვენ მზად ვართ, მოსწავლეები 4 საგანში მოვამზადოთ გამოცდებისთვის. ასევე, თუ დასჭირდებათ საატესტატო გამოცდებში დახმარება, აქაც მზად ვართ, 4 საგანში მოვამზადოთ ჩვენი ბავშვები.

რამდენად არის დაცული სკოლაში მოსწავლის უსაფრთხოება

ჩვენ ვზრუნავთ მოსწავლის არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ მის ემოციურ უსაფრთხოებაზეც.  ფიზიკური უსაფრთხოებისთვის: სკოლაში მუშაობს დაცვის სამსახური, გვეყოლება სკოლის კოორდინატორი, რომელსაც ექნება დაახლოებით მანდატურის ფუნქცია.

გვაქვს ვიდეომონიტორინგის სამსახური, რომელიც 24-საათიან რეჟიმში გააკონტროლებს, როგორც შენობის შიდა, ასევე გარე პერიმეტრს. უმაღლეს დონეზეა დაცული სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმი. როდესაც  აჭარის სახელმწიფო სახანძრო  სამმართველოს წარმომადგენლებმა შეამოწმეს სკოლის სახანძრო უსაფრთხოება, აღნიშნეს, რომ მსგავსი სახანძრო უსაფრთხოება აჭარაში არც ერთ სკოლას არ აქვს.

აგრეთვე, გვყავს ექიმი და გვაქვს შესაბამისი ინვენტარითა და მედიკამენტებით აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტი.

რაც შეეხება ბავშვის ემოციურ უსაფრთხოებას – გვყავს ფსიქოლიგი, რომელიც თითოეული ბავშვის ემოციურ უსაფრთხოებაზე იმუშავებს. გარდა ამისა, კვირაში ერთხელ ყველა კლასს ექნება ფსიქოლოგის საათი, სადაც სკოლის ფსიქოლოგი მეგობრული საუბრებით მოახდენს სხვადასხვა ტიპის ძალადობის პრევენციას, მაგალითად, ისეთის, როგორიცაა ბულინგი, მობინგი და ა.შ. ასევე  ფსიქოლოგი იმუშავებს იმაზე, როგორ აუმაღლოს ბავშვს სწავლის მოტივაცია.

კიდევ რითი იქნება გამორჩეული ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა სხვა სკოლებისგან

ბათუმის ქათულ-ამერიკული სკოლა იქნება ერთი დიდი ოჯახი, რომელშიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი ექნებათ სკოლის ადმინისტრაციას, ბავშვებს, მასწავლებლებსა და მშობლებს. ეს ჯაჭვი იქნება ძალიან მყარი, რაც გამოიხატება იმით, რომ ყველა მასწავლებელი იქნება ვალდებული, კვირის ბოლოს მშობელს გადაუგზავნოს ბავშვის შესახებ ინფორმაცია, თუ რა მიღწევები ჰქონდა აღნიშნულ კვირას, რას ვერ გაართვა თავი და ა.შ. მშობელი იქნება მუდამ საქმის კურსში.

ფიზიკისა და ქიმია - ბიოლოგიის ლაბორატორიები აღჭურვილია ლაბორატორიისათვის საჭირო ხელსაწყოებითა და საგნებით, გამწოვი კარადით
ფიზიკისა და ქიმია – ბიოლოგიის ლაბორატორიები აღჭურვილია ლაბორატორიისათვის საჭირო ხელსაწყოებითა და საგნებით, გამწოვი კარადით

გვექნება მშობლის გამოკითხვა, სურვილის შემთხვევაში გამოკითხვა იქნება ანონიმური, ელექტრონულად. მშობელს შეეძლება გამოთქვას თავისი სურვილები და იდეები სასწავლო პროცესთან თუ სწავლის გარეთ არსებულ აქტივობებთან დაკავშირებით. სპეციალური კომისია შეისწავლის ამ ყველაფერს და ადმინისტრაცია გაითვალისწინებს. რაც შეეხება ხარისხს, ჩვენ გვყავს მაღალკვალიფიციური პედაგოგები და შესაბამისად ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის სწავლების მეთოდიკაში ეჭვი არ გვეპარება. ეს არ იქნება სკოლა, რომელიც ორიენტირებული იქნება მხოლოდ გამოცდების ჩასაბარებლად, აქ მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას, რაც მათ გაყვებათ  მთელი ცხოვრების განმავლობაში.

იქნება თუ არა ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა მოწინავე სასწავლო დაწესებულება რეგიონში

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ყველა პირობას შექმნის იმისთვის, რომ იყოს ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი სკოლის სლოგანია: „შენი წარმატება იწყება აქ“ და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ სიტყვებს გავამართლებთ!

მისამართი: ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა N117 

მობ.: 577240004

რა ჩემპიონატები ჩატარდება ბათუმში საპლაჟო ფეხბურთში

პირველი ივლისიდან 5 ივლისის ჩათვლით ბათუმის ქვიშის მოედანზე („მაგნოლიას“ მოპირდაპირე მხარეს) გაიმართება აჭარის ღია ჩემპიონატი საპლაჟო ფეხბურთში.

გარდა ამისა, 7-9 ივლისს ბათუმის ქვიშის მოედანზე გაიმართება საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი [საკვალიფიკაციო] ქვიშის ფეხბურთში.
ჩემპიონატის მეორე ეტაპი [პლეიოფები] გაიმართება 3-5 აგვისტოს.

ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი გუნდები მოიპოვებენ საგზურს 2019 წლის ევროპის ჩემპიონთა თასზე.

ჩემპიონატში მონაწილეობენ: ბსუ (ბათუმი), თელავი (კახეთი), საზღვაო აკადემია (ბათუმი), მართვე (ქუთაისი), UG თბილისი, ფოთის კოლხეთი, დინამო ბათუმი, ქუჯი სენაკი.
ჩემპიონატის ორგანიზატორები არიან: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და აჭარის ფეხბურთის ფედერაცია.

ღვინის გზა აჭარის მთებში საუკეთესო არომატის აღმოსაჩენად

In Vino Veritas – არავინ იცის ზუსტად რომელი ღვინის დაგემოვნებისას წამოსცდა რომის იმპერიაში უცნობს ეს ლათინური სიბრძნე. საუკუნეებს გადარჩენილი ფრაზა აუცილებლად ამოგიტივტივდებათ გონებაში, თუ ღვინის გზას დაადგებით ქედაში და მთებში მიმალული სოფლების საოჯახო მარნებს ესტუმრებით.

საფერავი შავიშვილების მარნიდან. ქედა, სოფელი ვაიო

ღვინის გზაზე ქედაში მრავალფეროვანი, საინტერესო და ცოტათი გამაბრუებელი თავგადასავალი გელით. მთავარია, თავიდანვე განსაზღვროთ, როგორი მოგზაურება გირჩევნიათ ამჯერად: ნაცნობ-მეგობრებთან ერთად მხიარული ჟრიამულით და დიდი მანქანით, თუ გზიდან მოშორებულ სოფლებამდე ფეხით გზის მარტო გაგნება.

ღვინის მარნებამდე გზად მახუნცეთის ჩანჩქერისა და ამავე სახელწოდების უძველესი, დიდი თაღოვანი ხიდის მონახულება შეგიძლიათ, ასეთი ხიდი აჭარაში ალბათ უკვე ბევრი გინახავთ.

მახუნცეთის ხიდი

ხიდთან ახლოს, გზის მეორე მხარეს, მახუნცეთის ჩანჩქერთან, ტურისტების უწყვეტი ნაკადი მიედინება. ჩანჩქერთან მისვლამდე უამრავი კაფე-ბარი და რესტორანია, სადაც ტრადიციულ კერძებს და აქაურ ღვინოს შემოგთავაზებენ, მაგრამ თუ გზის დასაწყისშივე არ მოგშივდებათ, კერძებისა და აჭარის საუკეთესო ღვინოების  დაგემოვნებას სოფლის მარნებში გირჩევთ. აქვე ადგილობრივ თაფლს, ათასგვარ მურაბასა და სეზონურ ხილს შეიძენთ.

ჩანჩქერი ზაფხულობით თითქოს არც ისე წყალუხვია, თუმცა გაზაფხულზე, თოვლის დნობისას და შემოდგომის წვიმის შემდეგ აქ წყლის ნაკადი საგრძნობლად იმატებს. დაგუბებულ წყალში ბავშვები ბანაობენ, ზოგი კამერას უფრთხის და სასწრაფოდ გადის კადრიდან, ზოგიც არ გვიმჩნევს და ყვინთვას განაგრძობს.

მახუნცეთის ჩანჩქერში ბანაობა

ამ უზარმაზარ თუთიყუშებს ბორია და რომა ჰქვიათ. უცნაურად იფუყებიან და თვალებს ატრიალებენ. მაიმუნ ევასაც მათი ბედი ერგო და წესით, ტურისტების თვალს უნდა ახარებდნენ, თუმცა ეს სამი მაინცადამაინც ბედნიერად არ გამოიყურება. როგორც ჩანს, მახუნცეთს მაინც მშობლიური ტროპიკები ურჩევნიათ.

მას შემდეგ, რაც ჩანჩქერის სიგრილეში დაისვენებთ, შეგიძლიათ ღვინის გზას გაუდგეთ. სოფელი პირველი მაისი, ვაიო და დანდალო ღვინის გზის რუკაზე რამდენიმე საოჯახო მარნითაა წარმოდგენილი.

 

შერვაშიძეების მარანი – სოფელი პირველი მაისი

 

მახუნცეთის ჩანჩქერის გზიდან სოფელი პირველი მაისის ასახვევამდე სულ სამი-ოთხი კილომეტრია. ჩანჩქერიდან ნებისმიერი ტრანსპორტი გაივლის ამ გზას. ცენტრალური გზიდან სოფელში მდებარე შერვაშიძეების მარნამდე სულ 900 მეტრია.

გირჩევთ, ეს გზა ფეხით აიაროთ. მოასფალტებულია, მანქანები აქ იშვიათად მიდი-მოდიან და ულამაზესი ხედები იშლება. ეზოებიდან ხილით დამძიმებული ხეების ტოტები გზისკენ მაცდურადაა გადმოწვდილი.

ვერც ერთი სოფლის გზას ვერ გაივლით დიდთვალება ძროხების გარეშე

ასეთ ჭიშკრებსაც წააწყდებით, სადაც წითელი ნალები აუკრავთ და სჯერათ, რომ ყველაფერ უარყოფითს რკინის ეს პატარა ნაჭერი აისხლეტს.

შერვაშიძეების დიდ, ვარდისფერ სახლს შორიდანვე შენიშნავთ. აქ რომ საოჯახო მარანი აქვთ, აბრაც მიგანიშნებთ და შორიდანვე შესამჩნევი ვენახის ზვრებიც. მარნის მეპატრონეს, ნოდარ შერვაშიძეს, საოჯახო სასტუმრო და მარანი ერთად აქვს მოწყობილი საცხოვრებელ სახლში. ამ მარნის ოჯალეშმა საოჯახო ღვინის ფესტივალზე მეორე ადგილი დაიმსახურა.

ნოდარ შერვაშიძე მუხის კასრებში აყენებს ღვინოს და მერე მინის ბოთლებში გადააქვს.

მეღვინეს აზრით, ერთ ჰექტარზე გაშენებული ვაზით ოჯახი თავისუფლად ირჩენს თავს წლიდან წლამდე. გარდა ოჯალეშისა, აქ ცოლიკაური და ჩხავერიც მოჰყავთ.

ზვრებიდან მხიარული შეძახილები ისმის. შერვაშიძეებს აქ ზიპლაინი აქვთ მოწყობილი და ტურისტები ემოციებს ვერ  მალავენ. უზარმაზარ ვენახს შეგიძლიათ თქვენც ასე გადაუფრინოთ.

ზიპლაინი შერვაშიძეების ვენახში. ქედა, სოფელი პირველი მაისი

შერვაშიძეების მარნის შემდეგ სოფელ ვაიოს უნდა ვესტუმროთ, სადაც ორი მარნის მონახულება შეგვიძლია. ამ სოფელში განსაკუთრებულად გემრიელი ჩხავერი აღმოაჩნდათ. ჩხავერი იშვიათი ჯიშის ყურძენია – აჭარის სიამაყე, აქაურები აუცილებლად მოგიყვებიან, როგორ შემოინახეს და გადაარჩინეს ოსმალების სამასწლოვანი ბატონობისას ვაზის აჩეხვის მიუხედავად ყურძნის ეს იშვიათი ჯიში.

 

შავიშვილების მარანი – სოფელი ვაიო

 

ლადო შავიშვილი 50 წელია ვენახს უვლის. მართალია, ყურძნის საწური თანამედროვე აპარატით ამზადებს ევროპული წესით ღვინოს, მაგრამ ცაცხვის საწნახელიც უდგას ეზოში და რთველისას ტრადიციული ქართული მეთოდითაც ჭყლეტს ყურძენს. რიტუალში მონაწილეობა განსაკუთრებით ტურისტებს ეხალისებათ.

შავიშვილების მარანში უგემრიელესი საფერავი დაგვხვდა, ზომიერად ტკბილი და ოდნავ მომჟავო, მწიფე მაყვლისა და მოცვის არომატით გაჯერებული.

ყველაზე ძვირი აჭარაში გავრცელებული ღვინოდან ჩხავერია, საოჯახო მარნებში ერთი ბოთლი ჩხავერის საშუალო ფასი 29 ლარია.

 

გორგილაძეების მარანი – სოფელი ვაიო

 

სოფელ ვაიოში გვეუბნებიან, რომ გორგილაძეების მარნისა და ეზოს უნახავად ამ სოფლიდან არ უნდა გაბრუნდე. გვიანდება, მაგრამ ცდუნებას ვერ ვუძლებთ, გორგილაძეების სახლამდე ავდივართ. სახლი ამ სოფლის ყველაზე მაღალ გორაზე დგას და წინ ლამის მთელი აჭარა მოჩანს. სახლის მეპატრონეებმა სწორად გათვალეს და უზარმაზარ გორაზე, სადაც სახლი უდგათ, ღია ცის ქვეშ მოაწყეს ფანჩატური, მთელი დღე არ მოგბეზრდებათ აქედან გარემოს თვალიერება.

ეზოსა და მარნის ულამაზესი მდებარეობის ფასი გორგილაძეებმა მშვენივრად იციან და ამიტომაც ატარებენ ზაფხულის საღამოებს გარეთ, მეზობლებთან და ახლობლებთან ერთად.

აქ ყოველწლიურად 2000, 3000 ტურისტს მასპინძლობენ. ეზოში კოტეჯიცაა მოწყობილი ღამის გასათევად, იქვე ნალიაა და მოსალხენი, დიდი ოთახი ბუხრით. წლიდან წლამდე ამ მარანში ორ ტონა ღვინოს წურავენ: ცოლიკაურს, ჩხავერსა და ალადასტურს.

ღვინო, ნიგვზიანი ბადრიჯანი, კიტრი, პომიდორი – ყველაფერი, რასაც ვახშმად მივირთმევთ, ამ ეზოშია მოყვანილი.

ვაიო, დანდალო, პირველი მაისი, გეგელიძეები, ქედა – ეს აჭარის სოფლებია, სადაც კიდევ არაერთ საოჯახო მარანს აღმოაჩენთ. ყველა მათგანი უნიკალურია ადგილმდებარეობის, ღვინის დაყენების ტექნოლოგიის და მასპინძლობის განსხვავებული წესების მიხედვით.

პატარა ნია აქ ცხოვრობს. ამბობს, რომ ძალიან უყვარს სტუმრები და როცა ტურისტები მათთან რჩებიან – უხარია. მალე აქაურობა ხალხით აივსება და გოგოც გაიხარებს.

ვახშმის დასასრულს კიდევ ერთხელ ვაგემოვნებთ ქედის მოტკბო ცოლიკაურს. აჭარის მთიანეთში ლურჯად ღამდება. ბათუმში დაბრუნების დროა.

პირველი ივლისიდან გადაჭარბებულ ხმაურზე ჯარიმები ამოქმედდება

პირველი ივლისიდან ძალაში შედის მერიის გადაწყვეტილება ქალაქში გადაჭარბებულ ხმაურთან დაკავშირებით. მერიაში, მუნიციპალური სერვისების სააგენტოში, უკვე  ფუქნციონირებს ხმის დონის მონიტორინგის განყოფილება, რომელიც გადაჭარბებული ხმაურის მონიტორინგს 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებს.

„მონიტორინგის ჯგუფში 16 ადამიანი იმუშავებს, ხმის საზომი აპარატები გადმოგვეცა შს სამინისტროდან, სამსახურის განყოფილებას ექნება თავისი მანქანებიც, რომლებიც 24 საათის განმავლობაში იმოძრავებენ მთელი ქალაქის მასშტაბით,“-ამბობს მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ნოშრევან საგინაძე.

მისი თქმით, მონიტორინგის ჯგუფი გააკონტროლებს როგორც ქალაქში, ასევე ზღვისპირა კაფე-ბარებსა და რესტორნებიდან გამოსულ ხმაურს.

იმ შემთხვევაში, თუკი ხდება ხმაურის გადაჭარბება, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე – 598 85 15 20.

„ცხელ ხაზზე დარეკვის შემთხვევაში ჩვენი თანამშრომლები მყისიერ რეაგირებას მოახდენენ,“-ამბობს ნოშრევან საგინაძე.

გადაჭარბებული ხმაურის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 150 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი – 500 ლარით. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება.

ამავე თემაზე:

როგორ გააკონტროლებს ბათუმის მერია გადაჭარბებულ ხმაურს[ვიდეო]

 

Exit mobile version