მთავარი,სიახლეები

ყოფილი პროკურორი ექსპერტიზის ბიუროს აჭარის დეპარტამენტის უფროსად

25.09.2018 • 3660
ყოფილი პროკურორი ექსპერტიზის ბიუროს აჭარის დეპარტამენტის უფროსად

ყოფილი პროკურორი – ავთანდილ კილაძე, რომლის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში შიმშილობის აქციებსაც აწყობდნენ, ახლა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. ავთანდილ კილაძის მოადგილე სიმონ გოგილაშვილია – ისიც ყოფილი პროკურორი. ინფორმაცია ექსპერტიზის ბიუროს ახალ უფროსებზე ბიუროს ინტერნეტგვერდზეა გამოქვეყნებული.

ბოლო თანამდებობრივი დეკლარაცია ავთანდილ კილაძეს 2012 წელს აქვს შევსებული. ამ დროს იგი ბათუმის რაიონული პროკურორი იყო. ავთანდილ კილაძე პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციაზე 2004 წლიდან მუშაობდა.

2012 წლის ბოლოს ბათუმელმა ადვოკატებმა ავთანდილ კილაძის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. „ავთანდილ კილაძე საგამოძიებო განყოფილების უფროსად დანიშნეს,“ – აცხადებდნენ მაშინ ადვოკატები.

„თუ ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური დევნილები, თუ ქვეყანაში გვყავს უკანონო პატიმრები და ამ ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენაზე  აქვს პრეტენზია, არ შეიძლება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. ავთანდილ კილაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც ამ ყველაფერში იღებდა მონაწილეობას წლების განმავლობაში. ის ბათუმის პროკურორად 7 წელი მუშაობდა“, – ამბობდნენ სასამართლოსთან შეკრებილი ადვოკატები. ისინი ავთანდილ კილაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებასაც ითხოვდნენ – კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის გამოვლენის მოთხოვნით.

ხელისუფლების შეცვლის და ადვოკატების პროტესტის მიუხედავად, ავთანდილ კილაძე პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების უფროსად მაინც დანიშნეს. საპროტესტო აქციები 2013 წლის მარტში განახლდა. რამდენიმე ყოფილი პატიმარი პროკურატურის წინ ავთანდილ კილაძის თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნით შიმშილობდა კიდეც.

2013 წელს და შემდეგ წლებშიც თანამდებობრივი დეკლარაცია ავთანდილ კილაძეს აღარ შეუვსია. ადვოკატ რამინ პაპიძის თქმით, საპროტესტო ტალღის შემდეგ კილაძე საგამოძიებო განყოფილების უფროსის თანამდებობას ჩამოაშორეს, თუმცა პროკურატურაში მაინც დატოვეს.

„ის იყო ზურაბ ადეიშვილის და იმავდროულად ზაქარია ქუცნაშვილის თანაკურსელი, შესაბამისად, ორივე ხელისუფლებასთან გამონახა საერთო ენა. ახლა, როგორც ჩანს, კარგი ურთიერთობების გამო დაასაქმეს ექსპერტიზის ბიუროში. მე ვფიქრობ, კომფორტული გარემო შეუქმნეს,“ – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე.

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, როგორც ობიექტური და დასაბუთებული კვლევის შედეგი, ხშირად გადამწყვეტი ფაქტორია სისხლის სამართლის დავებში. არსებობს თუ არა ეჭვის გაჩენის საფრთხე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიუკერძოებლობის კუთხით? – „ბათუმელები“ დამოუკიდებელ იურისტებს ესაუბრა.

„ამან შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული უხერხულობა,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, საია-ს აჭარის ფილიალის ყოფილი უფროსი და ამჟამად კომპანია „იურიდიული მრჩევლის“ ხელმძღვანელი. მას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტმა უნდა გამორიცხოს ყველა კითხვა და საეჭვო გარემოება.

„როდესაც დაცვის მხარე ექსპერტიზის მიერ მომზადებულ დასკვნაში ამოიკითხავს ყოფილი პროკურორის სახელსა და გვარს, შესაძლებელია, მას გაუჩნდეს უნდობლობის განცდა და მისი განწყობა გახდეს ნეგატიური. უწყებამ, რომელსაც ხელმძღვანელობს ყოფილი პროკურორი, შესაძლოა, დაცვის მხარის თვალში ვერ ისარგებლოს ინსტიტუციურად ნდობის მაღალი ხარისხით. მხარე დაინტერესებულია სამართლებრივი შედეგის მიღებით და ამას ის იღებს, მათ შორის, სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე. რა თქმა უნდა, დასკვნის მომზადებაზე ექსპერტი მუშაობს, მაგრამ როცა იცი, რომ მისი უშუალო ზედამხედველი არის ყოფილი პროკურორი, ეს შესაძლოა მხარეში იწვევდეს განცდას, რომ ვიღაც ჩაერია დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ მომზადებულ დასკვნაში“, – აღნიშნავს გიორგი ხიმშიაშვილი.

ედიშერ მახარაძე, ადვოკატი: „არ ვიცი, რატომ იყო საჭირო ყოფილი პროკურორების ექსპერტიზის ბიუროში გადაყვანა… ჩემი აზრით, ექსპერტებს თავიანთი საქმე აქვთ და ვერ ვხედავ პრობლემას, თუკი ხელმძღვანელი ავთანდილ კილაძე იქნება. ექსპერტიზას უშუალოდ ექსპერტი ატარებს და მისი ხელმძღვანელი ობიექტური შედეგის დადებაზე გავლენას ვერ მოახდენს.“

რამინ პაპიძე, ადვოკატი: „რისკი არსებობს, რადგან ავთანდილ კილაძე ცნობილი პროკურორი იყო, რისკი არსებობს მიუკერძოებლობის კუთხით. კანონის დარღვევა არაა ყოფილი პროკურორის დანიშვნა, მაგრამ რატომ? დავიჯერო, სისტემის შიგნით სხვა არავინაა ისეთი, ვისი დაწინაურებაც იქნებოდა მნიშვნელოვანი? მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ საქმის მცოდნე უნდა დაენიშნათ ბიუროს ხელმძღვანელად“.

საკადრო პოლიტიკის კუთხით პრობლემას ხედავს გიორგი ხიმშიაშვილიც, „იურიდიული მრჩევლის“ ხელმძღვანელი:

„საჯარო სექტორის ინსტიტუციური განვითარება მოითხოვს პროფესიონალ კადრებს. ეს კადრები უნდა იყვნენ, როგორც ქვედა რგოლში, ასევე მენეჯმენტში. ისინი უნდა გეგმავდნენ ორგანიზაციულ განვითარებას, კომუნიკაციას საზოგადოებასთან… საჯარო სექტორის ინსტიტუციური განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, როგორც პროფესიული კადრების მოზიდვა, ისე შიდა უწყებაში დასაქმებული კადრების დაწინაურება, მათ უნდა ჰქონდეთ საფეხურზე ასვლის შესაძლებლობა. მენეჯმენტის რგოლი არ უნდა იყოს პოლიტიკური მოტივაციის მქონე ფუნქციის მატარებელი,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ავთანდილ კილაძის წინააღმდეგ დაიწყება გამოძიება და საქმეს კონკრეტულ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნა დასჭირდება?

„გამოძიება ავთანდილ კილაძის წინააღმდეგ თავის დროზე არ დაუწყიათ და ახლა ვინ დაიწყებს? გამოძიება რომ დაიწყონ, ნათია შალიკაშვილის საქმე ეყოფა მარტო – 7 თვის ფეხმძიმე ქალს ყაჩაღობა დააბრალეს, როცა ამ ქალს საბანკო ანგარიშზე 8 ათასი დოლარი ჰქონდა. რეალურად ავთანდილ კილაძე ბევრ საქმეში არც ჩანდა, მას გავლენა ჰქონდა სხვა პროკურორებზე,“ – გვითხრა ადვოკატმა რამინ პაპიძემ.

ავთანდილ კილაძეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ინტერნეტგვერდზე საკონტაქტო ინფორმაციაში მხოლოდ ელექტრონული ფოსტა აქვს მითითებული. „ბათუმელებმა“ მასთან დაკავშირება მითითებულ მისამართზე სცადა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ვებგვერდიდან:„სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის – სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“ 2004 წლის 4 ნოემბერს ჩამოყალიბდა. ექსპერტიზის ბიურო წარმოადგენს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მისი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული დებულებით და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.ბიუროს მომსახურებით სარგებლობენ, როგორც სახელმწიფო და საბიუჯეტო ორგანიზაციები, ასევე კერძო სტრუქტურები, კომერციული და არაკომერციული დაწესებულებები და სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირები. ბიუროში მოქმედებს საექსპერტო მომსახურების ფიქსირებული გადასახადი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით“.

_____________

მთავარ ფოტოზე: ავთანდილ კილაძე 2013 წლის საპროტესტო აქციის დროს. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: