უკვე რამდენიმე დღეა, ბათუმის იუსტიციის სახლთან ყოფილი პატიმრები ბათუმის ყოფილი პროკურორის, ამჟამად აჭარის პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელის ავთანდილ კილაძის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ.
შოთა კაკულიას განცხადებით, სამი კვირის წინ, არჩილ კბილაშვილის ბრძანებით, შეიქმნა 12 კაციანი კომისია რომელსაც პროკურატურაში შემოსული განცხადებებისა და საჩივრების განხილვა დაევალა. „სწორედ ამ კომისიის ფარგლებში, მთავარი პროკურორის მითითებით ჩამოვედით და გავესაუბრეთ თითოეულ მოშიმშილეს და სხვა მოქალაქეებსაც. ამ ეტაპზე გამოძიება ჯერ არ არის დაწყებული, მხოლოდ მოკვლევა მიმდინარეობს და იმ საქმეების შესწავლა, რომლებზეც არსებობს პრეტენზიები“.
„ძირითადი მოთხოვნა იმიტომ არის ავთანდილ კილაძეზე, რომ ის იყო ბათუმის პროკურორი და ყველა ჩვენ, ვინც უკანონოდ ვიყავით პატიმრობაში, მოვითხოვთ იმ პროკურორების გადადგომას, რომლებსაც ამ უკანონობაში აქვთ წვლილი. ჩემ საქმეზე პროკურორები იყვნენ ავთანდილ ჭარბაძე და ავთო კოჭლამაზაშვილი, რომლებმაც უკანონოდ მოახდინეს ჩემი წამება, ნარკოტიკის ჩადება და სამი წელი და ექვსი თვე გამატარებინეს ციხეში“ – ამბობს ყოფილი პატიმარი მერაბ გორგაძე.
აქციის ორგანიზატორი და ყოფილი პატიმარი, დავით კუკულაძე კი ამბობს: „ავთო კილაძის მამამ ბანერი ჩამოგვიგლიჯა და არასწორად, ნივთის დაზიანების მუხლით დააკვალიფიცირეს ეს მოქმედება. მე სანქცირებულ აქციას ვატარებ და მან შემიშალა ხელი ჩემი კონსტიტუციური უფლების განხორციელებაში. ამაშიც ვერ დაგეხმარებითო და ეს რანაირი გენერალური ინსპეციაა“.
პროკურორი ავთანდილ კილაძე განცხადების დაწერას და სამსახურიდან წასვლას არ აპირებს: „ჩამოსულია გენინსპექცია, თუკი აღმოჩენილი იქნება კანონდარღვევა ან რაიმე სხვა დანაშაული, ბუნებრივია გადავდგები. თუმცა, კატეგორიულად ვაცხადებ, რომ არც ერთი პოლიტპატიმარი ჩემს ზედამხედველობით უწყებას არ ჰყოლია. შიმშილობის აქცია კი არის სპექტაკლი, რადგან მათი პროტესტი გამოიხატება რამდენიმე საათით კარავში კოფნით, შემდეგ მათი პირადი საქმეებით არიან დაკავებული“.
ავთანდილ კილაძე ასევე უარყოფს მოშიმშილეებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
ავთანდილ კილაძე