Batumelebi | პატიმარი: საკონსტიტუციომ ხელით შევსებული სარჩელი არ ჩაიბარა, ელექტრონულს მთხოვენ პატიმარი: საკონსტიტუციომ ხელით შევსებული სარჩელი არ ჩაიბარა, ელექტრონულს მთხოვენ – Batumelebi
RU | GE  

პატიმარი: საკონსტიტუციომ ხელით შევსებული სარჩელი არ ჩაიბარა, ელექტრონულს მთხოვენ

„გაურკვეველია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნა სარჩელის ელექტრონული ვერსიის აუცილებლობასთან დაკავშირებით. სად ვნახო კომპიუტერი? იქნებ არც ერთი ადვოკატი არ იღებს საქმეს? მაშინ არ მაქვს სასამართლოსთვის მიმართვის უფლება სამართლიანობისთვის?“ – კითხულობს ბათუმის ციხეში მყოფი პატიმარი, ლეონიდე მიქაბერიძე.

რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ მის სარჩელზე ხარვეზი დაადგინა  – სასამართლომ პატიმარს წარმომადგენლის დანიშვნა და სარჩელის ელექტრონული ვერსია მოსთხოვა.

„ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში პატიმარი წერს, რომ მას ფიზიკურად არ აქვს კომპიუტერულ სისტემასთან წვდომის შესაძლებლობა. პატიმარს ხარვეზი სარჩელის სააპლიკაციო ფორმის შევსების კუთხითაც დაუდგინეს.

„გარდა ამისა, ვინაიდან ზოგიერთ პუნქტში არ იყო საკმარისი ადგილი შესავსებად, ფორმას დავურთე დამატებითი გვერდები, რომლებზეც გადავიტანე კონკრეტული პუნქტის სათაურები. შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის მიზეზი,“ – წერს პატიმარი.

ლეონიდე მიქაბერიძე 2014 წლიდან იხდის სასჯელს ბათუმის მე-3 დაწესებულებაში. 2017 წლის 14 აგვისტოს მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლითაც წაუყენეს, რაც გულისხმობს პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლას ან ამ საქმიანობის დეზორგანიზაციას. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირის მიერ ამ მუხლის დარღვევა 10-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლეონიდე ამ მუხლით გასამართლებული ჯერ არ არის.

სასჯელის ფორმას, ანუ 10-დან 12 წლამდე პატიმრობის არაკონსტიტუციურად მიჩნევას ითხოვს პატიმარი საკონსტიტუციო სასამართლოში, თუმცა მისი სარჩელი ჯერ წარმოებაში არ მიუღიათ.

რა უნდა გააკეთოს პატიმარმა, როცა მას სარჩელის შეტანა სურს სასამართლოში, მაგრამ კომპიუტერთან წვდომა არ აქვს, ან როგორ უნდა დაიქირავოს ადვოკატი? – საკონსტიტუციო სასამართლოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ლიანა ბაგაშვილი განმარტავს, რომ მან პატიმარს წერილი კანონის მოთხოვნების შესაბამისად გაუგზავნა და გამონაკლისი პატიმარი ვერ იქნებოდა.

„არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ პატიმრების თემებზე… კანონის მოთხოვნაა, რომ უნდა არსებობდეს ელექტრონული ვერსია, რომელიც ხელით შევსებული ვერსიის იდენტური უნდა იყოს. სავალდებულოა ისიც, რომ უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი. შესაბამისად, თუკი ხარვეზი არ გამოსწორდება, ეს სარჩელი რეგისტრაციიდან მოიხსნება,“ – გვითხრა ლიანა ბაგაშვილმა.

„საპატიმრო დაწესებულებაში პატიმარს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კომპიუტერული მოწყობილობის გამოყენების შესაძლებლობა. პატიმარს ასევე უნდა მისცენ შესაძლებლობა, ამობეჭდოს სარჩელი და მას დისკიც დაურთოს. თუ ამის საშუალება არ ეძლევა, მას ადმინისტრაციასთან დავის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს,“ – მიიჩნევს გიორგი გოცირიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი.

იურისტის თქმით, კონსტიტუციით არის გარანტირებული სასამართლოსთვის მიმართვის უფლება.

„შესაბამისად, ციხის ადმინისტრაციას შეუძლია მხოლოდ უსაფრთხოების ზომები დაადგინოს, მაგალითად, ის, რომ პატიმარს სარჩელის მომზადების დროს შესაძლოა ინტერნეტთან წვდომის უფლება არ ჰქონდეს,“ – დასძენს გიორგი გოცირიძე.

საია-ს იურისტისთვის სამართლიანია კანონის დათქმა, რომლის მიხედვითაც პატიმარს აუცილებლად უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი.

„საკონსტიტუციო სამართალწარმოება სპეციფიკურია, აქ განიხილება რთული სამართლებრივი საკითხები. ჩვეულებრივ სასამართლოს პირველ ინსტანციაში ფაქტობრივი გარემოებებია მთავარი და ფაქტები პატიმარმა უკეთ იცის, ვიდრე მისმა ადვოკატმა, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლო წმინდა სამართლებრივ საკითხებს განიხილავს. შესაბამისად, კანონმდებელმა დააწესა მოთხოვნა, რომ პატიმარი იურისტით იყოს წარმოდგენილი მსგავს დავებში,“ – გვითხრა გიორგი გოცირიძემ.

ლეონიდე მიქაბერიძის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში სავარაუდოდ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს.

ციხიდან გამოგზავნილ წერილში ლეონიდე მიქაბერიძე კიდევ ერთი პრობლემის შესახებ ყვება – ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობა. მან სასჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგ საქმე სასამართლოს სამივე ინსტანციაში მოიგო. ციხის ადმინისტრაცია მას ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლებას იმ მოტივით არ აძლევდა, რომ მას ბრალდებულის სტატუსიც ჰქონდა. კანონის მიხედვით კი, ბრალდებულს ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება არ აქვს. უზენაეს სასამართლოში დავა პატიმარსა და სამინისტროს შორის 2016 წლის ბოლოს დასრულდა.

ლეონიდე მიქაბერიძემ ხანგრძლივი პაემნის უფლება მიიღო, თუმცა მას სურდა მეუღლეს, დედას და შვილს ერთდროულად შეხვედროდა.

„ხანგრძლივ პაემანზე ერთდროულად შეიძლება იმყოფებოდეს ერთი სრულწლოვანი პირი, რომელსაც დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, შეიძლება თან ახლდეს ერთზე მეტი არასრულწლოვანი პირი,“ – სასჯელაღსრულების მინისტრის 2014 წლის ამ ბრძანებასაც ასაჩივრებს პატიმარი. მისი მტკიცებით, ბათუმის ციხის ინფრასტრუქტურა იძლევა ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთდროულად შეხვედრის შესაძლებლობას.

პატიმრის სარჩელი ხანგრძლივი პაემნის სარგებლობის უფლებაზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის შეფასებით: „მოცემული სარჩელის ფარგლებში, სადავოდ გამხდარი N3 პატიმრობის და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციის ქმედება [მოქმედება, უმოქმედობა] შესაძლოა გასაჩივრდეს ზოგადი წესით ადმინისტრაციულ ორგანოში [დეპარტამენტის დირექტორთან].“

„სარჩელის ტექსტი გავაგზავნე პარლამენტის წევრებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სახალხო დამცველთან. მიუხედავად იმისა, რომ სადავოდ ქცეული საკითხი ეხება არა კონკრეტულად ერთ მსჯავრდებულ ლეონიდე მიქაბერიძეს, არამედ ყველა მსჯავრდებულს, რომელთა უკან დგას მათი ოჯახის წევრები, ათიათასობით ადამიანი, ყველამ იგნორირება გაუკეთა ჩემს განცხადებას და არც ერთს ელემენტარულად პასუხიც კი არ მოუწერია… აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დამპირდა, რომ კომიტეტი განიხილავდა ამ საკითხს, მაგრამ ჯერჯერობით არც მაგ მხრივ არის პროგრესი“.

ბოლოს ლეონიდე მიქაბერიძეს უმაღლესი საბჭოს წევრი ცოტნე ანანიძე 22 აგვისტოს შეხვდა. მაშინ დეპუტატმა თქვა, რომ ხანგრძლივი პაემნის საკითხზე კომიტეტი იმსჯელებდა.

„ჯერ კომიტეტში საკითხი არ განგვიხილავს, კონსულტაციები მიდის… საჭიროების შემთხვევაში, მე შემიძლია მივმართო სასჯელაღსრულების ადმინისტრაციას დამატებითი პაემნის უფლებით სარგებლობის შესახებ. ჩემი შეფასებით, ბრძანება არ არის ბუნდოვანი, მაგრამ შესაძლოა ჩვენ გვქონდეს წინადადება მეტი ჰუმანიზაციისკენ,“ – გვითხრა დღეს, 26 სექტემბერს, ცოტნე ანანიძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი