მთავარი,სიახლეები

ექიმები დავით სერგეენკოს წინააღმდეგ

26.09.2018 • 2761
ექიმები დავით სერგეენკოს წინააღმდეგ

ექვსი ექიმი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის – დავით სერგეენკოს წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს. თუკი სასამართლოს პირველი კოლეგია განმწესრიგებელ სხდომაზე სარჩელს დასაშვებად მიიჩნევს, მისი არსებითი განხილვა დაიწყება. ექიმები მიიჩნევენ, რომ მათ მიმართ კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის პრინციპი ირღვევა.

დავის საგანი ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მიერ ხელმოწერილი 2017 წლის 28 ივნისის ბრძანებაა, რომელიც დამატებით სწავლის ვალდებულებას უდგენს იმ ექიმებს, რომლებმაც რეზიდენტურა ან ორდინატურა უცხოეთში დაამთავრეს, მაგრამ ამისთვის იმაზე უფრო მცირე დრო დახარჯეს, ვიდრე საქართველოში დასჭირდებოდათ.

მოსარჩელე ექიმები არიან: ზურაბ იჩქიტიძე, ილია ჭუმბაძე, ხათუნა გრიგალაშვილი, გიორგი მამუკელაშვილი, თეონა კახიანი და ნათია კახაძე.

გასაჩივრებული ნორმის თანახმად, როდესაც უცხოეთში მიღებული დიპლომისშემდგომი განათლების ხანგრძლივობა ნაკლებია საქართველოში მოქმედ შესაბამისი საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე, ან პირს უცხოეთში აქვს დამთავრებული კლინიკური ასპირანტურა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვებისათვის აუცილებელია საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობის ფლობა.

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმის საფუძველზე სახელმწიფო მათ არ უღიარებს უცხოეთში მიღებულ დიპლომისშემდგომ განათლებას სრულად და უდგენს დამატებითი დიპლომისშემდგომი განათლების კურსის გავლის ვალდებულებას საქართველოში. ხსენებული კურსის გავლის გარეშე მოსარჩელეები არ დაიშვებიან სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე და ვერ მოიპოვებენ საექიმო საქმიანობის ლიცენზიას.

„მოსარჩელეებს მხოლოდ იმის გამო მოუწევთ რამდენიმე ათეული ათასი ლარის დახარჯვა და დამატებით რამდენიმეწლიანი სწავლა [იმ პროგრამაზე, რომელზეც უკვე ისწავლეს და შესაბამისი კვალიფიკაციაც მიიღეს], რომ არ გაუმართლათ და ბრძანების ამოქმედებამდე ვერ მოასწრეს სალიცენზიო გამოცდაზე რეგისტრაცია,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სარჩელში.

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, თვითნებურად ხდება არათანაბარი პირობების შექმნა და უთანასწორო სამართლებრივი რეჟიმის ჩამოყალიბება,“ – აღნიშნავენ მოსარჩელეები.

ამავე თემაზე: 

საჭიროზე მეტი ექიმი ექთნების დეფიციტის ფონზე

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: