მთავარი,სიახლეები

„ხშირად ხდება, როცა ნასამართლობის გამო შენზე მიუთითებენ“

25.09.2018 • 2690
„ხშირად ხდება, როცა ნასამართლობის გამო შენზე მიუთითებენ“

„ცუდი ბიჭია ეგ, ციხეში იჯდა“ – „უძინართა მზეში“ ამბობს ამას მოხუცი, გახსოვთ? ხშირად ხდება ხოლმე ასე ცხოვრებაშიც, ნასამართლობის გამო შენზე როცა მიუთითებენ“, – გვეუბნება ყოფილი პატიმარი, გ. მ.

საპატიმროში ერთი წელი გაატარა წვრილმანი ხულიგნობისა და ქუჩაში ჩხუბის გამო. სტიგმა, რაც საზოგადოებაში ყოფილ პატიმრებზე არსებობს, გ. მ. – საც არაერთხელ შეხებია:

გ.მ.: „მეგობრის ქორწილში გავიცანი ერთხელ გოგო, მომეწონა ძალიან, რაღაცებს ვუყვებოდით ერთმანეთს, მერე ჩემი მეგობარი მოგვიახლოვდა და ამ გოგოს უთხრა, რომ უახლოესი მეგობრები ვიყავით ბავშვობიდანვე და ყველგან ერთად დავდიოდით. მხოლოდ ერთ ადგილას არ წამიყვანა თავისთანო – ჩემი მეგობარი ამბობდა, მივხვდი, ციხეს რომ გულისხმობდა და ფეხს ფეხზე ვაჭერდი, გაჩუმდი-მეთქი, მაგრამ ის გოგო ჩააცივდა, სად არ წაგიყვანაო. ჩემი მეგობარი იძულებული გახდა ეთქვა, ციხეს რომ გულისხმობდა. არ ესიამოვნა ამ გოგოს, რა თქმა უნდა. არ გაგვიწყვეტია ურთიერთობა, მაგრამ მხოლოდ ნაცნობებად დავრჩით, მეტი არაფერი,“ – ამბობს ყოფილი პატიმარი.

37 წლის გ.მ. ზუგდიდში ცხოვრობს, ხელოსანია – კერძო შეკვეთით სარემონტო სამუშაოებს ასრულებს. ასე ოჯახის ერთადერთ წევრს, ასაკოვან მამას ეხმარება და საკუთარ თავსაც ინახავს. დედა ცოტა ხნის წინ გარდაეცვალა და ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში მამასთან ერთად მარტო დარჩა. რემონტის შეკვეთები ხშირად არ აქვს, საქმე არასტაბილურია. ოჯახს თხილის მეურნეობაც აქვს, მაგრამ თუ ყოველწლიურად ტონა-ნახევარ თხილს კრეფდნენ, წელს მოსავალი მხოლოდ 300 კილოგრამი იყო, შარშან კი საერთოდ ვერ დაკრიფეს – ფაროსანამ გაანადგურა.

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ შესახებ გ.მ-მ მეგობრებისგან შეიტყო. არ ეგონა, რომ რეალურად დაეხმარებოდა ვინმე, თუმცა ამაში ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში ჩართვის შემდეგ დარწმუნდა. პროგრამის ფარგლებში მას სარემონტო სამუშაოებისთვის აუცილებელი ხელსაწყოები და იარაღები შეუძინეს.

გ.მ. „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების გაძლიერების პროექტის“ სხვა ღონისძიებებშიცაა ჩართული. ყოველთვის ვერ იცლის, მაგრამ ოკაცეს კანიონისა და პრომეთეს მღვიმის მოსანახულებლად ექსკურსიაზე იყო ჯგუფთან ერთად 6 სექტემბერს. ლაშქრობა ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში მოეწყო.

„ყოფილმა პატიმრებმა ერთმანეთი გავიცანით ექსკურსიაზე, ზოგს ადრეც ვიცნობდი, სხვა გარემოში ვნახეთ ერთმანეთი, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, სასიამოვნოა და სასარგებლოა ასეთი გასვლები,“- ამბობს ყოფილი პატიმარი.

„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის“ პროგრამას „დემოკრატიის ინსტიტუტი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან: „თანაზიართან“, „აფხაზინტერკონტთან“ და „გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან“ ერთად ახორციელებს. პროგრამა მოქმედებს დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელო – ზემო სვანეთში.

________________________

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: