მთავარი,სიახლეები

რატომ არ უნდა იბეგრებოდეს ქველმოქმედება – იურისტის განმარტება

26.09.2018
რატომ არ უნდა იბეგრებოდეს ქველმოქმედება – იურისტის განმარტება

თუ ფული გაქვთ და რომელიმე სტუდენტის სწავლის ან მისი ცხოვრების დაფინანსებას გადაწყვეტთ, გადასახადები ჩვეულებრივ რეჟიმში უნდა გადაიხადოთ. ამის შესახებ ერთ-ერთი ბიზნესკომპანიის ხელმძღვანელმა გვითხრა, რომელიც სტუდენტს დააფინანსებს. მან ქველმოქმედების პარალელურად სახელმწიფოსაც უნდა გადაუხადოს ფული.

კანონმდებლობის მიხედვით, ქველმოქმედება არ იბეგრება მხოლოდ მაშინ, თუკი ოფიციალურად დარეგისტრირებული საქველმოქმედო ორგანიზაცია სამკურნალო ან სამედიცინო მიზნისთვის ურიცხავს ვინმეს ფულს. გადასახადისგან თავისუფალია წელიწადში 1000 ლარამდე გადარიცხვაც ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რაც ჩუქებად ითვლება და არა ქველმოქმედებად.

„სახელმწიფო პოლიტიკა ამ კუთხით გადასახედია,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. მისი თქმით, საგადასახადო კოდექსში დეტალურადაა გაწერილი რეგულაციები და არსებობს კონტროლის მყარი მექანიზმი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია დადგინდეს, თანხა მართლაც ქველმოქმედებისთვის გადაირიცხა, თუ სამეწარმეო მიზნებისთვის.

თუკი სტუდენტის სწავლის ან მისი ცხოვრების დაფინანსებას საქველმოქმედო ორგანიზაცია გადაწყვეტს, მას საშემოსავლო გადასახახდის ბიუჯეტში ჩარიცხვა მაინც მოუწევს.  საქველმოქმედო ორგანიზაცია ამ შემთხვევაში ქონების, მოგების დღგ-ს არ გადაიხდის.

„საქველმოქმედო ორგანიზაცია ვალდებულია წელიწადში ერთხელ ჩაატაროს აუდიტი, რომლის ანგარიშსაც ის წარუდგენს საგადასახადო ორგანოს. საქველმოქმედო ორგანიზაციამ უნდა დაასაბუთოს, რომ ფული ნამდვილად საქველმოქმედო მიზნებისთვის გადაიხადა და არ გადაურიცხავს, მაგალითად, ღამის კლუბში. თუ მიზნობრიობა არ დადასტურდება, ეს შეიძლება გახდეს საქველმოქმედო ორგანიზაციის გაუქმების საფუძველი,“ – განმარტავს იურისტი პაატა დიასამიძე.

ქველმოქმედების მიზნით თანხის გადარიცხვის გამო სხვა ნებისმიერი ორგანიზაცია იბეგრება, თუ ეს თანხა 1000 ლარს აღემატება. საია-ს იურისტი კანონზე გვერდის ავლის მარტივ შესაძლებლობაზე საუბრობს.

„კანონი ამბობს, რომ არ იბეგრება ორგანიზაცია, თუკი მისი გადარიცხვა არ აღემატება 1000 ლარს ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, ანუ იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით. შესაძლებელია, მაგალითად, გადაურიცხო კონკრეტულ პირს 1000 ლარი, რაც არ დაიბეგრება და შემდეგ ჩაურიცხო 1500, რაც დაიბეგრება. ამ გზით აარიდებს ორგანიზაცია თავს 2500 ლარის გადასახადს ჯამში,“ – აღნიშნავს პაატა დიასამიძე.

მაგალითისთვის, ქველმოქმედებისთვის გადარიცხული 1500 ლარის შემთხვევაში ის, ვინც ქველმოქმედებას ეწევა დაიბეგრება 375 ლარით, 2500 ლარის გადარიცხვის შემთხვევაში კი – 625 ლარით.

საია-ს იურისტი მიიჩნევს, რომ შედარებით რთულად დადასტურებადია, როცა რომელიმე ორგანიზაცია სტუდენტის ცხოვრებას აფინანსებს, სწავლის გადასახადი კი მარტივად ჩანს შესაბამის დოკუმენტში და ამ კუთხით ქველმოქმედება ან სტუდენტისთვის სტიპენდიის დანიშვნა არ უნდა იბეგრებოდეს.

პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი: „ეს დაეხმარება სტუდენტს რეალურად, ამიტომაც ამ კუთხით სახელმწიფო პოლიტიკის გადახედვა მნიშვნელოვანია… იგივე მიდგომა უნდა ჩამოყალიბდეს მკურნალობის კუთხით გადარიცხულ თანხაზეც. შესაძლებელია, კონკრეტულ მეწარმეს ჰქონდეს ფული და სურვილი, დააფინანსოს სამკურნალო ხარჯი, მაგრამ მას არ სურს დამატებით ფული იხადოს ამისთვის ბიუჯეტში. მსგავსი რეგულაციების ამოქმედება რეალურად არის შესაძლებელი“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: