კულტურა,სიახლეები

160 ათასი ლარი ვენეციის ბიენალეზე წარსადგენი პროექტისთვის

24.09.2018 • 1698
160 ათასი ლარი ვენეციის ბიენალეზე წარსადგენი პროექტისთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ი, „შემოქმედებითი საქართველო“, ვენეციის 58-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სახელით წარსადგენი პროექტის შესარჩევად  კონკურსს აცხადებს.

ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა 2019 წლის 11 მაისიდან 24 ნოემბრამდე იტალიაში, ქალაქ ვენეციაში გაიმართება, რომლის მთავარი თემაა „გეცხოვროთ საინტერესო დროს“ (May You Live in Interesting Times). კურატორი – რალფ რუგოფი (Ralph Rugoff).

საქართველოს ეროვნული პავილიონისათვის 74 კვ. მ ფართობის სივრცე ვენეციის ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცეში – „არსენალეზეა“ გამოყოფილი. თანხა გამარჯვებული პროექტისათვის 160 000 ლარს შეადგენს. გამოვლინდება მხოლოდ ერთი გამარჯვებული.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იურიდიულ პირებს.  კონკურსზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და ამავე წლის 26 ოქტომბერს, 17:00 საათზე დასრულდება.

„შემოქმედებითი საქართველოს“ ინფორმაციით, საკონკურსო კომისია გამარჯვებულ და სარეზერვო პროექტებს მაქსიმუმ 10 სამუშაო დღის ვადაში გამოავლენს. განაცხადები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: biennale@creativegeorgia.ge.

განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კომისია შედგება ქართველი და უცხოელი თანამედროვე ხელოვნების სფეროს კვალიფიციური 5 ექსპერტისაგან – ერთი თავმჯდომარე და 4 წევრი.

ნამუშევრის შეფასების ძირითადი კრიტერიუმია: კონცეფცია და მისი რელევანტურობა ბიენალეს მთავარ კონცეფციასთან, წარმოდგენილი პროექტის ვიზუალური მხარე, სამუშაო ჯგუფის გამოცდილება და წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის ადეკვატურობა წარმოდგენილ პროექტთან მიმართებაში.

გამარჯვებული ვლინდება კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების დაჯამებით.

„58-ე საერთაშორისო სახელოვნებო გამოფენა ხაზს გაუსვამს ზოგად მიდგომებს ხელოვნების შექმნაში და ხელოვნების აღქმას სოციუმში, რომელიც მოიაზრებს როგორც სიამოვნების მიღებას, ასევე კრიტიკულ აზროვნებას.

ხელოვანები, რომლებიც ამ მიმართულებით აზროვნებენ, ხშირად განსხვავებულ აზრს შესძენენ ე.წ. ფაქტებს, კავშირების გაღრმავებით და ახალი შინაარსობრივი დატვირთვის მინიჭებით,“- ნათქვამია პრესრელიზში.

ვენეციის საერთაშორისო ხელოვნების ბიენალე თანამედროვე ხელოვნების ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული გამოფენაა, რომელიც 1895 წელს დაარსდა.

დეტალური ინფორმაცია საკონკურსო პირობებისა და შერჩევის წესის შესახებ იხილეთ ბმულზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: