მთავარი,სიახლეები

პოლიციელის მკვლელობის საქმე – ხმაური ბათუმის სასამართლოში

25.09.2018 • 2805
პოლიციელის მკვლელობის საქმე – ხმაური ბათუმის სასამართლოში

„უვადო, უვადო პატიმრობა,“ – რამდენჯერმე წამოიძახეს დარბაზიდან, როცა მოსამართლე პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს მოსალოდნელი სასჯელის შესახებ ესაუბრებოდა. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა დღეს, 25 სექტემბერს, პოლიციელის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

ქობულეთში, მუხაესტატეს პოლიციის უფროსი მურად [ბუტა] ანთაძე ქობულეთი-მუხაესტატეს საავტომობილო გზაზე 15 ივნისს მოკლეს. ამ დროს ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის მორიგი ხე გადაჰქონდათ.

გამოძიების ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებულმა სამზარეულოს დანა ზურგიდან ჩაარტყა პოლიციელს. ბუტა ანთაძე ქობულეთის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ბესო ტაკიძეს წლების განმავლობაში უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა პოლიციის უფროსის, ბუტა ანთაძის მიმართ. 2014 და 2015 წლებში ბესო ტაკიძე მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებს სამჯერ დაუკავებიათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო. სასამართლომ ბესო ტაკიძე ხულიგნობის ჩადენაში – ორჯერ, ხოლო პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ერთხელ მიიჩნია სამართალდამრღვევად.

ბრალდებულმა ბესიკ ტაკიძემ დღევანდელ პროცესზე დუმილით უპასუხა მოსამართლის შეკითხვას: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?

შესავალ სიტყვაში პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ აღნიშნა, რომ ბრალდებული ბესიკ ტაკიძე „არაგაბარიტული ტვირთის“ გადატანის პროცესს უშლიდა ხელს, პოლიციელმა კი მას გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

„ამ დროს განიზრახა ბრალდებულმა პოლიციელის მოკვლა,“ – დაასრულა პროკურორმა.

„განზრახ“ – ამ სიტყვას არ ეთანხმება ყველაზე მეტად ბრალდებულის ადვოკატი. დალი იმნაიშვილის თქმით, პოლიციელმა ბესო ტაკიძეს შეურაცხყოფა მძიმე ფორმით მიაყენა და ეს არ იყო განზრახ ჩადენილი მკვლელობა.

„ჩვენ გვესმის დანაშაულის სიმძიმე, მაგრამ სწორი სამართლებრივი შეფასებაა საჭირო,“ – თქვა ადვოკატმა.

მორიგ სასამართლო პროცესებზე ამ საქმეში დაკითხული ყველა მოწმის ჩვენებებს მოისმენს მოსამართლე, რადგან ბრალდებულმა პროკურორის მიერ შეგროვებული ყველა მტკიცებულება სადავო გახადა.

ადვოკატმა დალი იმნაიშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ პროკურატურას ე.წ. ნეიტრალური მოწმეები არ ჰყავს და ბრალდება ძირითადად პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობა.

ადვოკატს საუბარი მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებმა შეაწყვეტინეს. დარბაზს სიჩუმისკენ მოსამართლემ მოუწოდა.

„თუ ასე გაგრძელდება, სხდომას დავხურავ. მე უნდა მოვისმინო ყველა პოზიცია. მოსმენის გარეშე ვერ მივიღებ სამართლიან გადაწყვეტილებას,“ – თქვა მოსამართლემ.

პოლიციელის ოჯახის წევრებმა აგრესია ბრალდებულის ახლობლების მიმართ მაშინვე გამოხატეს, როგორც კი მოსამართლე დარბაზიდან გავიდა.

სიტყვიერი შეურაცხყოფა სასამართლოს შენობის გარეთაც გაგრძელდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან

სასამართლო პროცესი

 

სიტყვიერი შელაპარაკება სასამართლო პროცესის შემდეგაც გაგრძელდა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: