მთავარი,სიახლეები

აჭარის სოფლებში წყლისა და კანალიზაციის სისტემის მშენებლობა 2020 წლამდე არ დაიწყება

24.08.2018 • 2454
აჭარის სოფლებში წყლისა და კანალიზაციის სისტემის მშენებლობა 2020 წლამდე არ დაიწყება

გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი 40 მილიონი ევროს შეღავათიანი სესხისა და 3 მილიონი ევროს გრანტის ათვისება 2020 წლამდე არ დაიწყება. სწორედ 2020 წლიდან ვარაუდობენ სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მშენებლობის დაწყებას „აჭარის წყლის ალიანსში“, რომელიც „აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამას“ ახორციელებს. პროცესი 2013 წლიდან დაიწყო, თუმცა, პროექტის განსახორციელებლად საჭირო სესხის ხელშეკრულება ახლა გაფორმდა.

სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს ხელი თბილისში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.

 „დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის გამწმენდი პროგრამა აჭარაში“ 50 მილიონი ევროთი დაფინანსდება.  აქედან 40 მილიონი ევრო არის გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KFW] სესხი, 3 მილიონი ევრო – ამავე ბანკის გრანტი, ხოლო 7 მილიონი ევრო ევროკავშირის გრანტი იქნება, „რაზედაც შეთანხმება მიღწეულია, თუმცა გრანტის მოთხოვნაზე განაცხადი ჯერ წარდგენილი არ არის. გრანტის მოპოვება მოხდება მას შემდეგ, რაც კონსულტანტი კომპანიები გამოვლინდებიან,“ – ამბობენ „აჭარის წყლის ალიანსში“.

ორი კონსულტანტი კომპანიის შერჩევა დაწყებულია. გამარჯვებულები, როგორც ალიანსში „ბათუმელებს“ უთხრეს, მიმდინარე წლის ბოლოს გამოვლინდებიან.

„სამეტაპიანი ტენდერია. სავარაუდოდ, დეკემბრის თვეში დასრულდება. 24 განაცხადი შემოვიდა და ამ ეტაპზე ტენდერში 17 კომპანია მონაწილეობს. პირველ და მეორე ლოტზე შეირჩევა 5-5 კომპანია, მიეცემათ ვადა და წარმოადგენენ მათ ტექნიკურ და ფინანსურ წინადადებებს, ამის შემდეგ გაიხსნება ჯერ ტექნიკური დოკუმენტაცია – შეირჩევა ისინი, რომლებიც მინიმალურ მოთხოვნებს გადალახავენ და შემდეგ გაიხნება ყველას თანდასწრებით ფინანსური წინადადებები. დოკუმენტების შესწავლის შემდეგ კი  გამოვლინდებიან გამარჯვებულები. პროცესი მიდის გეგმის მიხედვით,“ – გვითხრა თეიმურაზ ბედინაძემ, სს „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორმა.

მისივე თქმით, ტენდერში, ძირითადად, გერმანულ-ავსტრიული კომპანიები მონაწილეობენ, ასევე არიან ესპანური და თურქული კომპანიებიც.

ალიანსში აცხადებენ, რომ გამარჯვებულებთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მათ დასჭირდებათ სულ ცოტა 3 თვე პროექტირებისთვის. დეტალური პროექტირებისა და ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენის შემდეგ, უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებზე კი ისევ საერთაშორისო ტენდერი უნდა გამოცხადდეს, რომლის პროცედურებსაც დრო სჭირდება.

„ნავარაუდევია, რომ სამუშაოები 2020 წლამდე არ დაიწყება. ყველაზე კარგი იქნება ის, რომ ეს ვადა 2020 წელს არ გადასცდეს. თუმცა ოპტიმისტურად ვართ განწყობილი… ეს არის პროექტი, რომელიც აჭარის მასშტაბით გადაჭრის წყლისა და კანალიზაციის პრობლემას. ეს იქნება სისტემა თავისი გამწმენდი ნაგებობებით. ევროპელი პარტნიორების მთავარი მოთხოვნაა, რომ გაწმენდის გარეშე საკანალიზაციო წყალი არ მოხვდეს მდინარეებსა თუ ზღვაში. მაღალმთიანეთში გაწმენდილი საკანალიზაციო წყალი ჩავა მდინარეში, თუმცა ის არ იქნება დაბინძურებული. ის იქნება გაწმენდილი ევრომოთხოვნების შესაბამისად,“ – ამბობს თეიმურაზ ბედინაძე.

„ალიანსში“ აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე შესრულდება ის სამუშაოები, რასაც 50 მილიონი ევრო გაწვდება და სრულად შეეხება შემდეგ დაბებსა და სოფლებს: ხელვაჩაურს, ქედას, შუახევს, ხულოს, ცეცხლაურს, ჯიხანჯურს, მახუნცეთსა და ამ დაბების შემოგარენში სოფლებს [პროექტი არ შეეხება ქალაქებს: ბათუმსა და ქობულეთს].

„შესაძლოა ამ თანხით [50 მილიონი ევრო] მთლიანად მოეწყოს სისტემა, ან საჭირო დარჩეს თანხის დამატება. ამ შემთხვევაში საქართველოსა და აჭარის მთავრობებს მოუწევთ, იზრუნონ საჭირო თანხის მოძიებაზე,“ – აცხადებენ „ალიანსში“.

პროექტის ფარგლებში სამუშაოები მოსახლეობის [იურიდიული პირების] გამრიცხველიანებასაც, შესაბამისად, წყლისა და კანალიზაციის სისტემებით სარგებლობისთვის გადასახადების დაწესებასაც გულისხმობს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: