კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ს ძეგლის სტატუსი მოუხსნა. ამ ადგილზე XIX საუკუნის ბოლოს აშენებული ორსართულიანი სახლი მშენებელმა კომპანიამ უნებართვოდ დაანგრია. საქმეს პროკურატურა იძიებს. რა არგუმენტები ჰქონდა და როგორ დაასაბუთა საბჭომ გადაწყვეტილება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორს, ნიკოლოზ ანთიძეს ესაუბრა.
- როგორ დაასაბუთა საბჭომ ბათუმში ვაჟა-ფშაველას #13- სთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის გადაწყვეტილება?
სტატუსი ცარიელი მიწისთვის აღარ იყო მიზანშეწონილი, საბჭომ იმსჯელა და გადაწყვეტილება მიიღო. თუ ამაზე ისევ განხორციელდება შესაბამისი რეაგირება და რა თქმა უნდა განხორციელდება, ჩვენი მხრიდან ახალი დასკვნები იქნება წარდგენილი, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია. ეს, რა თქმა უნდა, გულისხმობს, რომ ვანდალური აქტი მოხდა, შესაბამისად სამართალდამცავები თავის ნაწილს შეასრულებენ. ჩვენ უბრალოდ აღარ არსებულ ძეგლს, მიწას, მოვუხსენით სტატუსი.
შეიძლება ცოტა უხეში შედარება მქონდეს, მაგრამ იგივეა, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, ის უნდა დაკრძალო, ანუ რეალურად მისი გათავისუფლება ძეგლის სტატუსიდან ეს არის მეთოდი, მაგრამ ეს დამნაშავეს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ჩვენ გამოვითხოვეთ მთელი რიგი ინფორმაციები როგორც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან, ასევე სხვადასხვა უწყებიდან და არც მისი ანაზომები არსებობს, არის მხოლოდ ფოტო, რითაც ფიზიკურად შეუძლებელია ძეგლის აღდგენა. დავამატებ იმასაც, რომ სააგენტოს გენერალური დირექტორი არის მხოლოდ გამფორმებელი იმ გადაწყვეტილების, რასაც საბჭო მიიღებს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადმინისტრირება ვერ ხდება საბჭოს გარეშე.
- რას გულისხმობთ?
პიროვნულად ძეგლთა დაცვის ხელმძღვანელი ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, ვიდრე ექსპერტების შეფასება და გადაწყვეტილება არ იქნება, მე ვერ გამოვცემდი აქტს მოხსნაზე ან მინიჭებაზე, თუ არ მექნება საბჭოს გადაწყვეტილება.
- ასეთ ფაქტებს სხვა დროსაც ჰქონია ადგილი ბათუმში. ვინ და როგორ უნდა იმუშაოს იმაზე, რომ მსგავსი ფაქტები შემცირდეს?
სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს დამრღვევი, დასჯაში ვგულისხმობ თუ დადგინდება, რომ … როგორც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, ასევე ჩვენც ვმონაწილეობდით ამ პროცესში, დაისჯება ადამიანი ან ჯგუფი, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება მგონი პრევენცია. ბოდიშს ვიხდი, ცუდი შედარება მიწევს, მაგრამ, ასე ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებაც კანონმდებლობით აკრძალულია, მაგრამ სამწუხაროდ ხდება ასეთი ფაქტები. ამიტომ ამის პრევენცია სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა, ჩვენ ამ პროცესში აქტიურად ვართ ჩართული.
სტატუსის ქონა ან არქონა არაფერს არ გადაწყვეტდა, რაიმე სახის შემორჩენილი ნაშთი მაინც რომ იყოს, იმ ადგილს სტატუსი არ ეხსნება. აქ არაფერი არ იყო შემორჩენილი და არც ანაზომები გვქონდა, რომ დაგვევალდებულებინა ის ადამიანი, აღედგინა პირვანდელი სახით, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამართალდამცავების მუშაობას, რომ დამნაშავე უნდა იყოს დასჯილი.
- ხშირად საქართველოში მესაკუთრეებს ჯერ კიდევ არ აქვთ გაცნობიერებული ძეგლის მნიშვნელობა, ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებაზე ვინ უნდა იმუშაოს?
კულტურული მემკვიდრეობის ქონა მესაკუთრისთვის დღეს რატომღაც აღიქმება, რომ არის სასჯელი. არადა, პირიქით არის საერთაშორისო პრაქტიკითაც, რომ კულტურული მემკვიდრეობის მესაკუთრეობა არის პრესტიჟი და ეს არის ფინანსური რესურსიც. კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ქონება, გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე მომიჯნავე ქონება. საზოგადოების დიდ ნაწილში აღიქმება, რომ რადგან ძეგლია, თურმე იქ არაფერი არ შეიძლება, ძეგლზე ძალიან ბევრი კარგი რამის გაკეთება შეიძლება: ადაპტაცია, რეკონსტრუქცია, ახლებური გამოყენება…
- ვინ უნდა იმუშაოს, რომ დაანახოს საზოგადოებას, რა არის ძეგლი და როგორ შეიძლება მისი გამოყენება ისე, რომ გადარჩეს. ვისი მოვალეობაა ეს?
ჩვენ ვმუშაობთ. თბილისის მაგალითზე გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვეხება, ნებართვების გაცემის პროცესში, ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს მუშაობა მესაკუთრეებთან, რომ მათი ქონება ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე …. ფინანსურ რეჟიმში გადამყავს. და არამხოლოდ სადღეგრძელოს ნაწილში, რომ კულტურული მემკვიდრეობა ტურიზმს განავითარებს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არის კონკრეტული ღირებულებები ფულში გადატანილი, რომლითაც უფრო მეტი სარგებელი შეუძლია მიიღოს [მეპატრონემ], ვიდრე იმ ვანდალური აქტებით, რაც ხდება.
- ხშირად თავადაც ფინანსურ ნაწილში გადაჰყავთ, ოღონდ ითვლიან იმის მიხედვით, რამდენად იყიდის ინვესტორი, რომ დაანგრიოს და ახალი ააშენოს…
ეს არის ძალიან მოკლე ვადაზე გათვლილი შემოსავალი, ძალიან ვიწრო და მოკლე პერსპექტივა. კულტურულ მემკვიდრეობას გაცილებით დიდი პერსპექტივა აქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დღეს საქართველოში ტურიზმი განვითარებულია და რაც უფრო მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იქნება შენარჩუნებული, უფრო მეტი ინტერესი იქნება ამ ქვეყნის მიმართ. ჩვენ ყოველთვის ვუწევთ მეთოდოლოგიურ დახმარებას ადამიანს, რომელსაც რაიმე ინტერესი აქვს ძეგლში სამუშაოების ჩატარების თვალსაზრისით. ნაბართვა აქვს თუ არა, ამას კი არ ვგულისხმობ, არამედ დახმარებას, რომ სწორად გააკეთოს, რომ არ დაზიანდეს. ზოგ შემთხვევაში უნებართვოდ ისე კეთდება, რომ დაზიანების ტოლფასია.
- და რატომ კეთდება უნებართვოდ, ზედამხედველობა ვერ მუშაობს, კონტროლი არ ხორციელდება?
მაგალითად, ბათუმში კონტროლი ეკუთვნის სააგენტოს, მე ვიცი, რომ ისინი მუშაობენ და აჯარიმებენ კიდეც, ზოგჯერ უღირს ადამიანს იმ ჯარიმის გადახდა, მაგრამ დაჯარიმება არ ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისაგან. მისი ჯარიმა შეიძლება გასამმაგდეს.
- გასამმაგებულიც არ არის იმდენი, რომ „არ უღირდეს“…
არა, ეს დიდი თანხაა, ახლა გვქონდა შემთხვევა ქუთაისში გასამმაგებულმა თანხმა 120 000 ლარი შეადგინა. რა თქმა უნდა, გეთანხმებით, რომ ზედამხედველობა უფრო აქტიური უნდა იყოს ამ პროცესში, როგორც აჭარის, ასევე ჩვენიც, მაგრამ ყველაფერს ობიექტური მიზეზები აქვს, თუ რატომ ვერ ხდება დღეს ამ ზედამხედველობის ეფექტურად გატარება. მათ შორის ის მიზეზი, რომ ძალიან ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია დღეს საქართველოში, რაც, რა თქმა უნდა, არ ათავისუფლებს ძეგლთა დაცვის ორგანოებს პასუხისმგებლობისგან.