მთავარი,სიახლეები

როგორ შეიცვლის იერსახეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი შენობა ბათუმში

26.09.2018
როგორ შეიცვლის იერსახეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი შენობა ბათუმში

საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილ შენობას ბათუმში, მემედ აბაშიძის N40-ში, ბიზნესმენი რუსლან კაკაბაძე არემონტებს. შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, მან აჭარის ფინანსთა ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე 1 მილიონ 755 ათას ლარად  და პირობით იყიდა.

1128 კვ/მ მიწის ნაკვეთისა და 664,8 კვ/მ შენობის საწყისი გასაყიდი ფასი 1 მილიონ 720 ათასი ლარი იყო, ბიჯი – 35 ათასი ლარი. ქონება ერთი ბიჯით გაიყიდა.

პროექტის რენდერი

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან უკვე შეთანხმებული პროექტის რენდერის [ვიზუალური მასალა] მიხედვით მესაკუთრე ძეგლის პირვანდელი სახით აღდგენას არ გეგმავს. შენობას შესასვლელში შუშის ფოიე ემატება, სადაც ე.წ. ზამთრის ბაღის მსგავსი სივრცე მოეწყობა და ფუნქციურად  კაფეს დატვირთვა ექნება. გარდა ამისა, მინით შეიფუთება ფასადის ნაწილი მემედ აბაშიძის ქუჩის მხრიდან, საერთო ჯამში კი, შენობის მასშტაბები ორი სართულით გაიზრდება.

შენობის მესაკუთრის, რუსლან კაკაბაძის თქმით, ამ დროისთვის მას მოლაპარაკებები აქვს ერთ-ერთ ცნობილ ბრენდთან: „ ვგეგმავ ბრენდის შემოყვანას, ჯერ მოლაპარაკებების პროცესში ვართ, ამიტომ ვერ დავასახელებ“.

ამ დროისთვის მშენებლობის ადგილზე  გამოკრული არ არის საინფორმაციო ბანერი. რუსლან კაკაბაძის განმარტებით, არსებული ბანერი დაზიანდა და ახალ ბანერს ამზადებენ, რომელსაც  სამშენებლო მოედანზე დამონტაჟებულ ბილბორდზე უახლოეს საათებში გამოაკრავენ.

რა პირობით გაასხვისა აჭარის მთავრობამ ქონება, წაიკითხეთ აქ:

„საგარეოს შენობა“ 1 მილიონ 755 ათას ლარად რუსლან კაკაბაძემ იყიდა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: