სარფის პლაჟი შავი ზღვის სანაპიროს პლაჟებიდან ყველაზე მოკლეა და სულ რაღაც 500 მეტრს შეადგენს. ყოველწლიურად ასობით ტურისტი ირჩევს ამ ადგილს დასასვენებლად. მიზეზი სუფთა ზღვა და ზღვის პირას აღმართული კლდეებია.
ქვაომხაზე – ასე ჰქვია ლაზურად იმ უზარმაზარ ლოდს, რომელსაც აუცილებლად დაინახავთ, თუკი სარფში ჩახვალთ. ლოდი ზღვაშია „ჩავარდნილი“. ზაფხულში იშვიათად რომ ცარიელი იყოს. ადგილობრივებისთვის, ისევე როგორც ტურისტებისთვის, ქვაომხაზედან შავ ზღვაში ჩახტომა ერთგვარი ექსტრემია.
სიტყვა „ქვაომხაზე“ ლაზურად დაღარულ, ნაჭდევებიან ქვას ნიშნავს ან „ქვამიჯნას“, ზღვარს. ლაზებს ეს ადგილი განსაკუთრებულად უყვართ.
ბათუმში, ვაჟა ფშაველას #17-ში, სადაც მოქალაქემ აივანს მოაჯირი მოჭრა და ამოაშენა, მშენებელი კომპანია პროექტში ცვლილების შეთანხმებას ითხოვს. განმარტებით ბარათში, რომელიც შპს „დარ ბილდინგმა“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა, ნათქვამია ისიც, რომ „ამოშენების ნაწილში უმნიშვნელოდ გაიზარდა k2 კოეფიციენტი.“
განმარტებით ბარათში არ იყო აღნიშნული, რომ კომპანიამ ამოშენებული აივნის ნაწილში ორი ფანჯარაც გამოჭრა.
კომპანიის განმარტებით, ეს და კიდევ რამდენიმე ცვლილება არ იწვევს შენობის პარამეტრების შეცვლას და ზუსტდება მხოლოდ „გარკვეული უმნიშვნელო დეტალები“, რასაც არ ეთანხმებიან სააგენტოს ზონალური საბჭოს წევრები, თუმცა მიიჩნევენ, რომ ცვლილებები მნიშვნელოვნად მართლაც არ ცვლის გარემოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით: „ამიტომაც უმჯობესი იქნება ეს საკითხი მერიამ გადაწყვიტოს“ – განაცხადა საბჭოს ხელმძღვანელმა მირზა ცეცხლაძემ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს სხდომაზე. მას საბჭოს სხვა წევრებიც დაეთანხმენ.
ზონალური საბჭოს წევრი დავით ზოიძე აჩვენებს კოლეგებს, როგორ შეცვალა აივნის ამოშენებამ ფასადის დახრილობა
აივნის უკანონოდ ამოშენების თაობაზე ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური უნებართვო სამშენებლო პროცესის დაწყებისთანავე იყო ინფორმირებული, სამშენებლო კომპანია რამდენჯერმე გააფრთხილეს და დააჯარიმეს კიდეც, თუმცა უშედეგოდ. აივნის მესაკუთრემ მშენებლობა მაინც დაასრულა და ფასადიც შეღება.
მრავალბინიანი, შვიდსართულიანი სახლი ვაჟა ფშაველას #17 -ში შპს „დარ ბილდინგმა“ ააშენა, შენობა ჯერ მერიას ექსპლუატაციაში არ მიუღია. კომპანიაში აცხადებდნენ, რომ მესაკუთრე, რომელმაც აივანი უნებართვოდ ამოაშენა, არც სამშენებლო კომპანიას შეთანხმებია, რის გამოც მერიასთან პრობლემები შეექმნათ, ამიტომაც კომპანია მის წინააღმდეგ სასამართლოში გეგმავდა სარჩელის შეტანას, თუმცა, როგორც ჩანს მან კომპანიასთან შეთანხმება მოახერხა.
კომპანიის იურისტის, ირაკლი სურმანიძის თქმით, მესაკუთრემ აიღო ვალდებულება, რომ ის დაფარავს კომპანიის ჯარიმებს, რამაც საბოლოო ჯამში სამი ათას ლარს მიაღწია. გარდა ამისა, მესაკუთრე დაფარავს პროექტში ცვლილებასთან დაკავშირებულ ხარჯებსაც: „ის საკმარისად დაისაჯა იმისთვის, რაც გააკეთა“ – ამბობს ირაკლი სურმანიძე.
საინტერესოა რას გადაწყვეტს მერია, მას შემდეგ რაც სააგენტო ცვლილების პროექტს შესათანხმებლად დაუბრუნებს – ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ მედიასთან რამდენჯერმე განაცხადა, რომ მისი მერობის პერიოდში ვერც ერთი მშნებელი უკანონოდ აშენებულ ერთ კვადრატულ მეტრსაც ვერ დაიკანონებს, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის შემდეგ, შესაბამისი ნახაზის წარდგენის შემთხვევაში, თუ ნებართვის გამცემი მიზანშეწონილად მიიჩნევს, კანონმდებლობა დაკანონების შესაძლებლობას უშვებს.
თუ მერია კომპანიას უარს ეტყვის, „დარ ბილდინგი“ აპირებს მიმართოს სასამართლოს, რადგან იურისტის განმატებით, ასეთ შემთხვევაში კომპანიას სხვა გამოსავალი არ რჩება.
დიზაინერმა ლუჩანო ჯეიკობმა ბრაზილიელი ფეხბურთელის, ნეიმარის საფეხბურთო მინდორზე წაქცევის მრავალრიცხოვანი კადრებისგან შრიფტი, სახელწოდებით „Ney Type“ ააწყო. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა, ნეიმარის მრავალფეროვანი „წაქცევები“ ინტერნეტმომხმარებელთა საყვარელ გასართობად რჩება.
ანბანის სრული შრიფტი A-დან Z-ის ჩათვლით მხატვარმა ბრაზილიელი ფორვარდის დაცემის კადრებისგან შექმნა. მას იდეა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე მატჩის დროს გაუჩნდა, როცა ნეიმარი არტისტულად დაეცა მინდორზე გაშლილი ხელებით.
მხატვარმა შრიფტი საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა და თავიდანვე დაიმსახურა ათიათასზე მეტი მოწონება.
იდეის ავტორი ფიქრობს, რომ შრიფტი მნახველს გაახალისებს და ნეიმარის კრიტიკის მიზეზად არ იქცევა.
შრიფტის იდეამდე, ნეიმარის სათამაშო მოედანზე „დაცემები“ არც სხვებისთვის ყოფილა შეუმჩნეველი. სახალისო ვიდეოს, რომელიც ინტერნეტში ორი კვირის წინ გავრცელდა 24 ათასზე მეტი გაზიარება აქვს
აშშ-ის საელჩომ თბილისში, ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის ინგლისური ენის რვაკვირიანი ონლაინ კურსი გამოაცხადა. ამერიკული ინგლისურის E-Teacher პროგრამა 25 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე გაიმართება. პროგრამა მოიცავს შვიდ სხვადასხვა კურსს.
აპლიკაციები მიიღება 22 ივლისის ჩათვლით.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ინგლისური ენის სპეციალისტებს, პედაგოგებს ვისაც აქვს ჩაბარებული (მინიმუმ 525 TOEFL, 70 iBT, ან CEFR B2),
მონაწილე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, უნდა ჰქონდეს მაღალსიჩქარიან და სანდო ინტერნეტთან რეგულარული წვდომა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის უმაღლეს საბჭოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წარუდგინა.
პრეზიდენტმა არჩევანი თორნიკე რიჟვაძეს [უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის კანდიდატი] და არმაზ ახვლედიანს [ოპოზიციის კანდიდატი] შორის გააკეთა. გიორგი მარგველაშვილს შეეძლო უმაღლესი საბჭოსთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის საკუთარი კანდიდატიც წარედგინა განსახილველად, ასევე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მცირე ჯგუფის მიერ იყო დასახელებული გოჩა გუგუნავას კანდიდატურაც.
“გავიაზრეთ რა ორივე კანდიდატურის პოზიცია და წარმომდგენი ძალების პოზიცია, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც ბატონ თორნიკე რიჟვაძეს წარმოადგენს პარტია, რომელიც უმრავლესობას ფლობს აჭარის უმაღლეს საბჭოში, მის წარდგენას გააჩნია თავისი ლოგიკა და მე ავარჩიე ბატონი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ცნობილია, რომ თორნიკე რიჟვაძეს უმაღლეს საბჭოში მხარს უჭერს „ქართული ოცნება“, რაც უკვე საკმარისია იმისათვის, რომ უმაღლესმა საბჭომ რიჟვაძის კანდიდატურა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცოს. უმაღლეს საბჭოში უმრავლესობას სწორედ „ქართული ოცნება“ წარმოადგენს.
თორნიკე რიჟვაძე 29 წლისაა. იგი პროფესიით იურისტია და აქვს განათლება ენერგეტიკის მიმართულებითაც. 2017 წლიდან ამ დრომდე თორნიკე რიჟვაძე „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი იყო.
უკვე ცნობილია, რომ თორნიკე რიჟვაძის მთავრობის თავმჯდომარედ დამტკიცების შემდეგ აჭარაში ორი მინისტრი შეიცვლება. თანამდებობას დატოვებს რამაზ ბოლქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. ამ თანამდებობაზე რიჟვაძე ჯაბა ფუტკარაძეს მოიაზრებს და ასევე, პოსტს დატოვებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ მესხიძე, ამ სამინისტროს რიჟვაძის მთავრობაში ტიტე აროშიძე უხელმძღვანელებს.
მინისტრის პოსტებს შეინარჩუნებენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ზაალ მიქელაძე და განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი – ინგა შამილიშვილი.
აჭარის ახალი მთავრობის შემადგენლობას მხარს უჭერს აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა, ამის შესახებ უმაღლესმა საბჭომ განცხადება 16 ივლისს გაავრცელა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგაა ვაკანტური, რაც მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ ტოვებდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს. პატარაძე ამ თანამდებობაზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. მთავრობის თავმჯდომარის გადადგომა ავტომატურად მთავრობის გადადგომას გულისხმობს, ამიტომ ზურაბ პატარაძის მთავრობის წევრი ყოფილი მინისტრები, დღეს მოვალეობის შემსრულებლები არიან. ამ დრომდე მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს ზურაბ პატარაძეც, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრად მოიაზრებოდა.
ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ k-2-ზე მომუშავე კომისია შექმნა. ეს კომისია განიხილავს სამშენებლო კომპანიების მიმართვას კონკრეტულ ზონაში სამშენებლო პროექტების k-2 კოეფიციენტის გაზრდის თაობაზე. k-2- კოეფიციენტი გულისხმობს დაგეგმილი სამშენებლო პროექტის სიმაღლის განსაზღვრას k1-თან, ანუ სამშენებლო მოედნის ფართობთან და მასზე დაგეგმილი მშენებლობის მასშტაბთან მიმართებაში.
მერის გადაწყვეტილებით k-2-ზე მომუშავე კომისიას ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე უხელმძღვანელებს. კომისიაში შედიან ასევე მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი მირიან მეტრეველი, მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის ხემძღვანელი გოგა ლომაძე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს საბჭოს ხელმძღვანელი ლაშა ჟღენტი და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობისა და სივრცითი მოწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნუგზარ ძნელაძე.
ამ დრომდე k-2-ის გაზრდაზე სამშენებლო კომპანიების მოთხოვნების მიზანშეწონილობას აჭარის მთავრობის აპარატში მომუშავე კომისია სწავლობდა, შემდეგ კი მთავრობის თავმჯდომარე კომპანიებს მერთან შუამდგომლობდა, მას შემდეგ კი, რაც ეს საკითხი საზოგადოების განსჯისა და კრიტიკის საგანი გახდა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება k-2 კოეფიციენტის გაცემაზე უარი თქვა და ეს უფლებამოსილება მთლიანად მერიას გადასცა.
ლუკა 18 წლისაა, მაგრამ ჯერ კიდევ მინდობით აღზრდაში ცხოვრობს. ბიჭი თავიდან საოჯახო ტიპის სახლში ცხოვრობდა. ამ სახლში მხოლოდ 18 წლამდე შეიძლება გაჩერება. მინდობით აღზრდაშიც იმის გამო დატოვეს, რომ ეროვნულ გამოცდებს აბარებს. ლუკა საკუთარ თავზე და იმაზე თუ, როგორ იპოვა დედა 11 წლის ასაკში, თავად ჰყვება:
„ბსუ-ში ფსიქოლოგის ფაკულტეტი ავირჩიე. იურისტობასაც ვფიქრობ, ეგეც ჩაწერილი მაქვს. და ჩავწერე მედიცინაც. სამივე პროფესიით ადამიანების დახმარება შემეძლება.
სკოლა ვერცხლის მედალზე დავასრულე.
სხვათა შორის, დაწყებითში დაბალ ნიშნებზე ვსწავლობდი, მოტივაცია არ მქონდა. ბავშვობაში მჭირდებოდა ისეთი ადამიანი, რომელიც მომცემდა ამ მოტივაციას, ეს დედა აღმოჩნდა.
ფერიის ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი, საიდანაც მცირე საოჯახო ტიპის სახლში გადმომიყვანეს. სწორედ მაშინ ჩამივარდა საბუთები ხელში და წავიკითხე დედის სახელი და გვარი ეწერა. მანამდე ვიცოდი, რომ დედა სხვა ქალი იყო, ანუ ის, ვისთანაც ნამდვილმა დედამ დამტოვა. მას ნინო ჰქვია. ნინომ სამი წლის ასაკში ბავშვთა სახლში ჩამაბარა, მერე 9 წლის რომ გავხდი, მინახულა და დედაშენი ვარო მითხრა.
ძალიან ეჭვიანი ბავშვი ვიყავი და მუდმივად ვსვამდი კითხვებს. როცა მივხვდი, რომ ნინო არ იყო ჩემი ნამდვილი დედა, გამიხარდა… ინტერპოლი ვერ მოძებნის ისე, როგორც მე დედა ვეძებე – სოციალური ქსელები გადავატრიალე და ბოლოს მივაგენი.
დაახლოებით ორი წელი დამჭირდა მასთან მყარი ურთიერთობა რომ ჩამომყალიბებოდა – ეშინოდა… მეც მეშინოდა მასთან ურთიერთობის. ინტერნეტში ურთიერთობიდან ორი წლის შემდეგ მითხრა, „მიყვარხარ დეო“.
მაშინ 13 წლის ვიყავი.
დედა საბერძნეთში ცხოვრობს. „ლაივში“ დღემდე არ მინახავს, წელს გავიცნობ. გამოცდებს რომ ჩავაბარებ მასთან მივდივარ…
რას გრძნობ, როცა 18 წლის ხდები
როცა ვიღაცის დედა გივლის, ვერ წარმოგიდგენია, რომ შეიძლება მასაც უყვარდე. მე ხომ ბავშვთა სახლში ვიყავი და ყოველთვის მეგონა, რომ არავის ვუყვარდი, ამიტომ მოტივაციად ავიღე დედა და დავიწყე სწავლა.
მერე გავიგე, რომ თუ კარგად ვისწავლიდი, საოჯახო ტიპის სახლში 21 წლამდე დარჩენის შანსი მექნებოდა, ან მინდობით ოჯახში… სხვა გზა არ მაქვს, უნივერსიტეტში უნდა ჩავაბარო, რომ სტუდენტის სტატუსი მქონდეს.
ხუთივე საგანში ვემზადები. სახელმწიფო არ მიფინანსებს ამას, მაგრამ რომ გაიგეს ჩემი სიტუაცია, მესამე წელია უკვე ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მამზადებენ. ყოველ დღეს დავდივარ მასწავლებელთან – ინგლისური, მათემატიკა, უნარები, ქართული, ისტორია…
ბევრჯერ მიფიქრია, რომ შეიძლება ვერ ჩავაბარო და დავრჩე ქუჩაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციას შევხვდი, გაეროს ასამბლეას – მითხრეს დაგეხმარებითო, მაგრამ ეს ზოგადი ფორმულაა. ახლა დამატებით ბარმენობას ვსწავლობ, უნდა ვიმუშაო, რომ თუ დამჭირდა ბინა ვიქირავო. თუ უნივერსიტეტში ვერ მოვეწყე, კოლეჯის დამთავრებამდე დავრჩები მინდობით აღზრდაში. ეს კიდევ 11 თვეა.
ჩემი აზრით, შევძლებ ბინის დაქირავებას და თავის რჩენას. დამიჯერეთ, მეც დავიღალე იმით, რომ ყოველთვის ვიღაცამ უნდა შემინახოს. ახლა ვალდებული ვარ, მომავალი ჩემით ავიწყო. ერთადერთი გამოსავალი მაქვს, უნდა ვისწავლო. მე ქუჩაში არასდროს მიცხოვრია, იქ გამიჭირდება. რომ არ გამიჭირდეს, ქუჩაში არ უნდა დავრჩე.
რას ვურჩევ ადამიანებს, რომლებიც ჩემს პირობებში არიან
ვიღაცამ შეიძლება დამცინოს, შენ ვის რა უნდა ურჩიოო, მაგრამ ჩემს ვითარებაში მყოფ ბავშვებს ერთი რამ დარჩენიათ – სწავლა. არავინ შეგიფარებს. თუ სახელმწიფო არ დაინახავს, რომ შენგან სარგებელს მიიღებს, ჩამოგართმევს თავის მხარდაჭერას, რადგან შენს გარდა ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება მისი დახმარება. მეც დავიღალე ყოველ დღეს შვიდ საათზე ადგომით, ხუთ მასწავლებელთან სიარულით… არაა აუცილებელი უნივერსიტეტი, ჩვენისთანა ბავშვებისთვის კარგია პროფესიის მიღება.
ყველაზე მეტად კი იმას ვურჩევდი, რომ არ გაბოროტდნენ.
საოჯახო ტიპის სახლში 8 წელი ვიცხოვრე – 4 აღმზრდელი და 6 ბავშვი ვიყავით. ჩვენ პირველად დედას აღმზრდელებს ვეძახით. ახლაც ვამბობ, რომ თუ სადმე ფეხს წამოვიკარი, ოთხი დედ-მამა მყავს. არ ვთანხმდებოდი მინდობით აღზრდაზე გასვლას, მაგრამ 18 წელი რომ შემისრულდა, დავთანხმდი. ოჯახი სასწრაფოდ მომიძებნეს, თორემ ქუჩაში ვრჩებოდი. კარგი იქნება, თუ საოჯახო ტიპის სახლებში მიბარებულ ბავშვებს იქ დარჩენის საშუალებას 21 წლამდე მისცემენ. მე ძალიან გამიჭირდა იქედან წასვლა.
ვიცნობ ადამიანებს, რომლებმაც იმიტომ აიღეს ხელი ცხოვრებაზე, რომ მიატოვა დედამ, მამამ, ჰყავს მოძალადე მშობლები. ამის გამო ბევრს უთქვამს, რომ სძულს ადამიანები. მე მგონია, რომ ყველა ტიპის ადამიანთან შეიძლება ურთიერთობა, მე ისეთ დროს ამომიდგნენ გვერდში ჩემი მეგობრები და სხვებიც, როცა ეს ძალიან მჭირდებოდა.
მეც მქონდა კრიზისული მომენტები, როცა ბავშვთა სახლში უდედოდ ვიზრდებოდი, მეგონა, რომ ყველა დამნაშავე იყო ჩემს წინაშე და მე მსხვერპლი ვიყავი, მანამ სანამ არ დავინახე, რომ ვიღაც ქუჩაში ზის და მათხოვრობს ან დღეში ერთხელ ჭამს.
მეგობრები და ბავშვები, ვინც ჩემთან ერთად ცხოვრობდა
საოჯახო ტიპის სახლში სხვა სითბოს გაძლევენ. შენ ხედავ ხუთ სხვა ადამიანს, რომელსაც შენნაირი პრობლემა აქვს და ყოველ დღე ებრძვის თავის პრობლემას. ამ პერიოდში ძალიან ბევრი ბავშვი გამოვიცვალე – 50-მდე. ზოგი მშობლებმა წაიყვანეს, ზოგიც ჩემსავით მინდობით აღზრდაში გავიდა. ყველას უხარია თავის მსგავსთან შეხვედრა, უფრო ადვილად უგებენ ერთმანეთს.
მაგრამ ბევრსაც არ უნდა იმ დროში დაბრუნება. ერთხელ ჩამიარა გვერდით ბავშვმა, ვისთანაც საოჯახო სახლში უმაგრესი ურთიერთობა მქონდა და არ მომესალმა. გავაჩერე. მითხრა, არ მინდა იმ წლების გახსენება, როდესაც უდედოდ ვიზრდებოდიო. გულზე მომხვდა. არ მწყენია, ეს სიტყვები ეკუთვნოდა ცხოვრებას, რომელიც გამოიარა. აქედან გამომდინარე, ყველასთან ვერ მაქვს ისეთი ურთიერთობა.
მინდობით აღზრდაში ვინც გავიდა, ისინი თავს უკეთესად გრძნობენ, ვიდრე მშობლებთან, რადგან ისევ ჭაობში აღმოჩნდნენ. თუ ერთხელ ჩავვარდი ჭაობში, იქედან შემთხვევით ამოდი და არ დაიმახსოვრე ის გზა როგორ ამოდი, აუცილებლად იქ აღმოჩნდები და ჩაითრევ ბავშვსაც, რომელიც სახელმწიფომ ამოიყვანა.
ზოგადად კი, პრობლემური რომც იყოს მშობელი, ბავშვს მაინც მასთან ურჩევნია. ვიცნობ ბავშვებს, ვისზეც მშობლები ძალადობდნენ და ამიტომ ხშირად გარბოდნენ სახლიდან, მაგრამ ცოტა დრო გადიოდა და ისევ მშობლებთან უნდოდათ. გენეტიკური მიჯაჭვულობა, როგორც ჩანს, არსებობს. მე გამიმართლა – დედაჩემი არ არის მოძალადე, მაგრამ ცუდიც რომ ყოფილიყო, ისევ მას ავირჩევდი.
ვინც დედ-მამას არ მიუტოვებია და არ იზრდება სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ აღმზრდელებთან, ვერ გაიგებს თუ რას გრძნობენ ჩვენნაირი ბავშვები, რას ვგრძნობდი მაშინ, როცა სკოლიდან გამოსვლისას მშობლები შვილებისთვის კანფეტებს ყიდულობდნენ, ან ბურბუშელას, ნაყინს. როგორ ეხუტებოდნენ.
ერთი უახლესი მეგობარი მყავს, ჩემი თანაკლასელია. ოჯახის ბავშვია. გამოცდების პერიოდში განვცალკევდით. ყველას ეგონა, რომ შეყვარებულები ვიყავით. ბიჭის და გოგოს მეგობრობის გჯერაო, რომ იტყვიან ასე იყო ჩვენი საქმე.
მეორე ჩემი მეგობარი და დამხმარე სოციალური მუშაკი ციცოა. თუ რამე მიჭირს, ციცოს ვეუბნები. მასთან მეგულება ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ ციცო თანამდებობაზეა და ვიყენებ, მაგრამ მე ამ მიზნით არ მივდივარ მასთან. რომც ვერ აღმოფხვრას ჩემი პრობლემა, ხომ დაველაპარაკები.
ვცდილობ დედასთანაც ჩამოვაყალიბო მსგავსი ურთიერთობა. სულ ჩემს პრობლემებზე ვესაუბრები და ის რჩევებს მაძლევს. ბოლოს რა მირჩია? – საატესტატოზე არ მინდოდა გასვლა, ფიზიკის მეშინოდა. დედამ მითხრა, იმისთვის არ გამიჩენიხარ ფიზიკის გამოცდის რომ გეშინოდეს, თუ ჩაიჭრები მომავალში გაქვს დრო და ჩააბარებო. პირდაპირ მითხრა, რომ თუ არ გახვალ, მშიშარა იქნებიო. მეთქი, კაი დე. ძალიან მოკლე დროში ჩავაბარე გამოცდა.“
სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“. პროექტის დონორი: ევროკავშირი. პროექტს ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი. პროექტის პარტნიორები არიან: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი”, კავშირი „სთეფ ფორვარდი“ და International Child Catholic Bureau (BICE) . პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Child Helpline Intrenational
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში მინდობით აღზრდაში სულ განთავსებულია 1496 ბავშვი; 2016 წლის მონაცემებით მინდობით აღზრდის ქვეპროგრამით ისარგებლა – 1355 ბავშვმა; 2017 წელს მინდობით აღზრდაში სახელმწიფო 1448 ბავშვზე ზრუნავდა;
2016 წელს მიმღები ოჯახის უპირატესობით მინდობით აღზრდიდან გაშვილდა 4 ბავშვი; 2017 წელს – 7; 2018 წელს – 5 ბავშვი;
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის „მცირე საოჯახო ტიპის სახლების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, 2018 წლის მაისის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 47 მცირე საოჯახო ტიპის სახლი, სადაც განთავსებულია 6 წლის ზემოთ ასაკის 339 ბენეფიციარი. ამ პროგრამის „მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, რეგისტრირებულია ერთი სახლი, სადაც განთავსებულია 7 ბენეფიციარი.
სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“. პროექტის დონორი: ევროკავშირი. პროექტს ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი. პროექტის პარტნიორები არიან: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი”, კავშირი „სთეფ ფორვარდი“ და International Child Catholic Bureau (BICE) . პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Child Helpline Intrenational
ირინა ზენიუკი ბელორუსი მხატვარია, განათლებით არქიტექტორი, პროფესიით კი ილუსტრატორი. უყვარს ცხოველები, ბავშვები და საკუთარი საქმე. ირინა ზენიუკის ლურჯი კატების უჩვეულო სერია აუცილებლად მოგეწონებათ და შეგაყვარებთ კატებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ აქამდე ვერ ეგუებოდით.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ ბათუმში აშენებულ, მშენებარე მრავალბინიან კორპუსებსა თუ სხვა მსხვილ ობიექტებს, ელექტროენერგიას ვერ აწვდის. ენერგოკომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი აბონენტების ქსელზე დაერთება ბათუმში საკმარისი სიმძლავრის არარსებობის გამო ვერ ხერხდება. ამის გამო ოთხმა კომპანიამ სემეკსაც კი მიმართა. სემეკს მიმართა „ენერგო-პრო ჯორჯიამაც“ და სიმძლავრის გაზრდის ვადის გახანგრძლივება მოითხოვა. კომისიამ ენერგოკომპანიის თხოვნა დააკმაყოფილა და მას სიმძლავრის გასაზრდელად ვადა მიმდინარე წლის ოქტომბრამდე მისცა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში [სემეკი] „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მათთან ოთხი განაცხადი შევიდა ბათუმიდან, აქედან სამი იყო დეველოპერი და ერთი სარესტორნო ბიზნესიდან. შესაბამისად, ისინი ითხოვენ ქსელზე მიერთებას. თუმცა, სემეკში აცხადებენ, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ არ ეძლევა საშუალება შემოიტანოს დამატებითი სიმძლავრეები ბათუმში ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრად გაზრდის გამო.
„საჭიროა გადამცემი ხაზი „ერგე 1“-ის გაძლიერება. რამდენიმე ანძა უნდა შეიცვალოს, გაორჯაჭვიანდეს. სანამ არ მოგვარდება ეს სიტუაცია, რისთვისაც პირველ ოქტომბრამდე მივეცით ვადა ენერგოკომპანიას, მანამდე [ანუ პირველ ოქტომბრამდე] ვერ მოხდება დეველოპერების ქსელზე დაერთება. ჩვენ იძულებული ვიყავით გადაგვევადებინა დეველოპერების ქსელზე მიერთების თარიღი, რაც გარკვეულად ხელს შეუშლის ინვესტიციების განხორციელებას ბათუმში, მაგრამ არის მეორე საკითხიც – ენერგეტიკული უსაფრთხოება და მიწოდების საიმედოობა. თუ ქსელს პრობლემა შეექმნა, შესაძლოა მთლიანად გამოირთოს ეს ქსელი და არა მარტო ბათუმს, არამედ მთლიანად აჭარის რეგიონს შეექმნას საფრთხე ენერგომომარაგების კუთხით“, – გვითხრა სემეკის წევრმა გოჩა შონიამ.
„ალმა“, „სავანე“, „თ და კ რესტორნები“ და „რომანი“ ის შპს-ებია, რომლებმაც სემეკს მიმართეს. როგორც „ენერგო-პროში“ გვითხრეს, ეს კომპანიები, ძირითადად, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ქსელში ჩართვას ითხოვენ.
„დღეის მდგომარეობით არის სხვა კომპანიებიც, თითქმის ყველა მშენებარე კორპუსი, რომელიც ამ დრომდე არ არის დაერთებული ჩვენს ქსელზე. ზუსტ რაოდენობას, რამდენი ითხოვს დაერთებას, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, რადგან მომართვიანობა გრძელდება და მათი რიცხვი ცვალებადია“, – გვითხრეს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.
ენერგოკომპანიაში ასევე გვითხრეს, რომ ბათუმში მნიშვნელოვნად გაზრდილია ახალი მიერთებების რაოდენობაც, რამაც გაზარდა ელექტროენერგიაზე მოთხოვნა: „აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, საჭიროა ახალი სიმძლავრეების უზრუნველყოფა, რაც ამჟამად შეუძლებელია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი „ერგე 1“-ზე არსებული ტექნიკური მდგომარეობის გამო. აღნიშნული ხაზი მე-20 საუკუნის 30-იან წლებშია აშენებული. შესაბამისად, საჭიროა ხაზის კაპიტალური რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, რის შედეგადაც მინიმუმ 2-ჯერ გაიზრდება ხაზის გამტარუნარიანობა და შესაძლებელი გახდება ბათუმის და ქობულეთის საიმედო და სტაბილური ენერგომომარაგებისა და ახალი მიერთებების უზრუნველყოფა“.
„ერგე 1“-ის რეკონსტრუქციას ენერგოკომპანია იმ მიზეზით ვერ იწყებს, რომ მას გადამცემი ხაზის ანძებთან, რომლებიც კერძო ნაკვეთებშია, მოსახლეობა არ უშვებს.
რას ითხოვს მოსახლეობა და რას აპირებს ენერგოკომპანია?
„კონკრეტული მოთხოვნა არ აქვთ, ისინი აღნიშნულ ტერიტორიაზე ხაზის არსებობას აპროტესტებენ, წინააღმდეგები არიან ხაზის რეკონსტრუქციის, სუბარში ახსენებენ, რომ ხაზის გადატანა სურთ. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, მუნიციპალიტეტის დახმარებით და ჩართულობით დამატებით გავაკეთოთ განმარტებები ხაზის მნიშვნელობაზე და უსაფრთხოებაზე“, – მოგვწერეს „ენერგო-პრო ჯორჯიადან“.
ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ამბობს, რომ „ერგე 1“-ის ძირითადი ნაწილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის, თუმცა, ხაზი კერძო ნაკვეთებზე ყველგან არ გადადის. მერის თქმით, ხელვაჩაური, ახალშენი, განახლება და ერგე ის დასახლებებია, სადაც მოსახლეობა საკუთარ ნაკვეთებში გადამცემი ხაზის არსებობას თუ იქ სამუშაოების ჩატარებას აპროტესტებს.
„მოსახლეობას მოთხოვნები ჯერ ბოლომდე დარეგულირებული არ აქვთ და კომპანიის მიერ სამუშაოებიც არ მიმდინარეობს. რამდენი ოჯახია წინააღმდეგი, კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ უნდა დაიწყოს ჯერ მოქმედება და შემდეგ შევხედავთ რა და როგორ. თუ რამე, შემდეგ ჩავერთვებით პროცესში – მოსახლეობასთან ურთიერთობის კუთხით“, – გვითხრა ჯუმბერ ვარდმანიძემ.
ხაზის კერძო ნაკვეთებიდან გატანას არ ეთანხმებიან სემეკში. სემეკის წევრი გოჩა შონია „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ეს გამოიწვევს დამატებით ხარჯებს, რაც შემდეგ აისახება ელექტროენერგიის ტარიფზე:
„ასეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ მოსახლეობა ითხოვს ან რამე მატერიალური სარგებელი ნახოს, ან გაიტანეთ ანძები საკუთრებიდანო. ანძების გადატანა ასე მარტივად არ ხდება. ერთი ანძის გადატანა ნიშნავს გადავიდეს სხვა ანძებიც, რადგან ტექნოლოგიური და ტექნიკური ციკლი არ უნდა დაირღვეს. ეს კი ნიშნავს დამატებით ხარჯებს, რაც შემდეგ უნდა შევიდეს დენის ტარიფში და, შესაბამისად, ეს უნდა აანაზღაუროს ყველა მომხმარებელმა, მათ შორის ბათუმმა, ქობულეთმა, სენაკმა, აბაშამ და ყველამ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის სწორი სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება“.
სემეკი წინააღმდეგია იმ მესაკუთრეებს, რომელთა საკუთრებაშიც გადის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, თუ დგას ანძა, რაიმე კომპენსაცია გადაუხადონ.
„ეს იქნება ძალიან ცუდი პრეცენდენტი. „ენერგო-პრო ჯორჯიზე“ 50 000 კმ სიგრძის ხაზია გადაცემული საკუთრებაში ქვეყნის მასშტაბით და ბევრი ანძა დგას კერძო საკუთრებაში. მაშინ, მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა მოითხოვს ამ კომპენსაციას. შემდეგ კი კომპანია მოითხოვს, რომ ეს ტარიფში აისახოს და ჩვენ ამას ტარიფში არ ავსახავთ, იმიტომ რომ არ არის არანაირად ვალდებული სენაკის, ზუგდიდის, ქუთაისის, ბათუმის თუ ქობულეთის მომხმარებლები ეს თანხები აანაზღაურონ. ეს რას ნიშნავს? – ყველგან კომპენსაციები უნდა გასცეს და არ უნდა დაუშვან კომპანიის წარმომადგენლები ანძებთან? არ არის ეს სწორი“, – აცხადებს გოჩა შონია.
გოჩა შონიას ვკითხეთ, თუ რამდენად დასაშვებია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების არსებობა კერძო ნაკვეთებში და საცხოვრებელ სახლებთან?
„კონკრეტულად ეს ხაზი აშენებულია 1937 წელში, მაშინ საერთოდ არ იყო ის ტერიტორია განკერძოებული. ამ მიწების განკერძოება მოხდა მოგვიანებით. არასწორად მოხდა თუ სწორად, ეს სხვა საქმეა, მაგრამ ეს არის სასიცოცხლო ობიექტი და ნებისმიერ მოსახლეს აქვს ვალდებულება, დაუშვას ანძასთან კომპანიის თუ სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი. ვთქვათ, დაზიანდა ეს ხაზი და გაითიშა მთელი ბათუმი, არ უნდა მიუშვას იქ თანამშრომლები კერძო მოსახლემ? მარტივი ლოგიკაა“, – ამბობს გოჩა შონია.
მისივე თქმით: „15 ოჯახია თუ არ ვცდები, წინააღმდეგი. ძველი ხაზით სიმძლავრის გაძლიერებამ შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები ელექტროდეფიციტის თვალსაზრისით და მთლიანად გათიშოს ქალაქი. 15 ოჯახის ტყვე არ უნდა იყოს ბათუმი და მთელი აჭარა. ამხელა ქალაქია, ამხელა ინვესტიციები ხორციელდება, დიდი აქტივობაა ბიზნეს-გარემოს თვალსაზრისით და ბევრი ტურისტი ჩამოდის“.
უნდა გაითვალისწინონ თუ არა თუნდაც ამ 15 ოჯახის ინტერესები სახელმწიფომ და კერძო ენერგოკომპანიამ? –
„საჭიროა ამ ადამიანებთან დიალოგი. მგონია, რომ საერთო ენა უნდა გამოინახოს. საჭიროა ახსნა-განმარტების წარმოება, რის შემდეგადაც ბევრი გაიგებს, თუ რასთან გვაქვს საქმე და პრობლემას სხვანაირად გაიაზრებენ. ისინი დღეს რაღაც კომპენსაციებსაც ითხოვენ, მაგრამ რა არის საკომპენსაციო ვერ ვხვდები. „ენერგო-პრო ჯორჯია“ ამბობს – მე შევალ კერძო საკუთრებაში, თუ რაიმეს დავაზიანებ აღვადგენ პირვანდელი სახით ყველაფერს, ავუნაზღაურებ, გამოვცლი ანძას და გამოვალ. იქ არ შედის კომპანია ტექნიკით. მეტ ხარჯს გასწევს, მაგრამ ხელით იმუშავებენ. ანძა უნდა იყოს უფრო მაღალი, დაშლიან ძველს და დაამონტაჟებენ ახალს. შედიან სპეციალური ხელსაწყოებით. ყოველ შემთხვევაში „ენერგო-პრო აცხადებს ასე“, – ამბობს გოჩა შონია.
„გვაქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების და ექსპერტების დასკვნა, რომლის მიხედვით ხაზის რეაბილიტაციის შემდეგ, დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა. შესაბამისად, ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნება. დაშორება მიწასა და სადენს შორის კიდევ უფრო გაიზრდება და გატარდება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება. ახალი ანძების მონტაჟი იმავე მიწის ნაკვეთებზე განხორციელდება [სადაც ძველი ანძები დგას]. ხაზის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულება პირველ ეტაპზე შეადგენს 6 მილიონ ლარს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აჭარაში მაღალი ძაბვის ხაზი „ერგე 1“ გახდება თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ხარისხის ელექტროენერგიით მომარაგების წყარო“, – მოგვწერეს „ენერგო-პრო ჯორჯიადან“.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აჭარაში ელექტროენერგიის მიმწოდებელი ერთადერთი კომპანიაა.
ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატად კონსტიტუციონალისტი მალხაზ ნაკაშიძე, განათლების მინისტრად „ი-თი-აი 2000“-ის დამფუძნებელი ირინა ხაჟალია, ჯანდაცვა – ექიმი მზია დიდმანიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრად კი ჯემალ ცეცხლაძე – ამ პირებს მინისტრობის კანდიდატებად წარადგენს არმაზ ახვლედიანი იმ შემთხვევაში, თუ მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს ჩააბარებენ.
თავად არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა პრეზიდენტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვაკანტურ პოზიციაზე საინიციატივო ჯგუფმა წარუდგინა, ამ ჯგუფში ოპოზიციური პარტიებიც შედიან.
მინისტრობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ არმაზ ახვლედიანმა მის მიერ დასახლებული კანდიდატები დაახასიათა, როგორც „გამოცდილები, საამაყოები და გამორჩეულები. ისაუბრა მათ მიღწევებზე და ერთობლივ გეგმებზე“.
„ჩვენ მეგობრებო არ ვართ პარტიის წევრები, მაგრამ ვართ სინამდვილეში პარტიის წევრები და ჩვენი პარტიაა საქართველო. ჩვენი პარტია არის აჭარა“, – თქვე ახვლედიანმა, რომელმაც ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ მომავალში მისი გუნდი გაიზრდება.
არმაზ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში შეიქმნება ის „უნიკალური სივრცე “ აჭარის მთავრობაში, როცა უმაღლესი საბჭო და მთავრობა ერთი გუნდის წევრები არ არიან და ერთმანეთის კონტროლზე არიან ორიენტირებულები:
„…მე არ ვაჭარბებ, როცა ვიყენებ ასეთ ფაქიზ, საფრთხილო სიტყვას უნიკალური სივრცე, როცა უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა იქნება ერთი და მთავრობა იქნება დაკომპლექტებული სხვა განწყობის, სხვა მსოფლმხედველობის ადამიანებით. წარმოიდგინეთ ჯანსაღ ვითარებაში რა ხარისხის ურთიერთკონტროლი განხორციელდება და რამდენად შეუწყობს ეს ხელს ერთი მხრივ იმას, რომ არც იმათ და არც ჩვენ არ შეგვეშალოს და თუ შეგვეშლება ერთმანეთს ვუკარნახოთ, გავაღოთ ყველა კარი და ფანჯარა, მივცეთ შესაძლებლობა ჩვენს საზოგადოებას, რომ ჩაერთონ მართვაში.“
არმაზ ახვლედიანმა თავისებურად ახსნა ისიც, თუ რას ნიშნავს დღეს დამკვიდრებული პრაქტიკით ხელისუფლებაში მოსვლა.
„ეს ნიშნავს იმთავითვე სწრაფად ფიქრს, მანქანაზე, კაბინეტზე, შემოსავლებზე, წილებზე, ბიზნესებზე, ნათესავების მოწყობაზე, მეგობრების დასაქმებაზე, სამიდღემჩიოდ ყოფნაზე და თუ არა მაშინ დიდი ქონებით სადღაც გაქცევაზე. გპირდებით, როცა იქნება და თუ დღეს იქნება მით უფრო, ჩვენ დავასრულებთ ამ პრაქტიკას და საზოგადოება იტყვის, თურმე ეს შესაძლებელია, დიახ ეს შესაძლებელია. ჩვენ რომ ამის არ გვჯეროდეს, ამ ნაბიჯს არ გადავდგამდით“, – განაცხადა მან კანდიდატების წარდგენის შემდეგ.
მთავრობის თავმჯდომარეობის საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელებულმა კანდიდატმა დღეს მერს ქალაქში არსებული სამშენებლო პოლიტიკა დაუწუნა და თქვა ისიც, რომ მოსაგვარებელია ბათუმის ბულვარში გათენებამდე დისკოტეკების მუშაობისა და ხმაურის საკითხი:
„ერთ სატკივარსაც გეტყვით: არ შეიძლება, რომ ათიათასობით ბათუმელი იყოს ასე დისკრიმინირებულ მდგომარეობაში, როდესაც ვთქვათ 30-50, ან თუნდაც 100 ახალგაზრდა ადამიანს სურს ბულვარში გათენებამდე იყოს დისკოტეკაზე. იყოს, რაზეა საუბარი, ვის არ ჰყვარებია ალბათ ახალგაზრდობაში ცეკვა და გართობა, მაგრამ მაპატიეთ, არ შეიძლება, რომ შენ სახეში აფურთხებდე საზოგადოებას, ასე არ გიყვარდეს… მე ამ კითხვას ვუსვამ დღევანდელ მერს. წინა მერს, იმის წინას და მინდა გავიგო მათგან პასუხი. რაზე ფიქრობთ ბატონებო, ეს თქვენი ქალაქი არ არის? ეს თქვენი აჭარა არ არის? – როგორც ჩანს, არ არის“ .
მოგვიანებით არმაზ ახვლედიანმა „ბათუმელებთან“ განმარტა, რომ ბულვარი არ არის დისკოტეკის ადგილი, თორემ გართობას არ ეწინააღმდეგება.
წარდგენის დასრულების შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარობის საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელებულმა კანდიდატმა, არმაზ ახვლედიანმა სახელისოფლებო პარტიის კანდიდატი, თორნიკე რიჟვაძე და მის მიერ დასახლებული მინისტრობის კანდიდატები დებატებში გამოიწვია.
მთავარი ფოტო: არმაზ ახვლედიანის მიერ წარმოდგენილი მინისტრთა კაბინეტი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა 15 ივლისს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე 2 პირი სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი საქართველოს დატოვებას ცდილობდნენ.
შს სამინისტროს განმარტებით, სამართალდამცველების მიერ მათი პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა და დანაშაულებრივი გზით წაღებული თანხის ნაწილი. მიმდინარეობს ოპერატიული-საგამოძიებო ღონისძიებები დარჩენილი გატაცებული თანხის ამოღების მიზნით.
გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გაირკვა, რომ 15 ივლისს მოქალაქე დ.ც.-ს ორი პირი დაესხა თავს, ცივი იარაღის მუქარით ფულადი თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ჩადენილი დანაშაული 5-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.
ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, ცხრასართულიანი სახლის სარდაფში სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას მამაკაცი გარდაიცვალა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ გარდაცვალება დენის დარტყმამ გამოიწვია, თუმცა სასწრაფო სამედიცინო სამსახურში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ:
„იქ არ იყო შემავალი ან გამავალი დენი, თანაც მას ეცვა რეზინის ჩექმები, ამიტომ გამოვრიცხავთ ამ ვერსიას. სიკვდილის მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. შეიძლებოდა ეს ყოფილიყო ნებისმიერი რამ, მაგალითად ინფარქტი“ – გვითხრეს სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში. სამსახურის ბრიგადას 55 წლამდე მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ბათუმში ქართული ხმებისა და თბილისის ბიგ ბენდის საიუბილეო კონცერტი გაიმართება
დღეს, 17 ივლისს, ბათუმში „ქართული ხმებისა“ და „თბილისის ბიგ ბენდის“ საიუბილეო კონცერტი გაიმართება.
კონცერტზე ბათუმის ბულვარში მდებარე საზაფხულო თეატრში, 20:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება უფასოა.
„ქართული ხმები“ და „ბიგ ბენდი“ ქართულ, ხალხურ და ქალაქურ სიმღერებს, ასევე ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ჰიტებს შეასრულებენ.
„თბილისის ბიგ ბენდის“ შემადგენლობაში არიან მომღერლები: მაია ბარათაშვილი, მარიკო ებრალიძე, გიორგი სუხიტაშვილი, თემო საჯაია, ნინი გველესიანი და ზაურ შავგულიძე.
ანსამბლები ბათუმს „ქართული ხმების“ 30 წლის და თბილისის ბიგ ბენდის 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ტურნეს ფარგლებში ესტუმრებიან.
ბათუმამდე კონცერტები ბორჯომში, თელავში, ლაგოდეხში, ახალციხეში, ზუგდიდში, ხობში და ფოთში გაიმართა. ბათუმის შემდეგ კი ლეგენდარული ქართული ხმებისა და თბილისის ბიგ ბენდის ტურნე ქუთაისში, ჩოხატაურსა და ჭიათურაში გაგრძელდება.
პროექტი Check-in Georgia-ს პროექტის ფარგლებში იმართება.
ცოტნე მალე 18 წლის გახდება. ეს მისთვის ორმაგად ემოციური დაბადების დღეა – ხდება სრულწლოვანი და მიდის იმ სახლიდან, სადაც 4 წელი ცხოვრობდა მინდობით. ძალიან უნდა, რომ დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყოს, მაგრამ მას კიდევ 7 და-ძმა ჰყავს და მათთან დაშორებაზე ფიქრი არ ასვენებს.
ცოტნეს მსგავსად შემოდგომაზე სხვა ბიჭებს და გოგოებსაც უსრულდებათ 18 წელი – ისინიც მინდობით აღზრდაში არიან. სად მიდიან მოზარდები მინდობით აღზრდიდან, როცა 18 წელი უსრულდებათ? – ბევრ მათგანს წასასვლელი არსად აქვს.
ცოტნე და მისი შვიდი და-ძმა მინდობით ოჯახში
ცოტნე 18 წლის 10 ნოემბერს გახდება. და-ძმებთან ერთად ბათუმთან ახლოს ცხოვრობს მინდობით აღმზრდელის ოჯახში. მათი საცხოვრებელი სახლიდან ულამაზესი ხედი იშლება – ზღვა და სანაპიროზე მომდგარი ფერადი გემები. ცოტნეს უმცროსი ძმა ამბობს, რომ როცა გაიზრდება, მეზღვაური გამოვა. რვა და-ძმა ამ დასახლებაში, მინდობით აღზრდაში მას შემდეგ გაიყვანა სახელმწიფომ, რაც ბავშვებს მშობლები დაეღუპათ – ეს ამბავი ოთხი წლის წინ მოხდა. ცოტნე მაშინ 14 წლის იყო, ყველაზე უმცროსი კი – ჩვილი.
ცოტნეს წარსულმა გავლენა იქონია მის მომავალზე. ცოტას ლაპარაკობს, „რთული ხასიათი მაქვსო“ – ამბობს. როცა ეკითხები, თუ რას გულისხმობს, აზუსტებს – „ჩვენი ამბის შემდეგ გავხდი ფეთქებადი. ადვილად ვბრაზდები. ახლა, როცა სიბრაზე წამომივლის, ვარჯიშს ვიწყებ, ნერვები რომ ვაკონტროლო… ჩემი ხასიათიდან გამომდინარე უმეტესად მამიდასთან ვარ“.
ცოტნე მამიდას იმ ქალს ეძახის, ვისთანაც მინდობით იმყოფება. ოჯახში სხვა ქალებიც ცხოვრობენ, მაგრამ მამიდასთან უფრო მშვიდად გრძნობს თავს.
მეგობრები გყავს, ვისთანაც საინტერესო თემებზე ლაპარაკობ? – ცოტნე ამ კითხვას ფიქრის შემდეგ პასუხობს:
„საუბარი ძალიან არ მიყვარს. არ ვარ გახსნილი ბიჭებთან. ორი ძმაკაცი მყავს. ერთთან ვარ უფრო გახსნილი. ისიც ჩემსავით „მოყვანილი ბიჭია“, ოღონდ მას მშობლები ჰყავს. მას უკვე შეუსრულდა 18 წელი და მგონი მიდის საქართველოდან“.
ურთიერთობას მეგობართან ასე აღწერს: „ზოგადად, როცა ვბრაზდები, ვიკეტები. ერთხელ ასე რომ დამინახა, მოვიდა და ვისაუბრეთ. ახლაც რომ მეწყება ეს, მესაუბრება, მხარში მიდგას. სხვას არ დაველაპარაკებოდი. მშობლებზე იყო საუბარი და არ დაველაპარაკებოდი. მან ჩემს შესახებ იცის ყველაფერი, მე თვითონ ვუთხარი, რაც მაქვს გადატანილი და გამოვლილი. მან იცის, როგორ უნდა მომექცეს. მეორე ძმაკაცთან ცოტა ხნის წინ დავიწყე ურთიერთობა. ისიც აქ ცხოვრობს, ჩემთან ერთად დადის ფეხბურთზე“.
ამბობს, რომ როცა ბრაზდება, ჩუმდება და „ეს ხელს უშლის ცხოვრებაში“. სწორედ ასეთ დროს ეხმარებოდა მეგობარი, რომელიც უკვე შორს არის. ამბობს, რომ არ იცის რას იზამს მის გარეშე.
ცოტნეს უმცროს ძმებზე ვეკითხები. „ჩხუბით არ ვჩხუბობ, მაგრამ შეიძლება ვერც შემამჩნიონ, გული რომ მატკინეს… მე ვარ ასეთი, ისინი მხიარულები არიანო“, – ამბობს და აგრძელებს – „ჩემი აზრით, მე იმიტომ ვარ ასეთი, რომ უფროსი ვარ. ამათზე უფრო ბევრს ვდარდობ და ვფიქრობ. ჩემს თავზე თითქმის არა. აი, სულ იმაზე ვფიქრობ, რას ვიზამ, როცა გავხდები სრულიად ჩემს თავზე პასუხისმგებელი, როგორ მოვიქცევი… ჩემთვის ბედნიერება იქნება მაშინ, როცა ჩემი დები და ძმები ყველა ერთად ვიქნებით, ანუ როცა ყველა ჩემთან ერთად იქნება. როცა აქედან გავალ, მექნება უფლება ისინიც წავიყვანო ჩემთან ერთად და მეურვეობა ავიღო მათზე, მაგრამ არ ვაპირებ მათ გაყვანას – რომ გავიყვანო, სწავლას შეეშვებიან, განსაკუთრებით – ორი. ამიტომ აქ იქნებიან ჯერ“.
საუბარში მსახიობობაზე მეოცნებე ძმა ერთვება. „იმიტაციებს ვაკეთებ კარგად. ჩემს ძმასაც დავცინი. როცა ვაშავებ, მაშინ უფრო ბრაზდება, ვიდრე მაშინ, როცა დავცინიო“, – ამბობს მხიარულად.
„ცოტას მაბრაზებენ, მაგრამ, ძირითადად, მიჯერებენ“, – ასე პასუხობს ძმის რეპლიკას ცოტნე.
მინდობით აღმზრდელი მამიდაც იქვეა და ისმენს ბიჭების ლაპარაკს, მერე მესამეს ახასიათებს: „ცეკვის ნიჭი აქვს და მასაჟს აკეთებს კარგად, მასაჟისტი უნდა გახდესო“.
რა გჭირდება ყველაზე მეტად, როცა 18 წლის ხდები? – ვეკითხები ცოტნეს.
„ჩემი და-ძმებისთვის ყველაზე დიდი საჭიროება არის სახლი. მე მარტო ვერაფერს შევძლებ, თანადგომა მჭირდება. სახლი, სადაც ჩემი მშობლები ცხოვრობდნენ, გამიფორმეს, ფოტოები გადაიღეს და თქვეს, რომ გავაკეთებთ ბავშვის გამოსვლამდეო. ოთხი ოთახია, მაგრამ შიგ არ იცხოვრება, სახლს საყრდენი აქვს დაშლილი. შესაძლოა ჩამოინგრეს. თქვეს, რომ დაინგრევაო“ – ამბობს ცოტნე.
ადრე, როცა მშობლები ცოცხლები იყვნენ, ეს ოთხი ოთახიც სახელმწიფოს ეკუთვნოდა. სწორედ ეს ქონება გადასცა და-ძმებს სახელმწიფომ.
ცოტნე ფიქრობს, რომ სახლის მოწესრიგებაში თავადაც მიიღებს მონაწილეობას. პროფესიული კოლეჯში ისწავლა 9 თვე და კარგად დაამთავრა. „ფილების მოპირკეთება, აბანოების მოწყობა ვისწავლე, სამშენებლო ობიექტებზე შემიძლია მუშაობაო“ – ყვება.
სამი თვის წინ ცოტნეს ცხოვრებაში გარდატეხა მოხდა. „ჩემი ოჯახიდან გამომდინარე ყველაფრის, ჩემი საყვარელი ფეხბურთის მიმართაც დაკარგული მქონდა ინტერესი. სამი თვის წინ ერთ-ერთ საფეხბურთო კლუბში დავიწყე ვარჯიში. მიზნები მაქვს, სიტუაცია მიჩვენებს რა გამომივა. ვცდილობ, რაც შემიძლია, მაგრამ ფეხბურთი თუ არ გამომივიდა, მერე ჩემს პროფესიას მოვკიდებ ხელს“.
მანამდე ბევრი რამ იქნება ცოტნეს ცხოვრებაში. ფიქრობს, რომ ჯერ ბებიასთან და დედის ძმებთან გადავა საცხოვრებლად. ამბობს, რომ მიწაზე იცის მუშაობა და ხეზე – ყველაფრის გაკეთება შემიძლიაო.
აღმზრდელი მამიდაც იმედიანადაა: „ცოტნე ნამდვილი ბუნების შვილი, საუკეთესო მონადირე, საუკეთესო მეთევზეა. ცოტნეს მამა ყოფილა კარგი მონადირე, მგლებზე ნადირობდა… შუა ტყეში რომ ჩააგდო გამოსავალს იპოვის. ნებისმიერი მძიმე სიტუაციიდან პოულობს გამოსავალს. დამოუკიდებელია, ხელობა ესმის, ხატავს, კაფელის პროფესიაში საუკეთესო ქულები იმიტომ მიიღო, რომ საუკეთესო ფიგურები შექმნა.
მწყდება გული, რომ მიდის, მაგრამ ჩვენც ხშირად ვინახულებთ და, იმედი მაქვს, თვითონაც გვინახულებს. ვთვლი, რომ საუკეთესო ვაჟკაცი გავზარდეთ. ვერც ერთი მეზობელი ვერ იტყვის, რომ ცუდი ბიჭია, თავდაჭერილია, ზრდილობიანი, მაგრამ მორიდებულია“.
„ამოვალ ყოველთვის და ვნახავ და-ძმებს“, – ასრულებს ცოტნე.
როცა უკან 18 წელი დარჩა, წინ კი მთელი ცხოვრება
ილიას 18 წელი ზუსტად ერთი თვის წინ შეუსრულდა. ისიც ცოტნეს მსგავსად ბათუმის შემოგარენში ცხოვრობდა მინდობით.
„როდესაც 18 წლის არ ვიყავი, მეგონა, რომ თამაშგარე მდგომარეობაში ვცხოვრობდი. ახლა ხალხის ნაკადს უნდა შევუერთდე. ვფიქრობ, ახლა ჩემი დროა და ცხოვრება უნდა გავაგრძელო. ახლა შემიძლია თვითონ გადავწყვიტო ჩემი მომავალი, კარიერა…“, – ასე უყურებს ილია თავის ცხოვრებას და იმას, რომ მასზე სახელმწიფო მეტად აღარ იზრუნებს.
ის მინდობითი აღზრდიდან დედასთან წავიდა.
ილიას დედა აქამდე არ ცხოვრობდა საქართველოში. „იცოდა, რომ მინდობა მიმთავრდებოდა და მაგიტომ ჩამოვიდაო“, – მეუბნება. დედასთან ერთად ბინას ქირაობს. არც ილია მუშაობს და არც დედა. ილია ამბობს, რომ დოკუმენტებს აწესრიგებს და იტალიაში უნდა გაემგზავროს, იქ და ჰყავს.
ილიას გეგმებში სწავლის გაგრძელება შედის, ოღონდ იტალიაში. უნდა, რომ თეატრალურზე ისწავლოს. „დედიკო იმუშავებს, მეც ვიმუშავებ მიმტანადო“.
ამ მიზნის მიღწევამდე ილიას ბარიერების დაძლევა მოუწევს – საატესტატო გამოცდებზე ფიზიკა დარჩა ჩასაბარებელი.
„საშუალოდ ვსწავლობდი თავიდან. მე-12 კლასში მივხვდი, რომ უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა. ბევრს ვერთობოდი, მაგრამ თავისუფალ დროს წიგნებსაც ვკითხულობდი. აგათა კრისტი, შერლოკ ჰოლმსი… ვფიქრობ, აუცილებლად მექნება ჩემი წიგნიც დასაწერი“, – ამბობს ილია.
წიგნი არა, მაგრამ აქამდე ერთ სასკოლო ფილმში გადაიღეს. ფილმმა საქართველოს პროკურატურის პროექტში გაიმარჯვა – თემა ბულინგი იყო. „აჭარაში პირველ ადგილი ავიღეთ. ჩვენს სკოლაში ბულინგზე არ გამიგია, მაგრამ მე ეს ყველაფერი წარმოვიდგინე და ისე დავწერე. მჩაგვრელის და ჩაგრულის ისტორიას როცა წერ, უნდა წარმოიდგინო შენ როგორი იქნები მჩაგვრელის ან ჩაგრულის როლში. მე მჩაგვრელი ვიყავი ამ როლში“, – ამბობს ილია. ფილმი სკოლის მოსწავლეებმა გადაიღეს და ერთად დაამონტაჟეს.
ძალადობაზე საუბრის დროს ილია ფიქრდება და ამბობს, რომ „ეს შეიძლება ოჯახიდან მოდიოდეს, ზოგს კი სიამოვნებს – შეიძლება ჩაცმის გამოც კი დაჩაგროს“.
ილია თვალებანთებული ყვება, რომ გამარჯვებით წახალისებულმა კიდევ ერთი სცენარი დაწერა – ამბავი ბიჭზე, რომელსაც მამა იპოვის.
გამარჯვებაზე საუბრის შემდეგ ილიას რამდენიმე წლით უკან ვაბრუნებ – ყვება, რომ 7 წლის იყო, როცა ბათუმში ჩამოვიდა, მერე იყო კახეთი – ცხოვრება ბებიასთან და მამის „ძველ ცოლთან“, იქედან სამტრედიაში წავიდა და დის ოჯახში ცხოვრობდა, მერე ისევ ბათუმში. სულ თავიდან კი თბილისში, ავლაბარში ცხოვრობდა. და-ძმები დიდი ხანია არ უნახავს, მამა კი ზუსტად რვა წელია.
„მინდობაში 15 წლიდან გამიყვანეს. მანამდე დედის მეგობართან ვიყავი და იმან გამომიშვა. ეს გაიგეს მასწავლებლებმა, მაშინ კახაბრის სკოლაში ვსწავლობდი და მინდობით აღზრდაც მაქედან წამოვიდა, სოცმუშაკმა მიმიყვანა ოჯახში“, – იხსენებს ილია თავის იმ დროინდელ ისტორიას, როცა პრაქტიკულად ქუჩაში დარჩა.
რა იქნებოდა მინდობის პროგრამის გარეშე? – ამის წარმოდგენა ილიას უჭირს. ამბობს, რომ ეს პროგრამა პირადად მას ძალიან დაეხმარა:
„მთელი სამი წელი თავს ვგრძნობდი საკუთარ ოჯახში – მეგონა, რომ აქ ვარ დაბადებული. ბედნიერებაა, როცა თავს ასე გრძნობ. სადაც ვცხოვრობდი, იმ ოჯახს თავისი შვილები ჰყავდა – თემო ჩემი ძმაა და იზო ჩემი დაა. თემო 24 წლისაა, იზო 19-ის. მეც მათთვის ძმა ვიყავი. მათთან განშორება გამიჭირდა… მე რომ გამომიშვეს, ჩვენს ოჯახში ახალი ბიჭი მიიყვანეს – დიმიტრი 14 წლისაა. ცოტა ხანი ერთადაც ვიყავით. ეს ოჯახი ისეთია, არ გაუჭირდება. ვერ იგრძნობს, რომ მინდობით არის“.
მინდობის დასრულების შემდეგ სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს? – „სახელმწიფო შეიძლება იმით დაეხმაროს, რომ სამუშაო მისცეს, ან პროფესია შეასწავლოს. მეტი რითი შეიძლება დაეხმაროს, სახლს ვერ უყიდის… ისე, მაგ დროს უფრო უნდა დახმარება ადამიანს. რა ხდება 18 წლის ადამიანისთვის, ვისაც არც დედა ჰყავს და არც მამა. სად უნდა იცხოვრო? ყველაფერი თავიდან იწყება“.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარი წერეთელი:
მარი წერეთელი
მაშინ, როდესაც დიდი ბავშვთა სახლები გვქონდა, ქვეყანაში 6000 ბავშვი ცხოვრობდა ბავშვთა სახლებში. დღეს ჩვენ, ჯამში, სახელმწიფო ზრუნვაში გვყავს 2 000-მდე ბავშვი, ლიცენზირებული ბავშვთა სახლების ჩათვლით – სამი ბავშვთა სახლია ლიცენზირებული, აქედან ორში არიან შშმ ბავშვები – ესაა კოჯრის ბავშვთა სახლი და ჩვილ ბავშვთა სახლი, სადაც ჯამში 89 ბავშვი ცხოვრობს. ასევე, საპატრიარქოს ფერიის ბავშვთა სახლი, სადაც 108 ბავშვი იყო ბოლოს.
სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს გააძლიეროს ოჯახები და ეკონომიკური სიდუხჭირის გამო არ იყვნენ ბავშვები გამოყვანილი ოჯახებიდან. დღევანდელი მონაცემებით, ბავშვების მეტი წილი მინდობით აზრდაში არის ძალადობის გამო. ასეთი სიტუაციებში ბავშვების ოჯახებიდან განცალკევება ხდება და მაშინ, როცა არიან მიტოვებული ან ობოლი ბავშვები.
ამ კუთხით გაიზარდა როგორც ცნობიერება, ისე მგრძნობელობა. თუ 2010 წელს ძალადობაზე შეტყობინება იყო 49, 2017 წლისთვის – 840-ს მიაღწია. როდესაც ბავშვთა დაცვის რეფერირების დოკუმენტი შეიქმნა [მთავრობის დადგენილება, რომელმაც გააფართოვა ჩართული სუბიექტები], ყველას დაევალა ძალადობის იდენტიფიცირება და ასევე შეტყობინების მექანიზმის შექმნა. ცხადია, შარშან 840-ვე ბავშვი არ გამოგვიყვანია ოჯახიდან და ძალიან მცირეა გამოყვანილი, მაგრამ ზოგჯერ ისეთი ძალადობა გვაქვს, როდესაც საჭიროა მათი გამოყვანა, განცალკევება.
18 წლამდე სოცმომსახურების სააგენტო და ჩვენ ვართ ამ ბავშვების კანონიერი წარმომადგენლები. მათ ჩვენ ვამზადებთ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის 14-15 წლიდან. მათი დიდი ნაწილი ბრუნდება საკუთარ ოჯახში.
18+ კი უფრო მასშტაბური თემა: თუ მცირე საოჯახო ტიპის სახლში არის ბავშვი და აგრძელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლას, მას 18 წლის შემდეგაც ვტოვებთ საოჯახო ტიპის სახლში. 2017 წლიდან, მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვი, რომელიც აგრძელებს სწავლას, ასევე 21 წლამდე რჩება მინდობაში.
ეს არის კომპლექსური თემა, რაზედაც ვმუშაობთ სხვადასხვა უწყებასთან ერთად. ძალიან კარგად არის ჩართული საპატრიარქო, ასევე ისეთი სერვის-მომწოდებელი, როგორიც არის „SOS ბავშვთა სოფელი“, „კარიტასი“… მათ აქვთ 18-ს შემდგომი პროგრამები ბავშვებისთვის. ნაწილი ბავშვებისა, რომლებიც გადიან მინდობით აღზრდიდან, ვცდილობთ მოვამზადოთ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, მივცეთ პროფესიული განათლება.
ზოგადად, თითოეულ ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. რაც შეეხება ქობულეთის კონკრეტულ ქეისს, ადგილობრივი თვითმმართველობა კარგად თანამშრომლობს ჩვენთან. ჩვენ მათ მივმართავთ საცხოვრისის [რვა ობოლი ბავშვის სახლის – ავტორი] მოწესრიგებაზე. გარკვეული აქტივობები მათ ექნებათ.
სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“. პროექტის დონორი: ევროკავშირი. პროექტს ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი. პროექტის პარტნიორები არიან: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი”, კავშირი „სთეფ ფორვარდი“ და International Child Catholic Bureau (BICE) . პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Child Helpline Intrenational
ბათუმში, ახვლედიანის ქუჩის #13-ში მოქალაქეს ისტორიული ორსართულიანი სახლის დემონტაჟის ხარჯზე ახალი მრავალბინიანი სახლის მშენებლობა სურს. სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაშია. ამ ადგილზე მშენებლობის ნებართვის მისაღებად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მოქალაქე თეიმურაზ ტაკიძემ მიმართა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ის ამ სახლის ერთ-ერთი მესაკუთრეა.
ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სახლის შესაძლო დემონტაჟზე მათ არავინ შეთანხმებია და არც იმის შესახებ აქვთ ინფორმაცია, რომ დღეს მათი საკუთრების შესაძლო დემონტაჟზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. მათივე თქმით, მათთან იყო მისული რამდენიმე ინვესტორი, თუმცა მოლაპარაკება შეთანხმებით არ დასრულებულა.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, თეიმურაზ ტაკიძე ისტორიული სახლის ადგილზე გეგმავს ახალი ოთხსართულიანი, მრავალბინიანი სახლის აშენებას მანსარდით.
დღეს სააგენტოს ზონალური საბჭოს სხდომაზე ამ პროექტზე მსჯელობისას აღნიშნეს ისიც, რომ ისტორიული სახლის გვერდით კიდევ ერთი ძეგლის ნიშნის მქონე სახლია და სააგენტო ამ სახლის გაძეგლებაზე მუშაობს.
ტიტე აროშიძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატია. იგი ამ პოსტზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, თორნიკე რიჟვაძემ დაასახელა, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა უჭერს მხარს. ტიტე აროშიძე ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტში“ პროექტების მენეჯერად მუშაობს.
„ბათუმელებთან“ საუბარში ტიტე აროშიძე ამბობს, რომ მინისტრის პოსტზე მან შემოთავაზება თორნიკე რიჟვაძისგან მიიღო.
„თორნიკესთან უფრო საქმიანი გადაკვეთის გზები მქონდა. „დემოკრატიის ინსტიტუტი“ მოსახლეობას ბიზნეს-ტრენინგებს როცა უტარებდა ჰესებთან დაკავშირებით, იმ პერიოდში მქონდა მასთან შეხება, როგორც კომპანიის წარმომადგენელთან“ – გვითხრა ტიტე აროშიძემ.
კითხვაზე, რატომ სოფლის მეურნეობის და არა ვთქვათ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ტიტე აროშიძე პასუხობს, რომ პროფესიით ეკონომისტია, თუმცა ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობდა.
„ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის ფარგლებში ვიყავი კოორდინატორი პროექტის, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებაზე იყო გათვლილი. ამასთან, ორგანიზაცია „განვითარების აკადემიაში“ ვმუშაობდი ექსპერტად, აქაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით ვმუშაობდი. ფაქტობრივად, ჩემი ბოლო აქტივობები ამ სფეროს ეხება“ – ამბობს ტიტე აროშიძე.
იგი ამბობს, რომ მას აქვს გარკვეული ხედვები ამ მიმართულებით:
„ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია ღირებულებათა ჯაჭვების შექმნა, რაც გულისხმობს იმას, რომ სოფლის მეურნეობა არ უნდა იყოს განყენებული სხვა სფეროებისგან და მთლიან ეკონომიკაში უნდა მონაწილეობდეს. მე მზად ვარ ვითანამშრომლო სხვა სფეროებთანაც“.
ტიტე აროშიძე ამბობს, რომ მისი სპეციალობიდან გამომდინარე შესაძლებელია კითხვები გაჩნდეს, რადგან ეკონომისტია პროფესიით, თუმცა ამბობს, რომ ბოლო დროს მიღებული გამოცდილება ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.
„მე მხარდაჭერის იმედი მაქვს“ – ამბობს აროშიძე. იგი ამბობს, რომ მინისტრად დანიშვნის შემთხვევაში, მისი პროექტები იქნება გრძელვადიანი და არა მინისტრობის ვადებზე გათვლილი.
„ნებისმიერი თანამდებობა არის დროებითი, მაგრამ პროგრამები რომელსაც წარვადგენ, არ იქნება ჩემი მინისტრობის ვადაზე გათვლილი, ეს იქნება გრძელვადიანი ხედვები, რომელიც ეფექტს მოიტანს ახლო პერიოდშიც და მომავალშიც“.
რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, აროშიძე ამბობს, რომ ის არ აპირებს საკადრო ცვლილებებს, თუმცა, „თუკი აღმოჩნდება ვინმე, ვინც არ დაეთანხმება ჩემს ხედვებს, შეიძლება თვითონ გადაწყვიტოს წასვლა“ – აღნიშნა მან.
„მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლებრივ ჩარჩოებში ვერ ჯდება, იგი დაუსაბუთებელია,“ – ასე აფასებს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის გადაწყვეტილებას საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე. ამ მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე ბრალდებულების – თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის მოწმეების დაკითხვაზე უარი თქვა. მან მხოლოდ პროკურატურის მოწმეებს მოუსმინა და პირდაპირ დასკვნითი სიტყვების მოსმენას აპირებდა.
ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი გიორგი მიქაუტაძეა – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. ბრალდებულებს გამოძიება ამ მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარას ედავება.
საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება ჯერ არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების, თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა.
დღევანდელ სხდომაზე ადვოკატები ორი მოწმის გამოცხადებას ელოდნენ. საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე ამბობს, რომ ისინი ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, რომლებიც გონიოს პლაჟზე ინციდენტს შეესწრნენ.
„სატელეფონო საუბრის დროს გვითხრეს, რომ მოვიდოდნენ სხდომაზე, მაგრამ არ გამოცხადდნენ. ჩვენ სასამართლოს მეშვეობით მოვითხოვეთ მოწმეების გამოცხადება, რაზე მოსამართლემ უარი გვითხრა,“ – აცხადებს პაატა დიასამიძე.
მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე ორი საფუძვლით თქვა უარი. მისი განმარტებით, ადვოკატებს ამის შესახებ წინაწარ უნდა ეცნობებინათ პროკურორისთვის, ხოლო მოსამართლისთვის წარმოედგინათ მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოწმეები სასამართლოში მისვლაზე უარს აცხადებდნენ. კანონის მიხედვით, თუკი სასამართლოს შეტყობინების შემდეგაც მოწმეები არ გამოცხადდებოდნენ სასამართლოში, მათ იძულების წესით მიიყვანდნენ.
პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი: „მითითებული ორივე გარემოება არის დაუსაბუთებელი, რადგან ჩვენ წარმოვადგინეთ მოწმეებთან სატელეფონო გასაუბრების ოქმი. ოქმით დასტურდება, რომ ისინი აპირებდნენ სასამართლოში მისვლას. პროცესის დაწყებამდე ჩვენთვის არ იყო ცნობილი, რომ ისინი არ მოვიდოდნენ. პროკურორი იმავე სხდომას ესწრებოდა და სხვანაირად რა უნდა შემეტყობინებია პროკურორისთვის? პროცედურულად მე არც მაქვს ვალდებულება, რომ პროკურორს შევატყობინო…
რაც შეეხება მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ მოწმე უარს აცხადებს გამოცხადებაზე, ფაქტი დაინახა სასამართლომ, რომ მოწმეები არ მოვიდნენ, ამაზე უკეთესი მტკიცებულებაში ბუნებაში ვერ იარსებებდა.“
მოსამართლემ დაცვის მხარის კიდევ ერთ შუამდგომლობაზე თქვა უარი – არასრულწლოვანის დაკითხვაზე, რომელიც ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთში იმყოფება. საუბარია ბრალდებულების შვილზე, რომელსაც მშობლების თქმით, მოსამართლემ პლაჟზე სცემა. ადვოკატებმა წერილობით წარმოადგინეს ინფორმაცია, რომ არასრულწლოვანს არდადეგები აგვისტოში აქვს.
„მოსამართლემ თქვა, რომ ეს ემსახურება პროცესის გაჭიანურებას, ამ მიდგომითაც დაირღვა სამართლიანი სასამართლოს პრინციპი,“ – დასძენს პაატა დიასამიძე. დღევანდელ პროცესზე გამოხმაურებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აპირებს, რასაც გამოქვეყნებისთანავე შემოგთავაზებთ.
შემდეგ სხდომაზე მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი მხარეების დასკვნით სიტყვებს მოისმენს. ის გახმაურებულ საქმეზე ისე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ დაცვის მხარის არცერთი მოწმის პოზიცია არ ექნება მოსმენილი.
„სახელმწიფო მანქანა არავითარ უკანონობას არ ერიდება,“ – მიიჩნევს ბრალდებული თამარ ხაჭაპურიძე. მან თავისი პოზიცია „ფეისბუქის“ საშუალებით მოგვაწოდა:
„ეს ალბათ არის უპრეცედენტო შემთხვევა ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში: ჯერ პროკურორი დავით ხარძეიშვილი წელიწად-ნახევარი არ გვაძლევდა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, სადაც ჩემი შვილის დაზიანებებია აღწერილი, ახლა კი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა ჩვენი არცერთი მოწმე არ დაუშვა პროცესზე და მათი დაკითხვის გარეშე გადავიდა დასკვნით ეტაპზე, რაც უკიდურესად უხეში დარღვევაა და ევროსასამართლოში გასაჩივრებას ექვემდებარება. სახელმწიფო მანქანა არავითარ უკანონობას არ ერიდება, რათა ერთი მხრივ იმოქმედოს ჩემს წინააღმდეგ და მეორე მხრივ დაფაროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის მიერ ჩადენილი ქმედება, რომელმაც ჯერ სისხლმდენი სხეულის დაზიანება მიაყენა ჩემს 13 წლის შვილს, შემდეგ კი გამოღმით შეგვედავა, ჩემი დედობრივი სიტყვიერი ემოცია მძიმე დანაშაულად შერაცხა და მე და ჩემი მეუღლე დაგვაპატიმრეს ჯგუფური მუქარის ბრალდებით, ჩვენ ამჟამად დიდ ბრიტანეთში ვიმყოფებით,“ – აცხადებს თამარ ხაჭაპურიძე.
საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დეტალები:
გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის მოსპობის მუქარის საქმის პარალელურად გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზეც მიმდინარეობს. თუმცა, აქამდე არ დაუკითხიათ ამ საქმის მთავარი პირი – თამარ ხაჭაპურიძის და კახაბერ ხაჩიძის არასრულწლოვანი შვილი. პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა ერთ-ერთი პროცესის შემდეგ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მოზარდის ცემის საქმეზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი – გიორგი მიქაუტაძე დაკითხეს. ამ საქმესთან დაკავშირებით სხვა არაფერია ცნობილი.
სასამართლოს წინა სხდომაზე პროკურორ დავით ხარძეიშვილს მოსამართლემ ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა დაავალა – გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის მოსპობის მუქარის საქმიდან გაუჩინარდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ 13 წლის ბიჭი ნამდვილად ნაცემია. ირკვევა, რომ ეს დასკვნა საქმიდან პროკურორმა ამოიღო შემდეგი მოტივით: ექსპერტიზა მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარის საქმეზე კი არა, არასრულწლოვნის ცემის საქმეზე ჩატარდა.
თუმცა, ერთ-ერთ სასამართლოს პროცესზე, მოწმის სახით დაბარებულმა პოლიციელმა განაცხადა, რომ არასრულწლოვანს ექსპერტიზა სწორედ გიორგი მიქაუტაძის საქმეზე ჩაუტარდა. ამ ჩვენების შემდეგ დაავალა მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა პროკურორს, რომ ექსპერტიზის დასკვნა ბრალდებულებს გადასცეს.
კიდევ ერთი დეტალი: საქმის განმხილველი მოსამართლის ხვიჩა კიკილაშვილის უვადოდ გამწესების პროცესში გიორგი მიქაუტაძეც მონაწილეობდა, ვიდრე მას საჯაროდ „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიით არ შეახსენეს, რომ სახეზე იყო ინტერესთა კონფლიქტი. ხვიჩა კიკილაშვილი მიმდინარე წლის 22 თებერვალს დანიშნეს უვადო მოსამართლედ.
ევროკავშირის დირექტივა სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ძალაში 2019 წლიდან შევა. დირექტირების ძალაში შეცვლის შემდეგ, ბავშვებისთვის გაიყიდება უსაფრთხო სათამაშოები.
ყველა სათამაშო გაივლის – ქიმიურ, ფიზიკურ, მექანიკურ, ელექტრო, რადიაქტიურ და ჰიგიენურ ანალიზს.
მომხმარებელმა ყიდვის დროს უნდა აირჩიოს სათამაშო CE (ევროპულსტანდარტთანშესაბამისობისნიშანი) ნიშნით.
ამ დროისთვის საქართველოში სათამაშოების უსაფრთხოების კონტროლს არც ერთი უწყება არ ახორციელებს. მომავალი წლიდან კი სახელმწიფო ვალდებული იქნება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე, დაიწყოს პროდუქციის კონტროლი, მათ შორის სათამაშოების.
კონკრეტულად რომელ უწყებას დაევალება პროდუქციის, მათ შორის სათამაშოების უსაფრთხოების კონტროლი, ამ ეტაპისთვის ცნობილი არ არის.
როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებული აქვს სტანდარტები რომელსაც უნდა აკმაყოფილდებდეს საბავშვო სათამაშო, თუმცა როგორც სამინისტროში ამბობენ, რომელ სახელმწიფო უწყებას ექნება მაკონტროლებელი ფუნქცია, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ გასულ წელს მიმართა რეკომენდაციით, რომ მიიღოს ზომები საქართველოს ბაზარზე არსებული სათამაშოების უსაფრთხოებისა და არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.
არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ თბილისის მაღაზიებში შეძენილი ათი დასახელების თოჯინა გერმანიაში სათამაშოების უსაფრთხოების შემმოწმებელ აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნა. მიღებული პასუხების თანახმად, ათიდან ცხრა თოჯინაში დიდი ოდენობით ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერება აღმოჩნდა.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კვლევის შედეგებიდან გამომდინარე საჭიროა, „სასწრაფოდ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები და „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ დირექტივა 2019 წლის 1 სექტემბრამდე შესრულდეს,“ – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საძინებელი არის პირადი სივრცის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. სწორედ მყუდრო და კარგად შერჩეული საძინებელი უზრუნველყოფს დახარჯული ენერგიის აღდგენასა და დღის პოზიტიურ დაწყებას.
საძინებლის ავეჯი უნდა იყოს სწორად შერჩეული, რათა სილამაზესთან და სიმყუდროვესთან ერთად არ დაიკარგოს პრაქტიკულობა და კომფორტი.
[checklist]
ავეჯის შერჩევისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ოთახის ზომა, განლაგება, განათების ხარისხი, კედლების დაფარვა და ფერი.
სასურველია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ფართი სათავსოებისთვის, თუმცა არც ავეჯით ზედმეტად გადატვირთვაა რეკომენდებული.
აუცილებელია დარჩეს თავისუფალი სივრცე, რათა არ შეიქმნას სივიწროვის ეფექტი.
უნდა გავითვალისწინოთ, თუ რამდენი პერსონაზეა გათვლილი საძინებელი, ასევე, შეძლებისდაგვარად, სამომავლოდ დაგეგმილი ცვლილებები.
[/checklist]
ამ და სხვა ნიუანსების გათვალისწინებით თქვენ შეძლებთ მოაწყოთ საძინებელი მყუდროდ და კომფორტულად, რაც მოგცემთ სრულყოფილი დასვენებისა და მშვიდი ძილის საშუალებას.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გვეწვიეთ მისამართზე: ქ ბათუმი, ჭავჭავაძის 72
ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით და გაზრდილი მგზავრთნაკადის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, საქართველოს რკინიგზა გადადის ახალ სამატარებლო განრიგზე, რაც დამატებითი რეისების დანიშვნას ითვალისწინებს.
19 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ყოველდღიურად შესრულდება 5 (ხუთი) რეისი, რომელთაგან ერთ რეისს შეასრულებს GRS ტიპის (Stadler) რვავაგონიანი სამგზავრო შემადგენლობა, ხოლო დანარჩენ რეისებზე იმოძრავებენ როგორც GRS ტიპის (Stadler) ორსართულიანი სამგზავრო მატარებლები, ასევე – ერთი GRT ტიპის ელექტრომატარებელი. მცირედი ცვლილებებია სხვა მიმართულებებზეც. მატარებლების სრული განრიგი შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.railway.ge. დამატებით რეისებზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც საქართველოს რკინიგზის სალაროებში, ასევე სწრაფი გადახდის აპარატების, რკინიგზის ვებ-გვერდისა და სმარტფონებისთვის სპეციალურად შექმნილი აპლიკაციის მეშვეობით (Georgian Railway Tickets).
ძვირფასო მგზავრებო, ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ახალ განრიგზე გადასვლამ გამოიწვია მცირედი ცვლილება არსებულ განრიგში, რომლის მიხედვით GRS ტიპის (Stadler) ორსართულიანი მატარებელი ბათუმიდან 07:30-ის ნაცვლად, გამოემგზავრება 08:15-ზე.
საქართველოს რკინიგზა გისურვებთ სასიამოვნო მგზავრობას!
ოთხი დღის წინ მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა უდანაშაულოდ მიიჩნია ლაშა ბოლქვაძე და არჩილ ვანაძე „ჟილინის არხის საქმეზე“. გამოძიების ვერსია, რომ ამ პირების სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად მიადგა ბათუმის ბიუჯეტს ზიანი, არ დადასტურდა.
2013 წლიდან დღემდე ამ საქმეზე არავინ დასჯილა. არც სადავო თანხა დაუბრუნებია კომპანიას, რომელსაც „ჟილინის არხის“ რეკონტრუქცია უნდა განეხორციელებია.
ვინ არის პასუხისმგებელი, როცა ბათუმის ბიუჯეტიდან ფული კონკრეტულმა კომპანიამ შეუსრულებელ საქმეში მიიღო? – ბათუმის მერიაში ამ კითხვაზე იგივე გვიპასუხეს, რაც 2016 წელს: „მიმდინარეობს აღსრულების პროცესი“.
„ჟილინის არხის“ რეკონსტრუქციისთვის ბათუმის მერიამ 2013 წელს გაუფორმა ხელშეკრულება შპს „ტონი და კომპანის“ 6 მილიონ 108 ათას ლარზე. ამ კომპანიას ავანსის სახით, მერიამ 1 289 972 ლარი ჩაურიცხა. კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.
მერიამ „ტონი და კომპანისთვის“ გადარიცხული თანხიდან დაახლოებით 928 ათას ლარამდე უკან სადაზღვეო კომპანიისგან დაიბრუნა, მერიამ უკან დაიბრუნა ასევე 216 ათას ლარამდე პირგასამტეხლო და ამოსაღები 254 265 ლარი დარჩა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2014 წელს ამ თანხის გადახდა შპს „ტონი და კომპანიას“ დააკისრა, თუმცა კომპანია ბიუჯეტში თანხას არ აბრუნებს.
2015 წელს გამოძიებამ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცა არჩილ ვანაძე და ლაშა ბოლქვაძე, მერიის ეკონომიკური სამსახურის მაშინდელი მაღალჩინოსნები. პროკურატურის ვერსიით, სწორედ ამ პირების სამსახურებრივი გულგრილობის გამო გადაურიცხეს თანხა კომპანიას, რომელმაც საქმე არ გააკეთა და „რითაც დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი მიადგა ბათუმის მერიას“. არჩილ ვანაძე ახლაც ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსია, ლაშა ბოლქვაძე კი ხულოს მერის მოადგილე.
გამოძიების ვერსია არ დადასტურდა. საგამოძიებო ორგანოს პასუხისმგებლობის გარდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობას არავინ იღებს მერიაში, სადაც უკვე მეოთხე წელია ხალხის ფულის ამოღებას ელიან. მერიის პრესსამსახურში ვერ გვითხრეს, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი კომპანია 2024 წლამდე არ დააბრუნებს სადავო თანხას.
2024 წელს კანონით განსაზღვრული ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა გადის, როცა შპს „ტონი და კომპანიამ“ მერიას თანხა უნდა დაუბრუნოს. შესაძლოა, ამ დროისთვისაც არაფერი ჰქონდეს კომპანიას ანგარიშზე და მერია თანხას ისევ ვერ მიიღებს.
ვინ არის პასუხისმგებელი 254 ათასი ლარის დაკარგვაზე? – არჩილ ვანაძე, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი და ამ საქმეში გამართლებული პირი ამბობს, რომ ეს გამოძიებამ უნდა გაარკვიოს.
ამავე სამქეში გამართლებული ლაშა ბოლქვაძე კი განმარტავს, რომ მან კომპანიას ავანსად თანხა ტენდერში გამარჯვებული საზედამხედველო კომპანიის დასკვნის საფუძველზე გადაურიცხა. „უფლებაც არ მქონდა, რომ არ გადამერიცხა,“ – ამბობს ის.
„ჟილინის არხის“ მშენებლობა საბოლოოდ „მშენებელი 80“-მა დაასრულა.
ჟილინის არხზე, სპეციალისტების რეკომენდაციით, სატუმბი სადგურიც უნდა მოეწყოს, თუმცა მერიას შესაბამისი ფინანსები ბიუჯეტში გაწერილი არ აქვს.
ვინ შევა მინისტრთა კაბინეტში, თუკი არმაზ ახვლედიანი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდება – არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ მინისტრობის კანდიდატებს ხვალ, 17 ივლისს დაასახელებს. მისივე თქმით, მინისტრების კანდიდატებს შორის არცერთი ამჟამინდელი მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი არ იქნება. „მე დავასახელებ თვისობრივად ახალ შემადგნელობას,“ – გვითხრა მან.
სხვა საინიციტიავო ჯგუფმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად გოჩა გუგუნავა დაასახელა. გოჩა გუგუნავა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მინისტრობის კანდიდატებს მაშინ დაასახელებს, თუ უმაღლეს საბჭოს პრეზიდენტი მის კანდიდატურას წარუდგენს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ კანდიდატი კი თორნიკე რიჟვაძეა.
თორნიკე რიჟვაძის მინისტრობის კანდიდატები უკვე ცნობილია. ის აჭარის განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრების მოვალეობის შემსრულებლების დატოვებას აპირებს მინისტრებად. ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებისთვის კი ახალი კანდიდატები ჰყავს.
მას შემდეგ, როცა პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს დაასახელებს, უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას უნდა უყაროს კენჭი.
აჭარის კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლებელია პრეზიდენტმა არცერთი პოლიტიკური ძალის კანდიდატი არ წარადგინოს აჭარის უმაღლეს საბჭოში დასამტკიცებლად. თავის მხრივ, აჭარის უმაღლეს საბჭოსაც შეუძლია პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურას მხარი არ დაუჭიროს. ასევე, კონსტიტუცია პრეზიდენტს აძლევს უფლებას დაითხოვოს უმაღლესი საბჭო, თუ ეს ორგანო ზედიზედ ორჯერ არ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას.
ბათუმში, ქალაქის მერიის მონაცემებით, დღეს 11 კაზინო ფუნქციონირებს. კაზინოებიდან ქალაქის ბიუჯეტში შეტანილმა თანხამ კი, 2018 წლის იანვრიდან დღემდე პერიოდში, 14 მილიონ 800 ათასი ლარი შეადგინა.
ამ თანხაში შედის მოსაკრებელი როგორც მაგიდებიდან, ასევე კაზინოებში განთავსებულ სათამაშო აპარატებიდან. მერიაში ამბობენ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ქალაქის ბიუჯეტში კაზინოებიდან დამატებით 14 მილიონზე მეტი ლარი კიდევ შევა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, სხვადასხვა ინვესტორს ბათუმში, ჯამში 7 კაზინოს გახსნის ვალდებულება აქვს აღებული.
2017 წელს აჭარაში მოქმედ კაზინოებში ვიზიტორთა რაოდენობამ ჯამურად 1 მილიონ 96 ათასი კაცი შეადგინა, რაც 668 560-ით [61%-ით] მეტია წინა წელთან შედარებით. ვიზიტორთა 68% [745 280 ვიზიტორი] უცხო ქვეყნის, დანარჩენი [32%] კი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.
მთლიანობაში კი, გასულ წელს, სათამაშო ბიზნესიდან გადახდილმა თანხამ აჭარაში 39 015 000 ლარი შეადგინა.
ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ბეთლემი” 9-13 ივლისს, აზერბაიჯანში ფოლკლორული ცეკვების III საერთაშორისო ფესტივალზე სახელწოდებით – „მეგობრობის ხიდი“ იმყოფებოდა.
ანსამბლი ,,ბეთლემი” 9-13 ივლისს, აზერბაიჯანში ფოლკლორული ცეკვების III საერთაშორისო ფესტივალზე სახელწოდებით – „მეგობრობის ხიდი“ იმყოფებოდა.
ანსამბლმა პირველი კონცერტი 10 ივლისს ქალაქ გუბაში გამართა, ხოლო 11 ივლისს, ბაქოს სახელმწიფო თეატრში. ფესტივალში, რომელშიც თურქეთის, ირანის, მოლდავეთის, რუსეთის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთისა და სხვა შემოქმედებით კოლექტივები მონაწილეობდნენ, „ბეთლემმა“ მაყურებელთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
ანსამბლი ,,ბეთლემი” 9-13 ივლისს, აზერბაიჯანში ფოლკლორული ცეკვების III საერთაშორისო ფესტივალზე სახელწოდებით – „მეგობრობის ხიდი“ იმყოფებოდა.
წარმატებული გამოსვლისათვის ბაქოს ოფიციალურმა პირებმა ქედის კულტურის ცენტრის დირექტორს ჯამბულ სურმანიძესა და ანსამბლის წევრებს მადლობა გადაუხადეს და დიპლომითა და სერთიფიკატით დააჯილდოვეს.
შინ დაბრუნებულ ანსამბლს, დღეს ქედის მერი ლევან გორგილაძე შეხვდა და წარმატებული გასტროლი მიულოცა. ქორეოგრაფებმა – იმედა ფარტენაძემ და მზია ტუნაძემ, ქედის მერს ბაქოდან გამოტანებული სპეციალური სიგელი გადასცეს და ფესტივალში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
კლინიკა „ბიუთი ჰაუსი“ გთავაზობთ საზაფხულო აქციას სარელაქსაციო, სამკურნალო და ანტიცელულიტურ მასაჟზე. პროცედურებს ჩაატარებებენ პროფესიონალი ექიმი-მასაჟისტები.
მასაჟის სრული კურსი შედგება 12 პროცედურისგან და ღირებულება 500 ლარია.
აჭარის უმაღლესი საბჭო აჭარის მთავრობის წევრობის კანდიდატებზე ინფორმაციას ავრცელებს. უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ უმაღლეს საბჭოში დასამტკიცებლად წარდგენილ მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებული მინისტრების კანდიდატები.
აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებს:
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე – ინგა შამილიშვილი
აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე – ზაალ მიქელაძე
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე – ჯაბა ფუტკარაძე
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე – ტიტე აროშიძე
„მივმართავთ პრეზიდენტს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად, წარადგინოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის მის მიერ დასახელებული შემადგენლობა, რათა დროულად ჩამოყალიბდეს და არ შეფერხდეს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფუნქციონირება“ – აღნიშნულია აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის პოსტზე უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ თორნიკე რიჟვაძე 6 ივლისს დაასახელა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილიაარმაზ ახვლედიანის კანდიდატურა და ასევე, საინიციატივო ჯგუფმა დაასახელა გოჩა გუგუნავას კანდიდატურაც.
კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 18 ივლისამდე უნდა წარმოუდგინოს აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, მანამდე კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციებს უნდა გამართოს აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა სუბიექტთან – პარტიებთან, რომლებიც უმაღლეს საბჭოში არიან. ამ კონსულტაციების შედეგად წყვეტს პრეზიდენტი, თუ ვისი კანდიდატურა უნდა წარუდგინოს უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკვე გამართა შეხვედრები უმაღლეს საბჭოში და დახურულ კარს მიღმა თორნიკე რიჟვაძესაც შეხვდა.
კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლებელია პრეზიდენტმა არც ერთი პოლიტიკური ძალის კანდიდატი არ წარადგინოს აჭარის უმაღლეს საბჭოში დასამტკიცებლად. თავის მხრივ, აჭარის უმაღლეს საბჭოსაც შეუძლია პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურას მხარი არ დაუჭიროს. ასევე, კონსტიტუცია პრეზიდენტს აძლევს უფლებას დაითხოვოს უმაღლესი საბჭო, თუ ეს ორგანო ზედიზედ ორჯერ არ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას.
„შუახევიჰესის“ ჩამოშლილი გვირაბის აღდგენა დაწყებულია, აცხადებენ კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიაში“. მათივე ინფორმაციით, ჰესი დაახლოებით 2019 წლის მეორე ნახევრიდან ამუშავდება.
„შუახევიჰესის“ გვირაბებში სატესტო რეჟიმით 2017 წლის ზაფხულშიც გაუშვეს წყალი, მაშინ ერთ-ერთი გვირაბი ხულოში, სოფელ დიდაჭარასთან ჩამოიშალა.
2018 წლის 24 იანვარს სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ გვირაბის აღდგენაზე ნებართვა გასცა. სააგენტომ „ბათუმელებთან“ განმარტა, რომ „ჰიდროთერმული ზემოქმედებისა და გამოფიტვის შედეგად შესუსტებული ქანების გაწყლიანების გამო, მოხდა ქანების ჩამოშლა.“
კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ პრესსამსახურში გვითხრეს, რომ გვირაბის აღდგენითი სამუშაოების პარალელურად დაზიანებული უბნებიდან სინჯები ექსპერტიზაზე პერიოდულად იგზავნება. წინასწარი მონაცემებით, ჩამოშლილი გვირაბის სრულად აღდგენას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება.
„შუახევიჰესს“ სამი კომპანია აშენებს: ნორვეგიული Clean Energy Invest-ი, ინდური კომპანია Tata Power-ი და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი IFC-ი. ამ კომპანიებმა შუახევში ჰესის ასაშენებელად 400 მილიონი აშშ დოლარი ჩადეს. ჰესის მშენებლობაზე ნებართვა 2013 წელს გაიცა. „აჭარისწყალი ჯორჯია“ კი ამ სამი კომპანიის ერთობლივი საწარმოა, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ჰესის მშენებლობას.
15 ივლისს, გვიან ღამით, სოფელ ნამლისევში, დაგორებულმა ქვის ლოდმა მამუკა ნინიძის საცხოვრებელი სახლი დააზიანა. ოჯახში ექვსი ადამიანი ცხოვრობს, არც ერთი მათგანი არ დაშავებულა.
ქედის მერიის ცნობით, ამ ეტაპისთვის საცხოვრებელს საფრთხე არ ემუქრება. მერიამ უკვე მოიწვია გეოლოგიური სამსახური, რომლის დასკვნის შემდგომ გადაწყდება თუ რა სახის ღონისძიებებს გაატარებს თვითმმართველობა.
ფოტო: ქედის მუნიციპალიტეტის მერიაფოტო: ქედის მუნიციპალიტეტის მერია
ხელვაჩაურში და ნაწილობრივ ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, აეროპორტის, მახვილაურის, შარაბიძეების, სატეხიისა და ზანაქიძეების დასახლებაში შუქი გუშინ, 15 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათზე ჩაქრა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, მახვილაურისა და შარაბიძეების დასახლებაში – ნაწილობრივ.
სოფელ ზანაქიძეებში კი, ადგილობრივები ყვებიან, რომ გუშინ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის დაწყების წინ შუქის გამორთვამ ისინი ემოციურადაც დააზარალა:
„რა სჭირს ამ ენერგო-პროს ვერ გავიგეთ, ყველა გაწვიმებაზე და ქარის მოქროლებაზე შუქი უნდა გამოირთოს ჩვენს უბანში? – შევგროვდით მეზობლები და ხალვაშის ქუჩაზე მაღაზიებში წავედით ფეხბურთის საყურებლად.“
„ენერგო პრო ჯორჯიაში“ ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხების მიზეზი ვერ დაგვისახელეს: „ჯგუფი გასულია და არკვევს სად არის დაზიანება, ჯერ ვერაფერს გეტყვით“.
არ გვაქვს ასევე პასუხი კითხვაზე, რატომ არ სცადა კომპანიამ შეფერხების მიზეზის გარკვევა გუშინვე.
მოგვიანებით კომპანიის პრესსამსახურიდან დაგვიკავშირდნენ და განმარტეს, რომ დაზიანება უამინდობამ და ჭექა-ქუხილმა გამოიწვია: „დაზიანდა ტრანსფორმატორი. ამ დროისთვის დარჩენილია მხოლოდ ერთი უბანი, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს და დაახლოებით ერთ საათში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება“.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16-17 ივლისს ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით დროგამოშვებით იწვიმებს, დღისით – ძირითადად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 25 – 30 გრადუსი
ღამით: 18 – 23 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 20 – 25 გრადუსი
ღამით: 12 – 17 გრადუსი
ტალღის სიმაღლე 7-12 დმ – 2-3 ბალი. ზღვის წყლის ტემპერატურა 27 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 18-19 ივლისს მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში არ ადასტურებენ ინფორმაციას კომპანია „სვეტი დეველოპმენტის“ ერთ-ერთი დირექტორისთვის, გივი ჯიბლაძისთვის ბრალის წარდგენისა და მისი დაკავების შესახებ. საგამოძიებო სამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ “კომპანია „სვეტთან“ დაკავშირებით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მენაშენეების და სხვა პირების გამოკითხვა და ბრალი წარდგენილი არავის აქვს“.
საგამოძიებო სამსახურმა „სვეტთან“ და მის შვილობილ კომპანიებთან დაკავშირებით გამოძიება დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო. სამსახურის ინფორმაციით გამოძიება 182-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და გაფლანგვას გულისხმობს.
დაახლოებით ერთი თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია „სვეტი“ წილებს ასხვისებდა. თბილისში, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ოფისში დაზარალებულმა მენაშენეებმა დირექტორებთან შეხვედრის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს. მათი მოთხოვნა იყო, მიეწოდებინათ ინფორმაცია, თუ ვინ ყიდულობდა კომპანიის წილს და დასრულებულიყო დაწყებული მშენებელობები.
ხელშეკრულება წილის დათმობაზე „სვეტსა“ და გივი წულეისკირს შორის გაფორმდა 2018 წლის მაისში. ამ ხელშეკრულებით, „სვეტი“ 100% წილს თმობს უსასყიდლოდ და კომპანიის ვალდებულებების შესრულების პირობით. ამ ხელშეკრულებით, სამომავლო ხელშეკრულება უნდა დადებულიყო მას შემდეგ, რაც წილის შემძენი შეამოწმებდა „სვეტისა“ და მისი შვილობილი კომპანიების ფინანსურ-სამართლებრივ მდგომარეობას და შეისწავლიდა რისკებს.
სამომავლო ხელშეკრულების დადების მომენტისთვის „სვეტი ჯგუფის“ საკუთრებაში უნდა იყოს პროექტები [უძრავი ქონება] მდებარე თბილისსა [ჭყონდიდელის ქუჩაზე – სვეტის ქალაქი 1] და ბათუმში [თამარის დასახლებაში – სვეტი ბათუმი].
გივი წულეისკირს წილების შეძენაზე ანალოგიური ხელშეკრულება აქვს გაფორმებული კომპანია „სვეტთან“ [უძრავი ქონება თბილისში, წერეთლის გამზირზე], ასევე „სვეტი დეველოპმენტთან“ [უძრავი ქონება თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე – სვეტის ქალაქი 2]
გივი წულეისკირი შპს „სფერო ჰოლდინგის“ მფლობელია. წილების ცვლილებაზე მან რეესტრს მიმართა, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა, ვინაიდან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული: „არ დგინდება გარიგების შინაარსი, კერძოდ, არ არის განსაზღვრული წილის მიმღებს, გივი წულეისკირს, აღნიშნული წილი სამომავლოდ გადაეცემა თუ არა საკუთრების უფლებით“.
გივი წულეისკირს დამატებით უნდა წარედგინა დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდებოდა „სვეტის“ [შვილობილი კომპანიების] 100% წილი მას სამომავლოდ გადაეცემოდა თუ არა საკუთრების უფლებით.
გივი წულეისკირს რეესტრში დოკუმენტების ხელახლა წარდგენის ვადა 2018 წლის 10 ივლისამდე ჰქონდა.
2018 წლის 12 ივლისს, საჯარო რეესტრმა წილის გადაცემაზე საქმის წარმოება შეწყვიტა, ვინაიდან რეესტრში, წულეისკირის მიერ არ იქნა წარდგენილი „სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული ცვლილების სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდება წილის მიმღებ პირს აღნიშნული წილი სამომავლოდ გადაეცემა თუ არა საკუთრების უფლებით“.
ამ თემაზე:
მთავარი ფოტო: „სვეტის ოლიმპიური ქალაქის“ შეჩერებული მშენებლობა. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ბავშვი დაიბადა. ბავშვის დაბადების შესახებ ინფორმაციას ფეისბუკზე კომპანია TAV georgia ავრცელებს.
„ურალის ავიახაზების მგზავრს, რომელიც ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა ნაადრევი მშობიარობა გაფრენის დარბაზში დაეწყო.
მშობიარობა აეროპორტის მორიგე ექიმმა ტერმინალის სამედიცინო პუნქტში მიიღო. მშობიარობის პროცესში ექიმს თავისი პერსონალი ეხმარებოდა. ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ“.