მთავარი,სიახლეები

რიჟვაძის დამტკიცების შემთხვევაში აჭარაში ორი მინისტრი თანამდებობას დატოვებს

16.07.2018
რიჟვაძის დამტკიცების შემთხვევაში აჭარაში ორი მინისტრი თანამდებობას დატოვებს

აჭარის უმაღლესი საბჭო აჭარის მთავრობის წევრობის კანდიდატებზე ინფორმაციას ავრცელებს. უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ უმაღლეს საბჭოში დასამტკიცებლად წარდგენილ მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებული მინისტრების კანდიდატები.

აჭარის  უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებს:

  • აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე – ინგა შამილიშვილი
  • აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე – ზაალ მიქელაძე
  • აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე – ჯაბა ფუტკარაძე
  • აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე – ტიტე აროშიძე

„მივმართავთ პრეზიდენტს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად, წარადგინოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის მის მიერ დასახელებული შემადგენლობა, რათა დროულად ჩამოყალიბდეს და არ შეფერხდეს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფუნქციონირება“ – აღნიშნულია აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის პოსტზე უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ თორნიკე რიჟვაძე 6 ივლისს დაასახელა. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილია არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა და ასევე, საინიციატივო ჯგუფმა დაასახელა გოჩა გუგუნავას კანდიდატურაც.

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 18 ივლისამდე უნდა წარმოუდგინოს აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, მანამდე კი  აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციებს უნდა გამართოს აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა სუბიექტთან – პარტიებთან, რომლებიც უმაღლეს საბჭოში არიან. ამ კონსულტაციების შედეგად წყვეტს პრეზიდენტი, თუ ვისი კანდიდატურა უნდა წარუდგინოს უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკვე გამართა შეხვედრები უმაღლეს საბჭოში და დახურულ კარს მიღმა თორნიკე რიჟვაძესაც შეხვდა.

კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლებელია პრეზიდენტმა არც ერთი პოლიტიკური ძალის კანდიდატი არ წარადგინოს აჭარის უმაღლეს საბჭოში დასამტკიცებლად. თავის მხრივ, აჭარის უმაღლეს საბჭოსაც შეუძლია პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურას მხარი არ დაუჭიროს. ასევე, კონსტიტუცია პრეზიდენტს აძლევს უფლებას დაითხოვოს უმაღლესი საბჭო, თუ ეს ორგანო ზედიზედ ორჯერ არ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: