მთავარი,სიახლეები

არმაზ ახვლედიანის მინისტრები, თუ მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ აირჩევენ

17.07.2018 • 4766
არმაზ ახვლედიანის მინისტრები, თუ მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ აირჩევენ

ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატად კონსტიტუციონალისტი მალხაზ ნაკაშიძე, განათლების მინისტრად  „ი-თი-აი 2000“-ის დამფუძნებელი ირინა ხაჟალია, ჯანდაცვა – ექიმი მზია დიდმანიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრად კი ჯემალ ცეცხლაძე – ამ პირებს მინისტრობის კანდიდატებად წარადგენს არმაზ ახვლედიანი იმ შემთხვევაში, თუ მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს ჩააბარებენ.

თავად არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა პრეზიდენტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვაკანტურ პოზიციაზე საინიციატივო ჯგუფმა წარუდგინა, ამ ჯგუფში ოპოზიციური პარტიებიც შედიან.

მინისტრობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ არმაზ ახვლედიანმა მის მიერ დასახლებული კანდიდატები დაახასიათა, როგორც „გამოცდილები, საამაყოები და გამორჩეულები. ისაუბრა მათ მიღწევებზე და ერთობლივ გეგმებზე“.

„ჩვენ მეგობრებო არ ვართ პარტიის წევრები, მაგრამ  ვართ სინამდვილეში  პარტიის წევრები და ჩვენი პარტიაა საქართველო. ჩვენი პარტია არის აჭარა“, – თქვე ახვლედიანმა, რომელმაც ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ მომავალში მისი გუნდი გაიზრდება.

არმაზ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში შეიქმნება ის „უნიკალური სივრცე “ აჭარის მთავრობაში, როცა უმაღლესი საბჭო და მთავრობა ერთი გუნდის წევრები არ არიან და ერთმანეთის კონტროლზე არიან ორიენტირებულები:

„…მე არ ვაჭარბებ, როცა ვიყენებ ასეთ ფაქიზ, საფრთხილო სიტყვას უნიკალური სივრცე, როცა უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა იქნება ერთი და მთავრობა იქნება დაკომპლექტებული სხვა განწყობის, სხვა მსოფლმხედველობის ადამიანებით. წარმოიდგინეთ ჯანსაღ ვითარებაში რა ხარისხის ურთიერთკონტროლი განხორციელდება და რამდენად შეუწყობს ეს ხელს ერთი მხრივ იმას, რომ არც იმათ და არც ჩვენ არ შეგვეშალოს და თუ შეგვეშლება ერთმანეთს ვუკარნახოთ, გავაღოთ ყველა კარი და ფანჯარა, მივცეთ შესაძლებლობა ჩვენს საზოგადოებას, რომ ჩაერთონ მართვაში.“

არმაზ ახვლედიანმა თავისებურად ახსნა ისიც, თუ რას ნიშნავს დღეს დამკვიდრებული პრაქტიკით ხელისუფლებაში მოსვლა.

„ეს ნიშნავს იმთავითვე სწრაფად ფიქრს, მანქანაზე, კაბინეტზე, შემოსავლებზე, წილებზე, ბიზნესებზე, ნათესავების მოწყობაზე, მეგობრების დასაქმებაზე, სამიდღემჩიოდ ყოფნაზე და თუ არა მაშინ დიდი ქონებით სადღაც გაქცევაზე. გპირდებით, როცა იქნება და თუ დღეს იქნება მით უფრო, ჩვენ დავასრულებთ ამ პრაქტიკას და საზოგადოება იტყვის, თურმე ეს შესაძლებელია, დიახ ეს შესაძლებელია. ჩვენ რომ ამის არ გვჯეროდეს, ამ ნაბიჯს არ გადავდგამდით“,  – განაცხადა მან კანდიდატების წარდგენის შემდეგ.

მთავრობის თავმჯდომარეობის საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელებულმა კანდიდატმა დღეს მერს ქალაქში არსებული სამშენებლო პოლიტიკა დაუწუნა და თქვა ისიც, რომ მოსაგვარებელია ბათუმის ბულვარში გათენებამდე დისკოტეკების მუშაობისა და ხმაურის საკითხი:

„ერთ სატკივარსაც გეტყვით: არ შეიძლება, რომ ათიათასობით ბათუმელი იყოს ასე დისკრიმინირებულ მდგომარეობაში, როდესაც ვთქვათ 30-50, ან თუნდაც 100 ახალგაზრდა ადამიანს სურს ბულვარში გათენებამდე იყოს დისკოტეკაზე. იყოს, რაზეა საუბარი, ვის არ ჰყვარებია ალბათ ახალგაზრდობაში ცეკვა და გართობა, მაგრამ მაპატიეთ, არ შეიძლება, რომ შენ სახეში აფურთხებდე საზოგადოებას, ასე არ გიყვარდეს… მე ამ კითხვას ვუსვამ დღევანდელ მერს. წინა მერს, იმის წინას და მინდა გავიგო მათგან პასუხი. რაზე ფიქრობთ ბატონებო, ეს თქვენი ქალაქი არ არის? ეს თქვენი აჭარა არ არის? – როგორც ჩანს, არ არის“ .

მოგვიანებით არმაზ ახვლედიანმა „ბათუმელებთან“ განმარტა, რომ ბულვარი არ არის დისკოტეკის ადგილი, თორემ გართობას არ ეწინააღმდეგება.

წარდგენის დასრულების შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარობის საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელებულმა კანდიდატმა, არმაზ ახვლედიანმა სახელისოფლებო პარტიის კანდიდატი, თორნიკე რიჟვაძე და მის მიერ დასახლებული მინისტრობის კანდიდატები დებატებში გამოიწვია.

მთავარი ფოტო: არმაზ ახვლედიანის მიერ წარმოდგენილი მინისტრთა კაბინეტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: