მთავარი,სიახლეები

როდის ამუშავდება „შუახევიჰესი“, რომლის გვირაბი შარშან ჩამოიშალა – კომპანიის განმარტება

16.07.2018 •
როდის ამუშავდება „შუახევიჰესი“, რომლის გვირაბი შარშან ჩამოიშალა – კომპანიის განმარტება

„შუახევიჰესის“ ჩამოშლილი გვირაბის აღდგენა დაწყებულია, აცხადებენ კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიაში“. მათივე ინფორმაციით, ჰესი დაახლოებით 2019 წლის მეორე ნახევრიდან ამუშავდება.

„შუახევიჰესის“ გვირაბებში სატესტო რეჟიმით 2017  წლის ზაფხულშიც გაუშვეს წყალი, მაშინ ერთ-ერთი გვირაბი ხულოში, სოფელ დიდაჭარასთან ჩამოიშალა.

2018 წლის 24 იანვარს სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ გვირაბის აღდგენაზე ნებართვა გასცა. სააგენტომ „ბათუმელებთან“ განმარტა, რომ „ჰიდროთერმული ზემოქმედებისა და გამოფიტვის შედეგად შესუსტებული ქანების გაწყლიანების გამო, მოხდა ქანების ჩამოშლა.“

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ პრესსამსახურში გვითხრეს, რომ გვირაბის აღდგენითი სამუშაოების პარალელურად დაზიანებული უბნებიდან სინჯები ექსპერტიზაზე პერიოდულად იგზავნება. წინასწარი მონაცემებით, ჩამოშლილი გვირაბის სრულად აღდგენას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება.

„შუახევიჰესს“ სამი კომპანია აშენებს: ნორვეგიული Clean Energy Invest-ი, ინდური კომპანია Tata Power-ი და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი IFC-ი. ამ კომპანიებმა შუახევში ჰესის ასაშენებელად 400 მილიონი აშშ დოლარი ჩადეს. ჰესის მშენებლობაზე ნებართვა 2013 წელს გაიცა. „აჭარისწყალი ჯორჯია“ კი ამ სამი კომპანიის ერთობლივი საწარმოა, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ჰესის მშენებლობას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: