რა [ვერ] შეცვალა პატარაძემ


ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე უმაღლესმა საბჭომ 2016 წლის 15 ივლისს დაამტკიცა. ყოფილი დიპლომატი, რომელსაც სამ ქვეყანაში ჰქონდა ელჩად მუშაობის გამოცდილება, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ორი წელიც ვერ დარჩა. მისი მისამართით მმართველი გუნდიდან კრიტიკა არასდროს ისმოდა. პატარაძე კვირიკაშვილის გუნდის წევრად მოიაზრებოდა და მისი პოლიტიკაც, ძირითადად, კვირიკაშვილის პოლიტიკის მსგავსი იყო – აჭარაში არ ახსოვთ პატარაძის სკანდალური განცხადებები, საჯარო გამოსვლებისას იგი ყოველთვის ფრთხილი და მოზომილი იყო.

ორი წლის წინ, „ბათუმელებთან“ პირველი ინტერვიუს დროს, ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ საკადრო მიმართულებით რადიკალურ ცვლილებებს არ აპირებს. ორიოდე სიტყვით სწორედ ასე შეიძლება შევაფასოთ მისი მუშაობა აჭარაში – პატარაძის დროს რადიკალური ცვლილებები არ მომხდარა.

„ბათუმელებმა“ ზურაბ პატარაძის აჭარაში მუშაობის ქრონიკას გადახედა და გთავაზობთ იმ მნიშვნელოვანი თემების ჩამონათვალს, რისი გაკეთებაც ზურაბ პატარაძემ შეძლო ან – ვერ.

„ოცნების ქალაქი“

ხელვაჩაურში თვითნებურად გაშენებული „ოცნების ქალაქის“ გაყინული პრობლემის მოგვარება, მისი წინამორბედის მსგავსად, ზურაბ პატარაძის მთავრობამაც ვერ შეძლო. ეს პრობლემა ზურაბ პატარაძემ მემკვიდრეობით მიიღო არჩილ ხაბაძისგან. პატარაძე ამბობდა, რომ თავად ჩავიდოდა „ოცნების ქალაქში“ და ადგილზე გაეცნობოდა პრობლემებს, თუმცა იგი აქ არ მისულა. ორი წლის განმავლობაში არც ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ პრობლემის გადასაწყვეტად აჭარის მთავრობას არ გადაუდგამს.

კულტურული მემკვიდრეობა და K2 

ბათუმში კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები ზურაბ პატარაძეს არაერთხელ შეეხო. კულტურული მემკვიდრეობის დამცველებმა მას არაერთხელ სთხოვეს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, თუმცა რადიკალურად არაფერი შეუცვლია.

პატარაძის დროს გაგრძელდა არჩილ ხაბაძის პრაქტიკა K2 კოეფიციენტის გაზრდაზე [შენობის სიმაღლეში გაზრდა], წელიწადნახევრის განმავლობაში არაერთ მშენებლობაზე გაიცა სიმაღლის გაზრდის ნებართვა, თუმცა წელს, 2018 წლის თებერვალში, ზურაბ პატარაძემ უარი თქვა K2-ის შუამდგომლობაზე და განაცხადა, რომ ეს საკითხი მერიამ უნდა გადაწყვიტოს.

ფეხბურთის სტადიონი

ზურაბ პატარაძის მმართველობის პერიოდს უკავშირდება ბათუმში სტადიონის მშენებლობის დაწყება, რომელიც მანამდე 12 წელი იყო დაანონსებული, თუმცა ვერც ლევან ვარშალომიძის და ვერც არჩილ ხაბაძის მთავრობამ ამ იდეის განხორციელება ვერ შეძლო. სტადიონის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს. მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა აჭარის მთავრობას ამ ეტაპზე არ აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ და ვინ უნდა გამოიყენოს 157 მილიონ ლარად ღირებული ნაგებობა. სტადიონს ამ დრომდე არ ჰყავს მშენებლობაზე ზედამხედველი კომპანია.

სპორტული კომპლექსის მშენებლობა

მულტიფუნქციური სპორტის სასახლის კომპლექსის მშენებლობა, რომლის დარბაზები ჯამში 3100 მაყურებელზე იქნება გათვლილი, აჭარის მთავრობამ 2017 წლის დასაწყისში დაიწყო. ეს მშენებლობა დათქმულ ვადაში ვერ დასრულდა.

ახალი მეჩეთი 

ორი წლის განმავლობაში „ბათუმელებმა“ ზურაბ პატარაძეს არაერთხელ დაუსვა შეკითხვა ბათუმში მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით. ყველა ჯერზე მთავრობის თავმჯდომარისგან ერთსა და იმავე პასუხს ვიღებდით – გადაწყვეტილება მიღებულია და მეჩეთი უნდა აშენდეს. მიუხედავად დაპირებისა, მეჩეთი ბათუმში არ აშენებულა.

კურორტი გოდერძი

ზურაბ პატარაძის დროს დაიწყო გოდერძის უღელტეხილზე ალპური ბაღის გაშენება, საინვესტიციო წინადადებების მოზიდვა და გოდერძი–ბეშუმის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, გოდერძიზე ამჟამად 17 სასტუმრო კომპლექსი შენდება. ამავე კურორტზე ზურაბ პატარაძემ ბიზნესმენებს ქონება პირდაპირი წესით გადასცა, მათ შორის თავის მეგობარს.

ყინულის არენა 

ბათუმში, ყინულის სასახლის ადგილზე, ახალი ყინულის არენისა და საცურაო აუზის აშენება ზურაბ პატარაძის დროს დაანონსდა. სამუშაოების შესყიდვის ღირებულება 19 990 002 აშშ დოლარია.  კანადური კომპანია Westincor Limited-ი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსის წესით შეარჩია. კომპანია ყინულის არენასა და საცურაო აუზს დააპროექტებს და ააშენებს კიდეც. საბოლოო პროექტი 4 თვეში უნდა იყოს მზად.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com