მთავარი,სიახლეები

ვინ აგებს პასუხს „ჟილინის არხში“ დაკარგული 254 ათასისთვის

16.07.2018
ვინ აგებს პასუხს „ჟილინის არხში“ დაკარგული 254 ათასისთვის

ოთხი დღის წინ მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა უდანაშაულოდ მიიჩნია ლაშა ბოლქვაძე და არჩილ ვანაძე „ჟილინის არხის საქმეზე“. გამოძიების ვერსია, რომ ამ პირების სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად მიადგა ბათუმის ბიუჯეტს ზიანი, არ დადასტურდა.

2013 წლიდან დღემდე ამ საქმეზე არავინ დასჯილა. არც სადავო თანხა დაუბრუნებია კომპანიას, რომელსაც „ჟილინის არხის“ რეკონტრუქცია უნდა განეხორციელებია.

ვინ არის პასუხისმგებელი, როცა ბათუმის ბიუჯეტიდან ფული კონკრეტულმა კომპანიამ შეუსრულებელ საქმეში მიიღო? – ბათუმის მერიაში ამ კითხვაზე იგივე გვიპასუხეს, რაც 2016 წელს: „მიმდინარეობს აღსრულების პროცესი“.

„ჟილინის არხის“ რეკონსტრუქციისთვის ბათუმის მერიამ 2013 წელს გაუფორმა ხელშეკრულება შპს „ტონი და კომპანის“ 6 მილიონ 108 ათას ლარზე. ამ კომპანიას ავანსის სახით, მერიამ 1 289 972 ლარი ჩაურიცხა. კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.

მერიამ „ტონი და კომპანისთვის“ გადარიცხული თანხიდან დაახლოებით 928 ათას ლარამდე უკან სადაზღვეო კომპანიისგან დაიბრუნა, მერიამ უკან დაიბრუნა ასევე 216 ათას ლარამდე პირგასამტეხლო და ამოსაღები 254 265 ლარი დარჩა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2014 წელს ამ თანხის გადახდა შპს „ტონი და კომპანიას“ დააკისრა, თუმცა კომპანია ბიუჯეტში თანხას არ აბრუნებს.

2015 წელს გამოძიებამ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცა არჩილ ვანაძე და ლაშა ბოლქვაძე, მერიის ეკონომიკური სამსახურის მაშინდელი მაღალჩინოსნები. პროკურატურის ვერსიით, სწორედ ამ პირების სამსახურებრივი გულგრილობის გამო გადაურიცხეს თანხა კომპანიას, რომელმაც საქმე არ გააკეთა და „რითაც დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი მიადგა ბათუმის მერიას“. არჩილ ვანაძე ახლაც ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსია, ლაშა ბოლქვაძე კი ხულოს მერის მოადგილე.

გამოძიების ვერსია არ დადასტურდა. საგამოძიებო ორგანოს პასუხისმგებლობის გარდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობას არავინ იღებს მერიაში, სადაც უკვე მეოთხე წელია ხალხის ფულის ამოღებას ელიან. მერიის პრესსამსახურში ვერ გვითხრეს, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი კომპანია 2024 წლამდე არ დააბრუნებს სადავო თანხას.

2024 წელს კანონით განსაზღვრული ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა გადის, როცა შპს „ტონი და კომპანიამ“ მერიას თანხა უნდა დაუბრუნოს. შესაძლოა, ამ დროისთვისაც არაფერი ჰქონდეს კომპანიას ანგარიშზე და მერია თანხას ისევ ვერ მიიღებს.

ვინ არის პასუხისმგებელი 254 ათასი ლარის დაკარგვაზე? – არჩილ ვანაძე, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი და ამ საქმეში გამართლებული პირი ამბობს, რომ ეს გამოძიებამ უნდა გაარკვიოს.

ამავე სამქეში გამართლებული ლაშა ბოლქვაძე კი განმარტავს, რომ მან კომპანიას ავანსად თანხა ტენდერში გამარჯვებული საზედამხედველო კომპანიის დასკვნის საფუძველზე გადაურიცხა. „უფლებაც არ მქონდა, რომ არ გადამერიცხა,“ – ამბობს ის.

„ჟილინის არხის“ მშენებლობა საბოლოოდ „მშენებელი 80“-მა დაასრულა.

ჟილინის არხზე, სპეციალისტების რეკომენდაციით, სატუმბი სადგურიც უნდა მოეწყოს, თუმცა მერიას შესაბამისი ფინანსები ბიუჯეტში გაწერილი არ აქვს.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: