მთავარი,სიახლეები

მინისტრობის კანდიდატი: შემოთავაზება თორნიკე რიჟვაძისგან მივიღე

16.07.2018
მინისტრობის კანდიდატი: შემოთავაზება თორნიკე რიჟვაძისგან მივიღე

ტიტე აროშიძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატია. იგი ამ პოსტზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, თორნიკე რიჟვაძემ დაასახელა, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა უჭერს მხარს. ტიტე აროშიძე ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტში“ პროექტების მენეჯერად მუშაობს.

„ბათუმელებთან“ საუბარში ტიტე აროშიძე ამბობს, რომ მინისტრის პოსტზე მან შემოთავაზება თორნიკე რიჟვაძისგან მიიღო.

„თორნიკესთან უფრო საქმიანი გადაკვეთის გზები მქონდა. „დემოკრატიის ინსტიტუტი“ მოსახლეობას ბიზნეს-ტრენინგებს როცა უტარებდა ჰესებთან დაკავშირებით, იმ პერიოდში მქონდა მასთან შეხება, როგორც კომპანიის წარმომადგენელთან“ – გვითხრა ტიტე აროშიძემ.

კითხვაზე, რატომ სოფლის მეურნეობის და არა ვთქვათ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ტიტე აროშიძე პასუხობს, რომ პროფესიით ეკონომისტია, თუმცა ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობდა.

„ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის ფარგლებში ვიყავი კოორდინატორი პროექტის, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებაზე იყო გათვლილი. ამასთან, ორგანიზაცია „განვითარების აკადემიაში“ ვმუშაობდი ექსპერტად, აქაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით ვმუშაობდი. ფაქტობრივად, ჩემი ბოლო აქტივობები ამ სფეროს ეხება“ – ამბობს ტიტე აროშიძე.

იგი ამბობს, რომ მას აქვს გარკვეული ხედვები ამ მიმართულებით:

„ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია ღირებულებათა ჯაჭვების შექმნა, რაც გულისხმობს იმას, რომ სოფლის მეურნეობა არ უნდა იყოს განყენებული სხვა სფეროებისგან და მთლიან ეკონომიკაში უნდა მონაწილეობდეს. მე მზად ვარ ვითანამშრომლო სხვა სფეროებთანაც“.

ტიტე აროშიძე ამბობს, რომ მისი სპეციალობიდან გამომდინარე შესაძლებელია კითხვები გაჩნდეს, რადგან ეკონომისტია პროფესიით, თუმცა ამბობს, რომ ბოლო დროს მიღებული გამოცდილება ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.

„მე მხარდაჭერის იმედი მაქვს“ – ამბობს აროშიძე. იგი ამბობს, რომ მინისტრად დანიშვნის შემთხვევაში, მისი პროექტები იქნება გრძელვადიანი და არა მინისტრობის ვადებზე გათვლილი.

„ნებისმიერი თანამდებობა არის დროებითი, მაგრამ პროგრამები რომელსაც წარვადგენ,  არ იქნება ჩემი მინისტრობის ვადაზე გათვლილი, ეს იქნება გრძელვადიანი ხედვები, რომელიც ეფექტს მოიტანს ახლო პერიოდშიც და მომავალშიც“.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, აროშიძე ამბობს, რომ ის არ აპირებს საკადრო ცვლილებებს, თუმცა, „თუკი აღმოჩნდება ვინმე, ვინც არ დაეთანხმება ჩემს ხედვებს, შეიძლება თვითონ გადაწყვიტოს წასვლა“ – აღნიშნა მან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: