მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად პრეზიდენტს არმაზ ახვლედიანს წარუდგენენ

15.07.2018 • 4604
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად პრეზიდენტს არმაზ ახვლედიანს წარუდგენენ

აჭარაში საინიციატივო ჯგუფმა, რომელშიც რეგიონის ოპოზიციის წარმომადგენლებიც შედიან, დღეს, 15 ივლისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე არმაზ ახლედიანის კანდიდატურა დაასახელა, რომელსაც პრეზიდენტს წარუდგენენ.

„საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა შესთავაზეს პოლიტიკურ პარტიებს, მათ შორის შემოგვთავაზეს ჩვენც. მოგეხსენებათ, პრეზიდენტი კონსულტაციებს გადის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან, ეს არის მისი პირველი რიგის ვალდებულება, შესაბამისად, ამათგან უნდა მოისმინოს კანდიდატები. ჩვენ და ევროპულმა საქართველომ დღეს უკვე ღიად წარვადგინეთ არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა, როგორც ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატურა. იმედს ვიტოვებ, რომ „ბურჯანაძე-დემოკრატების“ პოზიციაც იქნება იგივე, და გამოდის, რომ ქართული ოცნების გარდა უმაღლეს საბჭოში მხარს უჭერენ არმაზ ახვლედიანის კანდიდატურას. დანარჩენი პრეზიდენტის გადასაწყვეტია,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ გიორგი კირთაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ.

ენმ-ის აჭარის ორგანიზაციაში თვლიან, რომ „არის საკმაოდ დიდი შანსი პრეზიდენტმა წარადგინოს არმაზ ახვლედიანი, იმიტომ რომ ყველა ის საჯარო განცხადება, რაც მოვისმინეთ პრეზიდენტისგან ცხადყოფს იმას, რომ პრეზიდენტი, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპისთვის, მოწადინებულია კარგი კანდიდატი წარუდგინოს უმაღლეს საბჭოს. ამიტომ მოხდა არმაზის ირგვლივ, ასე ვთქვათ, გაერთიანება. თორნიკე რიჟვაძესა და არმაზ ახვლედიანს შორის არჩევანის გაკეთება პრეზიდენტს არ უნდა გაუჭირდეს“.

განიხილავდა თუ არა ენმ საკუთარ კანდიდატურას პრეზიდენტისთვის წარსადგენად?

„ჩვენ კარგად ვიცით ვინ იქნება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის ყველაზე კარგი კანდიდატი, გვყავს კიდეც ჩვენი კანდიდატი. მაგრამ არსებული რეალობიდან გამომდინარე, რა ვითარებაშიც ახლა ვართ [ახლა არ გვაქვს არჩევნები, უმაღლესმა საბჭომ უნდა აირჩიოს კანდიდატი], თან ვართ ოპოზიციაში, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებრივ ჯგუფებთან კონსულტაციის შედეგად იქნა შერჩეული ნეიტრალური და ძლიერი პოლიტიკური წონის კანდიდატი. თორემ ჩვენი კანდიდატურა არის ლევან ვარშალომიძე, არჩევნების დროსაც გვყავდა დაყენებული და იმედია მომავალშიც დავაყენებთ მის კანდიდატურას,“ – გვითხრა გიორგი კირთაძემ.

გიორგი კირთაძის თქმით, „საინიციატივო ჯგუფში ძირითადად შედიან მალხაზ ნაკაშიძე, კახა ფალავანდიშვილი, ჯემალ ცეცხლაძე, ირაკლი ჯიჯავაძე, ჯელალ ქიქავა, სოფო მეგრელაძე და სხვები. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, ტექნიკურად წარდგენას აკეთებს „ევროპული საქართველო“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, არმაზ ახვლედიანის კანდიდატურას კი, თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც არის რეგიონში წარმოდგენილი, გარდა „ქართული ოცნებისა“ და მგონი „პატრიოტთა ალიანსისა“, ღიად უჭერს მხარს“.

„დემოკრატიული აუდიტის ცენტრის“ ხელმძღვანელი, არმაზ ახვლედიანი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრია. ის  ბათუმის 69-ე საარჩევნო ოლქის დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს.

აჭარის უმაღლეს საბჭოში მმართველმა პარტიამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის საკუთარი კანდიდატი 6 ივლისს დაასახელა. ამ თანამდებობაზე ქვეყნის პრეზიდენტს „ქართულმა ოცნებამ“ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა შესთავაზა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი ზურაბ პატარაძემ 4 ივლისს დატოვა. აჭარის კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პრეზიდენტმა ორი კვირის ვადაში აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა წარმოუდგინოს. პრეზიდენტმა 18 ივლისამდე უნდა დაასახელოს მისთვის სასურველი კანდიდატი.

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციებს უნდა გამართოს აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა სუბიექტთან – პარტიებთან, რომლებიც უმაღლეს საბჭოში არიან. ამ კონსულტაციების შედეგად წყვეტს პრეზიდენტი, თუ ვისი კანდიდატურა უნდა წარუდგინოს უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკვე გამართა შეხვედრები უმაღლეს საბჭოში და დახურულ კარს მიღმა თორნიკე რიჟვაძესაც შეხვდა.

კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლებელია პრეზიდენტმა არც ერთი პოლიტიკური ძალის კანდიდატი არ წარადგინოს აჭარის უმაღლეს საბჭოში დასამტკიცებლად. თავის მხრივ, აჭარის უმაღლეს საბჭოსაც შეუძლია პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურას მხარი არ დაუჭიროს. ასევე, კონსტიტუცია პრეზიდენტს აძლევს უფლებას დაითხოვოს უმაღლესი საბჭო, თუ ეს ორგანო ზედიზედ ორჯერ არ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: