ბათუმის დელფინარიუმში მეშვიდე ზღვის ლომი დაიბადა

ბათუმის დელფინარიუმში ახალი ბინადარი ჰყავთ.

“სამხრეთ ამერიკული ზღვის ლომების ოჯახში პედროსა და მარის შვილი შეეძინათ. მამა პედრო 13 წლისაა, დედა კი 12 წლის.

ახალშობილი ბიჭი სრულიად ჯანმრთელია. დაიბადა მუქი ყავისფერი ბეწვით. წონა 5-7 კგ-ია. პატარა და დედა თავს შესანიშნავად გრძნობენ. ჩვილი სელაპი დედის რძით დაბადებიდან 6-8 თვის განმავლობაში იკვებება.

“მატება ნათელი დადასტურებაა, რომ ბინადრები, მოვლისა და შენახვის თვალსაზრისით იდეალურ გარემოში იმყოფებიან, კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ” – აღნიშნულია დელფინარიუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დელფინარიუმის ცნობით, ბოლო 8 წლის განმავლობაში ბათუმის დელფინარიუმში უკვე 7 ზღვის ლომი დაიბადა.

დელფინარიუმი: არ იყიდოთ ბილეთი გადამყიდველებთან

ბათუმის დელფინარიუმი განცხადებას ავრცელებს დელფინების შოუს ბილეთების გადამყიდველებთან დაკავშირებით და მოქალაქეებს მოუწოდებს, არ მოტყუვდნენ.

„დელფინარიუმის შენობის მიმდებარედ, გარე პერიმეტრზე, მრავლადაა ე.წ „გადამყიდველები“, მოქალაქეთა ერთი და იგივე ჯგუფი, რომლებიც ორმაგ, სამმაგ ფასში ყიდის შოუს ბილეთებს, ეწევიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობას.  გაფრთხილებთ და გთხოვთ!  ნუ მოტყუვდებით და შეიძინეთ ბილეთები წინასწარ, უმჯობესია ონლაინ რეჟიმში, ჩვენივე ვებგვერდზე  ან რამდენიმე დღით ადრე, დელფინარიუმის სალაროში“ – აღნიშნულია დელფინარიუმის განცხადებაში.

დელფინარიუმის პიარ-მენეჯერი და შოუს წამყვანი ბერდია კუტუბიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ბილეთების რაოდენობა გაყიდვისას შეზღუდული არ არის:

„სალაროში ვერავის ვერ ავუკრძალავთ ბილეთის ყიდვას, არც რაოდენობა არის შეზღუდული. რამდენიც უნდა, იმდენი ბილეთი შეუძლია ადამიანს იყიდოს. მოდიან ტურისტული კომპანიები, ყიდულობენ სალაროში  და როგორ არ უნდა მისცე? ზოგჯერ სხვადასხვა ადამიანს აგზავნიან ხოლმე და ამას ჩვენ ხომ ვერ გავაკონტროლებთ“ – გვეუბნება ის.

ბერდია კუტუბიძე ამბობს, რომ მსგავსი განცხადება ადმინისტრაციამ გასულ წელსაც გაავრცელა:

„იყო შემთხვევები, როცა გვითხრეს, 40 ლარად შევიძინეთ ბილეთიო. ერთადერთი რაც შეგვიძლია ის არის, რომ გავაკონტროლოთ, არ მოხდეს ბილეთების გადაყიდვა დელფინარიუმის ტერიტორიაზე. გარემოვაჭრეებიც კი გარე პერიმეტრზე არიან და დაცვა აკონტროლებს, რომ შიგნით არ იყოს მსგავსი სიტუაცია. ტერიტორიის გარეთ ვინ რას იზამს, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცდება“.

დელფინების წარმოდგენა დღეში სამჯერ იმართება. ბილეთის ფასი 15-20 ლარია. 6 წლამდე პატარებისთვის დელფინების შოუზე დასწრება უფასოა.

ბათუმის დელფინარიუმი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ბათუმში ჩამოსული ტურისტებისთვის.

„სიმპსონების“ რეჟისორის ახალი მულტსერიალი ალკოჰოლის მოყვარულ პრინცესაზე აგვისტოში გამოვა

კომპანია ნეტფლიქსმა  Comic Con -ის ფესტივალზე “სიმპსონებისა” და “ფუტურამას” რეჟისორის, მეთ გრეინინგის ახალი ანიმაციური სერიალის, “განჯადოების” სრული ტრეილერი აჩვენა.

იმ უდიდესი წარმატების შემდეგ, რაც გრეინინგს „სიმპსონებმა“ და „ფუტურამამ“ მოუტანა, ნეტფლიქსმა მას ახალი ანიმაციური კომედიური შოუს შექმნა შეუკვეთა.

როგორც  ბრიტანული გამოცემა  NME  იუწყება, ნეტფლიქსმა შოუს 20 ეპიზოდი შეუკვეთა, რომელიც ორ სეზონად დაიყოფა.  პირველი 10 ეპიზოდი მომავალ თვეში, 17 აგვისტოს გამოვა.

„თქვენ იხილეთ მომავალი ფუტურამაში, თქვენ იხილეთ აწმყო სპრინგფილდში და რა იქნება ძალიან ცხადი მომდევნო ნაბიჯი? წარსული რა თქმა უნდა!“ – ყვება თრეილერში მთხრობელი. შესაბამისად, “განჯადოებაში” მოქმედება წარსულში ხდება, კერძოდ – შუასაუკუნეების სამეფო დრიმლენდში.

ნეტფლიქსზე სერიალის მოკლე აღწერაში აღნიშნულია, რომ ეს არის სერიალი, რომელიც ალკოჰოლის მოყვარული პრინცესა ბინის, მისი პირადი დემონი ლუსისა და მომხიბლველი ელფი კომპანიონის თავგადასავალზე მოგვითხრობს.

“განჯადოების” მეორე, უფრო ახალი ტრეილერიც არსებობს, რომელიც სამეფო ქორწილის სცენას ასახავს:

გრეინინგმა ახალ სერიალზე სამუშაოდ “სიმპსონებზე” მუშაობაში გამოცდილი დიდი ხნის თანამშრომელი ჯოშ ვაინშტაინი და “ფუტურამაზე” მომუშავე ანიმატორების მთელი ჯგუფი მოიწვია. რაც შეეხება პერსონაჟების როლების შემსრულებლებს, პრინცესა ბინს ები ჯეიკობსონი გაახმოვანებს, რომელიც ცნობილია სერიალიდან Broad City, მის საიმედო კომპანიონ ელფოს ოსკაროსანი მსახიობი ნატ ფაქსონი შეასრულებს, პირად დემონს, ლუცის კი – მსახიობი ერიკ ანდრე. გარდა ამისა, ახალ ანიმაციურ სერიალში სხვადასხვა როლებს შეასრულებენ „ფუტურამას“ მსახიობები, კერძოდ ჯონ დიმაჯიო (რობოტი ბენდერი), ბილი ვესტი (ფილიპ ჯეი ფრაისა და სხვა როლების გამხმოვანებელი), მაურის ლამარჩი (ლეიტენანტი ამფიბიისებრთა პლანეტიდან კიფ კროკერი და სხვა როლები), ტრეს მაკნეილი („სიმპსონებში“ სკინერის დედისა და სხვა როლების შემსრულებელი, ასევე ახმოვანებს ათეულობით პერსონაჟს „ფუტურამაში“).

ბათუმის მერიამ გონიო-კვარიათის პლაჟების იჯარით გაცემის წესი და ფასები განსაზღვრა

ბათუმის მერიამ გონიო-კვარიათის პლაჟებზე მსუბუქი კონსტრუქციის განთავსებისათვის საიჯარო გადასახადი – 1 კვ/მ ნაკვეთზე – 60 ლარი, ხოლო საპლაჟო ინფრასტურუქურის განთავსების მიზნით 1 კვ/მ-ზე – 29 ლარით განსაზღვრა. ბაზიერების პუნქტის განათვსების მსურველებისთვის კი, 1 კვ/მ-ის საწყისი ფასი 134 ლარი იქნება. ბათუმის მერიის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი, რომელიც გონიო-კვარიათის სანაპირო ზოლში აუქციონის წესით განსაკარგი მიწის ნაკვეთების საფასურს ადგენს, საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

პარალელურად, მერიაში მიზანშეწონილად მიიჩნევენ ცვლილება შევიდეს განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ დადგენილებაში და კონკრეტულად ამ ზონისათვის დასაშვები სახეობების ჩამონათვალს დაემატოს: „ტერიტორიაზე დროებითი კონსტრუქციების – ბუნგალოების და სხვა კვების ობიექტების განთავსება.“

ინიციატივის ავტორის, მერიის ქალაქგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელის მირიან მეტრეველის განმარტებით, ცვლილება ხელს შეუწყობს საკურორტო სეზონისათვის არსებული ტერიტორიის სწორ და ეფექტურ გამოყენება-განვითარებას. ასევე,  შესაძლებელი გახდება დაინტერესებულ პირებს დროებით სარგებლობაში გადაეცეთ ობიექტები, მისი გამოყენების და მოვლა-პატრონობის მიზნით.

მერია განმარტებით ბარათში წერს იმის შესახებაც, რომ ამ ცვლილების პროექტი მოსახლეობის მიმართვის საფუძველზე მომზადდა და რომ მოსახლეობა საკურორტო სეზონთან დაკავშირებით მოძრავი კვების ობიექტებისა და საპლაჟო ინფრასტრუქტურის განთავსებაზე ნებართვებს ითხოვს.

ვიდრე მერია შესაბამის დადგენილებაში ცვლილებების შეტანაზე მუშაობდა, გონიო-კვარიათის პლაჟებზე უკანონო სამუშაოები მიმდინარეობდა. „ბათუმელების“ გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ყველა ბუნგალო და კაფე, რომლებიც დღეს გონიო-კვარიათის პლაჟზეა განთავსებული, ფაქტობრივად, უკანონოა.

იხდიან თუ არა გადასახადს ქალაქის ბიუჯეტში იმ ობიექტების მფლობელები, რომლებიც გონიო-კვარიათში უნებართვო საქმიანობას ეწევიან? – ბათუმის მერიაში ამასთან დაკავშირებით დაახლოებით 10 დღის წინ განაცხადეს, რომ „რახან დაკავებული აქვთ ბათუმის მერიის კუთვნილი ტერიტორია, მუნიციპალური სერვისების სააგენტომ გადაამოწმა და მიღებული მონაცემების დამუშავების შემდეგ დაეკისრება მათ [ობიექტების მფლობელებს]  ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახადის გადახდა“.

მერიის მიერ მომზადებულ ცვლილებების პროექტებს ბათუმის საკრებულო 27 ივლისს დაგეგმილ სხდომაზე უყრის კენჭს.

საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებამდე ბათუმის მერიამ გონიო-კვარიათის პლაჟები 41 სექტორად დაჰყო:

მერია ცვლილებებს გეგმავს, გონიო-კვარიათის პლაჟზე კი უკანონო მშენებლობები გრძელდება

სოფელ მეძიბნაში მრავალფუნქციური სახლის მშენებლობა დაიწყო

სოფელი მეძიბნა ზღვის დონიდან ერთ-ერთი მაღალი სოფელია ქედის მუნიციპალიტეტში, სადაც ზამთარი უხვნალექიანობით გამოირჩევა. აქ წლებია მოსახლეობა თავშეყრის ადგილის მოწესრიგებას ითხოვს. მეტიც, სოფლის სახლი ამორტიზირებულ შენობაში აგრძელებდა ფუნქციონირებას.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, მრავალფუნქციური სახლის ასაშენებლად, წელს ადგილობრივ ბიუჯეტში 146 852 ლარი იქნა გათვალისწინებული.

სოფლის სახლი, თავშეყრის სივრცე, სამედიცინო პუნქტი – ეს ის სერვისებია, რომლებიც ერთად მოიყრის თავს და ადგილობრივებს მისცემს შესაძლებლობას ისარგებლონ კომფურტული, ადაფტირებული გარემოთი.

სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია და მას ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,ვიგორა“ ახორციელებს. მშენებლობაზე დასაქმებული არიან ადგილობრივებიც.

ახალი სერვისებით მეძიბნელები მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოდან ისარგებლებენ.

ჯაზი წვიმაში – შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი ბათუმში დასრულდა

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი ბათუმში, ზღვის სანაპიროზე კლუბ  „Take Five“-ში დასრულდა 22 ივლისს. ფესტივალის სამი დღის განმავლობაში ბათუმმა მზიანი დარით გაანებივრა სტუმრები, თუმცა ბოლო კონცერტზე ქალაქმა ნამდვილი სახე აჩვენა და ერთი დღით ჯაზი წვიმის მუსიკად აქცია, კლუბში მოსული სტუმრები კი ფერადი საწვიმრებით შემოსა.

ფესტივალის ბოლო დღეს მსოფლიოს თანამედროვე ჯაზ-ვარსკვლავები გაერთიანდნენ: პიანისტი – რობერტ გლასპერი, საქსოფონისტი ტერას მარტინი, მესაყვირე ქრისტიან სკოტი, დრამერი ჯასტინ ტაისონი, გიტარისტი დერიკ ოჯი და ტეილორ მაკფერინი – კლავიში.

რობერტ გლასპერი. ფოტო: თიბისი სტატუსი

სცენაზე ვარსკვლავთცვენის მიუხედავად დარბაზი წინა სამი, ენერგიული კონცერტისგან განსხვავებით მშვიდი და გაწონასწორებული იყო, ჯაზ-ფესტივალის ორგანიზატორებმა ზუსტად განსაზღვრეს რომელ კოლექტივს უნდა დაესრულებინა ჯაზის დღესასწაული ზღვის სანაპიროზე: ექვსკაციანმა ბენდმა ექსპერიმენტული, იმპროვიზაციებზე აგებული კომპოზიციები შესთავაზა მსმენელს და რაც მთავარია ეს იყო მუსიკა, რომელიც მსმენელის გულამდე აღწევს მხოლოდ ბგერების მეშვეობით, შოუს მოწყობისა და გამახურებელი, დრამის უწყვეტი რიტმების გარეშე.

კრისტიან სკოტი. ფოტო: თიბისი სტატუსი

დაუვიწყარი იყო რობერტ გლასპერის კლავიში, რომლის თემასაც მიყვებოდა თითქმის ყველა ინტრუმენტი. გლასპერმა ჯაზ-ფესტივალის ბოლო დღეს აჩვენა, რომ ნამდვილ ჯაზს ისევ ჰყავს მსმენელი, რომელსაც შეუძლია უსმინოს მუსიკას, როცა მუსიკოსები მხოლოდ საკუთარ ინსტრუმენტებში არიან ჩაფლულები და შოუს ადგილს მთლიანად იკავებს მხოლოდ მუსიკა და მეტი არაფერი მუსიკის გარდა.

საათნახევრიანი კონცერტის განმავლობაში გლასპერი, სხვა მუსიკოსების მსგავსად, თითქმის თავის აწევის გარეშე უკრავდა კლავიშზე, მთელი საღამო წვიმდა, მაგრამ საწვიმრებით შემოსილი მსმენელი არ დაშლილა.

ოთხი დღის განმავლობაში შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის სცენაზე რობერტ პლანტი, Trombone Shorty & Orleans Avenue, ერიკა ბადუ და რობერტ გლასპერი უკრავდა ზემოთხსენებულ შემადგენლობასთან ერთად.

გავიხსენოთ სხვა დღეებიც და ვნახოთ როგორ ერთობოდა ხალხი ფესტივალის ოთხი დღის განმავლობაში. შეიძლება აქ თქვენი ცეკვაც აღმოაჩინოთ.

როგორ ებრძვიან აზიურ ფაროსანას აბაშის მუნიციპალიტეტში

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას წინაღდეგ ბრძოლა აქტიურ რეჟიმში გრძელდება. მავნებელმა  თხილის ბაღებიდან სიმინიდის ყანებში გადაინაცვლა. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია ყანების ქიმიური საშუალებით დროულად დამუშავება, როცა მარცვლეულის ნაყოფში შესვლის ფაზა იწყება.

როგორ ებრძვიან აზიურ ფაროსანას ანჟელის მასივებში

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ანჟელში სიმინდის დიდი მასივებია. ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობას სიმინდის ყანები აქვს. ერთ-ერთია შოთა კირჩხალიაა. მას კულტურა 10 ათას კვ.მ -ზე აქვს გაშენებული. სიმინდის რეალიზაციისგან მიღებული  თანხა მისი ოჯახის მთავარი შემოსავალია. ფერმერი ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 3-5 ტონა მოსავალს იღებდა, მაგრამ გასულ წელს აზიური ფაროსანამ მოსავალი თითქმის მთლიანად გაუნადგურა.

„შარშან სიმინდის მოსავალი  მხოლოდ 30-40 გოდორი გამოვიდა. ყანაში მავნებელი ისე იყო  მოდებლი რომ ვერ გაივლიდი, წელს კი თავისუფლად შეგიძლია ყანის ერთი ბოლოდან მეორემდე გასვლა.“ – შოთა კირჩხალია.

ფერმერი განმარტავს, რომ ამის მიზეზი სწორად ჩატარებული წამლობაა, თუმცა აქვე დასძენს რომ მა პროცესში მნიშვნელვანი იყო სახელმწიფოს გვერდში დგომა, რადგან თუ დიდი მასივების ქიმიური საშუალებით მათ მიერ დამუშავება არ მოხდებოდა, ისე ადგილობრივ მოსახლეობას გაუჭირდებოდა წამლობა.  შოთა მიზეზებზეც საუბრბს და ამბობს რომ  გლეხებს დიდი ფართობების შესაწამლად არ აქვთ ტექნიკა, ასევე გაუჭირდებოდათ  ქიმიური საშუალების შესაბამისი ნორმების და პერიოდულობის დაცვა.

სპეცილისტის რეკომენდაციები  სიმინდის კულტურის მავნებლისგან დასაცავად

აზიური ფაროსანა კულტურის დაზიანება ყანის ნაპირებიდან იწყებს. სპეცილისტების რეკომენდაციით:

აუცილებელია წამლობა ჩატარდეს მაშინ, როდესაც სიმინდის კულტურის ნაყოფი რძისებრ სიმწიფეშ შედის.

მავნებლის შემჩნევისთანავე უნდა მოხდეს გარეპერიმეტრის ქიმიური საშუალებით დამუშავება, ეს მის გავრცელებას შეზღუდავს.

აუცილებელია მოსახლეობამ მათ საკუთრებაში არსებული მცირე მიწები დროულად დაამუშაოს, წინააღმდეგ შემთხვევაში  შესაძლებელია ბაღლინჯო დიდ მასივებში სწორედ საკარმიდამო ნაკვეთებიდან გავრცელდეს.

ლოდინის პერიოდი

სიმინდი ზაფხულში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მაშინ როდესაც დასავლეთ საქართველოში კულტურას ქიმიური საშუალებით რამდენჯერმე ამუშავებენ, აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების დაცვა. კულტურის შეწამვლიუს შემდეგ აცილებიელია  ლოდინის პერიოდის – ბოლო წამლობიდან მოსავლის აღებამდე არსებული დროის შუალედის დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ქიმიური საშუალების ნარჩენები ნაყოფიდან ადამიანის ორგანიზმში მოხვდება და შეიძლება უკიდურესს შემთხვევაში ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. მოცდის პერიოდი დამოკიდებულია პრეპარატზე და ის 10-დან 20 დღემდე მერყეობს. სპეციალისტები ფერმერებს ურჩევენ, რომ ინსტრუქციას გაეცნონ სადაც მოცდის პერიოდი ზუსტად არის მითითებუული.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შეფასება

დასავლეთ საქართვლოში მავნებლის წინააღმდეგ წამლობის უკვე მესამე ეტაპი დაიწყო. ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ დასავლეთ საქართველოში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 310 ათასზე მეტი ჰექტარი, სატრაქტორე აგრეგატით – 10 ათასამდე ჰექტარი საყანე ფართობი, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების გამოყენებით -18 ათასზე მეტი ჰექტარი.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ გასულ წელთან შედარებით წელს აზიური ფაროსანას რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია.

___________________________________________________________________

სტატია  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ისმხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორმედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

საქართველომ და თურქეთმა საზღვარზე სიგარეტის შეტანის წესები გაამკაცრეს

საქართველოდან თურქეთში სიგარეტის შეტანის რეგულაციები შეიცვალა. თუ საქართველოდან თურქეთში გადამსვლელ მგზავრს შეეძლო გარკვეული რაოდენობის სიგარეტი ერთი თვის განმავლობაში 10-ჯერ გადაეტანა, დღეს ეს მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი.

ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, საქართველოდან თურქეთში შემსვლელ მგზავრებზე არსებულ საბაჟო შეღავათებში ცვლილებები თურქეთის ვაჭრობის მინისტრის 2018 წლის 9 ივლისის თანხმობისა და საბაჟო დეპარტამენტის დირექტორის განკარგულებით შევიდა.

„ადრე მოქალაქეს უფლება ეძლეოდა 30 დღის განმავლობაში 10-ჯერ ესარგებლა შეღავათით და საქართველოდან თურქეთში შემოეტანა 600 ღერი სიგარეტი. ახალი განკარგულებით კი, საქართველოდან შემოსულ პირებს შეუძლიათ თვეში ერთხელ შემოიტანონ საქართველოში შეძენილი სიგარეტი, ხოლო 9-ჯერ შეიძინონ ადგილზე, თურქეთის საბაჟოს DUTY-FREE-ს ქსელში [და გადაიტანონ თურქეთში]“ – განმარტავენ ტრაპიზონში საქართველოს გენერალურ საკონსულოში.

ანალოგიური ინფორმაცია მოგვაწოდა თურქეთის რესპუბლიკის გენერალურმა საკონსულომ ბათუმში. ანუ, თვეში ერთხელ, მოქალაქეს შეუძლია თურქეთში გადაიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე შეძენილი 3 ბლოკი სიგარეტი. ამასთან, შეუძლია იგივე რაოდენობით სიგარეტი იმავე თვეში 9-ჯერ შეიძინოს თურქეთის საბაჟოს მხარეს არსებულ DUTY-FREE-ს ქსელში და შეიტანოს თურქეთში.

საქართველოს საბაჟოზე კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მოქალაქეს შეუძლია 2 ბლოკი [400 ღერი] სიგარეტის გადატანა თურქეთში თვეში ერთხელ, თუ ის ამ თვეში პირველად კვეთს საზღვარს [თუმცა საბაჟოზე ისიც გვითხრეს, რომ ეს არ არის თურქული მხარის მიერ ოფიციალურად მოწოდებული ინფორმაცია]. ანუ, თუ მოქალაქე, მაგალითად 2 ივლისს იმყოფებოდა თურქეთში და არ გადაუტანია სიგარეტი, მას არც დღეს და არც ამ თვის ბოლომდე, საქართველოში შეძენილ სიგარეტს თურქეთში აღარ შეატანინებენ. თუმცა, საქართველოდან თურქეთში მიმავალ მოქალაქეს შეუძლია სიგარეტი შეიძინოს თურქულ მხარეს არსებულ DUTY-FREE-ს ქსელში და შეიტანოს თურქეთში.

იგივე გვითხრა ერთ-ერთმა პირმა, რომელსაც სიგარეტი რეგულარულად გადაჰქონდა თურქეთში: „სარფის საბაჟო ჩვენნაირი ადამიანებისგან თითქმის დაცარიელდა – ამ პირობებში სიგარეტის გადატანა შეუძლებელიცაა და აზრიც არ აქვს. ახლა, თვეში ერთხელ, ისიც ამ თვეში მხოლოდ პირველივე გადასვლაზე შეგვიძლია გადავიტანოთ ქართულ მხარეს არსებულ DUTY-FREE-ში ნაყიდი 2 ბლოკი სიგარეტი და 1 ლიტრი სასმელი. 3 ბლოკი რომ გინახონ, დეპორტს გირტყამენ. ვფიქრობთ, რომ ეს რეგულაციები დროებითია და ალბათ  შეიცვლება“.

ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, „მოქალაქეს, საქართველოში შეძენილი 3 ბლოკი სიგარეტის თურქეთში შეტანა შეუძლია ერთხელ, ოღონდ ერთი კალენდარული თვის განმავლობაში, პირველსავე საზღვრის კვეთის დროს [ანუ, თუ მაგალითად, 2 აგვისტოს გადაკვეთთ საზღვარს და არ გადაიტანთ სიგარეტს, სხვა დროს ამავე თვეში გადასვლისას ვთქვათ 10 ან 20 აგვისტოს, საქართველოში შეძენილი სიგარეტის გადატანის უფლება აღარ გექნებათ – ავტ.]. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს ეს 3 ბლოკი სიგარეტი შეძენილია ქართულ მხარეს არსებულ DUTY-FREE-ში, თუ სხვა ადგილზე“. 

აღსანიშნავია, რომ სიგარეტის იმპორტის რეგულაციები საქართველოს მხარემ დაახლოებით 5 თვით ადრე გაამკაცრა, ვიდრე თურქული მხარე დააწესებდა ახალ რეგულაციას.

ქართული მხარის გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობაში 2018 წლის 31 იანვარს შევიდა ცვლილებები, რომლითაც მოქალაქეს საქართველოში 30 დღის განმავლობაში შეუძლია შემოიტანოს მხოლოდ ერთი ბლოკი [200 ღერი] სიგარეტი. ამ ცვლილებამდე კი, საქართველოში, ერთი თვის განმავლობაში, შესაძლებელი იყო 2 ბლოკი სიგარეტის შემოტანა.

ანუ, სიგარეტის შემოტანაზე საქართველოს რეგულაცია გაცილებით მკაცრია, ვიდრე თურქეთის მიერ დაწესებული რეგულაცია. აქედან გამომდინარე, თურქული მხარის მიერ რეგულაციის ცვლილება, ქართული მხარის გადაწყვეტილების ერთგვარ საპასუხო ნაბიჯადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.

რატომ გაამკაცრა რეგულაციები საქართველომ სიგარეტის შემოტანაზე? – საქართველოს საბაჟო დეპარტამენტში გვითხრეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება არა მარტო სარფის, არამედ ლაგოდეხის [საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე] და სხვა გამშვებ პუნქტზე რიგებისა და კონტრაბანდული ტვირთების შემცირების მიზნით მოხდა.

„მაგალითად, სიგარეტზე აქციზის გადასახადი აზერბაიჯანში, ჩვენთან შედარებით, დაბალია… სიგარეტის გადატანა-გადმოტანაში ჩაერთო საზღვრისპირა დასახლებების მოსახლეობა, იმატა კონტრაბანდამ, ეს კი ჩვენი ეკონომიკისთვის იქნებოდა დარტყმა. მიმდინარე წლიდან გამკაცრდა რეგულაციები მხოლოდ სახმელეთო მიმოსვლაზე. საჰაერო მიმოსვლისას რეგულაციები არ შეცვლილა და ის ევროდირექტივებს შეესაბამება“, – გვითხრეს საქართველოს საბაჟო დეპარტამენტში.

ორი ქვეყნის მიერ შეცვლილი რეგულაციები შეეხო ალკოჰოლურ სასმელებსაც.

სარფის საზღვარზე სიგარეტისა, თუ სასმელის გადატანით [ასევე თურქეთიდან საქართველოში შემოტანით] არაერთი მოქალაქე იყო დაკავებული. სარგებლობდნენ რა შეღავათებით, იყვნენ ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ძირითადად, სიგარეტის გადატანაზე „მუშაობდნენ“, მათი დახმარებით კი გარკვეულ პირებს საქართველოდან გადაჰქონდა [ხშირად ფარულად] სიგარეტი და საზღვართან, ან საზღვართან ახლოს მდებარე თურქეთის ქალაქებში მაღაზიებში აბარებდნენ. ისევე როგორც ქართული მხარე, თურქული მხარეც, ასეთი გზით ქვეყანაში შესულ საქონელს, კონტრაბანდად განიხილავს.

სარფი / საქართველო-თურქეთის საზღვარი / სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფი“ / მანანა ქველიაშვილის ფოტო

ნურის ტბაში წყლის ხარისხს „ბათუმის წყალი“ გამოიკვლევს

ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალი“ აცხადებს, რომ ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე ნურის ტბის „სათანადო მოვლა-პატრონობის მიზნით, ტბის წყლის ლაბორატორიულ კვლევას იწყებს“.

„ნურის ტბაში არსებული მდგომარეობის შეფასების მიზნით, „ბათუმის წყალმა“ გარემოს ეროვნული სააგენტოს დაბინძურების მონიტორინიგის დეპარტამენტიდან, უკვე გამოითხოვა ინფორმაცია გასულ წლებში ნურის ტბაზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ. ზემოთ ჩამოთვილილი ლაბორატორიული კვლევის შესაბამისად მოხდება შემდგომი სამოქმედო ნაბიჯების დაგეგმვა“ – აღნიშნულია „ბათუმის წყლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ „დაგეგმილი კვლევის ფარგლებში მოხდება ტბის წყლის სხვადასხვა მაჩვენებლის შემოწმება. საზოგადოების აქტიური ჩართულობის გამო, „ბათუმის წყალი“ მიღებულ შედეგებს გაასაჯაროებს“.

16 წლის ბიჭს ბათუმში ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე ბორდიურზე მიმავალ 16 წლის მოზარდს ავტომანქანა მას შემდეგ დაეჯახა, რაც ამ მანქანას სხვა მანქანამ დაარტყა. თვითმხილველის ინფორმაციით მანქანა, რომელმაც ავარია გამოწვია ბორდიურთან გაჩერებულ ორ მანქანას დაეჯახა:

„დამრღვევმა ორ გაჩერებულ მანქანას დაარტყა, მათ შორის ერთი დაიძრა და დაეჯახა ბავშვს, ის სასწრაფომ წაიყვანა“.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით 16 წლის ბიჭს დაზიანებული აქვს იდაყვი და  აქვს ასევე დაჟეჟილობა.“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.  რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომპანიის წახალისება მომხმარებლის ტარიფის ზრდის ხარჯზე – სემეკი ახალ მექანიზმზე მუშაობს 

ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიების მიმართ სემეკში წახალისებისა და სანქცირების მექანიზმის დაწესებაზე მსჯელობენ. მომარაგების საიმედოობის ხარისხის შესაბამისად, მიმწოდებელი კომპანია შეიძლება წაახალისონ ან პირიქით, დააჯარიმონ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს აისახება სამომხმარებლო ტარიფზე.

არსებული პროექტის მიხედვით, თუ მომსახურების ხარისხი ცუდია, კომპანიას დააჯარიმებენ და შეუმცირებენ სამომხმარებლო ტარიფს, მაგრამ თუ გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს, წაახალისებენ და გაუზრდიან სამომხმარებლო ტარიფს. ანუ, თუ თქვენ,  მაგალითად დენი, ცუდად მოგეწოდებათ, გადაიხდით ნაკლებს, მაგრამ თუ კარგად მოგეწოდებათ, გადაიხდით გაცილებით ძვირს. იგივე ეხება გაზს და წყალს.

„ეს არის პროექტი, რომელიც შეიმუშავა მეთოდოლოგიურმა დეპარტამენტმა და რომელზეც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. ეს თემა იქნება გავლილი კომპანიებთანაც, უნდა მოვუსმინოთ მათ, ასევე სპეციალისტებს და მომხმარებლებსაც. მიწოდების საიმედოობა მომსახურების ხარისხის შემადგენელი ნაწილია. საიმედოობა კი – წყვეტების ხანგრძლივობა, წყვეტების სიხშირე, დენის შემთხვევაში, ასევე ძაბვის ხარისხი. არის შესაბამისი კრიტერიუმები, მაჩვენებლები, რომელთა გაანგარიშება ხდება ფორმულებით. შესაბამისად, ეს არის თვლადი კომპონენტები და ამ კომპონენტებით ხდება კომისიის მიერ სტანდარტების დაწესება. თუ კომპანია ვერ შეასრულებს ამ სტანდარტებს, მაშინ დაჯარიმდება, მაგრამ, თუ უკეთესად შეასრულებს ამ სტანდარტებს, მაშინ ხდება კომპანიის წახალისება“ – ამბობს „ბათუმელებთან“ სემეკის წევრი გოჩა შონია.

მისივე თქმით, მაგალითად, თუ კომისიამ დააწესა სტანდარტი, რომ ერთ მომხმარებელზე წლის განმავლობაში, ვთქვათ, წყვეტების რაოდენობა უნდა იყოს 50 და კომპანია დააფიქსირებს უფრო ნაკლები წყვეტების რაოდენობას, ვთქვათ 40-ს ან 30-ს , ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ის უკეთესად მუშაობს და წაახალისებენ. თუ წყვეტის რაოდენობა იქნება 50-ზე მეტი, მაშინ კომპანია დაჯარიმდება.

წახალისებისა თუ დაჯარიმების შემთხვევაში ხდება დათვლა თანხის [სპეციალური ფორმულებით] და ამ თანხით გაეზრდება ან შეუმცირდება ტარიფი კომპანიას. სემეკში განმარტავენ, რომ მართალია კომპანიას განაწილების ტარიფი შეუმცირდება ან გაეზრდება, მაგრამ ეს ტარიფი არის სამომხმარებლო ტარიფის შემადგენელი კომპონენტი, ამიტომ აუცილებლად აისახება სამომხმარებლო ტარიფზე, ანუ კომუნალურ გადასახადზე: „მომხმარებელს შეიძლება გაეზარდოს გადასახადი, ან შეუმცირდეს, იქედან გამომდინარე, თუ როგორ იმუშავებს კომპანია“.

„თუმცა, ვიმეორებ, ეს არის ჯერ პროექტი და ვფიქრობთ, რომ თავიდან შემოვიღოთ მხოლოდ სანქცირების მექანიზმი. ძალიან რთულია ჯერ წახალისების მექანიზმზე ისაუბრო, იმიტომ, რომ კომპანიების მუშაობა არ არის ისე გამართული ჯერ, რომ დამატებითი ხარჯი გაიღონ. ამიტომ, ჯობია იყოს სანქცირების მექანიზმი და ვუთხრათ კომპანიას, რომ მან დადგენილ სტანდარტზე ცუდად არ უნდა იმუშაოს, თუ არადა დაჯარიმდება – შეუმცირდება ტარიფი და შესაბამისად, შეუმცირდება შემოსავალი. როცა ქსელი მოწესრიგდება, გაჯერდება, ამის შემდეგ შეიძლება წახალისების მექანიზმზე საუბარი“ – ამბობს გოჩა შონია.

გოჩა შონიას თქმით, ევროპის ზოგ ქვეყანაში ასეთი მექანიზმები მოქმედებს: „მომსახურების ხარისხი ძირითადად არის ევროდირექტივების მოთხოვნა, მაგრამ სხვადასხვა მიდგომებია. თუ ქსელი გამართულია და კარგად მუშაობს – იქ წახალისების მექანიზმებიც არ არის საჭირო, იმიტომ რომ რეალურად იმაზე მეტს ვერც გააკეთებს კომპანია. ამიტომ, უფრო არის დასჯის მექანიზმები,  რომ კომპანიამ არ გააფუჭოს არსებული ხარისხი რაც აქვს. მაგალითად, ავსტრიაში არის ასეთი მიდგომა. მაგრამ სადაც ქსელი არ არის გამართული იქ აძლევენ წახალისებას, რომ გაზარდონ ინვესტიცია და მომსახურების ხარისხი“.

სწორედ ასეთი მექანიზმების საქართველოში შემოღებაზე საუბრობენ ახლა სემეკში, თუმცა, აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე კომისია ფიქრობს, მხოლოდ სანქციების მექანიზმი აამუშაოს, რათა მიწოდების არსებული ხარისხი არ გაუარესდეს: „კომპანია ვალდებულია ის ხარისხი და სტანდარტები, რაც დადგენილია, დაიცვას. სანქცირების მექანიზმს თუ შემოვიღებთ, დავაკვირდებით როგორ იმუშავებს ეს რეგულაცია.“

საბოლოო დადგენილება სემეკმა 2018 წლის 20 ოქტომბრამდე უნდა გამოსცეს.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24-25 ივლისს ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 27  – 32  გრადუსი  
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 21 – 26  გრადუსი 
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი 

ტალღის სიმაღლე 5-10 დმ – 2-3 ბალი. ზღვის წყლის ტემპერატურა 27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 26-27 ივლისს მოსალოდნელია   უნალექო ამინდი.

______________

მანანა ქველიაშვილის ფოტო 

თორნიკე რიჟვაძის ახალი განმარტება ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით  

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებას  ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელებში სიძულვილის შემცველი და ჰომოფობიური კამპანია მოჰყვა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პრესსამსახური ამ საკითხზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.

„როგორც იცით, ამ თემის ირგვლივ დიდი ხანია მიმდინარეობს მსჯელობა და კონსულტაციები. სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ერთგვარი კონსენსუსი საზოგადოებისთვის. მე ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, თუკი გადაწყდა მეჩეთის აშენება, ჩემი აზრით, ეს უნდა აშენდეს ქართული ფულით. სამწუხაროა, რომ გარკვეული ძალები ახდენენ ამ სენსიტიური თემით სპეკულირებას,” – აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

თორნიკე რიჟვაძემ განმარტება გააკეთა ასევე „ქართული მარშის“ მიერ გავრცელებულ ტყუილზე, რომელიც ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმას ეხებოდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქალაქ ბათუმის მერია და საკრებულო აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. მისი თქმით, ბათუმში ძეგლის დადგმა არის შესატყვისი იმ დიდი წვლილის, რომელიც დავით აღმაშენებელს მიუძღვის ქვეყნის წინაშე.

„ვფიქრობთ, რომ ჩვენ ძალიან მალე გავმართავთ კონსულტაციებს, შეირჩევა კონკრეტული მდებარეობა, რომელიც აღნიშნული ძეგლისთვის იქნება შესაბამისი,“ – წერია მთავრობის თავმჯდომარის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე თემაზე:

რა შესთავაზა მერმა მუსლიმებს ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვის სანაცვლოდ

Solo Pizza – იტალიური სურნელი ბათუმში

სოლო პიცა იტალიური ოაზისია ბათუმში, სადაც გამორჩეულად სასიამოვნო და კომფორტულ გარემოში იტალიური გემოების დღესასწაულის მოწყობა შეგიძლიათ.

სოლო პიცა / solo pizza

აპერიტივით დავიწყოთ: იმისთვის, რომ იტალიური სამზარეულოს გემო სრულყოფილად შეიგრძნოთ, ლომონჩელო – იტალიური აპერიტივი დაგეხმარებათ. ეს არის ალკოჰოლიანი ლიმნის წვენი, მცირე ულუფით, რაც ძალიან უხდება ყავასაც და კერძების დაგემოვნებამდეც გაგიხსნით მადას. ლიმონჩელოს იტალიაში, ისევე როგორც საქართველოში ჭაჭას, ოჯახებში თავად აკეთებენ. „სოლო პიცას“ ლიმონჩელო იტალიის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ანა-მარიას რეცეპტითაა დამზადებული და, საერთოდაც, პიცისა თუ ნუგბარის ინგრედიენტებიც კაფის მეპატრონეებს იტალიიდან ჩამოაქვთ: ნამდვილი ბაზილიკი, მაგალითად, გოგრის კრემ-სუპისთვის აუცილებელი მუსკატის გოგორაც და სპეციალური მოცარელა, ძეხვი, რაც პიცისთვის შეუცვლელია.

„სოლო პიცას“ ლიმონჩელო იტალიის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ანა-მარიას რეცეპტითაა დამზადებული
„სოლო პიცას“ ლიმონჩელო იტალიის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ანა-მარიას რეცეპტითაა დამზადებული

კაფეს მეპატრონე გვიხსნის, რომ დეტალებს ნამდვილი იტალიური პიცის მომზადებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს: ძეხვი უნდა იყოს ნაკლებცხიმიანი და ნაკლებქონიანი, ცომი რბილიც, თან ხრაშუნაც, როგორ? ეგ „სოლო პიცას“ მზარეულების ჯადოსნურ რეცეპტებში წერია.

ეს რეცეპტები, ძირითადად, ხმელთაშუაზღვისპირეთის ქალაქებიდან: ნეაპოლიდან, კაპრიდან და პოზიტანოდანაა. სწორედ ხმელთაშუაზღვისპირა იტალიურ ქალაქებში მოგზაურობამ შთააგონა იტალიური სამზარეულოს იდეა „სოლო პიცას“ მეპატრონეებს.

პიცას რეცეპტები, ძირითადად, ხმელთაშუაზღვისპირეთის ქალაქებიდან: ნეაპოლიდან, კაპრიდან და პოზიტანოდანაა
პიცას რეცეპტები, ძირითადად, ხმელთაშუაზღვისპირეთის ქალაქებიდან: ნეაპოლიდან, კაპრიდან და პოზიტანოდანაა

კაფეში თერთმეტი სახის სხვადასხვაგვარ პიცას ამზადებენ, მათ შორის ყველაზე პიკანტური პროშუტო და საფირმო პიცებია. პროშუტო იტალიური, გამომშრალი ლორის პიცაა, საფირმო პიცის რეცეპტი კი საიდუმლოა და რომც ჩამოვთვალოთ ინგრედიენტები, იმდენი რამისგან შედგება, რომ სათვალავი მაინც აგერევათ.

ზაფხულია. ყველას ცივი კერძი ურჩევნია ცხელს. ასეთ დროს „სოლო პიცაში“ წითელი და თეთრი გასპაჩო შეგიძლიათ დააგემოვნოთ ყინულებით, გასპაჩო ერთგვარი წვნიანია და საუკეთესო გამაგრილებელ კერძად ითვლება ზაფხულში. თუ ბათუმური წვიმა გააგრილებს გარემოს შეგიძლიათ ცხელი კრემ-სუპებით ისიამოვნოთ: ისპანახი, სოკო ან გოგრის კრემ-სუპი მიირთვათ.

„სოლო პიცაში“ სპაგეტს ადგილზე ამზადებენ
„სოლო პიცაში“ სპაგეტს ადგილზე ამზადებენ

იტალიური სამზარეულო წარმოუდგენელია პასტას და სპაგეტის გარეშე. იცოდით, რომ საუკეთესო სპაგეტის დამზადება შინაც შესაძლებელია? „სოლო პიცაში“ სწორედ ასეთ, აქვე დამზადებულ სპაგეტს მოგართმევენ, რომლის გემოც დაუვიწყარია და ბევრად განსხვავდება ჩვეულებრივი, ქარხნული წესით დამზადებულისგან.

კაფის მეპატრონეებმა გადაწყვიტეს პატარა იტალია დაეხვედრებინათ სტუმრებისთვის და ალფონსო ბალდის ფირმის ყველა სახის ღვინო მოიმარაგეს იტალიიდან. ნებისმიერ კერძისთვის შესაბამისი ღვინის არჩევაში აქვე დაგეხმარებიან.

კაფეში დააგემოვნებთ როგორც იტალიურ ასევე, ქართულ ღვინოებსაც
კაფეში დააგემოვნებთ როგორც იტალიურ ასევე, ქართულ ღვინოებსაც

დააგემოვნებთ ქართული ღვინის კუპაჟებსაც: ქისის, ხიხვისა და რქაწითელის განუმეორებელ ნაზავს, იშვიათი ჯიშის რაჭულ საფერავს და კარდინალ პრომაშეს ღვინოს.

სალათებისა და განუმეორებელი, ჰაეროვანი ტირამისუს გარდა, „სოლო პიცას“ დესერტებიდან აუცილებლად უნდა გამოვყოთ აფეგატო – ნაყინს ამატებენ ცხელ ესპრესოს და სურვილისამებრ ამარეტოსაც, ცხელის და ცივის ასეთი სინთეზი დაუვიწყარ, პიკანტურ გემოს ქმნის.

„სოლო პიცაში“ დააგემვნებთ ნამდვილ ამერიკანოს და ესპრესოს
„სოლო პიცაში“ დააგემოვნებთ ნამდვილ „ამერიკანოს“ და „ესპრესოს“

მიუხედავად იმისა, რომ იტალიური კაფე სულ რაღაც ოთხი თვის წინ გაიხსნა, რესტორნების შეფასების საერთაშორისო საიტ თრიფედვაიზერზე ბათუმის 253 რესტორანს შორის „სოლო პიცა“ მეთოთხმეტე ადგილზეა, აქ მომსვლელი სტუმრების შეფასებების მიხედვით. კაფის მეპატრონეებს ეს წარმატება ძალიან ახარებთ, რადგან შედეგი, რის მიღებასაც წლები სჭირდება, მათ სულ რაღაც ოთხ თვეში მიიღეს, თუმცა ეს გასაკვირი არ არის.

„სოლო პიცაში“ სტუმრების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. „ვინც ჩვენთან შემოდის, ნიშნავს, რომ ოჯახში მოდის სტუმრად, რადგან ჩვენი ოჯახი და დასაქმებული პერსონალი მთელ დღეს აქ, იტალიურ სამზარეულოში ვატარებთ. ეს ჩვენი, ყველას სახლია ერთად, სტუმრის ღირსეული გამასპინძლება ჩვენთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა“, – ამბობს კაფის მეპატრონე.

თუ ძალიან დაკავებული ხართ და „სოლო პიცას“ ვერ სტუმრობთ, იტალიის სურნელი თავად მოვა თქვენამდე უმარტივესად: კაფეს ადგილზე მიტანის სერვისიც აქვს, როგორც ბათუმში, ასევე კვარიათსა და გონიოში. თუმცა არ ღირს ამ მშვენიერ, სასიამოვნო გარემოში დროის გატარების შესაძლებლობა გაუშვათ ხელიდან – „სოლო პიცა“ ეს პატარა იტალიაა ზღვისპირა ბათუმში.

მის.: ბათუმი, 26 მაისის ქუჩა N44
მის.: ბათუმი, 26 მაისის ქუჩა N44

 

ინფრასტრუქტურული პროექტები ქედის მუნიციპალიტეტში

მდინარე აკავრეთაზე ნაპირსამაგრი სამუშაოების მეორე ფაზა სრულდება. ჯებირი აკავრეთას უბნის მოსახლეობის პრობლემას საბოლოოდ მოაგვარებს.

წყალუხვობისას აკავრეთა საფრთხეს უქმნიდა როგორც მოსახლეობას, ასევე ორგანიზაცია-დაწესებულებებს. პირველი ფაზის 2 წლიანი მშენებლობის ბიუჯეტი 1 745 000 ლარს შეადგენდა.

პროექტის სიკეთე გასულ წელსვე, სტიქიის დროს ნათლად წარმოჩნდა – ადგილობრივი მოსახლეობა კრიზისულ სიტუაციას გადაურჩა.

პროექტის საბოლოო სრულყოფისთვის მერიამ წელს 230 000 ლარი გამოყო და მას ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს ,,გზები” ახორციელებს.

სამუშაოები დღეს ქედის მერმა მოინახულა. დაათვალიერა ასევე, მდინარე აკავრეთაზე საცალფეხო ხიდის რემონტი, რომელიც 4 სოფელს – არსენაულს, ორცვას, ძენწმანსა და კორომხეთს  დაბის ცენტრთან უმოკლესი გზით აკავშირებს. ხიდს ამ ეტაპზე ძირეული რემონტი უტარდება, რომლის ფარგლებში სავალი ნაწილი ხის ნაცვლად ლითონის ფურცლებით იცვლება. პროექტისთვის 16 000 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს შპს ,,ოთო 777″ ასრულებს.

გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის ხელყოფის მუქარაში ბრალდებულები 4 ათასი ლარით დააჯარიმეს

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა მხოლოდ 4 ათასი ლარით დააჯარიმა თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე. მათ მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავებოდა გამოძიება, რაც არ დადასტურდა.

გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია.

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფა არ დასტურდება. მან ბრალდებულებს ხულიგნობის მუხლით შეუფარდა ჯარიმის გადახდა.

ჯარიმის ნაწილს მსჯავრდებულები აღარ გადაიხდიან, რადგან ისინი გარკვეული დროით წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდნენ.

საუბარია 2016 წელს გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება დაიწყო თამარ ხაჭაპურიძის და კახაბერ ხაჩიძის არასრულწლოვანი შვილის ცემის ფაქტზე. არასრულწლოვნის მშობლების თქმით, მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ ბავშვს სცემა.

იმავე დღეს პროკურატურამ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა და ბავშვის მშობლები დააპატიმრეს მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე.

ამ საქმეზე განაჩენი მოსამართლემ ისე მიიღო, რომ მას დაცვის მხარეს არცერთი მოწმისთვის არ მოუსმენია.

მსჯავრდებულები არასრულწლოვან შვილთან ერთად დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან. ისინი სასამართლო პროცესებს სკაიპით ერთვებოდნენ.

“ჩვენ ვითხოვდით თამარ ხაჭაპურიძის და კახაბერ ხაჩიძის სრულად გამართლებას. არც ხულიგნობა დასტურდება ამ საქმეში. გადაწყვეტილებას სავარაუდოდ გავასაჩივრებთ,” – ამბობს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი, პაატა დიასამიძე, რომელიც ბრალდებულების ინტერესებს იცავს.

 

 

მთავრობის აპარატის უფროსად არჩილ ჩიქოვანი დანიშნეს, თორნიკე რიჟვაძე მისი მეჯვარეა

თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის აპარატის უფროსად, აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, არჩილ ჩიქოვანი დანიშნა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოს დეპუტატებთან შეხვედრის განაცხადა, ის არჩილ ჩიქოვანის მეჯვარეა.

დეპუტატების კითხვაზე – შექმნის თუ არა მისი და ჩიქოვანის პირადი ურთიერთობები პრობლემებს მმართველობაში, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა რომ – არა.

მეჯვარის მიერ მის თანამდებობაზე დანიშვნაში პრობლემას ვერც არჩილ ჩიქოვანი ხედავს. მისი განცხადებით, კანონმდებლობით დადგენილ ნორმები არ დარღვეულა.

„ეს არანაირად არ შექმნის უხერხულობას, რადგან საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრულია ნათესაურ პირთა წრე. აღმავალი და დაღმავალი ნათესავები. ინტერესთა და კორუფციის შესახებ კანონშიც მკვეთრად არის განსაზღვრული პირთა წრე, რომელიც არ შეიძლება იყოს დასაქმებული იმ უწყებაში, რომელსაც ახლო ნათესავი მართავს. მთავრობის თავმჯდომარემ იხელმძღვანელა საკანონმდებლო მოცემულობით“, – ამბობს ჩიქოვანი.

არჩილ ჩიქოვანი აჭარის მთავრობის აპარატში 2013-2017 წლებში მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.

მთავრობის აპარატის უფროსად დანიშვნამდე კი, ის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი იყო. ამ თანამდებობზე არჩილ ჩიქოვანს უფლებამოსილება  მას შემდეგ შეუწყდა, რაც ზურაბ პატარაძემ მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

„ამის შემდეგ მივიღე შემოთავაზება მთავრობის თავმჯდომარისგან“, -ამბობს არჩილ ჩიქოვანი „ბათუმელებთან“.

 

სიცრუეა „ქართული მარშის“ ინფორმაცია, რომ ბათუმის მთავრობა აღმაშენებლის ძეგლს ვერ დგამს

ბათუმის მერიის განცხადებით, 12 აგვისტომდე გახდება ცნობილი, თუ სად დაიდგმება ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლი.

“ბათუმის მერიას და მერს დღის წესრიგში ჰქონდათ დავით აღმაშენებლის ძეგლი დადგმულიყო ქალაქში. გადაწყვეტილი იყო მერიის მხრიდან, რომ 12 აგვისტომდე მოხდებოდა იმ ადგილის დასახელება, თუ რა ტერიტორიაზე დაიდგმება ქალაქში დავით აღმაშენებლის ძეგლი. ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრმა  ადამიანმა დარეკა ბათუმის მერიის ტელეფონზე და მოგვწერა ჩვენს ოფიციალურ გვერდზე შეკითხვა – ძეგლი თუ დაიდგმებოდა. ჩვენ დავუდასტურეთ და ვამბობთ, ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლი დაიდგმება. თუ სად ამის შესახებ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი,” – განუცხადეს “ბათუმელებს” ბათუმის მერიის პრესსამსახურში.

ძეგლის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც „ქართულმა მარშმა“ ფეისბუქზე დეზინფორმაციული კამპანია დაიწყო. მარში წერს, რომ  “ადგილობრივი მთავრობა ბათუმში ძეგლის დადგმას  მეზობელი სახელმწიფოების მოთხოვნით  ვერ ბედავს”, რომ არ აინტერესებს ეს საკითხი და არ აპირებს დადგას.

ქართულმა მარშმა დეზინფორმაციული კამპანია მას შემდეგ წამოიწყო, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმაზე საუბარი 2018 წლის მარტში დაიწყო. „ქართული მარშის“ წევრები 16 მარტს ბათუმში ჩამოვიდნენ და ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დასწრებას ცდილობდნენ. მარშის წევრები საკრებულოს სხდომაზე არ დაუშვეს, თუმცა მათ ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე დახურულ კარს მიღმა შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მერმა თქვა, რომ ძეგლის დადგმის საკითხს განიხილავდნენ. პარალელურად საკრებულომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც დავით აღმაშენებლის ძეგლისთვის თანხას მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებენ.

ამავე თემაზე:

„ქართულ მარშს“ ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დახურულ კარს მიღმა ხვდებიან

ფიროსმანის ქუჩის მცხოვრებლები: მშენებელი კომპანია სადარბაზოს კარებს გვიკეტავს

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის 16 ნომერში მრავალსართულიანი კორპუსის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, კორპუსის მშენებელი ბინის მეპატრონეებს სადარბაზოს კარებს უკეტავს და სახლში შესვლის უფლებას არ აძლევს.

„ჩვენ ამ კორპუსში ბინები გვაქვს შეძენილი და ვცხოვრობთ. დაახლოებით 500-600 ოჯახი ვართ.  კომპანია, რომელმაც ეს კორპუსი ააშენა, ბინის მეპატრონეებს თვითნებურ გადასახადებს უწესებს, ითხოვს დაცვის, დასუფთავების მოსაკრებელს. ჩვენ ეს შეთანხმება არ გვაქვს. თუ არ გადავიხადეთ, სადარბაზოს კარებს კეტავს და ვერ შევდივართ სახლში“, – გვეუბნება კორპუსის ერთ-ერთი მაცხოვრებელი, თამაზ სარიშვილი.

„ბათუმელები“ კორპუსის მშენებელ სააქციო საზოგადოება „ია-ფეთ იალჩინ პეტროლ თურიზმ თიჯარეთის“ იურისტს დანიელ ხინიკაძეს ესაუბრა. მისი თქმით, კომპანიასა და ბინების მფლობელებს შორის მოსაკრებლის გადახდაზე ხელშეკრულებაა გაფორმებული.

„ჩვენ ვემსახურებით ლიფტებს, გვყავს დაცვა, ვასუფთავებთ, ვალაგებთ სადარბაზოებს და მოქალაქეების ნაწილს უნდა მომსახურების თანხის გადახდა, ნაწილს არა. ეს შეთანხმება ოფიციალურად არსებობს ჩვენს შორის“, – გვეუბნება იურისტი, რომელიც ბინის მფლობელებისთვის სადარბაზოს კარების ჩაკეტვის ფაქტს უარყოფს:

„სადარბაზოს კარებს არ ვკეტავთ, ეს არის სიცრუე. ლიფტით სარგებლობის უფლება არ აქვთ მხოლოდ. თუმცა, შეუძლიათ ფეხით ავიდნენ. არის მეორე ვარიანტიც, თვითონ შექმნან ამხანაგობა და გადაიბარონ ეს მომსახურება“.

თამაზ სარიშვილი კი ამბობს, რომ საცხოვრებელი კორპუსი ჯერჯერობით მერიას არ აქვს ჩაბარებული, რის გამოც ამხანაგობის შექმნას ვერ ახერხებენ:

„თითო ოჯახზე 25 ლარია მოსაკრებელი. გადავიხდით, არ არის პრობლემა, მაგრამ გვინდა, რომ ჩვენ თვითონ განვკარგოთ ჩვენი ბიუჯეტი. თუმცა, კორპუსი არ არის ჩაბარებული და სახლს იმდენი ხარვეზი აქვს, ალბათ დიდხანს კიდევ ვერ მოხერხდება ჩაბარება“.

კომპანიის იურისტი კი ამბობს, რომ კორპუსის ჩაბარებასთან დაკავშირებით მერიაში დოკუმენტაცია წარდგენილია.

ფიროსმანის 16 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

შსს: ბათუმში არასრულწლოვანებმა ოთხი ობიექტი გაქურდეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ოთხი სავაჭრო ცენტრი გაქურდეს. „გამოვლენილია რამდენიმე არასრულწლოვანი“, – ამბობენ სამინისტროს პრესსამსახურში.

ოფიციალური ინფორმაციით, ქურდობის შესახებ შეტყობინება დღეს 23 ივლისს შევიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

ხელვაჩაურში მშენებარე სახლი ჩამოიშალა – დაშავდა ოთხი ადამიანი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მშენებარე სახლის ჩამოშლის შედეგად 4 მუშა დაშავდა. მათივე ინფორმაციით, ოთხივე დაშავებული მუშა გადაყვანილია საავადმყოფოში.

„დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“-ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.

შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება მიმდინარეოპბს სსკ-ის 240 მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

აჭარის ახალმა მთავრობამ მუშაობა დაიწყო

აჭარის ახალი მთავრობა, 21 ივლისს დაამტკიცეს. მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ახალი მინისტრები უკვე წარადგინა და ისინი უფლებამოსილების განხორციელებას დღეს, 23 ივლისს შეუდგებიან.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ჯაბა ფუტკარაძე დაინიშნა, სოფლის მეურნეობის მინისტრად კი ტიტე აროშიძე. ჯანდაცვას და  განათლების სამინისტროს კვლავ ინგა შამილიშვილი და ზაალ მიქელაძე უხელმძღვანელებენ.

ახალი მთავრობის დამტკიცებაში მონაწილეობა არ მიიღო უმაღლესი საბჭოს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ოთხმა წევრმა. კენჭისყრის დროს კი, ახალი მთავრობის წინააღმდეგ უმაღლესი საბჭოს ერთმა წევრმა მისცა ხმა.

 

მთავარი ფოტო: აჭარის უმაღლესი საბჭოს ფეისბუქ გვერდიდან

Wyclef Jean შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე [ფოტო]

21 ივლისს ბათუმში,  შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზ ფესტივალზე მსმენელის წინაშე რეპერი  Wyclef Jean წარსდგა.  გუშინდელი დღის მთავარმა ჰედლაინერმა გამოსვლა ქართული მრავალჟამიერით დაიწყო, მოგვიანებით კი კონცერტზე მყოფი ყველა ბავშვი სცენაზე მიიწვია და ორი საათის განმავლობაში  მათთან ერთთად მღეროდა.

Wyclef Jean შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე                                                                                                                                               ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

კიდევ ერთი ადამიანი, ვისი სცენაზე გამოჩენაც მსმენელისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, ბერა ივანიშვილი იყო. Wyclef Jean-მა ბერასთან ერთად მისი სიმღერა Parlez-Vous Français შეასრულა. მას შემდეგ რაც სიმღერა დაასრულეს, ბერამ მსმენელს მიმართა და მცირე ისტორია მოუყვა. ბერას თქმით  Wyclef Jean პირველად საქართველოში ორი წლის წინ ჩამოვიდა მისი მოწვევით. რეპერს სურდა დედისთვის დაბადების დღეზე  სიურპრიზი მოეწყო.

ბერა ივანიშვილი შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე
ფოტო: ცაგო კახაბერიძე/ბათუმელები
Wyclef Jean შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

Wyclef Jean შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე

ორსაათიანი პროგრამის დასრულების შემდეგ Wyclef Jean-ს მსმენელის თხოვნით სცენაზე დაბრუნება ისევ მოუწია. როგორც წესი მუსიკოსები ასეთ დროს ერთ ან ორ სიმღერას ასრულებენ. რეპერი გამონაკლისი აღმოჩნდა. მან თავისი პროგრამა ერთ საათზე მეტი ხნით გააგრძელა                                                                                                                                                                       ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
დასასრულს რეპერმა ქართული მრავალჟამიერი კიდევ ერთხელ შეასრულა და მსმენელს დაემშვიდობა                              ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

ერიკა ბადუ და ჯაზ-ფესტივალის ნიუ-ორლეანელი ვირტუოზები

შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის მეორე დღე ჯაზ ბენდ Trombone Shorty & Orleans Avenue-ს მუსიკით გაგრძელდა კლუბ Take Five-ში

 

ნიუ-ორლეანურმა ბენდმა ბათუმში ზღვის სანაპიროსთან ახლოს მოწყობილ სცენაზე ნამდვილი ქარიშხალი დაატრიალა, რაც მოულოდნელი არ ყოფილა: ბენდი შვიდი მუსიკოსისგან შედგება და სცენაზე ერთდროულად ორი საქსოფონი, ერთი ტრომბონი, დრამი და სამი გიტარა უკრავდა.

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი

წარსულს ჩაბარდა დრო, როცა ჯაზი ინტერპრეტაციულ, სპეცეფექტებისა და შოუს ელემენტებისგან შორს მყოფ მუსიკად ითვლებოდა. თანამედროვე მსმენელი სცენიდან უშრეტ დრაივს, ფერად შოუს და გართობას ითხოვს, ისეთი მუსიკისგანაც კი, როგორიც ჯაზია.

ჯგუფის ლიდერი და ვოკალისტი, 32 წლისTrombone Shorty, იგივე ტროი ენდრიუსი, გარდა იმისა, რომ ვირტუოზი ტრომბონისტია, ლენი კრავიცთანაც ერთადაც უკრავდა მსოფლიო ტურნეზე და ინსტრუმენტზე 7 წლიდან უკრავს, ამავე დროს მშვენივრადაც გამოიყურება. მეტიც: რთულია სცენაზე ვინმემ თვალი მოსწყვიტოს ნავარჯიშევტანიან, ლამაზ და ენერგიულ ბიჭს, რომელიც ქარიშხალივით დაქრის სცენაზე, მღერის, უკრავს და არ უშვებს შესაძლებლობას თითოეულ მსმენელს საკმაოდ ურცხვი, კარგად შემუშავებული მზერა სტყორცნოს.

თითქოს რა შუაშია ეს ამბავი, მაგრამ შუაშია.

გეფიქრება ამერიკის ბამბის პლანტაციებში ოდესღაც მომუშავე ფერადკანიანზე, რომელიც ჯაზისა და ბლუზის წინამორბედ მელოდიებს სევდის გასაფანტად ღიღინებდა, მერე ნიუ-იორკის კაფე-ბარებში უკრავდნენ წყნარად, მშვიდად და შოუს გარეშე. გეფიქრება პერიოდზე, როცა ჯაზი ფიქრის მუსიკა იყო, გარდამავალ პერიოდზეც – როცა მსოფლიოს მარკეტოლოგებმა ყველაფერი შეფუთეს, შოუს ფერადი სხივებით შეაფერადეს და მიიღეს ისეთი ჯაზ-ბენდი, როგორიც Trombone Shorty & Orleans Avenue-ია. ბენდი, რომელსაც ზაფხულის ტურნეებზე 30-ზე მეტი კონცერტის გამართვა შეუძლია.

უამრავი ინსტრუმენტი, ენდრიუსის წამლეკავი მომხიბვლელობა და საქსოფონისტები, რომლებსაც დაკვრისას ჰაერში ხუთმეტრიანი ნახტომების კეთება არ უჭირთ – ცხადია მსმენელზე მოქმედებს.

ხალხი კარგად გაერთო და საერთოდაც, თუ ვერთობით, რაღა გვინდა მეტი.

გადასარევი ბიჭია ტროი ენდრიუსი. უზარმაზარ დარბაზებს აგიჟებს. სასწაული დოსიე აქვს, შეხედავ – უსიმპათიურესია, საქმეს გააკეთებს და ტექნიკურად წუნს ვერ მოუძებნი, მაგრამ ისეთი დახვეწილი და გაპრიალებულია, გინდა პულსი შეუმოწმო და დარწმუნდე, საერთოდ ნამდვილი თუა.

ფოტო: Grammy.com

 

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი. Trombone Shorty & Orleans Avenue

Trombone Shorty & Orleans Avenue-ის სეტლისტის დასასრულს, პაუზის შემდეგ ერიკა ბადუ გამოჩნდა ჯაზფესტივალის სცენაზე და მსმენელს დიჯეის როლში მოევლინა.

4 გრემის მფლობელი, სოულისა და რიტმენბლუზის თანამედროვე შემსრულებელი – ერიკა ბადუ მსოფლიოს უზარმაზარ დარბაზებს აცეკვებს. მის რიტმებზე ჯაზფესტივალის ქართველი მსმენელიც შუაღამემდე ცეკვავდა.

ერიკა ბადუ. ფოტო: თიბისი სტატუსი

ერიკა ბადუმ კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა ენერგიული გარემოს რიტმი, რომელიც ჯაზფესტივალის მეორე დღის დასაწყისში თავიდან Trombone Shorty & Orleans Avenue -მა შექმნა.

ფერების ფესტივალი ბათუმში

21 ივლისს ბათუმში ფერების ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი ფერადი კონცერტების სერიის ფარგლებში ჩატარდა და მასში მონაწილეობა ახალგაზრდებმა მიიღეს. იმ დროს როცა ახალგაზრდები ერთმანეთს აფერადებდნენ,  ანბანის კოშკთან საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე მუსიკალური ბენდები გამოდიოდნენ. ფერადი კონცერტები დღეს, 22 ივლისს სრულდება. კონცერტზე მისულ მსმენელს საშუალება ექნება  Melomaniakk-ს,  ASEA SOOL-ს, MokuMoku-ს და Zaza-ს მოუსმინოს.

პროექტის ორგანიზატორები არიან: EREDELI  და Festival Of Colors • ფერების ფესტივალი. პროექტის მხარდამჭერია აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი Check in Georgia.

ფერების ფესტივალი ბათუმში

ამავე თემაზე: 

ბათუმში ფერადი კონცერტები დაიწყო

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გახდა

დღეს, 21 ივლისს, აჭარის უმაღლესმა საბჭომ  რიგგარეშე სხდომაზე, აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. როგორც მოსალოდნელი იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გახდა.

14 მომხრე და ერთი წინააღმდეგი, ასეთი იყო ფარული კენჭისყრის შედეგები. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს.

რიგგარეშე სხდომას 21 დეპუტატიდან 19 ესწრებოდა. სხდომას არ ესწრებოდნენ: “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წევრი ზაზა ოქუაშვილი და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი პეტრე ზამბახიძე.

მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, თანამდებობაზე დამტკიცეს ახალი მინისტრთა კაბინეტი. სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე გახდა, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრად ისევ ინგა შამილიშვილი დარჩა, ხოლო ჯანდაცვის მინისტრად ზაალ მიქელაძე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა 4 ივლისის შემდეგაა ვაკანტური. სწორედ ამ დღეს გადადგა  ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თანამდებობიდან. პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს ორი წლის მანძილზე იკავებდა.

მთავრობის თავმჯდომარის გადადგომა ავტომატურად მთავრობის გადადგომას გულისხმობს, ამიტომ ზურაბ პატარაძის მთავრობის წევრი ყოფილი მინისტრები, დღემდე მოვალეობას ასრულებდნენ.

მთავარი ფოტო: აჭარის უმაღლესი საბჭო

 

მაღაზიის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე ქობულეთში ერთი პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე, 1999 წელს დაბადებული თ.ბ. ქობულეთში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ივლისს, ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიის ფანჯარა დააზიანა, შენობაში შევიდა და მაღაზიაში არსებული პროდუქციის ფარულად დაუფლებას ცდილობდა. შემოვლაზე მყოფმა სამართალდამცველებმა თ.ბ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს“ – აცხადებს შსს.

გამოძიება სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში მეჩეთი ქართული ფულით უნდა აშენდეს

აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის ახალი მთავრობის დამტკიცების პროცედურა მიმდინარეობს. კენჭისყრამდე მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე დეპუტატების კითხვებს პასუხობს. უმაღლესის საბჭოს დეპუტატმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ასმათ დიასამიძემ, თორნიკე რიჟვაძეს ბათუმში მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით ჰკითხა:

„როცა თქვით, რომ მეჩეთი ქართული ფულით უნდა აშენდეს, რა იგულისხმეთ ქართულ ფულში, იქნებ თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ მეჩეთის  შესახებ – თუ არის შერჩეული ადგილი, სად აშენდება და როდის  აშენდება?“

თორნიკე რიჟვაძის თქმით მხედველობაში არის მისაღები ის, რომ  „აჭარა არის მულტიკულტურული, მულტირელიგიური და შესაბამისად, საზოგადოებასთან კონსესუსით უნდა იმოქმედონ“.

„რა თქმა უნდა საქმე მიდის იქამდე, რომ უზრუნველყოფილი იყოს თითოეული ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობის, როგორც უფლება, ასევე თავისუფლება. შესაბამისად, მეჩეთთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება.

პრინციპული პოზიცია ჩვენი გუნდის და ხელისუფლების არის ის, რომ მეჩეთი უნდა აშენდეს ქართული ფულით და ჩვენ ყველა რესურსს და ძალისხმევას დავხარჯავთ ამისთვის. რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, ადგილმდებარეობას და არქიტექტურასთან დაკავშირებით ამაზე იქნება საზოგადოების ჩართულობა და რა თქმა უნდა, საზოგადოების კონსესუსი იქნება მიღწეული,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

„როდესაც ქართულ ფულზე საუბრობთ ხომ არ გულისხმობთ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ დაფინანსებას, მან განაცხადა რომ დააფინანსებდა მის მშენებლობას. თუ ბიუჯეტის ფულზეა საუბარი?“ – ჰკითხა მას უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ასმათ დიასამიძემ.

„ჩვენ მოვიძიებთ ყველა მეცენატ ადამიანს, რომელიც ამ საქმეში გაიღებს ძალისხმევას,“ – ასეთი იყო თორნიკე რიჟვაძის პასუხი.

ამავე თემაზე:

რა შესთავაზა მერმა მუსლიმებს ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვის სანაცვლოდ

ბათუმის თევზის ბაზარში შავი ზღვის ხამანწკები დაბრუნდნენ

გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობად მიჩნეული შავი ზღვის ხამანწკა ბათუმის თევზის ბაზარში დაბრუნდა და კილოგრამი 30 ლარად იყიდება.

ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ გუჩმანიძემ გაავრცელა.

გუჩმანიძის თქმით, ბოლო 45 წლის განმავლობაში, შავი ზღვის ხამანწკა პირველად 2016 წელს აღმოაჩინეს.  სახეობა იმდენად გამრავლდა რომ უკვე მისი ბაზარში ყიდვაცაა შესაძლებელი.

„გუშინ  ბათუმის თევზის ბაზარში გასაოცარ ფაქტს წავაწყდი – გაყიდვაშია ჩვენს სანაპიროზე მოპოვებული ხამანწკები. ეს ფორმა ისტორიულად იყო საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ტიპიური, ფართოდ გავრცელებული და მნიშვნელოვანი ბიოლოგიური ობიექტი. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს და 20-ე საუკუნის დასაწყისში საქართველოში, ხდებობა მისი ხელოვნური კულტივირება და რეწვა-მოპოვება. სახელგანთქმულ გუდაუთის სახამანწკე თავთხელზე და ის ექსპორტზე გადიოდა რუსეთისა და ევროპის ქალაქებში.
შემდგომ სხვადასხვა ფაქტორების, ძირითადად ინვაიდერ მოლუსკ-რაპანის, ასევე სხვადასხვა ეპიზოოტიების და წყლის ქიმიური დაბინძურების გამო მოხდა მისი რიცხოვნობის მკვეთრი შემცირება. უკვე გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული ცოცხალი ეგზემპლარების მოპოვება საქართველოს და შავი ზღვის სანაპიროებთან აღარ ფიქსირდებოდა. შესაბამისად მეცნიერების მიერ ის გადაშენებულად მიიჩნეოდა,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

მისივე თქმით,  მეთევზეებიდან სიტყვიერად იცოდნენ რომ შავი ზღვის ხამანწკა ძალიან მცირე რაოდენობით არსებობდა  საქართველოს სანაპიროს აჭარისა და აფხაზეთის მონაკვეთზე, თუმცა ცოცხალი ეგზემპლარი მოპოვება აქამდე ვერ ფიქსირდებოდა.
“მისი გამოჩენა მნიშვნელოვანია არა მარტო, როგორც სამეცნიერო ნიუსი, ის მნიშვნელოვანია ეკონომიკური კუთხით, როგორც მარიკულტურის – საზღვაო მოშენების ძვირფასი და რენტაბელური ობიექტი, ასევე ბიო-ეკოლოგიური კუთხით, როგორც ინდიკატორი ინვაზიური ფორმების, ეპიზოოტიების და წყლის ქიმიური დაბინძურების მიმართ,” – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

შავი ზღვის ხამანწკები
ფოტო: არჩილ გუჩმანიძე

ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ქედაში სასმელ წყალში დარღვევები გამოვლინდა – კვლევის შედეგი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასულ თვეში აჭარის სამ მუნიციპალიტეტში – ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ქედაში სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლვა ჩაატარა. წყლის გამანაწილებელი სხვადასხვა ქსელიდან აღებულ წყლის 17 სინჯიდან, დარღვევა  15-ში აღმოჩნდა. სინჯები კი, ძირითადად, სხვადასხვა საბავშვო ბაღის სამზარეულოებში იყო აღებული.

აღნიშნულ სინჯებში, სეს-ის მონიტორინგის [აპრილი-ივნისი] შედეგების მიხედვით, შემდეგი მიკრობიოლოგიური დარღვევები გამოვლინდა: სასმელ წყალში აღმოჩნდა საერთო კოლიფორმები [რაც ნორმით საერთოდ არ დაიშვება]; ასევე E.coli [არ დაიშვება] და St.faecalis [რომელიც ასევე არ დაიშვება]. ზოგ შემთხვევაში კი, ფერიანობის კუთხით სასმელი წყალი არ აკმაყოფილებდა სტანდარტს.

[highlight color=”blue”]ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში[/highlight] სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  სასმელი წყლის სინჯები 2018 წლის 7 ივნისს, 6 ადგილზე აიღო: სოფელ თხილნარში [აგარის დასახლება], ფერიაში [საბავშვო ბაღის სამზარეულო], ქვედა წინსვლაში, ჭარნალში [საბავშვო ბაღის სამზარეულო], ახალსოფელში [აქ სინჯი 20 ივნისს აიღეს] და ზანაქიძეებში [სოფ. მახო]. ლაბორატორიული კვლევის შედეგად  დარღვევა მხოლოდ წინსვლაში არ გამოვლენილა. დანარჩენ 5 შემთხვევაში კი სასმელი წყალი სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. სასმელი წყლის გამანაწილებელ ქსელზე პასუხისმგებელი აქ შპს „ხელვაჩაურის წყალკანალია“.

[highlight color=”blue”]ქედის მუნიციპალიტეტში[/highlight] წყალგამანაწილებელი ქსელიდან 18 ივნისს, 5 ადგილზე იქნა სასმელი წყლის ნიმუში აღებული, მათ შორის ერთი – სოფელ პირველი მაისის საბავშვო ბაღის გვერდით მდებარე მოსახლისაგან, ხოლო ერთიც – სოფელ ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლის ბუფეტში. გარდა სკოლის ბუფეტში აღებული ნიმუშისა, ყველგან აღმოჩნდა მიკრობიოლოგიური დარღვევები. ქედაში სასმელი წყლის ხარისხზე პასუხისმგენბელი შპს „ქედის წყალკანალია“ [სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგება].

[highlight color=”blue”]ქობულეთის მუნიციპალიტეტში[/highlight] 6 ადგილზე აიღეს სასმელი წყლის ნიმუში 20 ივნისს: სოფლების – ხუცუბნის, ქობულეთის, ქაქუთის, ლეღვას, მუხაესტატესა და ოჩხამურის საბავშვო ბაღების სამზარეულოებში. ექვსივე სინჯის კვლევამ აჩვენა, რომ ყველა შემთხვევაში სასმელ წყალში იყო ფიზიკური და მიკრობიოლოგიური დარღვევები და სასმელი წყალი დადგენილ სტანდარტს არ შეესაბამებოდა. აღნიშნულ სოფლებში სასმელი წყლის ხარისხზე [გამანაწილებელ ქსელზე] შპს „ქობულეთის სოფლის წყალია“ პასუხისმგებელი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის მონაცემებით, აღებული წყლის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა სსიპ „ლაბორატორიული კვლევით ცენტრში“ ჩატარდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით, 2018 წლის აპრილი-ივნისის კონტროლის შედეგები არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ გაავრცელა.

[red_box]ამ თემაზე: რა დარღვევები აღმოაჩინა სეს-მა აპრილ-ივნისში – momxmarebeli.ge[/red_box]

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე სისტემით მარაგდება სასმელი წყლით ქალაქი ქობულეთი, სადაც წყლის ხარისხზე შპს „ქობულეთის წყალია“ პასუხისმგებელი. ქალაქ ქობულეთსა და ასევე  ქალაქ ბათუმში სასმელი წყლის ნიმუშები სურსათის ეროვნულ სააგენტოს, როგოც მონიტორინგის შედეგებიდან ჩანს, ბოლო 4 თვის განმავლობაში არ აუღია.

ქალაქ ბათუმში, სასმელი წყლის შემოწმებას საკუთარ ლაბორატორიაში ახდენს მუნიციპალური შპს „ბათუმის წყალი“, რომელიც თავადვეა პასუხისმგებელი სასმელი წყლის ხარისხზე. შემოწმების შედეგებს კი „ბათუმის წყალი“ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე პერიოდულად აქვეყნებს.

„2018 წლის 20 ივლისის წყლის ხარისხის პერმანენტული მონიტორინგის შედეგების თანახმად, „ბათუმის წყალის“ მიერ მიწოდებული სასმელი წყლის თვისებები სრულად შეესაბამება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმატივებს“ – აღნიშნულია „ბათუმის წყალის“ ბეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც სასმელი წყლის შემოწმებას ეხება [ამ შემთხვევაში შეუმოწმებიათ სასმელი წყლის სიმღვრივე, გემო, სუნი და ფერიანობა, აბუსერიძის, სვიშევსკის, ასათიანისა და თავდადებულის ქუჩებზე].

ბათუმში ფერადი კონცერტები დაიწყო

20 ივლისს ბათუმში ფერადი კონცერტების სერია დაიწყო. კონცერტი საღამოს რვა საათზე ბათუმურმა ჯგუფმა Black Sea-მ გახსნა. მოგვიანებით სცენაზე Sound lab და Killages გამოვიდა და სხვადასხვა მუსიკალური ნომრები შეასრულეს. საღამო ლაშა გურულის სეტით დაიხურა.

ფერადი კონცერტები ბათუმში კიდევ ორ დღეს გაგრძელდება. ანბანის კოშკთან სპეციალური სცენაა მოწყობილი, სადაც მუსიკალური ჯგუფები გამოდიან. მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია.

დღეს, 21 ივლისს, საღამოს შვიდ საათზე, კონცერტის დაწყებამდე ფერების ფესტივალი გაიმართება.

Black Sea
Sound lab

 

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის ანგარიში და პარტიის თავმჯდომარის კითხვები

„რას აპირებთ, გაგრძელება რა არის ამის?“ – ასეთი რეაქცია ჰქონდა პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გიორგი კირთაძეს ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მონათხრობზე, რომ მათი ხუთი ინიციატივიდან არცერთი არ განიხილეს, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შემდეგ ვერ იღებენ სრულ პასუხებს და ფრაქციის სხდომაზე მერი კითხვებზე საპასუხოდ არ მიდის: სამოცდაათამდე წერილი გავუგზავნეთ მერიას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით და უმეტესად ვერ მივიღეთ სრული პასუხიო.

გიორგი კირთაძემ საკუთარი პარტიის წევრებს უთხრა, რომ მისი ინფორმაციით „სხვა მუნიციპალიტეტებში ასე არ ხდება“, ამიტომაც აინტერესებს რას აპირებენ მისი პარტიის წევრები ბათუმის საკრებულოში იმ შემთხვევაში, თუ დანერგილი პრაქტიკა არ შეიცვლება.

„ …თუ ეს საკითხი არ გადაწყდება, ყველა სხდომა ჩაიშლება“, – უპასუხა მას ბათუმის საკრებულოს წევრმა ლევან ანთაძემ.

ეს დიალოგი ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა. არასამთავრობო ორგანიზაცია NDI-ის ორგანიზებით დღეს, 20 ივლისს,  ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ამომრჩეველს ექვსი თვის მუშაობის შედეგები წარუდგინეს.

შეხვედრაზე ფრაქციის წევრებმა მოკლედ მიმოიხილეს ინფორმაცია ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გაწეული სამუშაოების შესახებ. მათივე თქმით, ამ პერიოდში საკრებულოში ხუთი ინიციატივა წარადგინეს, თუმცა მმართველმა უმრავლესობამ არცერთი არ განიხილა.

მათ შორის იყო: სოციალური დახმარების პროგრამა მოწყვლადი ოჯახებისთვის, რომელიც ითვალისწინებდა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გარკვეული ოდენობის თანხით ყოველთვიურად  დახმარება [ქულათა რაოდენობის მიხედვით]; ბავშვთა ბაღების პედაგოგებისთვის ხელფასების 100 ლარით გაზრდა; გრიბოედოვის ქუჩისთვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭება და ფაქტს დაგმობა; გონიოს ხიდის მშენებლობა.

„ასევე ჩვენ ვითხოვდით, რომ კ2-ზე შუამდგომლობის უფლება ჩამორთმეოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ეს უფლება გადასცემოდა ბათუმის საკრებულოს“, – განაცხადა ნოდარ დუმბაძემ შეხვედრაზე. მან ისაუბრა ასევე უკანონო მშენებლობებზე ბათუმში და მაგალითად შპს „ალიანსის“ მიერ სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ წამოწყებული სამშენებლო სამუშაოები დაასახელა.

ლევან ანთაძემ ისაუბრა ბათუმის ალტერნატიულ ბიუჯეტზე, რომელსაც მათი ფრაქცია სთავაზობდა ბათუმის მერიას და ასევე საკრებულოს.  მისი თქმით, საკრებულოსა და მერიის უფლებამოსილების, ასევე რამდენიმე სხვა ხარჯის შემცირებით შეიძლებოდა 26-მდე მილიონი ლარს გამოთავისუფლება, რითაც ინფრასტრუქტურას დააფინანსებდნენ: „იმისთვის, რომ მიგვეღო სწრაფი განვითარების ეფექტი.“

 

შეხვედრაზე დიდი დრო დაეთმო ასევე შპს „ბათუმის წყლის“ საქმიანობას. საკრებულოს წევრებმა ორგანიზაცია შეაფასეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დახურული, საიდანაც ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელია, შეუძლებელია ასევე დირექტორთან გასაუბრებაც.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ამომრჩევლები ესწრებოდნენ, ამომრჩეველმა კონკრეტულ პრობლემებზეც ისაუბრა და საკრებულოს წევრებს მერიასთან შუამდგომლობა სთხოვა.

რობერტ პლანტის ფანი ქუთაისიდან

19 ივლისს ემზარ ჯინჭარაძე ქუთაისიდან შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე რობერტ პლანტის კონცერტზე დასასწრებად ჩავიდა. თან Led Zeppelin-ის ვინილის ფირფიტები წაიღო და იმედი ჰქონდა, რომ რომელიმეზე რობერტ პლანტის ავტოგრაფი გაჩნდებოდა.

ემზარმა ლეგენდარულ მუსიკოსს ცოცხლად მოუსმინა, თუმცა მისი ავტოგრაფის მიღება ვერ შეძლო. ემზარმა დახმარება გიორგი კერესელიძეს „ისთერნ პრომოუშენის“ დირექტორსაც სთხოვა, თუმცა უშედეგოდ.

„საერთოდ უარი ჰქონდა ნათქვამი ავტოგრაფის  გაცემაზე. პლანტი ლეგენდაა და მისი ავტოგრაფი მილიონებად გაიყიდებოდა. გადაწყვიტა არ გაეკეთებინა. ვინმესთვის რომ მიეცა ავტოგრაფი დამწყდებოდა გული, მაგრამ რადგან არავის მისცა, შევეგუე,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კონცერტის დასრულების შემდეგ ემზარ ჯინჭარაძემ.

ემზარ ჯინჭარაძე და „ისთერნ პრომოუშენის“ დირექტორი გიორგი კერესელიძე

55 წლის ემზარ ჯინჭარაძე ცხოვრობს ქუთაისში, მუშაობს იმერეთის მეფეთა რეზიდენციაში, რომელიც „ოქროს ჩარდახის“ სახელითაა ცნობილი და  ქუთაისისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტია. რობერტ პლანტს და Led Zeppelin-ის ბავშვობიდან უსმენს.

„ადრე ახალგაზრდობაში ხუჭუჭი თმა მქონდა. ვცდილობდი პლანტს დავმსგავსებოდი.  70 წლიდან ვუსმენ Led Zeppelin-ს. პირველი კონცერტის ვინილი რომ ვიყიდე, მერე დავიწყე სხვების ძებნა. ძალიან დეფიციტური იყო მისი ალბომის მოპოვება, ხომ იცით კომუნისტების დრო იყო. 200-300 მანეთიც მიმიცია მის ვინილებში, რაც მაშინ ძალიან დიდი ფული იყო.

ჩამოდიოდნენ ტურისტები პოლონეთიდან, მაშინდელი ჩეხოსლოვაკიიდან და მათგან შეგეძლო გეყიდა. შავი ბაზარი ქვიოდა მაგას. მერე კიდევ რუსეთში ჯარში ვიყავი ხარკოვში, იქაც ტურისტები მამარაგებდნენ.

პლანტს რომ ვუსმენ, ძალიან მეხმარება მუშაობაში. მსიამოვნებს მისი მუსიკა. როცა ვუსმენ ყოველდღე ახალი ემოცია მოდის. რობერტ პლანტზე ვარ ფანატიკურად შეყვარებული.

ქუთაისში „ოქროს ჩარდახში“ ვმუშაობ, რომელიც რიონის პირასაა. ჩავრთავდი ხოლმე ლედ ზეპელინის მუსიკას, პატარა მაგნიტოფონი მქონდა და ხან თეთრი ხიდიდან ვუყურებდი ამ ჩემს სამსახურს, ხან რუსთაველის ხიდიდან,“ – ამბობს ემზარ ჯინჭარაძე.

ემზარის თქმით, პლანტის ცოცხლად მოსმენით ოცნება აუხდა.

„ბოლო სურვილი რაც მაქვს მინდა სოლომონ მეფის ძეგლი გავაკეთო. ქალაქის ხელმძღვანელობა მიჭერს მხარს. ახლა პლანტის ძეგლს ვერ გავაკეთებ ქუთაისში, მაგრამ იმერეთის უკანასკნელი ბაგრატიონის ძეგლის პროექტი მაქვს და დიდი იმედი მაქვს, რომ გაკეთდება“, – ამბობს ემზარ ჯინჭარაძე.

ბულვარში ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი გაიმართება [ანონსი]

ქალაქ ბათუმის ზღვისპირა ბულვარში, კოლონადებთან

2018  წლის 31 ივლისს, 19:00 საათიდან

გაიმართება

ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი

ბულვარის კოლონადებისკენ მიმავალ ალეაზე მოეწყობა  „კუთხე“, სადაც წარმოდგენილი იქნება გერმანული,  ბერძნული, უკრაინული, ებრაული,  სომხური დიასპორების და აჭარის აფხაზური გაერთიანების  ნაციონალური კერძები, სურათები, სამოსი და სხვა  ნივთები, რომლებიც ასოცირდება მათ ეროვნებასთან.

კოლონადებთან განთავსებულ  იმპროვიზებულ სცენაზე გაიმართება კონცერტი, რომელშიც  მონაწილეობას მიიღებენ ეროვნულ უმცირესობათა საცეკვაო ანსამბლები, მუსიკალური ჯგუფები და მომღერლები.

სომხური დიასპორა
  • სომხური ნაციონალური კერძების დაგემოვნება;
  • ფოტოხელოვან სეირან ბაროიანის ფოტოსურათების გამოფენა. სპეციალურ ბანერზე განთავსდება 25 ფოტოსურათი ;
  • სომხურ დიასპორასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლ „ეგნარ“-ის საცეკვავო ნომრები;
  • მომღერალ მარგარიტა ხუმარიანის საკონცერტო პროგრამა;
  • თვითნასწავლი ხელოვანის კარინა კუზიკიანის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა;
უკრაინული დიასპორა
  • მასტერკლასი ნაციონალური თოჯინის დამზადებაში;
  • უკრაინული ცეკვის ელემენტების შესწავლა;
  • უკრაინული ენისა და ანბანის შესწავლა;
  • მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, მოირგონ ნაციონალური ტანსაცმელი და მოაწყონ ფოტოსესია;
  • ტრადიციული სამზარეულოს გამოფენა და კერძების დაგემოვნება;
  • ხატვა ფერადი ცარცებით;
  • ნაციონალური გვირგვინის დამზადების მასტერკლასი;
  • ნაციონალური სუვენირების გამოფენა-გაყიდვა;
  • საქართველოში უკრაინელთა ყოფის  ამსახველი ფოტო-გამოფენა;
  • უკრაინული და ქართული ცეკვის შესრულება;
  • უკრაინელი ხელოვანის ფოტო-გამოფენა;
ბერძნული დიასპორა
  • ნაციონალური ქორეოგრაფიის საცეკვაო ნომრები;
  • ნაციონალური სამზარეულოს დაგემოვნება;
  • ბერძნული ხელოვანის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;
  • მუსიკალური საკონცერტო ნომრები;
  • მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, მოირგონ ნაციონალური ტანსაცმელი და მოაწყონ ფოტოსესია;
გერმანული დიასპორა
  • ისტორიული ფოტოების გამოფენა;
  • გერმანული სამზარეულოს დაგემოვნება;
  • წიგნის პრეზენტაცია ;
  • DJ Max -ის მიერ შესრულებული მუსიკალური კომპოზიციები;
ებრაული დიასპორა
  • ებრაული მუსიკალური ნაწარმოები;
აჭარის აფხაზური გაერთიანება
  • ნაციონალური სამზარეულოს დაგემოვნება;
  • აფხაზი ხელოვანის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა.

[highlight color=”blue”]ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან:[/highlight]აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ჟურნალი „ბათუმელები“, ქალაქ ბათუმის მერია და ბათუმის ბულვარი
[highlight color=”blue”]პროექტი ხორციელდება[/highlight] თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მიერ, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით
[highlight color=” blue”]ფესტივალი იმართება[/highlight] ქალაქ ბათუმის მერიის თანადაფინანსებით

აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას უმაღლესი საბჭო ხვალ უყრის კენჭს

აჭარის უმაღლესი საბჭო ხვალ, 21 ივლისს, რიგგარეშე სხდომაზე კენჭს უყრის აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე უმაღლეს საბჭოში თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურაა წარდგენილი. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, თანამდებობაზე დასამტკიცებლად კენჭი ეყრება მთავრობის წევრი ოთხი მომავალი მინისტრის კანდიდატურასაც: სოფლის მეურნეობის მინისტრად – ტიტე აროშიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად – ჯაბა ფუტკარაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრად – ინგა შამილიშვილი და ჯანდაცვის მინისტრად – ზაალ მიქელაძე.

ინგა შამილიშვილი და ზაალ მიქელაძე დღეს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლები არიან.

აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობის დასამტკიცებლად უმაღლესი საბჭოს ხმათა უმრავლესობაა საჭირო. უმაღლეს საბჭოში სულ 21 წევრია.

უმრავლესობამ [ უმაღლესი საბჭოს 14 წევრი „ქართული ოცნებიდან“ – რომლებიც სამ ფრაქციაში არიან გაერთიანებული] უკვე განაცხადა, რომ მხარს უჭერს წარმოდგენილ კანდიდატურებს. შესაბამისად, საბჭო მთავრობის ახალ შემადგენლობას უპრობლემოდ დაამტკიცებს.

მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელშიც უმაღლესი საბჭოს 4 წევრია.

უმაღლეს საბჭოში თითო დამოუკიდებელი წევრია ასევე შემდეგი პარტიებიდან: „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და „ევროპული საქართველო“.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგაა ვაკანტური, რაც მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ ტოვებდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს.

ზურაბ პატარაძე თანამდებობიდან 4 ივლისს გადადგა. პატარაძე ამ თანამდებობაზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდა.

მთავრობის თავმჯდომარის გადადგომა ავტომატურად მთავრობის გადადგომას გულისხმობს, ამიტომ ზურაბ პატარაძის მთავრობის წევრი ყოფილი მინისტრები, დღეს მოვალეობის შემსრულებლები არიან. ამ დრომდე მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს ზურაბ პატარაძეც, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრად მოიაზრებოდა.

რას ჰყვება ბაბუა, რომელიც ტრანსგენდერ შვილიშვილს უვლიდა

ტრანსგენდერ ქალს, 24 წლის ლიკას, რომელიც საზოგადოებას მხარდაჭერას მედიის საშუალებით სთხოვდა, სიკვდილის წინ ბაბუა უვლიდა. ლიკამ, რომელიც მძიმედ იყო ავად, სწორედ ბაბუასთან დაკავშირება და დახმარების თხოვნა არჩია. ლიკა ბაბუას პირველი შვილიშვილი იყო.

ლიკას ბაბუა, ავთო, 68 წლისაა. მან არ იცის, სად და როდის დაკრძალავენ ლიკას. ლიკას მშობლები გაშორებული არიან და ლიკას დაკრძალვის საკითხს ახლა ლიკას დედა და ბებია აგვარებენ.

„თავიდან ჩვენთან იზრდებოდა, ბათუმში. მისი დაბადებაც მახსოვს. მერე წავიდა, დაიკარგა და ხუთი წელი არ გამოჩნდა საერთოდ. 20 წლის იყო მაშინ. დედამისი და მამამისი რომ გაშორდნენ, მერე წავიდა. განიცდიდა მშობლების დაშორებას, მაგრამ არ გამოხატავდა, თავის გულში ინახავდა ყველაფერს, ასეთი იყოო“, – ამბობს.

შვილიშვილი რომ ტრანსგენდერი იყო, ამის შესახებ ორი-სამი წლის წინ გაიგო. არაფერი შეცვლილა ამითო – ამბობს, არც მითქვამს არაფერი და არც მიკითხავსო.

დათუნია, რომელიც ლიკას პალატაში ბაბუამ მიუტანა

თბილისში წასვლიდან ორი წლის მერე ლიკა გამოჩნდა, ბაბუასთან მივიდა მოსანახულებლად და დახმარებას დაჰპირდა: „ინსულტი მქონდა გადატანილი, წამლები ჩამომიტანა თბილისიდან, ძვირიანი წამლები იყო, პენსიონერი ვარ, არ მქონდა ყიდვის საშუალება. დიდხანს მეყო ის წამლები. კიდევ ჩამოგიტან წამლებსო, მითხრა. ვიცოდი, რომ თბილისში მუშაობდა, იქ უნდოდა ყოფნა, აქ ვერ ვნახავ ვერაფერსო“.

დაახლოებით ორი თვის წინ ავთოს შეატყობინეს, რომ ლიკას მისი დახმარება სჭირდებოდა.

„დედისთვის არც დამირეკავს, არ მინდა ამ მდგომარეობაში მნახოს. მამას არ უნდა ჩემი ნახვა, არ აინტერესებს, ბაბუას დავურეკე, როცა ძალიან გამიჭირდაო“, – ამბობდა ლიკა „ბათუმელებთან“, გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე.

ლიკა ბაბუამ თბილისიდან ბათუმში ჩამოიყვანა სამკურნალოდ. „საწოლში რომ იწვა, მარტო თვალები იყო დარჩენილი, ისე იყო გამხდარიო“, – ცრემლებს ვერ იკავებს ავთო. „ – ვიცოდი, რომ ძალიან მძიმედ იყო, ექიმებმა მითხრეს, ვერ გადარჩებაო. მან არ იცოდა ასე მძიმედ თუ იყო.“

ბაბუამ ლიკას მამასაც დაურეკა: „მამამისი სოფელში ცხოვრობს. რომ დავურეკე, ასე მითხრა, როგორ გაბედე ჩემთან დარეკვა ამ ამბავზეო. არ ვიცი რატომ არ უნდოდა, შეიძლება მაგიტომ [ტრანსგენდერი ქალი რომ იყო], ჩაიყვანა ერთხელ სოფელში, ოთახს გაგიკეთებ და იცხოვრეო, მაგრამ ამას [ლიკას] თბილისში უნდოდა წასვლა.

ბათუმში, პალატაში კიდევ უფრო გახდა, ვუვლიდი, ვაჭმევდი, რასაც მეუბნებოდა, ვაკეთებდი. მარი [მარი ქაჯაია, „იდენტობის“ ბათუმის სათემო ცენტრის მენეჯერი] დადიოდა ძალიან ხშირადო“, – ამბობს ავთო.

ლიკას ბაბუა ახლა პენსიას ვერ იღებს. „თანხა დასჭირდა ავად რომ იყო, 100 ლარი გამოიტანა სწრაფი კრედიტიდან და ახლა 1100 ლარია გადასახდელიო“ – ამბობს ავთო. პენსია მისი ძირითადი შემოსავალია.

გარდაცვალების წინა დღეებში ლიკას უკვე დედა და ბებიაც უვლიდნენ.

ლიკა ჰყვებოდა, რომ ძალადობის მსხვერპლი იყო. მასზე 6 წლის ასაკში იძალადეს მეზობლად მცხოვრებმა ბიჭებმა. ამ დანაშაულისთვის, ლიკას თქმით, არავინ დასჯილა, რადგან დააშინეს და ძალადობის შესახებ მაშინ არაფერი უთქვამს.

24 წლის ტრანსგენდერი ქალი გუშინ, 19 ივლისს გარდაიცვალა ბათუმის შიდსისა და ტუბერკულოზის ცენტრში. მისი ცხედარი ბათუმის სამხარაულის ბიუროშია ექსპერტიზაზე. ოჯახის წევრის განცხადებით, ლიკას პირდაპირ ექსპერტიზის ბიუროდან გადაასვენებენ სასაფლაოზე, სახლში მისვენების და სამძიმრის გარეშე.

ტრანსგენდერი ქალის შესახებ „ბათუმელებმა“ სტატია ორი კვირის წინ მოამზადა.

მთავარი ფოტო: ლიკას ბაბუა. კადრი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეოდან 

_________________

თუ გსურთ დაეხმაროთ ლიკას ბაბუას და ასე გამოხატოთ თანადგომა, თანხის გადარიცხვა შემდეგ ანგარიშზე შეგიძლიათ: 

ანგარიშის ნომერი: GE22TB7028445061100037

თანხის მიმღები: მარიამ ქაჯაია, „იდენტობის“ ბათუმის სათემო ცენტრის მენეჯერი

Exit mobile version