Batumelebi | ბიუჯეტის ფული, რომელსაც ბათუმის მერია ვერ იბრუნებს ბიუჯეტის ფული, რომელსაც ბათუმის მერია ვერ იბრუნებს – Batumelebi
RU | GE  

ბიუჯეტის ფული, რომელსაც ბათუმის მერია ვერ იბრუნებს

ბათუმის ბიუჯეტიდან 6 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა „ჟილინის არხის“ რეკონსტრუქციაზე, რისთვისაც ტენდერი მერიამ რამდენჯერმე გამოაცხადა. მერია კიდევ ერთი კომპანიისგან ვერ იბრუნებს ავანსად გადარიცხულ 250 ათასზე მეტ ლარს. გადახდილი და დასაბრუნებელი თანხების ირგვლივ არსებულ კითხვებზე პასუხის გამცემი ბათუმის მერიაში არავინ აღმოჩნდა.

ერთ-ერთი კომპანია, ანუ მოვალე, რომელმაც მერიას ფული უნდა დაუბრუნოს, არის შპს „ტონი და კომპანი~. ბათუმის მერიასა და აღნიშნულ კომპანიას შორის ხელშეკრულება 2013 წლის მარტში გაფორმდა „ჟილინის არხის~ სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე. პროექტის მთლიანი ღირებულება 6 მილიონ 108 ათასი ლარი იყო.
კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებთ 20 დღეში, ავანსის სახით, მერიამ 1 289 972 ლარი ჩაურიცხა. მომდევნო თვეებში კი [აგვისტოსა და ოქტომბერში] დამატებით 76 და 160 ათას ლარამდე, ჯამში – 1 526 076 ლარი. კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა. შესაბამისად, მერიამ გადარიცხული თანხის უკან დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართა.

„სასამართლომ მერიის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა და კომპანიას 254 ათას 265 ლარის გადახდა დააკისრა. ეს თანხა კომპანიას მერიისთვის ჯერ არ დაუბრუნებია, საქმე აღსრულების პროცესშია“, – მხოლოდ ეს კომენტარი მივიღეთ მერიისგან პრესსამსახურის მეშვეობით.

„ბათუმელების~ მიერ მოძიებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 7 ივლისს გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც შპს „ტონი და კომპანის“ ბათუმის მერიის სასარგებლოდ 254 ათას 265 ლარისა და 65 თეთრის გადახდა დაეკისრა.

ბათუმის მერიამ სააღსრულებო ფურცელი თბილისის სააღსრულებო ბიუროში წარადგინა იმავე წლის 14 ივლისს. 19 ივლისს კი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კომპანიას გაუგზავნა შეტყობინება ბათუმის მერიის სასარგებლოდ თანხის ნებაყოფლობით გადახდის შესახებ.

როგორც „ბათუმელებმა~ გაარკვია, მერიამ „ტონი და კომპანისთვის“ გადარიცხული თანხიდან დაახლოებით 928 ათას ლარამდე უკან სადაზღვეო კომპანიისგან დაიბრუნა; მერიამ, საგარანტიოთი უკან დაიბრუნა ასევე 216 ათას ლარამდე პირგასამტეხლოც, ამოსაღები დარჩა 254 265 ლარი. დანარჩენი თანხის სამუშაო კი კომპანიას შესრულებული ჰქონდა, რაც ექსპერტიზის დასკვნითაც დადასტურდა.

თანხას მერია იძულებითი აღსრულებითაც ვერ იბრუნებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კომპანიას საკუთარ ბალანსზე ქონება აღარ ერიცხება. აპირებს თუ არა თანხის დაბრუნებას? – „ბათუმელებმა“ „ტონი და კომპანიასთან“ დაკავშირება ვერ შეძლო.

„გადაწყვეტილების აღსრულების ხანდაზმულობის ვადა არის 10 წელი… თუ დადგენილ ვადაში არ მოხდება ნებაყოფლობითი აღსრულება, მაშინ დაიწყება იძულებითი აღსრულება, მაგრამ თუ ოფიციალურად ქონება არ ერიცხება მოვალეს [ამ შემთხვევაში კომპანიას], ან ეს ქონება 10 წლის განმავლობაში არ გამოუჩნდა, მაშინ გადაწყვეტილება რჩება აღუსრულებელი“, – განმარტავს პაატა დიასამიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი.

„ბათუმელებს“ მერიისგან არ გამოუთხოვია სტატისტიკა, მთლიანობაში რა ოდენობის თანხა აქვს ანალოგიური [ამოსაღები] წესით დასაბრუნებელი. თუმცა ცნობილია კიდევ ერთი ფაქტის შესახებ: მერია ამ დროისთვის უკვე მუშაობს ავანსად გადარიცხული, დაახლოებით 1 მილიონ 400 ათასი ლარის უკან დაბრუნებაზე. ეს თანხა მერიას ამოსაღები აქვს „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ [„იაფი სახლის“] მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან. კომპანია „კონვენტ ჯორჯია“ მერიისგან თანხის მიღების შემდეგ გაუჩინარდა.

„ჟილინის არხი“ და „იაფი სახლი“ მერიის ის ბოლო პროექტებია, რომელთა განხორციელებით ქალაქმა უფრო იზარალა, ვიდრე სარგებელი ნახა. ასეთ ვითარებაში, ერთ წელზე მეტია, მერიაში ვაკანტურია მერის მოადგილის ის თანამდებობა, რომელიც, ძირითადად, მუნიციპალიტეტის ფინანსურ საკითხებს უნდა კურირებდეს.
თვითმმართველობის კოდექსით მოადგილის დანიშვნის ექსლუზიური უფლება ქალაქის არჩეულ მერს აქვს. კითხვაზე, რატომ ვერ დაინიშნა მერის მოადგილე? – მერიის პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ „ვერ შეირჩა სათანადო კანდიდატი“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com