ბათუმი 2019 წელს ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით, ბათუმში სპეციალური ვიზიტით, ევროპის ძალოსნობის ფედერაციის კომისია იმყოფება.
ევროპის ძიუდოს ფედერაციის გენერალურ მდვანს ჰასან აკკუს, ფედერაციის სატელევიზიო დირექტორს დევიდ გოლდსტრომს, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ, სადაც ჩემპიონატის ჩატარების დეტალები განიხილეს.
ჩემპიონატი 2019 წლის აპრილში გაიმართება, რომელშიც 450 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას ევროპიდან. ბათუმს ჩემპიონატის ფარგლებში 1000-მდე სტუმარი ეწვევა, მსოფლიო მასშტაბით 54 ქვეყანას კი 20 ენაზე, „Eurosport“-ის მეშვეობით ჩემპიონატის თვალყურის დევნება შეეძლება.
ბაქო-ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი დაინიშნა. 2019 წლის 14 ივნისიდან სახელმწიფო ავიაკომპანია აზერბაიჯანის ავიახაზების (AZAL) შვილობილი კომპანია „Buta Airways“-ი შეასრულებს პირველ პირდაპირ ავიარეისს ბაქო-ბათუმის მიმართულებით.
ავიაკომპანია „აზერბაიჯანის ავიახაზების“ (AZAL) პრეზიდენტთან, ჯაჰანგირ ასკეროვთან გამართული შეხვედრის მიმდინარეობისას, დღის წესრიგში არსებულ სხვა საკითხებთან ერთად, ზურაბ პატარაძის თხოვნით, მხარეებმა განიხილეს ბაქო-ბათუმი-ბაქოს მიმართულებით რეგულარული ავიარეისის დანიშვნის შესაძლებლობა, რის შედეგადაც, აზერბაიჯანის მოქალაქეები კიდევ უფრო აქტიურად, კომფორტულად და მარტივად შეძლებდნენ მათთვის ესოდენ პოპულარულ, საქართველოს შავი ზღვის კურორტებზე გამგზავრებას,“ – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში, ზურაბ პატარაძე ავრცელებს.
ბაქო-ბათუმი-ბაქოს მიმართულებით პირველი ავიარეისის პირველი ბილეთი საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ შეიძინა.
ბათუმში მიმდინარე 43-ე საერთაშორისო საჭადრაკო ოლიმპიადა დაიხურა. საერთაშორისო საჭადრაკო ოლიმპიადაზე 180 ქვეყნის 4000-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა.
საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა, ქალთა და ვაჟთა 3-3 ნაკრებით იყო წარმოდგენილი. საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ოლიმპიადაზე, რომელიც 24 სექტემბრიდან – 5 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა, ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
ასპარეზობა ჩინელ სპორტსმენთა გამარჯვებით დასრულდა: ვაჟებსა და ქალებში ამ ქვეყნის წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს.
ჩინელ მოჭადრაკეთა გუნდმა საერთაშორისო ოლიმპიადაზე პირველი ადგილი მოიპოვა.
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჯილდო, რომელიც ოლიმპიადის ყველაზე წარმატებული ქვეყნის საჭადრაკო ფედერაციას გადაეცემა, ორი წლით ჩინელთა საკუთრებაა. ჩინელმა ვაჟებმა მეორედ მოიპოვეს ოლიმპიადის ჩემპიონობა.
მომდევნო, 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადას 2020 წელს რუსეთი უმასპინძლებს.
ევროპის დღეების ფარგლებში, ბათუმში ანბანის კოშკთან 13 ოქტომბერს, სხვადასხვა სახით ღონისძიებები გაიმართება.
„ერთი დღით, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია „ევროსოფლად“ გადაიქცევა და მთელი დღის განმავლობაში ინფორმაციული და გასართობი აქტივობებით ევროკავშირში გამოგზაურებთ.“
ევროპის დღის ღონისძიება დატვირთული იქნება საოჯახო გასართობი აქტივობებით, თამაშებით და წარმოდგენებით.
ღონისძიება დასრულდება საღამოს კონცერტით ღია ცის ქვეშ.
ღონისძიებაზე გაგაცნობენ ევროკავშირის პროგრამებს და წარმოგიდგენენ იმ აქტივობებსა და შესაძლებლობებს, რომლებსაც ისინი საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობენ.
ევროპის დღე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივაა და ხორციელდება ბათუმის მერიასთან თანამშრომლობით.
„…მაგალითად, ჩემთან ხუთსულიან ოჯახში, ერთ-ერთს მაინც აქვს მომზადებულ კერძზე პროტესტი, ოთხი ვნაყრდებით და ერთიც შესაბამისობაშია. გამიგებთ ალბათ იუმორს. პროტესტის ფორმას გააჩნია, პიროვნებას და რაოდენობას,“ – ასეთ შედარებას იყენებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ სალუქვაძე საკრებულოს ბოლო სხდომაზე საზოგადოება „ბათომის“ წევრების პროტესტს. ამ ორგანიზაციის წევრებმა მწვანე კონცხზე ხეების მოსალოდნელი გაჩეხვა გააპროტესტეს.
საკრებულოს წევრი ფიქრობს, რომ ბათუმში მიმდინარე მშენებლობების, მათ შორის ქალაქის ჩაბეტონების შესახებ საკუთარ ამომრჩეველს სხვა დამოკიდებულება აქვს. „სხდომათა დარბაზში საზოგადოების სახელით ორად-ორი ადამიანი ლაპარაკობდა“, – ამბობს ის და გულისხმობს „ბათომის“ წევრებს – შოთა გუჯაბიძესა და ირმა ზოიძეს, რომლებმაც მწვანე კონცხზე 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე საკრებულოს თანხმობა ხმამაღლა გააპროტესტეს.
„ბათომში“ მიიჩნევენ, რომ ამ გადაწყვეტილებით მწვანე კონცხის, რომელიც „უნიკალური მწვანე სივრცე და ბათუმის ფილტვებია,“ ჩაბეტონების შეუქცევადი პროცესი იწყება.
უმრავლესობის წევრმა თემის აჟიტირება საკრებულოს ოპოზიციასაც დააბრალა: „ჟურნალისტების თანდასწრებით ჩვენი ოპონენტები იტყვიან იცით რას? – დღეს რაკეტა ჩამოვარდა ბათუმში იუნკერთა საფლავების მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს ხელისუფლების ბრალია, მან ვერ გაუშვა სწორადო. იტყვიან ამ აბსოლუტურ სისულელეს და ტოვებენ სხდომათა დარბაზს.“
თამაზ სალუქვაძე სწორედ იმ უბნის [მწვანე კონცხი] მაჟორიტარია, სადაც საკრებულომ სარეკრეაციო ზონის ნაწილს სტატუსი შეუცვალა. მიზანი – ხეების ადგილას კორპუსის მშენებლობა.
კანონმდებლობის მიხედვით, ტერიტორიაზე ზონის შესაცვლელად მერიას და საკრებულოს ადგილობრივ მოსახლეობასთან საჯარო განხილვა უნდა მოეწყო. მწვანე კონცხზე კი ისე შეიცვალა ზონის სტატუსი, რომ მერიას პროექტის საჯარო განხილვა არ ჩაუტარებია. ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან საკრებულოსა და მერიაში და განმარტავენ, რომ შესაბამისი დოკუმენტები საკრებულოს ვებგვერდზე იყო ატვირთული და ინფორმაცია გაზეთ „აჭარაშიც“ გამოქვეყნდა.
ინფორმაციის ვებდვერდზე ატვირთვის გარდა საკრებულო მერიას პროექტების საჯარო გაცნობის მოწყობასაც ავალებს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ განუმარტა:
„ჩვენ დადგენილებით ვავალებთ მერიას, რომ მოაწყოს სამშენებლო პროექტის საჯარო განხილვა წინასწარ“, – ამბობს სულიკო თებიძე. მაგრამ საკრებულოს თავმჯდომარეს არ აქვს ინფორმაცია, ასრულებს თუ არა მერია ამ დავალებას. მან საკრებულოს ბოლო სხდომაზე აღმოაჩინა, რომ საზოგადოებას ამ თემაზეც დიდი მოთხოვნა ჰქონია, ამიტომაც აპირებს გაიაროს კონსულტაცია იურისტებთან, რომ გაარკვიოს შეუძლია თუ არა ასეთივე საჯარო განხილვების მოწყობა საკრებულოს: „თუ კანონმდებლობა არ გვზღუდავს, აუცილებლად გავაკეთებთ ამას“.
იზიარებს თუ არა ქალაქში მიმდინარე პროცესზე პასუხიმგებლობას საკრებულო? – ამ მოწვევის საკრებულოში არ დაფიქსირებულა ერთი ფაქტიც კი, როდესაც უმრავლესობის რომელიმე წევრს არ მოეწონა რომელიმე სამშენებლო პროექტი და ხელი საკითხის დამტკიცების წინააღმდეგ აწია:
„ჩვენ ვესწრებით განხილვებს, როდესაც გვცალია, მერიას აქვს შენიშვნები და როდესაც ეს შენიშვნები ამოიწურება, შემდეგ შემოდის საკითხი საკრებულოში. ამის შემდეგ რატომ უნდა უთხრას საკრებულომ უარი, მე ხომ არქიტექტორი არა ვარ, რომ ჩემი შეფასებები გავაკეთო, მე ვუსმენ სპეციალისტებს“, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.
გოჩა მგელაძე საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეა. შესაბამისად, ბათუმში მიმდინარე სამშენებლო პროექტები მისი კომპეტენციის სფეროა. კითხვები საზოგადოების პროტესტზე ბათუმში მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით მას აკვირვებს: „…ვერ მივხვდი, რა მოსახლეობა იძახის არ აშენდესო?“ ის ერთადერთია კოლეგებს შორის, ვინც მიიჩნევს, რომ მწვანე კონცხთან დაკავშირებით მოსახლეობას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და „გადარიეს“.
„…ეს არის ერთი კონკრეტული საკუთრება, სადაც ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ექვსი თვის უკან. ვითომ ბოლოს გაიგო ყველამ, არაფერი არ შემოსულა წარმოების პროცესში და როდესაც ამბობენ, არ ვიცოდითო, რა თქმა უნდა, იტყუებიან. თუ არ იცოდნენ, რა ჩვენი ბრალი იყო? – წარმოება მიმდინარეობდა ექვსი-შვიდი თვის განმავლობაში, “ – ამბობს გოჩა მგელაძე.
კითხვებს კითხვებითვე უპასუხა საკრებულოს წევრმა „ოცნებიდან“ ზურაბ ნაკაიძემაც, რომელიც განმარტებას „ორ კაცზე“ საუბრით იწყებს:
„ხომ გააკეთა მერიამ კომენტარი, ჩემგან რაღა გინდათ? – საზოგადოებას ვის გულისხმობთ, გუჯაბიძეს და ორ კაცს? – არაა ჩემი თემა და მაგ თემაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. როგორც საკრებულოს წევრი მხარს ვუჭერ ამ საკითხს, მაგას არც კომენტარი უნდა, არც არაფერი, ჩანს ყველაფერი პირდაპირ ეთერში. რა არგუმენტი მაქვს? – განმარტებით ბარათში წერია ყველაფერი. ესე იგი დავეთანხმე იმ მოტივს, რომ ხმა მივეცი, ხომ? “.
კომენტარისგან თავი შეიკავა საკრებულოს წევრმა დიმიტრი ჭეიშვილმა. მან გვითხრა, რომ თემაზე „ბათომის“ აქციის შემდეგ ისაუბრებს: „რეაქცია რომ ვიხილოთ მეც და თქვენც, საინტერესოა ჩემთვის. ვნახოთ რამდენი ამომრჩეველია წინააღმდეგი“.
ნერიმან ცინცაძე „ოცნების“ უმრავლესობის წევრებს შორის ბათუმის საკრებულოში გამონაკლისია. ის მიიჩნევს, რომ მასშტაბური მშენებლობები ბათუმში მართლაც პრობლემაა და ბათუმმა თავისი იერ-სახე უნდა შეინარჩუნოს:
„აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ქალაქის ინტერესები. არ მინდა მოხდეს რაღაცა ისეთი, რაშიც მე, პირადად, ვიქნები დამნაშავე. ძალიან სერიოზულად ვფიქრობ ამაზე, ამით არ გავაკეთებთ რაიმე ისეთს, რომლისაც ჩვენ შეგვრცხვება. საზოგადოების ინტერესს დიდ ყურადღებას ვაქცევ და არასამთავრობო ორგანიზაციების აზრსაც ვითვალისწინებ.“
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ლაშა სირაბიძემ „ბათუმელებთან“ ინვესტიციის განხორციელებაზე ისაუბრა და ამით ახსნა თუ რატომ დაეთანხმა მშენებლის მოთხოვნას.
მრავალი წმინდა გრძნობა ამშვენებს ადამიანთა ურთიერთობებს, მრავალ მათგანს ვერანაირი დრო და ჟამი ვერ ერევა, მრავალმა მათგანმა დღემდე მოიყვანა კაცობრიობა და მათ შორის განსაკუთრებით გამორჩეულია მასწავლებლის და მოსწავლის, ოსტატისა და შეგირდის, მოძღვრისა და დამოძღვრილის მარად უბერებელი ურთიერთობა.
მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა.
დასაბამიდანვე ცხოვრებამ მასწავლებელს განუსაზღვრა ისეთი განსაკუთრებული თვისებები, როგორიცაა: ბავშვის სიყვარული, უშრეტი ენერგია, ბუნებით მომადლებული ღრმა კეთილშობილება, ხალხისა და მამულის უანგარო სიყვარული.
განუსაზღვრელია თქვენი როლი ახალგაზრდების აღზრდისა და განათლების საქმეში!
მასწავლებლის დღეს კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მაღალი პროფესიონალიზმისთვის, მიზნის მისაღწევად დაუზარელი შრომისა და უსაზღვრო მოთმინებისთვის.
ყველა პედაგოგს გვინდა ვუთხრათ: თქვენი ღვაწლი ფასდაუდებელი და გმირობის ტოლფასია, რადგან თქვენ მნიშვნელოვან როლს ასრულებთ ღირსეული თაობების აღზრდაში.
წარმატებებს გისურვებთ პროფესიულ და პირად ცხოვრებაში!
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018-ის მფლობელი, ქალაქ ბაღდათის მეორე საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელი, მანანა კაპეტივაძე გახდა. გამარჯვებულს საჩუქრად ათი ათასი ლარი გადაეცემა. ის ასევე მონაწილეობს მიიღებს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს (The Global Teacher Prize) ცერემონიაში, რომელიც ყოველ წელს იმართება.
დაჯილდოვების ცერემონია დღეს 5 ოქტომბერს, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით გაიმართა.
მანანა კაპეტივაძის გარდა, 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულში იყვნენ:
ელისოაბრამიშვილი -ქალაქ საჩხერის ილია ჭავჭავაძის მე-2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი,
ჯაბალაბაძე – დაბა სურამის მე-2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი,
ლელაკოტორაშვილი – თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი,
დაჩინანობაშვილი -თბილისის საერთაშორისო აკადემია ლოგოსის მათემატიკის მასწავლებელი,
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გასულ წელს კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველომ“ დაარსა და მისი პირველი გამარჯვებული, ჩიბათის სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა იყო.
ჯილდოს დამფუძნებელთა განცხადებით, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018-ის ხუთეულში გასული პედაგოგები
ბათუმის მერია კონკურსის გამოცხადებას აპირებს იმ კომპანიის შესარჩევად, რომელმაც ბათუმის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაცია უნდა დადოს. კონკურსის ჩატარებას ბათუმის მერია მარტიდან გეგმავს.
რა დავალება უნდა მისცეს მერიამ კონკურსში გამარჯვებულ კომპანიას – დისკუსია ამ თემაზე ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. მერიის მიერ დაქირავებულმა ექსპერტმა, ვახტანგ ჯოხაძემ შეხვედრის მონაწილეებს ტექნიკური დავალება გააცნო.
ტექნიკური დავალების მიხედვით, კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ კვლევით-ანალიტიკური დოკუმენტი უნდა დადოს სივრცით და ტერიტორიულ მოწყობაზე, ანუ განაშენიანებაზე, როგორც ბეჭდური, ისე ციფრული სახით.
„აქვე უნდა იყოს გეგმარებითი დავალებები მეთოდოლოგიური მითითებებით – რა ეტაპებად უნდა შედგეს გეგმა, უნდა მოხდეს საკანონმდებლო ბაზრის კვლევა, ჯამში ხუთი ტიპის დოკუმენტი უნდა იქნეს წარმოდგენილი,“ – აღნიშნა შეხვედრაზე სივრცითი დაგეგმვის ექსპერტმა, ვახტანგ ჯოხაძემ.
მისივე თქმით, დოკუმენტში ბათუმის ეკონომიკური განვითარების ალტერნატივაც უნდა იყოს წარმოდგენილი.
„როგორც ცნობილია, ბათუმში ტურისტული სეზონი მიბმულია ზღვის სანაპირო ზოლს. ეს ვიწროპროფილური ეკონომიკა შემაფერხებელია გარკვეულწილად და დამხმარე, ალტერნატიული პროფილის განსაზღვრა უნდა მოხდეს,“ – თქვა ვახტანგ ჯოხაძემ.
„თქვენ სთხოვთ კომპანიას, რომელიც ამ სამუშაოებს შეასრულებს, ათწლიან გამოცდილებას. რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ სხვადასხვა მიმართულებით მსგავსი კომპანიის მოძიება?“ – იკითხა შეხვედრაზე არქიტექტორთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე მინდია მურვანიძემ.
„მერმაც იკითხა, ასეთ ხალხს ვიპოვითო?“ – უპასუხა შეკითხვას მერიის მიერ დაქირავებულმა ექსპერტმა. მისივე განმარტებით, შესაძლებელია ე.წ. ამხანაგობის შექმნა, სადაც რამდენიმე კომპანია სხვადასხვა გამოცდილებით გაერთიანდება.
ვახტანგ ჯოხაძემ შეხვედრაზე განმარტა, რომ შესაძლებელია ტექნიკური დავალების პირობები შეიცვალოს, მაგრამ კვალიფიკაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები აუცილებელია. გარდა ამისა, კონკურსში საერთაშორისო პირებსაც შეეძლებათ მონაწილეობა.
„მე ვფიქრობ, ამხანაგობის შექმნა იქნება პრობლემური, რადგან პასუხი მხოლოდ იმ კომპანიას მოეთხოვება, ვინც კონკურსს მოიგებს… ამ კუთხით დიდი არჩევანი ქვეყანაში არ აირს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ არქიტექტორთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე, მინდია მურვანიძემ.
დისკუსიას ბათუმის მერიის არქიტექტურის და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსი მირიან მეტრეველიც ესწრებოდა, თუმცა შეკითხვებს მხოლოდ ექსპერტი პასუხობდა. გაირკვა, რომ ამ ეტაპზე დაკონკრეტებული არ არის, რა თანხა დაიხარჯება სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების დოკუმენტაციის შექმნაზე, ასევე უცნობია, რა დროში უნდა მოამზადოს ეს დოკუმენტი კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ.
ვახტანგ ჯოხაძის თქმით, საზოგადოების ჩართულობა დოკუმენტაციის შემუშავების პროცესშიც არის გათვალისწინებული. ამისთვის კომპანიამ შუალედური ანგარიშები უნდა წარმოადგინოს, რომელთა განხილვა საკრებულოში, ასევე მერიის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე მოეწყობა.
ბათუმის „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ექიმების ნაწილი მიიჩნევს, რომ აჭარის ხელისუფლება საავადმყოფოს ახალი შენობის მშენებლობას განზრახ აჭიანურებს. ექიმები ამ მოსაზრების ერთ-ერთ არგუმენტად აჭარის მომავალი ბიუჯეტის პროექტს ასახელებენ, სადაც, მათივე თქმით, საავადმყოფოს მშენებლობისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის.
საავადმყოფოს თანამშრომლები ეჭვობენ, რომ ხელისუფლება შესაძლოა განზრახ იქცევა ასე, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო მოგვიანებით კერძო სამედიცინო კორპორაციაზე გაასხვისოს. დღეს, 5 ოქტომბერს, ამ თემაზე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა ბრიფინგი გამართეს და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმა სთხოვეს.
„გვინდა მთავრობას გავუგზავნოთ მესიჯი, რომ ერთი კვირის ვადაში ფინანსების მოძიების და კადრების დაკომპლექტების მიმართულებით გადაიდგას ქმედითი ნაბიჯი, რომ შეუქცევადი გახდეს ახალი კორპუსის აღჭურვა და დაკომპლექტება. ჩვენი საავადმყოფო უნდა გახდეს რეგიონული სამედიცინო საავადმყოფოს მოწყობის მოდელი – ასეთი იყო შეთანხმება, მაგრამ ვხედავთ, რომ პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება, რაც საფუძვლიან ეჭვებს აჩენს, რომ ეს განზრახ კეთდება. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში რესპუბლიკური საავადმყოფოს ხსენებაც არ არის – ეს ერთი და მეორე – უნდა დაწყებულიყო დეფიციტური კადრების საფუძვლიანი გადამზადება, რაც არ ხდება. ამბობენ, არჩევებამდე გავჩერდეთ, არჩევნების მერე გვეტყვიან, 2-3 კვირა გვაცადეთო და მერე ბიუჯეტი უკვე გვიანდება. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბევრი დრო არაა საჭირო, მთავრობის ახალ თავმჯდომარესთან გვაქვს კონტაქტი, მანაც იცის ჩვენი პოზიცია,“ – ამბობს ბენიამინ ჭელიძე, „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ თერაპიული დეპარტამენტის უფროსი.
ბათუმში, „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ტერიტორიაზე ახალი კლინიკის მშენებლობა 2018 წლის 18 მაისს უნდა დასრულებულიყო. შემდეგ ეს ვადა 31 აგვისტომდე გადასწიეს, თუმცა მშენებლობა დღემდე არ დასრულებულა.
„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ მშენებლობის პროცესის გაჭიანურება ეჭვებს უჩენს სხვა ექიმებსაც.
„აჭარის მთავრობის უკვე მესამე თავმჯდომარე ამბობს ფრაზას – „რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისება არ იგეგმება“ და მერე ამატებს – „ამ ეტაპზე“. ანუ შეიძლება გამოჩნდეს ეტაპი, როდესაც საავადმყოფოს გასხვისების საკითხი დადგება. ახლა რომ ეს პროცესი გაჩერდეს, გაფუჭდება ისიც, რაც გაკეთებულია და აღმოჩნდება, რომ ძალიან დიდი სახელმწიფო თანხა არის გადაყრილი წყალში. ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე, მშვიდად შესაძლებელია იმის გაკეთება, რომ პროექტი გაგრძელდეს, დასრულდეს მშენებლობის პროცესი, ამავე დროს მოხდეს პერსონალის გადამზადება, რომელიც დეფიციტურია ჩვენს რეგიონში. ეს არის პროცესი, რომელიც არ შეიძლება გავაჩეროთ, ამიტომ შევიკრიბეთ დღეს, რომ ვთქვათ, გაგრძელდეს პროცესი და მომავალი წლის ბიუჯეტში ჩაისვას საჭირო თანხა, “ – განაცხადა ექიმმა გიორგი დიასამიძემ, ტრავმატოლოგ-ორთოპედმა.
„ხალხის რეაქცის დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ არ იქნება წინააღმდეგობა [რესპუბლიკურ საავადმყოფოში], გაასხვისებენ, რეაქციას ამოწმებენ, ასე გამოდის, ამასობაში დრო გადის. 600-მდე თანამშრომელი მუშაობს, არ იციან ადამიანებმა, როგორ მოიქცნენ, რა გზას მიმართონ,“ – ამბობს აფთიაქის გამგე გურამ სურმანიძე.
„ვიცით ოფიციალური მიზეზი და ვხედავთ, რომ მუშაობა არ მიდის,“ – ამბობს ოფთალმოლოგი სულიკო კარახასანოვი.
„რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ ამ დროისათვის 600-მდე ადამიანი მუშაობს. ექიმები ამბობენ, რომ პაციენტების ნაკადი იკლებს, რადგან რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა მოძველებულია, მაშინ როცა სამედიცინო ბაზარზე სხვა საავადმყოფოები მაღალი კონკურენციის პირობებში მუდმივად ზრუნავენ პირობების გაუმჯობესებაზე.
„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ 100-პროცენტიანი წილი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეკუთვნის.
ბათუმის სასპორტო სკოლის მიმდებარედ 3022 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და „ორბი ჯგუფი ბათუმის“ მიერ უნებართვოდაა დაკავებული, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე ორი წლით ასხვისებს. საწყისი წლიური სარგებლობის საფასური 157 ათასი ლარია, ბიჯი – 4 ათასი ლარი.
სარგებლობის მოქმედების ვადაა 2020 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით. მოიჯარეს წარმოეშვება ვალდებულება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე სამინისტროს შეტყობინების მიღების დღიდან ერთ თვეში გამოათავისუფლოს საიჯარო ქონება. ქონებაზე გაწეული ხარჯები არ ანაზღაურდება.
აუქციონის განაცხადში აღნიშნულია, რომ „აღნიშნული ტერიტორია დაკავებულია მესამე პირის მიერ, სადაც განთავსებულია სამეურნეო ეზო“.
აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რომელსაც „მესამე პირი“, ამ შემთხვევაში „ორბი ჯგუფი ბათუმი“ სამეურნეო ეზოდ უნებართვოდ იყენებს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2017 წლის აგვისტოში 5 მილიონ 745 ათას ლარად გაყიდა. ნაკვეთი შპს „მწვანე ხეივანმა“ იყიდა, რომელიც ქონების შეძენამდე 10 თვით ადრე იყო დარეგისტრირებული. ამ კომპანიას აქ არანაკლებ 40 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა სამინისტრომ მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა.
სამი თვის წინ კი ეს ტერიტორია „ორბი ჯგუფი ბათუმმა“ თვითნებურად შემოღობა.
მიუხედავად იმისა, რომ ნებართვა არ ჰქონდა, „ორბმა“ სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.
რატომ ვერ იცავს აჭარის მთავრობა სახელმწიფო ქონებას და რას უპირებს სამინისტრო ამ მიწის ნაკვეთს? – დაახლოებით ორი თვის წინ ამ კითხვაზე „ბათუმელებმა“ სამინისტროსგან ასეთი პასუხი მიიღო: „ორგანო, რომელიც რეაგირებას ახდენს ასეთ შემთხვევაში, არის მერია და ახლა უნდა დაველოდოთ შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს. რაც შეეხება ქონებას, თუ ვინმე დაინტერესდება ამ მიწის ნაკვეთით, სამინისტრო მზად არის იმსჯელოს და მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება ქონების განკარგვაზე“.
როგორც ჩანს, სამინისტრომ „იმსჯელა“ და გადაწყვიტა, რომ ტერიტორია, სადაც ადრე 40 მილიონი ლარის ინვესტიციის მოზიდვას გეგმავდა, ამჯერად ორწლიანი იჯარით გასცეს. მოიჯარე დიდი ალბათობით „ორბი ჯგუფი ბათუმი“ იქნება.
სასპორტო სკოლის შენობის უკან „ორბი ჯგუფი ბათუმი“ სასტუმრო კომპლექსს აშენებს, მიმდებარე რამდენიმე ნაკვეთი კი იჯარით აქვს აღებული. ერთ-ერთ ნაკვეთთან დაკავშირებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მიმდინარე წლის მაისში გვითხრეს, რომ იჯარით იყო გაცემული, თუმცა, საჯარო რეესტრის მიხედვით, საიჯარო ხელშეკრულება „ორბი ჯგუფი ბათუმთან“ ერთი თვის შემდეგ, 27 ივნისსაა გაფორმებული.
რა ბედი ელის ბათუმის სასპორტო სკოლის შენობას, როცა ლეონიძის ქუჩაზე ახალი სპორტკომპლექსი აშენდება? –
„ბათუმის სასპორტო სკოლის“ დირექტორის, ირმა ნიჟარაძის თქმით, „იმ ორ ფლიგელში [რომლებიც დაიშალა] რა სახეობებიც იყო, გადადის ლეონიძის ქუჩაზე. რაც შეეხება ადმინისტრაციას, ან გადავალთ, ან აქ ვიქნებით, მაგრამ ის სამი სახეობა, რაც ამჟამად არის ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე შენობაში, დარჩება აქვე. ეს სახეობებია კალათბურთი, ფრენბურთი და ფარიკაობა. ამ სახეობების ალტერნატიული ფართობები სხვაგან არ გვაქვს და არც ლეონიძის ქუჩაზე მშენებარე კომპლექსშია გათვალისწინებული“.
ფიროსმანის ქუჩაზე მიმდინარე წლის დასაწყისში „ორბს“ ავტოფარეხიც ააშენებინეს, სადაც საკუთარ ავტომობილს პარლამენტარი მუხრან ვახტანგაძე აჩერებს.
„ეს ავტოფარეხი კომპანია „ორბს“ ვთხოვეთ და გაგვიკეთა. ერთი მანქანა ჩვენია და ერთიც, როცა აქ არის მუხრანი [ვახტანგაძე], ადგილი არის და აჩერებს, კი,“ – გვითხრა მაშინ სატელეფონო საუბარში „ბათუმის სასპორტო სკოლის“ დირექტორმა, ირმა ნიჟარაძემ.
მხოლოდ 1 კვირით, 15 ოქტომბრიდან, დაუჯერებელი აქცია კლინიკა „საგიტარიუსში“!
ბოტოქსის ინექცია – ერთი ერთეული 20 ლარის ნაცვლად 10 ლარად! პროცედურას ატარებს კიევიდან მოწვეული ლიცენზირებული ექიმი კოსმეტოლოგ-დერმატოლოგი, ოლგა სავჩუკი.
პრეპარატი – Botox Allergan ( ამერიკული) აღიარებულია მსოფლიოში, როგორც უმაღლესი ხარისხის მქონე. „საგიტარიუსში“ ბოტოქსის შეფუთვა იხსნება ნებისმიერი მსურველის თვალწინ.
ბოტოქსი: ეს არის მიმიკური ნაოჭის გასწორების საუკეთესო და უსაფრთხო საშუალება. მისი ეფექტურობა თვალსაჩინო ხდება 2-4 დღეში, საბოლოო შედეგს 2 კვირაში აღწევს და ნარჩუნდება 6–8 თვემდე.
პროცედურა ტარდება 15-20 წუთის განმავლობაში უმტკივნეულოდ და ანესთეზიას არ საჭიროებს.
ჩასაწერად დაკვიკავშირდით: 571 79 79 29
მისამართი: ქ. ბათუმი, ზ.გორგილაძის ქ. №91; სამედიცინო ცენტრი „საგიტარიუსი“
აჭარის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა გრძელდება. საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი გთავაზობთ ინფორმაციას აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მხოლოდ სექტემბერში დასრულებული მნიშვნელოვანი პროექტების ნაწილის შესახებ.
ხიხაძირი-თხილვანა-ბაკო კმ0+350-კმ3+200 მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრთან ანზორ ბოლქვაძესთან, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან, აჭარის ა.რ. საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან რაულ ბერიძესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, საავტომობილო გზის ხიხაძირი-თხილვანა-ბაკო კმ2+900-კმ3+250 მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყო: ახალი ლითონის ხიდი სიგრძე – 13,4 მეტრი და სიგანე – 2,85 მეტრი; 2 ერთეული ბეტონის საყრდენი კედელი – 84 გრძ. მეტრი; გაბიონი – 368 გრძ. მეტრი.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 658 990 ლარს.
საავტომობილო გზის ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს კმ0+350-კმ3+200 მონაკვეთზე ასევე დასრულდა ორფენიანი ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 416 859 ლარი დაიხარჯა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყო: ლითონის მილი – 80 გრძ. მეტრი, რკინა ბეტონის კიუვეტი – 1070 გრძ. მეტრი, 10 ერთეული ბეტონის საყრდენი კედელი – 268 გრძ. მეტრი, 3 ერთეული ბეტონის პორტალური კედელი – 20 გრძ. მეტრი, ერთი ახალი ხიდი – 3,6 გრძ. მეტრი, 12 438 მ2 ასფალტბეტონის საფარი.
საავტომობილო გზის ხიხაძირი-თხილვანა-ბაკო კმ0+350-კმ3+200 მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, რაულ ბერიძემ, ქობულეთის მერთან მირიან ქათამაძესთან ერთად, ქობულეთში საავტომობილო გზის გვარა-შაინიძეების (ბასილაძეები) კმ0+000-კმ1+000 მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 287 977 ლარს.
პროექტის ფარგლებში მოეწყო რკინის მილი – 30 გრძ.მეტრი, 30 გრძ.მეტრი გოფრირებული მილი, 278 გრძ.მეტრი რკინა-ბეტონის კიუვეტი, 4272 მ2 ასფალტბეტონის საფარი.
გვარა-შაინიძეები(ბასილაძეები) კმ0+000-კმ1+000 მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში დასრულდა ნინოშვილის ქუჩის კმ0+000-კმ0+700 მონაკვეთის ასფალტბეტონის საფარით კეთილმოწყობის სამუშაოები.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 337 000 ლარს. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოეწყო: 4 ერთეული 49 გრძ.მეტრი ბეტონის საყრდენი კედელი, 30 გრძ.მეტრი გოფრირებული მილი, 452 გრძ.მეტრი რკინა-ბეტონის კიუვეტი, 5717 მ2 ასფალტბეტონის საფარი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სადაც ჩაქვი-ხალა-ჩაქვისთავის საავტომობილო გზის კმ12+000-კმ15+230 მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარი მოეწყო.
მისი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 1 233 532,67 ლარს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყო: სამი ახალი ხიდი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2 არსებულ ხიდს, 6 ერთეული 58 გრძ.მეტრი საყრდენი კედელი, 6 ერთეული 94 გრძ.მეტრი დამცავი გაბიონი, 179 გრძ.მეტრი ლითონის მილი, 282 გრძ.მეტრი რკინა ბეტონის კიუვეტი, 12548 მ2 ასფალტბეტონის საფარი.
დაბა ჩაქვი- ნინოშვილის ქუჩის კმ0+000-კმ0+700 მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
ქედის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზების ცხემნა-ძენწმანის კმ0+000-კმ1+500 და ძენწმანი-უკანტეხილის კმ0+000-კმ0+539 მონაკვეთებზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. მისი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 897 000 ლარს.
სამუშაოები საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა რაულ ბერიძემ, ქედის მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო: 4 ერთეული 161 გრძ. მეტრი საყრდენი კედელი, 1 ერთეული 12 გრძ. მეტრი დამცავი გაბიონი, 10 გრძ. მეტრი ლითონის მილი, 353 გრძ. მეტრი დამცავი ზღუდარი, 1500 გრძ. მეტრი რკინა-ბეტონის კიუვეტი და 2039 გრძ. მეტრი ასფალტბეტონის საფარი.
კვირიაული-ლაკლაკეთის კმ0+450 მონაკვეთზე ახალი ლითონის ხიდის მშენებლობა დასრულებულია
გასულ თვეშივე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, რაულ ბერიძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან, ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად, კვირიაული-ლაკლაკეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ახალი ლითონის ხიდის მშენებლობის დასრულებული სამუშაოები დათვალიერა. ხიდის სიგრძე 16 მეტრია, ხოლო სიგანე – 4 მეტრი.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 128 489 ლარს შეადგენდა.
საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირმა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ არ იცის როდის და როგორ გადაწყდება ბათუმის პორტში მდგარი ტვირთმზიდი გემის – „ალიქან კარტალის“ ეკიპაჟის ბედი. 6-კაციანი ეკიპაჟი გემთმფლობელისგან კუთვნილ ხელფასს 272-ე დღეა ელოდება.
“ბათუმელებმა” მეზღვაურთა პრობლემების შესახებ 25 სექტემბერს მოამზადა მასალა. ოფიციალური უწყებებიდან ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, გემთმფლობელი დავალიანების გასასტუმრებლად ვადას სექტემბრის ბოლომდე ითხოვდა. 5 ოქტომბრის მდგომარეობით, გემთმფლობელი ისევ ვადას ითხოვს და გაურკვეველია, როდის აპირებს დავალიანების გასტუმრებას.
გემის კაპიტანი თამაზ გოგიტიძეა, რომელმაც ყველა შესაძლო ორგანიზაციას მიმართა დახმარების თხოვნით. თუმცა, კუთვნილი ანაზღაურება ამ დრომდე არც მას და არც ეკიპაჟის სხვა წევრებს არ მიუღიათ.
„ათი დღე კიდევ მინდაო მფლობელმა. მაგათი დროის გადაწევა არ დამთავრდა. ვუყურებ, რომ საქართველო ვერ იცავს თავის მოქალაქეებს,” – უთხრა “ბათუმელებს” თამაზ გოგიტიძემ.
ეკიპაჟს საკვებითა და სხვა საჭირო ნივთებით მეზღვაურთა პროფკავშირები ეხმარება. პროფკავშირების ხელმძღვანელი ანატოლი ჯიჯავაძე ამბობს, რომ მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენეს, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტულ შედეგს ვერ მიაღწიეს. პროფკავშირებმა ეკიპაჟს ადვოკატები აუყვანა, რომლებმაც შრომითი უფლებების დარღვევაზე პროკურატურაში შეიტანეს საჩივარი. მოგვიანებით საქმე შსს-ს ტრეფიკინგთან ბრძოლის განყოფილებას გადაეცა. ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ შსს-მ ორივე მხარე – ეკიპაჟი და გემთმფლობელი გამოკითხა.
„ალიქან კარტალის“ ეკიპაჟი 7 წევრისგან შედგებოდა. გემზე საქართველოს 3, ინდოეთის 2, უკრაინის 1 და ირანის 1 მოქალაქე იმყოფებოდა. ირანის საკონსულოს ჩარევით ირანის მოქალაქემ გემი უკვე დატოვა და ირანში გაემგზავრა. ანატოლი ჯიჯავაძის თქმით, მათ შესაბამისი ქვეყნების საკონსულოებს მიაწოდეს ინფორმაცია, თუმცა ირანის საკონსულოს გარდა არავინ გამოხმაურებია.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, შექმნილ სიტუაციაში გამოსავალი გემის გაყიდვაა და მისგან მიღებული თანხით დავალიანების გასტუმრება. ეკიპაჟის ხელფასების გარდა გემთმფლობელს ბათუმის ნავსადგურის დავალიანებაც დაუგროვდა, რადგან გემი ბათუმის პორტში დგას. იმისთვის, რომ გემი გაიყიდოს, შესაბამისმა უწყებებმა ის უნდა დააპატიმროს. შემდეგ მიმართოს სასამართლოს და სასამართლოს გადაწყვეტილებით აუქციონზე გაიტანოს. გაყიდვის შედეგად მიღებული თანხით კი ეკიპაჟის და ნავსადგურის დავალიანება გაისტუმროს. თუმცა ეს პროცესი დროში გაწელილია.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საზღვაო დარგის ტექნიკურ რეგულირებას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ახორციელებს.
საქართველოს საზღვაო კოდექსის თანახმად, თუ გემთმფლობელს არ შესწევს უნარი ორგანიზაცია გაუკეთოს მეზღვაურის რეპატრიაციას და აანაზღაუროს ხარჯები, მაშინ ამ ვალდებულებას კისრულობს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანო, გაწეული ხარჯების გემთმფლობელისათვის შემდგომი გადახდევინებით.
ტყვიით მოწამვლა საყურადღებო სამედიცინო პრობლემაა. ტყვიით მოწამვლა ყველაზე საშიში და დამაზიანებელია 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რადგან ტყვია განვითარებად ტვინს მეტად აზიანებს.
საიდან ხვდება ტყვია ორგანიზმში?
ტყვია მეტალია და ბევრს ჰგონია, რომ მხოლოდ მეტალის ნივთებში გვხვდება. სინამდვილეში ტყვიას შეიძლება ნებისმიერი რამ შეიცავდეს, მაგალითად, მტვერი, კედლის საღებავი,სათამაშოები, ჭურჭელი, მიწა, სასმელი წყალი, ჰაერი და სხვა.
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერჯერობით გარემოს ტყვიით დაბინძურების კონტროლი და პრევენცია არ ხდება.
როგორ დგინდება ტყვიით მოწამვლა?
თუ ეჭვობთ, რომ ცხოვრობთ ტყვიით დაბინძურებულ გარემოში, სასურველია ბავშვს ჩაუტაროთ გამოკვლევა – სისხლში ტყვიის რაოდენობის განსაზღვრა. ეს ანალიზი შეიძლება ექიმმაც დაუნიშნოს საეჭვო სიმპტომების დროს.
თმაში ან სხვა მასალაში ტყვიის რაოდენობის განსაზღვრა ზუსტ შედეგს არ იძლევა.
ამ ეტაპზე ტყვიის დონის შეფასებისთვის ოქროს სტანდარტად მსოფლიოში აღიარებულია ტყვიის განსაზღვრა ვენურ სისხლში.
ლაბორატორია ,,მრჩეველში” ტყვიის კვლევა ხდება ვენურ სისხლში. აღებული მასალა იგზავნება ლიმბახის ცენტრალურ ლაბორატორიაში (ჰაიდელბერგი, გერმანია), სადაც სისხლში ტყვიის რაოდენობა ატომაბსორბციული სპექტროსკოპიის მეთოდით დგინდება. ანალიზის შედეგის კომენტირებული პასუხი გაიცემა მასალის აღებიდან 5-7 დღეში.
ტყვიის დონის განსაზღვრა ასევე შესაძლებელია ცხოველებში, საკვებ პროდუქტში და სხვა.
ვისთან არის სასურველი ტყვიის ანალიზის ჩატარება?
6 თვიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვები და ორსულები.
როდის არის რეკომენდებული ტყვიის ანალიზის ჩატარება?
[checklist]
ოჯახის წევრთან დადასტურებული ტყვიით მოწამვლის შემთხვევაში
ტყვიით მოწამვლაზე საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში
[/checklist]
ტყვიის ანალიზის შედეგების შეფასება:
[checklist]
შედეგი <20 მკგ/ლ – ტყვიის სრულიად უსაფრთხო მაჩვენებელი, დამატებითი კვლევები ან ღონისძიებები არ გჭირდებათ
შედეგი – 20 მკგ/ლ -49 მკგ/ლ – ტყვიის შედარებით უსაფრთხო მაჩვენებელი, გაიმეორეთ ტყვიის ანალიზი წელიწადში ერთხელ 6 წლის ასაკამდე (ტყვიის მატების ტენდენცია, რომ არ გამოგრჩეთ).
შედეგი ≥50 მკგ/ლ – მიმართეთ ექიმს. ექიმი დაგისვამთ კითხვებს საცხოვრებელი გარემოს, კვებისა და სიმპტომების თაობაზე. გასინჯავს ბავშვს და საჭიროების შემთხვევაში გირჩევთ დამატებითი ანალიზების ჩატარებას (განმეორებით ტყვიის განსაზღვრა, სისხლის საერთო ანალიზი, ფერიტინი, C რეაქტიული ცილა კალციუმი, ალბუმინი).
[/checklist]
[highlight color=”green”]შენიშვნა:[/highlight] აღნიშნული ინფორმაცია არ წარმოადენს ექიმის რეკომენდაციის ალტერნატივას. ,,მრჩეველის” პედიატრები მზად არიან გიპასუხონ ამ თემასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეკითხვაზე.
ბათუმში „ყინულის შადრევანი“, რომელიც გმირთა ხეივნის წინ, იუსტიციის სახლთან მდებარეობს, ფაქტობრივად იშლება – მონუმენტის მინის კონსტრუქციები ჩამოშლილია, კარგა ხანია არ მუშაობს განათება და აუზი.
„ყინულის შადრევნის“ მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოა. სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მხოლოდ მასალისთვის, რითაც მონუმენტია აშენებული, 300 000 ლარია საჭირო.
„ვმუშაობთ ხარჯთაღრიცხვაზე, თუ რა თანხა დასჭირდება მონუმენტის აღდგენას. ამ დროისთვის მხოლოდ შესაბამისი მასალის ფასი გვაქვს დაახლოებით დადგენილი. არსებული კონსტრუქცია გვინდა უფრო მყარი და ხარისხიანი მასალით ჩავანაცვლოთ. საჭირო იქნება ლაზერული განათების მოწყობა, აუზის ამუშავება, თუმცა, ქვემოთ მოწყობილ მარმარილოს ალბათ არ შევეხებით… დეტალებზე ვმუშაობთ,“ – გვითხრა სამმართველოს ხელმძღვანელმა სულხან ევგენიძემ.
შეიცვლება თუ არა მონუმენტის ვიზუალი და ვრცელდება თუ არა მასზე საავტორო უფლება? – როგორც სულხან ევგენიძე ამბობს, ამ კუთხით სპეციალისტებს ჩართავენ: „რაც შეეხება საავტორო უფლებას, ეს მონუმენტი თავის დროზე ესპანელების მიერ დაპროექტდა, ამოვიღებთ ხელშეკრულებას, ვნახავთ პირობებს და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ“.
„ყინულის შადრევანი“ ბათუმში / 5.10.2018 / გურამ მურვანიძის ფოტოები„ყინულის შადრევანი“ ბათუმში – მინის დეტალები ჩამოშლილია
დაზიანებულ მონუმენტთან სასრიალო მოედანიცაა დაზიანებული ღობით. სულხან ევგენიძის ინფორმაციით იგეგმება ამ მოედნის გაუქმება.
სასრიალო მოედანი გმირთა ხეივანში, რომელსაც მერია აუქმებს
გმირთა ხეივანში ნაგვის ურნები დღემდე არ არის განთავსებული.
„გვაქვს ახალი სკამების, ასევე ნაგვის ურნების ესკიზები, გვინდა მეტი გამწვანების შეტანაც… ვფიქრობთ, ეს ყველაფერი, მონუმენტის რეაბილიტაცია და სასრიალო მოედნის დემონტაჟიც, გავაერთიანოთ და ისე გამოვაცხადოთ ტენდერი“ – აცხადებს სულხან ევგენიძე. მისივე თქმით, მოხერხდება თუ არა ეს 2019 წლისთვის არ იცის: „ბევრი თანხა გვაქვს მოთხოვნილი მომავალი წლისთვის და რამდენით დაგვაფინანსებენ, ვერ გეტყვით“.
საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთში, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ლატვიისა და ავსტრიის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები დანიშნა.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა იქნება. იგი 2014 წლიდან 2018 წლის ოქტომბრამდე საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OIC) კი, საქართველოს წარმომადგენლის პოზიციას იკავებდა.
იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს ელჩი ზაზა კანდელაკი იქნება. კანდელაკი 2013 წლის მარტიდან 2018 წლის ოქტომბრამდე უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო.
ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი თეა მაისურაძე იქნება, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი იყო.
ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობებზე, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დავით დონდუა დაინიშნა, რომელიც აქამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.
საქართველოს პრეზიდენტი ახალ ელჩებს დღეს, 5 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა.
„ღამის თორმეტი იქნებოდა, როცა მოვიდა. ვუთხარი, სახლში არ გიშვებ-მეთქი და ბოქლომი კიდევ ერთხელ შევამოწმე, ჩაკეტილი ხომ არის-მეთქი. ჯერ ჩუმად იდგა, მერე პირდაპირ ყვირილი დაიწყო, რამდენ ხანს უნდა ვიყო გარეთო… ვუთხარი, პოლიციელებმა ხომ გაგაფრთხილეს, დედას არ უნდა მიუახლოვდეო. მერე უცებ ეს ფანჯარა შემოამტვრია და შემოვიდა, ხელი მიმკრა, გაზქურას წამოვედე და წავიქეცი… მაგინებდა, მაგიდიდან წითელი დანა აიღო და ყელში გამომისვა, ორჯერ გამომისვა დანა ჩემმა შვილმა,“ – გვიყვება 55 წლის ციალა [სტატიაში სახელები შეცვლილია].
რამდენიმე დღის წინ, 28 სექტემბერს, ბათუმში დედა 22 წლის შვილმა სასიკვდილოდ გაიმეტა. ციალა საავადმყოფოდან გუშინ გამოწერეს.
პირველ ოქტომბერს დედის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ბიჭს -კახა კ.-ს ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ ეს არ იყო დედაზე ძალადობის პირველი შემთხვევა. 6 სექტემბერს იმავე სასამართლომ კახას დედაზე ფიზიკური ძალადობისთვის პირობითი მსჯავრი შეუფარდა. მაშინ დედას – ციალა კ.-ს უთხოვია პროკურატურისთვის, შვილი ციხეში არ ჩაესვათ.
დაჭრილი დედა: შვილს ვერაფერი ვუშველე, ვერ გადავარჩინე
„არც სასამართლო მინდა, აღარც კანონები, აღარც ვინმეს ადამიანობა,“ – ამბობს ციალა. იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და გადაადგილება უჭირს. სახლში, სადაც დედა-შვილი აქამდე ცხოვრობდა, მძიმე პირობებია: მიწური, ნესტის მძაფრი სუნი, უწყლობა…
„მერვე წელია აქ ვცხოვრობ… ნაქირავებია, მაგრამ ფული როცა მაქვს, მაშინ ვიხდი, თვეში 50 ლარს. მარტოხელა დედა ვარ ქობულეთიდან. კახა რაც გაჩნდა, მეგონა, დასრულდა წვალება და ცა გაიხსნა-მეთქი. იცით, რა ლამაზი ბავშვი იყო? არსად მასეთი ლამაზი ბაღანა არ დადიოდა, ზღაპარი იყო. ვერ შევძელი მარტო გაზრდა, მიჭირდა, თავშესაფარში მივაბარე. ხშირად ვაკითხავდი, საჭმელი მიმქონდა, ჩემთანაც მომყავდა… სკოლას მალე მიანება თავი, მერე ოჯახური ტიპის სახლში გადაიყვანეს, იქედან რამდენჯერმე გამოიქცა და ჩემთან მოვიდა, აქ მინდა მეო.
არაფერს აკეთებდა, არაფრის გაკეთება უნდოდა. ტოტალიზატორებში თამაშს მიეჩვია და თანდათან, ყოველდღე ფულს მთხოვდა. მე მხოლოდ დაავადების გამო პენსიას მაძლევენ და სოციალურ დახმარებას, უფასო სასადილოდან მოგვაქვს საჭმელი. ხან 10 ლარს მთხოვდა, ხან 20 ლარს. იმ დღესაც 15 ლარი მივეცი ღმერთს გეფიცები.
ხან იგებდა, ხან – აგებდა, როგორც არის. ერთხელ 50 ლარი მაჩუქა. მეორე დღეს მომთხოვა, გინდა თუ არა, უნდა დამიბრუნოო. დახარჯული მქონდა ფული, სად ვნახავდი? ხელი მკრა და სკამიდან გადამაგდო. ახლაც მტკივა ფეხი. ვკიოდი და მეზობლებმა პოლიციაში დარეკეს. დაიჭირეს. ციხიდან დამირეკა, არ გეცოდებიო? მთელი ბავშვობა სად მამყოფე და ახლა კიდევ სად ვარო. მერე მე ვუთხარი პოლიციელებს, არ მინდა მაგის ციხეში ყოფნა, გამოვიდეს და სადაც უნდა იქ იცხოვროს, მე თავი დამანებოს-მეთქი. გამოუშვეს. გამოუშვეს და ეს მოხდა, მაინც არ დამანება თავი.
ჩემ ამბამდე ქუჩაში გაუძარცვავს ვიღაც ქალი, ტელეფონი წაართვა თურმე. მაგაზეც იჯდა ციხეში და მერე გამოუშვეს, ვერაფერი ვუშველე. ვეუბნებოდი, შენ თუ მუშაობა არ გინდა, მე გავალ ქუჩაში, სადმე დავჯდები და ვიმათხოვრებ-მეთქი. მე ეს მირჩევნია ქურდობას… არაფერი აკლდა: საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი. სასადილოდან ჩემთვის საჭმლის მოტანაც ეზარებოდა. ერთი მეგობარი მყავს – ნოდარი და იმას მოჰქონდა საჭმელი.
ბოლოს ნოდარზეც ეჭვიანობდა, თქვენ აქ ერთად ხართ, ჭამთ და მე გარეთ უნდა ვიყოო. იმ ღამესაც, დანა რომ დამარტყა ყელში, ნოდარი ახალი წასული იყო. არ ვიცი, როგორ მოვისაზრე: ყელში მივიჭირე ხელი, რომ სისხლისგან არ დავცლილიყავი, მერე აღარ მახსოვს…
საავადმყოფოში პოლიციელებმა თქვეს, რომ თქვენი ტელეფონიდან შემოვიდა ინფორმაციაო. მე არ დამირეკავს და არ ვიცი, ალბათ, მეზობელმა დარეკა იმ დღეს.
ყველას უკვირდა საავადმყოფოში ჩემი გადარჩენა. დაცვის ბიჭმაც მომილოცა. ვუთხარი, მე და ღმერთი ერთად დავდივართ-მეთქი.“
„ჯერ ჯგუფურად გამაუპატიურეს, მერე ფსიქიატრიულში მოთავსებას მიპირებდნენ“
„მე ჯგუფურად გამაუპატიურეს ადრე,“ – თქვა მან პაუზის შემდეგ, როცა შვილზე საუბარი დაასრულა, მიწურს ხელჯოხი რამდენჯერმე წრიულად მოუსვა და ჩაფიქრებულმა განაგრძო, რომ ამ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი – შიში დაამარცხა.
„მოგიყვებით, ეს 1994 წლის ამბავია,“ – დაიწყო და თან საწოლზე მიყრილი კარტის ჩალაგება წამოიწყო:
„იმ პერიოდში ხან ერთ ახლობელთან ვიყავი, ხან – მეორესთან. ხან სოფელში ვეხმარებოდი ნათესავებს და ისინი მჩუქნიდნენ ფულს, ხან ქალაქში – კაფეში ვმუშაობდი. ერთ დღეს მოტყუებით წამიყვანა ახლობელმა მანქანით ვითომ საქმეზე და ადლიაში ჯგუფურად გამაუპატიურეს, პოლიციელიც მონაწილეობდა ამაში. იმ ღამით იმ შენობის მესამე სართულიდან გადმოვხტი, ეგონათ, რომ მოვკვდი. ხელ-ფეხი მოვიტეხე, ამიტომაც მაქვს ეს [შშმ პირის] სტატუსი დღეს.
საავადმყოფოდან პოლიცია გამოვიძახე, მაგრამ ხომ იცით, რა დრო იყო მაშინ. ყველას ვუჩივლე, მაგრამ დასჯა ვინმეს არ უნდოდა. იძახდნენ, ეს ქალი გიჟია და გვიგონებს რაღაცებსო. ვიდრე საავადმყოფოდან გამომწერდნენ, ფსიქიატრიულის ექიმი მოვიდა და მეკითხება, ჭას რომ ჩასძახო, რა ხმას გაიგონებო. ვუთხარი, ჭას რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს-მეთქი. არაა ეს ქალი გიჟიო, გადახედა სხვებს და მხრები აიჩეჩა.
საავადმყოფოდან როცა გამოვედი, პირდაპირ ფსიქიატრიულის დირექტორთან მივედი. ვუთხარი, ვიცი, რასაც აპირებთ და თუ აქ მომათავსებენ, ჩემი ხელით მოგკლავ-მეთქი. მერე მიგზავნიდნენ ხალხს, ჩვენ გარჩენთ მთელი ცხოვრება და დაგვანებე თავიო. ბოლოს შევცვალე ჩვენება და ვთქვი, რომ ჩემი ნებით მოხდა ყველაფერი.
ამ შემთხვევიდან ორი წლის შემდეგ გავაჩინე კახა. დიმას ცოლად არ გავყოლივარ, ისე მინდოდა შვილი და გავაჩინე.
დიმამდე გათხოვილი ვიყავი, ქმარი მყავდა, მაგრამ იქ შვილი არ გამჩენია. ჩემი ქმარი ფსიქიატრიულში მოხვდა და თავი ჩამოიხრჩო, მე ოჯახიდან წამოვედი.
მიკვირს, რომ არასდროს ვამბობ სიცოცხლეზე უარს, სულ მიხარია რაღაც… ახლაც მგონია, რომ კარგად ვიქნები, ფეხზე დავდგები. აი, ამ საღამოსაც ნოდარი გამოივლის, კარტს ვითამაშებთ. არა, კარტს გავშლი და ვუმკითხავებ,“ – დაასრულა მან ღიმილით და კატა აიყვანა ხელში.
„ეს მიყვარს მე. მეზობელი მიყვებოდა წაღან, საავადმყოფოში როცა იწექი, სულ აქეთ-იქეთ მოუსვენრად დადიოდაო, ვენატრებოდი…“
რამდენი ქალი მოკლეს წელს
რამდენი ქალი მოკლეს წელს, სამართალდამცავ უწყებებს ჯერ ამ წლის სტატისტიკა არ გამოუქვეყნებიათ. პროკურატურის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში 12 ქალი მოკლა ოჯახის წევრმა, 2016 წელს – 13, 2015 წელს – 7, 2014 წელს – 12.
სახალხო დამცველის მონაცემებით, 2015 წელს სულ 18 ქალი მოკლეს, 2016 წელს – 32, ხოლო გასულ წელს – 26.
ქალთა მკვლელობების, ან მკვლელობის მცდელობის დროს ისევ აქტიურდება კითხვა: რა შეიცვლებოდა, თუკი პარლამენტი მიიღებდა კანონს ფემიციდის შესახებ. ეს გენდერული ნიშნით მოტივირებულ ქალთა განზრახ მკვლელობის დასჯას გულისხმობს.
2016 წლის 10 ივნისს ფემიციდის შესახებ კანონპროექტიორი ხმით ჩავარდა. მას მხარი 48 დეპუტატმა დაუჭირა 1-ის წინააღმდეგ, როცა დასამტკიცებლად საჭირო იყო 50 ხმა.
პარლამენტს ფემიციდის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით “რესპუბლიკელებმა” 2017 წლის იანვარშიც მიმართეს. ცვლილებები ასევე მოიცავდა გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების დამამძიმებელ გარემოებად აღიარებას. თამარ კორძაიასა და თამარ ხიდაშელის მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტი სისხლის სამართლის კოდექსში ითვალისწინებდა ფემიციდისთვის ცალკე დანაშაულის კატეგორიის მინიჭებას.
ფანჯარა, საიდანაც მკვლელობის მცდელობის ღამეს ბიჭი დედის საცხოვრებელ ბინაში შევიდა.
სტატია მომზადებულია ქალთა წინააღმდეგ ძალადობის მონიტორინგის პროექტის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“. პროექტის პარტნიორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით, პედაგოგებს, რომლებმაც უარყოფითი შეფასება მიიღეს გარე დაკვირვებაში და სურვილი აქვთ ხელმეორედ გაიარონ ის, ხელახალი რეგისტრაციის უფლება მიეცემათ მომდევნო სასწავლო წელს.
ცენტრის ინფორმაციით, გარე დაკვირვებაზე პირველი რეგისტრაცია არის უფასო, ხოლო „იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი წარმატებით ვერ გაივლის გარე დაკვირვებას, მეორე და ყოველი შემდგომი რეგისტრაციის გამოცხადებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის საფასური შეადგენს 50 ლარს“.
2018 წლის 2 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობს გარე დაკვირვების რეგისტრაცია.
ხელმეორედ რეგისტრაციის მსურველებმა თანხა უნდა ჩარიცხონ მასწავლებელთა პროფესიული განავითარების ეროვნული ცენტრის ანგარიშზე და გადახდის ქვითარი გააგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: garedakvirveba@tpdc.ge
„აჭარის ტელევიზიის“ ბორდის წევრობის კანდიდატს კომისია შეარჩევს, სადაც ხუთი კაცი წევრიდან მხოლოდ ერთს აქვს მედიაში მუშაობის გამოცდილება. საკონკურსო კომისიის უმაღლესმა საბჭომ შეარჩია. ამ კომისიამ საბჭოს შესარჩევად ბორდის წევრობის მინიმუმ სამი კანდიდატი უნდა შესთავაზოს.
საკონკურსო კომისიაში მედიაგამოცდილების მქონე მხოლოდ სოსო სტურუაა. ის „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორად მუშაობდა. ამჟამად სოსო სტურუა აჭარის მუზეუმის დირექტორის მოადგილე.
კომისიის წევრები ასევე არიან: ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, იურისტი ადამ მახარაძე; სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე და დამოუკიდებელ ექსპერტთა კავშირის თავმჯდომარე ასლან ლორთქიფანიძე; „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლორთქიფანიძე და ერმილე მესხია – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი.
ნინო ჩხეტია, უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დეპუტატებს მედიის მიმართულებით სხვა კანდიდატი არ მოუძებნიათ და არჩევანი სოსო სტურუაზე გააკეთეს, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ყოფილ დირექტორზე. ნინო ჩხეტია განმარტავს, რომ საკონკურსო კომისიის წევრები სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების მიხედვით შეარჩიეს, რადგან „ტელევიზია არ არის მხოლოდ საინფორმაციო სამსახური, როგორც ეს ხშირად ჰგონიათ.“
საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ განკარგულებას დავით გაბაიძე აწერს ხელს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. გადაწყვეტილების მიღებამდე დავით გაბაიძეს კონსულტაციები ფრაქციებთან გაუვლია, მათ შორის, ოპოზიციასთან.
„ოპოზიციასთანაც ჰქონდა საუბარი დავით გაბაიძეს, მათ არც მოსწონებიათ ვინმე და არც დაუწუნიათ – თავისი კანდიდატი არ წარმოუდგენიათ. მედიის მიმართულების გარდა, ჩავთვალეთ, რომ კომისიაში უნდა ყოფილიყო იურისტი, რადგან კანდიდატის შერჩევის პროცესში ხშირად კამათის საგანია შრომის და სტაჟის შეფასება. ტელევიზიას აქვს ასევე შემოქმედებითი ნაწილი და ამ მიმართულებით ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორზე შევთანხმდით. საზოგადოების ჩართულობის კუთხით იყო ასლან ლორთქიფანიძე დასახელებული და ამ მიმართულებითაც იყო თანხმობა, მას საკმაოდ პრინციპული პოზიციები ჰქონდა წლების განმავლობაში. ხოლო „დემოკრატიის ინსტიტუტს“ ყოველთვის ჰქონდა თავისი პოზიცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით,“ – გვითხრა ნინო ჩხეტიამ.
„აჭარის ტელევიზიის“ ბორდის წევრობა 11 პირს სურს. ისინი გასაუბრებაზე საკონკურსო კომისიამ 13 ოქტომბრისთვის დაიბარა. გასაუბრების შედეგად შეარჩევს კომისია ბორდის წევრობის კანდიდატებს და უმაღლეს საბჭოს წარუდგენს, რომელიც მათგან ერთ პირს შეარჩევს.
ბორდში ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, როცა ზაზა ხალვაშმა თანამდებობა დატოვა – 2016 წლის მაისში. ორი წლის განმავლობაში უმაღლეს საბჭოს კონკურსი ბორდის წევრის შესარჩევად არ გამოუცხადებია.
„აჭარის ტელევიზიის“ ბორდის წევრობის კანდიდატები არიან:
გამოცხადდა HMC-ის კონკურსი მოსწავლეებისთვის დიდ ბრიტანეთში სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად.
პროექტი ქართველ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, განათლება მიიღონ ბრიტანეთის კერძო წამყვან სკოლებში. სკოლაში სწავლისას მოსწავლეები მოემზადებიან A LEVEL- ის გამოცდებისთვის და ჩაერთვებიან დამატებით არასასკოლო აქტივობებში.
წარმატებული კანდიდატები დაფინანსდებიან 35-40 ათასი ფუნტი სტერლინგით. პროექტი სრულად ფარავს სწავლის, კვებისა და მოსწავლის ცხოვრების ხარჯებს.
აპლიკანტების შერჩევა ხდება ტესტირების, აკადემიური მოსწრების, მასწავლებლების დახასიათებისა და ინტერვიუს საფუძველზე, სადაც კანდიდატებმა უნდა გამოავლინონ ადაპტაციის უნარი და ლიდერობის პოტენციალი.
პროექტის ორგანიზატორთა ინფორმაციით, HMC-ის სტიპენდიის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლე სწავლობს პრესტიჟულ კერძო სკოლაში, ცხოვრობს სკოლის საერთო საცხოვრებელში, მოსწავლე სარგებლობს სკოლისა და სახლის ექიმის მომსახურებით. მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს ბრიტანულ კულტურას და გაიღრმავოს ინგლისური ენის ცოდნა.
აპლიკაციები მიიღება იმ მოსწავლეებისგან, რომლებიც 2019 წლის პირველი სექტემბრისთვის იქნებიან 16 წლის და არ აღემატებიან 17.6 წელს. ოჯახის წლიური შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 30 ათას ფუნტ-სტერლინგს.
რეგისტრაცია გრძელდება 2018 წლის 20 ნოემბრამდე. რეგისტრაციის საფასურია 70 ფუნტი-სტერლინგი.
სტიპენდია არ ფარავს ადმინისტრაციულ, მგზავრობისა და ვიზის ხარჯებს.
„ამერიკის ვიზის მისაღებად 2 წლის წინ 20 ათასი დოლარი გადავიხადე, მომატყუეს,“ – ამბობს მოქალაქე მირზა მანველიძე. მან დღეს საპროტესტო აქცია პოლიციის აჭარის სამმართველოს შენობასთან გამართა და დამნაშავის დაკავება მოითხოვა.
მოქალაქის თქმით, თაღლითობის მუხლით გამოძიება ორი წლის წინ დაიწყო, თუმცა ამ დრომდე მას არც თანხა დაუბრუნეს და არც ვინმე დაუკავებიათ.
„ის ადამიანი, ვისაც ფული მივეცი, ისევ ბათუმშია, გუშინ ვესაუბრე. მითხრა, არ გიბრუნებ ფულსო… უკვე ყველაფერი გამოძიებულია, მაგრამ არაფერს აკეთებენ. ამ კაცს ფული მივეცი, რადგან ისე ამერიკის ვიზის მიღება ძნელია, იქ უნდა მემუშავა,“ – ამბობს მირზა მანველიძე.
მოქალაქე ასევე ამბობს, რომ გამომძიებელს რამდენიმე თვის წინ ესაუბრა და უთხრეს, რომ ძიება ამ საქმეზე დასრულებულია.
მირზა მანველიძეს პოლიციის სამმართველოში ამ დრომდე არავინ შეხვედრია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსცენტრის ინფორმაციით, ამ საქმის გამოძიება მიმდინარეობს და იგი არ დასრულებულა.
ქობულეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრი გაიხსნა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით არის აგებული. ცენტრი აღჭურვილია საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. გათვალისწინებულია სივრცე სამედიცინო სახარჯი მასალისა და სხვა ტექნიკური ინვენტარისთვის.
შენობის გარე პერიმეტრზე განთავსდება ავტოპარკი.
როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ახალი ცენტრის გახსნაზე აღნიშნა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა მაღალმთიან აჭარაშიც იგეგმება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 5 ოქტომბერს, ბათუმში ძირითადად შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი, ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ღამითაც. შაბათს კი, 6 ოქტომბერს, გამოიდარებს და ორი დღის განმავლობაში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 15 – 20 გრადუსი
ღამით: 12 – 17 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 7– 12 გრადუსი
ღამით: 0 – 5 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
ზღვის წყლის ტემპერატურა 20,5 გრადუსია. ტალღის სიმაღლე 7-12დმ (2-3 ბალი).
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის პირველი სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 293 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 26 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.
„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 98 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 58 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში – 28 ფაქტი, გურიაში – 3, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 8.
აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 9 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში – 1 ფაქტი, შიდა ქართლში – 20, ქვემო ქართლის მასშტაბით – 24 ფაქტი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 44 ფაქტი დაფიქსირდა.
მთლიანობაში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 13,900 მ3-მდე ხე-ტყე“-აცხადებენ გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტში.
მათივე ინფორმაციით, ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 29 ფაქტი გამოვლინდა და ამოღებულია სამი ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.
„მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი“.
სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“, რომელიც დღეს, 5 ოქტომბერს უნდა გახსნილიყო ბათუმში, ევროპის მოედანზე, კოკისპირული წვიმის გამო გადაიდო.
როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში გვითხრეს, ფესტივალი ხვალ, 6 ოქტომბერს, 16 საათზე გაიხსნება ევროპის მოედანზე და ორი დღის განმავლობაში, 6-7 ოქტომბერს გაგრძელდება.
ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების -„ბერმუხა“, „ელესა“, „ხორუმი“, „ათძალი“, „კოლხა“ , „მაჭახელა“, „ქობულეთი“, „ფესვებისა“ და „შუახევის“ ფოლკლორულ წარმოდგენებს დაესწრონ. 6 ოქტომბერს, დღის ბოლოს, ევროპის მოედანზე ბენდები: „ასეა სულ“ და „ლურჯი იალქანი“ დაუკრავენ. 7 ოქტომბერს ფესტივალი ზვიად ბოლქვაძის, სოფო ბათილაშვილისა და ბენდ „ნიუტონის“ მუსიკალური ნომრებით დაიხურება.
გარდა ამისა, ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ მხიარულ შეჯიბრებებსა და მასტერკლასებში: განდაგანას ცეკვისა და კულინარიული მასტერკლასი, ჩურჩხელის ამოვლება, ჭაჭის გამოხდა, სოფლის ბოულინგი გოგრებით, შეშის დაჩეხვა, სინორისა და ბორანოს მომზადება. ფესტივალის ბოლო დღეს გაიმართება ყურძნის დაწურვის ტრადიციული ცერემონიაც.
სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა “აჭარაში 2015 წლიდან იმართება და მისი მიზანი მთიანი აჭარის პოპულარიზაციაა.
დღეს, 5 ოქტომბერს, ბათუმი-ქობულეთის გზაზე სამგზავრო ავტობუსი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
ავტობუსი ბათუმი-ქობულეთის სამარშრუტო ხაზზე მოძრაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვითაა დაწყებული, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ 2018 წელს სტაჟირების პროგრამა პირველად იქნება ანაზღაურებადი. პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ უმაღლესი იურიდიული და ეკონომიკური განათლების მქონე პირებს. სტაჟიორები მიიღებიან ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე თბილისსა და რეგიონებში არსებულ ოფისებში.
„პროგრამა საუკეთესო შესაძლებლობაა იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურს პროფესიული საქმიანობა და კარიერა დაუკავშიროს საგამოძიებო სამსახურს – სამართალდამცავ უწყებას, რომელიც ქვეყანაში საფინანსო-ეკონომიკურ დანაშაულს ებრძვის,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია და განაცხადების ელექტრონულად შევსება 4 ოქტომბრიდან – 14 ოქტომბრის ჩათვლით შესაძლებელია საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე მითითებულ სპეციალურ ველში – „სტაჟირება საგამოძიებო სამსახურში“.
სტაჟიორების მიღება მოხდება კონკურსის წესით სამ ეტაპად – პროფესიული ტესტირება, ზოგადი უნარები და გასაუბრება. კონკურსის შედეგად შერჩეული სტაჟიორები ექვსთვიან თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსს გაივლიან. კურსის დასრულების შემდეგ, წარმატებული სტაჟიორები საგამოძიებო სამსახურში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე დასაქმდებიან.
„პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორები თეორიულ მეცადინეობას, სპეციალურად მათთვის შემუშავებული პროგრამის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, ხოლო პრაქტიკული სწავლების ეტაპს საგამოძიებო სამსახურის თბილისის და რეგიონულ ოფისებში გაივლიან. ისინი დეტალურად გაეცნობიან ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებულ კანონმდებლობას და ყველა ძირითად საერთაშორისო „გაიდლაინს“, ასევე საგამოძიებო უწყების საქმიანობის ძირითად ამოცანებს და მუშაობის სპეციფიკას.“ – აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის, 7 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, არის 3 459 031. აქედან აჭარის 6 საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულია 308 848 ამომრჩეველი.
ამომრჩევლების რაოდენობა აჭარაში ოლქების მიხედვით:
წყარო: ცესკო
ბათუმის N79 ოლქის ინფორმაციით, ამომრჩევლებს 10 ოქტომბრამდე აქვთ ვადა გადაამოწმონ საკუთარი თავი საარჩევნო სიებში და საჭიროების შემთხვევაში [სიაში არარსებობის, ფაქტობრივი ადგილმდებარეობის, რეგისტრაციის შეცვლის და სხვ.] მიმართონ შესაბამის საუბნო კომისიებს.
ოლქებში სიებთან დაკავშირებით განცხადებების განხილვის ბოლო ვადა 12 ოქტომბერია, რის შემდეგაც განცხადებების განხილვა [ასეთის არსებობის შემთხვევაში] უკვე სასამართლოში გადადის.
მთავარი ფოტო: ამომრჩეველთა სია საარჩევნო უბანზე / ფოტო არქივიდან
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ბათუმში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საქმე ისაა, რომ გუშინ, 3 ოქტომბერს, ბათუმში, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში გამართული ყრილობის მონაწილეებს მსოფლიო რუკა დაურიგეს, რომელზეც საქართველო ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების გარეშე იყო დატანილი. როგორც ცნობილი გახდა, გასაშლელი რუკა რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკის [ხანტი-მანსის ავტონომიური ოკრუგისცენტრი]. დელეგაციის მიერ დარიგებულ სასაჩუქრე ჩანთებში აღმოჩნდა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით მასპინძელმა – საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ განცხადება დღეს, 4 ოქტომბერს, ანუ მას შემდეგ გაავრცელა, რაც „ბათუმელებმა“ გააშუქა ეს საკითხი.
ჭადრაკის ფედერაციის განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:
„ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ ყრილობას, სადაც FIDE-ს პრეზიდენტი აირჩიეს, ხანტი-მანსიისკიდან დელეგაციაც ესწრებოდა. ოლიმპიადის მოხალისეებმა მათ მიერ დარიგებულ სასაჩუქრე ჩანთებში სუვენირებთან ერთად აღმოაჩინეს მინიატურული ზომის გასაშლელი რუკა, სადაც საქართველო აფხაზეთის და ცხივანლის რეგიონის გარეშეა. მოხალისეებმა ფაქტი საორგანიზაციო კომიტეტს აცნობეს. საორგანიზაციო კომიტეტმა მყისიერად მიიღო შესაბამისი ზომები სასაჩუქრე ნაკრებებიდან აღნიშნული რუკის ამოღების მიზნით.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას მიუღებლად მიაჩნია, სპორტულ ღონისძიებაზე პოლიტიკური ელემენტების შემოტანა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვას”.
ბათუმის სპორტის სასახლეში 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა 24 სექტემბერს დაიწყო. მასში 180 ქვეყნის 4000-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს.
მთავარი ფოტო: სეირან ბაროიანი/მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ოფიციალური ფეისბუქგვერდიდან
დღეს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“ პირველკურსელებმა ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს. ღონისძიება ტრადიციული მოწყობით, დროშების აღმართვით და საქართველოს ჰიმნის შესრულებით წარიმართა.
კურსანტებს სიტყვით მიმართა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თაკო იოსელიანმა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „ანრის“ მატერიალური თუ ტექნიკური ბაზის და განათლების ხარისხს. კურსანტებს კარგი სწავლა და კარიერაში წარმატებები უსურვა.
„ანრის“ პირველკურსელებმა ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს
ზოგადად, „ანრის“ განათლების სფეროში აქტიურ ჩართულობას გაუსვა ხაზი საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების გაერთიანების ასოციაციის წარმომადგენელმა მიხეილ დვალიშვილმა. მან აღნიშნა, რომ „ანრის“ რექტორატი და უშუალოდ, რექტორი ანზორ დიასამიძე, აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო პროფილის ასოციაციებთან და არის ბევრი ინიციატივის ავტორი, „რაც გვეხმარება ახალი კანონპროექტებისა და პრაქტიკული ცვლილებების ინიცირებაში“.
„ანრის“ პირველკურსელებმა ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს
საზღვაო სასწავლებელმა წელს 100-პროცენტიანი ზრდით დაიწყო სასწავლო წელი. საზეიმო ვითარებაში ფიცი 60-მა კურსანტმა დადო. ეს კი საზღვაო განათლების პოპულარიზაციასთან ერთად „ანრიში“ მომზადებული კადრების მაღალმა პროფესიონალიზმმაც განაპირობა. „ანრის“ კურსდამთავრებულთა 80 პროცენტი დასაქმებულია პროფილის მიხედვით.
„ანრის“ პირველკურსელებმა ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს„ანრის“ პირველკურსელებმა ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს„ანრის“ პირველკურსელებმა ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს„ანრის“ პირველკურსელებმა ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, როგორც სახანძრო სამსახურში გვითხრეს, ადგილზე გარდაიცვალა ერთი პირი – მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი, ერთი კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებდნენ, რომ კლინიკაში შეყვანილ 30-წლამდე ქალს სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები ჰქონდა.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, საავადმყოფოში ასევე გადაიყვანეს ორი დაშავებული, რომელთაგან ერთი მძიმე მდგომარეობაში იყო.
ავარიის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა მსუბუქ ავტომანქანას, თუმცა მეხანძრეების თქმით, ის მათ მისვლამდე მოქალაქეებმა ცეცხლმაქრობებით ჩააქრეს.
საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.
დღეს, სალომე ზურაბიშვილი კახეთის რეგიონში საგარეჯოში, გურჯაანში და ყვარელში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება.
„ძალიან თბილი, სასიამოვნო და საინტერესო შეხვედრები გვაქვს. დღეს, საგარეჯოში ვისაუბრე იმ ძალიან დიდ წარმატებაზე, რასაც წარმოადგენს ქართული მეღვინეობა, რომელიც ამდენი წელია ვითარდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სამაგალითო სხვა რეგიონისთვის თუ როგორ შეიძლება იყოს აღორძინებული რომელიმე დარგი და წარმატებული თუნდაც საზღვარგარეთ. ასევე, ვისაუბრეთ კულტურის თემაზე. აქ არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი თეატრი, რომელსაც ნამდვილად სჭირდება მხარდაჭერა და მე ამის პრეზიდენტი ვიქნები, როგორც ბევრი სხვა უფლებების დამცველი, მაგრამ ეს კულტურა არის ის, რაც ჩვენთვის არის ბევრად მეტი, ეს არის ჩვენი ღერძი, ჩვენი იდენტობა და უნდა მივხედოთ კიდევ უფრო აქტიურად“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეხვედრას კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დაესწრნენ.
„ბათუმი – ქალაქი, რომელიც გენგეგმის გარეშე შენდება“, – ამ სათაურით „ბათუმელებმა“ სტატია 4 წლის წინ, 2014 წელს გამოაქვეყნა. იგივე სათაური შეიძლებოდა დაგვერქვა სტატიისთვის ახლაც – ბათუმს გენგეგმა დღესაც არ აქვს.
3 ოქტომბერს საზოგადოებმა „ბათომმა“ საპროტესტო აქცია დააანონსა ქალაქის ჩაბეტონების წინააღმდეგ. ორგანიზაცია სასამართლო დავასაც აპირებს მერიის წინააღმდეგ. ლაშა კომახიძის მერობის პირობებშიც გაურკვეველია, როდის ექნება ქალაქს განაშენიანების გენერალური გეგმა. საუბარია სამართლებრივ დოკუმენტზე, რომელსაც ქალაქის მთავრობა დაეყრდნობა ქალაქის ამა თუ იმ ადგილას ახალი მშენებლობის დროს. სპეციალისტების განმარტებით, მშენებლობის პროცესი არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ კონკრეტული პირების გადაწყვეტილებაზე.
ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმა რამდენიმე დოკუმენტს აერთიანებს: მიწათსარგებლობის გეგმას, ისტორიულ განაშენიანებას, სივრცით მოწყობას და ა.შ.
გენგეგმაზე საუბარი ბათუმში 2004 წლიდან დაიწყო. „ბათუმელებმა“ სცადა გაეგო, რამ შეუშალა ხელი იმას, რომ ბათუმს ამ დრომდე ეს დოკუმენტი არ აქვს – კვალიფიკაციის ნაკლებობამ, ფინანსურმა პრობლემებმა, თუ, უბრალოდ, მერებს დაპირების შესრულება არ სურდათ?
„ნების პრობლემაა ცალსახად, ამ დოკუმენტის მიღება არ აწყობთ. თუკი არ იქნება კანონი და სამართლებრივი საფუძველი არ იარსებებს, ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა გაცილებით იოლია. ეს ძალიან კარგად იცის ხელისუფლებამ, რომელიც გარიგებულია მენაშენეებთან. ფულს აკეთებენ, სხვა არაფერია,“ – მიიჩნევს შოთა გუჯაბიძე, საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი.
„ისტორია უახლოეს წარსულში ბევრჯერ განმეორდა – დოკუმენტის შექმნის პირობას ყველა ხელმძღვანელი პირი გვპირდებოდა, შემდეგ პროცესი ჭიანურდებოდა. დოკუმენტის ნაწილი ზოგჯერ მზადდებოდა კიდეც, მაგრამ მერები მას გვერდით დებდნენ ან ამბობდნენ, რომ ეს სისულელე იყო… ხელს უშლიდათ, ცხადია,“ – გვიყვება არქიტექტორი გია რამიშვილი. იგი მუდმივად თვალს ადევნებდა ან უშუალოდ იყო ჩართული ქალაქის განაშენიანების პროცესში. 2013 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, გია რამიშვილი ცოტა ხნით ბათუმის მთავარი არქიტექტორიც გახდა. ბათუმის გენგეგმის ისტორიაზე თხრობა მან 2004 წლიდან დაიწყო, თუმცა იქვე გვითხრა, რომ საბჭოთა წარსულში ამ მხრივ ბევრად უკეთესად ჰქონდათ საქმე.
„თქვენ წარმოიდგინეთ, საბჭოთა კავშირის დროს საკმაოდ მაღალი დონის დოკუმენტი მუშავდებოდა. ეს იყო, რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკურ ფორმაციას მორგებული და მაშინ კერძო საკუთრება არ არსებობდა, მაგრამ სპეციალისტები მუშაობდნენ ამაზე და იქმნებოდა გენგეგმა, რომელიც ყოველ ათ წელიწადში ახლდებოდა…“ – იხსენებს ის.
გენგეგმები საქართველოში პირველად შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს დაივიწყეს. გია რამიშვილის თქმით, გენგეგმები შემდეგ პირველად კახა ბენდუქიძის მრჩევლებმა ახსენეს და რადენიმე ქალაქისთვის, მათ შორის, ბათუმისთვის გეგმის მომზადება დაიწყეს, თუმცა თავად მიხეილ სააკაშვილს ეს იდეა არ მოსწონდა.
„უთქვამს კიდეც სააკაშვილს, რომ გენგეგმებმა დაღუპეს ქვეყანაო… პირველად, როცა ეს დოკუმენტები დამუშავდა, 2005 წელი იქნებოდა, სერიოზულად არავის აღუქვამს. მაშინ ბათუმის საკრებულოს დოკუმენტი არც კი განუხილავს,“ – გვიყვება გია რამიშვილი. – „შემდეგ, როცა ქალაქში აქტიური მშენებლობები წავიდა, თავად აქ, მერიის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, რომ ჰქონოდათ მიწათსარგებლობის გეგმა, ანუ ყოფილიყო რაღაც დოკუმენტი, რითაც სამართლებრივად გაფორმდებოდა სააკაშვილის კანონსაწინააღმდეგო სურვილები ბათუმში. 2009 წელს ქალაქის მერია „გეოგრაფიკს“ დაუკავშირდა და მიწათსარგებლობის გეგმა შეიმუშავეს, თუმცა საკრებულომ იგი განსხვავებული სახით მიიღო. ისეთი აბსურდული ციფრები ჩაწერეს, რომ მემედ აბაშიძის გამზირზე, მაგალითად, 110 მეტრი სიმაღლის შენობის აგებას არავითარი ნებართვა არ დასჭირდებოდა. მაშინ ტექსტობრივი ნაწილი უცვლელი დატოვეს, სადაც ზოგადი პრინციპები იყო მოცემული, მაგრამ გრაფიკული ნაწილი გამოცვალეს, ანუ იმ დროისთვის არსებულ სამშენებლო ტენდენციას მოარგეს.“
2012 წელს ბათუმი გაფართოვდა. გია რამიშვილი ყვება, რომ ამ დროს ყველაზე მკაფიოდ ამოვარდა ბათუმი მშენებლობის კუთხით არსებული ეროვნული საკანონმდებლო სივრციდან. არქიტექტორი განმარტავს, რომ თითოეულ ქალაქს შესაძლოა ჰქონდეს გამორჩეული მიდგომები, მაგრამ იგი არ უნდა იყოს „ამოვარდნილი“. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბათუმის მთავარ არქიტექტორად დანიშნული გია რამიშვილი იმ დღესაც იხსენებს, როცა USAID-ის [აშშ-ს დემოკრატიული განვითარების სააგენტო] წარმომადგენლებს შეხვდა და ერთი საინტერესო ამბავიც გაიგო.
„ბათუმის საზღვრები ისე შეიცვალა, რომ USAID-მა ამის შესახებ არაფერი იცოდა… იმ წლებში ეს ორგანიზაცია ქალაქებს ფინანსურად ეხმარებოდა გენერალური გეგმის შემუშავებაში, მათ შორის, ბათუმსაც. USAID-თვის მთავარია, რომ ფორმალურად მაინც გააზრებული ჰქონდეს ადგილობრივ მთავრობას ამ დოკუმენტის მიღების მნიშვნელობა, შემუშავებული დოკუმენტი ჩაიბაროს და შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ იზრუნოს მისი რეალიზებისთვის. აქ საუბარია დაახლოებით 400-500 ათასზე, რაც გენგეგმის შემუშავებას სჭირდება. ის, რომ ბათუმის საზღვრები გაფართოვდა, USAID-ის წარმომადგენლებმა მედიიდან გაიგეს. მანამდე ისინი შეხვედრებს მართავდნენ ბათუმის მერიის და საკრებულოს წევრებთან და ამის შესახებ არაფერი უთქვამთ. ამის შედეგი იყო ის, რომ მათ მხარდაჭერა გადაიფიქრეს და წავიდნენ…
ჩვენთან შეხვედრის შემდეგ USAID-ის წარმომადგენლები დავარწმუნეთ, რომ მართლა გვჭირდებოდა ეს დოკუმენტი და ხელახლა დაიწყო პროცესი, დაფინანსდა კონკრეტული კვლევები. მაშინ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა მოამზადა ქალაქის სტრატეგიული განვითარების გეგმა, რასაც შემდეგი ნაბიჯები უნდა მოჰყოლოდა. განხილვებს მერიის წარმომადგენლები და საკრებულოს წევრები თითქმის არ ესწრებოდნენ. ჩანდა, რომ ქალაქს ეს არ აინტერესებდა.
2014 წელს, ქალაქის ახლად არჩეულმა მერმა – გია ერმაკოვმა პირველივე შეხვედრაზე მკითხა, ეს იდიოტური დოკუმენტი ვინ გააკეთაო, სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მკითხა. ავუხსენი მნიშვნელობა, მაგრამ… ამბობდა, რომ ეს სისულელე იყო,“ – გვითხრა გია რამიშვილმა.
პროცესი ასე შეჩერდა, გია რამიშვილმა მთავარი არქიტექტორის პოსტი დატოვა და დროებით გია ერმაკოვის მრჩეველი გახდა. ქალაქის გაცემენტების პროცესი გაგრძელდა. საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად გია ერმაკოვმა ისევ კვლევების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო, კვლევები დაიწყო, თუმცა გია ერმაკოვმა თავისი მერობის უფლებამოსილების ვადა ისე დაასრულა, რომ წინასაარჩევნო დაპირება გენგეგმის შექმნის შესახებ, შეუსრულებელი დარჩა.
„ლაშა კომახიძემ ხელახლა დაიწყო ეს პროცესი,“ – განაგრძობს გია რამიშვილი. გვიყვება, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისთვის ტექნიკური დავალება ლაშა კომახიძის მერობის პირობებში უკვე შემუშავდა, მაგრამ იგი პროცესს კიდევ უფრო გააჭიანურებს და ამავდროულად – ბუნდოვანია. დასკვნა დაახლოებით ამ შინაარსით ბათუმის მერს „ბათომმა“ და „არქიტექტორთა კავშირმა“ გაუგზავნა.
მიწათსარგებლობის გეგმა განაშენიანების გენერალური გეგმის ერთ-ერთი ნაწილია.
„ერთ თვეში მიწათსარგებლობის გეგმის მომზადებაზე კონკურსს გამოვაცხადებთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“მირიან მეტრეველმა, მერიის არქიტექტურის და ურბანული დაგეგმვის სამსახურის უფროსმა. სტატია 2018 წლის 14 მარტსაა გამოქვეყნებული. კონკურსი მერიას ამ დრომდე არ გამოუცხადებია.
„დოკუმენტის ტექნიკური დავალების საჯარო განხილვის შემდეგ პროექტში შევიდა ცვლილებები. მიმდინარე კვირის ბოლოს, პარასკევს, გაიმართება პროექტის საბოლოო ვარიანტის საჯარო განხილვა, რის შემდეგაც გამოცხადდება კონკურსი,“ – ეს პასუხი მივიღეთ ამჯერად ბათუმის მერიის პრესსამსახურისგან კითხვაზე: რატომ არ გამოცხადდა ამ დრომდე კონკურსი მიწათსარგებლობის გეგმის შემუშავებაზე.
ე.წ. ტექნიკური დავალების შესრულებაში ბათუმს ისევ USAID დაეხმარა პროექტის „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის“ ფარგლებში.
რატომ დაიწუნეს სპეციალისტებმა USAID-ის მიერ ფინანსურად მხარდაჭერილი „ტექნიკური დავალება“? – „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივაში“ კომენტარზე უარი გვითხრეს, თუმცა განმარტეს, რომ ისინი ქალაქს ფინანსურად დაეხმარნენ, ხოლო გეგმარებითი დავალება თავად მერიის მიერ დაქირავებულმა სპეციალისტებმა შეიმუშავეს.
„ჩვენ შევპირდით და გავაკეთებინეთ გეგმარებითი დავალება, რაც საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა. ჩვენი ნაწილი ამით დასრულდა. მიწათსარგებლობის გეგმა ძვირადღირებული დოკუმენტია და ჩვენი პროექტი ამას ვერ გაწვდება. თუ განაცხადების შეფასებაში გვთხოვენ დახმარებას, მზად ვართ ამისთვის, თუმცა, ჯერჯერობით, ბათუმის მერიიდან არ მოუმართავთ,“ – მოგვწერეს „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივიდან“.
ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე „ბათუმელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში 2018 წლის 19 ივნისს ამბობს:
„მოგეხსენებათ, ქალაქს არა აქვს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, განაშენიანების გეგმა და ასე შემდეგ. ეს არის ის, რაც ზემოქმედებას ახდენს ჩვენს ქალაქში განაშენიანებაზე. ჩვენ, ფაქტობრივად, უკვე გვაქვს სივრცითი მოწყობის გეგმარებითი ტექნიკური დავალება, ეს დოკუმენტი დასრულებულია. მომზადდა ჩვენი სამსახურის და კონტრაქტით აყვანილი შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მიერ. ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც საბოლოოდ იქნება განმაპირობებელი იმ გეგმარებითი დავალების, რაც ჩამოაყალიბებს, თუ რა ტერიტორიული და სივრცითი მოწყობა უნდა ჰქონდეს ქალაქს. ვვარაუდობთ, რომ მის მომზადებას ექვსი ან შვიდი თვე დასჭირდება, რის შემდეგაც დაიწყება მეორე ეტაპი – უშუალოდ ტერიტორიულ სივრცითი მოწყობის გეგმის შემუშავება ამ დოკუმენტზე დაყრდნობით…“
„ეს პროცესი ისევ ხელოვნურად ჭიანურდება… ჩვენი მოთხოვნაა შეჩერდეს ქალაქში მშენებლობის პროცესი და გამოცხადდეს მორატორიუმი, მაგრამ მორატორიუმს თანამდებობის პირებთან შეხვედრის დროს აღარც ვახსენებთ, პირდაპირ კანკალი ეწყებათ,“ – ამბობს შოთა გუჯაბიძე, საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი. „ბათომი“ მორატორიუმს 2017 წლის თებერვლიდან ითხოვს.
ამასობაში ლაშა კომახიძემ საზოგადოებას ურჩია, რომ ცათამბჯენებმა არ დააკომპლექსოს. „ცათამბჯენში არაფერია ცუდი, ჩვენ არ უნდა დავკომპლექსდეთ,“ – თქვა მან.
„მე ეჭვი მეპარება, რომ მერსაც მოსწონდეს ეს“, – ამბობს შოთა გუჯაბიძე. ის ყურადღებას ამახვილებს მერსა და მაღალჩინოსნებთან შეხვედრებზე, სადაც თითქმის ყველა თანხმდება, რომ მშენებლობების არსებული პროცესი პრობლემაა.
შოთა გუჯაბიძე: „ყველა თანხმდება ამაზე და როგორ შეიძლება დიაგნოზის გარეშე უმკურნალო ადამიანს? თუ არ იცის ექიმმა, რა სჭირს კონკრეტულად ადამიანს, ხომ არ იმარჩიელებს, ადამიანს ფეხი მოაჭრას, თუ თირკმელი ამოაცალოს? უნდა გავჩერდეთ, ვიდრე დიაგნოზი დაისმება, ანუ დასკვნა დაიდება… ვინც არ მეთანხმება, შეუძლია ქალაქის ნებისმიერ კუთხეში გამოაღოს სახლის ფანჯარა და გახედოს ქალაქს…“
3 ოქტომბერს „აჭარის ტელევიზიის“ გადაცემა „მთავარში“ ამ თემაზე საუბრის დროს ლაშა კომახიძემ სტუდიაში გამოკრულ ქალაქის ბანერს გახედა – „რედისონს“, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, „პორტა თაუეერს“ და იკითხა: „რა კავშირშია ეს შენობები ქალაქის ისტორიულ ნაწილთან?“
ქალაქის მერმა კიდევ ერთხელ ღიად დააფიქსირა, რომ ახალი ცათამბჯენები მოსწონს და იკითხა: რატომ არ შეიძლება აშენდეს ახალი ცათამბჯენები, როცა ამის მაგალითები დღემდე მრავლად მისმა წინამორბედებმა უკვე შექმნეს.
ლაშა კომახიძე ბათუმის მეორე არჩეული მერია პირდაპირი გზით, თუმცა 2004 წლიდან დღემდე მას ოთხი წინამორბედი ჰყავდა, ზოგი მცირე ხნით, ზოგიც რამდენიმე წლით. 14 წლის მანძილზე როგორი გახდა ბათუმის არქიტექტურა ქალაქის განაშენიანების მთავარი დოკუმენტის გარეშე, ამის შემოწმება ქალაქში გასეირნებით ან, უბრალოდ, ფანჯრის გამოღებით შეგიძლიათ.
ბათუმი, თანამედროვე არქიტექტურა. ფოტო: „ბათუმელები“
___________________________________
მთავარი ფოტო: ბათუმი, 2018 წელი. მანანა ქველიაშვილის ფოტო
ბათუმში, ბაგრატიონისა ქუჩაზე, 17-სართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულზე სამზარეულოში გაჩნდა.
როგორც სახანძრო-სამაშველო სამსახურში გვითხრეს, ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.
სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა ინფორმაციით, დაიწვა 60 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
“მაშველებმა მოახერხეს ამ სადარბაზოდან მოსახლეობის დროული ევაკუაცია. დაიწვა ერთი ბინა. დეტალური ინფორმაცია გავრცელდება მალე. ბინაში ხანძრის დროს არავინ იმყოფებოდა,” – ამბობს მამუკა თურმანიძე, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელი.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში მიმდინარე 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე უცნობმა პირმა მსოფლიო რუკა დაარიგა, რომელზეც საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გარეშე იყო დატანილი. ინციდენტი გუშინ, 3 ოქტომბერს, ოლიმპიადის მიმდინარეობის დროს მოხდა.
რუკაზე ყირიმი რუსეთის ტერიტორიადაა მოხსენიებული.
როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, რუკაზე არსებული შეცდომის აღმოჩენის შემდეგ, ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა რუკები ადრესატებს ჩამოართვა. თვითმხილველმა და შესაბამისად ინფორმირებულმა პირმა „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ პირი, რომელსაც აღნიშნული რუკები ჩამოართვეს, უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.
საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელი მიშა ხარაბაძე ფაქტს ადასტურებს. მისი თქმით, რუკა ნამდვილად გავრცელდა, თუმცა მალევე მოახერხეს, რომ ის უფრო მეტ ადამიანს არ ენახა. კითხვაზე, თუ ვინ გაავრცელა რუკა, მიშა ხარაბაძე ამბობს, რომ პირის ზუსტი ვინაობა დადგენილი არ აქვთ.
„ეს იყო ალბათ პროვოკაცია. ერთ პირზე გვაქვს ეჭვი, მაგრამ ხელს ვერავის ვერ დავადებთ. როგორც კი შევიტყვეთ, მაშინვე აღვკვეთეთ და გამოსწორებულია უკვე ყველაფერი. ვინ მოახდინა და როგორ მოახდინა, ამაზე ვერაფერს ვიტყვით. შეიძლება ეს მიზანმიმართული პროვოკაციაა, გარედან, შეიძლება შიგნიდან. რა ვიცი, აბა. ქვეყანა რამე ხდება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მიშა ხარაბაძემ.
ფოტო სოციალური ქსელიდან
მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის პარალელურად, 3 ოქტომბერს, ბათუმში ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის 89-ე კონგრესი ჩატარდა, რომელზეც „ფიდეს“ ახალ პრეზიდენტად არკადი დვარკოვიჩი აირჩიეს. დვარკოვიჩი 2018 წლის გაზაფხულამდე რუსეთის ვიცე-პრემიერი იყო, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კი – რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის თანაშემწე.
ბათუმის სპორტის სასახლეში 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა 24 სექტემბერს დაიწყო.მასში 180 ქვეყნის 4000-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს.
ბათუმში, ლერმონტოვისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში, 17-სართულიანი კორპუსის მე-12 სართულზე, სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა.