Batumelebi | განათლების სამინისტრო: 2019 წელს აჭარაში რვა სკოლის მშენებლობა დაიწყება განათლების სამინისტრო: 2019 წელს აჭარაში რვა სკოლის მშენებლობა დაიწყება – Batumelebi
RU | GE  

განათლების სამინისტრო: 2019 წელს აჭარაში რვა სკოლის მშენებლობა დაიწყება

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს რვა სკოლის მშენებლობაა დაგეგმილი. როგორც სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, თითქმის ყველა პროექტი ორწლიანია და მშენებლობა 2020 წელსაც გაგრძელდება.

2019 წელს უნდა აშენდეს: შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლა, ბეღლეთის საჯარო სკოლა, დაბა შუახევის საჯარო სკოლა, ქედქედის საჯარო სკოლა, ფერიის საჯარო სკოლა, ბათუმის 23-ე საჯარო სკოლა, მახოს საჯარო სკოლა და დაბა ქედის საჯარო სკოლა, სადაც დაგეგმილია სპორტული დარბაზის მშენებლობა.

„2019 წელს დაიწყება მშენებლობა და დასრულდება 2020 წელს, რადგან ყველა პროექტი თითქმის ორწლიანია. ყველა სკოლასთან არის ალტერნატიული ფართობი და ეს სკოლები იქ შეძლებენ სწავლის გაგრძელებას,“-აცხადებენ განათლების სამინისტროს პრესსამსახურში.

სკოლების მშენებლობისთვის 7 მილიონი ლარია 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული. როგორც სამინისტროში გვეუბნებიან, სკოლების მშენებლობას აჭარის განათლების სამინისტრო დააფინანსებს.

„დაწყებით სკოლებს რეაბილიტაციას ადგილობრივი თვითმმართველობები აკეთებდნენ და ეს ისევ რჩება მათ ფუნქციაში, მაგრამ საშუალო და საბაზო სკოლების მშენებლობასა და რეაბილიტაციას ისევ სამინისტრო გააგრძელებს“.

სამინისტროს თქმით, 2019 წელს აჭარის მასშტაბით ათი სკოლის რეაბილიტაციაც არის დაგეგმილი. სკოლების მშენებლობაზე ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა.

მთავარი ფოტო: დაბა ქედა. „ბათუმელების“ არქივიდან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com