ფსიქიატრიულში იძულებით განთავსება – დავა საკონსტიტუციო სასამართლოში

„პირი, შესაძლოა, მხოლოდ საკუთარი რწმენიდან მომდინარე ქცევის ან საზოგადოებისაგან განმარტოების გამო ჩაითვალოს ფსიქიკური აშლილობის მქონედ და დაექვემდებაროს იძულებით მკურნალობას,“ – მიიჩნევს მოქალაქე მარიანნა მანველიანი. იგი პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს. თუკი სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პირის იძულებით განთავსების წესი შეიცვლება. 

დავის საგანი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ კანონის ეს ჩანაწერია: „არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება ტარდება, როდესაც პირს ფსიქიკური აშლილობის გამო არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე“.

„განუსაზღვრელი და ბუნდოვანი“ – ასე აფასებს მოსარჩელე პირი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსების სამართლებრივ საფუძვლებს. იგი მიიჩნევს, რომ კანონი უშვებს რისკს, ადამიანი თვითნებურად მოათავსონ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის სტაციონარში მოთავსება მკურნალობის ერთადერთი საშუალებაა და კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ფსიქიატრიული დახმარების ალტერნატიულ მეთოდს.

„ამდენად, სადავო რეგულაცია განაპირობებს პირის თავისუფლებაში არაპროპორციულ ჩარევას, ასევე არღვევს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, ღირსებასა და რწმენის თავისუფლებას,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სარჩელში. 

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

___________________________________

მთავარი ფოტო: ბათუმის სამედიცინო ცენტრი, სადაც ფსიქიკური დაავადების მქონე პაციენტები მკურნალობის კურსს გადიან.

სკოლებში სპეცმასწავლებლების დეფიციტი შეიქმნა

რამდენიმე საჯარო სკოლამ სპეციალური მასწავლებლის ასაყვანად კონკურსი განათლების მინისტრის ახალი ბრძანების შემდეგ გამოაცხადა. სპეციალურ მასწავლებლებს, რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად მუშაობენ, განათლების სამინისტრომ პარალელურ რეჟიმში გაკვეთილების ჩატარება აუკრძალა. ზოგიერთმა სპეცპედაგოგმა მასწავლებლობა არჩია.

„სპეცპედაგოგები საქმეს ვეღარ აუდიან, ძალიან ბევრ ბავშვს სჭირდება სპეცმასწავლებელი. რამდენიმე სკოლის დირექტორმა მითხრა, ჩვენ რა ვქნათო… ბავშვი აუტისტია. რეპეტიტორებთან მუშაობის დროს შედეგი გვქონდა, ფსიქოლოგთანაც დავდიოდით. საჯარო სკოლაშიც ჩანს სურვილი, რომ დაგვეხმარონ, მაგრამ ამის რესურსი არაა, ბავშვს მკვეთრად დაეტყო უკუსვლა,“ – ეს ერთ-ერთმა მშობელმა გვითხრა, ვისი შვილიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა.

სპეციალური საგანამანათლო საჭიროების  სტატუსის მქონე რამდენი მოსწავლეა ქვეყნის მასშტაბით და რამდენი სპეციალური მასწავლებელი? – „ბათუმელებმა“ საჯარო ინფორმაცია საქართველოს განათლების სამინისტროდან გამოითხოვა.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, საქართველოში დღეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 7981 ბავშვი დადის სკოლაში, მათ კი 952 სპეცმასწავლებელი ემსახურება.

ბათუმში 26 საჯარო სკოლის შესახებ მოგვაწოდა მონაცემები განათლების სამინისტრომ. საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ბათუმში სულ 297 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეა და 34 მასწავლებელი.

„სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე“, განათლების შესახებ კანონის მიხედვით, ნებისმიერი ბავშვია, რომელსაც სწავლასთან დაკავშირებით პრობლემა აქვს. გადაწყვეტილებას სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს განათლების სამინისტროს მულტიდისციპლინარული გუნდი იღებს. ამ გუნდის წევრი ბათუმიდან, ფსიქოლოგი ციალა ტუღუში ამბობს, რომ რეალურად გაცილებით მეტ ბავშვს სჭირდება სპეცმასწავლებლის დახმარება, თუმცა ხშირად მშობლები წინააღმდეგნი არიან.

„სკოლის დირექტორებიც ამბობენ, რომ რეალურად ბევრს სჭირდება დახმარება, მაგრამ კანონი ისეა, რომ თუკი მშობელი წინააღმდეგი წავა, მხოლოდ სკოლა და ჩვენ ვერ მივანიჭებთ ამ სტატუსს მოსწავლეს… სპეციალური საჭიროება არ ნიშნავს შეზღუდულ შესაძლებლობას. პირიქით, შესაძლოა ბავშვი შშმ პირი იყოს და შესანიშნავი შედეგი ჰქონდეს სწავლაში,“ – გვიყვება ციალა ტუღუში, საქართველოს განათლების სამინისტროს მულტიდისციპლინარული გუნდის წევრი.

ახალი სასწავლო წლიდან სპეცმასწავლებლებისთვის რეალობა შეიცვალა: მათ გაკვეთილების ჩატარების უფლება აღარ აქვთ და არ უნდა იმუშაონ ხუთზე მეტ ბავშვთან. სპეციალური მასწავლებლის ანაზღაურება დაახლოებით 500 ლარამდე გაიზარდა.

შეზღუდვა დაწესდა მოსწავლეთა რაოდენობაზეც – სკოლამ სპეციალური საჭიროების ყოველ ხუთ მოსწავლეზე ახალი სპეციალური მასწავლებელი უნდა აიყვანოს. შეფასების დოკუმენტით კი ინდივიდუალური საჭიროებები განისაზღვრება: მაგალითად, ფსიქოლოგის ჩართვა, მეტყველების თერაპევტი და ასე შემდეგ.

განათლების სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ საჯარო ინფორმაციაში რთული არ არის იპოვო სკოლა ბათუმში, სადაც სპეციალური მასწავლებლის რაოდენობა ბევრად მცირეა, ვიდრე კანონით არის ეს გათვალისწინებული.

„სამი სპეცმასწავლებელი გვყავდა და ახლა ერთია მხოლოდ დარჩენილი, ჩვეულებრივი პედაგოგობა არჩიეს, დანარჩენზე ვაკანსია მაქვს გამოცხადებული,“ – გვითხრა ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის დირექტორმა დავით ეცადეიშვილმა. ამ სკოლაში სულ 16 მოსწავლეა სპეციალური საჭიროების მქონე. განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ამ სკოლაში 20 მოსწავლეა სპეციალური საჭიროების მქონე, სპეცმასწავლებელი – 3.

„განახლებული არაა, როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია. 20 იყო, მაგრამ ზოგიერთმა შეწყვიტა სწავლა,“ – ამბობს დავით ეცადეიშვილი.

კონკურსი სპეცმასწავლებლის შესარჩევად გამოუცხადებია ბათუმის მეშვიდე სკოლასაც. აქ 26 მოსწავლესთან მხოლოდ ორი სპეცმასწავლებელი მუშაობს. სკოლის დირექტორის, მანანა ქონიაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის დამატებით ორი ფსიქოლოგი მუშაობს ბავშვებთან.

სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მისაღებად საჭიროა პედაგოგის კვალიფიკაცია და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის სპეციალური მომზადების კურსის გავლა.

ციალა ტუღუში, განათლების სამინისტროს მულტიდისციპლინარული გუნდის წევრი რამდენიმე პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ვერ გეტყვით, რომ ამ კონკურსებით სკოლა შეარჩევს პედაგოგს, რომელსაც ამ მიმართულებით აქვს უმაღლესი განათლება. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში საბაკალავრო პროგრამა სპეციალური საჭიროების მქონე განათლებაზე ჯერ კიდევ არ არსებობს. ილიას უნივერსიტეტს ჰქონდა სამაგისტრო პროგრამა და ისიც შეჩერდა. არ ვიცი, რატომ.

სპეციალური გადამზადების კურსები გავლილი აქვთ იმ პედაგოგებს, რომლებიც სპეციალურ მასწავლებლად ამ დრომდე მუშაობდნენ. ახლა ამ პედაგოგების დაახლოებით ნახევარმა ჩვეულებრივი პედაგოგობა არჩია.  შესაბამისად, არ არსებობენ პედაგოგები, რომლებსაც საკუთარი ინციატივით აქვთ ეს კურსი გავლილი და ახლა კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას.

კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ აქამდე ზოგიერთი სპეციალური მასწავლებელი განათლებით ფსიქოლოგი იყო. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, აუცილებლად განათლებით პედაგოგი უნდა იყოს სპეციალური მასწავლებელი,“ – აღნიშნა ციალა ტუღუშმა „ბათუმელებთან“.

მულტიდისციპლინარული გუნდის წევრს მოლოდინი აქვს, რომ კონკურსში პედაგოგები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებსაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის გადაამზადებენ. ციალა ტუღუშის თქმით, ინტენსიური გადამზადების პროგრამის გავლას თვენახევარი მაინც სჭირდება.

ახალ სასწავლო წლამდე სპეციალური მასწავლებლები 6-6 მოსწავლესთან მუშაობდნენ. „მე თუ მკითხავთ, ხუთიც ბევრია, მაგრამ ესეც წინგადადგმული ნაბიჯია, რაღაცები იხვეწება,“ – დასძინა ციალა ტუღუშმა.

როგორ წარმოუდგენია საქართველოს განათლების სამინისტროს სპეციალური მასწავლებლების პრობლემის მოგვარება? – კითხვით სამინისტროს პრესცენტრს მივმართეთ და პასუხისმგებელი პირის კომენტარი მოვითხოვეთ. სამუშაო დღის ბოლომდე განათლების სამინისტროს განმარტება არ მოუწოდებია.

კიდევ ერთი სიახლე: ზოგადი განათლების შესახებ კანონში 20 ივლისიდან ამოქმედბეული ცვლილების მიხედვით, სპეციალურმა მასწავლებელმა, რომელიც მხედველობის ან სმენის დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობს, 2022 წლის იანვრამდე უნდა ჩააბაროს შესაბამისი გამოცდა.

_____________________

ამავე თემაზე: 

ინკლუზიური განათლება კეთილსინდისიერი მასწავლებლის იმედად

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ თორნიკე კუჭავა დაინიშნა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ თორნიკე კუჭავა დაინიშნა. სამინისტროს ინფორმაციით ახალი მოადგილე მინისტრმა თანამშრომლებს დღეს, პირველ ოქტომბერს, წარუდგინა. სამინისტრომ დღესვე გამოაქვეყნა ინფორმაცია ახალი მოადგილის სამუშაო გამოცდილების შესახებ.

ამ ინფორმაციით, თორნიკე კუჭავა 2018 წლის სექტემბრიდან აჭარის ეკონომიკური განვითარების საბჭოს წევრია, 2017-2018 წლებში ის იყო სს „მისო კრედიტ პლუს ჯორჯიას“ ფინანსური დირექტორი, 2013 წლიდან დღემდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორია.

2013-2017 წლებში იყო კომპანია „TSC“-ის დირექტორი; 2011-2013 წლებში კი – სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში რისკების მართვის მთავარი ანალიტიკოსად მუშაობდა.

2010-2011 წლებში თორნიკე კუჭავა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების სამმართველოში უფროსი აუდიტორი იყო, ხოლო 2009-2010 წლებში ამავე სამმართველოს სტაჟიორი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ახალ მოადგილეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სპეციალობა და ასევე მაგისტრატურა [მაკროეკონომიკა].

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოხალისეთა მიღებას იწყებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთელი საქართველოს მასშტაბით მოხალისეთა სისტემის დანერგვას იწყებს. შესაბამისი საკანონმდებლო მუხლი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში დღეს, 2018 წლის პირველ ოქტომბერს ამოქმედდა.

„ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც სურს, გახდეს მოხალისე, სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე (volunteer.ge) დარეგისტრირება პირველი ნოემბრიდან შეეძლება,“ – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამსახურის ინფორმაციით, პირველად იქმნება მოხალისეთა ეროვნული სია და მათ კოორდინაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაუწევს. ამასთან:

[checklist]

  • მოხალისე შეიძლება გახდეს პირი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი
  • მოხალისე უნდა ფლობდეს ქართულ ენას საკომუნიკაციო დონეზე
  • მოხალისე არ უნდა იყოს ნასამართლევი განზრახ მძიმე დანაშაულისათვის
  • მოხალისე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე
  • მოხალისემ უნდა მოგვაწოდოს ზუსტი ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ, რათა არ მოხდეს მისი ჩართვა ისეთ მოხალისეობრივ საქმიანობაში, რომელიც შეიცავს მისი ჯანმრთელობის დაზიანების ან სიცოცხლის მოსპობის რისკს

[/checklist]

„მოხალისეების გადამზადებას, ევროკავშირისა და აშშ-ს მხარდაჭერით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უზრუნველყოფს. ახალი ვებპლატფორმა – volunteer.ge მალე ამოქმედდება,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორ გადაუნაწილა სახელმწიფომ რელიგიურ გაერთიანებებს 4 მილიონ 500 ათასი ლარი

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, რელიგიურ გაერთიანებებზე საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული 4 500 000 ლარიდან 3 500 000 ლარი უკვე გადანაწილებულია რელიგიურ ორგანიზაციებზე, შემდეგი ოდენობებით:

  • საქართველოს ისლამურ თემს – 2 200 000 ლარი
  •  საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულ თემს – 600 000 ლარი
  •  საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანულ თემს – 400 000 ლარი
  • საქართველოს იუდეურ თემს – 300 000 ლარი

2018 წლისთვის დარჩენილი 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი, 2018 წლის 25 სექტემბრის რეკომენდაციით, შემდეგი ოდენობით გადანაწილდა:

  • საქართველოს ისლამურ თემს – 550 000 ლარი
  • საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულ თემს – 200 000 ლარი
  • საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანულ თემს – 150 000 ლარი
  • საქართველოს იუდეურ თემს – 100 000 ლარი

მთლიანად, 2018 წელს, რელიგიური გაერთიანებები შემდეგი ოდენობის თანხებს მიიღებენ:

  • საქართველოს ისლამური თემი – 2. 750 000 ლარი
  • საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანული თემი – 800 000 ლარი
  • საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანული თემი – 550 000 ლარი
  • საქართველოს იუდეური თემი – 400 000 ლარი

სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს განაწილებულმა თანხებმა 4 500 000 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, ბოლო წლებში მართლმადიდებლური ეკლესია ბიუჯეტიდან წელიწადში 25 მილიონი ლარით ფინანსდება.

3 კგ არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი სარფში

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 30 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, არადეკლარირებული ვერცხლის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ვ.ე-ს კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად 3,214.28 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ვერცხლის გრანულები საიუველირო ნაკეთობებისთვის [საერთო წონა 3კგ.] აღმოაჩინეს,“ – აღნიშნულია სამსახურის განცხადებაში.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა – 3214.28 ლარის ოდენობით.

„ბათუმი მოლში“ სახანძრო გამოიძახეს

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „ბათუმი მოლში“, რამდენიმე წუთის წინ სახანძრო გამოიძახეს.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ობიექტზე არსებულ სატრანსფორმატოროში იყო დაზიანება, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვის გამო, თუმცა ცეცხლი არ გაჩენილა.

ამ ადგილზე სახანძრო დაახლოებით ორი თვის წინაც გამოიძახეს – მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, „ბათუმი მოლთან“ მდებარე „ტექნობუმის“ მაღაზია დაიწვა.

ავარია ჩაქვის გვირაბში

ბათუმი-ჩაქვის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ოპელის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი გვირაბში ბორდიურს შეეჯახა.

შსს-ს ინფორმაციით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

როდის ამოქმედდება გადახდის ელექტრონული სისტემა ბათუმის „მარშუტკებში“

ბათუმში 22 სამარშრუტო ხაზზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვა ექვს კომპანიას აქვს. ეს კომპანიები ბათუმის მერიამ კონკურსით შეარჩია. საკონკურსო პირობების მიხედვით, ექვსივე კომპანია ვალდებული იყო, სანებართვო მოწმობის მიღებისა და მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, 30 დღეში უზრუნველეყო მიკროავტობუსების GPS მონიტორინგის სისტემით და მგზავრობის ტარიფის გადახდის ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებებით აღჭურვა.

მერიაში აცხადებენ, რომ კომპანიებთან ხელშეკრულებები გაფორმდა, თუმცა გადახდის ელექტრონული სისტემა წელს აღარ ამოქმედდება.

„კომპანიებს ჩაეწერათ ხელშეკრულებაში, რომ მოამზადონ მიკროავტობუსები ელექტრონული სისტემით გადახდისთვის, მაგრამ ელექტრონულ გადახდაზე გადასვლა ტექნიკურად დროში გაწელილი პროცესია. სავარაუდოდ, 2019 წლიდან ეტაპობრივად დავიწყებთ ამ სისტემაზე გადასვლას. ამჯერად მიმდინარეობს სამუშაოები, თუ რომელ კომპანიასთან, რომელ ბანკთან მოხდება შესაბამისი ხელშეკრულებების დადება და ამისთვის პირობების გარკვევა მიმდინარეობს. მერიაც ჩართულია ამ პროცესში, კონკურსში გამარჯვებულ გადამზიდავ კომპანიებთან ერთად,“ – გვითხრეს ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილებაში.

ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებით სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსში გამარჯვებული კომპანიები სამარშრუტო ხაზების მიხედვით:

  • „ჯორჯიანტრანსი“ – სამარშრუტო ხაზები: NN 24, 25, 44, 45, 46.
  • „ავტოტრანსი“ – სამარშრუტო ხაზები: NN 32, 52.
  • „მწვანე შუქი“ – სამარშრუტო ხაზები: NN 28, 29.
  • „ავტომობილისტი 42“ – სამარშრუტო ხაზები: NN 42, 47.
  • „ირაკლი ჩავლეიშვილი“ – სამარშრუტო ხაზი: N 30.
  • „აჭარტრანსრეგულირება“ – სამარშრუტო ხაზები: NN 20, 21, 31, 33, 34, 36, 39, 40, 49, 56.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 2018 წლის სექტემბრიდან ქალაქში ყოველდღიურად სხვადასხვა სამარშრუტო ხაზზე მთლიანობაში 250 მიკროავტობუსი მოძრაობს, 460-ის ნაცვლად.

———————————-

ახალი სქემით ბათუმში პირველი სექტემბრიდან 564 მიკროავტობუსი იმოძრავებს

 

 

ბაგა-ბაღი „აისი“ აღსაზრდელებს იწვევს

თუ თქვენი ბავშვისთვის საბავშვო ბაღს ეძებთ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც იქნება უსაფრთხო, ოჯახური და მეგობრული გარემო – ბაგა-ბაღი „აისი“ საუკეთესო არჩევანია.

ბაღში მცირე – 10-ბავშვიანი ჯგუფებია და თქვენს შვილს აქ ყოფნის პერიოდში ყურადღება არ მოაკლდება. აქვს ფართო სივრცე, მზიანი ოთახები, კლასებში ინვენტარი მორგებულია ყველა ასაკობრივ ჯგუფზე.

დღის რეჟიმი
  • სამჯერადი კვება
  • შუადღის ძილი
  • ეზოში გასეირნება და თამაში
  • თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, თამაშით სწავლება

ბაგა-ბაღი მუშაობს სამუშაო დღეებში დილის 8:30-დან საღამოს 19:00 საათამდე. მიიღებიან  ბავშვები 1 წლისა და ორი თვის ასაკიდან 6-წლამდე.

რაც შეეხება გადასახადს, ის ბათუმში არსებულ შეთავაზებებს შორის საუკეთესოა და თვეში 180 ლარია.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 53 65 65 ან გვეწვიეთ მისამართზე: ბათუმი, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა N24

მეექვსე ეროვნული კონფერენცია პედაგოგებისთვის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2018 წლის 15-16 დეკემბერს მასწავლებელთა მეექვსე ეროვნულ კონფერენციას გამართავს,  სახელწოდებით – დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები სკოლაში“. 

კონფერენციის მიზანია მასწავლებელთა საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება, დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოს პოპულარიზაცია და ცნობიერების ამაღლება ფორმალური და არაფორმალური განათლების მიმართულებით.

მომხსენებლის ნაშრომი უნდა მოიცავდეს ორი მიმართულებიდან ერთ-ერთს.

  1. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების დანერგვის საუკეთესო პრაქტიკა საგაკვეთილო პროცესში
  2. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების დანერგვის საუკეთესო პრაქტიკა არასაგაკვეთილო პროცესში

აპლიკანტები შეიძლება იყვნენ საჯარო და კერძო სკოლების ნებისმიერი საგნისა და საფეხურის მასწავლებლები, მათ შორის, სპეციალური მასწავლებლები. წარმოდგენილი თემები უნდა ეფუძნებოდეს აპლიკანტების პედაგოგიკურ გამოცდილებას და მათ მიერ განხორციელებულ სამუშაოს/პროექტს.

განაცხადი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს მაქსიმუმ 2 მომხსენებლის თანაავტორობით.

ზეპირი მოხსენებისთვის აპლიკანტმა (აპლიკანტებმა) უნდა გამოაგზავნოს 2 დოკუმენტი: შევსებული ფორმა –დანართი N2 

საპრეზენტაციო პროგრამაში (PowerPoint ან Prezi) აგებული ვიზუალური მასალა (არაუმეტეს 15 სლაიდისა) გათვლილი 10-15 წუთიან მოხსენებაზე.

სასტენდო პრეზენტაციისთვის აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს შევსებული დანართი N2, რომელშიც აღწერილი იქნება საკუთარი გამოცდილება და სასტენდო პრეზენტაციის მაკეტი (სასტენდო პოსტერის სპეციფიკაციები: ზომა – 90 სმX 60 სმ, სისქე – 0.5 მასალა – გასტიკერებული „პვც“, ფოტო – ფერადი)

ცენტრის ინფორმაციით, კონფერენციის მასალები იგზავნება ელექტრონულ მისამართზე:erovnulikonferencia6@gmail.com

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.

როგორ გამოიყურება სახლი, რომლის შეკეთებაზე ბიუჯეტიდან 70 ათასამდე ლარი დაიხარჯა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, რეზო ხარაზის განცხადებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ჩაქვში მეშვიდე მიკრორაიონში მდებარე შენობის რეაბილიტაციისთვის 72 ათასი ლარი გამოყო, ჩატარდა გარკვეული სამუშაოები, თუმცა შენობა საცხოვრებლად მაინც გამოუსადეგარია.

შენობაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს უნდა ეცხოვრათ.

ენმ-ს განცხადებით, ამ სახლის რეაბილიტაციაზე ბიუჯეტიდან 72 ათასი ლარი დაიხარჯა.

„საცხოვრებელ სახლში ძალიან დაბალი დონის სამუშაოები ჩატარდა, თუმცა დღეს პრაქტიკულად განადგურებულია. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რადგან არაეფექტურად დაიხარჯა ბიუჯეტის თანხები. სავარაუდოდ, ხელი მოითბეს ამ ყველაფერზე“ – ამბობს რეზო ხარაზი.

მისი თქმით, სახეზეა ასევე თანამდებობრივი გულგრილობაც, რადგან არ მოხდა სამუშაოების კონტროლი: „დღემდე არავინ მისულა და არ მოუკითხავს ამ სახლის ამბავი“.

შენობის ინტერიერი, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების შემდეგ / ფოტო ენმ

ქობულეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზაზა კაიკაციშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნული სახლის ნაწილობრივ რეაბილიტაციისთვის 2015 წელს 70 ათას ლარამდე მართლაც გამოიყო თანხა:

„ამით გადაიხურა შენობა, გაკეთდა ტიხრები, ჩაისვა კარ-ფანჯრები და ნაწილობრივ შებათქაშდა“, თუმცა, როგორც აღმოჩნდა სახლი საცხოვრებლად მაინც გამოუსადეგარი იყო, რადგან შენობას არ ჰქონდა საკანალიზაციო სისტემა.

ზაზა კაიკაციშვილის თქმით, 2017 წელს, ჩაქვში იყო ძლიერი ქარი, რის გამოც დაზიანდა სახურავი, შენობაში კი წყალი ჩადიოდა: „ამან გამოწვია კედლების დაზიანებაც“ – ამბობს ის.

ზაზა კაიკაციშვილის განცხადებით, ჩასატარებელი სამუშაოები შესწავლილია და დათვლილია ბიუჯეტიც: „დაახლოებით 80 ათასი ლარი დასჭირდება იმას, რომ სახლი გადაიხუროს, კარები გამოიცვალოს და საკანალიზაციო სისტემა მოეწყოს. შენობის რეაბილიტაცია 2019 წლისთვის არის დაგეგმილი“.

ბათუმის მერია: სამარშრუტო მიკროავტობუსების რაოდენობის გაზრდის აუცილებლობა არ არის

პირველი სექტემბრიდან ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე ყოველდღიურად მოძრავი მიკროავტობუსების რაოდენობა 460-დან 250-მდე შემცირდა. მგზავრებისთვის ეს განსაკუთრებით საგრძნობი სკოლის დაწყების შემდეგ გახდა. ზოგიერთი მოქალაქის თქმით, სამარშრუტო მიკროავტობუსს დიდხანს უნდა ელოდო და ხშირად ისეა მგზავრებით გადაჭედილი, რომ ასვლა შეუძლებელია. მერიამ მიკროავტობუსების რაოდენობა ისე შეამცირა, რომ მუნიციპალური ავტობუსების რაოდენობა ფაქტობრივად არ გაზრდილა.

იქნებოდა თუ არა მიკროავტობუსების რაოდენობა საკმარისი მგზავრების გადასაყვანად? – რეფორმის მიმდინარეობისას „ბათუმელებს“ მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსმა, ემზარ ქავჟარაძემ უთხრა, რომ „როცა დაიწყება მუშაობა, ყველაფერი გამოჩნდება – მიკროავტობუსის დამატება იქნება საჭირო ამა თუ იმ ხაზზე, ან პირიქით შემცირება, მაგის დარეგულირების უფლებაც გვაქვს და თუ საჭიროება მოითხოვს, დავარეგულირებთ“.

„სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობაზე მონიტორინგი არ შეგვიწყვეტია. ყველა სამარშრუტო ხაზზე, რომლებიც ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ემსახურება მგზავრთა გადაყვანას, ვაგრძელებთ მონიტორინგს. 22 სამარშრუტო ხაზია და ყოველდღიურად მოძრაობს 250 მიკროავტობუსი. ამ ეტაპისთვის არ გამოკვეთილა ისეთი სიტუაცია, რომ მიკროავტობუსების რაოდენობა ამა თუ იმ ხაზზე არასაკმარისი იყოს. ინტერვალებს რაც შეეხება, დიფერენცირებულია ამა თუ იმ ხაზის კილომეტრაჟიდან გამომდინარე. ხაზზე მოძრავ მიკროავტობუსებს შორის ინტერვალი ზოგ ხაზზე 5 წუთია, ზოგზე 7-8-10 და 15 წუთი,“ – გვითხრეს  მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილებაში.

მიკროავტობუსების ნაკლებობაზე საუბრობს ბათუმის შემოგარენში მცხოვრები მოსახლეობაც, სადაც საქალაქო მიკროავტობუსები მოძრაობენ. ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებთან ახლოს, სატეხიასა და ზანაქიძეების დასახლებაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ადრე N51 და N49 სამარშრუტო მიკროავტობუსები გაცილებით ინტენსიურად მოძრაობდნენ, დღეს კი, N51 საერთოდ არ მოძრაობს.

„სატეხიისა და ზანაქიძეების დასახლებები ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არ შედის. კომპანია, რომელიც ემსახურება ამ სამარშრუტო ხაზებს, თავისი ინიციატივით არის შესული იმ სოფლებში. საათში ერთხელ, ნახევარ საათში ერთხელ, შედის და ემსახურება ამ დასახლებებიდან მგზავრების გადაყვანას ქალაქის მიმართულებით. ეს არ შეუწყვეტიათ,“ – აცხადებენ ბათუმის მერიაში.

აღსანიშნავია, რომ პირველი სექტემბრიდან N51 სამარშრუტო ხაზი საერთოდ გაუქმდა. N49 სამარშრუტო ხაზს კი კომპანია „აჭარტრანსრეგულირება“ ემსახურება. კომპანიის ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ N51 ხაზი ქალაქის რეგულაციებს აღარ ექვემდებარება, თუმცა დატოვეს, როგორც სოფლის ხაზი [სატეხია-ბათუმი], მაგრამ ორი თვის შიგნით ამ ხაზის მარშრუტი ქალაქის ტერიტორიაზე შეიცვლება და ჭავჭავაძის ქუჩის ნაცვლად პუშკინის ან ბაგრატიონის ქუჩით იმოძრავებს. რაც შეეხება N49-ს, ის სოფელ ვარშალომიძეებშიც შედის, რომელიც მერიის მიერ დამტკიცებული მარშრუტიდან 400-500 მეტრითაა დაშორებული.

_____________________________

ამ თემაზე: ბათუმში სამარშრუტო ხაზები 6 კომპანიაზე გადანაწილდა – საკითხს საკრებულო დაამტკიცებს

შრომითი მიგრაციის შეთანხმება ისრაელთან – „არსებობს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი“

2018 წლის პირველი იანვრიდან 28 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს 9 500-მა მოქალაქემ გადაკვეთა ისრაელის საზღვარი. იმავე პერიოდში დაახლოებით 9 222-მა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ისრაელის ტერიტორია, ხოლო ისრაელში შესვლაზე უარი საქართველოს 2 000 მოქალაქეს უთხრეს.

საზღვარზე უარის თქმის დაბალი მაჩვენებელი, ისრაელში არალეგალურად დარჩენილი ნაკლები საქართველოს მოქალაქე და მათი ნებაყოფლობით დაბრუნება საქართველოში შეიძლება გახდეს წინაპირობა, რომლის საფუძველზეც ორ ქვეყანას შორის შრომითი მიგრაციის ხელშეკრულება გაფორმდება.

ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად ისრაელში უვიზო რეჟიმის დარღვევით, არალეგალურად, 15 ათასამდე საქართველოს მოქალაქე იმყოფება.

„2014 წელს დაიწყო უვიზო მიმოსვლა ისრაელთან და პრობლემებმა თავი 2015 წლიდან იჩინა. მაგალითად, 2015 წელს ისრაელში თავშესაფარი მოითხოვა საქართველოს 550-მა მოქალაქემ, 2016 წელს თავშესაფარი მოითხოვა 3 900-მა მოქალაქემ, 2017 წელს თავშესაფარი მოითხოვა 1 350-მა მოქალაქემ.  მიმდინარე წელს ეს ციფრი შემცირდა და თავშესაფარი მხოლოდ  350-მა მოქალაქემ მოითხოვა,“ –  ამბობს საქართველოს  კონსული ისრაელში, ალექსანდრე ჯიშკარიანი.

იმისთვის, რომ არალეგალური მიგრაციის პროცესი შეჩერებულიყო ისრაელში, საქართველოს საელჩომ და ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახურმა ერთობლივად დაიწყეს „სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების პროგრამის“ განხორციელება.

პროგრამა სამთვიანი იყო და ითვალისწინებდა მოქალაქეების დახმარებას სამგზავრო დოკუმენტის მოწესრიგებაში, ისრაელის საემიგრაციო სამსახური კი, მათთვის იძენდა ავიაბილეთს.  მოქალაქეები საქართველოში ბრუნდებოდნენ ყოველგვარი დაკავებისა და სადეპორტაციო ცენტრში დროის გატარების გარეშე. პროგრამა ითვალისწინებდა იმასაც, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ ისინი სარეინტეგრაციო პროგრამებში ჩართულიყვნენ. ისრაელში საქართველოს კონსულის თქმით, ამ ადამიანებს არ უწესდებოდათ ისრაელში შესვლაზე აკრძალვა. ამასთან, მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის შრომითი მიგრაციის ხელშეკრულება გაფორმდება, მათ ექნებათ საშუალება ლეგალურად დასაქმდნენ ისრაელში.

2018 წელს „სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების პროგრამა“ სამი თვის მანძილზე – პირველი ივლისიდან 30 სექტემბრამდე ხორციელდებოდა. წინასწარი ინფორმაციით, წელს 100-მდე საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა ამ პროგრამით. გასულ წელს მათი რიცხვი 180 იყო.

საკონსულოს ინფორმაციით,  ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამა უკვე სხვა პირობებით, პირველი ოქტომბრიდან  წლის ბოლომდე ისევ გაგრძელდება. ამ პერიოდში დაბრუნებულ მოქალაქეებს ისრაელში შესვლაზე 10-წლიანი აკრძალვა დაუწესდებათ.

როდის გაფორმდება შრომითი მიგრაციის ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის

შრომითი მიგრაციის შესახებ კონსულტაციები 2015 წლიდან მიმდინარეობს. 2017 წელს თბილისში ორმხრივი კონსულტაციები გაიმართა. მაშინ ისრაელის დელეგაციას ისრაელის სახელმწიფოს საემიგრაციო სამსახურის გენერალური დირექტორი ამნონ შმუელი ხელმძღვანელობდა. მიუხედავად მოლოდინისა, ხელშეკრულება დღემდე არ არის გაფორმებული.

„იმ ფაქტორმა, რომ მიგრაციის კუთხით საკმაოდ ნეგატიური ფონი არსებობდა, იმოქმედა მთელ ამ პროცესზე და შეაფერხა. სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების პროგრამა, საინფორმაციო კამპანია, რაც გულისხმობს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის წესების ახსნას – არის საემიგრაციო თანამშრომლობის მთავარი კომპონენტი, რამაც  ჩვენ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ საემიგრაციო კუთხით არსებული მდგომარეობა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს. ეს ხელს შეუწყობს უკვე შრომითი მიგრაციის შეთანხმების გაფორმების კუთხით პროგრესსაც,“ – ამბობს ალექსანდრე ჯიშკარიანი.

კითხვაზე, უნდა ელოდოს თუ არა საქართველო შრომითი მიგრაციის ხელშეკრულების გაფორმებას მომავალ წელს, ისრაელში საქართველოს კონსული პასუხობს:

„გარკვეული ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“.

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი, „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი, იციკ მოშე კი ვარაუდობს, რომ  2019 წლისთვის ეს საკითხი [შრომითი მიგრაციის ხელშეკრულების გაფორმება] გადაწყდება. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და ისრაელის სახლი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც გამოვიდა ინიციატივით, რომ ისრაელში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების საკითხი დამდგარიყო და გადაწყვეტილიყო ისევე, როგორც ეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან მოხდა.

„მაგალითად, ისრაელს მოლდოვასთან გარკვეული კვოტა აქვს დაწესებული, მუშახელი ოფიციალურად ჩაჰყავს ისრაელში სამშენებლო ობიექტებზე. იციკი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც გამოვიდა ამ ინიციატივით, რომ ანალოგიური მექანიზმი გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამით რა ხდება – ერთი მხრივ, საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩნდება ლეგალური ანაზღაურების სერიოზული წყარო, მეორე მხრივ, არსებობენ საშუამავლო კომპანიები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში დასაქმების მიზნით ართმევენ  საკმაოდ სოლიდურ თანხას. ეს არ უნდა ხდებოდეს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში „ისრაელის სახლის“ წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ბერნშტეინი.

მისივე თქმით, თუკი ორ ქვეყანას შორის შრომითი მიგრაციის ხელშეკრულება გაფორმდება, საშუამავლო კომპანიები თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან და საქართველოს მოქალაქეებს აღარ მოუწევთ რამდენიმე ათასი დოლარის გადახდა, რომელსაც ისრაელში ჩასასვლელად და დასასაქმებლად იხდიდნენ.

ისრაელში საქართველოს კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი იმ გავრცელებულ მიზეზებზე საუბრობს, რითაც შეიძლება უარი უთხრან მოქალაქეებს საზღვრის კვეთაზე. მისივე თქმით, საზღვარზე უარის მაჩვენებლის კლებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„2016-2017 წლებში საქართველოს მოქალაქეებს უარს ეუბნებოდნენ ისრაელში შემოსვლაზე იმიტომ, რომ ისინი ვერ ასაბუთებდნენ მათი ისრაელში მოგზაურობის მიზნობრიობას.

რამდენიმე ტიპის პრობლემა იყო:  მოქალაქეებმა არ იცოდნენ, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ერთხელ უკვე უარი უთხრეს ისრაელის საზღვრის გადაკვეთაზე, მათ ავტომატურად დაუწესდათ ხუთწლიანი ან ზოგ შემთხვევაში ათწლიანი აკრძალვა. ეს მოქალაქეები ერთი კვირის, ერთი თვის შემდეგ ისევ ცდილობდნენ ისრაელში შესვლას.

მოქალაქეებმა არ იცოდნენ, რომ თუ იმ  პირის ოჯახის წევრები იყვნენ, რომელიც ისრაელში არალეგალურად იმყოფება ან მოთხოვნილი აქვს თავშესაფარი, მიუხედავად იმისა, ისინი აპირებდნენ თუ არა დარჩენას არალეგალურად ისრაელში, საზღვრის დაცვის სამსახური ვალდებულია ასეთ პირებს უარი უთხრას შემოსვლაზე.

ყველაზე ხშირად უარს ეუბნებოდნენ შემდეგ გარემოებაში – საქართველოს მოქალაქეები მოემგზავრებოდნენ ისრაელის მოქალაქესთან სტუმრად. შეიძლება ნამდვილად არ ჰქონდათ ისრაელში დარჩენა განზრახული, მაგრამ  ისრაელის ამ მოქალაქესთან თუ ადრე უკვე ჩამოსული იყვნენ საქართველოს ან სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც არ დატოვეს ისრაელის ტერიტორია  ან დარღვევით დატოვეს, ასეთ შემთხვევაში ეს  ისრაელის მოქალაქეები ე.წ. „შავ სიაში“ ჰყავს შეყვანილი საზღვრის დაცვის დეპარტამენტს.

ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის საზღვარზე უარის მაჩვენებლის კლებას. მოქალაქეები დიდ სამსახურს გაუწევდნენ თავიანთ თავსაც და ქვეყანასაც, თუ ისინი ისრაელში გამომგზავრებამდე დაფიქრდებოდნენ, ნამდვილად შეძლებდნენ თუ არა თავიანთი ვიზიტის მიზნობრიობის დადასტურებას. მაგალითად, რომ ნამდვილად ტურისტულად ან ნამდვილად სამკურნალოდ,  ან ნამდვილად ოჯახის ახლობლების მოსანახულებლად მოდიან. და პლუს ამას, ამ ახლობლებს და მეგობრებს არ აქვთ პრობლემები ისრაელში. თუ პირის ოჯახის წევრი, ნათესავი ან მეგობარი იმყოფება ისრაელში არალეგალურად, ამ შემთხვევაში კარგი იქნებოდა, თუ თავს შეიკავებდნენ ჩამოსვლისგან“.

დედის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული მოსამართლეს: ვნანობ ჩემს საქციელს, გამიგეთ?

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა კახა კ.-ს. მას დედის მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი.

შემთხვევა ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, 28 სექტემბერს, ღამის თორმეტის ნახევარზე მოხდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა დედას ყელის და სახის არეში დანით  სიცოცხლისთვის საშიში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კიდექსის 11 პრიმა ერთი 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის სხეულის მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მალევე პროკურატურამ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა და კახა კ.-ს 19-108-ე მუხლით გაასამართლებენ. ეს მკვლელობის მცდელობის მუხლია.

„ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას,“ – მიმართა მოსამართლემ ბრალდებულს.

მკვლელობის მცდელობის შემდეგ კახა კ. მიიმალა. რანდენიმე საათში იგი პოლიციელებმა დააკავეს. დაჭრილი ქალი კი, რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც იგი ამ დრომდე რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების თქმით, სტაბილურია.

კახა კ. დედაზე ძალადობისთვის უკვე გასამართლებულია – დაახლოებით ერთი თვის წინ, 6 სექტემბერს, მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმა პროკურატურამ. დედაზე ფიზიკური ძალადობისთვის ბრალდებულს სასამართლომ პირობითი მსჯავრი შეუფარდა და პატიმრობიდან გაათავისუფლა.

დედის მკვლელობის მცდელობა, გამოძიების ვერსიით, კახა კ.-მ პირობითი მსჯავრის ქვეშ ჩაიდინა. ის 22 წლისაა.

„ვნანობ ჩემს საქციელს, გამიგეთ?“ – უთხრა მოსამართლეს ბრალდებულმა. მას ამ ეტაპზე ადვოკატი არ ჰყავს.

მოსამართლის დუმილის შემდეგ ბრალდებულმა განაგრძო:

„რომ ამბობთ, მიიმალაო, ასეა, ვეთანხმები, მაგრამ მე ხომ საზღვარი არ გადამიკვეთავს?  მე დანაშაულის ადგილიდან გავიქეცი…“ – თქვა მან.

მოსამართლემ ბრალდებულს ჰკითხა, ხომ არ აქვს მას გირაოს, ან თავდების შეთავაზება.

„არა. ჰოდა, ახლა რა უნდა ვქნა?“ – იკითხა ბრალდებულმა.

„თქვენ პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდით… ისევ მაღალია დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე,“ – დაასრულა მოსამართლემ წინასწარი პატიმრობის შეფარდების განმარტება და დარბაზიდან გავიდა.

 

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელად ინგა გოგიბერიძე დაინიშნა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ინგა გოგიბერიძის დანიშვნასთან დაკავშირებით ბრძანება 27 სექტემბერს გამოიცა.

ინგა გოგიბერიძე 2006 წლიდან აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში საბავშვო – ახალგაზრდობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

საჯარო ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ინგა გოგიბერიძე არის ექვსი  პროზაული ნაშრომისა და 12 ლიტერატურული კრებულის ავტორი და რედქტორ-შემდგენელი.

„ზეპირი მთხრობელი-ქალი, რომელიც ბავშვებს უკითხავს წიგნებს (2016 წლის ყველაზე პრესტიჟული, ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიის ნომინანტი იყო.)

ინგა გოგიბერიძე საკუთარი სახსრებით  აჭარის მაღალმთიანეთში და სასაზღვრო ზონების ბიბლიოთეკებს ახალი ლიტერატურით უზრუნველყოფდა. ატარებდა კითხვისა და ზღაპრების საათებს  წიგნის პოპულარიზაციის მიზნით“.

 

N7 და N15 ხაზებზე ძველ ავტობუსებს ახალი, ლურჯი ავტობუსებით ჩაანაცვლებენ

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, დამატებით 15 ლურჯი ავტობუსი უკვე მიღებული აქვთ და დაახლოებით 4-5 დღეში ამ ახალი ავტობუსებით N7 და N15 ხაზზე მოძრავ მუნიციპალურ ავტობუსებს მთლიანად ჩაანაცვლებენ.

„ხაზი რომ არ ავაჭრელოთ, ეს 15 ლურჯი ავტობუსი ორ ხაზზე იმოძრავებს. პარკის გადახალისებასაც ვაკეთებთ, ზოგი ისეთი ავტობუსია, გვინდა რომ აღარ იაროს ქალაქში. არის ისეთი ხაზიც, სადაც, მაგალითად, ორი ავტობუსი არ მუშაობს, ამიტომ  გადავანაცვლებთ ამ ძველ ავტობუსებს. რაც შეეხება დამატებით კიდევ 10 ლურჯი ავტობუსის მიღებას, ამ დღეებში შემოვა,“ – ამბობს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ბესო დათიაშვილი.

„ამ ეტაპისთვის, ვინაიდან ფიზიკურად არ გვაქვს ავტობუსები, რომელიმე ხაზზე ავტობუსის დამატება არ იგეგმება. ამის აუცილებლობაც არ არის, ვინაიდან, პარალელურად სამარშრუტო მიკროავტობუსებთან ერთად ვმუშაობთ,“ – ამბობენ „ავტოტრანსპორტში“.

ახალი, ლურჯი ავტობუსები ქალაქში 2018 წლის პირველ სექტემბერს გამოჩნდა.

„ბათუმის ავტოტრანსპორტს“ დღეს მთლიანობაში 30 ახალი ავტობუსი აქვს და 10-ს კიდევ ელოდება.

ავტობუსების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა [EBRD] გამოაცხადა. ბათუმის მერიაში სატენდერო პაკეტი 2018 წლის 15 მარტს გაიხსნა. წინადადება, მერიის ინფორმაციით, უკრაინულ-იაპონურმა კომპანიამ  – „ჩერკასკი ავტობუსმა“ წარმოადგინა. კომპანია მერიას „ისუზუ ატამანის“ მოდელის 40 ავტობუსის მიწოდებას სთავაზობს. 30 ავტობუსი კომპანიამ უკვე შემოიტანა.

დიზელზე მომუშავე 40 ავტობუსში მერია, ჯამში, 3 მილიონ 137 ათას ევროს, ანუ ერთ ავტობუსში 78 ათას 425 ევროს გადაიხდის.

 

მთავარი ფოტო: ახალი ავტობუსების პრეზენტაცია ბათუმში / 29.08.2018 / ბათუმის მერიის ფოტო

მასწავლებელთა სახლის ხელმძღვანელად ბერიკა შუკაკიძის დანიშვნას სამინისტრო არ ადასტურებს

როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუ ვინ უხელმძღვანელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.

ბოლო დღეებია საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას ამ პოსტზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ასოცირებული პროფესორის, ბერიკა შუკაკიძის დანიშვნის შესახებ.

ბერიკა შუკაკიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მისთვის ჯერ არ უცნობებიათ გადაწყვეტილების შესახებ და პასუხს ელოდება.

უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბერიკა შუკაკიძემ 1995 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, 2002 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი ზოგადი განათლების მართვაში ნებრასკის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2013 წელს დაიცვა დისერტაცია განათლებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.  აქვს 10-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. იგი 2006-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, პროგრამების, მოგვიანებით კი ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსად.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს აქამდე გიორგი მაჩაბელი ხელმძღვანელობდა, რომელიც განათლების მინისტრმა 10 სექტემბერს გაათავისუფლა თანამდებობიდან.

ოქტომბრის პირველი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1-2 ოქტომბერს ბათუმში და აჭარის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 21  – 26  გრადუსი  
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 20  გრადუსი 
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 22,5 გრადუსია. ტალღის სიმაღლე  7-12დმ (2-3ბალი).

სინოპტიკოსების ცნობით, 3-4 ოქტომბერს კი ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

_______________

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ტბაში კუნძულის უკანონოდ დარეგისტრირებისთვის ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების და მათი გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე  ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაამზადებინა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ყალბი ცნობა, თითქოსდა მას საკუთრებაში გადაეცა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

„აღნიშნული ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, დანაშაულში მხილებულმა პირმა, საკუთრებაში დაირეგისტრირა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ტბაში არსებული  1 807 კვ/მ ფართობის კუნძული“.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლების მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

„ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირების გამოვლენა-მხილების მიზნით,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

 

საახალწლოდ ბათუმის გაფორმებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 428 ათასამდე ლარი დაიხარჯება

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ „საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმების სამუშაოების შესყიდვაზე“ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 428 ათას 423 ლარია.

ქალაქის გაფორმებაში შედის საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების, მათ შორის საახალწლო ნაძვის ხის [აქსესუარებით] მონტაჟი და დემონტაჟი.

ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე ამჯერადაც ევროპის მოედანზე განთავსდება.

მანათობელი კონსტრუქციების განთავსების კონკრეტული მისამართები კი, მოცემულია ტენდერის ტექნიკურ პირობებში.

სამონტაჟო სამუშაოები უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 25 დეკემბრამდე, ხოლო დემონტაჟი [დასაწყობებით ბათუმის მერიის საწყობში] – 2019 წლის 15 თებერვლამდე.

ტენდერის პირობებში აღნიშნულია, ასევე, რომ „შემდგომი გამოყენებისათვის ვარგისი, ასევე დაზიანებული [რომელიც ექვემდებარება შეკეთებას შემდგომში გამოყენების შესაძლებლობით] და შემდგომში გამოსაყენებლად უვარგისი ყველა საახალწლო აქსესუარის რაოდენობრივი ჩამონათვალის წარდგენა კეთილმოწყობის სამმართველოში უნდა განხორციელდეს 2019 წლის პირველ მარტამდე; ხოლო ყველა დაზიანებული, მაგრამ რემონტს დაქვემდებარებული და შემდგომი გამოყენებისთვის ვარგისი საახალწლო აქსესუარის შეკეთება შემდგომი დასაწყობებით უნდა განხორციელდეს 2019 წლის 25 მარტამდე“.

ტენდერში წინადადებების მიღება 2018 წლის 12 ოქტომბერს დაიწყება და 17 ოქტომბერს დასრულდება.

 

მთავარი ფოტო: საახალწლო ნაძვის ხე ევროპის მოედანზე ბათუმში / 25.12.2017 / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ეპარქიის პრესსპიკერი: მეუფე დიმიტრი გიორგი მამალაძის უდანაშაულობაში დარწმუნებული არ არის

„დიდი მადლობა, რომ მიყვირიხართ“, – თქვა მამა იოანემ, როცა მას დღევანდელ საპროტესტო აქციაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა კითხვებზე პასუხი აგრესიული ფორმით მოსთხოვეს.

„თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას?“ – ჰკითხა სასულიერო პირს დეკანოზის ძმამ.

„თქვენ მე არ მაძლევთ საუბრის საშუალებას,“ – მიმართა აქციის მონაწილეებს სასულიერო პირმა.

„თქვენ მატყუარა ხართ,“ – უთხრეს ეპარქიის პრესსპიკერს, მამა იოანეს გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა.

მიტროპოლიტ დიმიტრისგან დუმილის დარღვევა და მხარდაჭერა დღეს, 30 სექტემბერს, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მოითხოვეს. მათ ეპარქიის რეზიდენციასთან ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერი, იოანე გორელიშვილი მივიდა, რომელსაც დეკანოზის ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ.

„შევიკრიბეთ, რადგან ეპარქიის მმართველს, მეუფე დიმიტრის შევახსენეთ, რომ სასულიერო პირი უდანაშაულოდ ზის ციხეში და არანაირი რეაგირება არ ხდება ეპარქიის მხრიდან, ელემენტარული მოკითხვაც არ ხდება. მეუფე დიმიტრიმ ყველაზე კარგად იცის, რის გამოც ზის გიორგი მამალაძე ციხეში და იცის, რომ ის არის უდანაშაულო. თუ ამას რეაგირება არ მოჰყვება, ჩვენ ფართომასშტაბიან აქციებს ვგეგმავთ. აქამდე გიორგი ბათუმის ეპარქიას შანსს აძლევდა, რომ ელემენტარული ნაბიჯი გადაიდგმებოდა უდანაშაულო დეკანოზის დაცვისთვის,“ – თქვა თორნიკე მამალაძემ, დეკანოზის ძმამ.

„მეუფეო, შეწყვიტეთ დუმილი და თქვით სიმართლე,“ – ეს ერთ-ერთი ტრანსფარანტია, რომელიც დღეს აქციის მონაწილეებმა  რეზიდენციასთან მიიტანეს. მიტროპოლიტი დიმიტრი აქციის მონაწილეებთან არ მისულა, თუმცა აქციაზე ეპარქიის პრესსპიკერი – იოანე გორელიშვილი გამოჩნდა. მან თქვა, რომ მიტროპოლიტი სამკურნალოდ გერმანიაში იმყოფება.

„რის შესახებ უნდა ისაუბროს მიტროპოლიტმა დიმიტრიმ და რა შეიძლება გააკეთოს ეპარქიამ დეკანოზისთვის?“ – თორნიკე მამალაძემ „ბათუმელების“ შეკითხვას მოკლედ უპასუხა: „ეს მეუფემ უკეთ იცის და ის გიპასუხებთ…“

დეკანოზის ძმა ასევე ფიქრობს, რომ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია უპასუხოდ არ უნდა ტოვებდეს სხვა ეპარქიის მღვდელმთავრების საჯარო განცხადებებს დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ.

„მაგალითად, როცა მეუფე იაკობი ილანძღება და ის არ ერიდება არც დეკანოზის ლანძღვას, ელემენტარულად ამის საწინააღმდეგოდაც არაფერი კეთდება,“ – ამბობს თორნიკე მამალაძე.

„მეუფე დიმიტრის დუმილი დასარღვევი არ აქვს, მან რაც იცოდა, თქვა. თუ რამე მოსაყოლი აქვს გიორგი მამალაძეს, თქვას,“ – უთხრა ჟურნალისტებს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, იოანე გორელიშვილმა.

პრესსპიკერს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას ფიქრობს მეუფე დიმიტრი გიორგი მამალაძის სასჯელთან დაკავშირებით.

„მეუფე დიმიტრი დარწმუნებული რომ იყოს მის სრულ უდანაშაულობაში, ის ასე უქმად არ იქნებოდა და აუცილებლად რაღაც ნაბიჯებს გადადგამდა. გაურკვევლობა არსებობს, არსებობს კითხვები…“ – აღნიშნა იოანე გორელიშვილმა.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერის თქმით, მეუფე დიმიტრი, არსებული კითხვების მიუხედავად, უშუალოდ დაუკავშირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას და გიორგი მამალაძის შეწყალება ითხოვა.

„მეუფემ მხარი დაუჭირა შეწყალებას… ის, რომ მეუფე არაფერს აკეთებს, ეს ტყუილია. სამწუხაროდ, ეს საკითხი არ განიხილა კომისიამ დადებითად. პრეზიდენტის აპარატთან რომ შეკრებილიყვნენ, გასაგები იქნებოდა,“ – თქვა პრესსპიკერმა.

იოანე გორელიშვილის თქმით, მიტროპოლიტ დიმიტრისაც აინტერსებს „ციანიდის საქმის“ დეტალები: „ცალკეული მღვდელმთავრებიც ამბობენ, რომ რაღაც ახალი გაიგეს. თუ რამე იციან, თქვან. ჩვენ ვთვლით, რომ საზოგადოება ღირსია, იცოდეს სიმართლე“.

ჟურნალისტებისთვის კომენტარის მიცემის შემდეგ პრესსპიკერს გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ. დეკანოზის ძმამ მას სთხოვა აეხსნა, რატომ მიმართა მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს, როცა იგი ციხეში დეკანოზის მოსანახულებლად შევიდა.

„ეს პიარისთვის გააკეთეთ. მაგის შემდეგ არც გიორგი მოუნახულებია მეუფეს და არც მისი ცოლ-შვილი მოგიკითხავთ. რას ამბობს სახარება პატიმრებზე გახსოვთ?“ – მიმართა მამა იოანეს თორნიკე მამალაძემ.

„ჩვენ ჟურნალისტებისთვის მაშინ არ დაგვირეკავს. მათ თავად გაიგეს ის, რომ მეუფე ციხეში შესვლას აპირებდა,“ – აღნიშნა ეპარქიის პრესსპიკერმა.

„რატომ აღარ შეიქმნა სინოდის მიერ დაანონსებული კომისია, რომელიც გიორგი მამალაძის საქმეზე იმუშავებდა?“ – იოანე გორელიშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ კომისიის შექმნის საკითხი ისევ განიხილება.

„ჩვენ გვინდოდა, რომ შეეწყალებინათ გიორგი მამალაძე. ასეთ შემთხვევაში, ის თავად მოვიდოდა და მოუყვებოდა ყველაფერს საქმის შესახებ კომისიას…“ – თქვა მან.

„ჩვენ პირდაპირ მეუფეს შევხვდებით ჟურნალისტების თვალწინ… წადით, რატომ არ მიდიხართ? შედით თქვენს რეზიდენციაში – უთხრეს კამათის შემდეგ ეპარქიის პრესსპიკერს გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა.

იოანე გორელიშვილი რეზიდენციაში მას შემდეგ შებრუნდა, როცა აქციის მონაწილეები დაიშალნენ.

დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ.

27 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა.

აქცია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის რეზიდენციასთან / 30.09.2018 /

 

 

 

მომავალი ზაფხულიდან ქალი მაშველებიც გვეყოლება

„მომავალი წლიდან ქალებს პირველად მიეცემათ საშუალება, საზღვაო მაშველები გახდნენ”, – აცხადებს შალვა ხუციშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. შალვა ხუციშვილის ამ განცხადებას სამაშველო სამსახური ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ქალ მაშველებზე შეზღუდვა არც აქამდე ყოფილა, მაგრამ სამსახური უპირატესობას კაცებს ანიჭებდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალური კამპანიის წამოწყებას გეგმავს იმისთვის, რომ ქალებმა საზღვაო მაშველობაზე დაინტერესება გამოხატონ.

„განიხილება ასევე დამატებითი ბენეფიტის მიცემა ქალი მაშველებისთვის,“ – აცხადებენ საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

 

შემოდგომა ქედაში 2018 – ფოტორეპორტაჟი

სხვადასხვა პროგრამით დღეს, 30 სექტემბერს, ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს „ქედელობა 2018“ აღნიშნავენ. ღონისძიებები დილიდან დაიწყო: აგრობაზრობა, ტრადიციული კერძების მომზადების იმიტაცია, შემოქმედებითი ანსამბლების გამოსვლა, საპატიო ქედელების დაჯილდოება, სპორტული აქტივობები…

დღის ბოლოს ქედაში შეჯიბრი ჭიდაობაში გაიმართება და საუკეთესო ფალავანს დააჯილდოვებენ. ასევე გაიმართება ღვინის დაწურვის ცერემონია.

შემოდგომა ქედაში 2018. გურამ მურვანიძის ფოტო
შემოდგომა ქედაში 2018. გურამ მურვანიძის ფოტო
შემოდგომა ქედაში 2018. გურამ მურვანიძის ფოტო
შემოდგომა ქედაში 2018. გურამ მურვანიძის ფოტო
შემოდგომა ქედაში 2018. გურამ მურვანიძის ფოტო
შემოდგომა ქედაში 2018. გურამ მურვანიძის ფოტო
შემოდგომა ქედაში 2018. გურამ მურვანიძის ფოტო
შემოდგომა ქედაში 2018. გურამ მურვანიძის ფოტო
შემოდგომა ქედაში 2018. გურამ მურვანიძის ფოტო
შემოდგომა ქედაში 2018. გურამ მურვანიძის ფოტო
შემოდგომა ქედაში 2018. გურამ მურვანიძის ფოტო
შემოდგომა ქედაში 2018. გურამ მურვანიძის ფოტო
შემოდგომა ქედაში 2018. გურამ მურვანიძის ფოტო

 

ნანა ძაგნიძე 2017 წლის საუკეთესო ქალ მოჭადრაკედ დასახელდა

საქართველოს საჭადრაკო ფედერაციის ცნობით, ქართველი მოჭადრაკე, ნანა ძაგნიძე, „ფიდემ“ 2017 წლის საუკეთესო ქალ მოჭადრაკედ  დაასახელა. ეს საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაცია „ფიდეს“ ყოველწლიური ჯილდოა.

საქართველოს საჭადრაკო ფედერაციის ინფორმაციით, ნანა ძაგნიძეს „კაისას“ თასი გუშინ, 29 სექტემბერს, გადასცეს.

„ფიდე“ საუკეთესო ქალ მოჭადრაკედ წინა წლის ოლიმპიადის საუკეთესო შედეგის მქონე მოთამაშეს ასახელებს.

_____________

მთავარი ფოტო: ნანა ძაგნიძე „კაისას“ თასის გადაცემის დროს. საქართველოს საჭადრაკო ფედერაციის ფოტო

სასჯელი არასრულწლოვან გოგოსთან სექსისთვის

არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს ორი განაჩენი მიუღია. ორივე შემთხვევაში გამოძიება მიუთითებს, რომ სექსუალური კავშირი „ნებაყოფლობითი“ იყო და ოჯახი შეიქმნა. პროკურატურამ ორივე ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, სასამართლომ კი გასამართლებულებს დამატებით სასჯელად საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა.

არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისთვის ხელვაჩაურის სასამართლომ ხულოში მცხოვრები რ.დ. გაასამართლა. მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ, თუმცა პროკურატურასთან დადებული საპროცესო შეთანხმებით, სასჯელი რ.დ.-ს პირობით ჩაეთვალა.

დამატებითი სასჯელის სახით რ.დ.-ს 80 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯეს. რ.დ. სრულწლოვანია.

განაჩენის მიხედვით, რ.დ.-მ „დაამყარა ნებაყოფლობითი სექსუალური ხასიათის შეღწევა“ 16 წელს მიუღწეველ გოგოსთან, რომელიც შემდეგ მისი ცოლი გახდა.

რ.დ.-სთვის პროკურატურას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა ერთი 140-ე მუხლის შესაბამისად ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, სრულწლოვანის სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. ეს დანაშაული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ საქმეში დატოვა არასრულწლოვანთან ქორწილის ამსახველი ფოტოები და ვიდეოჩანაწერები.

„საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი სამი ცალი ვიდეოდისკი [ქორწინების ვიდეოჩანაწერი, ქორწინების ფოტომასალა] დარჩეს საქმეში სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით,“ – აღნიშნულია განაჩენში, რომელიც მოსამართლემ 31 ივლისს მიიღო.

არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისთვის ხელვაჩაურის სასამართლოს გასულ წელსაც გაუსამართლებია ერთი პირი – ქედაში მცხოვრები ნ.მ. მას 16 წელს მიუღწეველ გოგოსთან სექსი 2015 წელს ჰქონდა, ხოლო ბრალი 2017 წელს წაუყენეს, მაშინ, როცა ოჯახს შვილი გაუჩნდა და დაბადების მოწმობის აღება გახდა საჭირო.

ამ საქმეში ბათუმის სამშობიარო სახლის ჩანაწერსაც ნახავთ, რომლის მიხედვითაც ახალშობილი დედა ისევ არასრულწლოვანია.

ეს საქმეც პროკურატურასთან საპროცესო გარიგებით დასრულდა. აქაც ბრალის აღწერისას ნახავთ ფრაზას „ნებაყოფლობითი სექსუალური კავშირი“.

ნ.მ.-ს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც პირობით ჩაეთვალა. პირობითი მსჯავრის მოხდის პარალელურად, მსჯავრდებულს დაკისრებული აქვს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა – 100 საათის ოდენობით.

შეკვეთილში ავტობუსი მიკროავტობუსს დაეჯახა, რომელმაც მანამდე ცხენი გაიტანა

გურიაში, შეკვეთილში, მაგისტრალზე ცხენს მიკროავტობუსი დაეჯახა, მიკროავტობუსს – „მეტროს“ ავტობუსი. ცხენი ავარიის შედეგად ადგილზევე მოკვდა, მიკროავტობუსი კი, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

თვითმხილველის თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაზე პოლიციელებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს. სამართალდამრღვევი მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125 მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით დაჯარიმდება. ეს მუხლი 250 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. ამ დროისთვის უცნობია, რომელმა მძღოლმა დაარღვია მოძრაობის წესები.

 

ავტოსაგზაო შემთხვევა შეკვეთილში, მარიამ ქველიაშვილის ფოტო

ეპისკოპოსების როლი არჩევნებში – ინტერვიუ ბექა მინდიაშვილთან

„ეკონომიკური ინტერესი“ – ეს ფრაზა ახსენა ყველაზე ხშირად თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა სასულიერო პირების საარჩევნო პროცესში ჩართულობაზე საუბრის დროს. მისი დაკვირვებით, საპატრიარქო არჩევნებში პოპულარობის ხარჯზე ფინანსურ სარგებლის მიღების გამო ერთვება, თუმცა „ციანიდის საქმის“ შემდეგ ეკლესიის ავტორიტეტი საზოგადოებაში შემცირდა.

საქართველოში არავის უკვირს სასულიერო პირის, ან ეპისკოპოსის წინასაარჩევნო გააქტიურება, პოლიტიკა საეკლესიო ქადაგებებში და ფოტო კანდიდატთან. ერთ-ერთი ასეთი ფოტო პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სხალთელ მთავარეპისკოპოსთან, სპირიდონთან რამდენიმე დღის წინ გადაიღო.

ჩართულია თუ არა ეკლესია არჩევნებში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ თეოლოგ ბექა მინდიაშვილს ესაუბრა.

  • ბატონო ბექა, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სხალთის მთავარეპისკოპოსს სპირიდონს შეხვდა. წინა წლებშიც ბევრჯერ გვინახავს კანდიდატები ეპისკოპოსების და სასულიერო პირების გვერდით. რა შეიცვალა, როგორია ამჯერად ეკლესიის და ეპისკოპოსების როლი არჩევნებში? 

თუ გადავავლებთ თვალს უახლეს ისტორიას, ვნახავთ, რომ ეკლესიის როლი ყველაზე აქტიური 90-იანი წლებიდან გახდა. ამ პერიოდიდან ეკლესია ყოველთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოთამაშედ წარმოგვიდგებოდა, თუმცა მისი პოზიცია მუდმივად იყო საწინააღმდეგო, რომ ეკლესია ზეპოლიტიკური ინსტანციაა, რომ ის გააერთიანებდა სხვადასხვა დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალას და მედიატორის როლს შეასრულებდა. ასე იყო 1991 წელსაც, როდესაც საპატრიარქომ პირველი განჩინება მიიღო იმის თაობაზე, რომ პოლიტიკურ პროცესში ეკლესია არ უნდა იღებდეს მონაწილეობას და სასულიერო პირები არ უნდა გამოხატავდნენ პოზიციას სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავდით, რომ ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს სასულიერო პირები ღიად იყვნენ ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში, „მრგვალი მაგიდის“ მხარდამჭერები იყვნენ სასულიერო პირები და ერთ-ერთი მათგანი პარლამენტის წევრიც გახდა. მაშინ „კომუნისტური პარტიის“ სიითაც იყო წარმოდგენილი სასულიერო პირი პარლამენტში.

ბექა მინდიაშვილი
  • რატომ ვერ შესრულდა საპატრიარქოს განჩინება ზეპოლიტიკურობის შესახებ? 

იმდროინდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში სასულიერო პირები ბუნებრივად აღმოჩნდნენ, რადგან რელიგიას მიეცა თავისუფლება. ეროვნული მოძრაობა მოვიდა იმ ნიშნით, რომ ის არის რელიგიის დაბრუნების, აღზევების მოძრაობაც, ზვიად გამსახურდია და უკლებლივ ყველა ლიდერი მიმართავდა რელიგიურ რიტორიკას, საკუთარ მისიას ქრისტეს მისიას ადარებდა გამსახურდია… როცა სიტუაცია გამწვავდა, საპატრიარქოში იკრიბებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები მოსალაპარაკებლად. შემდეგ ვნახეთ ზვიად გამსახურდიას მომხრეთა დიდი ნაწილი, რომელიც უშუალოდ პატრიარქს პუტჩის მხარდაჭერაში ადანაშაულებდა. 1993 წელს უშუალოდ პატრიარქი ხდება გადატრიალების ლეგიტიმატორი: ყველას გვახსოვს „იმელის“ შენობიდან მისი განცხადება, რომ პოლიტიკური მმართველი იქნება ედუარდ შევარდნაძე. ამ დროს გამსახურდია ჯერ კიდევ ცოცხალია და ხელისუფლება – განდევნილი. პატრიარქმა ლეგიტიმაცია მისცა პუტჩს, რაც უაღრესად მცდარი და სახიფათო ნაბიჯი იყო ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის.

ამის შემდეგ ჩვენ ვხედავდით პატრიარქს და სასულიერო პირებს ხან ერთ, ხან მეორე პოლიტიკურ ლიდერთან, მათ შორის იყო ჯაბა იოსელიანი და მასთან საარაკო მეგობრობა პატრიარქისა. არსებობდნენ გამსახურდიას მხარდამჭერი სასულიერო პირებიც. მაგალითად, ორი ეპისკოპოსი – ქრისტეფორე წამალაიძე და ამბროსი ქათამაძე თავის დროზე განკვეთეს ეკლესიიდან იმის გამო, რომ ისინი ღიად უჭერდნენ მხარს ზვიად გამსახურდიას. ბოლო პერიოდამდე საპატრიარქო შევარდნაძის ხელისუფლებას უჭერდა მხარს და ფაქტობრივად ბოლო წამს გადაწყდა, რომ პატრიარქი არ უნდა მისულიყო 2003 წლის 23 ნოემბერს პარლამენტის სხდომის გახსნაზე. გახსოვთ, ალბათ, სასოწარკვეთილი შევარდნაძის ბოლო ფრაზები, როცა ის პატრიარქს ახსენებდა.

შემდეგ ვხედავთ, რომ დისტანციას იკავებს ხელისუფლება საპატრიარქოსთან, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ხდება ფერიის მთის ამბავი, როცა უკანონოდ აშენებული ტაძრის დემონტაჟი ხდება. ეს იყო პირველი სერიოზული პროტესტი, რაშიც, სხვათა შორის, სალომე ზურაბიშვილიც მონაწილეობდა. მაშინ ისინი სამებას ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ.

  • რა პოზიცია ჰქონდა მაშინ სალომე ზურაბიშვილს? მაშინ ის ოპოზიციაში იყო. 

სალომე ზურაბიშვილი და მთლიანად ოპოზიცია იყენებდა ეკლესიას საპროტესტო მუხტის გასაძლიერებლად.  ოპოზიცია ცდილობდა საპატრიარქოს გადაყვანას მხარდამჭერთა რიგში და ნაწილობრივ ეს ასეც მოხდა: 2007 წლის ნოემბრის პროცესში საპატრიარქომ ღიად დაუჭირა მხარი პოლიტიკური ოპოზიციის მოთხოვნას საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით. გახსოვთ, რომ 2007 წლის საპროტესტო მოძრაობის მოთხოვნების ცენტრში იყო ეს მოთხოვნა, რასაც აჰყვა პატრიარქი და თქვა, რომ მხარს უჭერს კონსტიტუციურ მონარქიას, რაც იმ კონტექსტში ნიშნავდა სწორედ საპარლამენტო მოდელის მხარდაჭერას. მაშინ მთელმა ოპოზიციამ, მათ შორის, „რესპუბლიკელებმაც“ მხარი დაუჭირა პატრიარქის ამ მოთხოვნას.

  • როგორ უპასუხა ხელისუფლებამ საპატრიარქოს ამ ნაბიჯს? 

გაიზარდა ყველაზე რადიკალურად საპატრიარქოს დაფინანსება 4 მილიონიდან – 10-მდე. ამ დროს ჩამოურიგეს სასულიერო პირებს ჯიპები, რაც შემდეგ აქტიური დისკუსიის საგანი გახდა და დაიწყო აქტიური ვაჭრობა. ვაჭრობის პარალელურად გრძელდებოდა საპროტესტო აქციები. ოპოზიცია მრავალათასიანი აქციის მონაწილეებით მიადგა სამების ტაძრის ეზოს, რომ მიეღო კურთხევა ხელისუფლების დამხობაზე, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ამის შემდეგ მოვისმინეთ „უცნობის“ ცნობილი ფრაზა: „პატრიარქი პლენშია“.

საპატრიარქო უაღრესად გააქტიურდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ველზე გამოჩენის შემდეგ. პრაქტიკულად ყველა სასულიერო პირი და მაღალი იერარქია აქტიურად ჩაერთო პოლიტიკაში. რამდენიმე მათგანმა ღიად მიმართა კიდეც ხელისუფლებას და დააყვედრა, ჩვენი მოყვანილი ხართო. 2012 წელს სინოდმა ისევ მიიღო განჩინება, რომ ეკლესია ნეიტრალური უნდა იყოს პოლიტიკური ძალებისგან, ანუ ისტორია განმეორდა. ერთია რეალობა და მეორე სურვილი – რა როლში ხედავს ეკლესია თავის თავს. მას სურს, რომ საპატრიარქო იყო ზეპოლიტიკური ორგანიზაცია, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ზეპოლიტიკურობა მომგებიან ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რადგან ამ ყალბი ორეულის შედეგად საპატრიარქოს ეკონომიკა და ბიუჯეტი მუდმივად იზრდება. საპატრიარქოს აქვს პოზიცია, რომ მე ასეთი ვარ, დამოუკიდებელი და თუკი ასეთი ვარ, ფული და მატერიალური მხარდაჭერა უნდა მოდიოდეს ჩემსკენ – მრევლი მენდობა, პოპულარული ვარ. საპატრიარქო რეალობის მიუხედავად, ზეპოლიტიკურობის ხატს სთავაზობს საზოგადოებას.

  • რამდენად დიდია საპატრიარქოს გავლენა რეალურად საზოგადოების პოლიტიკურ არჩევანზე? 

ფაქტია, რომ ეს გავლენა იყო ზუსტად ამ ზეპოლიტიკური მნიშვნელობის გამო, იმიტომ, რომ მრევლის და საზოგადოების ცნობიერებაში ეს ხატი დამკვიდრდა, რომ ეკლესიაა ყოველთა ქართველთა შემკრები, ქართველების მაიდენტიფიცირებელი კოდი. წარმოვიდგინოთ, რომ ეს ორეული არ ყოფილიყო და ისინი ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტორები ყოფილიყვნენ… იყვნენ კიდეც გამსახურდიას წინააღმდეგ და ასე შემდეგ. ახლა უკვე „ოცნების“ წინააღმდეგ არიან.

  • ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე ეპისკოპოსის კომენტარი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. „თუ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდება, ქვეყანას დავტოვებ“ – ასეთი რადიკალურიც კი იყო ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი. მეუფე პეტრემ „წამხდარი და გაუკუღმართებული“ უწოდა სალომე ზურაბიშვილის აზროვნებას. რა ჩანს ამ დაპირისპირებიდან? 

ჩანს, რომ „ოცნების“ ხელისუფლება არის საკმაოდ შესუსტებული. სხვა შემთხვევაში, ასე არ მოხდებოდა. მეორეს მხრივ, საპატრიარქოს რეიტინგი შეირყა ცნობილი „ციანიდის სკანდალის“ შემდეგ, რომელიც იქცა მუდმივი დისკუსიის და დაპირისპირების საგნად. კვლევებიდანაც ჩანს, რომ საპატრიარქოს ავტორიტეტი 90 პროცენტიდან 50-მდეა დასული სწორედ ამ პროცესების გამო. საზოგადოებამ დაინახა, რომ სასულიერო პირები არიან ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებსაც აქვთ ეკონომიკური ინტერესი, შეუძლიათ ჩაიდინონ კრიმინალი, ერთმანეთი ბოლო სიტყვებით ლანძღონ, დანაშაული და ცოდვები დააბრალონ ერთმანეთს. იგივე მიტროპოლიტი პეტრე აბრალებდა მეორე მხარეს, რომ ისინი არიან შორენას ხელის ბიჭები, „ოქროს თევზები“ ხომ ყველას დაგვამახსოვრდა. აბრალებდა იმასაც, რომ საპატრიარქოს ერთ-ერთ შენობაში არის „ბორდელი“ გახსნილი. შემდეგ სამების რეგენტი წერდა იმის შესახებ, რომ პრეზერვატივების ბიზნესი აქვს ერთ-ერთ ეპისკოპოსს, იყო საუბრები სახლების ბიზნესზე, ნარკორეალიზებაში სასულიერო პირების ჩართვაზე…

  • ამ მოცემულობაში რა სტრატეგიით მოქმედებს ეკლესია და მმართველი პოლიტიკური ძალა წინასაარჩევნოდ ახლა? 

ამ არჩევნებში ჩანს, რომ ეკლესიის შიგნით პოლიტიკური თვალსაზრისით არის გაყოფა. მეორე: ჩანს ის, რომ ეკლესია ისევ თამაშობს პოლიტიკური ძალის როლს. უკვე მესამედ გამოდის საპატრიარქოს წერილი, რომ ეკლესია არის ზეპოლიტიკური, ის არის პოლიტიკის მიღმა, რაც არის ყალბი წარმოდგენა ეკლესიაზე. ამას სჯობს გადაიხედოს ეკლესიის დამოკიდებულება, როცა ერთის მხრივ, სრულად ხარ ჩართული პოლიტიკაში და მეორეს მხრივ, ამბობ, რომ პოლიტიკის მიღმა ხარ. ხელისუფლებას დღეს მაღალი სასულიერო იერარქიის საკმაოდ აქტიური ნაწილი დაუპირისპირდა. ამით დაინტერესდა, ბუნებრივია, ოპოზიციაც, კონკრეტულად კი სააკაშვილის მომხრე პოლიტიკური გაერთიანება. მათ აქვთ შესაბამისი ინსტრუმენტი „რუსთავი 2“-ის სახით და ისინი სრულად ამუშავებენ ამ საკითხს. ჩემი აზრით, ეს არის მცდარი პოლიტიკური ნაბიჯი სააკაშვილისა, რადგან იგი სწორედ ამ ნიშნით იბრძოდა და ეს სვლა მინიმუმ უპრინციპობაზე მეტყველებს. შესაბამისად, ეს სააკაშვილს ვერ მოუტანს საეკლესიო წრეების ისეთ მხარდაჭერას, როგორც, მაგალითად, ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს.

სალომე ზურაბიშვილმა არასწორი პოზიცია გამოხატა, როცა თქვა, რომ თითქოს ეკლესიის აქტიურობა პოლიტიკურ პროცესში არის ანტიკანონიერი და ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ შეთანხმებას. შეთანხმებაში სიტყვაც არაა ნახსენები ამის შესახებ. ქართული კანონმდებლობა აძლევს საშუალებას სასულიერო პირებს, გამოხატონ საკუთარი პოლიტიკური პოზიციები, მაგრამ საარჩევნო კანონმდებლობაში არის შეზღუდვა – აგიტაციის ჩატარება და მასში მონაწილეობა არ შეუძლია ეკლესიას, როგორც გაერთიანებას. ჩემი აზრით, არაკანონიერია ეს შეზღუდვა. ეკლესიისთვის და საზოგადოებისთვის უფრო ცხადი იქნება ეკლესიის როლი, როცა ის ღიად დაუჭერს მხარს ამა თუ იმ პოლიტიკურ პოზიციას, ეს ასე ხდება ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში. მითი, რომ ეკლესია პოლიტიკის მიღმა დგას, უნდა დაინგრეს. ყველაფერს საკუთარი სახელი უნდა დაერქვას.

  • ეს მითი ინგრევა, თუ ძლიერდება? ეპისკოპოსების კრიტიკის შემდეგ საპატრიარქომ განაცხადა, რომ პოლიტიკურ პროცესში არ ჩაერთვება. ამის შემდეგ შეხვდა სალომე ზურაბიშვილი სხალთელ მთავარეპისკოპოსს. 

ამ არჩევნებზე დემითოლოგიზაცია მოხდა უფრო მეტად, ვიდრე მანამდე. ჩვენ მოვისმინეთ ეპისკოპოსების ღიად გამოხატული პოზიციები და ვნახეთ სხვადასხვა მხარეს მდგომი სასულიერო პირები. ეს პოლიტიკაა. ეპისკოპოსების ეს განცხადებები არაა პოლიტიკის მიღმა სფერო. სალომეს მხრიდან სპირიდონთან შეხვედრა იყო განეიტრალების მცდელობა იმ წარმოდგენისა, რაც მის შესახებ შეექმნათ სასულიერო პირებს. ამ შემთხვევაში იპოვეს ყველაზე არაპოპულარული ეპისკოპოსი, საკუთარი განცხადებებიდან გამომდინარე. სპირიდონი არის ღიად პრორუსული ეპისკოპოსი და პირდაპირ პუტინს უჭერს მხარს. ასეთი ადამიანისგან მიიღო მან მხარდაჭერა, რაც მის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებებს კიდევ უფრო ამძაფრებს.

  • ეპისკოპოსების ნაწილი ნანობს საარჩევნო პროცესში აქტიურ ჩართვას. მაგალითად, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა სინანული გამოთქვა 2012 წლის არჩევნებში სასულიერო პირების აქტიურობაზე: „რა სიკეთე მოუტანა საქართველოს იმან, რომ პირდაპირ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მონასტრიდან არ გამოსულან, რიგში იდგნენ საარჩევნო უბნებთან და ძალიან აქტიურად გამოხატავდნენ თავის პოლიტიკურ არჩევანს.“

ეს არის ეკლესიის შიდა პრობლემა, როცა სინოდი განჩინებას იღებს და მას არავინ ემორჩილება. შემდეგ პატრიარქი იქადაგებს, ან წერილს დაწერს, რომელსაც შემდეგ სხვები, ან თვითონაც არ ემორჩილება. ეს აჩვენებს იმას, რომ ეკლესიას არ აქვს ღირებულებითი ფუნდამენტი, რომლის გარშემოც არიან სასულიერო პირები შეკრებილი. ჩანს ძირითადად საერთო ეკონომიკური ინტერესი. თუ გავყვებით ამ მორფოლოგიას როგორია, ვნახავთ, რომ ეკლესია აკეთებს სვლას ოპოზიციის მიმართულებით და აკრიტიკებს ხელისუფლებას, ამის შედეგად ის იღებს გაზრდილ დაფინანსებას და მომატებულ მხარდაჭერას. გახსოვთ, ალბათ, პატრიარქი აკრიტიკებდა იგივე „ბუდა ბარის“ მშენებლობას. რატომ აღარ ისმის ეს პროტესტი?  „სოკარის“ ბენზინგასამართი სადგურების წინააღმდეგაც ჰქონდა საპატრიარქოს პროტესტი, მეჩეთებს აფინანსებსო. სად არის ახლა ეს პროტესტი? აღმოჩნდა, რომ პროტესტის შემდეგ „სოკარმა“ სრულად დააფინანსა მთელი ეკლესია გაზით. ჩვენ ვნახეთ სასულიერო პირების პროტესტი „კაზანტიპზე“ და შემდეგ გავიგეთ, რომ თურმე საპატრიარქოს წყლის „სნოს“ შეტანა იყო პრობლემა.

  • თქვენი აზრით, ანალოგიურ დივიდენდს ელის საპატრიარქო სალომე ზურაბიშვილის კრიტიკის შემდეგაც? 

საბოლოოდ კი, ამისთვის კეთდება ეს ყველაფერი. და ეს დივიდენდები შეიძლება მიიღონ ორივე მხრიდან. აქ არის ლაპარაკი ეკონომიკურ ინტერესზე. ახლა საპატრიარქოში კიდევ უფრო მეტად გამძაფრებული პროცესი მიმდინარეობს ამ ტახტის გამო, რაც ყველაზე თვალსაჩინო გახდა „ციანიდის საქმის“ შემდეგ. ეს შიდა დაპირისპირებაც არის განმსაზღვრელი ფაქტორი ღია პოზიციონირებისა პოლიტიკურ და მედია ფონზე.

  • რამ შეიძლება შეცვალოს სასულიერო პირების ეს როლი არჩევნებში? 

მე ვფიქრობ, რომ ეკლესია გაორებულია  და ამას უნდა დაუსვას წერტილი. სასულიერო პირები ან საერთოდ არ უნდა ჩანდნენ პოლიტიკურ პროცესში, რაზეც მიღებულია განჩინება არაერთხელ და მას არ ემორჩილებიან, ან მეორე: რელიგიური მუხტი იმავდროულად სოციალური თვალსაზრისით არის პოლიტიკური მუხტი. მას შეუძლია პოზიტიური და ნეგატიური როლის თამაშიც. ჩემი აზრით, რაც უფრო ღია იქნება ეკლესია პოლიტიკურ ველზე და მკაფიო იქნება მისი პოზიციები, მით უფრო ნაკლებად პრობლემატური იქნება მისი როლის აღქმა საზოგადოებაში.

ეკლესია თავიდან ბოლომდე უნდა განახლდეს. აბსოლუტურად ძირმომპალია ის სოციალური სხეული, რომლითაც ჩვენ საპატრიარქოს ვხედავთ. სად არის აქ ის მთავარი, რასაც უნდა ქადაგებდეს ეკლესია: ქრისტე, სახარება, სახარებისეული ღირებულებები, შემწყნარებლობა, თავისუფლების, თანასწორუფლებიანობის ქადაგება… ეს როლი უნდა შეასრულოს ეკლესიამ. რა შუაშია აქ ან ეკონომიკა, ან პოლიტიკური ინტერესები.

ის, რაც შეუწყობს ხელს ამ გაჯანსაღების პროცესის დაწყებას, არის საზოგადოების დამოკიდებულება. საპატრიარქო იძულებული გახდება, რომ შეიცვალოს. რაღაც დონეზე დაწყებულია კიდეც ეს ცვლილებები. ეკლესიის ყველაზე სერიოზულ პრობლემად მაინც დღემდე რჩება ბმა რუსეთის ინტერესებთან და ამ საკითხზეც რაღაც გახლეჩა არის სასულიერო პირებს შორის, არსებობს პრორუსული და მკაფიოდ გამოხატული არა პრორუსული ინტერესის მატარებელი სასულიერო პირები. ეს უკვე მნიშვნელოვანი შედეგია.

________________________________________

მთავარი ფოტო: სალომე ზურაბიშვილი სხალთელ მთავარეპისკოპოსთან, სპირიდონთან ერთად

 

თორნიკე რიჟვაძემ ექიმებთან შეხვედრაც დახურა – რაზე ისაუბრეს „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“

აჭარის მთავრობაში სხდომების დახურვის შემდეგ თორნიკე რიჟვაძე „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ექიმებს მედიის გარეშე შეხვდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ექიმებთან სალაპარაკოდ აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან და ბათუმის მერთან ერთად მივიდა.

დახურული შეხვედრის შემდეგ ექიმმა გია კიკაბიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ მშენებლობის დასრულების თარიღი ისევ უცნობია. ექიმებს ასევე სურდათ გაეგოთ, არის თუ არა ბიუჯეტში საკმარისი თანხა სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად.

„როდის დასრულდება, ზუსტად ვერ გვითხრეს. კონკრეტული თარიღი გაცხადებული არ ყოფილა. მე პირადად ვათვალიერებ მშენებლობას და აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, მაგრამ მთავარია აღჭურვა. შეხვედრაზე გვითხრეს, რომ ბიუჯეტში თანხა ამ ეტაპზე არ არის. მთავრობის თავმჯდორემ თქვა, რომ მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რომ აღჭურვისთვის თანხა გამოიძებნოს. შესაძლებელია, ცენტრალური ბიუჯეტიდან მოხდეს ამის დაფინანსება. საწყის ეტაპზე კლინიკის აღჭურვას შესაბამისი ტექნიკით მინიმუმ 30 მილიონი სჭირდება,“ – გვითხრა „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ექიმმა, გია კიკაბიძემ.

ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ახალი კლინიკის მშენებლობა 2018 წლის 18 მაისს უნდა დასრულებულიყო, შემდეგ ეს ვადა 31 აგვისტომდე გადასწიეს. კლინიკის მშენებლობა ამ დრომდე გრძელდება.

როდის დასრულდება ახალი კლინიკის მშენებლობა? – ამის გასაგებად ჩვენ შპს „სტადიონის“ დირექტორს, ზურაბ ჭურკვეიძეს დავუკავშირდით. მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა. საავადმყოფოს მშენებლობაზე პასუხისმგებელი შპს „სტადიონია“ და იგი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება.

ექიმებთან გუშინდელი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია აჭარის მთავრობამ დღეს, 29 სექტემბერს გაავრცელა. მთავრობის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ ექიმებს უთხრა, რომ სახელმწიფო რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისებას არ აპირებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული მიდგომა განპირობებულია, ერთი მხრივ, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობით, მეორე მხრივ, სწორედ კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნით, სადაც სახელმწიფო უზრუნველყოფს, როგორც ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას, ასევე ფასების ადეკვატურობას.

„თორნიკე რიჟვაძემ ექიმებს რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისების თაობაზე მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია,“ -აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ მედიისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.

რატომ არ შეატყობინა აჭარის მთავრობამ ექიმებთან შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებს? – აჭარის მთავრობის პრესსამსახურის უფროსმა, სოფო გუჯაბიძემ ამ კითხვაზე გვიპასუხა, რომ ეს იყო სამუშაო შეხვედრა და ექიმებთან მედიის გარეშე გასაუბრებაზე გადაწყვეტილება თორნიკე რიჟვაძემ მიიღო.

„მეც შეხვედრის შემდეგ გავიგე. „ოცნების ქალაქშიც“ მთავრობის თავმჯდომარე მედიის გარეშე მივიდა. თვითონ არჩევს ასე, რომ მთავარია საქმე გაკეთდეს და გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული. შემდეგ ეტაპზე შეიძლება მედიასაც დავუძახოთ,“ – გვითხრა სოფო გუჯაბიძემ.

აჭარის მთავრობის შეხვედრა ექიმებთან.

ამ თემაზე:

იყიდება თუ არა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო

„ივანიშვილის ხის გადატანის გამო თუ აკეთებთ გზას, ჩვენ რა დავაშავეთ?“ – ქობულეთში გზა გადაკეტეს

ქობულეთში მაგისტრალთან მისასვლელი გზა მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გადაკეტა. სოფელ კვირიკეს მოსახლეობა შიდა გზების შეკეთებას და ბუნებრივ აირს ითხოვს.

„ივანიშვილის ხის გადატანის გამო თუ აკეთებთ გზას სხვა სოფლებში, ჩვენ რა დავაშავეთ?“ – უთხრა აქციაზე მისულ ქობულეთის მერის მოადგილეს სოფელ კვირიკეში მცხოვრებმა თამაზ ნემსაძემ. მოქალაქე ამბობს, რომ უგზოობის გამო მასთან სასწრაფო დახმარების მანქანაც ვერ მიდის და ბავშვებს საბავშვო ბაღში სიარული უჭირთ.

აქციის მონაწილეების თქმით, დაპირება გზის კეთილმოწყობაზე, ასევე ბუნებრივ აირზე რამდენჯერმე მიიღეს. ბოლო დაპირებით, მარტში უნდა დაწყებულიყო სამუშაოები ბუნებრივი აირის სისტემის მოსაწყობად, თუმცა არავინ გამოჩენილა. მოსახლეობა აპროტესტებს იმასაც, რომ ბუნებრივი აირი ზედა კვირიკეს და ახლომდებარე სოფლებს უკვე მიეწოდებათ.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც, თუმცა საავტომობილო გზის გათავისუფლება პოლიციამ ვერ შეძლო.

გზა დაახლოებით ორი საათის შემდეგ გაიხსნა, როცა ადგილზე მისული ქობულეთის მერის მოადგილე – სულხან მოწყობილი შეკრებილებმა სოფელში დაზიანებული გზის სანახავად წაიყვანეს.

საპროტესტო აქციის შესახებ „ბათუმელებთან“ განმარტება მერის რწმუნებულმა სოფელ კვირიკეში, ედიტა გოგიტიძემ გააკეთა. მან პროვოცირებული უწოდა საპროტესტო აქციას, თუმცა ვერ გვითხრა, ვის მიერ იყო აქცია პროვოცირებული. ედიტა გოგიტიძე ადასტურებს სოფელში გზის პრობლემის არსებობას და იმასაც, რომ ბუნებრივი აირის სისტემის მოწყობის სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.

„ბუნებრივ აირზე პროექტი უკვე არსებობს. როდის დაიწყება სამუშაოები, არ ვიცი, ეს „სოკარზეა“ დამოკიდებული. ქობულეთის მერი ივლისში შეხვდა მოსახლეობას და დაპირდა ამ სისტემის მოწყობას, მანამდე მერისგან დაპირება არ ყოფილა.

რაც შეეხება გზას, გუშინ რომ წვიმა არ ყოფილიყო, დღეს უკვე „გრეიდერი“ იქნებოდა გზაზე, მოსახლეობამ ამის შესახებ იცოდა და მე ამიტომ მგონია ეს აქცია პროვოცირებული. გზა აქამდე ვერ შეკეთდა, რადგან საავტომობილო გზების დეპარტამენტი ელოდა რაღაც ეკონომიებს. შიდა საუბნო გზაა დაზიანებული და დეპარტამენტის წარმომადგენელი დამპირდა, რომ როგორც კი ორი დღე ამინდი იქნება, გამოვიყვანთ ტექნიკასო,“ – გვითხრა ედიტა გოგოტიძემ.

 

ქობულეთში საავტომობილო გზა გადაკეტეს. „ბათუმელების“ ფოტო

 

 

 

 

მდიდრები ავტომობილებზე ქონების გადასახადს წელს პირველად იხდიან – ბოლო ვადა 15 ნოემბერია

ფიზიკური პირი, თუ მისი [ან მისი ოჯახის] შემოსავალმა 2017 წელს გადააჭარბა 40 000 ლარს, ვალდებულია 2018 წლის 2 ნოემბრამდე, შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს „ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია“.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის ქონების დეკლარაციაში, დასაბეგრ ობიექტებში [საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობა ან მათი ნაწილი, იახტა [კატარღა], შვეულმფრენი, თვითმფრინავი] ასევე შეიტანება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრული მსუბუქი ავტომობილები.

დეკლარაციაში ავტომობილების შეტანა, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, წელს პირველად ხდება.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსით“ ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

[checklist]

  • 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების [ამ შემთხვევაში მსუბუქი ავტომობილის] საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0,05 პროცენტისა და არა უმეტეს 0,2 პროცენტისა;
  • 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების [მათ შორის ავტომობილის] საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0,8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.

[/checklist]

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ფიზიკური პირის ქონების დეკლარაცია შემოსავლების სამსახურს წარედგინება ელექტრონული ფორმით [https://eservices.rs.ge/Login.aspx]

დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის [ამ შემთხვევაში 2017 წლის] მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გადასახადი გადაიხადოს 2018 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.

 

მერიის მიერ დახარჯული 40 ათასი ლარი სახლისთვის, სადაც არ იცხოვრება

„ჩემი სახლი ისტორიულია, 1902 წელს არის აშენებული, აქ აღარ იცხოვრება,“ – ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი ხათუნა გოგიძემ, როცა მის სახლში მივედით. აქ, ახვლედიანის #15-ში, ხათუნა გოგიძე დათო გორგაძესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. სახლი ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაზიანდა. გასული წლის 10 დეკემბერს ახვლედიანის 12-ში მომხდარმა აფეთქებამ ქუჩის მოპირდაპირე მხარეს – ახვლედიანის 15-ში მდებარე კერძო სახლის სახურავი დააზიანა. სახურავი ბათუმის მერიამ აღადგინა.

„აფეთქების დროს მეზობელთან ვიყავი, საშინელი ხმა გავიგონე, მიწისძვრა გვეგონა თავიდან… მოვედი ჩემს სახლთან და ნაომარს ჰგავდა. ჩამტვრეული იყო მინები, იატაკზე ეყარა ნივთები. კედლებს ბზარები ეტყობოდა…“ – იხსენებს 10 დეკებრის ღამეს ხათუნა გოგიძე. მისი თქმით, სახლი ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ საკუთარი თვალით დაათვალიერა და ოჯახმა ზიანის ანაზღაურების დაპირებაც მიიღო.

დავით გორგაძე: „მუშები 27 დეკემბერს მოვიდნენ, წინასაახალწლო დღეებში, სახლს სახურავი გადახადეს და წავიდნენ. მერიაში დავრეკეთ და დავით კასრაძეს ვესაუბრეთ. გვითხრა, 31 დეკემბერი ვადროვოთ და პირველ იანვარს განახლდება მუშაობაო. ვინ მოვიდოდა ახალი წლის დღეებში? თან მუშები მერიის მიერ დაქირავებულ კომპანიას სამტრედიიდან ჰყავდა ჩამოყვანილი. მუშები არ მოვიდნენ, გაწვიმდა, რაღაც იყო გადაფარებული, მაგრამ არ აღმოჩნდა საკმარისი… დაზიანდა კედლები, იატაკი.“

აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახის თქმით, სახლის სახურავი საბოლოოდ ბათუმის მერიამ 2018 წლის თებერვალში დაასრულა. იგივე დაუდასტურეს „ბათუმელებს“ ბათუმის მერიაში, თუმცა ვერ გვიპასუხეს, ვისი ბრალეულობით დაზიანდა ისტორიული სახლის კედლები, ან იატაკი? რატომ უნდა გადაიხადოს ზიანი მერიამ ბიუჯეტის ხარჯზე იმის გამო, რომ სახლი წვიმაში სახურავის გარეშე დატოვეს?

„ახვლედიანის ქ. #12-ში მომხდარი აფეთქების გამო, #15-ში დაზიანებული სახლის სახურავის სარემონტო სამუშაოები 27 დეკემბერს დაიწყო და 2 თებერვალს დასრულდა. სამუშაოების ღირებულებამ 40 ათას 947 ლარი შეადგინა. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას ოჯახი გაყვანილი იყო ქირით. იმის გამო, რომ სახურავის სარემონტო სამუშაოების წარმოებისას ბინაში წვიმის წყალი ჩავიდა, შედგა დეფექტური აქტი. შეფასების დოკუმენტი შეადგინა ა(ა)იპ ,,ბათუმის კორპუსის” წარმომადგენელმა. შეფასდა აქტის შედგენის დროისთვის არსებული მდგომარეობა, რაც გამოხატული იყო იატაკის დაზიანებით. აქტის საფუძველზეც, ივნისის თვეში ოჯახს მერიისგან გამოეყო 2 264 ლარი (იატაკის სარემონტო სამუშაოებისთვის). გარდა ამისა, ოჯახს დამატებით გაეწია დახმარება სამშენებლო მასალით. ამასთან, ივლისის ჩათვლით ოჯახს ყოველთვიურად ერიცხებოდა ბინის ქირა, თვეში 700 ლარის ოდენობით,“ – მოგვწერეს ბათუმის მერიის პრესსამსახურიდან.

„ამ სამშენებლო მასალებს მივუტან და დავუყრი წინ მერიას, ესაა ზიანის ანაზღაურება?“ – კითხულობს დავით გორგაძე. ამბობს, რომ მერიას განსაკუთრებულ არაფერს სთხოვს და სახლის იმ მდგომარეობაში ჩაბარება სურს, რაც 10 დეკემბრამდე იყო.

დავით გორგაძე ფიქრობს, რომ წინასაახალწლო დღეებში სახლს სახურავი ჟურნალისტებისთვის თავის მოსაწონებლად გადახადეს. „მოვიდნენ და ისაუბრეს, ახალი წლის ღამეს უკვე განახლებული ჭერი ექნება ამ ოჯახსო,“ – იხსენებს დავითი.

„დაზიანდა მთელი ელექტროგაყვანილობა, ქვის „კარნიზები“… ჭერიც ჩამოვარდა. სახურავი ისე აღადგინეს, რომ ჭერის სიმაღლე 3.35-მდე შემცირდა, მანამდე – 4 და 20 იყო. ეს არის ვანდალიზმი. ზარალი რომ მოგვადგა, ეს ფაქტია, მერია ივლისის თვის ჩათვლით ქირის ფულს გვიხდიდა, თვეში 700 ლარს. ახლა ჩვენ ისევ ქირით ვცხოვრობთ, რადგან აქ ცხოვრება შეუძლებელია,“ – ამბობს ხათუნა გოგიძე.

ოჯახს ასევე აინტერესებს, ვინ შეაფასა ზიანი, რაც  სახლის სახურავის გარეშე დატოვებამ დადგა, აღწერა თუ არა ვინმემ, რა თანხა სჭირდება ზარალის ანაზღაურებას.

„წერილს წერილზე ვწერთ მერიაში. რამდენჯერმე წარმომადგენელი გამოუშვეს, გაგვესაუბრებოდა  და მიდიოდა. საბოლოოდ, ეს 2 ათასი ლარი ჩაგვირიცხეს,“ – გვითხრა ხათუნა გოგიძემ.

ბათუმის მერია: „მობინადრემ წინასწარ იცოდა, რა რაოდენობის თანხა ჩაერიცხებოდა ზარალის ასანაზღაურებლად, მას დამატებით ჩაერიცხა 1 თვის (ივლისის) ბინის ქირა. პირად საუბარში დავით გორგაძე დათანხმდა შეთავაზებულ პირობებს, რის შემდეგაც მოხდა საკომპენსაციო თანხის ჩარიცხვა. თუკი მისთვის ეს თანხა მიუღებელი იყო, შეეძლო მოეთხოვა დამატებითი ექსპერტიზა. მერიის მიერ ჩატარდა ორი ექსპერტიზა: 1. შენობის მდგრადობის შემოწმებასა და 2. გადახურვის სამუშაოების შესრულებაზე,“ – განმარტავენ ბათუმის მერიაში.

ექსპერტიზის დასკვნები დაზარალებული ოჯახისთვის უცნობია.

„სამართლებრივად რომ ვიდავოთ, ამ დროისთვის ხელში არაფერი გვაქვს. ჩვენ ბათუმის მერი დაგვპირდა, რომ ყველაფერი გაკეთდებაო და ვენდეთ ბათუმის მერიას. რეალობა ესაა, აქ ცხოვრებას გვთავაზობენ,“ – აღნიშნავს ხათუნა გოგიძე.

ახვლედიანის 15-ში მდებარე სახლს ფასადზე ქვის აბრა აქვს – 1902. ხათუნას და დათოს თქმით, სახლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი არ აქვს, მაგრამ სახლის და განსაკუთრებით ბუხრის სიძველით ბევრი ტურისტი დაინტერესებულა.

„წელს ტურისტებიც ვერ მივიღეთ, ბევრი უცხოელს შეუყვარდა ჩვენი სახლი. გარედან შენობაზე საწვიმარი მილებიც ისეთი გაგვიკეთეს, რომ დაუშნოვდა სახლი, ეს ლამაზია?“ – მეკითხება დავით გორგაძე და ქუჩის მეორე მხარეს გადავყევარ, რომ შორიდან დავინახოთ ახალი საწვიმარი მილები ისტორიულ სახლზე.

აფეთქებული სახლის ნაცვლად ახალი სახლის მშენებლობა ახვლედიანის 15-ში რამდენიმე თვეში უნდა დაიწყოს. ამისთვის შპს „ბილდსმორიას“ ბათუმის მერიამ ბაგრატიონის #127-ში 5429 კვ/მ მიწის ნაკვეთი 575 850 ლარად იმ პირობით მიჰყიდა, რომ მყიდველმა ახვლედიანის ქუჩაზე ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლის ცხრა მესაკუთრისთვის იმავე ტერიტორიაზე სამსართულიანი სახლი უსასყიდლოდ  უნდა ააშენოს.

რატომ აფეთქდა ბუნებრივი აირი ახვლედიანის 15-ში? – გამოძიებას ამ კითხვაზე 9 თვის გასვლის მიუხედავად პასუხი არ აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ საქმეზე ისევ მიმდინარეობს გამოძიება და საგამოძიებო მოქმედებები.

რა ინფორმაცია აქვს ხალხს აფეთქების შესახებ?

ხათუნა გოგიძის თქმით, ბუნებრივი აირი რუსუდან ვარონინას ბინაში აფეთქდა. „აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე ამ ქალმა რამდენჯერმე დაურეკა „სოკარს“ და დახმარება ითხოვა. „სოკარიდან“ არავინ მოსულა. კორპუსში გაზის სუნს გრძნობდნენ სხვებიც და როგორც ვიცი, სხვებსაც აქვთ მიმართული „სოკარისთვის“ აფეთქებამდე. გამომძიებლებმა თქვეს ვერსიაც, რომ თითქოს აფეთქება იმან გამოიწვია, რომ თაგვმა ბუნებრივი აირის მილი დააზიანა,“ – ამბობს ხათუნა გოგიძე.

სათამაშო ბიზნესის კონტროლი მკაცრდება

შემოსავლების სამსახური სათამაშო ბიზნესის კონტროლისა და მონიტორინგის ელექტრონული სისტემის დანერგვას გეგმავს. სამსახურში აცხადებენ, რომ სათამაშო ბიზნესის სფერო სათანადო კონტროლის გარეშეა დარჩენილი, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების ოდენობაზე.

„საქართველოს არ გააჩნია სათამაშო ბიზნესის კონტროლისა და მონიტორინგის გამართული სისტემა, რომლის გაუმართაობაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის, როგორც საზოგადოებრივი კანონიერი ინტერესების და უფლებების დაცვის უზრუნველყოფას, ასევე, საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების სფეროს სახელმწიფო რეგულირებას, რაც თავისთავად ისახება ქვეყნის ეკონომიკურ გარემოზე“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

სათამაშო ბიზნესის სფეროში სრულყოფილი კონტროლის დაწესების მიზნით შემოსავლების სამსახურს ინტერესთა გამოხატვაზე მოწვევა ჰქონდა გამოცხადებული, სადაც განაცხადის წარდგენის ვადა 2018 წლის პირველ სექტემბერს ამოიწურა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ინტერესთა გამოხატვა უნდა ითვალისწინებდეს მექანიზმს, მისი იმპლემენტაციის დეტალების, ფასების, პროცედურებისა და ეტაპების ჩათვლით, რომლის რეალიზებითაც შესაძლებელი იქნება:

[checklist]

  • სათამაშო აპარატების სალონში, თითოეულ სათამაშო აპარატში შესული და გასული  თანხების შესახებ ე.წ. „IN-OUT“ [მათ შორის ჯეკპოტის გათამაშების] შესახებ ინფორმაციის მიღება.
    2018 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით სათამაშო აპარატების სალონებში ფუნქციონირებს 6394 სათამაშო აპარატი.
  • თითოეულ სათამაშო აპარატში დადებული ფსონის სულ ცოტა 80% მოგების გათვალისწინების საკითხი.
  • სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში [სათამაშო აპარატები, სამორინე] ყველა განხორციელებული ტრანზაქციის [მათ შორის ჯეკპოტის გათამაშების შესახებ ინფორმაციის] წარმოდგენა, ისტორიის სისწორის და კონტროლის მექანიზმის შემუშავება.
    2018 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშის ორგანიზება ხორციელდება 7 ვებ-გვერდის მეშვეობით [ჯამში 14 ნებართვა: 7 აზარტული და 7 მომგებიანი თამაშობის].
  • ტოტალიზატორის შემთხვევაში, ყველა დადებული ბილეთის ისტორიის სისწორის გაკონტროლების მექანიზმების შემუშავება.
    2018 წლის  ივნისის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით ტოტალიზატორის ორგანიზება ფიზიკურად ხორციელდება 90 ობიექტზე.

[/checklist]

„განსახორციელებელი სამუშაოების დაფინანსების წყარო, ოდენობა და შესაბამისი სახსრები განისაზღვრება წარმოდგენილი ინტერესთა გამოხატვით შემოთავაზებული მოდელების განხილვის შედეგად“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

შესაბამის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევასთან დაკავშირებულ შემოთავაზებებზე საჯარო განცხადებების ან გამოსვლების გაკეთება დაიშვება მხოლოდ შემოსავლების სამსახურის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში“.

თუ რამდენმა კანდიდატმა წარადგინა განაცხადი ინტერესთა გამოხატვაზე და დასანერგი ელექტრონული სისტემის სხვა დეტალებზე ინფორმაციის მოწოდებას შემოსავლების სამსახურში მომდევნო კვირისთვის დაგვპირდნენ.

თუმცა, შესაბამის დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ „ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში, დაინტერესებულ კომპანიებს უკვე წარმოდგენილი აქვთ წინადადებები, ხოლო შესაბამის კომისიას არ აქვს სათანადო კვალიფიკაცია და სპეციალური ცოდნა, რომ უშუალოდ განიხილოს ეს წინადადებები“.

ამიტომ, კომპანიების მიერ შეთავაზებული წინადადებების შემოსავლების სამსახურის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის [ვერიფიცირების] მომსახურებას, შემოსავლების სამსახური ცალკე, ტენდერის გარეშე შეისყიდის.

„ამ მომსახურების შესყიდვის მიზანია, საერთაშორისოდ აღიარებულ, შესაბამის სფეროში მოღვაწე ლაბორატორიის მიერ განხორციელდეს შემოსავლების სამსახურისადმი კომპეტენტური დახმარების გაწევა, ზემოხსენებული სისტემის დასანერგად შესაბამისი კომპანიის შერჩევის პროცესში“ – აღნიშნულია სამსახურის მიერ შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ განაცხადში.

აღნიშნულ მომსახურებას შემოსავლების სამსახური შპს „Quinel Limited“-ისგან შეისყიდის. სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდება შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებით და შესყიდვების ჯამური ღირებულება განსაზღვრული იქნება არაუმეტეს 495 ათასი ლარით.

შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ პროექტის მასშტაბურობის და მნიშვნელობიდან გამომდინარე, მის განსახორციელებლად საჭიროა, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 9 თვე:

[checklist]

  • I ეტაპი: კომპანიამ/ლაბორატორიამ უნდა უზრუნველყოს სათამაშო ბიზნესის კონტროლისა და მონიტორინგის ელექტრონული სისტემის დანერგვის მაძიებელი პირების მიერ, ინტერესთა გამოხატვის შედეგად წარმოდგენილი წინადადებების შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის ვერიფიცირება.
  • II ეტაპი: შერჩეულ კომპანიასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება. „შემოსავლების სამსახურისთვის“ სათანადო რეკომენდაციის მიცემა, საკანონმდებლო აქტების საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე.
  • III ეტაპი: სათამაშო ბიზნესის კონტროლისა და მონიტორინგის ელექტრონული სისტემის წარმატებულად დანერგვის შემდგომ [6 თვის პერიოდში], სისტემების გამართულად მუშაობის შემოწმების მიზნით, ლაბორატორიის მიერ შესაბამისი ზედამხედველობის/ტესტირების განხორციელება.

[/checklist]

———————–

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სათამაშო აპარატებზე გათვალისწინებული უნდა იყოს დადებული ფსონის სულ ცოტა 80 პროცენტი მოგება. „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ თანახმად კი, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული თამაშობა იბეგრება საშემოსავლო/მოგების გადასახადით, ხოლო ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, მოგების/საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შეადგენს ყოველი საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამის 7%-ს.

შემოსავლების სამსახურში აღნიშნავენ, რომ „არსებული მდგომარეობით, შემოსავლების სამსახურს არ გააჩნია ბერკეტი დააწესოს და განახორციელოს სრულყოფილი კონტროლი გადასახადების გადახდის და სანებართვო პირობების შესრულებაზე, ვინაიდან არ გააჩნია კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია. ამიტომ, კონტროლის მიზნით, საჭიროა შემოსავლების სამსახურისათვის ცნობილი იყოს ინფორმაცია თითოეულ სათამაშო აპარატში შესული და გასული თანხების ე.წ „IN-OUT“-ის შესახებ, სათამაშო აპარატის მოგების გაცემის პროცენტის ოდენობის შესახებ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული თამაშობის [სათამაშო აპარატების სალონი] შემთხვევაში ტრანზაქციების ისტორიის შესახებ, ტოტალიზატორის შემთხვევაში, ყველა დადებული ბილეთის ისტორიის შესახებ“.

სათამაშო ბიზნესის კონტროლისა და მონიტორინგის ელექტრონული სისტემის დანერგვის მთავარი მიზანი, სწორედ ისაა, რომ შემოსავლების სამსახურმა ზემოაღნიშნული ინფორმაცია მიიღოს.

ქალი, რომელიც შვილმა დაჭრა, საავადმყოფოში რჩება

55 წლის ქალი, რომელიც გუშინ შსს-ს ინფორმაციით 22 წლის შვილმა დაჭრა, საავადმყოფოში რჩება.

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ინფორმაციით, ქალს ოპერაცია უკვე გაუკეთდა და პოსტოპერაციული მკურნალობისთვის პალატაში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ქალი ყელის არეში იყო დაჭრილი.

შს სამინისტროს ცნობით, დაკავებულმა, წერეთლის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა დედას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

შსს: ქურდული სამყაროს წევრობის და მხარდაჭერის ბრალდებით 6 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისა და ქურდული სამყაროს მხარდაჭერის ბრალდებით, თბილისში, ქუთაისსა და წალკაში 6 პირი დააკავა.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის მაისში, თურქეთში, ე.წ. “კანონიერმა ქურდებმა“ – მინდია გორაძემ (ლავასოღლი) და ჯეირან კინწურაშვილმა ერთ-ერთ ბრალდებულს – მ.დ.-ს ე.წ. „მაყურებლის“ სტატუსი მიანიჭეს და მას წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეკრების ორგანიზება დაავალეს.

შსს-ს ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულები არიან: 1988 წელს დაბადებული თ. ვ., 1985 წელს დაბადებული მ.დ., 1985 წელს დაბადებული ლ.გ., 1992 წელს დაბადებული ბ.რ., 1983 წელს დაბადებული ზ.კ. და 1989 წელს დაბადებული გ.ო.

“იმისთვის, რომ „ქურდული საერთოს“ შეგროვების პროცესს ორგანიზებული ხასიათი ჰქონოდა, მ.დ.-მ, ერთ-ერთ ბრალდებულთან – თ.ვ.-სთან ერთად, ე.წ. „ქურდული შეკრება“ მოაწყო. შეკრებაზე დაადგინეს, რომ წალკის რაიონის მაცხოვრებლებს „ქურდულ საერთოში“ შესატანი თანხა ყოველი თვის 10 რიცხვში უნდა გადაეხადათ, ხოლო ვისაც ხელფასი ბანკში ერიცხებოდა, ე.წ. „ქურდული საერთოსთვის“ შესატანს, ხელფასის ჩარიცხვის მეორე დღეს გაიღებდა.

გამოძიების ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრების – მ.დ.-ს, თ.ვ.-ს და ლ.გ.ს, ასევე, მათი მხარდამჭერების – ბ.რ.-ს, ზ.კ.-ს და გ.ო.-ს მონაწილეობით, მიმდინარე წლის ივნისში, ივლისსა და აგვისტოში ე.წ. „ქურდული საერთოსთვის“ წალკის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისგან გარკვეული თანხა შეგროვდა. მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში აღნიშნული თანხის ნახევარი, „კანონიერი ქურდის“, ჯეირან კინწურაშვილის გადაწყვეტილებით და მ.დ.-ს მითითებით, საფრანგეთში მყოფი „კანონიერი ქურდის“ – გიორგი ფოლადაშვილის (მეტსახელად „სინკარა“) დედას გადაერიცხა.

სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ე.წ. „ქურდული საერთოს“ სია. ასევე, ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ” – აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 223-ე 1-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 223-ე 2-პრიმა მუხლით და 223-ე 3-პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ბათუმში 22 წლის ბიჭი დედის დაჭრის ბრალდებით დააკავეს

28 სექტემბერს, ღამით, ბათუმში 55 წლის ქალს ყელის არეში მიაყენეს ჭრილობა.

მოკლე ხანში პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული, დაჭრილის შვილი, 22 წლის ახალგაზრდა კაცი დააკავა.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, წერეთლის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა დედას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ქალი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს – ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე.

Exit mobile version