განათლება,რეკლამა,სიახლეები

ბულინგი სკოლაში – დისკუსია ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში

02.01.2019 • 3565
ბულინგი სკოლაში – დისკუსია ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში

28 დეკემბერს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით  ილია ჭავჭავაძის სახელობის №1 საჯარო სკოლაში დისკუსია გაიმართა.  დისკუსიის თემა იყო ბულინგი სკოლაში. დისკუსიაში მონაწილეობდნენ პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები, დისკუსიის მომხსენებლები კი ონლაინგამოცემა „ბათუმელებისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ ჟურნალისტები იყვნენ. 

ლელა დუმბაძე, „ბათუმელების“ ჟურნალისტი:  ჩვენს ონლაინგამოცემას არაერთი ბულინგის ამსახველი ფაქტი გაუშუქებია. მაგალითად, დაახლოებით ერთი კვირის წინ ბათუმის ერთ-ერთი საჯაროს სკოლის მე-5 კლასის მოსწავლის შესახებ. როდესაც მოსწავლე სახლიდან სკოლაში მიდიოდა, გზად მას რამდენიმე უფროსი მოზარდი ხვდებოდა. ერთი ვერსიით ისინი მოზარდს ფულს სძალავდნენ, ხოლო მეორე ვერსიით, საქმის გარჩევას  ჰქონდა ადგილი. ადგილი ჰქონდა როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რაც გრძელდებოდა რამდენიმე კვირის განმავლობაში. ეს ფაქტი ცნობილი მაშინ გახდა საზოგადოებისთვის, როდესაც თვითონ მოზარდმა გადაწყვიტა ესაუბრა და უამბო მშობელს. პრობლემა იმაშია, რომ სანამ ბავშვი არ გახდა იძულებული ესაუბრა, მანამ სკოლა ვერ მიხვდა რა აწუხებდა მას.  ამიტომ არის მნიშვნელოვანი მასწავლებლების დაკვირვება მოსწავლეების ქცევაზე და მათთან დიალოგი. სკოლისა და მასწავლებლის როლი ამ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ლელა დუმბაძე

აქ იკვეთება ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც, როდესაც მედია ინტერესდება შემთხვევით, თუ რატომ გახდა ბავშვი ძალადობის მსხვერპლი, რა გახდა გამომწვევი მიზეზები და იკვლევს საკითხს, არის შემთხვევები, როდესაც სკოლა ცდილობს ფაქტის დამალვას. არ მესმის, რატომ არჩევენ გაჩუმებას, მნიშვნელოვანია ხმამაღლა ვილაპარაკოთ პრობლემაზე, მოვაგვაროთ ის და არ გავჩუმდეთ.

კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც გავაშუქეთ, საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსწავლეს ეხებოდა. როდესაც ის გადმოვიდა ქართულ სკოლაში, ბუნებრივია, სწავლა ენის ბარიერის გამო უჭირდა და მარტივად ვერ შედიოდა სხვა მოსწავლეებთან კომუნიკაციაში. სწორედ ამის გამო ის გახდა დაცინვის ობიექტი კლასელების მხრიდან. დასცინოდნენ ეთნიკური ნიშნით, იმის გამო, რომ ვერ კითხულობდა, ვერ სწავლობდა.  პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა და არ მოგვარდა მანამ, სანამ არ გასაჯაროვდა მედიაში. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამ  ყველაფერს ხედავდა, გასაჯაროვებამდე არ მომხდარა შესაბამისი რეაგირება.

მედია ამ ტიპის საკითხებით იმიტომ ინტერესდება, რომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, დაცულია თუ არა ჩვენს საზოგადოებაში ბავშვთა უფლებები.

დისკუსიის მონაწილე  მშობელი: მედია რომ გაასაჯაროებს ამ ფაქტებს, შემდეგ მედიისა და საზოგადოების მხრიდან არ განხორციელდება ძალადობა?

ლელა დუმბაძე: ჩვენს ონლაინგამოცემას მოზარდების ანონიმურობა აქვს დაცული, რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვის იდენტიფიცირება შეუძლებელია. ასევე არ არის ნახსენები სკოლა და სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნები.

ივანე ბაკურაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის  ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი: მეც ვყოფილვარ ბულინგის მსხვერპლი,  მეუბნებოდნენ, რომ ათოსანი ვიყავი და გაკვეთილებს არასდროს არ ვაცდენდი. ჩემზე ეს ცუდ ზეგავლენას არ ახდენდა, თუმცა ყველა ადამიანი ინდივიდია და ბავშვი განსაკუთრებით, რადგან მისი ფსიქოლოგია უფრო სათუთია. ჩვენ გადაცემაში გვყოლია არაერთი სტუმარი, როგორც ქართულენოვანი, ასევე არაქართულენოვანი, რომლებსაც ჰქონიათ შეხება ამერიკულ, კანადურ, ესტონურ და ქართულ გამოცდილებასთან.  საქართველოში სტატისტიკის დათვლა რთულია, რადგან რესპონდენტები არ არიან გულწრფელნი. კანადაში ოფიციალურად ყოველი 5 მოსწავლიდან ერთი არის ბულინგის მსხვერპლი და ეს მათთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა. ბოლო კვლევებით მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.

ბულინგის რამდენიმე სახე არსებობს: სოციალური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, კიბერბულინგი, რელიგიური ბულინგი და ა.შ. ხშირად უფროსები საუბრობენ ბავშვების პრობლემებზე და არა – ბავშვები, ვფიქრობ, ესეც ძალიან დიდი გამოწვევაა ჩვენი საზოგადოების. როდესაც სკოლის სივრცეში ხდება რაღაც პრობლემა, სკოლამ არ უნდა დახუჭოს თვალი. 

დისკუსია ბულინგზე

ნონა  ჩხაიძე,  პედაგოგი: ბულინგის  გამომწვევი მიზეზი რა  არის, ამაზე არასდროს არავის  აქვს პასუხი. შესაძლებელია კლასის გარემოსთან დაკავშირებით  ბავშვს ჰქონდეს პრობლემა, მე ვფიქრობ, ფსიქოლოგის მუშაობა  უნდა იყოს უფრო აქტიური.

ნიკა თურმანიძე, მოსწავლე:  ხშირ  შემთხვევაში როცა რაღაც  ხდება და მედია ამას აშუქებს, მე ვხედავ პრობლემას. თქვენ აჩვენებთ ხალხს მოვლენას და  არ აჩვენებთ როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა. 

ლელა  ბორჩხაძე,  პედაგოგი:  35 ბავშვში შეიძლება მართლა  ვერ შეამჩნიო რაღაც, ან შეიძლება  დააბრალო გარდატეხის ასაკს. დამრიგებელი, რა თქმა უნდა,  ვალდებულია ბავშვის ფსიქოლოგია იცოდეს, მაგრამ მე მხოლოდ ერთ გაკვეთილზე შევდივარ. მშობელი ყველაზე ადრე ამჩნევს საკუთარი შვილის ცვლილებას. მაშინ  მშობელმა უნდა მომმართოს მე. მერე უნდა დაიწყოს ერთად მუშაობა მშობელმა და მასწავლებელმა. თუ ძალიან  გლობალური პრობლემაა, მერე უნდა ჩაერთოს მანდატური, მედია, პრესა და სხვები. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ მედია როცა  ერევა, ბავშვი ვაკუუმში ექცევა.

დისკუსია ქვეყნდება შემოკლებით. 

______________

დისკუსიათა ციკლი „მედია და საზოგადოება“ იმართება „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკული ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED] დაფინანსებით.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: