მთავარი,სიახლეები

რისი გაკეთება შეძლო დემოკრატიის ინსტიტუტმა ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახებისთვის

29.12.2018 • 1470
რისი გაკეთება შეძლო დემოკრატიის ინსტიტუტმა ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახებისთვის

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ახორციელებს უკვე წელიწადზე მეტია, პატიმრებთან, მათი ოჯახის წევრებთან და პრობაციონერებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ისახავს მიზნად. სამედიცინო დახმარება, უფასო იურიდიული კონსულტაციები, მცირე ბიზნესისა და, შესაბამისად, დასაქმების ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წახალისება – ეს ამ აქტივობების არასრული ჩამონათვალია, რასაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ისახავს მიზნად.

არანაკლებ მნიშვნელოვანია რესოციალიზაციის მიმართულება, რის საშუალებითაც ხდება არამხოლოდ ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების, არამედ მათი ოჯახის წევრების რეაბილიტაციაც.

ხშირად პატიმართა შვილებს სტრესი აქვთ მშობლებთან სიშორის გამო და, შესაბამისად, მათ ამ ეტაპის გადალახვაში დახმარება, სტრესის მხიარული დღეებით ჩანაცვლება, დღესასწაულები სჭირდებათ.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის მიმდინარეობისას „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ბენეფიციართა შვილებისთვის არაერთი ღონისძიება მოაწყო წლის განმავლობაში.

უკვე ორი წელია პროექტის ფარგლებში პატარებს ყოველ ახალ წელს გადასცემენ საჩუქრებს, იკრიბებიან ერთად სასიამოვნო გარემოში და პროექტში ჩართული პირები ცდილობენ პატარებს წინასაახალწლო განწყობა შეუქმნან. წელს ბავშვები „მაკდონალდსს“ ესტუმრნენ, სადაც გემრიელად ისადილეს და კარგადაც გაერთნენ, მანამდე კი სანტასგან სიურპრიზები მიიღეს.

სექტემბერში მოეწყო სასწავლო წლის დასაწყისის დღესასწაული, პატარებს სასკოლო ნივთები და ინვენტარი გადაეცათ, შემდეგ კი ისინი ბათუმის მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების თეატრში სპექტაკლს დაესწრნენ.

მშობლები მაშინ აღნიშნავდნენ, რომ ბავშვებისთვის ასეთი დღეები მნიშვნელოვანია, რადგან პატიმართა ოჯახებს ხშირად არ აქვთ საშუალება ისინი სპექტაკლებზე ატარონ. ზოგიც სოფლებსა და რაიონებში ცხოვრობს, სადაც არ ფუნქციონირებს საბავშვო თეატრები. შესაბამისად, სექტემბრის სპექტაკლზე რამდენიმე ბავშვი თეატრში პირველად იყო და მათი შთაბეჭდილებებიც დაუვიწყარი აღმოჩნდა.

ყოფილი პატიმრების  გაძლიერების პროექტის სარეაბილიტაციო კომპონენტი გულისხმობს პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გასვლით ღონისძიებებსა და სპორტულ შეჯიბრებებსაც.

სექტემბრის თვეში მათთვის დიდი ექსკურსია მოეწყო, 51-მა ყოფილმა პატიმარმა, პრობაციონერმა და მათმა ოჯახის წევრებმა დალაშქრეს პრომეთეს მღვიმე, მოწამეთა და ოკაცეს კანიონი. ექსკურსიაზე ჯგუფურად წავიდნენ იმერეთში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში მცხოვრები ყოფილი პატიმრები.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ასევე საფეხბურთო ტურნირიც ყოფილი პატიმრების მონაწილეობით, რისი მიზანიც ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება იყო.

არაფორმალური, სახალისო, გასართობი, შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებები ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ბენეფიციარებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის 2019 წელსაც გაგრძელდება.

ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გარდა პროექტი მიზნად ისახავს:

  • ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას 
  • იურიდიულ დახმარებას
  • ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში
  • ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით
  • ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მცირე სამეწარმეო ინიციატივების წახალისებას
  • სამიზნე ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას

ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებს და პრობაციონერებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:

აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს, ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44;

იმერეთში – აფხაზინტერკონტს, ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61;

გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს, ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26;

სამეგრელო – ზემო სვანეთში – თანაზიარს,  ზუგდიდი, რუსთაველის ქ. №88ტელ: (0415) 22 10 78.


მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: