რას ითხოვს ეტლით მოსარგებლე მოქალაქე აჭარის მთავრობისგან – საპროტესტო აქცია და პასუხი

42 წლის ჯემალ ჭელიძე, რომელმაც პროტესტის ნიშნად  მთავრობის სახლთან მეორე ღამე გაათია და ახლაც იქ არის, ამბობს, რომ  პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღია:

„49-ე საათი დაიწყო, რაც აქ ვდგავარ. ამ პერიოდში აპარატის უფროსი ჩამოვიდა და მითხრა მეც უსახლკარო ვარო, შაშიკაძემ კი, აჭარის ტელევიზიას კომენტარი მისცა მთავრობის სიკეთეებით უკვე სარგებლობსო. სახელმწიფო სიკეთეები მაქვს ელექტროეტლი და პენსია. ეს ეტლი და პენსიაც უნდა შევფუთო და ბატონ არჩილს საჩუქრად ვუგზავნი.“

ჯემალ ჭელიძე 2008 წლიდან, მას შემდეგ, რაც ნინოწმინდაში მისთვის გადაცემულ სახლში მთავრობამ სხვა ოჯახი შეასახლა, საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილებას ითხოვს. მისივე მონაყოლით, ის ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ტუნაძეებში ხის სახლში მშობლებთან და ძმის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. 2008 წლის შემდეგ კი, როგორც თავად ამბობს, „მთავრობამ კეთილი ნება გამოიჩინა“ და  ნინოწმინდაში სახლი მისცა.

ამავე წელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა მის არასრულწლოვან შვილს: „ქუსლის ძვალზე ჩირქი ჰქონდა“ და რადგან ნინოწმინდაში საავადმყოფო არ იყო, რომელიც 14 წლის თორნიკე ჭელიძეს საჭირო დახმარებას აღმოუჩენდა, სახლი დაკეტეს და ბათუმში შვილის სამკურნალოდ ჩამოვიდნენ: „თბილისში წასვლას ისევ ბათუმში ვარჩიე, რადგან აქ ნათესავები მყავს და იმედი მქონდა, რომ დამეხმარებოდნენ.“

უკან ნინოწმინდაში ორ თვეში დაბრუნდნენ, სახლში სხვა ოჯახი დახვდათ შესახლებული: „გვითხრეს აქ სახელმწიფომ შეგვასახლაო. ასევე მიპასუხეს რაიონშიც, რადგან ორი თვე სახლი დაკეტილი იყო, სხვა შევასახლეთო“.

ჯემალ ჭელიძის თქმით, ამ დროს მის ოჯახს ელექტროეტლის ჩათვლით ყველაფერი ამ სახლში ჰქონდა. გარდა ამისა, ბოსტანში დათესილი ჰქონიათ კარტოფილი.

ამის შემდეგ ჯემალ ჭელიძემ სამთავრობო სტრუქტურებს ბევრჯერ მიმართა, ითხოვდა როგორც საცხოვრებელ ადგილს, ასევე სამსახურს: „ოჯახი რომ მერჩინა.“ მისვე ინფორმაციით, აქვს პედაგოგიური, ასევე სამედიცინო განათლება, თუმცა რეზიდენტურა არ გაუვლია.

ჯემალ ჭელიძე ამბობს, რომ მას დახმარებას ჰპირდებოდა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძეც:

„სინამდვილეში არაფერი გადაწყვეტილა. ექვსი წელი გავიდა. შეიცვალა არჩილი, შემდეგ ზურაბ პატარაძე და მოვიდა თორნიკე რიჟვაძე. მთელი ამ დროის განმავლობაში ხან ნათესავებთან ვცხოვრობდი, ხან ნაქირავებში,  ახლა სანათესაოში ვარ, ასე დავრძწივარ აქეთ-იქით.“

ჯემალ ჭელიძის თქმით, მას იმის დასამტკიცებლადაც კი მოუწია ბრძოლა, რომ ნამდვილად იყო მთავრობის მიერ შესახლებული ნინოწმინდაში ერთ-ერთ სახლში:

„1000-ლარიანი საჩუქრები მოგვცეს შესახლებისთანავე პირველადი საჭიროებების ნივთების საყიდლად. ამით დავუმტკიცე, რომ მე ნამდვილად იქ ვცხოვრობდი. უნდოდათ თავის მოკატუნება, მაგრამ არ გამოუვიდათ, მას შემდეგ ყოველ დღე დაპირების რეჟიმში ვარ.“

ჯემალ ჭელიძეს აწუხებს ისიც, რომ მას სახელმწიფოს ვალი აქვს – საპატრულო პოლიციის მიერ მისი არასრულწლოვანი შვილისთვის გამოწერილ ჯარიმებს გულისხმობს:

„მართვის მოწმობის არ მქონე ჩემი 15 წლის შვილი იჯდა საჭესთან, რომელმაც საავადმყოფოში წამიყვანა, სანამ სრულწლოვანი გახდებოდა, ახლა უკვე სრულწლოვანია. რადგან სოციალურად დაუცველი ვიყავი, ყადაღა არ გამოუყენებიათ. დღეს აღარც სოციალური შემწეობა მაქვს და ბაზიდანაც ამოღებული ვარ. რადგან ეწინააღმდეგები სახელმწიფოს – ასე გამოვიდა, უკვე მისი მტერი ხარ და მტრად აღგიქვამენ. მე ეკომიგრანტის სტატუსი არ მაქვს, არც  სტიქიით დაზარალებული ვარ და არც მეწყერსაშიშ ზონაში ვცხოვრობდი.“

იგი ყვება, რომ მთავრობა საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერასთან დაკავშირებით შუამდლომლობას დაჰპირდა, პოლიციას ოფიციალურად მივწერე და ჩვენ გიშუამდგომლებთო, მიუწერია კიდეც, მაშინდელი საპატრულო პოლიციის უფროსისთვის, კახა ბუხრაძისთვის, თუმცა პასუხი – უარყოფითი ან დადებითი დღემდე არ მიუღია.

ჯემალ ჭელიძეს ჰყავს მეუღლე, რომელიც კერძო სტრუქტურაში დამლაგებლად მუშაობს და ხელფასის სახით 150 ლარს იღებს, ორივე შვილი სპორტით არის დაკავებული:

„არჩილ ჩიქოვანმა მითხრა, შენმა თორნიკემ [შვილი] არჩევანი გააკეთოსო, სპორტს თავი დაანებოს და მამას მოგიაროსო, აქედან წაგიყვანოსო.“

თორნიკე ჭელიძე 21 წლისაა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრია.

ჯემალ ჭელიძე გვიყვება, რომ მას საკუთარი საქმის წამოწყებაც უნდოდა, „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსზე პროექტი გააგზავნა, თუმცა უარი უთხრეს: „მოვალეთა რეესტრში ხარო.“

ზაზა შაშიკაძე, რომელმაც აჭარის ტელევიზიასთან ჯემალ ჭელიძისთვის გამაღიზიანებელი კომენტარი გააკეთა, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარეა. აჭარის ტელევიზიასთან მიცემული კომენტარის იმ ნაწილში, რაც ეთერში გავიდა, ის ამბობს:

„აჭარის მთავრობა ეხმარებოდა და კვლავაც დაეხმარება ბატონ ჯემალს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და იმ მოთხოვნებზე, რომლებზეც უფლებამოსილება არ გააჩნია ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, სამწუხაროდ, ვერ დავეხმარებით. თუ არსებობს ისეთი რესურსი, რითაც ვერ სარგებლობს, მზად ვართ ვუშუამდგომლოთ ნებისმიერ უწყებასთან.“

აჭარის მთავრობის აპარატის უფროსმა, არჩილ ჩიქოვანმა თავის უსახლკარობაზე კი „ბათუმელებთან“ განმარტა, რომ მოქალაქესთან შეხვედრისას ასე არ უთქვამს:

„ბატონი ჯემალი ამ დრომდე ფიქსირდებოდა სოფელ ტუნაძეებში, სადაც ის იღებდა დახმარებას. როცა მას შევხვდი, ამ თემაზე სამი საათი ვისაუბრეთ. მე არ მითქვამს, რომ უსახლკარო ვარ, ვუთხარი, რომ ამ დრომდე მეც არ მქონია საკუთარი ინდივიდუალური საცხოვრებელი და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ვცხოვრობდი. რაც შეეხება იმას, რომ შვილმა არჩევანი უნდა გააკეთოს, არც ასე მითქვამს, მან წამოჭრა ჩემთან საუბარში საკითხი, რა ჩემი შვილი უნდა მოცდეს სპორტს, რომ მე მომიაროსო. მე ვუთხარი, რომ ეს თავსებადია, მთელი დღე ხომ არ ვარჯიშობს-მეთქი. იცით ალბათ, რომ ჯემალ ჭელიძე არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარეა და ხულოში შშმ პირების პრობლემებზე მუშაობს.  ჩვენი ინფორმაციით,  მას იქ საცხოვრებელიც აქვს და სოციალური დახმარებაც  იმიტომ მოუხსნეს, რომ ბოლო დროს იქ არ ცხოვრობდა,“ – განმარტა არჩილ ჩიქოვანმა.

ჯემალ ჭელიძემ მთავრობას თავისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დროს დღეს, 12 ოქტომბრის ექვს საათამდე მისცა. ამბობს, რომ თუ პასუხს ვერ მიიღებს, რადიკალურ ზომებს მიმართავს.

მერისი – ხეობა, რომელსაც ადგილობრივზე მეტი უცხოელი სტუმარი ჰყავს

მერისის ხეობა ქედის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და ბათუმიდან 5-6 საათის სავალზეა. მდინარე აკავრეთას ხეობაში მდებარე მერისში ერთდროულად ბევრი რამის ნახვა შეგიძლიათ. ამ ულამაზეს, მწვანეში ჩაფლულ ხეობაში ნახავთ მერისის წყალუხვ ჩანჩქერს, რომელიც ღრმად შეჭრილ, მიხვეულ-მოხვეულ მთებშია ჩამალული, ზენდიდის უძველესი ციხე-სიმაგრის ნანგრევებს, რომლის კედლებშიც ახლა სოფლის მკვიდრები ცხოვრობენ. აქვეა გუნდაურის სამკურნალო-მინერალური წყლებიც.

მერისის ხეობა / ფოტო: ტურიზმის განვითარების ცენტრი

პიკნიკისთვის თუ გზად შესვენებას გადაწყვეტთ, სოფელ გარეტყესთან ახლოს, გვახას საპიკნიკე ადგილას უნდა შეჩერდეთ – მდინარის ხეობაში აქ წყლის ბუნებრივი აუზი იქმნება. ლურჯ, კამკამა წყალში ბანაობაც შეგიძლიათ და ტყეში პიკნიკის მოწყობაც.

მერისის ხეობა აჭარის ტურისტულ რუკაზე შედარებით ახალი მარშრუტია, რომელსაც დანარჩენი მიმართულებებისგან აჭარის უგემრიელესი, ტრადიციული კერძებისა და ბუნებრივ – ისტორიული ღირსშესანიშნაობების გარდა განსხვავებული საოჯახო სასტუმროები გამოარჩევს.

აქ ჩამოსულ ტურისტებს სასტუმროები ფოლკლორულ მასტერკლასებს სთავაზობენ და სტუმრები ქართულ ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს სწავლობენ. ავსტრალიელი ლოიდ ოჰონლონი ჯემალ თურმანიძის საოჯახო სასტუმროში ერთი წელია ცხოვრობს და ხალხურ სიმღერებს სწავლობს. ლოიდმა წელს ქედელობის დღესასწაულზე ავსტრალიიდან ფოლკლორისტთა 25-კაციანი გუნდიც ჩამოიყვანა, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში ეცნობოდნენ ცეკვა-სიმღერის ადგილობრივ ტრადიციებს. სწორედ ფოლკლორში მასტერკლასების გამო მერისის ხეობა უცხოელი ეთნოლოგების, ფოლკლორისტების საყვარელი ადგილია აჭარაში.

ლოიდ ოჰონლონი, ავსტრალიელი, რომელიც უკვე ერთი წელია მერისის ხეობაში ცხოვრობს და ადგილობრივ, ხალხურ სიმღერებს სწავლობს

მერისის ხეობა გამორჩეული ცეკვისა და სიმღერის ტრადიციითაა ცნობილი აჭარაში. აქ  მოისმენთ სიმღერებს: „მერისული მაყრული“, „თირინი“, „ცაგუნა“, „ჩაღმა ჩაყრილო ვენახო“, „ხინწკალა“, „ჩათხრობილი“ და სხვა.


ზენდიდის ციხე

მერისის ხეობაში ჩასვლამდე, ქედის ცენტრიდან დაახლოებით ორ კილომეტრში, ზენდიდის ციხის მონახულება შეგიძლიათ. ციხის აგების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა არქიტექტურული დეტალები მიგვანიშნებს, რომ ადრეულ საუკუნეებშია აგებული. ციხე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე მდებარეობს, აქედან ქედის სოფლების ულამაზესი ხედები იშლება. ციხესიმაგრის ტერიტორიაზე ახლა ადგილობრივები სახლობენ.

ზენდიდის ციხის ნაშთები

                           ქედის ისტორიული მუზეუმი

ქედის ისტორიულ მუზეუმში მერისში ასვლამდე მოხვდებით. აქ ადგილობრივი ყოფის ამსახველი ყოველდღიური ნივთები, სამოსი, შრომის იარაღები და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებია წარმოდგენილი. მუზეუმის დირექტორი ცდილობს ექსპონატები გაამრავალფეროვნოს და საქართველოს ახლო წარსულიდან შემორჩენილი ნივთებიც განათავსოს მუზეუმში. აქ საბჭოთა სიმბოლიკის ნიმუშებსაც ნახავთ აჭარული თოფის, მაჭახელასა და ძველებური სკივრების, სამოსის გვერდით.

საკმევლის ჭურჭელი. VII-VIII სს. ქედის ისტორიული მუზეუმი
                        მერისის წყალუხვი ჩანჩქერი

ყველა ჩანჩქერთან ზაფხულში, გაზაფხულზე თუ ადრეულ შემოდგომაზე ტურისტების სიმრავლეა. ხანდახან ასეთი ადგილები, სადაც, წესით, დასასვენებლად და განსატვირთად მიდიან, გადატვირთულია და დასვენებაც არ ხერხდება. მერისის ჩანჩქერი კი დიდი ხანი არ არის, რაც ადგილობრივებმა აღმოაჩინეს., ეს ტურისტული მარშრუტი შედარებით ახალია, ბევრმა ჯერ არ იცის მის შესახებ და ამიტომ აქ ნამდვილი დასვენების მოწყობა შეიძლება. ჩანჩქერზე წყალი გუბდება და ბანაობაც შეიძლება. მერისის ჩანჩქერი 30 მეტრის სიმაღლიდან მოჩქებს და წყალუხვობითაა გამორჩეული.

მერისის ჩანჩქერი
                             გვახას საპიკნიკე

ეს იდეალური ადგილია ბუნებაში დასვენების მოყვარულებისთვის – სუფთა, ლურჯი წყალი, ბუნებრივი აუზი, რომელსაც მდინარის ხეობა ქმნის იდეალურია საბანაოდ და გასაგრილებლად. აქვეა მთის სუფთა წყაროც. მდინარის ხეობა მწვანე ლიანებშია ჩაფლული. ბუნება აქ ყველა პირობას ქმნის სრული განტვირთვისთვის. გვახას საპიკნიკე და საბანაო ადგილებს სოფელ გარეტყის პირველ შესახვევშივე მიადგებით.

გვახას საპიკნიკე ადგილი
მსუყე კერძები

აჭარაში გემრიელი ბორანო და სინორი არავის უკვირს, მაგრამ მერისში ბევრ სხვა ტრადიციულ, აჭარულ კერძსაც საუკეთესოდ ამზადებენ: ყათმერს, ფხალ-ლობიოს, ქალაჯოს და ქათამს ნიგვზით. – ყათმერი ტკბილეულია და ცომში ნიგვზითა და შაქრის გულით ცხვება. ქალაჯოს მოსამზადებლად კი ადუღებულ იაღს, ნადუღს და ნიორს დაფშვნილ მჭადს უმატებენ.

ქათამი ნიგვზით

საოჯახო სასტუმროებში ყველა ოჯახს საკუთარი მეურნეობა აქვს: ბორანოსთვის ოჯახები ძროხის რძისგან ამზადებენ ყველს. სალათებში იქვე დაკრეფილი კიტრი და პომიდორია. ღვინოც ადგილობრივია: თეთრი ცოლიკაური ან ვარდისფერი ჩხავერი.

სწორედ ამ ნაზი, არომატული ღვინოების ზომიერ დოზაზეა დამოკიდებული მხიარულება, რაც მერისულ საოჯახო სასტუმროებში მირთმეულ სადილებს ყოველთვის სდევს თან. მერისში წარმოუდგენელია სტუმრებს გემრიელად მირთმევის შემდეგ  ადგილობრივებმა გულიანად არ უმღერონ – ისე, როგორც მხოლოდ მერისში მღერიან. ამ დროს იგრძნობთ, რომ ადგილობრივებთან ერთად სადილი არ არის მხოლოდ სადილი. ახალგაცნობილ ადამიანებთან ერთად სიმღერაც არ არის მხოლოდ სიმღერა და ასეთ მოგზაურობებში ჩნდება ყველაზე საინტერესო თავგადასავლები და იბადება ამბები.


  საოჯახო სასტუმროები მერისში

თუ გავითვალსწინებთ, რომ ბათუმიდან მერისამდე 5-6 საათის სავალი გზაა, მაშინ ლოგიკურია, რომ აქაურობის მოსანახულებლად ერთი დღე ძალიან მცირე დროდ მოგეჩვენებათ. მერისის ხეობაში რამდენიმე საოჯახო სასტუმროა, სადაც შვებულების სასიამოვნო დღეების გატარებას შეძლებთ.

[checklist]

  • საოჯახო სასტუმრო „მოყვარე”

[/checklist]

ჯემალ თურმანიძის ეს საოჯახო სასტუმრო მერისის ხეობის სოფელ გარეტყეში, ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარეობს. ოჯახის სამი თაობა, გარდა გემრიელი კერძების შეთავაზებისა, ტურისტებს ხალხურ ცეკვებსა და სიმღერებს ასწავლის. თურმანიძეების საოჯახო სასტუმროში ყოველ წელს ქართული ფოლკლორით დაინტერესებული უამრავი უცხოელი სტუმარი ჩამოდის. ამ სახლიდან ყოველთვის ცეკვის, სიმღერისა და მხიარულების ხმა ისმის.

[checklist]

  • რევაზ სურმანიძის საოჯახო სასტუმრო

[/checklist]

სოფელ მერისში მდებარეობს, ჩანჩქერთან ახლოს. აქ თუ რამდენიმე დღით დარჩებით, მერისის ჩანჩქერს მოინახულებთ და სოფლის ირგვლივ ლაშქრობას მოაწყობთ, მდინარეში ითევზავებთ და მერისის ხეობის ულამაზესი ხედებით დატკბებით დილაობით.

[checklist]

  • საოჯახო სასტუმრო „ჯიჯი”

[/checklist]

ეს სასტუმროც მერისის ჩანჩქერთანაა ახლოს. აქედან გუნდაურის მინერალური წყლის დასაგემოვნებლად გაემართებით, საოჯახო სასტუმროს მეპატრონეებს სოფლის მეურნეობის პროდუქტები თავად მოჰყავთ და უგემრიელეს, ახალდამზადებულ კერძებს შემოგთავაზებენ ნებისმიერ დროს.

[checklist]

  • გურამ თურმანიძის საოჯახო სასტუმრო

[/checklist]

ეს შენობაც ასევე სოფელ მერისში მდებარეობს. სასტუმროსთან ახლოსაა გვახას საპიკნიკე ადგილი, სადაც იბანავებთ, ითევზავებთ, ადგილობრივ აგროპროდუქტებს დააგემოვნებთ და სუფთა ჰაერზე ისეირნებთ ტყეში.

ცის ფრაგმენტები კორპუსების ეზოებიდან [ფოტო]

ბათუმში მშენებარე მაღლივმა კორპუსებმა და უკვე აშენებულმა ცათამბჯენებმა მნიშვნელოვნად შეცვალეს ქალაქის ჰორიზონტი, ძველ სახლებში მცხოვრები ადამიანებისთვის კი საერთოდ დაფარეს ხედი ფანჯრებიდან.  კორპუსების მჭიდრო განლაგებისა და სიმაღლისა გამო ბევრ ეზოში ბნელა:

ამავე თემაზე:

ქალაქი შენი ფანჯრიდან

რატომ არ უნდა აშენდეს ბათუმში ცათამბჯენები

ჰორიზონტი ჩემი ბინიდან – როგორ შეუცვალეს 9 წლის ბათუმელ ბიჭს ხედი აივნიდან

რაოგორ მუშაობს 2018 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი – ინტერვიუ

მანანა კაპეტივაძე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი 2018 წლის 5 ოქტომბერს გახდა. ის ბაღდათის მეორე საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების უფროსი მასწავლებელია. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს და რა ხდის პედაგოგს ყველაზე წარმატებულს? წლის საუკეთესო მასწავლებელი „ბათუმელებს“ თავის მოსაზრებებს უზიარებს.

მანანა კაპეტივაძე: პირველი, რაც მასწავლებელმა მოსწავლეებთან ურთიერთობაში უნდა აჩვენოს, ეს ბავშვის მიმართ პატივისცემაა. ბავშვი უნდა დააფასო და მიიღო როგორც პიროვნება. არ არსებობს ცუდი, წარუმატებელი ბავშვი, ყველა მათგანში არის რაღაც ისეთი ნიჭი, რომლის წარმოჩენაში და განვითარებაშიც უნდა დაეხმარო მას.

ჩემი მიდგომა მოსწავლეებთან ურთიერთობაში სწორედ ესაა. მათში პიროვნებას ვხედავ, მათ აზრს პატივს ვცემ და მინდა მათი მეგობარი ვიყო. ბავშვებმაც იციან უკვე, როგორ უნდა მოიქცნენ ჩემთან ურთიერთობაში და ეს მიხარია.

  • საკმაოდ მყარია მოსაზრება, რომ ბავშვებთან ურთიერთობაში აუცილებელია სიმკაცრე. ხშირად მსმენია – „მაგარი მასწავლებელია, კლასი ხელში უჭირავს“ და ა.შ. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

დიახ, არსებობენ ასეთი მასწავლებლებიც, მაგიდაზე მუშტის დაკვრა რომ უყვართ, ხმის აწევა, მაგრამ მე არ ვარ ამის მომხრე. მეც გავბრაზებულვარ, მაგრამ  ჩემი გაბრაზება შორს არ მიდის. „მორჩა, დღეიდან აქტივობებს აღარ გავაკეთებთ. ვიმუშავებთ მხოლოდ სავარჯიშოებზე“, – როცა ამას ვამბობ, იციან, რომ გავბრაზდი. თუმცა მეორე დღეს მაინც აქტიური გაკვეთილი მაქვს.

შემიძლია ბავშვს ისე ვუსაყვედურო, რომ არ ვატკინო გული. არ შეძულდეს საგანი, მასწავლებელი, სკოლა ან სხვა რაღაც. ჩვენ არ გვიჭირს ერთმანეთს მოვუხადოთ ბოდიში, თუ ამის საჭიროებას ვხედავთ. როცა გესმის ბავშვის, მერე უფრო ადვილად ლაგდება ურთიერთობები.

  • პედაგოგებისგან ხშირად ისმის პრეტენზია –  როცა კლასში 30-40 ბავშვი გიზის, ყველასთან ვერ მიხვალ, ყველას აზრს ვერ მოისმენ, ვერ იმუშავებ ინდივიდალურად. თქვენ როგორ ახერხებთ ამას?

კარგად უნდა იცნობდე მათ. უნდა იცოდე, ვის რისი უნარი და შესაძლებლობა აქვს. არიან ბავშვები, რომლებსაც სმენითი აზროვნება აქვთ, ზოგს მხედველობითი, ზოგსაც აქტივობების დროს უფრო უადვილდება  სწავლა. აუცილებელია მათი ეს უნარები იცოდე. მერე შეგიძლია ისე დაგეგმო გაკვეთილი, რომ ყველა თავისი შესაძლებლობების მიხედვით დააკავო გაკვეთილზე. ვიღაცას წააკითხო, ვიღაცას მოასმენინო, ზოგს კროსვორდი შეავსებინო და ა.შ.

თუმცა ამისთვის მხოლოდ გაკვეთილი არ არის საკმარისი. ხშირად უნდა იყო მათთან ექსკურსიაზე, მოაწყო ბუნებაში ან სადმე სხვაგან გასვლა, არაფორმალური განათლება ძალიან მეხმარება ამაში.

სკოლის გარდა მე ბაღდათის ინოვაციების ცენტრშიც ვმუშაობ და იქ მიმყავს ბავშვები. პროექტი გვაქვს, რომლის ფარგლებში ბავშვები აკათებენ ვიდეორგოლებს, სიუჟეტებს… ეს ყველაფერი მათ უკეთ გაცნობაში მეხმარება. კლასში ბავშვი სულ სხვანაირი შეიძლება იყოს, არაფორმალურ გარემოში კი – სულ სხვა.

  • ქართულ სკოლებში საკმაოდ მაღალია ბულინგის მაჩვენებელი. თუ არსებობს ისეთი ნდობა, რომ  ისაუბროს მოსწავლემ ჩაგვრის შესახებ, თავისი პრობლემების შესახებ და როგორ ახერხებთ დახმარებას?  

კი, ყოფილა მსგავსი შემთხვევებიც, მაგრამ მე ძალიან ხშირად ვლაპარაკობ ბავშვებთან იმაზე, რომ სხვისი ჩაგვრა არ შეიძლება. ვასწავლი, რომ უნდა შეეძლოთ მეგობრის, თანატოლის აზრის მოსმენა და პატივისცემა. ეს თუ არ იქნება ბავშვებს შორის, ისე ძალიან რთული იქნება ამ ტიპის პრობლემების  მოგვარება. ერთმანეთის მოსმენა ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება დღემდე  ქართულ რეალობაში და არა მარტო ბავშვებსა და მოზარდებში, დიდებს შორისაც ასეა. ძალიან მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ განსხვავებული აზრის მოსმენა.

როცა ვამჩნევ ქსენოფობიის, ჰომოფობიის ნიშნებს სკოლაში, ვცდილობ, ვესაუბრო ბავშვებს ასეთ საკითხებზე.

მსოფლიო კალენდარი მაქვს და ყველა მნიშვნელოვანი თარიღის ირგვლივ ვსაუბრობ ბავშვებთან. ვუხსნი რა განსხვავებებია კულტურებს შორის, ვსაუბრობთ დღესასწაულებზე, მათ მნიშვნელობაზე. იქნება ეს დივალის ფესტივალი, შობა, ჰელოუვინი, მადლიერების დღე თუ სხვა.

ერთხელ ჩვენც გავაკეთეთ ჰელოუინი, რადგან იყო მოსაზრებები, რომ ეს რაღაც ბოროტი დღესასწაულია და ა.შ.  მქონდა შემთხვევა, როცა ჰელოუინში მონაწილე ბავშვი მღვდელმა არ აზიარა. მშობლების მხრიდანაც არის ხოლმე სკეპტიკური დამოკიდებულებები, მაგრამ ვცდილობ მათაც ავუხსნა, რომ ეს ყველაფერი არის მრავალფეროვნების ნაწილი.

რთულია სტიგმებთან, სტერეოტიპებთან ბრძოლა, მაგრამ როგორც პედაგოგს, მაინც მენდობიან და იციან, რომ ბავშვებს ცუდს არასდროს გავუკეთებ.

  • სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ ბულინგის წყარო ხშირად მასწავლებელია. ახლახან იყო მეხუთეკლასელი ბიჭის დისკრიმინაციის ფაქტი, გრძელი თმის გამო. რას მიჰყავს მასწავლებელი ამ მდგომარეობამდე?   

ვფიქრობ, აქ ცოტა სხვა ფაქტორები მოქმედებს. შეიძლება მასწავლებელს აქვს პირადი პრობლემები, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ შენი პირადი პრობლემა არ უნდა მიიტანო ბავშვებთან.

  • პროფესიული განვითარების სქემა პედაგოგს საკმაოდ ბევრ მოთხოვნებს უყენებს კარიერული წინსვლისთვის. მომისმენია ბევრისგან, რომ ეს ვალდებულებები მათ ბევრ დროს ართმევს. ფაქტია ისიც, რომ თქვენ  ბევრად მაღალი სტატუსის გარეშეც გაღიარეს საუკეთესო მასწავლებლად. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?

მიმაჩნია, რომ მასწავლებლის პროფესიული ზრდისთვის სტიმული საჭიროა. სტატუსიც მნიშვნელოვანია, რადგან გემატება ხელფასიც. რა თქმა უნდა, შემეძლო უფროს მასწავლებელზე  მაღალი სტატუსი მომეპოვებინა, თუმცა ფაქტია, რომ ამისთვის ვერ ვიცლი. მირჩევნია დრო დავუთმო ჩემს მოსწავლეებს. სკოლის შემდეგ ინოვაციების ცენტრში მივდივარ და სულ ბავშვებით ვარ დაკავებული.

ვინ მიიღებს დაფინანსებას ევროკავშირიდან აჭარის მთაში – ელჩი მეწარმეებს შეხვდა

„ეს სუპერგემრიელი ღვინოა,“ – თქვა დღეს ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ქედაში დაწურული ღვინის დაგემოვნების დროს. ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ ევროკავშირის ელჩი იმ ჯგუფების პრეზენტაციებს გაეცნო, რომლებსაც ევროკავშირისგან სამომავლოდ გრანტის მიღება სურთ და ადგილობრივი განვითარების სტრატეგია წარმოადგინეს. ამ სტრატეგიით განისაზღვრა, რა ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს მუნიციპალიტეტს, რომელი მიმართულება უნდა იყოს პრიორიტეტული.

ვინ მიიღებს გრანტს ევროკავშირისგან ჯერ უცნობია. პროექტი ამ ეტაპზე მხოლოდ აჭარის ორ მუნიციპალიტეტში – ქედასა და ხულოში ხორციელდება.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვახორციელეთ სოფლის განვითარების პროექტებს, ასევე პროექტებს, რომლებიც ტურიზმის განვითარებას ისახავს მიზნად… როდესაც აქეთ მოვდიოდით, აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ მაგისტრალზე, ვნახე და მომწონს ყველაზე მეტად ის, რომ ადგილობრივ ხალხს აქვს განცდა, რომ ის მესაკუთრეა, რასაც აკეთებს, იმაზე თავად აქვს პასუხისმგებლობა. ამ პროექტშიც არანაირი იდეები არ მოდის ბრიუსელიდან და თბილისიდან. ყველაფერი მოდის ქვემოდან და ამაში ჩართულია ბევრი ახალგაზრდა,“ – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა შეხვედრის დაწყებამდე.

პრეზენტაციების მოსმენამდე ელჩს ადგილობრივმა მეწარმეებმა ადგილობრივი თაფლი, ტკბილეული და ღვინო აჩუქეს.

„მე ვარ ძალიან ბედნიერი ამ ვიზიტით. ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი თბილისის გარეთ. ერთი თვეა, რაც ჩამოვედი თბილისში და ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, შთაგონების მომცემი. საქართველოში ბევრი საინტერესო რაღაც ხდება,“ – აღნიშნა ელჩმა.

ევროკავშირის დაფინანსებით ადგილობრივ მეწარმეებს გრანტის მიღება თანამონაწილეობის პრინციპით შეეძლებათ. ამისთვის ევროკავშირი 900 ათასი ევროს დახარჯვას აპირებს. მეწარმეების მიერ დაწერილ პროექტებს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი მოწვეულ ექსპერტებთან ერთად განიხილავს, ის მიიღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ პროექტის დაფინანსებაზე.

საგრანტო კონკურსი უკვე გამოცხადებულია და განაცხადების მიღება 20 ოქტომბრამდე გრძელდება. ევროკავშირის დაფინანსებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამას ENPARD-ი ახორციელებს.

ნინო გაფრინდაშვილი, CENN-ის პროექტების მენეჯერი განმარტავს, რომ შესაძლებელია დამწყები ბიზნესიც დაფინანსდეს 10 ათასი ლარით. პროექტის მაქსიმალური ღირებულება კი 150 ათასი ლარი შეიძლება იყოს.

„საგრანტო კონკურსი მოიცავს სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებას: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, განათლება, კულტურა, გარემოს დაცვის საკითხები. ეს პრიოტეტები ადგილობრივმა ჯგუფმა გამოკვეთა. პროექტების დაფინანსება 2021 წლამდე გაგრძელდება,“ – გვითხრა ნინო გაფრინდაშვილმა.

პროექტებს ქედაში CENN-ი ახორციელებს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან, ასევე „დემოკრატიის ინსტიტუტთან“ და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით. ხულოში კი პროექტი, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ, PMC კვლევით ცენტრთან და ხორვატიის განვითარების ქსელთან თანამშრომლობით ხორციელდება.

ევროკავშირის ელჩი ქართულ არასამთავრობო სექტორზე: მომწონს მათი იდეები

“არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არიან ფუნდამენტი იმისთვის, რომ დემოკრატიამ იფუნქციონიროს,” – განაცხადა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. მას “ბათუმელებმა” ხელისუფლების მაღალჩინოსნების ბოლოდროინდელ განცხადებებზე დაუსვა შეკითხვა. ხელისუფლებამ მესამე სექტორს პოლიტიკურად ანგაჟირებული უწოდა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი მუშაობის შეზღუდვის საფრთხე დაინახეს.

რა ინფორმაცია აქვს ევროკავშირის ახალ ელჩს ამ დაპირისპირების შესახებ და რა საფრთხეს ხედავს ევროკავშირი ხელისუფლებისგან მესამე სექტორზე თავდასხმაში? – ელჩმა გვიპასუხა, რომ ის საქართველოში მესამე სექტორის მუშაობას დადებითად აფასებს. ევროკავშირის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ მესამე სექტორის მუშაობა ფასეულია ხელისუფლებისთვისაც.

“ძალიან მაღალია შეფასება ამ სამოქალაქო სექტორის მუშაობისა. მომწონს ის ენთუზიაზმი, რომლითაც ისინი ჩართული არიან პროცესში, მათი იდეები. ეს ძალიან ფასეულია ჩვენთვის და ხელისუფლებისთვის,”- გვითხრა კარლ ჰარცელმა.

ევროკავშირის ელჩი აჭარის სტუმარია. ამჟამად იგი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სოფლის განვითარების მხარდაჭერის პროგრამების პრეზენტაციას ესწრება.

ბათუმის აეროპორტი მგზავრთა გადაყვანის რაოდენობით მეორე ადგილზეა საქართველოში

წელს, 9 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 3 920 771 მგზავრს მოემსახურა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, გასული წლის 9 თვესთან შედარებით, მგზავრთნაკადი 22.55%-ით, ხოლო 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 79.71%-ით არის გაზრდილი.

ამ პერიოდში ყველაზე მეტ მგზავრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა – სულ  2 951 218 მგზავრი. ეს მაჩვენებელი 20.94%-ით (510 897 მგზავრით) მეტია გასული წლის იმავე მაჩვენებელთან.

გასული თვეების განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 513 732 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 19.94% ით (85 418 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 38.73%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 450 417 მგზავრი – 125 740 მგზავრით მეტი, ვიდრე 2017 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში.

ჯამში, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 2 618-ით მეტი რეისი განხორციელდა. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ იყო – 18 837, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა -16 689, ხოლო ჩარტერების – 2 148. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 16.14%-ს შეადგენს.

სააგენტოს ცნობით, რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

  • ავიაკომპანია “Turkish Airlines” – 440 060 მგზავრი 11%;
  • ავიაკომპანია “Georgian Airways” – 433 805 მგზავრი 11%;
  • ავიაკომპანია “Wizz Air” – 425 991 მგზავრი 11%;
  • ავიაკომპანია “Ural Airlines” – 219 245 მგზავრი 6%
  • ავიაკომპანია “Fly Dubai” – 203 073 მგზავრი 5%

სააგენტოს ცნობით, 8.18%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმაც. 2017 წლის ცხრათვიან პერიოდში ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 109 032, მიმდინარე წლის 9 თვეში კი საქართველოს საჰაერო სივრცეში 117 949 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, შაბათ-კვირას, 13-14 ოქტომბერს, ბათუმში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ცნობით, 12 ოქტომბრის  21 საათიდან  13 ოქტომბრის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20  – 25  გრადუსი  
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 18 – 23  გრადუსი 
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 21 გრადუსია. ტალღის სიმაღლე 5-10 დმ (2-3 ბალი).

_____________

მანანა ქველიაშვილის ფოტო 

აჭარის ყოფილი ფინანსთა მინისტრი კერძო კომპანიაში დასაქმდა

აჭარის ყოფილი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, რამაზ ბოლქვაძე თანამდებობიდან მას შემდეგ გადააყენეს, რაც რეგიონის მთავრობის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძე დაინიშნა. ყოფილი მინისტრი ახლა უკვე მართვის კომპანია GGM-ში პროექტების მენეჯერის პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას.

GGM-ის მმართველს, გენო გელაძეს ვკითხეთ, რამ განაპირობა ყოფილი მინისტრის თავის გუნდში მიწვევა, რაზედაც კომპანიის დამფუძნებელმა ასე გვიპასუხა: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომლის საზოგადოებრივი იმიჯი და რეპუტაცია. საჯარო სექტორში 20-წლიანი წარმატებული სამუშაო გამოცდილება გახდა ჩვენს გუნდში რამაზ ბოლქვაძის შემოსვლის მთავარი ფაქტორი. რამაზ ბოლქვაძის სახით გვყავს პროფესიონალი ფინანსისტი და ეკონომისტი, რომლის სახელსაც უკავშირდება საბიუჯეტო დაწესებულებებში ახალი მიდგომების დანერგვა, მათ შორის პროგრამული ბიუჯეტის შედგენა, ბიუჯეტის დაგეგმვის ახალი მეთოდოლოგია და ა.შ.“

„ბათუმელებმა“ თავად რამაზ ბოლქვაძესაც ჰკითხა, მინისტრობის პერიოდში რა სახის ურთიერთობა ჰქონდა იმ კომპანიასთან, რომელშიც ახლახანს დასაქმდა. მისგან ასეთი განმარტება მივიღეთ:

„GGM-ის დამფუძნებელ გენო გელაძესთან წლების განმავლობაში მქონდა საქმიანი ურთიერთობა, რადგანაც ის მართავდა ძლიერ არასამთავრობო ორგანიზაციას და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებს. ბოლო პერიოდში, როდესაც გენომ მართვის კომპანია დააფუძნა, მას შემდეგ უკვე მქონდა საქმიანი ურთიერთობა, როგორც მენეჯმენტ კომპანიის წარმომადგენელთან. GGM-ს  აქვს განსხვავებული და არასტანდარტული მიდგომები პროექტების მართვის, კრიზისების დაძლევის, ინვესტიციების მოძიების მიმართულებით, ანუ ეს საქმე საკუთარი თავის რეალიზების ბევრ შესაძლებლობას იძლევა“.

რამაზ ბოლქვაძე აცხადებს, რომ ახლა კერძო სექტორიდან ეცდება განახორციელოს ისეთი პროექტები, რომელიც, როგორც თავად ამბობს, „სასარგებლო იქნება სახელმწიფოსთვის, ბიზნესისთვის, საზოგადოებისთვის“.

 

 

 

ქედის მერიამ 35 პედაგოგი დააჯილდოვა

პედაგოგთა საერთაშორისო დღის კვირეულის ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ სხვადასხვა დარგში მოღვაწე 35 პედაგოგი დააჯილდოვა.

მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა, ქედის რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად, სოფელ კოლოტაურში, არასრული საშუალო სკოლის 81 წლის პედაგოგს – ნოდარ სალაძეს საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას მოულოდნელად ეწვივნენ და თარიღი საჩუქრებით მიულოცეს.

მოულოდნელმა სტუმრობამ უხუცესი პედაგოგი ძალიან გაახარა. ბატონი ნოდარი დღემდე დიდი შემართებითა და სიყვარულით მუშაობს ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელად, აქვს პედაგოგიური მოღვაწეობის 55-წლიანი გამოცდილება და ამბობს, რომ ეს მოსწავლეების სიყვარულმა შეაძლებიანა.

71 წლის შუშანა დავითაძეს ახოს საჯარო სკოლამ აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობიდან გაცილების საღამო სიმბოლურად, მასწავლებელთა დღეს მოუწყო. ნახევარსაუკუნოვანი პედაგოგიური გამოცდილების მასწავლებელი ქედის მერიამ დააჯილდოვა და მადლობა გადაუხადა მაღალპროფესიული საქმიანობისათვის.

ქედის მერმა ლევან გორგილაძემ პროფესიული დღე ასევე საჩუქრებით მიულოცა ქედის სახელოვნებო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს, სასპორტო სკოლის ჭადრაკის სექციის სერტიფიცირებულ მწვრთნელს, ბაგა-ბაღების გაერთიანების ფსიქოლოგს და ქედის კულტურის ცენტრის მოსწავლე-ახალგაზრდობის გობელენის წრის ხელმძღვანელს. შეხვედრაზე ქედის მერმა მათი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

11 ოქტომბერს კი, ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 29 პედაგოგი ქედის მერმა ლევან გორგილაძემ, აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან შუქრი თურმანიძესთან ერთად დააჯილდოვა.

პედაგოგებს პროფესიული დღე სხვადასხვა აქტივობით მიულოცეს მშვიდობის კორპუსის მოხალისეებმაც.  ქედის რესურსცენტრისა და დაბა ქედის საჯარო სკოლის ორგანიზებით, დაჯილდოებამდე გაიმართა ღონისძიება, რომელსაც ადგილობრივი პოეტი, პედაგოგი – ნათელა დუმბაძე უძღვებოდა.

კვირეული ქედის მუნიციპალიტეტში უკვე დასრულდა, პროგრამის ბიუჯეტი 2 300 ლარი იყო.

სასამართლომ ქობულეთის მერიას მუსლიმური პანსიონისთვის წყლის ჩართვა დაავალდებულა

დღეს, 12 ოქტომბერს, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სახალხო დამცველის სარჩელი დააკმაყოფილა ქობულეთის მერიის წინააღმდეგ. სარჩელი ქობულეთის მუსლიმთა პანსიონის წყლის და კანალიზაციის სისტემაზე მიერთებას ეხებოდა.

ქობულეთის მერია პირველი საჯარო უწყებაა საქართველოში, რომელსაც სახალხო დამცველმა სასამართლოში უჩივლა რეკომენდაციის შეუსრულებლობის გამო. ქობულეთის მოსახლეობამ მუსლიმ თემს პანსიონის გახსნის საშუალება 2014 წელს არ მისცა, მაშინ ადგილობრივებმა პანსიონის კარს ღორის თავიც მიაჭედეს.

2016 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ქობულეთის პანსიონის საქმეზე“ დისკრიმინაცია დაადგინა. ამავე წელს სახალხო დამცველმა ქობულეთის გამგეობას რეკომენდაციით მიმართა, რადგან პანსიონს თანხის გადახდის მიუხედავად, უარი უთხრეს წყლისა და კანალიზაციის სისტემაში ჩართვაზე.

რეკომენდაცია ქობულეთის მერიამ არ შეასრულა. სასამართლო პროცესებზე ქობულეთის მერია აცხადებდა, რომ დაპირისპირება ისევ არსებობს და მათ სიტუაციის დაძაბვა არ სურთ.

ამჯერად ქობულეთის მერიას სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება მოუწევს, თუმცა ჯერ უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა ქობულეთის მერი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილებას. თუკი სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დარჩება და ქობულეთის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს, უწყებას სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის მიედავებიან.

ქობულეთის მერია რელიგიურ დაპირისპირებას ვერ ხედავს – პანსიონის საქმე

ევროპის დღეზე 13 ოქტომბერს ბათუმის ყველა მცხოვრებსა და სტუმარს ელიან

13 ოქტომბერს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ბათუმის ყველა მცხოვრებსა და სტუმარს „ევროპის დღე 2018-ის აღსანიშნად იწვევს. ანბანის კოშკთან ახლოს დროებით მოწყობილ ევროსოფელში კარვები გაიშლება, სხვადასხვა ღონისძიებითა და თამაშებით დღესასწაულზე მოსული სტუმრები ევროკავშირში იმოგზაურებენ.

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ევროკავშირის ისტორიას. გაიგონ, რა შესაძლებლობებს ქმნის ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ბავშვები სხვადასხვა თამაშში ჩაერთვებიან, მოეწყობა შეჯიბრი ქუჩის კალათბურთში, გაიმართება წარმოდგენები. თამაშების მონაწილეებს კი გადაეცემათ პრიზები. საღამოს ღია ცის ქვეშ დღე ნათია თოდუას და „ვაკის პარკის“ კონცერტით დასრულდება.

ეს ყოველწლიური დღესასწაული დასამახსოვრებელი და საინტერესოა როგორც დიდების, ისე პატარებისთვის. „ევროპის დღე 2018“-ის ორგანიზატორებმა წელს განსაკუთრებით ბავშვებზე იზრუნეს და ყველაფერი ისე დაგეგმეს, რომ პატარებს ყველაფერი საუკეთესოდ დაამახსოვრდეთ.

მხიარული ანიმატორები, ბატიბუტი, ფერადი და ბამბის ნაყინი უფასოდ, კონცერტი და სახალისო თამაშები – ეს ის საინტერესო ამბებია, რაც ბავშვებს 13 ოქტომბერს, „ევროპის დღე 2018“-ზე ელით. პატარები ამ დღეს ქოთნებში თავად ჩარგავენ დეკორატიულ ყვავილებს და შინ წაიღებენ სახსოვრად.

ევროპის დღე ყოველ წელს აღინიშნება „შუმანის დეკლარაციის“ 9 მაისის იუბილესთან დაკავშირებით. ამ დღეს, 1950 წელს, რობერტ შუმანმა (იმ დროისთვის საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა) გააჟღერა იდეა, რაც ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შექმნას გულისხმობდა. ქვანახშირისა და ფოლადის მარაგების გაერთიანების შედეგად გამოირიცხებოდა ევროპის ხალხთა შორის ომის და დაპირისპირების ალბათობა.

დღეს ევროკავშირი 28 სახელმწიფოს და 508 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს. უკვე 60 წელია, რაც ევროპაში „ევროკავშირი“ მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტია.

ევროპის დღეების წლევანდელი ღონისძიების თემაა „ჩვენი მრავალფეროვანი ევროპა“. თემა იმ განსხვავებული კულტურების ერთობას გამოხატავს, რომელსაც ევროკავშირი და, ზოგადად, ევროპა აერთიანებს.

ევროპის დღეები წელს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, ლაგოდეხსა და ახალციხეში ჩატარდა, შაბათს, 13 ოქტომბერს კი ეს დღე ბათუმშიც აღინიშნება.

ევროპის დღეები ყოველ წელს გაიმართება და მოეწყობა საქართველოს შეძლებისდაგვარად ყველა რეგიონში, რათა ყველამ შეძლოს გაიგოს, რას აკეთებს ევროკავშირი საქართველოში.

ევროსოფელში მოწყობილ კარვებში ყველას ექნება შესაძლებლობა ეკონომიკის, კულტურის, ადამიანის უფლებების და ბევრ სხვა სფეროში მიმდინარე იმ პროექტებს გაეცნოს რეალურად, რასაც ევროკავშირი სოლიდური გრანტებით აფინანსებს საქართველოში.

„ევროპის დღე 2018“ და ევროსოფელი ბათუმში შაბათს, 13 ოქტომბერს, 15:00 საათზე ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა. ღონისძიებას ამ დღისთვის სპეციალურად ბათუმში ჩამოსული, ევროკავშირის ახალდანიშნული ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცერი გახსნის.

ევროპის დღე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივაა და ბათუმის მერიასთან თანამშრომლობით ტარდება.

 

სუს-ის თანამდებობის პირის ფეშენებელური სახლი ბათუმში

2017 წლის აგვისტოში 13 წლის ჯემალ ბოლქვაძემ საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა ქონება – ჯერ მიწის ნაკვეთი და შემდეგ ოთხსართულიანი სახლი კახაბრის დასახლებაში, ზღვასთან ახლოს. ამ სახლის მთლიანი ფართობი 454 კვადრატული მეტრია. შესაბამისად, პირველი სართულის ფართობი არის 103.22 კვადრატული მეტრი, მეორე სართული – 112.07 კვადრატული მეტრი, მესამე სართულის ფართობი 115.08 კვადრატული მეტრია და მეოთხე სართულის ფართობი – 124.40 კვადრატული მეტრი.

ამ კერძო პირის ქონება „ბათუმელების“ ინტერესის საგანი მხოლოდ ერთი მიზეზით გახდა – ქონების მფლობელის მამა, ემზარ (ბუბა) ბოლქვაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს. „ბათუმელებმა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრს ჰკითხა, ამ ეტაპზე კონკრეტულად რა თანამდებობა უკავია ემზარ ბოლქვაძეს, რაზედაც გვიპასუხეს, რომ ინფორმაციას ზეპირსიტყვიერად ვერ მოგვაწვდიან და შეგვიძლია წერილობით გამოვითხოვოთ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ემზარ ბოლქვაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხულო-ქედა-შუახევის კურატორია.

რა სახსრებით მოახერხა ემზარ ბოლქვაძის 13 წლის შვილმა ჯერ მიწის ნაკვეთის შეძენა კერძო პირისგან და შემდეგ ოთხსართულიანი ფეშენებელური სახლის აშენება? – რადგან ქონების მესაკუთრის მამის ოფიციალური შემოსავლები არ იძლევა ამ მასშტაბის მშენებლობის შესაძლებლობას, „ბათუმელებმა“ პირადად ემზარ ბოლქვაძეს ჰკითხა, რამდენად ლეგალური გზით შეიძინა მისმა მცირეწლოვანმა შვილმა ქონება.

ემზარ ბოლქვაძემ „ბათუმელებს“ სატელეფონო კომენტარში უთხრა, რომ მის შვილს ეს ქონება „შთამომავლობით ერგო“. „მაგის წინაპრები და ბაბუა მოიკითხეთ და გაიგებთ“, – გვითხრა მან. სუს-ის მაღალჩინოსანს ასევე ვკითხეთ, რომელი ბაბუის ხაზით მიიღო ქონება ჯემალ ბოლქვაძემ, რაზედაც ემზარ ბოლქვაძემ გვიპასუხა, რომ „ნაწილი ერთისგან, ნაწილი – მეორისგან“.

მორიგ კითხვაზე – თანაბრად ფლობდნენ თუ არა ბაბუები ქონებას კახაბერში, სუსის მაღალჩინოსანმა გვიპასუხა, რომ „დაკვეთას ვასრულებთ“ და არ არის ვალდებული გვიპასუხოს. „ვინც ეს ინფორმაცია გითხრა, იმან ძალიან კარგად იცის ჩემი წინაპრები და კარგად მოიკითხე“, – ასე დაგვემშვიდობა ემზარ ბოლქვაძე.

თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებით არ დასტურდება, რომ ჯემალ ბოლქვაძეს ქონება მემკვიდრეობით ერგო. პირიქით – მას ეს ქონება 2017 წლის პირველ აგვისტოს აქვს შეძენილი ვინმე ასლან ჩიკვაიძისგან და ეს გარიგება დასტურდება ნასყიდობის ხელშეკრულებით. გარიგების დროს ჯემალ ბოლქვაძის წარმომადგენლად საჯარო რეესტრში მისი დედა – ირინა ხახუტაიშვილია დაფიქსირებული.

და მაინც, შეეძლო თუ არა ემზარ ბოლქვაძეს თავისი დანაზოგით ამ მასშტაბის სახლისთვის ჯერ მიწის ნაკვეთის შეძენა და მერე ოთხსართულიანი სახლის აშენება-გარემონტება? სუს-ის თანამდებობის პირის შემოსავლების ნაწილობრივ გადამოწმება შესაძლებელია საჯარო სამსახურის ბიუროში, მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით. ქონებრივი დეკლარაცია ემზარ ბოლქვაძეს ბოლოს 2013 წელს შეუვსია და სხვა წლებთან შედარებით ყველაზე მაღალი შემოსავალი – 35 546 ლარი სწორედ ამ წელს უფიქსირდება. საჯარო მოხელე ბოლო დეკლარაციის შევსების დროს აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

დეკლარაციის შევსების პერიოდისთვის ის ფლობდა 55 კვადრატულ მეტრ ბინას ხელვაჩაურში, მისი მეუღლე კი მერსედესის ტიპის ავტომანქანას. სხვა შემოსავალი ან ბიზნესი არც მას და არც მის ოჯახის წევრებს (სამი არასრულწლოვანი შვილი) ოფიციალურად არ აქვთ.

ემზარ ბოლქვაძის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით (2008-2012 წლები), მისი ქონებრივი მდგომარეობა უცვლელია.

____________________________

მთავარი ფოტო: ემზარ ბოლქვაძის შვილის ახალაშენებული სახლი

ჰორიზონტი ჩემი ბინიდან – როგორ შეუცვალეს 9 წლის ბათუმელ ბიჭს ხედი აივნიდან

ბათუმში მცხოვრები 9 წლის დაჩი ცენტერაძის საშინაო დავალებამ,  რომელიც მისმა ბებიამ ფეისბუქზე გამოაქვეყნა, ქართული ინტერნეტი მოიცვა.

“დააკვირდი ჰორიზონტს შენი საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან ან აივნიდან. განსაზღვრე ჰორიზონტი ღიაა თუ დახურული. შეადგინე პატარა მოთხრობა თემაზე “ჰორიზონტი ჩემი საცხოვრებელი ბინიდან” – ასეთი იყო დავალება, რომელიც დაჩის უნდა შეესრულებინა.

“ჩემი ბინიდან ძალიან კარგი ხედები ჩანდა. განსაკუთრებით ლამაზი იყო ღამის ბათუმი. განათებული მედეას ქანდაკება, ეშმაკის ბორბალი. ძალიან ლამაზი იყო ანბანის კოშკი. ყოველ საღამოს ფერად-ფერადად განათებულ ქართულ ანბანს ვკითხულობდი კოშკზე. ე.ი. ჩემი ბინიდან ღია ჰორიზონტი იყო. ახლა კი ჩემი ბინიდან მხოლოდ ქვის კედლები მოსჩანს. იმდენი მაღალი შენობები ააშენეს, სულ დამიხურეს ჰორიზონტი. ახლა მანსარდაზე ავდივარ და იქედან ვუყურებ, ისიც მხოლოდ შერატონს. მალე ალბათ ისიც აღარ გამოჩნდება. აი, ეს არის დახურული ჰორიზონტი,” – წერს დაჩი.

თანამედროვე ბათუმში მიმდინარე ქაოსურ მშენებლობებზე არაერთი სტატია დაწერილა. ქალაქის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ბათუმი სწორად და გეგმის მიხედვით ვითარდება.

9 წლის დაჩი ამბობს, რომ “მის პატარაობაში ბათუმი სხვანაირი იყო, უფრო ლამაზი”. დაჩის აზრით ახლა ბათუმი სხვანაირია, “ქვის კედლიანი”. ხედიდან, რომელსაც დაჩი ხედავდა და რომელიც ახლა ყრუ კედლებს აქვს ჩანაცვლებული, ჩანდა „ანბანის კოშკი“ და „ეშმაკის ბორბალი“. ბიჭს გული ყველაზე მეტად იმაზე წყდება, რომ აღარ შეუძლია მათი დანახვა.

დაჩის სასკოლო საგნებიდან ყველაზე მეტად მათემატიკა უყვარს. ამბობს, რომ როცა გაიზრდება, არქიტექტორი გამოვა და ბათუმში პატარა სახლებს ააშენებს, რათა ადამიანებმა თავიანთი სახლებიდან სხვა სახლების დანახვა შეძლონ.

სანამ არქიტექტორი გახდება, საკუთარი ფანტაზიით ლეგოს ქალაქს აშენებს. მის  “ლეგოქალაქში” ყველაზე მაღალი “შენობა” სამსართულიანია.

დაჩი ცენტერაძე და მისი ლეგოქალაქი

„ეხსენებიათ ტოლერანტობა მაინც“ – რელიგიის სააგენტოს ლექცია დისკუსიის ნაცვლად უნივერსიტეტში

„აქ იმართება დისკუსია ტოლერანტობაზე?“ – იკითხა ერთ-ერთმა სტუდენტმა, ვიდრე შეხვედრა დაიწყებოდა და როცა დარბაზიდან თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიეს, ისიც აუდიტორიას შეუერთდა.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდ აუდიტორიაში სტუდენტებს გამოწვევებზე სასაუბროდ დღეს, 11 ოქტომბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრამ დისკუსიის გარეშე ჩაიარა. არც ტოლერანტობა უხსენებია ვინმეს.

„არ არის ეს ქვეყანა ისე წაქცეული, როგორც ამის წარმოჩენა სურს ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას. ჩვენ ბევრ ევროპულ ქვეყანასაც კი ვჯობივართ,“ – მიმართა სტუდენტებს შეხვედრის დასაწყისში ზაზა ვაშაყმაძემ, რელიგიის სააგენტოს უფროსმა. მან მიღწევებზე მოკლედ და ზოგადად ისაუბრა. თქვა ისიც, რომ UNESCO სავარაუდოდ იუდაიზმის და ქრისტიანობის საუკუნოვან თანაცხოვრებას საქართველოში არამატერიალური კულტურის ძეგლად შეაფასებს.

„ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა, გაწეწილი ვართ…“ – უთხრა სტუდენტებს ზაზა ვაშაყმაძემ და ტრიბუნა სააგენტოს თანამშრომელს – სერგო ფარულავას დაუთმო. ზაზა ვაშაყმაძე აუდიტორიიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სერგო ფარულავა კი დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში სტუდენტებს აქტუალური და სადისკუსიო საკითხების ნაცვლად, რელიგიური მიმდინარეობების ისტორიაზე ესაუბრა: ისლამზე, ქრისტიანობაზე, პროტესტანტიზმზე, ბუდიზმზე…

15-20 წუთის გასვლის შემდეგ სტუდენტებმა ჩურჩული და შიდა საუბრები წამოიწყეს. „ამას Google-შიც ვნახავთ, წავედით“, „დისკუსია იქნებაო და ესაა?“ – იკითხეს სტუდენტებმა ჩუმად უკანა რიგებიდან.

რა ინფორმაცია ჰქონდათ სტუდენტებს შეხვედრის შესახებ? – „ბათუმელების“ შეკითხვას ერთმა სტუდენტმა გოგომ უპასუხა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:

„ვიცოდით, რომ იქნებოდა დისკუსია ტოლერანტობაზე, პრობლემებზე, რაც დღეს რელიგიურ ორგანიზაციებს აქვთ,“ – თქვა მან.

სტუდენტებმა პროტესტის გამოხატვას აუდიტორიის მშვიდად დატოვება ამჯობინეს. „ეხსენებიათ ტოლერანტობა მაინც“, – თქვა ერთ-ერთმა, ვიდრე რიგს ჩაივლიდა.

ისტორიის მიმოხილვის დასრულების შემდეგ სააგენტოს იურისტებმა კანონებზეც მოასწრეს საუბარი, მაგალითად, კონსტიტუციის იმ მუხლებზე, რომლებიც რელიგიის თავისუფლებას უზრუნველყოფს.

„რატომ უნდა სჭირდებოდეს ადამიანს ევროპის სასამართლოში წასვლა, ვისაც რელიგიის თავისუფლების კუთხით პრობლემა ექმნება?“  – იკითხა სტუდენტმა გიორგი ფარტენაძემ. მას იურისტებმა უთხრეს, რომ ვიდრე საქართველოში ყველა სასამართლო ინსტანციაში დავა არ დასრულდება, ადამიანი ევროსასამართლოს ვერ მიმართავს.

რელიგიური ორგანიზაციების დღევანდელი გამოწვევების შესახებ რელიგიის სააგენტოს არ უსაუბრია. შესაბამისად, არც კითხვა დასმულა ამ კუთხით.

„ვიცოდით, რომ ტოლერანტობაზე უნდა ყოფილიყო საუბარი… მთლიანობაში საინტერესო იყო მაინც, მაგრამ ძალიან სიღრმისეულად იყო და ასე არ მაინტერესებს,“ – გვითხრა სტუდენტმა გიორგი ფარტენაძემ, რომელიც შეხვედრას ბოლომდე დაესწრო.

რატომ გადაწყვიტა რელიგიის სახელმწიფო სააგენტომ სტუდენტებისთვის ლექციის წაკითხვა დისკუსიის ნაცვლად? – ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლებს დაუსვა.

„ეგ იურისტების თემაა. აი, ახლა რაც ისაუბრეს, ეგ იყო საუბრის ძირითადი თემა. ისტორიაზე იყო მხოლოდ ერთი მოხსნება,“ – გვიპასუხა სერგო ფარულავამ და ჩვენთვის პასუხის გაცემა იურისტებს სთხოვა.

„რეალურად, მთავარი მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება, რის ვალდებულებაც ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმის ფარგლებში. თქვენ ფიქრობთ, რომ ნებისმიერი სემინარი რაიმე ახალ აღმოჩენას უნდა ეფუძნებოდეს? ისტორიის გარდა, აუდიტორიამ მოისმინა ინფორმაცია რელიგიის პოლიტიკის შესახებ,“ – გვითხრა დავით დავითაშვილმა, რელიგიის საკითხთა სააგენტოს იურისტმა.

„ვერ მოვასწარით გამოწვევებზე საუბარი… ხვალ შევცვლით ფორმატს, ეს ხომ დოგმა არ არის,“ – დაამატა სააგენტოს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ვალერიან ლილუაშვილმა.

ხვალ რელიგიის საკითხთა სააგენტო ჟურნალისტებთან აპირებს შეხვედრას.

პროტესტის გამოხატვას სტუდენტებმა აუდიტორიის დატოვება ამჯობინეს
სერგო ფარულავა, რელიგიის სააგენტოს წარმომადგენელი
რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლები სტუდენტებთან შეხვედრაზე
გიორგი ფარტენაძე, სტუდენტი

გამოცხადდა კონკურსი საჯარო ლექციების დასაფინანსებლად

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო საჯარო ლექციების დასაფინანსებლად კონკურსს აცხადებს.

განაცხადები მიიღება 19 ოქტომბრის  ჩათვლით, იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომლებიც მიმდინარე წლის პირველი დეკემბრიდან 19 დეკემბრის შუალედში უნდა ჩატარდეს.

სამინისტროს ინფორმაციით, დაფინანსდება საჯარო ლექციები, რომლებიც ჩატარდება სტუდენტების, ლექტორების, მასწავლებლებისა და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებისთვის.

„საჯარო ლექციის თემატიკა უნდა მოიცავდეს როგორც ზოგადი, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების ასპექტებს“.

პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 4 ათასი ლარია. როგორც სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, იმ შემთხვევაში, თუკი მაღალბიუჯეტიანი პროექტები არ იქნება წარმოდგენილი, „შესაძლებელია დაფინანსდეს სამი პროექტიც. სხვა შემთხვევაში, დაფინანსდება ორი ან ერთი“.

 

ბათუმის საკრებულო: „ბათომს“ მოვუწოდებთ, პეტიცია საკრებულოს ელექტრონულ პლატფორმაზე ატვირთოს

ბათუმის საკრებულო საზოგადოება „ბათომის“ წევრებს  მოუწოდებს, ონლაინპეტიციების ვებგვერდის – manifest.ge-ს ნაცვლად, პეტიცია ბათუმის საკრებულოს ვებგვერდზე განთავსებულ ოფიციალურ ელექტრონულ პლატფორმაზე ატვირთოს, რათა მას იურიდიული ძალა მიეცეს.

საზოგადოება „ბათომის“ წევრებს შევახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულომ თვითმმართველ ქალაქებს შორის ერთ-ერთმა პირველმა დანერგა პეტიციის ელექტრონული სახით წარდგენის წესი და ამ პლატფორმის ( https://petition.lsg.ge/batumi/ ) არსებობის შესახებ ინფორმაცია არა ერთხელ გაჟღერდა როგორც მედიასაშუალებებში, ასევე, საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

ელექტრონული პეტიციის აპლიკაციის წარდგენის პრეზენტაცია ბათუმის საკრებულოში მიმდინარე წლის 20 ივლისს გაიმართა. პრეზენტაციაზე საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ აღნიშნა, რომ ბათუმის საკრებულოში ელექტრონული პეტიციების ამოქმედების თაობაზე პეტიციადემოკრატიის ინსტიტუტისპროექტის ფარგლებში შევიდა: „განხილვის და გადაწყვეტილების მიღების შემდგომ მუნიციპალიტეტის საკრებულომ, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის დახმარებით, საკუთარ ვებგვერდზე განათავსა შესაბამისი აპლიკაცია. აღნიშნული აპლიკაციის მეშვეობით ქალაქ ბათუმის ამომრჩევლებს უკვე შესაძლებლობა აქვთ სახლიდან გაუსვლელად დაარეგისტრირონ ელექტრონული პეტიცია საკრებულოში და გააკეთონ მასზე ხელმოწერა (იხ: https://www.batumicc.ge/index.php?l=1&menu=8&obj=898).

ხოლო ბათუმის საკრებულოში 27 ივლისს გამართულ მორიგ სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების რაოდენობა 0,5 პროცენტით განისაზღვრა, ნაცვლად მანამდე არსებული 1%-იანი რეგულაციისა (იხ: https://www.batumicc.ge/index.php?l=1&menu=8&obj=902).

ამჟამად ბათუმის საკრებულოში ელექტრონული პეტიციის პლატფორმიდან შემოსული ერთი პეტიციაა რეგისტრირებული.

19 ოქტომბერს ბათუმის საკრებულოში „ღია კარის“ სხდომა გაიმართება

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ „ღია კარის“ სხდომის მოწვევის შესახებ ბრძანება დღეს გამოსცა. საკრებულოს რეგლამენტის 103-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული ბრძანება სხდომის მოწვევის შესახებ ღია კარის სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 7 დღით ადრე გამოიცემა.

სხდომაში მონაწილეობის მისაღებად თვითმმართველობის ერთეულში რეგისტრირებულ მოქალაქეებს შეუძლიათ მომართონ განცხადებით საკრებულოს აპარატს სხდომის გამართვამდე 2 დღით  ადრე მაინც. მოქალაქის სხდომაში მონაწილეობის რიგითობა, რეგლამენტის შესაბამისად, განისაზღვრება განცხადების შემოტანის რიგითობის მიხედვით და გამოსვლისთვის ეძლევა არა უმეტეს 5 წუთისა. მოქალაქეთა განცხადებების მიღება სხდომაში მონაწილეობის თაობაზე შეწყდება 16 ოქტომბერს 6 საათზე, სამუშაო საათების ამოწურვისთანავე.

„ღია კარის“ სხდომა, მოქალაქეთა მოსმენა, თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთი კომპონენტია. სხდომაზე მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ თავიანთი წინადადებები და პრობლემური საკითხები ერთდროულად გააცნონ როგორც ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს.  

„ღია კარის“ სხდომის წარმართვის პროცედურა და ფორმატი გაწერილია საკრებულოს რეგლამენტში, რომლის თანახმადაც მოქალაქეების მიერ დასმულ საკითხებზე დებატები არ იმართება. მოქალაქისთვის კითხვის დასმის უფლება აქვს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარეს, ისიც საკითხის დაზუსტების მიზნით.

სხდომის დასრულების შემდეგ მოქალაქეების მიერ დასმული საკითხები აღირიცხება სხდომის ოქმში და წარედგინება საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომას, რომელიც თავის მხრივ, განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას წარდგენილი საკითხების შესაბამისი კომისიისთვის ან/და მერისთვის განსახილველად გადაცემის შესახებ.

მოქალაქეებს მათ მიერ „ღია კარის“ სხდომაზე დასმული საკითხების განხილვის მიმდინარეობისა და გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებათ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

„ღია კარის“ სხდომა გაიმართება ბათუმში, ლ. ასათიანის 25-ში, საკრებულოს ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზში, 11 საათზე.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება შეგიძლიათ იხილოთ აქ:

https://batumicc.ge/index.php?l=1&menu=65&obj=1074

ინფორმაცია „ღია კარის“ სხდომის მოწვევის შესახებ, ასევე, განთავსებულია ბათუმის საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე: https://batumicc.ge/

ერთ გრამამდე ნარკოტიკის ფლობისთვის გასამართლებული სასამართლოში პარლამენტს უჩივის

ერთ გრამამდე ნარკოტიკული ნივთიერების ფლობისთვის უნდა იხდიდეს თუ არა ადამიანი სასჯელს ციხეში – საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია დღეს, 11 ოქტომბერს, ამ სარჩელზე მსჯელობს. განმწესრიგებელი სხდომის შემდეგ გაირკვევა, განიხილავს თუ არა სასამართლო არსებითად მოქალაქე ნიკოლოზ ექიზაშვილის სარჩელს პარლამენტის წინააღმდეგ.

ნიკოლოზ ექიზაშვილი 2017 წლის 3 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გაასამართლა 0,000097 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის და 0,00002 გრამი ამფეტამინის ფლობისთვის.

„ეს ოდენობა არათუ გასასაღებლად, არამედ პირადი მოხმარებისთვისაც გამოუსადეგარია,“ – აცხადებს ნიკოლოზ ექიზაშვილი. მას სასამართლომ ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილი არ ადგენს ამ ნივთიერებებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყის ოდენობებზე. „დასახელებული ნარკოტიკული საშუალებების ის ნებისმიერი ოდენობა, რომელიც არ აღემატება ერთ გრამს, კვალიფიცირდება როგორც დიდი ოდენობა, განურჩევლად იმისა, გამოსადეგია თუ არა იგი მოსახმარად. შესაბამისად, აღნიშნული ოდენობის ამფეტამინისა და მეტამფეტამინის შეძენა-შენახვა არ უქმნის საფრთხეს არც საზოგადოებრივ ჯანდაცვას და არც საზოგადოებრივ უსაფრთხოებას,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სარჩელში.

მოსარჩელის აზრით, სისხლის სამართლის კოდექსის ეს კონკრეტული ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლს, რომლის მიხედვითაც „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“.

მოსარჩელე ნიკოლოზ ექიზაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს „ბექა წიქარიშვილის საქმეს“ ახსენებს, სადაც აღნიშნულია: „ამა თუ იმ უკანონო ნივთიერების/საგნის ფლობის, შეძენის, შენახვის დასჯადობა, როგორც წესი, დაკავშირებულია სწორედ მათი ბრუნვაში გაშვებისა და რეალიზაციის რისკებთან. ცალკეულ შემთხვევაში, კონკრეტული საგნის, ნივთის ფლობა, შეძენა, შენახვა, დამზადება რეალიზაციის მიზნების გარეშეც საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს, თავად ამ ნივთიერების/საგნის ბუნებიდან, თვისებებიდან გამომდინარე. მაგალითად, ასაფეთქებელი ნივთიერებები, რომელთა ფლობისა და შენახვის თავად ფაქტი უკვე, საფრთხის შემცველი რისკის თავისთავად მატარებელია“.

ნიკოლოზ ექიზაშვილი არ შეიძლება იქნას სახელმწიფოს ინსტრუმენტად გამოყენებული, ვინაიდან ქმედება, რომლისთვისაც მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა თავისი არსით და ბუნებით არ შეიძლება წარმოადგენდეს დანაშაულს. ნიკოლოზ ექიზაშვილის სახლში აღმოჩენილი ნარკოტიკული ნივთიერებების ოდენობები გამოუსადეგარია როგორც პირადი მოხმარებისთვის, ასევე გასაღებისთვის. შესაბამისად, სასჯელის მიზანი რესოციალიზაციის კუთხით და სამართლიანობის აღდგენის კუთხით სახეზე არ გვაქვს; მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზნით ადამიანისთვის სასჯელის დაკისრება წარმოადგენს ადამიანის ინსტრუმენტად გამოყენებას, რაც ეწინააღმდეგება ღირსების უფლებას,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სარჩელში.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დასრულდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ოფიციალური ვიზიტით, საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ფრანკფურტში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში,  საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე  გერმანიის ჰესენის ფედერალური მიწის პრემიერმინისტრ ფოლკერ ბუფიეს შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობის დიდ მნიშვნელობას, რაც გამოფენის სტუმრებს ქვეყნის ლიტერატურისა და კულტურის ახლოს გაცნობის საშუალებას აძლევს.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, თბილისის მერი კახა კალაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრნენ. ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვან ღონისძიება გაიმართა.

გერმანია-საქართველოს ბიზნესისა და თანამშრომლობის ფორუმი

ვიზიტის ფარგლებში  აჭარის ..მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გერმანიასაქართველოს ბიზნესისა და თანამშრომლობის ფორუმს დაესწრო.

ფორუმზე ხაზი გაესვა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოს ერთერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ინვესტორი ქვეყანაა, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას კი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA).

თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრთან გიორგი ქობულიასთან ერთად, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს საპარლამენტო მდივანთანნორბერტ ბარტლესთან გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე ორმხრივი სავაჭროეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და იმ ერთობლივი პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც საქართველოში გერმანიის მხარის მხარდაჭერით ხორციელდება.

საქართველოს თემატური სტენდების გახსნა ფრანკფურტში

ეს მნიშვნელოვანი გამოფენაა და ძალიან გამიხარდა, რომ აქ თემატური სტენდი ბათუმიდანაც არის წარმოდგენილი. ორი დღის განმავლობაში, საქართველოს მთავრობის დელეგაციის წევრები, პრემიერის ხელმძღვანელობით, ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართულები სხვადასხვა ღონისძიებაში. მნიშვნელოვანია, რომ წიგნის ფესტივალი არის საუკეთესო საშუალება ჩვენი ქვეყნის, ამ შემთხვევაშიჩვენი ქალაქის პოპულარიზაციისთვის. ვფიქრობ, მსგავს ღონისძიებებზე ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს წარმოდგენილი მომავალში ქართული სახეებითა და ქართული გამომცემლობებით“ – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე ქართული პავილიონის დათვალიერებისას, სადაც სხვა თემატურ სტენდებთან ერთად, გამომცემლობაწიგნები ბათუმშიიყო წარმოდგენილი.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნისსაქართველოს თემატური სტენდები საქართველოს პრემიერმინისტრმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორ იურგენ ბოსსა და საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად დაათვალიერა. სტენდების პავილიონში წარმოდგენილია წიგნის ცენტრის და ქართველი გამომცემლების, მეცნიერების, ინოვაციების სააგენტოს, სახელოვნებო, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სტენდები.

საქართველოს თემატური სტენდები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმრებს არაერთ ენაზე ნათარგმნ ლიტერატურას სთავაზობს, რომლის გაცნობის შესაძლებლობა დამთვალიერებელს კვირის ბოლომდე ექნება.

თორნიკე რიჟვაძე KFW-ს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

აჭარის ა.რ.მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გამართა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) სამხრეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დირექტორ ოლაფ ციმელკასთან, ასევე რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსთან – მარიონ კრეშთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა უწყებებთან მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს, რისთვისაც თორნიკე რიჟვაძემ მათ მადლობა გადაუხადა.

სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს როგორც რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ისე სამომავლო გეგმები. მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის დროს, KfW-მ საქართველოს მთავრობასთან ხელი მოეწერა 40 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტის ხელშეკრულებას (სუბსიდია 3 მილიონი ევროს ოდენობით), რომლითაც უნდა გაუმჯობესდეს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას მაღალმთიანი აჭარის განვითარების საქმეში. აღინიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.

კაპიტნის თანაშემწე ქალი ბათუმიდან, რომელიც კაპიტნობას აპირებს

„მეზღვაურების დასაქმების კომპანიების უმრავლესობას ახლაც პირდაპირ აქვთ მითითებული აპლიკაციაში, რომ მამაკაცი სჭირდებათ. ქალ მეზღვაურს განაცხადის გაკეთების უფლებაც კი არ აქვს. მეც ძალიან გამიჭირდა დასაქმება, ქალი რომ ვარ იმიტომ,“ – ეს ბათუმელმა მეზღვაურმა ნათია ლაბაძემ აღნიშნა სასტუმრო „ჰილტონში“ დღეს გამართულ შეხვედრაზე.

შრომით ურთიერთობებში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე ტრენინგი „ჰილტონში“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მოაწყო. სახალხო დამცველის წარმომადგენლები საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლებს გენდერული თანასწორობის შესახებ ესაუბრნენ.

რამდენად რთულია მეზღვაური ქალის დასაქმება? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ნათია ლაბაძეს ესაუბრა. ის პირველი მეზღვაური ქალია დამოუკიდებელი საქართველოდან, რომელიც გემზე კაპიტნის მესამე თანაშემწედ მუშაობს. შორეულ ნაოსნობაში ნათია ლაბაძე სამი წლის წინ წავიდა.

„ამჟამად ვმუშაობ კომპანია „კოლუმბიის“ გემზე. საქართველოდან მხოლოდ მე ვარ ამ გემზე, კონტეინერმზიდია და კაპიტნის მესამე თანაშემწედ ვმუშაობდი ბოლოს. რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი…

რეალურად რთულია დასაქმება, როცა ქალი ხარ. ეს გლობალური ტენდენციაა და მარტივად ვერ შეცვლი. კომპანიების უმრავლესობას ურჩევნია, რომ მამაკაცი აიყვანოს. უპირატესობა ფიზიკურ მონაცემებს ენიჭება, სულიერსაც… წარმოიდგინეთ, რომ ზღვაში იმყოფები 25 უცნობ მამაკაცთან ერთად, დღეები არ სრულდება, ერთსა და იმავე საქმეს აკეთებ, ერთსა და იმავე ადამიანებს უყურებ. ბევრჯერ მიფიქრია, რომ ეს ციხესავითაა, მაგრამ გამიძლია. არ ვფიქრობ, რომ მამაკაცი უფრო ძლიერია სულიერად, ვიდრე ქალი. პირიქით, ბევრი მამაკაცი მინახავს, ერთ თვეში  უკან რომ დაბრუნებულა, არ შემიძლია და მორჩაო.

კომპანია „კოლუმბმაც“ თავდაპირველად უარი მითხრა დასაქმებაზე, ქალი რომ ხარ, შეიძლება რაღაც შეზღუდვები იყოსო. მერე გერმანიიდან იყვნენ ჩამოსულები გასაუბრებაზე და მოვეწონე, ამიყვანეს,“ – გვიყვება ნათია ლაბაძე.

რატომ გადაწყვიტა ნათიამ კაპიტნობა და რა წინააღმდეგობას აწყდება კაპიტნის თანაშემწე გემზე?

„მეზღვაურობა ბავშვობიდან მინდოდა… ჩემ ირგვლივ ბევრი მეზღვაური იყო და მათ ისტორიებზე ვიზრდებოდი. მეზღვაური ქალი არავინ იყო და მე მომინდა ეს. სკოლა დასრულებული არ მქონდა, როცა ვიცოდი, რომ კაპიტანი უნდა გამოვსულიყავი. ოჯახი გვერდით დამიდგა, მთავარია მოინდომო, ყველაფერი გამოვაო… სხვებს უფრო უკვირდათ, რა გინდა გოგოს გემზე, ქალის ადგილი მაქ არ არისო.

არასდროს მინანია ჩემი არჩევანი, მაშინაც კი, როცა ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ყოფილა შემთხვევაც, როცა აშკარად მამაკაცის ფიზიკური ძალა იყო საჭირო, მაგრამ ხერხი სჯობია ღონესო, ტყუილად კი არ არის ნათქვამი. კარგი ურთიერთობებით ყველაფერი გამოვა.

მიგრძვნია გაუსაძლისი მონატრებაც გემზე ყოფნის დროს. ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ ჩემი სახლის და ახლობლების ფოტოები საერთოდ აღარ მენახა… ასე დავძლიე მონატრება. შენი თავი თუ ვერ აიყვანე ხელში, სხვა ვერ დაგეხმარება.

მეზღვაურობა საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ აღმოაჩინო სამყარო, ნახო სხვადასხვა ქვეყანა, შეიგრძნო განსხვავებული კულტურა, ადამიანები… ჩემთვის მეზღვაურის პროფესია მოგზაურობას ნიშნავს.

ქალი მეზღვაური უკვირთ სხვა ქვეყნებშიც. ჯერ კიდევ მყარია სტერეოტიპი, რომ კაცი ქალზე ძლიერია. ეს მითი ნელ-ნელა იმსხვრევა. მახსოვს, ჩინეთში როცა ვიყავი, იქ თითს იშვერდნენ ჩემზე, ნახეთ, ქალია გემზეო.

ბოლოს ქალი კაპიტანი ერთ-ერთ ფრანგულ გემზე ვნახე, საოცარი ვინმე იყო. კიდევ უფრო გამიზარდა მოტივაცია,“ – გვითხრა ნათია ლაბაძემ.

შეხვედრა გენდერის ნიშნით დისკრიმინაცია საზღვაო ინდუსტრიის სფეროში

„ტრამპ თაუერი“ 44 სართული, „სილქ თაუერი“ – 42? -„რივიერას“ ტერიტორიაზე გეოლოგიური კვლევა დაიწყო

ბათუმის იახტკლუბისა და ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიადაგის გეოლოგიური კვლევა დაწყებულია. ეს ტერიტორია, სადაც 6 შენობის აშენებაა დაგეგმილი, „სილქ როუდის“ შვილობილი კომპანიის – „ბათუმი რივიერას“ საკუთრებაშია. ექვსი შენობიდან ყველაზე მაღალი – „სილქ თაუერი“, სავარაუდოდ, 42-სართულიანი იქნება. პროექტის განხორციელება ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ფინანსური თანამონაწილეობით იგეგმება.

„ბათუმის იახტკლუბის განვითარება და „სილქ თაუერის“ მშენებლობა არის კონცეფციის პირველი ეტაპი, რაშიც „თანაინვესტირების ფონდი“ მონაწილეობს. თუ პროექტის მომზადება, ქალაქის მერიასთან შეთანხმება და მშენებლობა წინასწარ გათვლილზე მეტ დროს არ წაიღებს, პირველი ეტაპი 2021 წელში უნდა დასრულდეს. რაც შეეხება მთლიანი ტერიტორიის განვითარებას, ის, კონცეფციის მიხედვით, კიდევ სამ ეტაპს ითვალისწინებს. იქნება თუ არა თანაინვესტირების ფონდი ამ ეტაპების განხორციელებაში პარტნიორი, ჯერ ვერ გეტყვით“, – გვითხრეს კომპანია „ბათუმი რივიერაში“.

დოკუმენტების მიხედვით, მთელი ეს ტერიტორია, სადაც მშენებლობა უნდა განხორციელდეს, იპოთეკით არის დატვირთული. იპოთეკარი კი ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანია „ჯი სი ეფ ლუქსემბურგია“. ამ კომპანიის დამფუძნებლების ვინაობა უცნობია, მაგრამ „ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა [ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი], ლევან ვასაძემ [ბიზნესმენი] და უჩა მამაცაშვილმა [ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი] ერთად დააფუძნეს კომპანია – „ჯი სი ეფ პარტნიორები“, რომელმაც, თავის მხრივ, კიდევ ერთი კომპანია – „ჯი სი ეფ ჰიდრო დეველოპმენტი“ დააფუძნა. ეს კომპანია კი, 2014 წელს, 500 დოლარად მიჰყიდეს „ჯი სი ეფ ლუქსემბურგს“.

„ბათუმი რივიერას“ წილის 1%-ს კი დღეს სწორედ „ჯი სი ეფ ჰიდრო დეველოპმენტი“, ანუ ფაქტობრივად „ჯი სი ეფ ლუქსემბურგი“ ფლობს, რომელსაც „რივიერას“ ნაკვეთები იპოთეკით აქვს დატვირთული [„ჯი სი ეფ ჰიდრო დეველოპმენტმა“ სახელწოდება 2018 წლის ივნისში შეიცვალა და დღეს „ბათუმი თაუერ ჰოლდინგი“ ჰქვია.]

„ბათუმი რივიერას“ კუთვნილი ტერიტორია ბათუმში, სადაც კომპანიის გენგეგმით მოეწყობა ხელოვნური ყურე, რომლის ირგვლივ 6 შენობა აშენდება, მათ შორის „სილქ თაუერი“. ტერიტორია „სილქ როუდის“ შვილობილი კომპანიების საკუთრებაშია 2012 წლიდან. /ფოტო: თედო ჯორბენაძე, „ბათუმელები“, 11.10.2018

ტერიტორიის განვითარების კონცეფცია „სილქ როუდის“ დაკვეთით „ჩეპმენ ტეილორმა“ მოამზადა. განაშენიანების რეგულირების გეგმისთვის [გრგ] დავალების მისაღებად კი ბათუმის მერიას კომპანია „მულტივერს არქიტექტურამ“ მიმართა.

„პროექტის ავტორი გლობალური კომპანიაა. ჩვენ ვართ ლოკალური კონსულტანტები, კოორდინაციას ვუწევთ ლოკალურ სტანდარტებთან მორგებაში. „ჰილტონს“ რაც შეეხება, ჩვენი კომპანიის დაპროექტებულია. კონცეპტუალური დიზაინი [საწყისი ვიზუალური მხარე] იყო ბრიტანული კომპანიის, ხოლო მუშა ნახაზები, სპეციფიკაციები, საავტორო ზედამხედველობის ჩათვლით, გავაკეთეთ ჩვენ. კონცეფცია იმათ დაიწყეს, მაგრამ პროექტი ითვლება ჩვენად. მსგავსი რაღაც იქნება აქ „რივიერას“ შემთხვევაშიც“, – გვითხრეს კომპანია „მულტივერს არქიტექტურაში“.

„ჩვენ დავიქირავეთ „მულტივერს არქიტექტურა“ და მივმართეთ მუნიციპალიტეტს, მოგვცენ გეგმარებითი დავალება, მაგრამ  საკრებულოში ვერაფერი გავიგე, როდის მოგვცემენ ამ დავალებას“, – გვითხრა „ბათუმი რივიერას“ დირექტორმა გიორგი კაპანაძემ.

„ახლა დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება იმაზე, მიეცეს თუ არა დავალება კომპანიას, რომ წარმოადგინოს კვლევები. 20-დღიანი მინიმალური ვადაა, რათა მოიტანონ შენიშვნები მოქალაქეებმა თუ დაინტერესებულმა მხარეებმა იმასთან დაკავშირებით, რომ მიეცეს თუ არა გეგმარებითი დავალება, ანუ მოვთხოვოთ თუ არა კომპანიას, წარმოადგინოს აღნიშნული ტერიტორიის განვითარების კონცეფცია ჩვენი  დავალებით. თუ მივცემთ დავალებას, შემდეგ, როცა წარმოადგენს ამ კონცეფციას და კვლევებს, თუ რისი გაკეთება უნდათ კონკრეტულად, ამის შემდეგ კვლავ დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება და იქნება მინიმუმ 30 დღემდე ვადა განხილვის – დავამტკიცოთ თუ არა წარმოდგენილი კონცეფცია“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა მირიან მეტრეველმა.

მიეცეს თუ არა კომპანიას გეგმარებითი დავალება, ამის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება 28 სექტემბერს, ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით დაიწყო. მერიამ თავისი პასუხი საკრებულოში 19 ოქტომბრამდე უნდა გადააგზავნოს, აქედან ხუთ დღეში კი, საკრებულოში ამ საკითხზე ზეპირი სხდომა უნდა გაიმართოს.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ გრგ-ს დავალებაზე კომპანიამ იმიტომ მიმართა, რომ ის აპირებს მთლიანობაში, როგორც თავის საკუთრებაში არსებული, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნაკვეთების განაშენიანების გეგმის მომზადებას.

„მათ უნდათ სხვადასხვა ზონაში არსებული სხვადასხვა ფუნქციის ნაკვეთების განვითარება და სწორიცაა, დავალება რომ მოითხოვეს, რადგან იმ ტერიტორიაზე რაღაც რეჟიმები უნდა დადგინდეს, სპეციალისტების ჩართულობით და კვლევების საფუძველზე –  კულტურული მემკვიდრეობის, საინჟინრო ინფრასტრუქტურის, ქალაქმშენებლობის კუთხით, მაქ არის ნაპირდაცვის საკითხიც და ა.შ. თუ დავალებას მივცემთ, შემდეგ გააჩნია რას მოიტანენ. იქ უკვე კონკრეტულად უნდა იყოს გაწერილი რის გაკეთებას აპირებს – სართულიანობაც, კოეფიციენტებიც და სხვა.  ჩვენც და საზოგადოებასაც ექნება საშუალება უკვე კონკრეტულ შენიშვნებზე ვისაუბროთ და განვიხილოთ, როცა უკვე ამ გრგ-ს დამტკიცებაზე დაიწყება საქმის წარმოება. საბოლოო გადაწყვეტილებას აქაც საკრებულო მიიღებს“, – ამბობს მირიან მეტრეველი.

კითხვაზე, თუ ასეთ დავალებას კომპანია მერიისგან ვერ მიიღებს, მას აქვს თუ არა უფლება მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე წარმოადგინოს უშუალოდ პროექტი მერიაში შესათანხმებლად და მშენებლობის ნებართვის მისაღებად? – მირიან მეტრეველი ამბობს, რომ კომპანიას ამის უფლება აქვს: „ერთის, თუნდაც ორი ან სამი შენობის პროექტი რომ წარმოადგინოს შეუძლია. კანონი არ ამბობს, რომ აუცილებლად მოვთხოვოთ გრგ“.

გეგმარებითი დავალების არარსებობის მიუხედავად, იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანიამ გეოლოგიური კვლევა დაიწყო. „ბათუმი რივიერაში“ აცხადებენ, რომ გეოლოგიური კვლევა ჰქონდათ, თუმცა ხელახლა ატარებენ: „კვლევა ჩატარებული იყო ტრამპ თაუერისთვის, შეგვეძლო იგივე კვლევა გამოგვეყენებინა, თუმცა ახალი გენგეგმით სილქ თაუერი ცოტა დაშორებული იქნება იმ ადგილიდან, სადაც ტრამპ თაუერის მშენებლობა იგეგმებოდა. ახალი კვლევა თავის დაზღვევის მიზნით კეთდება.“

ახალი კონცეფცია, რომელშიც გარკვეული ცვლილებებიც შევა. ამ კონცეფციის მიხედვით „ბათუმი რივიერას“ კუთვნილ ტერიტორიაზე ბათუმში, ხელოვნური ყურე მოეწყობა პატარა იახტებისთვის. „ეს ხელოვნური ყურე მოგვეწონა, უპირატესობას აძლევს ჩვენს პროექტსაც და ქალაქსაც“ – აცხადებენ კომპანიაში. რაც შეეხება კვლევას – შესაძლებელია თუ არა გაკეთდეს ეს ყურე, ჯერ არ ჩატარებულა. აქვე, 6 შენობა აშენდება, სავარაუდოდ 25-დან 42 სართულამდე. ყველაზე მაღალი იქნება საცხოვრებელი კოშკი – „სილქ თაუერი“. პროექტის სავარაუდო ღირებულება 350 აშშ დოლარია.
ამ კონცეფციით, რომელიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, „სილქ როუდი“ ბათუმის იახტკლუბთან „ტრამპ თაუერის“ აშენებას გეგმავდა, თუმცა პროექტი შეჩერდა. კონცეფციით „ტრამპ თაუერი“ 44-სართულიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა თავიდან 47-სართულიანი შენობის აგება დააანონსეს. ასევე იგეგმებოდა რამდენიმე 2-3-10-11-14 და 16-სართულიანი შენობების აშენებაც. პროექტის ღირებულება 250 მილიონი აშშ დოლარი იყო.

რამდენ სართულიანი იქნება ის 6 შენობა, რომელიც გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ ანბანის კოშკს, იახტკლუბსა და ჭაჭის კოშკს შორის უნდა აშენდეს? – კომპანიაში გვითხრეს, რომ ზუსტი პასუხი უფრო ამ თვის ბოლოს ექნებათ, როცა არქიტექტორები თავიანთ ვერსიებს წარმოადგენენ.

„მაქსიმუმი 42 სართული იქნება. დანარჩენი შენობები კი 25-28 სართული. მაგრამ მაქ მნიშვნელობა სართულიანობას არ აქვს… ბათუმზე დღეს ხალხი რასაც წუხს, ეს სართულიანობამ კი არ გამოიწვია, ანუ შენობების სიმაღლეებმა, არამედ ეს გამოიწვია სიმჭიდროვის კოეფიციენტმა, რომელიც არის ყველაზე მთავარი. კონკრეტულ კომპანიას ვერა, მაგრამ ვიტყვი, რომ მაქ რომ მშენებლობები ტარდება კ2 კოეფიციენტი 50 და კიდევ მეტია, ჩვენს შემთხვევაში ამ კოეფიციენტს ვითხოვთ 5-ს. ამასაც იმიტომ, რომ აჭარაში ამ კოეფიციენტში შედის ისეთი ფართობები, რომლებიც თბილისში არ შედის. შესაბამისად, მე რომ ვაშენებ სიტყვაზე 100 კვადრატულ შენობას, იქედან სასარგებლო გამომდის 60 კვ.  როცა თბილისში გამომდის 75-მდე. აჭარაში 1,5-ზე განიერი თუ არის აივანი ერთი ერთში ითვლება. სამხრეთული ქვეყანა ვართ და წესიერი აივნები უნდა გვქონდეს. ვიღაცეები ამის გამო, თუ დააკვირდებით არქიტექტურას, აივნებს აკეთებენ ვიწროს და არის მოუხერხებელი და უაზრო. კანონის ჩანაწერიც  არის უაზრო… დაბალი შენობა ყოველთვის კარგი არ არის. დაბალი შენობა ნიშნავს მოშენების მეტ ფართობს, რის გამოც რეკრიაციისთვის და ყველაფრისთვის ნაკლები ფართობი რჩება“, – ამბობს გიორგი კაპანაძე.

„რივიერას“ ტერიტორიაზე ოთხი საცხოვრებელი შენობა და ორი სასტუმრო აშენდება. „ბინების რაოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, იქნება თუ არა დიდ ბინებზე მოთხოვნა, ბინების რაოდენობა ნაკლებია, თუ იქნება პატარა ბინებზე მოთხოვნა, ბინების რაოდენობა დაახლოებით რამდენი იქნებ ჯერ ვერ გეტყვით. იგივე ეხება სასტუმროს ნომრებსაც – როცა საბოლოო პროექტი გვექნება, მაშინ დაზუსტდება“, – აცხადებენ კომპანიაში.

„შენობის დიზაინი, არქიტექტურა შედგება რამდენიმე ეტაპისგან: პირველი არის კონცეფცია, მეორე ეს არის სქემატური დიზაინი, სადაც უკვე დეტალებში მიდის მუშაობა და მესამე არის მუშა ნახაზები. უცხოელები კონცეფციას და სქემატურს აკეთებენ, მუშა ნახაზებს კი ქართველები გააკეთებენ. ბათუმის მერიასთან უცხოელი არქიტექტორები ვერ იმუშავებენ, ამიტომ დეტალურ ნახაზებზე და პროექტის შეთანხმებაზე ქართველი არქიტექტორები იზრუნებენ“, – ამბობს გიორგი კაპანაძე.

მისივე თქმით, თუ მერია დავალებას მისცემს, ერთ თვეში გრგ-ს გააკეთებენ.

—————

ბათუმში მიმდინარე და დაგეგმილი მრავალსართულიანი სახლების მშენებლობის გამო ბათუმში საპროტესტო აქცია „არა ჩაბეტონებას“ გაიმართა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა დადგინდეს „ძველი ბათუმის“ ისტორიული საზღვრები, კვლევის შედეგად არსებულ საზღვრებში. იგულისხმება კომპანია „გეოგრაფიკის“ მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც მერიამ ისტორიული ბათუმის დაცვის ზონის საზღვრები დაადგინა. აქციის ორგანიზატორი საზოგადოება „ბათომი“ იყო.

ბათუმი, ხედი „ეშმაკის ბორბლიდან“ / მწვანე მინდორი ის ადგილია სადაც პროექტის – „ბათუმი რივიერას“ განხორციელება იგეგმება / 10.10.2018, ფოტო: „ბათუმელები“

„ტრამპ თაუერი“ [რენდერი] , რომლის ნაცვლად „სილქ თაუერი“ უნდა აშენდეს. „სილქ როუდში“ აცხადებენ, რომ ახალი პროექტი ჯერ მზად არ აქვთ.
„სილქ როუდში“ აცხადებენ, რომ ამ ეტაპისთვის მხოლოდ ტერიტორიის განვითარების კონცეფცია აქვთ, რომელიც აჭარის მთავრობასთან შეთანხმებულია. ბათუმის მუნიციპალიტეტისგან გრგ-ს დავალების მიღებისა და შემდეგ მისი დამტკიცების შემთხვევაში კი მიმართავენ მერიას კონკრეტული პროექტით, შესათანხმებლად.

ხედი „ბათუმი რივიერას“ კუთვნილი ტერიტორიიდან / 10.10.2018 / ფოტო: „ბათუმელები“
„სილქ როუდის“ კუთვნილი ტერიტორია ბათუმში, სადაც კომპანია პროექტის – „ბათუმი რივიერას“ განხორციელებას გეგმავს.

ბათუმის საბავშვო ბაღებში 16 ვაკანსიაზე კონკურსი განმეორებით გამოცხადდა

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ 16 ვაკანტურ ადგილზე კონკურსი განმეორებით გამოაცხადა. როგორც გაერთიანების ხელმძღვანელი მამუკა შამილიშვილი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ საკონკურსო ბარიერი 186 კონკურსანტიდან მხოლოდ ექვსმა გადალახა, ბარიერი მაინც არ დაიწევა.

„კონკურსი ხელმეორედ ერთ თვეში გამოცხადდება. ისინი, ვინც პირველ კონკურსზე ბარიერი გადალახეს, ხვალ, 12 ოქტომბერს, გაივლიან გასაუბრებას. იმ შემთხვევაში, თუ გასაუბრებასაც წარმატებით გაივლიან, მაშინ 16 ვაკანსიაზე გამოცხადდება კონკურსი, ან გაიზრდება ვაკანსიის რაოდენობა.“

მამუკა შამილიშვილის თქმით, ტესტები შეიცვლება. „კომისია იმსჯელებს და თუ რაიმე არის შესაცვლელი ტესტებში, შემდეგ დავხვეწავთ“.

კონკურსში გამარჯვებული 14 პირი ბათუმის ახალ, 34-ე ბაღში დასაქმდება, რომელიც დაახლოებით ერთ კვირაში უნდა გაიხსნას. სამი გამარჯვებული 33-ე ბაღში დასაქმდება, დანარჩენები კი სხვადასხვა საბავშვო ბაღებში გადანაწილდებიან.

იმ შემთხვევაში, თუკი განმეორებითი კონკურსის შემთხვევაშიც ვერ გადალახავენ კონკურსანტები ბარიერს, როგორც შამილიშვილი ამბობს, ახალ საბავშვო ბაღში თანამშრომლებს დროებით, ერთთვიანი ხელშეკრულების საფუძველზე აიყვანენ.

„საბავშვო ბაღის გახსნას ვერ გადავდებთ, ამიტომ თანამშრომლებს დროებით ავიყვანთ. ჩვენ გვყავს სარეზერვო თანამშრომლები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება და დიდი ხანია მუშაობენ ჩვენთან მოკლევადიანი კონტრაქტებით, იქედან შევარჩევთ თანამშრომლებს“.

მამუკა შამილიშვილის თქმით, აღნიშნული პირები კონკურსშიც მონაწილეობენ, თუმცა ჯერჯერობით საკონკურსო ბარიერი ვერ გადალახეს. „იმედია, განმეორებით კონკურსზე უფრო მომზადებულები მოვლენ“.

 

 

 

 

 

 

ზღვის წყლის ტემპერატურა 21 გრადუსია – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 ოქტომბრის  21 საათიდან  12  ოქტომბრის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე  წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20  – 25  გრადუსი  
  • ღამით: 14 – 19 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 18 – 23  გრადუსი 
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 21 გრადუსია. ტალღის სიმაღლე 5-10 დმ (2-3 ბალი).

11 ოქტომბერს, ხუთშაბათს, ღამით მოსალოდნელია ზოგან ხანმოკლე წვიმა დღისით, მომდევნო 2 დღეს კი – უნალექო ამინდი.

_____________

მანანა ქველიაშვილის ფოტო 

საქართველოს რკინიგზა ერთმნიშვნელოვნად ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას

საქართველოს რკინიგზა განცხადებით ეხმაურება 10 აგვისტოს,  დილით, მეცხრე გვირაბის აღმოსავლეთ პორტალთან მომხდარ ინციდენტს , რა დროსაც, რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მათ ჟურნალიტსა და ოპერატორს სცემეს.

,,საქართველოს რკინიგზა“ უღელტეხილის მონაკვეთზე არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, ახორციელებს თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის (ზესტაფონი-ხარაგაული, მოლითი-ქვიშხეთი) მოდერნიზაციის პროექტს, რომლის სამშენებლო სამუშაოები სრულდება შპს ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე:

“ხელშეკრულების  მიხედვით სამშენებლო სამუშაოებზე, ასევე შრომით უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კონტრაქტორ ორგანიზაციას. საქართველოს რკინიგზა ერთმნიშვნელოვნად ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას. ამასთან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ხვალ მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ მედიატურზე. უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით, ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ გადაიღონ მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები. ხვალ დილით, 11 საათზე, საქართველოს რკინიგზის ცენტრალურ ოფისთან, თამარ მეფის 15-ში ველოდებით ყველა დაინტერესებულ ჟურნალისტს, რათა ერთად გავემგზავროთ ქვიშხეთში და მედიის წარმომადგენლებმა შეძლონ მათთვის საინტერესო კადრების გადაღება და შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება,” – აღნიშნულია რკინიგზის განცხადებაში.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, „კურიერი“ რეპორტაჟს ამზადებდა რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე. გადაღების დროს კი კომპანიის წარმომადგენლებმა „კურიერის“ ჟურნალისტს კამერა წაართვეს და მოპოვებული ვიდეომასალის წაშლა სცადეს.

ხომ არ არის წინასწარ გარკვეული, ვინ შევა „აჭარა TV“-ის ბორდში – კომისიის საეჭვო გადაწყვეტილება

იაკინთე [ნიკა] ჩხარტიშვილმა, რომელიც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობისთვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობს, კომისიას ვერ წარუდგინა დიპლომის ასლი, რომელიც დაადასტურებდა, რომ მას მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული განათლება აქვს მიღებული. კანონით, ამ პოზიციაზე მუშაობა სწორედ ამ სახის დიპლომით არის დასაშვები. ამის მიუხედავად, კომისიამ კონკურსანტი მეორე ეტაპზე მაინც გადაიყვანა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხუთწევრიან კომისიაში მხოლოდ ერთი წევრი – „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ალექსანდრე ლორთქიფანიძე არ დაეთანხმა იაკინთე [ნიკა] ჩხარტიშვილის მეორე ეტაპზე გადასვლას.

თავდაპირველად კომისიამ ხარვეზი აღმოაჩინა როგორც იაკინთე [ნიკა] ჩხარტიშვილის, ისე კიდევ სამი კონკურსანტის დოკუმენტებში და ამის შესახებ სხდომის ოქმში ჩაწერა: „წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ დგინდება უმაღლესი განათლების შესაბამისი აკადემიური ხარისხი.“

კომისიამ კონკურსანტებს ხარვეზის შესავსებად ვადა მისცა.

მიცემულ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრა შეძლო ორმა კონკურსანტმა, ორმა კი ხარვეზის გამოსწორება და მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენა ვერ შეძლო. კომისიამ კი მიიჩნია, რომ ამ ორიდან ხარვეზი ვერ აღმოფხვრა მხოლოდ ერთმა კონკურსანტმა – ირაკლი ანთიძემ და ის მეორე ეტაპზე არ გადაიყვანა. დიპლომის ნაწილში ხარვეზი ვერც იაკინთე [ნიკა] ჩხარტიშვილმა აღმოფხვრა, მაგრამ მას სიტყვაზე ენდნენ და მეორე ეტაპზე გადაიყვანეს.

„ბათუმელებმა“ ამ საკითხზე განმარტება სთხოვა კომისიის თავმჯდომარეს, ერმილე მესხიას, რომელმაც გვითხრა, რომ იაკინთე [ნიკა] ჩხარტიშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კომისიის სხდომაზე უმრავლესობამ მიიღო:

„იაკინთე ჩხარტიშვილმა წარმოადგინა საბუთები აჭარის სახელმწიფო და განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს არქივებიდან. ამ საბუთებიდან ირკვევა, რომ ინსტიტუტზე, რომელიც მან დაამთავრა ოთხმოცდაათიან წლებში, არც ერთ არქივში ცნობა არ იძებნება. მან წარმოადგინა განმარტება და სთხოვა კომისიას, ვინაიდან ეს ინსტიტუტი დღეს არ ფუნქციონირებს, ხოლო არქივებში დოკუმენტები არ იძებნება და მას არ აქვს შესაძლებლობა გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, თუ შეიძლება ეს ჩაუთვალონ და მისი განცხადება მიღებული იქნას ცნობად“.

ერმილე მესხიას თქმით, კომისიამ მსჯელობის შემდეგ მიიღო ამ კონკურსანტისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება.

ჰქონდა თუ არა კომისიას უფლება კანონის მოთხოვნების გვერდის ავლით მიეღო გადაწყვეტილება ერთ-ერთი კონკურსანტის სასარგებლოდ და ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ბორდის მომავალი წევრის ვინაობა უკვე გარკვეულია, ანუ კონკურსი არის ფიქტიური? – კომისიის თავმჯდომარე პასუხობს:

„…თვითონ ზეპირად აცხადებს, რომ პროგრამა იყო ხუთწლიანი, მაგრამ ეს დიპლომით არ ჩანს, მან ვერ გამოძებნა შესაძლებლობა სახელმწიფო ორგანოებიდან მიეღო ეს ინფორმაცია, ერთსაათიანი სჯა-ბაასი გვქონდა ამ საკითხზე, მაგრამ საბოლოოდ მაინც კომისიამ იფიქრა, რომ რადგან კონკურსანტი შეზღუდულია იმით, რომ არქივში მასალები არ იძებნება, საბოლოოდ ამ აზრამდე მივედით, რომ კონკურსანტის სასარგებლოდ მიგვეღო გადაწყვეტილება. კომისიამ ჩათვალა, რომ კონკურსანტი არ იყო არაფერ შუაში“, – განმარტა ერმილე მესხიამ.

ის მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი კომისიის მიმართ ეჭვს ვერ გააჩენს, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას ეს კომისია არ იღებს.

„ბათუმელებმა“ სცადა გაერკვია, რატომ არ დაუჭირა კონკურსანტ იაკინთე ჩხარტიშვილს მხარი იურისტმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ, მაგრამ მან გვითხრა, რომ ვიდრე თავად უმაღლესი საბჭო არ გამოაქვეყნებს გუშინ, 9 ოქტომბერს ჩატარებული სხდომის ოქმს, განმარტებას ვერ გააკეთებს. 

„აჭარის ტელევიზიის“ ბორდის წევრობა 11 პირს სურდა. მეორე ეტაპზე გადასულები საკონკურსო კომისიამ გასაუბრებაზე 13 ოქტომბერს დაიბარა. გასაუბრების შედეგად კომისია არანაკლებ სამ წევრს შეარჩევს და უმაღლეს საბჭოს წარუდგენს. მათგან ერთ პირს უმაღლესი საბჭო შეარჩევს.

კონკურსის პირობების მიხედვით, კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, „საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი“. მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი და ათწლიანი მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 5 წელი ჟურნალისტიკაში, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.

„აჭარის ტელევიზიის“ სამეურვეო საბჭოს წევრის ანაზღაურება 2625 ლარია. სამეურვეო საბჭოს წევრს 6 წლის ვადით ირჩევს უმაღლესი საბჭო.

„აჭარის ტელევიზიის“ ბორდის დანარჩენ 4 წევრს უფლებამოსილების ვადა მომავალი წლის ნოემბერში ეწურება. 2019 წლის ოქტომბერში კი, ბორდმა „აჭარის ტელევიზიის“ ახალი დირექტორი უნდა აირჩიოს.

ანტიოკუპაციური სტიკერები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

„საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ქართველი მწერლები და გამომცემლები არასდროს შეეგუებიან რუსულ ოკუპაციას“ –  ამ წარწერით სტიკერები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სხვა სასაჩუქრე გამოცემებთან, წიგნის სანიშნეებთან და ბუკლეტებთან ერთად რიგდება.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნამდე 4 საათით ადრე ბაზრობის „ბიზნესკლუბის“ პირველ პლატფორმაზე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, გვანცა ჯობავამ წიგნის ქართულ გამომცემლობებზე, ქართულ ანბანსა და რუსულ ოკუპაციაზე ისაუბრა:

„გასული საუკუნის 70 წელი საბჭოთა შემადგენლობაში გავატარეთ, 90-იანი წლებიდან კი, საბჭოთა კავშირის რღვევის შემდგომ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების რთული პერიოდი განვვლეთ. საქართველო კავკასიის რეგიონში, თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოსაზღვრედ მდებარეობს. თუმცა საქართველოს ორნაირი რუკა შეიძლება შეგხვდეთ, ერთი აღნიშნული საზღვრებით, მეორე კი რუკა, რომელიც მიანიშნებს, რომ 1992-93 წლებისა და 2008 წლის ომების შემდგომ, საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ჩვენ ამ რუკაზე ვამბობთ, რომ ეს არის საქართველო იმ სახით, როგორც რუსეთი გვხედავს.

დღემდე ხშირად ხდება ხოლმე, რომ უცხოელი ნაცნობები გვეკითხებიან, ვსაუბრობთ და ვწერთ თუ არა რუსულ ენაზე. ჩემი პასუხია, არა, ჩვენ ქართულ ენაზე ვსაუბრობთ. ქართული, ორიგინალური, სამსახოვანი დამწერლობა კი შესულია იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში. დღეს აქ ამ თემას იმიტომ შევეხე, რომ ვფიქრობ, კულტურაs დაკავშირებულია პოლიტიკასთან და ამის შესახებ ჩვენ ბაზრობის სხვა დღეებშიც ვისაუბრებთ. ვფიქრობ, ეს აუცილებელია, იმიტომ რომ ბევრმა დღემდე არ იცის რა მოხდა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში. მინდა გითხრათ, რომ ომის შედეგად უამრავმა ადამიანმა დაკარგა საცხოვრებელი სახლი, იქცა დევნილად, თუმცა ამით ომი არ დასრულებულა. საქართველო დღემდე რუსეთის მხრიდან პერმანენტული მცოცავი ოკუპაციის მსხვერპლია. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმრის პროექტი ჩვენთვის დიდი დაბრუნებაა ევროპაში. იმედი მაქვს ისიამოვნებთ საქართველოს პრეზენტაციით და ხელახლა აღმოაჩენთ ჩვენს ქვეყანას, რომელთანაც წლების განმავლობაში გამყოფი საბჭოთა რკინის ფარდა გაშორებდათ”.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 5 დღე, 14 ოქტომბრამდე გრძელდება.

ქართული წიგნების თარგმანები, პუბლიკაციები, შეხვედრები გამომცემლებთან, საღამოები და სემინარები – გარდა ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისა, მწერლებისა და გამომცემლებისგან შემდგარ ქართულ დელეგაციას საშუალება ეძლევა, გააცნოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმრებს საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები.

 

 

8 386 მასწავლებელს შესაძლოა საათები შეუმცირდეს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოს სკოლებში სპორტის გაკვეთილებს 10 418 მასწავლებელი ატარებს. მათგან 2 032 მასწავლებელს აქვს მხოლოდ სპორტის გაკვეთილის საათები. თუმცა სამინისტრო არ აკონკრეტებს, აქედან რამდენ პედაგოგს აქვს სპორტის მასწავლებლის შესაბამისი კვალიფიკაცია. დანარჩენ – 8 386 მასწავლებელი კი სპორტის გაკვეთილებს შეთავსებით ატარებს, ისინი სხვა საგნებსაც ასწავლიან.

„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე უნდა წარუდგინოს, პედაგოგი, ვისაც არ გააჩნია უმაღლესი ან პროფესიული სპორტული განათლება, სპორტის გაკვეთილებს ვეღარ ჩაატარებს. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ პედაგოგებს, რომლებსაც არ აქვთ ამ სფეროში შესაბამისი კვალიფიკაცია, მაგალითად, დაწყებითის მასწავლებლებს, სპორტის გაკვეთილების საათები მოაკლდებათ. შესაბამისად, მოაკლდებათ ანაზღაურებაც.

ლელა გორგილაძე ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების პრაქტიკოსი პედაგოგია. ამ დროისთვის მას მხოლოდ ფიზიკური აღზრდისა და ხელოვნების გაკვეთილების საათები აქვს სკოლაში. 13 საათის მიუხედავად, მისი ყოველთვიური ანაზღაურება 300 ლარია. ახალი კანონის ამოქმედების შემთხვევაში კი ის, ფაქტობრივად, საათების გარეშე დარჩება.

„ხელოვნებაში მაქვს ორი საათი და სპორტში 11 საათი. ჩვენთვის, დაწყებითი განათლების პედაგოგებისთვის, ძალიან დიდი დარტყმაა, რადგან თუ კანონი შეიცვლება, შეიძლება ეს საათებიც აღარ მომცენ და უმუშევარი დავრჩე,“ – ამბობს ის.

მისი თქმით, საათების პრობლემა შეიძლება სხვა საგნებშიც გაჩნდეს, რადგან  მუსიკას, ხელოვნებას, სპორტს… თუ დაწყებითი კლასებში მხოლოდ სპეციალისტები ჩაატარებენ, ამ საგნის საათები და, შესაბამისად, ანაზღაურებაც, დაწყებითის ძირითად მასწავლებლებს უფრო მეტად მოაკლდებათ.

„დაგვრჩება მარტო ქართული და მათემატიკა. ამ საგნებში კი იმხელა კონკურენციაა, რომ განაკვეთს ვერ აიღებ“, – ამბობს პედაგოგი.

განათლების სამინისტროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოს უფროსმა, ვასილ ლიპარტელიანმა ახალ მოთხოვნებთან დაკავშირებით „ბათუმელებს“ უთხრა, რომ არასპეციალისტ მასწავლებლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემათ სპორტის გაკვეთილების ჩატარების უფლება, თუკი ისინი მინიმუმ რამდენიმეთვიან სპეციალიზებულ კურსს გაივლიან.

„ასეთი კურსები არსებობს უნივერსიტეტების ბაზაზე და ფიზიკური აღზრდის მიმართულებით პედაგოგები შეიძლება გადამზადდნენ,“ -ამბობს ის.

იმ შემთხვევაში, თუკი სპორტის არასპეციალისტი მასწავლებელი ამ კურსებს არ გაივლის, მაშინ მას საათების დატოვება მოუწევს.

„ფიზიკური აღზრდისთვის შესაძლებელია მასწავლებელმა გამოიყენოს თამაშები, მხიარული სტარტები ან მოძრავი თამაშები, სხვადასხვა გამამხნევებელი ვარჯიში და ა.შ. ფიზიკური აღზრდის მასწავლებელს ამაში შეზღუდვა არ აქვს. თუმცა, ეს თამაშები უნდა აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ ნორმებს.

გარდამავალი ეტაპი ჩვენ გვექნება სულ მცირე ექვსთვიანი და თუ ამ პერიოდში პედაგოგი გაივლის გადამზადების კურსს და მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ დიპლომს, შეძლებს ფიზიკური აღზრდის გაკვეთილების ჩატარებას“.

ვასილ ლიპარტელიანი ასევე ამბობს, რომ პირველ ეტაპზე სახელმწიფო  უზრუნველყოფს  პედაგოგების გადამზადებას. „შეიქმნება შესაბამისი ჯგუფები და არასამუშაო დღეებში დაიწყება პედაგოგების გადამზადება რეგიონების მიხედვით“.

გადამზადების შემდეგ მიღებულ სერტიფიკატს სამწლიანი ვადა ექნება.

ახალი კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ სკოლებში ფიზიკური აღზრდის საათები სამიდან ოთხამდე გაიზრდება.

”სოფლის ტურიზმი, როგორც ბიზნესი” – სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში

19-20 ოქტომბერს ბათუმში სოფლის ტურიზმის მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. კონფერენციის მთავარი თემა იქნება: „სოფლის ტურიზმი, როგორც ბიზნესი“.

კონფერენციის სამუშაო თემში შედის სოფელი და სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი, ბიზნესი და შემოსავლის წყარო; ინოვაციური სერვისები და ტურისტული პროდუქტები სოფლად; სოფლის ტურიზმის განვითარების პერსპექტივები და გამოწვევები აჭარის რეგიონში /ტურისტული ინფრასტრუქტურა სოფლად; სოფლის ტურიზმის ზოგადი სტანდარტები (მომსახურების სტანდარტები, საოჯახო სასტუმრო სახლების ტიპები და ა.შ); სახელმწიფო პროგრამები სოფლის ტურიზმის განვითარების კუთხით საქართველოში და სხვა ქვეყნებში; ტურისტების მოზიდვა სოფლად და რეკლამირება.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ  უცხოელი და ქართველი ექსპერტები, საოჯახო სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ტურისტული სააგენტოები, სოფლის და ეკოტურიზმის სხვადასხვა სფეროს, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენციისთვის მოხსენებები და პრეზენტაციები შეირჩევა თემებისა და სესიების მიხედვით. კონფერენციაში მონაწილეობისთვის საჭიროა  სარეგისტრაციო ფორმის შევსება.

 

ვითიბი ბანკმა სამომხმარებლო სესხებზე აქცია დაიწყო

8 ოქტომბრიდან ვითიბი ბანკი იწყებს აქციას სამომხმარებლო სესხებზე, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია, თავდებობის უზრუნველყოფით 45 000-ლარამდე სესხის, ხოლო უზრუნველყოფის გარეშე 30 000 ლარამდე თანხის აღება, 5-წლამდე ვადით.

წლიური საპროცენტო განაკვეთი 6,9%-დან 13,9%-მდე (ეფექტური   საპროცენტო განაკვეთი 12,8%-დან – 17,2%-მდე). აღსანიშნავია რომ აქციის ფარგლებში სესხის გადახდის დაწყება 2019 წლიდან არის შესაძლებელი.

ამასთან ერთად, გაუმჯობებსებული პირობები, სესხების გაერთიანების და შენატანის შემცირების შესაძლებლობას იძლევა.

ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.

რეგიონების სახანძრო-სამაშველოებს ტყის ახალი სახანძრო მანქანები გადასცეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეგიონების სახანძრო-სამაშველო ძალების წარმომადგენლებს ტყის ახალი სახანძრო მანქანები გადაეცათ. ახალი მანქანები 13 რეგიონის ავტოპარკს შეავსებს.

ახალი სახანძრო მანქანა აჭარაში ჯერჯერობით მხოლოდ ხულოს გადაეცა. დანარჩენი 12 მანქანა გადაეცა აბასთუმანს, ბორჯომს, ახმეტას, თელავს, თეთრიწყაროს, დუშეთს, კასპს, ხარაგაულს, ლენტეხს, ონს, მესტიასა და ჩოხატაურს.

უახლოეს მომავალში საქართველოში დამატებით 7 ახალი ტყის სახანძრო მანქანა შემოვა, სწორედ მაშინ იგეგმება მანქანების გადაცემა ქედასა და შუახევზე.  დანარჩენი ხუთი მანქანა კი დმანისს, თიანეთს, ხაშურს, ადიგენს და ბაკურიანს გადაეცემა.

ახალი სახანძრო მანქანები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ტენდერით მიმდინარე წლის ზაფხულში შეიძინა. მათი საერთო ღირებულება 10 მილიონი ლარია.

ახალი სახანძრო მანქანის უპირატესობა რთულ რელიეფურ პირობებში გადაადგილებაა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ტყის ხანძრების რისკს. ახალი სახანძრო მანქანების მეშვეობით უკვე რამდენჯერმე მოხდა ტყის ხანძრების ლიკვიდაცია და აღიკვეთა მისი ფართო მასშტაბზე გავრცელება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, იგეგმება მაშველების ფორმების განახლებაც.

ამავე თემაზე:

მოსამართლე პოლიციელის მკვლელობის საქმეზე: აქ შემოსვლამდე ფანჯარაში გავიხედე

“გთხოვთ, უზრუნველყოთ პროცესზე ყველა მხარის დასწრება… მე, პირადად, მაყენებენ შეურაცხყოფას, ბრალდებულის ახლობლებს კი აქ შემოსვლის უფლება არ მისცეს. ისინი სასამართლოს მოპირდაპირედ, ერთ კუთხეში არიან შეყუჟული,” – მიმართა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს ადვოკატმა დალი იმნაიშვილმა პროცესის დაწყებისთანავე.

პროცესზე შესვლის უფლება ბრალდებულ ბესიკ ტაკიძის ახლობლებს მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებმა არ მისცეს.

საუბარია ქობულეთში, მუხაესტატეს პოლიციის უფროსის, მურად [ბუტა] ანთაძის მკვლელობაზე. იგი ქობულეთი-მუხაესტატეს საავტომობილო გზაზე 15 ივნისს მოკლეს. ამ დროს ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის მორიგი ხე გადაჰქონდათ.

გამოძიების ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებულმა სამზარეულოს დანა ზურგიდან ჩაარტყა პოლიციელს. ბუტა ანთაძე ქობულეთის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ბესო ტაკიძეს წლების განმავლობაში უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა პოლიციის უფროსის, ბუტა ანთაძის მიმართ. 2014 და 2015 წლებში ბესო ტაკიძე მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებს სამჯერ დაუკავებიათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო. სასამართლომ ბესო ტაკიძე ხულიგნობის ჩადენაში – ორჯერ, ხოლო პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ერთხელ მიიჩნია სამართალდამრღვევად.

“თქვენ რა სინდისით მოდიხართ აქ, ვის იცავთ?” – მიმართეს მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებმა ბრალდებულის ახლობლებს დღევანდელი პროცესის დაწყებამდე. მხარეებს შორის პოლიციელები ჩადგნენ, რომლებიც სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ. საბოლოოდ, ბრალდებულის ახლობლებს სასამართლოს შენობაში შესვლის საშუალება არ მიეცათ და პროცესი მათ გარეშე დაიწყო.

“გთხოვთ, არ დაძაბოთ სიტუაცია,” – რეპლიკით უპასუხა ადვოკატს პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ.

“ეს იწვევს უსამართლობის განცდას… ირღვევა სამართლიანი სასამართლოს პრინციპი”, – თქვა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა.

მოსამართლემ განმარტა, რომ სასამართლო შენობის შიგნით ორივე მხარის ინტერესებს დაიცავს.

მოსამართლემ ადვოკატს ასევე უთხრა, რომ პროცესზე შესვლამდე ფანჯარაში გაიხედა:

“ფანჯარაში გავიხედე და დავინახე, რომ ერთი ქალბატონი მოდიოდა ღიმილით… აქაც, წინა პროცესზე, კუთხეში მჯდომი ერთი მამაკაცი იღიმოდა. მინდოდა მისთვის მეთქვა, რომ აქ სასაცილო არაფერია-მეთქი, მაგრამ მოვერიდე სიტუაციის გამწვავებას,” – თქვა მოსამართლემ.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულის გამოცხადება პენიტენციურმა დაწესებულებამ ვერ შეძლო. სასამართლოს ინფორმაციით, ბადრაგის სამსახურის ავტომანქანა, რომლითაც ბრალდებული ბათუმში მოჰყავდათ, სამტრედიასთან გაფუჭდა.

“5 საათამდე გადაიდება პროცესი… ხუთ საათზე კი სასამართლო კარს გაუღებს ორივე მხარეს. გული გაიმაგრეთ, ვისაც გასამაგრებელი გაქვთ გული და მოითმინეთ,” – მიმართა მოსამართლემ დარბაზში მყოფებს და სხდომათა დარბაზიდან გავიდა.

დღევანდელ პროცესზე სასამართლო იმ პოლიციელების ჩვენებებს მოისმენს, რომლებიც პოლიციელის მკვლელობას შეესწრნენ.

რა გააკეთეს სასამართლოს შენობასთან მყოფმა სამართალდამცველებმა იმისთვის, რომ მოქალაქეებს ღია სხდომაზე დასწრების საშუალება ჰქონოდათ? – შსს-ს ამ დრომდე განმარტება ამ საკითხზე არ გაუკეთებია.

 

 

ახალი რადარი შავი ზღვისპირეთსა და მაღალმთიან რეგიონებში ამინდის პროგნოზის ხარისხს გააუმჯობესებს

გარემოს ეროვნულ სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატები თანამდროვე სტანდარტებით აღჭურვილ მეტეოროლოგიურ რადარს გადასცემს, რომელიც ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.

ეს რადარი თითქმის მთლიანად დაფარავს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიას და საკურორტო ზონებზე, შავი ზღვისპირეთში და მაღალმთიან რეგიონებში ამინდის პროგნოზის ხარისხს გააუმჯობესებს. როგროც სააგენტო იუწყება, ახალი რადარის საშუალებით შესაძლებელი იქნება ძლიერი ნალექისა და მისგან გამოწვეული წყალდიდობა-წყალმოვარდნების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნა.

წყარო: https://www.radartutorial.eu მეტეოროლოგიური რადარი

როგორ ხედავენ ბორდის წევრობის მსურველები აჭარის ტელევიზიის განვითარებას

„აჭარის ტელევიზიის“ სამეურვეო საბჭოს მეხუთე წევრი უმაღლესმა საბჭომ უნდა შეარჩიოს. კონკურსი დაიწყო. ბორდის წევრობის 11-მა კანდიდატმა თავისი კონცეფცია არხის განვითარების შესახებ უკვე გამოაქვეყნა. კანდიდატებს 13 ოქტომბერს სპეციალური კომისია გაესაუბრება. კომისიამ მინიმუმ სამი კანდიდატი უნდა წარუდგინოს დეპუტატებს საბოლოო არჩევანის გასაკეთებლად.

„ბათუმელები“ აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრობის კანდიდატების კონცეფციებს გაეცნო. კანდიდატებს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ზოგადი ხედვა აქვთ წარმოდგენილი. კონცეფციები, ძირითადად, ერთმანეთს ჰგავს – ისინი ძლიერ მაუწყებელს ითხოვენ, რომელიც გავლენებისგან თავისუფალი და მაღალპროფესიონალური იქნება. კონცეფციებში ვერ ნახავთ ან მცირე დოზითაა კანდიდატების ხედვა იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა პრობლემა აქვს „აჭარის ტელევიზიას“ დღეს და როგორ, რა გზებით უნდა მოგვარდეს იგი.

არსებობს განსხვავებული ხედვებიც. მაგალითად, ბორდის წევრობის კანდიდატი, ირაკლი კიკვაძე „აჭარის ტელევიზიას“ „ახალი აზროვნების“ დამკვიდრებას სთხოვს.

„აჭარის ტელევიზიის მაუწყებლობა უნდა ემსახურებოდეს ახალი ღირებულებების, ახალი აზროვნების დამკვიდრებას,“ – აღნიშნავს ირაკლი კიკვაძე. კონცეფციაში იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გადაცემები კონკრეტულ სეგმენტს უნდა იყოს მორგებული და კარგი იქნება, თუკი ახალი გადაცემა ახალგაზრდებისთვის მომზადდება. ბორდის წევრობის ეს კანდიდატი მიიჩნევს, რომ ის საზოგადოებაა თანამედროვე სამყაროში ყველაზე წარმატებული, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებელი კარგად მუშაობს.

„სრულიად ნათელია, რომ დღეს სწორედ ის საზოგადოება ახერხებს ყველაზე პროგრესულ განვითარებას და ექცევა ლიდერის პოზიციაზე, სადაც თანამედროვე მიდგომებით არის შემუშავებული საზოგადოებრივი მაუწყებლის კონცეფციები,“ – აღნიშნავს ირაკლი კიკვაძე.

ნათია სირაბიძე მიიჩნევს, რომ „აჭარის ტელევიზიამ“ განსაკუთრებული ყურადღება რეგიონებს და კონკრეტულად – აჭარას უნდა დაუთმოს. ბორდის წევრობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ მაუწყებელმა სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებისთვის უნდა იმუშაოს. „უნდა იზრუნოს მოსახლეობის სახელმწიფო და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებისა და დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებისთვის, როგორიცაა კანონის უზენაესობა, გამოხატვის თავისუფლება, ტოლერანტობა, თანასწორობა და სხვა“, – წერს კონცეფციაში ნათია სირაბიძე.

რა უშლის ხელს „აჭარის ტელევიზიას“ იყოს წარმატებული – ნათია სირაბიძის აზრით, მოძველებულ ინვენტართან და ინფრასტრუქტურასთან ერთად, პრობლემაა არასაკმარისი ბიუჯეტი, ასევე ხშირი რეორგანიზაცია, არაეფექტური მარკეტინგული სტრატეგია და არასათანადო ონლაინკონტენტი. „აღნიშნული პრობლემების გამოსწორებით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო შეძლებს გახდეს ნაციონალურ კომერციულ არხებზე უფრო რეიტინგული მთელი საქართველოს მასშტაბით“, – აღნიშნავს იგი.

ნათია სირაბიძე საკუთარ კონცეფციაში ტელევიზიის მობილური აპლიკაციების აქტიურ გამოყენებაზეც საუბრობს.

„ძლიერ მობილურ აპლიკაციაზე“ ამახვილებს ყურადღებას კონცეფციაში ბორდის წევრობის კანდიდატი ნუგზარ [ბაჩუკი] ჩხეიძეც. მისი აზრით, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს.

ბორდის წევრად არჩევის შემთხვევაში ბაჩუკი ჩხეიძე, სავარაუდოდ, საინფორმაციო გამოშვების ეთერში გასვლის დროის შეცვლის კუთხით იმუშავებს.

„ნდობის მოპოვება მოსახლეობაში შესაძლებელია მხოლოდ სწორი, სწრაფი, ობიექტური ინფორმირების შემთხვევაში. ახალი ამბები უნდა გადიოდეს ყველაზე უფრო ყურებად დროს. ახალი ამბების გაშუქებისას პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს რეგიონის მოვლენების გაშუქებას, შემდეგ მთლიანი ქვეყნის მოვლენების და ბოლოს, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების,“ – ვკითხულობთ ბაჩუკი ჩხეიძის კონცეფციაში. მისივე აზრით, აჭარის ტელევიზიას რეგიონის თითოეულ მუნიციპალიტეტში უნდა ჰყავდეს ჟურნალისტი.

„ტელევიზიამ უნდა მოახერხოს და თავისი სტუდიიდან გავიდეს მასებში, ქალაქის უბნებში, რეგიონებში…“ – ასე უყურებს აჭარის ტელევიზიის განვითარებას ბორდის წევრობის კანდიდატი, ემზარ დიასამიძე. ის ბორდის წევრების სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს, თუკი არხი „საკუთარ ნიშას ვერ დაიმკვიდრებს“.

„საზოგადოებრივ მაუწყებელს თავისი გარანტირებული ფინანსებით მნიშვნელოვანი ფორა აქვს. თუკი ტელევიზია ამ ნიშას ვერ დაიმკვიდრებს, მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს მიმაჩნია, რომ ჩემ მიერ გადახდილი თანხა იფლანგება და ამაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს კონკრეტული პირების, მათ შორის, ბორდის წევრების მიმართ, როგორც ახლა, ისე მომავალში“, – წერს ემზარ დიასამიძე კონცეფციაში.

ემზარ დიასამიძის აზრით, პრიორიტეტების განსაზღვრისთვის დრო არ უნდა დაიხარჯოს და უნდა დაიხვეწოს „პროდუქციის შექმნის მექანიზმები, მაყურებლისთვის მიწოდების ფორმები“.

ემზარ დიასამიძე ასევე მომხრეა ჰონორარული ანაზღაურების შემოღების, შიდაკონკურენციის სისტემის ჩამოყალიბების და „მკაცრი სანქციების ამოქმედების“.

სტერეოტიპების ნგრევაზე აკეთებს აქცენტს თავის კონცეფციაში ბორდის წევრობის კანდიდატი – ნერონ აბულაძე. „მაუწყებელმა ერთმნიშვნელოვნად ხელი უნდა შეუწყოს არსებულ სტერეოტიპებად ქცეული მოვლენების ნგრევის პროცესს“, – აღნიშნავს იგი. თუმცა კონცეფციაში არაა კონკრეტულად მოცემული, რა იგულისხმება „სტერეოტიპების ნგრევაში“, ან რომელი სტერეოტიპის წინააღმდეგ რა ფორმით უნდა იმუშაოს „აჭარის ტელევიზიამ“.

ნერონ აბულაძე კონცეფციას საინფორმაციო სამსახურის გაძლიერებაზე საუბრით იწყებს. იგი მიიჩნევს, რომ „მიუკერძოებლობა და ობიექტურობა უნდა იყოს საინფორმაციო სამსახურის შეუვალი პოზიცია“. ნერონ აბულაძის აზრითაც, ტელევიზიას ყველა მუნიციპალიტეტში უნდა ჰყავდეს ჟურნალისტი.

ნერონ აბულაძე კონცეფციაში ბორდის დანიშნულებაზეც ამახვილებს ყურადღებას: „ვფიქრობ, მრჩეველთა საბჭო არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ზოგადი პრიორიტეტების განსაზღვრით. აუცილებელია, კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრა – დიფერენცირება“.

სტერეოტიპების ნგრევაზე კიდევ ერთი კანდიდატი – დიანა ვაშაყმაძე საუბრობს. მისი აზრით, „აჭარის ტელევიზიას“ აქვს რესურსი მოამზადოს გადაცემები ევროინტეგრაციის თემებზე და უმცირესობების საჭიროებებზე.

დიანა ვაშაყმაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის უპირატესობას ხედავს იმაში, რომ არხს ბიუჯეტიდან აქვს გარანტირებული დაფინანსება და იგი თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური და კომერციული გავლენებისგან.

„თვითმიზანი უნდა იყოს არა მაღალი რეიტინგი, არამედ მაღალი ჟურნალისტური სტანდარტი. გამომდინარე აქედან, აწარმოოს ან შეიძინოს მაღალი ხარისხის პროდუქტი,“ – მიიჩნევს დიანა ვაშაყმაძე. სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, დიანა ვაშაყმაძე მიიჩნევს, რომ „აჭარის ტელევიზიამ“ შესაძლოა გარე რესურსებიც აითვისოს.

„აჭარის ტელევიზიის“ დაფარვის ზონაზე ამახვილებს ყურადღებას ბორდის წევრობის კანდიდატი – რაულ ბერიძე. მას მიაჩნია, რომ რადგან ტელევიზია ქვეყანას ფარავს და არა კონკრეტულად რეგიონს, მაუწყებლობაც მხოლოდ რეგიონზე აქცენტირებული არ უნდა იყოს.

„მაუწყებელმა აუცილებლად უნდა წარმოაჩინოს ქართული საზოგადოების და ქვეყნის ეროვნული, მატერიალური და არამატერიალური სიმდიდრე. მაუწყებელმა საზოგადოებას უნდა გაუჩინოს სახელმწიფოს თანამესაკუთრის და სახელმწიფოს აღმშენებლობაში თანამონაწილეობის განცდა… გადაცემები უნდა ემსახურებოდეს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას და პასუხისმგებლიანი მოქალაქის აღზრდას,“ – აღნიშნავს კონცეფციაში რაულ ბერიძე.

რაულ ბერიძის კონცეფციაში ვერ იპოვით კონკრეტულ შეთავაზებებს, თუ როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემები. იგი მიიჩნევს, რომ პრობლემებზე და, შესაბამისად, სტრატეგიაზე სამეურვეო საბჭომ უნდა იმსჯელოს და ის არის პასუხისმგებელი საზოგადოების წინაშე.

„მრჩეველთა საბჭოა პასუხისმგებელი საზოგადოების წინაშე, შეიქმნას პრეცედენტი მაღალი ხარისხის მაუწყებლობისა,“ – წერს რაულ ბერიძე.

ნდობის აღდგენასა და პოლიტიკურ ძალთა გავლენებისგან გათავისუფლებაზე საუბრობს კონცეფციაში ოლღა ჟღენტი.

„ის უნდა გაემიჯნოს მმართველ თუ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალთა გავლენას და აწარმოოს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა… აჭარის ტელევიზიამ უნდა უზრუნველყოს გახსნილი და შეუფერხებელი კომუნიკაცია მაყურებელთან და მსმენელთან. უპირველესად საჭიროა ნდობის აღდგენა და „თანამშრომლობის“ განწყობის მუდმივი, კომუნიკაციური „ველის“ შექმნა.

ის არ უნდა მოქმედებდეს განყენებულად და თვითმიზნურად, საერთაშორისო სტანდარტების და მოთხოვნების ფორმალური დაცვით“, – აღნიშნულია ოლღა ჟღენტის კონცეფციაში.

ბორდის წევრობის კანდიდატი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თეატრს, კულტურას და ამ კუთხით შემეცნებითი გადაცემების მომზადების აუცილებლობას. ოლღა ჟღენტი კონცეფციაში ხაზს უსვამს საზოგადოების კონკრეტული ჯგუფების პრობლემებზე სიუჟეტების მომზადების აუცილებლობასაც, თუმცა იქვე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს „უნარშეზღუდულებს“ უწოდებს.

„მომზადდეს სიუჟეტები და პროგრამები პენსიონერების, უნარშეზღუდული ადამიანების, უმუშევრებისა და საზოგადოების სხვა დაუცველი ფენების პრობლემების შესახებ,“ – წერია ოლღა ჟღენტის კონცეფციაში.

ტრადიციულ და ლიბერალური ღირებულებებს შორის ბალანსის დაცვის საჭიროებას ხედავს ბორდის წევრობის კანდიდატი იაკინთე [ნიკა] ჩხარტიშვილი. კანდიდატს მიაჩნია, რომ ამ კუთხით ბალანსის დაცვაზე უნდა იმუშაოს მაუწყებელმა.

„რადგან საზოგადოება ძირითადად შედგება ტრადიციული და ლიბერალური შეხედულებების მატარებელი ადამიანებისგან, აუცილებელია იქნეს დაცული ბალანსი ორთავე შეხედულებების საუკეთესო გამოვლინებებში. ტრადიციებსა და სიახლეების ბალანსი ასევე ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო მოსაზრებათა შორის ბალანსი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხელი უნდა შეუწყოს პოლიტიკური კულტურის ამაღლებას, დემოკრატიული ღირებულებებისა და პლურალისტური გარემოს განვითარებას და გაძლიერებას,“ – წერია ნიკა ჩხარტიშვილის კონცეფციაში.

ნიკა ჩხარტიშვილი მაუწყებლის განვითარების წინაპირობად დამოუკიდებლობას და „გარედან ჩარევის შესაძლებლობის სრულად გამორიცხვას“ მიიჩნევს. კონკრეტული ამოცანების ჩამონათვალში ნიკა ჩხარტიშვილიც ყურადღებას ამახვილებს ინტერნეტრესურსის გამრავალფეროვნებაზე და ასევე მზა პროდუქციის შეძენის დროს მაქსიმალურ გამჭვირვალობაზე.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ინსტიტუციური რეფორმა არ დასრულებულა,“ – მიიჩნევს ბორდის წევრობის კიდევ ერთი კანდიდატი გიგა ჩხარტიშვილი. მას სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, ყველაზე ვრცელი კონცეფცია მოუმზადებია და ეხება თითქმის ყველა ვალდებულებას, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონმდებლობით აქვს განსაზღვრული. გიგა ჩხარტიშვილის კონცეფცია სტრატეგიაზე საუბრით იწყება და ბრენდირებით სრულდება.

„პირველ რიგში, უნდა შეიქმნას ორგანიზაციის განვითარების სტრატეგია… აჭარის ტელევიზია და რადიო უფლებამოსილი და ვალდებულია შექმნას დროში გაწერილი, შედეგებზე ორიენტირებული ორგანიზაციული განვითარების და საზოგადოების ინტერესების დაკმაყოფილების სტრატეგიული გეგმა, რომლის შემუშავებაში ჩართული უნდა იყოს სტრატეგიის სპეციალისტები, საექსპერტო ჯგუფები და ფართო საზოგადოება,“ – წერია გიგა ჩხარტიშვილის კონცეფციაში.

ბორდის წევრობის ეს კანდიდატი ტელევიზიის „ფუძემდებლურ პრიორიტეტად“ ახალ ამბებს და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს მიიჩნევს. იგი ასევე მიიჩნევს, რომ ტელევიზიას საკუთარი ანალიტიკური ჯგუფი უნდა ჰყავდეს მყარი დაფინანსებით, რომელიც საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართულებით იმუშავებს.

„მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებელმა თავისი ყველაზე საუკეთესო ადამიანური რესურსი მიმართოს საინფორმაციო სამსახურის მაღალპროფესიონალური გუნდის ფორმირების, მათი საჭირო უნარ-ჩვევებით, ტექნიკური და ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფისთვის“, – აღნიშნულია კონცეფციაში.

გიგა ჩხარტიშვილი ასევე ფიქრობს, რომ მაუწყებლობას საკუთარი საგამომცემლო სახლი უნდა ჰქონდეს, სადაც საგანმანათლებლო და შემეცნებითი ვიდეორგოლი მომზადდება და სხვადასხვა ტელევიზიაში განთავსდება.

აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრობა სულ 11 პირს სურდა. მეორე – გასაუბრების ეტაპზე მხოლოდ ერთი კანდიდატი, ირაკლი ანთიძე ვერ გადავიდა.

მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები:

1. გიგა ჩხარტიშვილი
2. იაკინთე (ნიკა) ჩხარტიშვილი
3. ოლღა ჟღენტი
4. ნუგზარ (ბაჩუკი) ჩხეიძე
5. რაულ ბერიძე
6. ნათია სირაბიძე
7. ირაკლი კიკვაძე
8. ემზარ დიასამიძე
9. ნერონ აბულაძე
10. დიანა ვაშაყმაძე

ამ თემაზე:

უმაღლესი საბჭო აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრს ეძებს – ხელფასი 2625 ლარი

 

 

მასტერკლასი და კრედიტქულიანი აქტივობები მუსიკის მასწავლებლებისთვის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მუსიკის პედაგოგებისთვის დაგეგმილია მასტერკლასი – „საოპერო მუსიკის მოსმენა“, რომლის მიზანია კლასიკური რეპერტუარის მოსმენის ჩვევის გამომუშავების გამოცდილების გაზიარება.

ანდღულაძეების ვოკალური ფონდის ხელმძღვანელი გური ზაქარეიშვილი მასწავლებლებს გააცნობს თეატრის გამოცდილებას.

მასტერკლასზე რეგისტრაცია მიმდინარეობს  2018 წლის 15 ოქტომბრამდე. ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შესაძლებელია 300 მსმენელის მიღება.

„მუსიკის მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, დაგეგმონ სამი სამუშაო შეხვედრა მასტერკლასზე განხილულ თემებზე და რეფლექსიის გაგზავნის საფუძველზე მოიპოვონ კრედიტქულები,“-ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

სამუშაო შეხვედრების ორგანიზებასთან დაკავშირებული ტუტორიალი იხილეთ აქ.

წელს აჭარაში 100 წელი 9 ქალს შეუსრულდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლეღვაში მცხოვრები ფატი მანელიშვილი დღეს 100 წლის გახდა და დაბადების დღე მას აჭარის ჯანდაცვის მინიტრმა და ქობულეთის მერმა მიულოცეს და 1000 ლარი გადასცეს პროგრამის – „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება“ ფარგლებში.

ფოტო: აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ფატი მანელიშვილი ყოფილი მასწავლებელია. იგი 50 წლის განმავლობაში ასწავლიდა ქიმიასა და ბიოლოგიას.

ამჟამად აჭარაში 100 წლისა და 100 წელს გადაცილებული 36 მოქალაქე ცხოვრობს. ყველა მათგანი ქალია.

წელს აჭარაში 100 წელი 9 მოქალაქეს შეუსრულდა.

„100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ პროგრამას სამინისტრო 2004 წლიდან ახორციელებს.

Exit mobile version