მთავარი,სიახლეები

უცხოელი ტურისტი: თბილისში მოტოციკლი დამიმტვრიეს და მცემეს, პოლიცია კი არ მოქმედებს

05.02.2019 • 2788
უცხოელი ტურისტი: თბილისში მოტოციკლი დამიმტვრიეს და მცემეს, პოლიცია კი არ მოქმედებს

„პოლიცია უკვე ერთი კვირა იძიებს საქმეს, მაგრამ შედეგი არ ჩანს. მე კი მოტოციკლის აღდგენის ფული არ მაქვს, რომ გზა გავაგრძელო…“ – ამას თბილისში მყოფი ტურისტი ვალენტინო დევასკო გვიყვება. იგი პერუდანაა, მუსიკოსია, მოტოციკლით სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს და საქართველოში დაახლოებით ერთი თვის წინ მეგობართან ერთად ჩამოვიდა.

„საბურთალოზე, ბახტრიონის ქუჩაზე, გესტჰაუსში ვცხოვრობ და მოტოციკლი იმ ღამით გარეთ, საერთო პარკინგზე მქონდა გაჩერებული,“ – ამბობს ვალენტინო. მისი მონაყოლის მიხედვით, მეზობელ კორპუსში მცხოვრებმა მამაკაცმა დაამტვრია მისი მოტოციკლი. ვალენტინო ეზოში ღამის პირველზე გასულა, როცა ქუჩიდან ხმაური გაიგონა.

„ჩემი მოტოციკლი უკვე დამტვრეული იყო, ის კი ისევ ეზოში იდგა. როცა ჩავედი და ამბავი მოვიკითხე, მან ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა და მითხრა, რომ „ჩემი ავტოფარეხის წინ რატომ გააჩერე, მანქანა ვერ შევიყვანე – უცხოელს არ გქონდა ამის უფლებაო“. ჩემი მოტოციკლი ფარეხიდან 7 მეტრის მოშორებით იყო გაჩერებული. მთვრალი იყო და აღარ შევეპასუხე. ვიფიქრე, დილით მომიბოდიშებს და მოტოციკლის შეკეთების თანხასაც გადამიხდის-მეთქი, მაგრამ ასე არ მოხდა. მიყვირა, ყოფილი პოლიციელი ვარ და ვერაფერს დამაკლებო. პოლიციას დავუკავშირდი და მოვიდნენ. მოტოციკლზე კი მითხრეს, რომ მის აღდგენას დაახლოებით 700 ამერიკული დოლარი დასჭირდება,“ – აღნიშნავს ვალენტინო დევასკო.

ვალენტინო ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. ის განმარტავს, რომ ამის გარეშე გზის გაგრძელებას და სამშობლოში დაბრუნებას ვერ შეძლებს, პოლიციიდან კი უკვე ერთი კვირა ერთსა და იმავე პასუხს ისმენს – „მიმდინარეობს გამოძიება“.

„ასევე მითხრეს, რომ იმ ადგილას ვიდეოსათვალთვალო კამერა არ არის და ვერ დგინდება, რა როგორ მოხდაო…“ – დასძინა ვალენტინომ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის შესაბამისად, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. არის თუ არა დაკავებული ვინმე –  ამ კითხვაზე შსს-ში არ გვიპასუხეს.

მთავარი ფოტო: ვალენტინო დევასკო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: