განათლების სამინისტრომ სკოლებში საატესტატო გამოცდები გააუქმა. თუმცა რა სისტემით შეაფასებენ მოსწავლეებს საბოლოოდ, არიან თუ არა სკოლები მზად საგამოცდო სისტემის დეცენტრალიზაციისთვის, ამაზე კონკრეტული პასუხები არც სკოლას აქვს და არც სამინისტროს. ბუნდოვანებით მოცულ რეფორმაზე, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობასა და მოსალოდნელ რისკებზე „ბათუმელებთან“ მეორე საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი, ნანა პაპუნაიშვილი საუბრობს.
ქალბატონო ნანა, თქვენი აზრით, რა რისკებს შეიცავს საატესტატო გამოცდების გაუქმება სკოლაში?
ვფიქრობ, რომ CAT-ის სისტემამ დრო მოჭამა. ნამდვილად გასაუქმებელი იყო, მან თავისი დრო ამოწურა, მაგრამ ასე რადიკალურად, უცებ, ყოველგვარი მომზადების გარეშე, არასასწავლო წლის დასაწყისში, იყო უხეში შეცდომა.
გარკვეულ პერიოდში მან ნამდვილად ითამაშა დიდი როლი, ბავშვი დაუბრუნდა სკოლას, გაუჩნდა მოტივაცია და, რაც მთავარია, კორუფცია შეამცირა ნულამდე. სიახლეების აუცილებლობაა დღეს და ცვლილებებს ველოდებოდით კიდეც, მაგრამ ცვლილებებისთვის მომზადება საერთოდ არ მომხდარა.
დღეს სკოლებმა თუ იცით, როგორ უნდა შეაფასოთ მოსწავლე, არის ამაზე საუბარი?
ითქვა, რომ სკოლამ უნდა ჩაატაროს გამოცდები და ეს ფუნქცია არ იქნება მარტივი და ადვილი. ეს საკითხიც დასახვეწია. აქამდე როგორც ატარებდა სკოლა გამოცდებს, ისე შეუძლებელია. კატეგორიულად გამოვრიცხავ ამას. ფაქტობრივად, მასწავლებელმა უნდა შეაფასოს საბოლოოდ მოსწავლე ატესტატისთვის. მაგრამ სამომავლოდ, ვფიქრობ, მოსწავლის საბოლოო შეფასება უნდა მოხდეს შემაჯამებელი წერითი ტესტებით და აუცილებლად კომპიუტერთან და აქედან უნდა გამოვიყვანოთ საბოლოო ქულა. ფაქტობრივად, სკოლამ უნდა აიღოს ის ფუნქცია, რაც აქამდე გამოცდების ეროვნულ ცენტრს ჰქონდა. რამდენად არის სკოლა დღეს ამისთვის მზად, რთული სათქმელია. ბევრი ნიუანსია, მათ შორის პედაგოგების პროფესიონალიზმი.
ფიქრობთ, რომ შემაჯამებელი ტესტები იქნება გადამზღვევი, რომ მოსწავლე ობიექტურად შეფასდეს და მასწავლებელმა არ გამოიყენოს ეს ბერკეტი ბოროტად?
რა თქმა უნდა. თუმცა ამაზე ისევ მიდის მსჯელობა. ჯერჯერობით, ჩამოყალიბებული აზრი სამინისტროს მხრიდან ამ საკითხზე არ მომისმენია. ისევ გასარკვევია, ვინ აიღებს საბოლოოდ ამ ფუნქციას – სკოლა თუ გამოცდების ცენტრი.
წესით, მასწავლებელი, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებს, არ მოიქცევა არაკეთილსინდისიერად. კორუფცია არის დანაშაული, მაგრამ რისკები არსებობს. მასწავლებელს, რომელსაც, მიუხედავად მისი პროფესიონალიზმისა, ძალიან უჭირს მატერიალურად, ვერ მოსთხოვ ფასეულობებისა და ღირებულებების ერთგულებას, მაგრამ პროფესიონალი პედაგოგი ამას არასდროს დაუშვებს.
სკოლის დირექციამ, მოსწავლემ, მშობელმა უნდა გააკონტროლოს ეს პროცესი. მე მინდა წიგნიერი, განათლებული, ამბიციური თაობა, რომელიც ამ ქვეყანას წაიყვანს წინ.
თქვენი აზრით, შემაჯამებელი ტესტი ვინ უნდა შეადგინოს – გამოცდების ცენტრმა თუ სკოლამ?
თვითონ მასწავლებელმა ან კათედრამ. საერთოდ, კონსერვატორულ საზოგადოებაში ყოველთვის არის შიში სიახლეების მიმართ. მე შიში გამიჩნდა ჩემი საგნის მიმართ, რადგან განათლების მინისტრმა საერთოდ უგულებელყო საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება. არც კი უხსენებია. თქვა, რომ უმაღლესში ჩასარიცხად პრიორიტეტი იქნება ქართული და უცხო ენა. ეს კიდევ უფრო მეტად შეასუსტებს ინტერესს საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ და ეს ძალიან მტკენს გულს.
ის ბავშვები, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ გახდნენ ექიმები, ბიოლოგები, ქიმიკოსები, მათთვის ხომ მაინც იქნება ეს საგნები მნიშვნელოვანი?
რა თქმა უნდა, მაგრამ მოსწავლე ამ ასაკში უკვე წინ იხედება. თუ მან იცის, რომ უმაღლესში ჩასაბარებლად არ არის ეს საგნები მნიშვნელოვანი, არ ისწავლის.
უმაღლესი სასწავლებლები კი, ვფიქრობ, არ გახდიან ამ საგნებს პრიორიტეტულს იმისთვის, რომ მეტი აბიტურიენტი მიიზიდონ. ბატიაშვილს არც კი უხსენებია საბუნებისმეტყველო საგნები.
საბაზო განათლების ატესტატი ხომ უნდა აიღოს ბავშვმა. ამ ეტაპზე ხომ ისწავლება ეს საგნები. არ ფიქრობთ, რომ სწორედ ამ დროს უნდა გაუჩინოს მასწავლებელმა მოსწავლეს ამ საგნების მიმართ ინტერესი?
რა თქმა უნდა, გეთანხმებით, მაგრამ სახელმწიფოს დამოკიდებულებაც მნიშვნელოვანია. ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი რომ გახსნილიყო, ძალიან დიდი ინტერესი გაჩნდებოდა საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ.
40 წელია ვასწავლი ქიმიას და ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, ძალიან გულსატკენია, რომ ასეთი საოცარი მეცნიერებები ასე უყურადღებოდაა სახელმწიფოს მხრიდან და ძალიან მალე ამ სფეროში სპეციალისტების დეფიციტი გვექნება.
თუ ვინმეს მედიცინა აინტერესებს, ის ბიოლოგიას აირჩევს და არა ქიმიას. კონტექსტში – ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია მეორეხარისხოვანი გახდება. მე მგონია, რომ ეს ძალიან არასწორი მიდგომაა. იცით როგორი სახელმძღვანელოები გვაქვს სკოლაში? – დრომოჭმული, გადასაგდები. ლაბორატორიები არ გვაქვს, რა ინტერესზეა საუბარი. ჩვენ იმასაც კი ვერ მივაღწიეთ, რომ კლასში ასაკის შესაბამისი მერხები დავდგათ. 12 წლის ბავშვი და 17 წლის ერთი და იმავე ზომის მერხზე ზის. რამდენიმე დღის წინ გამოკვლევებზე იყვნენ მოსული და ათიდან რვა ბავშვს სქოლიოზი აღმოაჩნდა. ელემენტარული საკითხები ვერ მოუგვარებიათ და რაზე ვსაუბრობთ საერთოდ. პრობლემაა ბავშვების რაოდენობა კლასებში და ბევრი რამ.
თქვენთვის, როგორც პედაგოგისთვის, რა იწვევს ყველაზე დიდ ბუნდოვანებას ამ პროცესებში?
როგორც საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლისთვის, ბუნდოვანება არის ის, რომ მოტივაცია არ დაეკარგოს ბავშვს საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ. ჯერ ისიც არ არის გადაწყვეტილი, საბაზო საფეხური მეათე კლასის ჩათვლით იქნება, თუ ისევ მეცხრე კლასი დარჩება. მე ვერ დავინახე პროგრამები, რა და როგორ იქნება, სამინისტროშიც არ არიან ჯერ ჩამოყალიბებული. სკოლის დეცენტრალიზაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას თავს გაართმევენ ისეთი სკოლები, სადაც ჰყავს პროფესიონალი, აზრიანი დირექტორები. ასეთი კი ბევრი არ იქნება.
ახალი სისტემა ხომ არ შეუწყობს ხელს იმას, რომ საბაზო საფეხურიდან უფრო მეტი მოსწავლე გავა, ვიდრე აქამდე იყო?
თუ სკოლა აიღებს თავის თავზე იმ ფუნქციას, რაც ჰქონდა ეროვნულ საგამოცდო ცენტრს, შესაძლებელია ეს მოხდეს. მაგრამ, მეორე დიდი პრობლემაა ის, რომ, თუნდაც ჩვენს ქალაქში, არ არის მაღალი დონის პროფესიული სასწავლებლები. არც მათი აქტიურობა მინახია. არ მოდიან სკოლაში, არ ხდება მოსწავლეების დაინტერესება, რეკლამა. ეს თუ იქნება, უკეთესია.
სისტემა, რაზეც ვსაუბრობთ, თუ დარჩება ძალაში, რა შემთხვევაში დასჭირდება მოსწავლეს მაღალი ქულები. ანუ, ათოსნობა ისევ იქნება აქტუალური თუ არა?
ვიღაცისთვის ეს იქნება პრესტიჟის საკითხი. ვიღაცისთვის აღარ ექნება ყველა საგანში მაღალ ნიშნებს მნიშვნელობა. ისწავლის მხოლოდ იმ საგნებს, რის ჩაბარებასაც აპირებს უმაღლეს სასწავლებელში.
როგორ ფიქრობთ, სიახლეები შეცვლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შორის დამოკიდებულებას?
გააჩნია, ყველაფერი მაინც პიროვნებაზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, მასწავლებელი მაინც ვერ გაბედავს ბოროტად ისარგებლოს უფლებებით და შეგნებულად დააკლოს ნიშანი მოსწავლეს. მოსწავლე ყოველთვის იქნება დაცული, თუ სკოლა დგას თავის სიმაღლეზე, სადაც ბავშვია ამოსავალი და მისი დაჩაგვრა, შეურაცხყოფა მიუღებელია, ანგარებაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი.