კურორტ გოდერძიზე ხელოვნურ ტბას მოაწყობენ


კურორტ გოდერძიზე ხელოვნური ტბა უნდა მოეწყოს. ტბის ფართობი დაახლოებით 3 ათასი კვ/მ იქნება, რომელიც ზამთარში შესაძლოა გაიყინოს და მასზე ციგურებით ისრიალონ, ხოლო ზაფხულში – წყლის ველოსიპედით ისეირნონ. ტბის ირგვლივ 13 კოტეჯი აშენდება. ეს იმ კომპანიის ვალდებულებაა, რომელსაც კურორტზე 5000 კვ/მ-ზე მეტი მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობამ 85 250 ლარად აუქციონის გარეშე მიჰყიდა.

„ზუსტად რამდენ კვადრატულ მეტრს შევარჩევთ ხელოვნური ტბისთვის, ჯერ მონახაზი არ გვაქვს გაკეთებული. ამ საკითხებზე მუშაობას დავიწყებთ, როცა თოვლი გადნება. 3-4 წელი დრო კიდევ გვაქვს და არ ვჩქარობთ. გრძელვადიანი პროექტები გვაქვს აქ. თუმცა, 5000 კვ/მ-ია კოტეჯების მოშენების და 3500-მდე  ტბისთვის იქნება. სპეციალისტები გადაწყვეტენ, რამდენი იქნება ხელოვნური ტბის სიღრმე – 2, შეიძლება 2,5 მეტრი იყოს. ვიზუალის დანიშნულება ექნება, სილამაზისთვის კეთდება. ზამთრის ყინვის დროს შეიძლება გაიყინოს და სასრიალო გავაკეთოთ ზედ, შეიძლება თევზიც ჩავყაროთ და ვინმემ ითევზაოს, ანუ ნაწილი ჩაიგუბოს და ა.შ. ჩანაფიქრი დიდი გვაქვს, თუმცა, დეტალებში ჯერ ვერ შევალთ. ზაფხულში, ტბასთან და ვილებთან მოეწყობა ინფრასტრუქტურა. იქნება დასაჯდომები, შესაძლებელია პატარა ზღვის ველოსიპედებით გასეირნებაც დაგეგმო, ახლა იმ მოცულობის არ იქნება, რომ ვთქვათ, ბევრი ისეირნო,“ – გვითხრეს კომპანია „გთემ გროუპში“.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ტერიტორია, სადაც ხელოვნური ტბა უნდა გაკეთდეს, ძირითადად ჭაობიანი ადგილია, გამდინარე წყლები გამოდის და წყლის დაგროვება ადვილადაა შესაძლებელი. ტექნოლოგიურად ტბის მოწყობას ამარტივებს ის, რომ პატარა არხიც ჩამოდის იქვე და იქედან შეიძლება წყლის აღება.

როგორ აისახება გარემოზე ხელოვნური ტბა და ხომ არ იქნება საჭირო გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიშის მომზადება? – ამ კითხვაზე პასუხად კომპანიაში გვითხრეს, რომ იქ ისეთს არაფერს ეხებიან, რომ გზშ დასჭირდეს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ხელოვნური ტბა კურორტ გოდერძიზე არსებული განაშენიანების რეგულირების გეგმით განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად, 2021 წლის 14 ოქტომბრამდე უნდა მოეწყოს. ამასთან „გთემ გროუპი“ ვალდებული იყო, 2018 წლის პირველ ნოემბრამდე დაესრულებინა ხელოვნური ტბის მოწყობის მიზნით საპროექტო/სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადება და შესათანხმებლად წარედგინა სამინისტროში.

სამინისტროში გვითხრეს, რომ კომპანიას ტბის მოსაწყობად საპროექტო/სამშენებლო დოკუმენტაცია ჯერ არ წარუდგენია და ის ვადების შეცვლას ითხოვს.

„კომპანიას წარმოდგენილი აქვს საბანკო გარანტიაც და მასთან დადებულ ხელშეკრულებაში ვადების შეცვლის საკითხზე აჭარის ეკონომიკური საბჭო უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს,“ – გვითხრეს სამინისტროში.

სამინისტროდან წერილობით მიღებულ დოკუმენტში კი აღნიშნულია, რომ 2018 წელს ამ კომპანიას „მიეცა დამატებითი ვადა და გათავისუფლდა ვალდებულების შესრულების პირობით 2685,06 ლარის ჯარიმისგან“ [მარტო 2017-18 წლებში აჭარაში 30-ზე მეტ ინვესტორს, ვალდებულების შესრულების პირობით, ჯამში 20 მილიონი ლარის და 2 მილიონი დოლარის ჯარიმა აპატიეს].

ტერიტორია, სადაც კოტეჯები უნდა აშენდეს და ხელოვნური ტბა  მოეწყოს, „გთემ გროუპმა“ 2017 წლის დეკემბერში პირდაპირი წესით და 36 თვის ვადაში, არანაკლებ 4,5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით შეისყიდა. გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით გადაცემაზე აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ მიიღო. კომპანიის მესაკუთრე ედნარ პაპუნაიშვილი კი ზურაბ პატარაძის მეგობარია.

პაპუნაიშვილის სხვა კომპანიამ, „ხიდი 2006“-მა, კურორტ გოდერძიზე მოქმედი სასტუმრო „მეტეოც“ შეისყიდა, თუმცა პირობიანი აუქციონით.

„ხიდი 2006“-ის 100% წილი ბიზნესმენმა ედნარ პაპუნაიშვილმა 2017 წელს შეისყიდა. ის ბათუმში რესტორან „სან რემოს“ რეკონსტრუქციასაც გეგმავს. რესტორნის ტერიტორია ბათუმის მერიისგან კომპანიას 2067 წლამდე იჯარით აქვს აღებული.

ამ თემაზე:

„სან რემოს“ მესაკუთრე ბათუმის მერიისგან ნებართვას ელოდება – რა კეთდება რესტორნის ადგილზე

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com