Batumelebi | ჩემი წილი პროტესტი რუსეთს ჩემი წილი პროტესტი რუსეთს – Batumelebi

ჩემი წილი პროტესტი რუსეთს

წლების განმავლობაში რუსულ ოკუპაციას საქართველოში სხვადასხვა ფორმით აპროტესტებენ –  მასიური გამოსვლები, ცოცხალი ჯაჭვი, შეკრებები საოკუპაციო ხაზთან… ასევე, არიან ადამიანები, რომლებმაც ეს პროტესტი ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოიტანეს – რატომ და რა ფორმით, ამის შესახებ თავად გვიამბობენ.

26 წლის თამარ მჟავანაძე ბათუმში ცხოვრობს, მამა ქართველი ჰყავს, დედა – უკრაინელი.  თამუნა ამბობს, რომ რუსეთის აგრესია მისი მშობლების ორივე ქვეყანას მწვავედ შეეხო. ის თავიდანვე ამ განცდით გაიზარდა, ამიტომაც რუსეთის პოლიტიკის მიმართ პროტესტს ყოველდღიურ ცხოვრებაში, თავისებურად გამოხატავს.

“არასოდეს ვყიდულობ რუსულ პროდუქციას, იქნება ეს საკვები, ტანსაცმელი თუ სხვა ნივთი. მე ვთვლი, რომ ჩემ მიერ მათი ნაწარმოები პროდუქტების შეძენა, არის ერთგვარად მათი დაფინანსება, მათი გაძლიერება… მათი ძალა კი არაერთხელ ძალიან ცუდად აისახა ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე… სწორედ ამიტომ არის ეს ჩემი მათდამი პროტესტის ერთ-ერთი ფორმა”, – ამბობს ის.

თამარი რუსულ პროდუქციას შტრიხკოდის პირველი სამი ციფრით: 460-ით ცნობს. „ვიცი, რომ ჩემ მიერ ნაყიდი ერთი თუ ორლარიანი რუსული ორცხობილას ყიდვა მათ ქვეყანას არ ააშენებს, მაგრამ ეს არის ჩემი პატარა წვლილი მთლიან საქმეში. პროტესტი არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ქუჩაში და აუცილებლად ბევრი ხალხი გამოვიდეს, ვიყვიროთ და ასე შემდეგ. ვსაუბრობ სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე, როცა თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავთანაც რომ გამოხატოს, თუნდაც მცირედი საპროტესტო ქმედება, რაღაც ძალიან ცუდის და მასშტაბურის წინააღმდეგ“, – ამბობს თამარ მჟავანაძე.

პაატა ძიძიგური კაფე “ვინილის” ერთ-ერთი მეპატრონეა. იგი მუსიკისა და მედიის დარგშიც საქმიანობს. თუმცა, პირველ რიგში, როგორც მოქალაქე, თავის წილ პროტესტს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იმით გამოხატავს, რომ რუსულ ტელეარხებს არ უყურებს. “რუსულ არხებს ძალიან დიდი ხანია არ ვუყურებ, უბრალოდ იმიტომ, რომ ტყუილის ტირაჟირებაში არ მინდა თუნდაც პასიური მონაწილე ვიყო. ნებისმიერი სათავგადასავლო, დოკუმენტური მონათხრობი წამყვანისა, რატომღაც მთავრდება იმით, თუ როგორი ცუდები არიან მათთვის (რუსეთისთვის) უცხოელები”, – ამბობს პაატა.

რუსეთი ანტიდასავლურ პროპაგანდაზე მართლაც აქტიურად მუშაობს. სამოგზაურო, კულინარიული, გასართობი გადაცემები თუ საბავშვო ანიმაციური ფილმები, ირიბად თუ პირდაპირი გზით, ევროპისა და ამერიკის დემონიზაციისა და რუსეთის დადებითი სახით წარმოჩენისკენაა მიმართული.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან