მთავარი,სიახლეები

მოქალაქეები ბათუმის მერს: თავი შეიკავეთ ტერმინალის მშენებლობის ნებართვის გაცემისგან

05.02.2019 • 2495
მოქალაქეები ბათუმის მერს: თავი შეიკავეთ ტერმინალის მშენებლობის ნებართვის გაცემისგან

დღეს, 5 თებერვალს, ბათუმის მერიაში მოქალაქეთა ჯგუფმა განცხადება შეიტანა. ისინი ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს, სთხოვენ, თავი შეიკავოს ბათუმის ნავსადგურში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის ნებართვის გაცემისგან, ვიდრე მოქალაქეებს არ ექნებათ უსაფრთხოების სრული გარანტია.

წერილს 200-მდე ხელმოწერა აქვს. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ წერილის ტექსტს:

„ბოლო ორი თვეა, აქტიურად მიმდინარეობს  საუბარი  ბათუმის ნავსადგურში დაგეგმილი მინერალური სასუქების კარბამიდის გადამზიდი ტერმინალის მშენებლობის შესახებ. გვინდა გაცნობოთ, რომ ბათუმის მოქალაქეები ვართ სენსეტიურად განწყობილები ტერმინალის მშენებლობის მიმართ და გვაქვს გარკვეული შიში. ჩვენი შიშის საფუძველი კი ის  არის,  რომ ბოლო წლებია, ჩვენს თვალწინ სახელმწიფოს ხელშეწყობით ან სათანადო რეაგირების უქონლობის გამო ჩვენი საცხოვრებელი გარემო სახიფათო და გაუსაძლისი  ხდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს კვლევებით, გასულ 2018  წელს ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორულ კვლევაში ჰაერის ყველაზე დაბალი ხარისხი რეგიონებიდან სწორად ბათუმშია დაფიქსირებული. ეს მაჩვენებელი ქალაქის არჩეული მერისთვის საგანგაშო უნდა იყოს.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ბათუმის მერიას ტერმინალის აშენების ნებართვის მისაღებად შპს „ბათუმის ნავსადგურმა“ უკვე მოგმართათ.

ჩვენი, ბათუმში მცხოვრები მოქალაქეების აღელვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ 2019 წლის 23 იანვარს ცნობილი გახდა, რომ  სკრინინგის პროცედურის შემდეგ გარემოს დაცვის  მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებას ტერმინალის გზშ-ს გარეშე აშენების შესახებ. მაშინ, როცა ბათუმის მოსახლეობა აპროტესტებს ტერმინალის მშენებლობას  და ითხოვს სახელმწიფოსგან პროცესის  სრულ მონიტორიგს,  მიგვაჩნია, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო ანგარიშვალდებული  იყო ადრე გაცემულ ნებართვაში კი არ შეეტანა  ცვლილება, არამედ ახალი გზშ-ს ანგარიშის გაკეთება  მოეთხოვა, მითუმეტეს, როდესაც ტერმინალის მშნებლობა იგეგმება  დასახლებული ადგილიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით. ჩვენც და თქვენც კარგად უნდა ვხედავდეთ და აღვიქვამდეთ ჩვენს რეალობას: უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფისა და  მონიტორიგის არქონა ყოველდღიურად ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ფასად გვიჯდება.

ამავე თემაზე: ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე აშენდება

მართალია, სკრინინგის გადაწყვეტილების საფუძველზე,  კომპანიას კარბამიდის გარდა სხვა ნივთიერებების გადაზიდვის უფლება არ აქვს, მაგრამ ჩვენ გვაქვს უნდობლობა პროცესის მიმართ ანულირებული  კონტროლის მექანიზმების გამო. ვინაიდან ეს კერძო  კომპანიის ტერმინალია… ამიტომაც მიგვაჩნია,  რომ  სრული გზშ-ს დოკუმენტის მომზადება  და მონიტორინგის პროცედურების გაწერა საჭიროა.

ბატონო ლაშა! მოგიწოდებთ, იმოქმედოთ მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად, თავი შეიკავოთ ტერმინალის მშენებლობის ნებართვის გაცემისგან, ვიდრე მოქალაქეებს არ გვექნება უსაფრთხოების სრული გარანტია და ყველა კითხვაზე პასუხი.

მართალია, ერთი შეხვედრა უკვე შედგა ბათუმის მერიაში  და კომპანიამ ტერმინალის მშენებლობის  პრეზენტაცია წარმოადგინა, თუმცა ყველა დაინტერესებული მხარე შეხვედრაში არ მონაწილეობდა.  გთხოვთ,  კიდევ ერთხელ უზრუნველყოთ უფრო ფართო სპექტრით შეხვედრის ორგანიზება, დაინტერესებული მოქალაქეების გარდა მოიწვიოთ გარემოს დაცვის სამინისტროს, ტერმინალის მშენებელი კომპანიის, ბათუმის ნავსადგურის“ ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ და სხვა გარემოსდაცვითი საერთაშორისო ორგანიზაციის  წარმომადგენლები, რათა დისკუსია უფრო ინფორმაციული და კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული გახდეს,“ – ვკითხულობთ წერილში.

ამავე თემაზე: რამდენად სახიფათოა ბათუმისთვის კარბამიდის ტერმინალის აშენება გზშ-ს გარეშე 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: