მთავარი,სიახლეები

სარფის სასაზღვრო პუნქტის შენობის შესაღებად 230 ათასი ლარია გამოყოფილი – ტენდერი

06.02.2019 • 1555
სარფის სასაზღვრო პუნქტის შენობის შესაღებად 230 ათასი ლარია გამოყოფილი – ტენდერი

შემოსავლების სამსახური საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ შენობის ფასადის ღებვის სამუშაოებს ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 230 ათას 310 ლარია. შენობის ფასადი კვლავ თეთრად შეიღებება.

გამშვები პუნქტის შენობა მიეკუთვნება კოროზიული ზემოქმედების მეექვსე – ძალიან მაღალ (ზღვის) კატეგორიას, ასევე, გამოირჩევა მაღალტენიანობით და ულტრაიისფერი გამოსხივების მაღალი დონით, რისთვისაც, როგორც ტენდერის განაცხადშია აღნიშნული, ფასადის სამღებრო სამუშაოებისთვის შერჩეული იქნა „აკრილის ბაზაზე დამზადებული საღებავი, რომელსაც პოლიმერული თვისებებიდან გამომდინარე გააჩნია ელასტიურობა [მაღლივი კოშკის დინამიური დატვირთვების გათვალისწინებით საჭიროა საღებავი, რომელიც ამ პირობებში არ გაიჩენს ბზარებს] და არის მოცემულ კლიმატურ პირობებთან შესაბამისი“.

ბოლო, დამცავი ფენა [ზედაპირი] უნდა შეესაბამებოდეს შენობის ფასადის არსებულ ფერს, ანუ უნდა იყოს თეთრი ფერის; სამღებრო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება კი 2019 წლის 20 თებერვალს დაიწყება და 25 თებერვალს შეწყდება.

შენობა 2011 წელსაა აგებული და რთული კონფიგურაციისაა. სადამკვირვებლო კოშკი თერთმეტსართულიანია, დაახლოებით 40 მეტრი სიმაღლის. შენობის ზედაპირი, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დალაქავებული და დაზიანებულია გარემო პირობების ზემოქმედების შედეგად – საღებავი ზოგან მოცილებულია, შეიმჩნევა გამოტუტვა და ჟანგის ზედაპირზე გამოსვლა.

ტენდერის პირობით, შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა ბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 5 წელი უნდა იყოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: