მთავარი,სიახლეები

ვინ, სად, როდის და რამდენჯერ გადაადგილდება ბათუმში – რას ამბობს კვლევა

20.11.2018 • 3006
ვინ, სად, როდის და რამდენჯერ გადაადგილდება ბათუმში – რას ამბობს კვლევა

ბათუმში გამოკითხული რესპონდენტების 46%-ს ოჯახში აქვს მანქანა. კვლევის თანახმად, ყოველ 1000 მოსახლეზე ავტომობილს 136 პირი ფლობს, მათგან 6% აქვს ორი მანქანა და 1%-ს – სამი. ეს უკანასკნელები ყველაზე ინტენსიურად მგზავრობენ კერძო ტრანსპორტით [81%] მაშინ, როდესაც ისინი, ვისაც ერთი მანქანა აქვთ, მას იყენებენ პირადი გადაადგილებისთვის ნახევარზე ნაკლებ შემთხვევაში. კვლევის ავტორების აზრით, ეს შეიძლება აიხსნას საწვავის ფასით ან მრავალსულიანი ოჯახებით, სადაც წევრებს განსხვავებული გრაფიკი აქვთ.

პერიფერიულ არეალში ოჯახში მანქანის ქონის საშუალო რაოდენობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ თითქმის ყველა ოჯახს აქვს საკუთარი ავტომობილი, რაც, ძირითადად, განპირობებულია ქალაქთან წვდომის საჭიროებით. უცნაური ფაქტია, რომ კვარიათსა და გონიოს გარკვეულ ნაწილში, სადაც შემოსავლის ყველაზე დაბალი დონეა, თითქმის ყველა ოჯახში აქვთ ავტომანქანა, მაგრამ მას არ იყენებენ. ესეც შეიძლება აიხსნას სეზონის დასრულებით [სეზონზე მანქანებს იყენებდნენ ტურისტების სანაპირომდე ან ციხესიმაგრემდე მისაყვანად].

კვლევა  პროექტის „მწვანე ქალაქების“ ფარგლებში  გაეროს განვითარების პროგრამის [UNDP] დაკვეთით გერმანულმა კომპანიამ A+S Consult GmbH-მა ჩაატარა.

  • გადაადგილების მაჩვენებლები

კვლევის მიხედვით, ბათუმში გადაადგილების დონე, დღეში მგზავრობის საშუალო რაოდენობა [1 სულ მოსახლეზე] 1,47-ს უტოლდება. ეს დაბალი მაჩვენებელია პარიზისა [4] და აშშ-ის [3,8] მაჩვენებლებთან შედარებით, თუმცა დამახასიათებელია საქართველოსთვის. უკანასკნელი კვლევით თბილისის მობილობის გადაადგილების დონე 1,55 იყო.

43% შეადგინა ბათუმში იმ პირთა მაჩვენებელმა, რომლებსაც გამოკითხვის წინა დღეს საერთოდ არ უმგზავრიათ, თბილისში კი კვლევამ აჩვენა, რომ ასეთი პირები 35%-ს შეადგენდნენ. ჩვეულებრივ, ბათუმის მცხოვრებლები დღეში ორჯერ მგზავრობენ, თუმცა 3-4-ჯერ მგზავრობათა რიცხვი აღემატება დედაქალაქის მაჩვენებელს. შინ დარჩენილთა შორის კი ჭარბობენ ქალები.

სპეციალისტების აზრით, ზოგადად, გადაადგილების ეს მაჩვენებელი შეიძლება აიხსნას იმით, რომ კვლევა ჩატარდა ტურისტული სეზონის შემდეგ, როცა მცხოვრებთა ნაწილს ხშირად არ უწევს გარეთ გამოსვლა, მათ გარდა, ვისაც ბავშვები სკოლაში ან ბაღში მიჰყავს. გადაადგილების დაბალი მაჩვენებლის სხვა მიზეზი შეიძლება იყოს არაეფექტური სატრანსპორტო სისტემა და მოსახლეობის არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მგზავრობისთვის საჭიროა მეტისმეტად დიდი ძალისხმევა ან მეტისმეტად დიდი დანახარჯი, ადამიანები, უბრალოდ, თავს აარიდებენ გადაადგილებას, როცა ეს შესაძლებელია.

კვლევის მიხედვით, გადაადგილებაზე მოთხოვნა უმეტესად კონცენტრირებულია ძველ ბათუმში, გონიო-კვარიათისა და კახაბრის უბნებში. ადმინისტრაციული ერთეულები ასევე განსხვავდებიან ურბანული გადაადგილების კოეფიციენტებით. როგორც ეს ქვემოთ მოცემულ გამოსახულებაზე ჩანს, ხიმშიაშვილის უბანი ლიდერობს მოსახლეობის გადაადგილების მაჩვენებლით.

  • რატომ მიდიან ქალები სამხრეთისკენ

კვლევის მიხედვით, ქალებისა და კაცების მიზნები განსხვავდება – კაცებისთვის პოპულარული ზონა ქალაქის ცენტრია, მაშინ, როდესაც ქალები უფრო სამხრეთ ნაწილისკენ გადაადგილდებიან.

მგზავრობის დაახლოებით 50%-ის მიზეზია სავალდებულო გადაადგილება [სკოლა, უნივერსიტეტი და სამსახური]. მგზავრობის მეოთხედზე მეტი სხვა მიზნით ხორციელდება. ნაკლები ქალი მიემართება სამსახურისკენ, უფრო ხშირად ისინი დადიან საყიდლებზე, ნათესავების მოსანახულებლად და დაყვებიან სხვა ადამიანებს [სხვა ადამიანების წამოსაყვანად მანქანით მგზავრობაში კაცები ჭარბობენ].

ტურისტული სეზონის დასასრულით აიხსნება ქალაქის შორი უბნებისკენ ნაკლები ადამიანის მოძრაობაც [ინტერესის ზონები და ადგილები, რომლებიც სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს]. მიუხედავად ამისა, ის დიდ ზეგავლენას არ ახდენს კონტინენტურ პერიფერიულ არეალებზე [ხელვაჩაური, მახინჯაური, მახვილაური, შავლიძეები].

  • მონაცემები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით

ბავშვები, ძირითადად, დადიან სკოლაში და სხვადასხვა კლასგარეშე ჯგუფში [სპორტულ, კულტურულ წრეებზე], 17-22 წლის ასაკობრივი კატეგორიის ადამიანები დადიან უნივერსიტეტებში, ხოლო მათგან 6%-მა დაიწყო მუშაობა;

22-31 წლის ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქეები, გარდა იმისა, რომ მიემართებიან სამსახურისკენ, მათი მგზავრობის 12% სხვა ადამიანების თანმხლებისგან შედგება [შესაძლოა, მათ ჰყავთ შესაბამისი ასაკის შვილები, რომელთაც თანმხლები სჭირდებათ]. რაც შეეხება 31-55 წლის ასაკობრივ ჯგუფს, აქ მთავარი დანიშნულება მაინც სამსახურია [28%]; 55 წელს გადაცილებული ადამიანები უფრო ხშირად საყიდლებზე დადიან. რაც შეეხება სხვადასხვა დონის შემოსავლის მქონე ოჯახებს, სავარაუდოდ, ისინი, ვისი შემოსავალიც 300 ლარზე ნაკლებია, იშვიათად დადიან ფორმალურ სამსახურში.

  • პიკის საათები

მოძრაობის განრიგი აჩვენებს, რომ სწავლის მიზნით გადაადგილების პიკის საათებია დილის 8:00 – 9:00 სთ. უკან დაბრუნებისას პოპულარულია 13:00 – 14:00 სთ. [უფროსი ასაკის სტუდენტები ბრუნდებიან 17:00 – 18:00 სთ-ზე]. ემთხვევა დანიშნულების ადგილები: „სახლი-სხვა“ და „სხვა-სახლი“ კომბინაციას, როდესაც ხდება სასწავლო დაწესებულებებში სხვა პირების თანხლება. დასაქმებული ადამიანებისთვის პიკის საათებია 8:00 – 9:00 საათი და 18:00 – 19:00 საათი. ამის შემდეგ ყველაზე პოპულარული ტიპის საქმიანობაა „სხვა“.

რაც შეეხება დანიშნულების „სხვა“ ვარიანტებს, როგორც წესი, ყველაზე პოპულარული ვარიანტია სხვა ადამიანის თანხლება, მშობლების, მეგობრების მონახულება და საყიდლებზე სიარული. ადამიანები ამჯობინებენ სხვების თანხლებას, ადმინისტრაციული პროცედურების გავლას სავალდებულო საქმიანობებამდე და შემდეგ მოდის სხვა უფრო პოპულარული მიზეზები, რაც სავალდებულო საქმიანობების შემდეგ ხორციელდება [განსაკუთრებით საყიდლებზე სიარული, რესტორნებში კვება და მეგობრების მონახულება].

  • მგზავრობის ხანგრძლივობა

ბათუმში მგზავრობის საშუალო ხანგრძლივობა 23 წუთია და იცვლება დანიშნულების მიხედვით – დაწყებული 32-წუთიანი მგზავრობით „სამსახური-სამსახური“ მიზნით [აქ შედის მიწოდება-მიტანაც] და გაგრძელებული 29-26,5 წუთის ხანგრძლივობის მგზავრობით – ერთის მხრივ უნივერსიტეტისკენ და უკან, მეორე მხრივ სკოლისკენ ან ბაღისკენ [16,6 – 18 წუთი]. სავარაუდოდ, ამის მიზეზია ქალაქში მხოლოდ ორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არსებობა.

  • სატრანსპორტო სახეობების გამოყენება

ქალებს შორის ყველაზე პოპულარული სატრანსპორტო საშუალებაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ფეხით გადაადგილება. რაც შეეხება დანიშნულებას, სამივე სახეობის გადაადგილების საშუალება გამოიყენება შინ მისასვლელად და სხვა მიზნებისთვის, მაგრამ უნივერსიტეტის სტუდენტები, ძირითადად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ. ბავშვები სკოლაში ძირითადად ფეხით დადიან, სამსახურში მგზავრობისთვის პოპულარულია როგორც საზოგადოებრივი, ასევე კერძო ტრანსპორტი. ტაქსით სარგებლობენ შინ ან სხვა ადგილას მისასვლელად [რესტორნებში ან ნათესავების, მეგობრების მოსანახულებლად].

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საშუალო ხანგრძლივობა 30 წუთია, კერძო ტრანსპორტს 25 წუთი სჭირდება, ხოლო ფეხით გადაადგილების ხანგრძლივობა 15 წუთია.

რესპონდენტების 31%-ს აქვს მართვის მოწმობა, მათგან ერთი მეოთხედი ქალია. მდედრობითი სქესის მძღოლების საშუალო ასაკი მამრობითისაზე ნაკლებია. მძღოლების ორივე ჯგუფი აჩვენებს ავტომანქანებით სარგებლობის დაახლოებით ერთნაირ მონაცემებს. მართვის მოწმობის მქონე კაცების მხოლოდ 39%-მა და ქალების 31%-მა ისარგებლა წინა დღეს ავტომობილით და შეასრულა საშუალოდ ორი მგზავრობა.

  • ქვეითთა გადაადგილება

მოკლე მანძილებზე ფეხით გადაადგილება ყველაზე პოპულარულია ახალგაზრდებს შორის – ასეთი გადაადგილების საშუალო ხანგრძლივობა, უნივერისტეტთან დაკავშირებული გადაადგილებების გარდა, 13-17 წუთამდე მერყეობს. უფრო ხანგრძლივი დრო სჭირდებათ სტუდენტებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მისასვლელად ან უკან გზაზე [20-23 წუთი]. კიდევ უფრო ნაკლებია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ერთმანეთს სწავლასა და მუშაობას უთავსებენ – საშუალოდ 10 წუთი. კვლევის მიხედვით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ სტუდენტები სამუშაოს უნივერსიტეტთან ახლოს ეძებენ.

ველოსიპედით განხორციელდა გადაადგილებათა 0,2%, როდესაც კვლევის მიხედვით, ქალაქში 1000 ადამიანზე 61 ველოსიპედი მოდის. ეს ასევე შეიძლება აიხსნას თბილი პერიოდისა და ტურისტული სეზონის დასრულებით. გამოკითხვის მომენტისთვის ველოსიპედით მხოლოდ კაცები მგზავრობდნენ.

  • სატვირთო ტრანსპორტი

კვლევის თანახმად, ბათუმის დღევანდელი ეკონომიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სატვირთო ტრანსპორტს. ბათუმს რეგიონის ლოჯისტიკურ ცენტრად გარდაქმნის შავ ზღვასთან მდებარეობა, რკინიგზის ხაზითა და ნავთობსადენით. საქართველოს რკინიგზა ერთ-ერთი გადამწყვეტი დამაკავშირებელია ევრაზიული ტრანზიტისთვის და ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის უმოკლეს კავშირს ემსახურება. საქართველოს სარკინიგზო სისტემა აკავშირებს აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის სარკინიგზო სისტემებს. ბათუმისა და ფოთის პორტებიდან სარკინიგზო ხაზები კავკასიასა და ცენტრალურ აზიას პირდაპირ აკავშირებს შავი ზღვის რეგიონთან. თურქეთის საზღვართან ბათუმის ახლო მდებარეობა სატვირთო ავტომობილებით ტრანზიტის პოტენციალს ქმნის.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ასეთი მოძრაობა შეზღუდულია, კვლევის ავტორები იმედს გამოთქვამენ, რომ ბათუმის შემოვლითი გზის მიმდინარე მშენებლობა გზას გაუხსნის ამ პოტენციალს რეგიონში – მეტ სატრანზიტო მოძრაობას.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: