Batumelebi | 6 რჩევა მშობლებს უსაფრთხო სათამაშოს შერჩევისთვის 6 რჩევა მშობლებს უსაფრთხო სათამაშოს შერჩევისთვის – Batumelebi
RU | GE  

6 რჩევა მშობლებს უსაფრთხო სათამაშოს შერჩევისთვის

ამ დროისთვის საქართველოში სათამაშოების უსაფრთხოებას არც ერთი უწყება არ აკონტროლებს. თუმცა მომავალი წლიდან სახელმწიფო ვალდებული იქნება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე დაიწყოს პროდუქციის კონტროლი, მათ შორის, სათამაშოების. სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ევროკავშირის დირექტივების ძალაში შესვლის შემდეგ, ყველა სათამაშო გაივლის – ქიმიურ, ფიზიკურ, მექანიკურ, ელექტრო, რადიაქტიურ და ჰიგიენურ ანალიზს.

იქამდე კი, სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს გთავაზობთ – როგორ შეარჩიოთ უსაფრთხო სათამაშო ბავშვისთვის?

 

  1. შეარჩიეთ სათამაშოები ბავშვის ასაკის, შესაძლებლობებისა და უნარების მიხედვით

სათამაშოებს, რომლებიც არ არიან განკუთვნილი სპეციფიკურ ასაკობრივ ჯგუფზე, ბავშვის დაზიანება შეუძლიათ. ყურადღება მიაქციეთ სათამაშოსთვის განსაზღვრულ ასაკს. [ევროკომისია]

2. არ იყიდოთ სათამაშოები პატარა დეტალებით სამ წლამდე ბავშვებისთვის, რადგან სათამაშოს პირში ჩადებისას ბავშვს შესაძლოა ასეთი დეტალი გადასცდეს. [ევროკომისია]

3. სიფრთხილე გმართებთ სათამაშოებთან, რომლებიც შეიცავენ ელემენტებსა და მაგნიტებს. მათი გადაყლაპვის შემთხვევაში, ბავშვმა შესაძლოა მიიღოს კუჭნაწლავის სერიოზული დაზიანებები. შესაძლოა შემთხვევა ლეტალური შედეგით დასრულდეს. [ამერიკის პედიატრთა ასოციაცია]

4. შეამოწმეთ პლასტმასი – მოერიდეთ სათამაშოებს, რომელთა შემადგენლობაშიც არის ვინილი [vinyl] და პოლივინილქლორიდი [PVC]. რბილი პლასტმასის სათამაშოები, როგორიცაა: აბაზანის სათამაშოები, ხელის მოსაჭერი სათამაშოები და თოჯინები, უმეტესად დამზადებულია ვინილისგან. ასევე, ერიდეთ პოლიკარბონატს [Polycarbonate plastic]. თუ სათამაშოს შემადგენლობაში არის დიდი რაოდენობით ქლორი [chlorine], მის შემცველობაში, ასევე, იქნება ვინილი [vinyl] და პოლივინილქლორიდი [PVC]. [ecologycenter].

5. უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივი მასალისგან დამზადებულ სათამაშოებს, მაგალითად, შეარჩიეთ ხის სათამაშოები, საღებავისა და ლაქის გარეშე. [ecologycenter].

6. ბუშტები შესაძლოა არანაკლებ საშიში აღმოჩნდეს პატარებისთვის, თუ ბუშტი დაზიანებულია და არ იბერება, შეიძლება ბავშვს გადასცდეს და ჩაკეტოს სასუნთქი გზები. ამიტომ რეკომენდებულია, რომ არ დართოთ ნება 8 წლამდე ასაკის ბავშვს ითამაშოს ასეთი ბუშტით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან