მთავარი,სიახლეები

ბათუმის გენგეგმის ნაწილის მომზადებისთვის ბიუჯეტში მილიონ 300 000 ლარი გაითვალისწინეს

19.11.2018 • 2227
ბათუმის გენგეგმის ნაწილის მომზადებისთვის ბიუჯეტში მილიონ 300 000 ლარი გაითვალისწინეს

ქალაქის ურბანული და ეკონომიკური განვითარებისთვის ბათუმის მერიამ 2019 წლის ბიუჯეტში 550 000 ლარი გაითვალისწინა. ამას დაემატება 700 000 ლარიც, რომელიც მიმდინარე წლის ბიუჯეტში ქალაქის სივრცით ტერიტორიული დოკუმენტის მოსამზადებლად გაითვალისწინეს. მერიის განმარტებით, ეს დოკუმენტი გენგეგმის ნაწილი იქნება.

ბათუმის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ედნარ ნატარიძის განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხიდან 500 000 ლარი ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ხოლო 50 000 ლარი ეკონომიკური ფორუმის მოწყობაზე დაიხარჯება.

სივრცით-ტერიტორიული გეგმის მომზადებაზე ბათუმის მერიას ტენდერი ჯერ არ გამოუცხადებია.

ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ინფორმაციით, დასრულებულია მნიშვნელოვანი ეტაპი, მომზადებულია სატენდერო წინადადება და მერია ტენდერის გამოცხადებას „წელსვე მოასწრებს“.

ტექნიკური დავალება, რომელიც დაკონტრაქტებულ, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტს მოვამზადებინეთ – გაიარა არაერთი საჯარო განხილვა: ეს იყო საკრებულო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები. ამ ორგანიზაციებიდან წამოსული შენიშვნების განხილვის მიზნით, ჩატარდა ასევე არაერთი შეხვედრა. დღეს დოკუმენტზე მუშაობა დასრულებულია და წელსვე გამოვაცხადებთ ტენდერს“, – განაცხადა ლაშა კომახიძემ.

ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმა რამდენიმე დოკუმენტს აერთიანებს: მიწათსარგებლობის გეგმას, ისტორიულ განაშენიანებას, სივრცით მოწყობას და ა.შ.

გენგეგმის მომზადებაზე საუბარი ბათუმში 2004 წლიდან დაიწყო. ამ დროიდან მოყოლებული მის მომზადებაზე მუშაობის დაწყების პირობას თითქმის ყველა მერი დებდა. დღემდე ეს პირობა შეუსრულებელია.

ამავე თემაზე:

14 წელი და მეხუთე მერი – ბათუმი გენერალური განვითარების გეგმის გარეშე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: