26 ნოემბერს, ღამით, ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, სახელწიფოს კუთვნილ შენობაში ოცამდე ოჯახი უკანონოდ ცდილობდა შესახლებას. სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში უკანონოდ შესახლების მცდელობა იყო რამდენიმე დღის წინ ქობულეთშიც, სადაც, აჭარის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, რამაზ ჯინჭარაძის თქმით, ხუთი ოჯახი ცდილობდა შენობის უკანონოდ დაკავებას. მათგან ერთი – ხულოდან, ერთი – სოფელ ნასაკირალიდან, დანარჩენი კი ქობულეთიდან იყვნენ.
როგორც რამაზ ჯინჭარაძე ამბობს, დღეს ის აპირებს შეხვედრას იმ ოჯახებთან, რომლებიც უკანონოდ ცდილობდნენ 26 ნოემბერს ბარცხანაში შენობის დაკავებას და ამის შემდეგ გახდება ცნობილი მათი ვინაობისა და მდგომარეობის შესახებ.
არჩევნების წინ სახელმწიფო საკუთრების უკანონოდ დაკავების მცდელობა აჭარაში პირველი შემთხვევა არ არის. სწორედ 2012 წლის არჩევნებს უკავშირდება ბათუმში „ოცნების ქალაქის“ გაჩენა, იმ განსხვავებით, რომ სახელმწიფო ტერიტორიების დაკავება მოსახლეობამ არჩევნების დასრულების შემდგომ დაიწყო, ხელისუფლების შეცვლის პერიოდში.
დღეს „ოცნების“ ქალაქში თითქმის 3000 ადამიანი ცხოვრობს.
_______
მთავარ ფოტოზე: ბარცხანა, ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
ბათუმის მერია, რომელსაც მუნიციპალური ტრანსპორტი საკმარისად ისედაც არ აქვს, 5 ავტობუსს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს, სახელმწიფო კი – ფოთის მერიას. ავტობუსების გადაცემის საკითხს ბათუმის საკრებულო 30 ნოემბრის სხდომაზე განიხილავს.
ავტობუსების გადაცემის თხოვნით ბათუმის მერიას სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის 12 ნოემბერს მიმართა, სააგენტოს კი – ქალაქ ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.
ფოთის მერი თავის წერილში მიუთითებს, რომ „ავტობუსების რაოდენობა არ არის საკმარისი მოსახლეობის სრულფასოვანი მომსახურებისთვის, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს მათ სამართლიან უკმაყოფილებას“:
ამონარიდი ფოთის მერის მიერ ქონების ეროვნულ სააგენტოში გაგზავნილი წერილიდან
ბათუმის მერია, „ბათუმის ავტოტრანსპორტთან“ შეთანხმებით, მზადაა ქალაქის ავტოპარკიდან სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს 5 „ზონდას“ მარკის [ე.წ. „ყვითელი“] ავტობუსი, შემდგომში მათი ფოთის მერიისთვის გადასაცემად.
„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ განაცხადეს, რომ ეს ავტობუსები ამჯერად გაჩერებულია, ხაზზე არ მოძრაობენ და საჭიროებენ შეკეთებას. თუ ვინ შეაკეთებს ავტობუსებს [სააგენტო, ბათუმის თუ ფოთის მერია] „ავტოტრანსპორტში“ ჯერ არ იციან: „ყველა შემთხვევაში, ავტობუსები თავისი სვლით უნდა ჩავიდნენ ბათუმიდან ფოთში“.
ავტობუსების საწყისი ღირებულება ჯამში 407 171 ლარი იყო, თუმცა „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ამ ხუთი ავტობუსის საბალანსო ღირებულება დღეს ჯამში 5250 ლარია.
დაახლოებით ორი კვირის წინ „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ქალაქში სულ 148 მუნიციპალური ტრანსპორტია, აქედან ყოველდღიურად ხაზზე 118 ავტობუსი გადის [დანარჩენი საჭიროებს გეგმით გათვალისწინებულ ტექდათვალიერებას] და იმის მიუხედავად, რომ პიკის საათებში ცალკეულ მარშრუტებზე ავტობუსები გადატვირთულია, ავტობუსის დამატებას ვერ ახერხებენ.
“ერთი თვეა ჩემს თავთანაც იგივე კითხვა მაქვს, რომ რა მოხდა,” – ასე უპასუხა ყაჩაღობაში ბრალდებულმა იმედა მ. მოსამართლეს ტრადიციულ შეკითხვაზე: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?
იმედა მ.-ს გამოძიება 14 წლის გოგოს დაყაჩაღებას ედავება. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა ბაგრატიონის ქუჩაზე, ღამის 11 საათზე, გოგოს კისერთან დანა მიადო და მობილური ტელეფონი სიცოცხლის მოსპობის მუქარით წაართვა. რამდენიმე დღის შემდეგ იმედა მ. დააკავეს, მას ტელეფონი სახლში ჰქონდა შენახული.
“ყაჩაღი რომ ყოფილიყო, გაყიდდა ხომ?” – გვითხრა სასამართლოს დარბაზში მყოფმა ბრალდებულის ახლობელმა. მისი თქმით, იმედა იმ საღამოს ნასვამი იყო და არაფერი ახსოვს.
“ვერ გავიგე თქვენი პოზიცია, აღიარებთ ბრალს, არ აღიარებთ, თუ დუმილის უფლებით სარგებლობთ?” – მიმართა მოსამართლე ლევან გელოვანმა ბრალდებულს, რომელმაც ამჯერად თქვა, რომ ბრალს სრულად აღიარებს.
პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებული დაზარალებული არასრულწლოვნის მეგობარმა ამოიცნო, რომელიც ამ შემთხვევას შეესწრო. ბრალდებული ყაჩაღობის დროს შენიღბული არ ყოფილა.
“ჩვენ მოვითხოვთ ბრალდებულის გათავისუფლებას 5 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ,” – აღნიშნა ადვოკატმა ედიშერ მახარაძემ, რასაც პროკურორი ადილარ წირღვავა არ დაეთანხმა.
“ახლადაღმოჩენილი გარემოება არ არსებობს,” – თქვა მან.
იმედა მ. მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
“ეს მუხლი სასჯელის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 5-დან 7 წლამდე,” – დასძინა მოსამართლე ლევან გელოვანმა.
იმედა მ. 34 წლისაა. 2010 წელს იგი ქურდობისთვის გაასამართლეს.
ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის განმარტებით, სოფო ხალვაშის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნაზე მისთვის რეკომენდაცია მმართველ პარტიას არ გაუწევია და გადაწყვეტილება თავად მიიღო.
„სოფო ისეთი ადამიანია, რომ დარწმუნებული ვარ, მას ძალიან ბევრი კარგი რეკომენდატორი ეყოლება, თუმცა საბოლოოდ ეს არის ჩემი გადაწყვეტილება. გუნდს ვაკომპლექტებ მე და სოფო ჩემი გადაწყვეტილებით არის დანიშნული,“ – განაცხადა ბათუმის მერმა.
ლაშა კომახიძემ მესამე მოადგილის თანამდებობაზე სოფო ხალვაში მერიის სამსახურების უფროსებს დღეს, 27 ნოემბერს, წარუდგინა. მერის განმარტებით, სოფო ხალვაში მერიაში ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის მიმართულებებს ჩაიბარებს.
„ვფიქრობ, რომ სოფო გააძლიერებს ჩვენს გუნდს. ის წლების განმავლობაში მოღვაწეობს კულტურის სფეროში და ეს მიმართულება მისთვის განსაკუთრებით ნაცნობია. არის შემოქმედებითი და კრეატიული, რაც ჩვენ გვჭირდება. ვფიქრობ, რომ საინტერესო და შინაარსიანი მუშაობა გვექნება. მას კარგად იცნობენ არამხოლოდ ქვეყნის შიგნით და ვფიქრობ, რომ მისი კავშირები ისეთი ქალაქისთვის, როგორიც ბათუმია, იქნება ბევრი სასიკეთო ინიციატივის მომტანი,“ – განაცხადა ლაშა კომახიძემ.
წარდგენის შემდეგ სოფო ხალვაშს მერიის სამსახურების უფროსებმა მერის მოადგილედ დანიშვნა მიულოცეს და უთხრეს, რომ ძალიან უხარიათ მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კურორტ გოდერძიზე მდებარე 16 ნაკვეთის იჯარით გაცემაზე პირობებიანი აუქციონები გამოაცხადა. პირობა სხვადასხვა მსუბუქი კონსტრუქციების განთავსებაა, რომლის ნიმუშსაც მომავალ მოიჯარეს სამინისტრო სთავაზობს.
ნაკვეთები იჯარით 2019 წლის 30 აპრილამდე გაიცემა. საწყისი საიჯარო ქირა 200-265 ლარია თვეში. ნაკვეთები ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში, სოფელ დანისპარაულში [ზანკა] მდებარეობს.
მსუბუქი კონსტრუქციების დანიშნულება ტურისტების მომსახურება იქნება – აქ უნდა მოეწყოს თხილამურებისა და თოვლმავალის (ბურანი) გასაქირავებელი პუნქტები, ასევე, სწრაფი კვების ობიექტის შესაბამისი მსუბუქი კონსტრუქციები.
იჯარით გაცემულ ნაკვეთებზე მსუბუქი კონსტრუქციები 2018 წლის 11 დეკემბრამდე უნდა განათავსონ. ელექტრონული აუქციონები 2018 წლის 15 ნოემბერს დაიწყო და 30 ნოემბერს შეწყდება.
კურორტ გოდერძიზე ტურისტული სეზონი ოფიციალურად 8 დეკემბერს გაიხსნება.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანია ენგურზე დაასრულა.
კანდიდატი ენგურზე შვილებთან ერთად მივიდა და აღნიშნა, რომ მისი საარჩევნო კამპანიის ენგურზე დასრულება სიმბოლურია.
„ჩემი საარჩევნო კამპანია სრულდება აქ, ენგურზე. იქ, სადაც საოკუპაციო ხაზია და ამ ხაზის იქით, მოშორებით ჩვენი საზღვარი ფსოუზე, რაც ჩვენი სახელმწიფოს საზღვარია და ყოველთვის იქნება.
ეს არის ადგილი, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს, ერთი მხრივ საოკუპაციო ხაზია, მეორეს მხრივ ენგურჰესი, რომელიც ერთ-ერთი მაგალითია იმისი, რომ შეგვიძლია ერთად მუშაობა და არის ბევრი სხვა რამ, ჩვენი წარსული და ჩვენი მომავალი. ეს არის ჩემი კამპანიის დასრულება ამ იმედიანი სიტყვებით, ჩვენი მომავალიც აქაა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დღეს 27 ნოემბერს, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მომღერალ სოფო ხალვაშს მეორე მოადგილის პოსტზე დანიშნავს. ეს თანამდებობა რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკანტური იყო.
„ბათუმელებთან“ საუბარში სოფო ხალვაშმა განაცხადა, რომ შემოთავაზება უშუალოდ ბათუმის მერისგან მიიღო. მისი განცხადებით, მას შემოთავაზება ლაშა კომახიძისგან უფრო ადრეც ჰქონდა.
„ადრეც მქონდა ლაშა კომახიძისგან შემოთავაზება, მაგრამ თავს ვიკავებდი“- გვეუბნება ის. კითხვაზე, მისი აზრით, რატომ დაინტერესდა ლაშა კომახიძე მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნით, სოფო ხალვაში ამბობს, რომ ის მერს ადრეც იცნობდა, თუმცა „დანარჩენი ალბათ ლაშა კომახიძეს უნდა ვკითხოთ.“
სოფო ხალვაშის თქმით, მისი საკურატორო სფერო მერიაში ძირითადად კულტურა იქნება, თუმცა ამავე სფეროში შედის სპორტი და განათლებაც.
„მე უფრო კულტურის მიმართულებით ვიქნები. რაც შეეხება ღონისძიებებს, კულტურას, ივენთებს, ამ ყველაფრის გამოცდილება მაქვს და შევეცდები, რომ მაქსიმალური გავაკეთო“.
სოფო ხალვაში ჩართული იყო მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში. მან არაერთხელ იმღერაზურაბიშვილის მხარდასაჭერ კონცერტზე, რის შემდეგაც აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ის არჩევნების წინა დღეებისეთერიდან ჩახსნა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე სოფო ხალვაში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „დილის ტალღის“წამყვანი იყო.
სოფო ხალვაში ამბობს, რომ მას აჭარის ტელევიზიიდან წამოსვლის თაობაზე განცხადება უკვე დაწერილი აქვს, თუმცა საბოლოო პასუხი მისთვის ცნობილი არ არის.
„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რამდენად იქნება ის დამოუკიდებელი მერის მოადგილის პოსტზე და იქნება თუ არა მისი ამ სფეროში მუშაობა წარმატებული, სოფო ხალვაში ამბობს:
„ვნახოთ, მაქვს რაღაც იდეები და თუკი მექნება ამ იდეების განხორციელების საშუალება, რის გამოც დავთანხმდი ამ ყველაფერს, კარგი იქნება“.
___________________
მთავარი ფოტოზე: სოფო ხალვაში, ფოტო მომღერლის პირადი ფეისბუქგვერდიდან
„ბათუმელების“ ინფორმაციით, მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ ინიშნება. ინფორმაცია დაგვიდასტურა სოფო ხალვაშმაც. ის „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ შემოთავაზება უშუალოდ ბათუმის მერისგან, ლაშა კომახიძისგან მიიღო.
ბათუმის მერს აქამდე ერთი მოადგილე ჰყავდა და ერთი ვიცე-მერი. მეორე მოადგილის ადგილი რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკანტური იყო.
სოფო ხალვაში აქამდე აჭარის ტელევიზიაში, დილის გადაცემის წამყვანად მუშაობდა. მომღერალმა თავისი მხარდაჭერა პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ ჯერ კიდევ არჩევნების პირველი ტურის წინ გამოხატა – მან ზურაბიშვილის მხარდამჭერ კონცერტზე 25 ოქტომბერს იმღერა.
სწორედ ამის გამო სოფო ხალვაშის მიმართ აჭარის ტელევიზიამ დისციპლინური წარმოება დაიწყო და მომღერალს მაუწყებლის ქცევის კოდექსის დარღვევისთვის საყვედური გამოუცხადეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 ნოემბრის 21 საათიდან 28 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 13 – 18 გრადუსი
ღამით: 5 – 10 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 29-30 ნოემბერს, აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
ბათუმში მდებარე ხორბლის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ქატოსა და ფქვილს აწარმოებს, გაფართოებას გეგმავს. პროექტი თანამედროვე სტანდარტების ხორბლის გადამამუშავებელი წარმოების შექმნასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს. საწარმო ბათუმში 2005 წლიდან ფუნქციონირებს.
„ბარაქა ჯგუფი“, რომლის საკუთრებაშიცაა საწარმო, 2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს პროექტის ფარგლებში – „აწარმოე საქართველოში“. კომპანია განახლებული საწარმოს ამოქმედებას, მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსგან მიღების შემთხვევაში, ნაკვეთის გადაცემიდან 21 თვეში აპირებს. გაფართოების შემდეგ კი, წარმოება 22 500 ტონიდან 35 000 ტონამდე გაიზრდება ერთ წელში.
საინვესტიციო პროექტს დღეს, 26 ნოემბერს, ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
„ადგილობრივი დასაქმების და ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ასეთი საწარმოების მხარდაჭერა. დამფუძნებლებს აქვთ საწარმოს გაფართოების ამბიციური გეგმა და ისინი აპირებენ ერთ-ერთ სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას. რა თქმა უნდა, ჩვენ დავეხმარებით და ბიზნესს მხარს ავუბამთ ასეთ ინიციატივებში. ეს არის ჩვენი ეკონომიკის განვითარების წინაპირობა. ეს არის ის რეალური ეკონომიკა, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს ერთი მხრივ და ექსპორტის კუთხითაც აუმჯობესებს ჩვენს ბალანსს,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
საწარმოში, საინვესტიციო პროექტის მართვის კუთხით, ჩართულია მართვის კომპანია GGM-ი.
„ბარაქა ჯგუფის“ მოქმედ ხორბლის საწარმოში უკვე დაწყებულია მუშაობა, რომ საწარმო გადაიარაღდეს – 2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის ფარგლებში აშენდება ახალი საწარმოო ხაზი. საბითუმოსთან ერთად დაიწყება საცალო რეალიზაციის ქსელთან მუშაობა და პროდუქცია გავა ექსპორტზე. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობაც. მართვის კომპანიის ჩართულობა გულისხმობს საწარმოს ჩართვას ყველა პროგრამაში და მის ახალ სტანდარტებზე გადასვლას,“ – განაცხადა გენო გელაძემ, მართვის კომპანია GGM-ის მმართველმა.
მთავარი ფოტო: განახლებული საწარმო / ფოტომონტაჟი პროექტიდან
დღეს, 26 ნოემბერს, ლაშა კომახიძემ ბათუმის მერიის შენობის წინ, ღია ცის ქვეშ წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ბათუმის მერმა ყურადღება გაამახვილა მერიაში განხორციელებულ ორგანიზაციულ საკითხებზე, ახალი სამსახურების შექმნასა და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე. ლაშა კომახიძემ ასევე ისაუბრა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
„ასპროცენტიანები არ ვართ, ბევრია კიდევ გასაკეთებელი, თუმცა თქვენი სიყვარული გვაძლევს ძალას. მინდა მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის და თქვენი ინტერესისთვის ბათუმის მერიის მუშაობის მიმართ“, – თქვა ლაშა კომახიძემ პრეზენტაციის დასრულებისას.
შეხვედრას ესწრებოდნენ: აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და სხვა დეპუტატები, ასევე, ბათუმის მაჟორიტარები საქართველოს პარლამენტში, მერიის აპარატის თანამშრომლები, აიპების ხელმძღვანელები და თანამშრომლები, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და წევრები, კერძო ბიზნესის წარმომადგენლები.
„ბათუმელები“ დაინტერესდა, რას ფიქრობდა შეხვედრაზე მისული მოსახლეობა მერის წლიურ ანგარიშთან დაკავშირდებით და პრეზენტაციის შემდეგ რამდენიმე მათგანთან გასაუბრება სცადა. მათ გვითხრეს, რომ საჯარო უწყებების თანამშრომლები არიან და კომენტარს ვერ გააკეთებენ.
„ვფიქრობ, კარგი ანგარიში იყო, ბევრი ისეთი ინფორმაცია მივიღე, რაზეც არ მქონდა ინფორმაცია, რომ თურმე არსებობს ვებგვერდები, სადაც შეგვიძლია შევიდეთ და მერს პირადად დავუსვათ კითხვები. სურვილი მაქვს როგორც მოქალაქეს, რომ წელიწადში ორჯერ გაკეთდეს მერის ანგარიში ხალხისთვის, რომ ვიცოდეთ რა გააკეთეს ჩვენ მიერ დაქირავებულმა მოხელეებმა“, – გვითხრა ბათუმის მცხოვრებმა მაია სურმანიძემ.
ლაშა კომახიძემ მერიის მუშაობის წლის ანგარიში წარადგინა.
მერის ანგარიშს ესწრებოდა ბათუმში სომხური დიასპორის პრესმდივანი არტურ ოგანესიანი. მისი თქმით, მერიის მრჩეველთა საბჭოში ეთნიკური უმცირესობებიც უნდა იყვნენ წარმოდგენილი.
„არანაკლები ბათუმელი ვარ, ამ ქალაქში ცხოვრობს რვა ათასი სომეხი და ვფიქრობ, ამდენი ადამიანის ხმა ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება მათ აქ დასწრებას, დღეს 21-ე საუკუნეა, ტექნოლოგიებთან წვდომა არსებობს და ვისაც უნდა მოუსმენს, ვისაც უნდა არა. საქმე კეთდება, ძალიან კარგად არა, მაგრამ მაინც კეთდება, სამუშაო ბევრია. არჩევნებმა ხელისუფლებას აჩვენა წითელი კარტ-ბლანში. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა დაიწყონ უფრო ეფექტური მუშაობა და რეალური კონტაქტი მოსახლეობასთან და ერთად რამე გამოგვივა“, – განაცხადა მან „ბათუმელებთან“.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელის, ნათია აფხაზავას შეფასებით, ანგარიშის წარდგენის ფორმატი სიახლეა, მაგრამ „შესაძლებელი იყო კითხვა-პასუხის რეჟიმში ყოფილიყო, რისი მოლოდინიც მქონდა პირადად მე. იყო კონკრეტული რეკომენდაცია, რომ სმენისარმქონე მოქალაქეებისთვის ყოფილიყო ინფორმაციის მიწოდება ჟესტურ ენაზე. დღეს ამის შესაძლებლობა არ არსებობდა“.
ნათია აფხაზავას აზრით, კარგი იქნებოდა ანგარიში უფრო მეტად მოესმინა მოსახლეობას და ნაკლებად საჯარო მოხელეებს.
მერის ანგარიშს ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და სხვა საჯარო მოხელეები
პრეზენტაციის ბოლოს ლაშა კომახიძეს „ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვა დაუსვა. ერთ-ერთი კითხვა ბათუმის ისტორიული ზონის ცვლილებას შეეხებოდა. ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, საიამ მერიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. საია მიიჩნევს, რომ ისტორიული უბნების ცვლილებებთან დაკავშირებით პროფესიონალების მოსაზრებები არ გაითვალისწინეს.
„ისტორიული განაშენიანების ზონის დოკუმენტთან დაკავშირებით ჩვენ არაერთი საჯარო შეხვედრის შემდეგ გავაკეთეთ გარკვეული კორექტირება. ოფიციალურად დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის კულტურის სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატს და მათი ინტერესის საფუძველზე მივეცით ჩვენი წერილობითი განმარტებები.
ვფიქრობ, მერია მოქმედებდა კანონის ფარგლებში, გვაქვს კონკრეტული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მოხდა კორექტირება. მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს პროცესი არ არის დასრულებული, ღია სამუშაო პროცესია. დოკუმენტი ახლა გადაცემული კულტურის სამინისტროსთვის განხილვაზე და, შესაბამისად, თუ დოკუმენტში არის ხარვეზები, რა თქმა უნდა, უკან მობრუნდება და მზად ვართ გავაგრძელოთ მასზე მუშაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება დოკუმენტის დამტკიცება“, – განაცხადა მერმა.
მერის ანგარიშს ძირითადად საჯარო მოხელეები და მერიის ორგანიზაციებში დასაქმებული პირები ესწრებოდნენ. ფოტო: ლელა დუმბაძის
„ბათუმელებმა“ მერს, ბათუმის ზოოკუთხის გადატანასთან დაკავშირებითაც ჰკითხა. მერის თქმით, ზოოკუთხის გადატანის საკითხი ისევ ძალაშია და 2019 წლის ბიუჯეტში ამისთვის საჭირო თანხები გათვალისწინებული იქნება.
„ის ტერიტორია ჩაქვში, სადაც ვფიქრობთ ზოოკუთხის გადატანას, არის კერძო პირების სარგებლობაში. ჩვენ ვცდილობთ მათთან ეს საკითხი მოვაგვაროთ. ასე, რომ პროექტი არ გადიდებულა“, – განაცხადა კომახიძემ.
პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ ლაშა კომახიძის ოჯახის წევრებიც.
„რუკა სარეკომენდაციოა და ის, რომ სპეციალისტებმა მოამზადეს, არ ნიშნავს, რომ მასში ცვლილების შეტანა არ შეიძლება“, – გვითხრა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ. სულიკო თებიძემ მეოთხედ შეხმიანების შემდეგ გაიხსენა „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც საკრებულოს უმრავლესობამ მოიწონა.
სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე აღმოჩნდა ბათუმის ისტორიული დაცვის ზონის მიღმა ზღვისპირა ტერიტორიები, სადაც ახლო მომავალში ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.
საქმე იმაშია, რომ „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტი პირვანდელი სახით საკრებულოში არ შესულა – ის მერიამ საკრებულოში გადაგზავნამდე შეცვალა. საკრებულომაც, დოკუმენტი მერიას კითხვების გარეშე დაუმტკიცა.
საკრებულოს ინფრასტრუქტურის თავმჯდომარის, გოჩა მგელაძის თქმით, მერიამ და საკრებულომაც ის გააკეთეს, რისი უფლებაც ჰქონდათ:
„ჩვენ მოვიწონეთ დოკუმენტი, რომელშიც კონკრეტული ტერიტორია უკვე ამოღებული იყო. თუ ამას მთავრობა [დოკუმენტს საბოლოოდ საქართველოს კულტურის სამინისტრო ამტკიცებს – ავტ.] შენიშვნებით დააბრუნებს, მზად ვართ გავითვალისწინოთ. ასე ჩავთვალეთ საჭიროდ, მოვიწონეთ ეს გადაწყვეტილება და საიას რა უნდა არ ვიცი“.
გოჩა მგელაძის პოზიციას საკრებულოს „ოცნების“ უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე, ნატალია ზოიძეც დაეთანხმა. მან გვითხრა, რომ დოკუმენტი მხოლოდ სარეკომენდაციო იყო და მერიას მისი კორექტირების უფლება ჰქონდა. იმავეს ამბობს უმრავლესობის წევრი ელგუჯა ანდრიაძეც.
საკრებულოს წევრების განცხადებას, რომ „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომლითაც ბათუმის ისტორიული ზონის საზღვრები უნდა დაედგინათ, სარეკომენდაციო ხასიათის იყო, ეთანხმება საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარეც. მაგრამ ანა მდინარაძე აქვე განმარტავს, რომ კანონის თანახმად, სპეციალისტების მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც ისტორიულ საზღვრებს ადგენს, მხოლოდ ამავე კვალიფიკაციის სპეციალისტს შეეძლო შეცვალა.
აქედან გამომდინარე, ამ ცვლილების თაობაზე მერიას უნდა გააჩნდეს შესაბამისი არგუმენტირებული დასკვნა ან ექსპერტიზა. „ასეთი დოკუმენტი ჩვენ მოვითხოვეთ, მაგრამ მერიას ის არ აქვს“, – გვითხრეს საიაში.
საკრებულოს წევრები ოპოზიციიდან ამბობენ, რომ ამ საკითხზე ისინი სრულყოფილ ინფორმაციას არ ფლობდნენ. მაგალითად, ლევან ანთაძეს „ერთიანი ნაციონლური მოძრაობიდან“ ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის ისტორიული საზღვრებიდან გატანის შესახებ საკრებულოს სხდომაზე არაფერი უკითხავს. ლევან ანთაძეს ამბობს, რომ მისთვის ეს ფაქტი საერთოდაც უცნობი იყო.
„იმ დღეს, სხდომაზევე დარიგდა რაღაც რუკა. მანამდე ჩვენ დოკუმენტის სრულად შესწავლის საშუალება არ მოგვეცა“, – აცხადებს ლევან ანთაძე. ის სხდომაზე საკითხის განხილვისას დაინტერესდა, რატომ არ შედიოდა ისტორიულ საზღვრებში ყოფილი სასტუმრო „მესხეთის“ მიმდებარე ტერიტორია და დელფინარიუმი მიმდებარე ნაკვეთებით.
ამავე ფრაქციის წევრი მირდატ ქამადაძე კი ამბობს, რომ მას, როგორც საკრებულოს წევრს, „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტი რომც შეედარებინა მერიის მიერ შეცვლილ დოკუმენტთან, შესაძლოა ცვლილება ვერც აღმოეჩინა, რადგან ეს სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს.
უმრავლესობის წევრებს შორის [ვისაც „ბათუმელები“ დაუკავშირდა] ერთადერთი საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ თავმჯდომარე ნატალია ძიძიგური იყო. მან გვითხრა, რომ დოკუმენტის კორექტირების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც ბათუმის მერიამ ქალაქში ისტორიული ზონის საზღვრები უნდა დაადგინოს, „გეოგრაფიკმა“ თავისი ლოგოს მოხსნა მოითხოვა. თავის დროზე ეს დოკუმენტი სწორედ „გეოგრაფიკმა“ მოამზადა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კომპანიამ ამ მოთხოვნით ბათუმის მერიას ოფიციალურად მიმართა.
საუბარია ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დამტკიცებისთვის საჭირო სარეკომენდაციო დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც, მერიას ქალაქში ისტორიული ზონის საზღვრები უნდა დაედგინა. მერიამ ამ დოკუმენტის მომზადებისთვის „გეოგრაფიკს“ 20 000 ლარი გადაუხადა – სამუშაოები ელექტრონული ტენდერით შეისყიდა.
თავდაპირველად, „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტი საჯარო განხილვისას არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოიწონეს. თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ მერიამ საკრებულოში წარდგენამდე დოკუმენტში დატანილი საზღვრები შეცვალა. შესაბამისად, ახალი საზღვრები სამოქალაქო სექტორისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მიზეზი: ისტორიული ზონის მიღმა დარჩა ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორია, სადაც პროექტი „რივიერაა“ დაგეგმილი და სხვა ტერიტორიებიც.
ბათუმის მერიაში „გეოგრაფიკის“ მიერ თავის პროექტზე უარის თქმის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ. „გეოგრაფიკი მიიჩნევს, რომ ეს სულ სხვა დოკუმენტია, ამიტომაც მას კომპანიის ლოგო არ უნდა ჰქონდეს“, – განმარტა მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა მირიან მეტრეველმა.
ჯერჯერობით, მერიას კომპანიის მოთხოვნა არ შეუსრულებია, რადგან დოკუმენტი უკვე გადაგზავნილია განსახილველად საქართველოს კულტურის სამინისტროში [ისტორიული ზონის დადგენისას მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება საკმარისი არ არის, კანონდებლობით ის საქართველოს მთავრობამ უნდა განიხილოს].
ბათუმის ისტორიული საზღვრების დამდგენ დოკუმენტში ცვლილებების შეტანას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალი სასამართლოში ასაჩივრებს.
“ბათუმის წყლის” ინფორმაციით, წყალმომარაგების მილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 27 ნოემბერს 01:00 საათიდან, 04:00 საათამდე, წყლის მიწოდება შესაძლოა შეეზღუდოს გორგილაძის, ფიროსმანის, გენერალ ასლან აბაშიძის, აბუსერიძის, გრიბოედოვის, ჯავახიშვილის, გუდიაშვილის, მალაზონიას, კაჭარავას, მიქელაძის და გორგასალის ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს.
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ახალი კორპუსის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი თითქმის დასრულებულია. უნივერსიტეტის ახლანდელ შენობაში, სადაც ადრე ბათუმის პირველი საავადმყოფო იყო განთავსებული, მთავრობის გადასვლა განიხილება.
მთავრობაში ამბობენ, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუ როგორ დაიტვირთება ასეთი მნიშვნელობისა და მასშტაბის შენობა, თუმცა ადასტურებენ, რომ ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ახლანდელ შენობაში მთავრობის ან რომელიმე უწყების გადასვლაზე მსჯელობენ.
შენობა, სადაც ჯერ კიდევ ხელოვნების უნივერსიტეტია განთავსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მას რეაბილიტაცია 2011 წელს ჩაუტარდა, რაზეც 6 499 499 ლარი დაიხარჯა.
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ახალი კორპუსი გორგილაძის ქუჩაზეა განთავსებული. არსებულ შენობას დააშენეს მესამე სართული და მოაწყვეს მანსარდი, ეზოში ააგეს ოთხსართულიანი ახალი კორპუსი. ასევე, დაპროექტდა ერთსართულიანი, 100 მაყურებელზე გათვლილი თეატრი, რომლის სახურავი გამოყენებულია როგორც ტერასა.
ხელოვნების უნივერსიტეტის ახალი კორპუსი
აღნიშნულ შენობაში, ასევე, განთავსდება მუსიკის ფაკულტეტი, რომელიც ამჟამად სამუსიკო თერთმეწლედის შენობაშია განთავსებული.
პროექტის მიხედვით, უნივერსიტეტის ახალ კორპუსში მოეწყობა საგამოფენო დარბაზი, მცირე საკონცერტო დარბაზი, მცირე თეატრი, საკონფერენციო დარბაზი. უკვე მოეწყო სააუდიტორიო და სარეპეტიციო სივრცე, სამონტაჟო და ხმის ჩამწერი სტუდიები. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოიყო 3 500 000 ლარი.
ზუსტად როდის გაიხსნება ხელოვნების უნივერსიტეტის ახალი შენობა, ჯერ ვერ ასახელებენ. უნივერსიტეტის რექტორი ერმილე მესხია ამბობს, რომ ახალ შენობაში ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი არ არის გადაწყვეტილი. სანამ ენერგოკომპანია არ გადაჭრის ამ პრობლემას, მანამდე შენობის გახსნის ვადას ვერ დაასახელებენ. ახალი შენობის სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოების უმეტესი ნაწილი დასრულებულია.
საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში, თავშესაფრის საძიებლად ჩასული საქართველოს მოქალაქეები ღია ცის ქვეშ, კუსტარულად მოწყობილ კარვებში ცხოვრობენ. კარვების დასახლება სტრასბურგის განაპირას, პარკშია მოწყობილი.
კარვებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შორის ფეხმძიმე ქალი და მცირეწლოვანი ბავშვები არიან. როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, კარვების მობინადრეებს სტრასბურგში მცხოვრები ქართველები ეხმარებიან, თუმცა მათი მხარდაჭერა არ არის საკმარისი.
მაია მჭედლიშვილი იმ ადამიანებს შორისაა, ვინც კარვებში მცხოვრებლებს ეხმარება. სწორედ მან გამოაქვეყნა ფეისბუქზე ქართველების ყოფის ამსახველი ფოტოები. მაიას თქმით, ყველა იმ ადამიანმა, ვინც აპირებს საფრანგეთში წავიდეს და ჩაბარდეს საემიგრაციო სამსახურს, მნიშვნელოვანია იცოდეს, თუ რა ელოდება იქ.
„გაითვალისწინონ და თუ მაინც გადაწყვეტენ ჩვენი თანამემამულეები ევროპაში წამოსვლას და ჩაბარებას, მოერიდონ დიდ ქალაქებს, რადგან აქ არანაირი შანსი არ აქვთ,“ – ამბობს მაია.
კარვები სტრასბურგთან ახლოს მდებარე პარკში, რომელშიც საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელი ქართველები ცხოვრობენ ფოტო: მაია მჭედლიშვილიკარვები სტრასბურგთან ახლოს მდებარე პარკში, რომელშიც საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელი ქართველები ცხოვრობენ ფოტო: მაია მჭედლიშვილი
სტრასბურგში მცხოვრები კიდევ ერთი ქართველი, ნათია ხუტაშვილი, რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, აგვიღწერს სიტუაციას კარვებში.
„ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ჩვენი მთავრობის დამსახურებაა დღეს რაც აქ ხდება. ჩაბარებით იბარებენ და საცხოვრებელს არ აძლევენ [საფრანგეთში], ასე, კარვებში უწევთ ცხოვრება ამ სიცივეში. 115-ზე დარეკვისას ეუბნებიან, რომ ქართველები ძალიან ბევრი ხართ და თავშესაფარს აღარ ვიძლევითო. ვისაც რისი საშუალება აქვს, იმით ეხმარებიან, მაგრამ ამ სიცივეში ძნელია თავშესაფრის გარეშე ყოფნა,“ – ამბობს ის.
ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ საფრანგეთმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში შეიყვანა. შესაბამისად, პრაქტიკულად შეუძლებელია თავშესაფრის მიღება საფრანგეთში. ამის მიუხედავად, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საქართველოდან საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაზრდილია. საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში ტურისტებად ჩადიან, შემდეგ საემიგრაციო სამსახურს ბარდებიან და ითხოვენ თავშესაფარს.
კარვები სტრასბურგთან ახლოს მდებარე პარკში, რომელშიც საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელი ქართველები ცხოვრობენ ფოტო: მაია მჭედლიშვილიკარვები სტრასბურგთან ახლოს მდებარე პარკში, რომელშიც საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელი ქართველები ცხოვრობენ ფოტო: მაია მჭედლიშვილი
შუახევის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას ტყის ხანძრის ახალი მანქანა გადაეცა. მაღალი გამავლობის, მანევრირებადი და სწრაფი მანქანის უპირატესობა რთულ რელიეფურ პირობებში გადაადგილებაა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ტყის ხანძრების რისკს.
ოქტომბერში ტყის ხანძრის ახალი მანქანები 13 რეგიონს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეგიონების სახანძრო-სამაშველო ძალების ავტოპარკს გადასცეს. მაშინ აჭარაში ასეთი მანქანა მხოლოდ ხულოს გადაეცა. უახლოეს მომავალში ტყის ხანძრის ახალ მანქანას ქედასაც გადასცემენ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ხულოს მუნიციპალიტეტის ორი სოფლის – მთისუბნისა და პანტნარის საჯარო სკოლებში ინგლისური ენის დისტანციური სწავლების დანერგვას გეგმავს. პროექტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქვეპროგრამის – „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში ხორციელდება. როგორც ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, დისტანციური სწავლების საჭიროება მაღალმთიან რეგიონებში უცხო ენის სპეციალისტების ნაკლებობამ განაპირობა.
როგორც ქვეპროგრამის – „ასწავლე საქართველოსთვის“ მენეჯერი ლალი წიკლაური ამბობს, პირველი დისტანციური გაკვეთილი ამ ორ სკოლაში დაახლოებით ორ კვირაში ჩატარდება.
„ვაკანსიების ანალიზმა აჩვენა, რომ ყველაზე ხშირად სწორედ ინგლისური ენის ვაკანსიები რჩებოდა შეუვსებელი. მიმდინარე წლის შემოდგომაზე 40 ვაკანსია დარჩა. მოგვიანებით სკოლების ნაწილმა შეავსო ეს ვაკანსიები, მაგრამ ამ სკოლებში ინგლისურ ენას, ძირითადად, არასპეციალისტები ასწავლიან.
რეალურად, კვალიფიციური კადრის დეფიციტია ქვეყანაში, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ინგლისურ ენაში დაგვენერგა პირველად დისტანციური სწავლება,“ – გვითხრა ლალი წიკლაურმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე კონკურსი არ გამოუცხადებია ცენტრს და დისტანციურ გაკვეთილებს ცენტრის კონსულტანტ-პედაგოგები ჩაატარებენ.
„ეს პედაგოგები წლებია ჩართული არიან ჩვენს პროგრამაში და დისტანციურ სწავლებაზეც გარკვეული გამოცდილება აქვთ. თუმცა დღემდე გადიან ისინი ტრენინგებს ამ მიმართულებით“.
ლალი წიკლაურის თქმით, პედაგოგები დისტანციური სწავლების ანაზღაურებას საათების მიხედვით აიღებენ.
„ერთ სკოლაში ინგლისურის 20 საათია, მეორეში – 14 საათი. პედაგოგებს საათების მიხედვით აუნაზღაურდებათ, დანამატის ნაწილს სკოლა გადაიხდის, ნაწილს კი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. ერთ საათში ხელზე 16 ლარს აიღებენ, ასე გვაქვს დაანგარიშებული“.
„ბათუმელები“ სოფელ პანტნარის სკოლის დირექტორს არჩილ მარკოიძეს ესაუბრა. მან თქვა, რომ სატესტო გაკვეთილების შესახებ ინფორმირებულია.
„იყვნენ ჩამოსული თბილისიდან. პერსონალური კომპიუტერით ძნელად გამოგვივა და ლეპტობით შეგვიძლია ვასწავლოთო, ლეპტოპს ვიდეოთვალიც აქვს, ხმაც იოლია უფრო. გვაქვს ინტერნეტი, მაგრამ ნელია. ვაჩვენე ჩვენს IT მენეჯერებს. არ ვიცით, გამოვა თუ არაო. ჩვენთან ისეთი მდგომარეობაა ზამთარში, სამი მეტრი თოვლი მოდის. ეს ყველაზე მაღალი სოფელია, გოდერძის უღელტეხილთან ვართ სიმაღლით გათანაბრებული, თოვლის დროს ხან შუქიც არ არის. ვნახოთ, იქნებ გამოვიდეს,“ – ამბობს სკოლის დირექტორი.
სკოლას ინგლისური ენის მასწავლებელი არ ჰყავს. ამ დროისთვის სოფლის საბაზო სკოლაში 9 მოსწავლე სწავლობს, ყველაზე მეტი – სამი მოსწავლე მესამე კლასშია. სკოლის დირექტორის თქმით, სოფელში ამჟამად 19 ოჯახი ცხოვრობს.
სოფელ მთისუბანში მხოლოდ საბაზო სკოლაა, სადაც ამ დროისთვის 14 მოსწავლე სწავლობს, ორი – პირველ კლასში, დანარჩენ კლასებში კი – თითო ან ორი მოსწავლე.
მთისუბნის სკოლის დირექტორი ანზორ თურაძე ამბობს, რომ სკოლას ნელი ინტერნეტი მიეწოდება. „იყვნენ ჩამოსული თბილისიდან, მოდემი ჩამოიტანეს და ალბათ ახალ კომპიუტერსაც ვიყიდოთ. თუმცა ცუდ ამინდში ინტერნეტი ძალიან ცუდად მოგვეწოდება,“ – გვითხრა მან.
ლალი წიკლაური ამბობს, რომ ისინი გაეცნენ სკოლებში არსებულ ტექნიკურ პირობებს. „შევამოწმეთ ინტერნეტიც. პანტნარის სკოლა ყველაზე მაღალი სოფელია, თუმცა იქ უფრო კარგი ინტერნეტი იყო, ვიდრე მთისუბანში. თუმცა, მათი პრობლემაც გამოსწორდება, თუკი ახალ კომპიუტერებს შეიძენენ და ახალი პროგრამები ჩაიტვირთება. მთავარია, დენი არ ჩაქრეს. თუკი მსგავსი რამ მოხდება, ჩვენ გაკვეთილებს ავუნაზღაურებთ,“ – ამბობს წიკლაური.
ლალი წიკლაურის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში, დაახლოებით 30 სკოლაში ინგლისურ ენას არასპეციალისტი ასწავლის. მისი თქმით, თუ პილოტი გაამართლებს, შესაძლებელია ინგლისური ენის დისტანციური სწავლება სხვა სკოლებშიც დაინერგოს.
___________
მთავარ ფოტოზე: ზამთარი ხულოში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.
საქართველოს ბაზარზე სამშენებლო მასალების ხარისხი 2018 წლის 15 ნოემბრიდან მხოლოდ ევროსტანდარტების შესაბამისი უნდა ყოფილიყო, თუმცა 21 ნოემბერს შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება მთავრობამ 2019 წლის 15 იანვრამდე შეაჩერა.
რეგლამენტის მოთხოვნების ძალაში შესვლამდე ერთი დღით ადრე, 14 ნოემბერს კი, მთავრობამ დადგენილებაში მთელი რიგი ცვლილებები შეიტანა. მათ შორის განისაზღვრა, რომ „ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება ფიზიკური პირის მიერ 30 კალენდარულ დღეში ერთხელ, ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის სამშენებლო პროდუქტებზე, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის“.
ტექნიკური რეგლამენტი ეხება ცემენტს, არმატურას, ელექტროკაბელებსა და პლასტმასის მილებს. შესაბამისი სტანდარტების დასახელება კი, საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაედგინა.
ტექნიკური რეგლამენტის შესახებ დადგენილებაში შეტანილი ცვლილების შედეგად რეგლამენტიდან მთლიანად იქნა ამოღებული დანართი, რომელიც განსაზღვრავდა ძირითად მოთხოვნებს სამშენებლო ობიექტების მიმართ.
ცვლილებების მიხედვით, მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ცემენტი და ელექტროკაბელი, მოცემული იქნება იმ სტანდარტ(ებ)ში, რომელთა დასახელებასაც აქვეყნებს საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო; ხოლო არმატურისა და პლასტმასის მილების შემთხვევაში ასეთი მოთხოვნები უკვე მოცემულია უშუალოდ რეგლამენტის დანართში.
ენმ-ს წარმომადგენელმა, ყოფილმა პოლიციელმა, გია ხალვაშმა, დღეს, 26 ნოემბერს, ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ შსს მინისტრი, გიორგი გახარია, ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის სასარგებლოდ ხმების მიტანას აიძულებს.
„ის (გახარია) პოლიციელებს არ აძლევს თავისუფალი არჩევანისა და თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალებას. პოლიციელებს, რომლებიც სოციალურ ქსელში აზიარებენ „რუსთავი 2“-ის სიუჟეტებს ან გრიგოლ ვაშაძის გამოსვლებს მოიწონებენ, სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.
პოლიციელები, რომლებიც ელოდებოდნენ წოდების მინიჭებას, წოდების სანაცვლოდ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა ოცკაციანი სია მოსთხოვეს.“
„ბათუმელების“ კითხვაზე, შეუძლია თუ არა დაასახელოს კონკრეტული მაგალითები, საიდანაც იკვეთება ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა, გია ხალვაში ამბობს, რომ კონკრეტული პირების ვინაობა იცის, თუმცა ამაზე საჯაროდ ვერ ისაუბრებს.
„თავს შევიკავებ სახელ-გვარების დასახელებისგან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სამსახურს დაატოვებინებენ“, – ამბობს ხალვაში.
„ბათუმელების“ შემდეგ კითხვაზე, უშუალოდ მასთან კონკრეტულად რამდენმა პოლიციელმა ისაუბრა ზეწოლაზე, გია ხალვაში ამბობს, რომ სამმა პოლიციელმა.
„როცა ქუჩაში მხვდებიან პოლიციელები, ღიად გვესაუბრებიან, თუმცა მედიაში არ სურთ ამაზე საუბარი და მთხოვეს, რომ არ დამესახელებინა ისინი.
პოლიციელებზე ზეწოლაა, როცა მიმდინარეობს მათი როტაცია და პოლიციელები, რომლებიც ცხოვრობენ ბათუმში, გააგზავნეს იმ რაიონებში, საიდანაც არიან წარმოშობით და სადაც უფრო მეტი ნათესავი ჰყავთ, რომ ამუშაონ საარჩევნოდ“, – ამბობს ხალვაში.
მისივე თქმით, პოლიციელების როტაცია არ არის იშვიათობა, „თუმცა ეს საგანგებო შემთხვევებს უკავშირდება“.
მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ე.წ. იტალიურ ეზოში, არსებულ ერთ-ერთ ობიექტში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ელექტრომრიცხელებს გაუჩნდა. მრიცხველებიდან დენი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელსაც მიეწოდება.
როგორც ტელევიზიის ტექნიკურმა დირექტორმა, ჯემალ გვეტაძემ, „ბათუმელებს“ უთხრა, ცეცხლის გაჩენა მრიცხველების გადატვირთვამ გამოწვია.
„მიზეზი არის დატვირთვა, რადგან მოძველებულია სადენები, ვეღარ უძლებს. ტელევიზიას ელექტროენერგიის მიწოდება მალე აღუდგება“, – გვითხრა გვეტაძემ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
შსს-ს ინფორმაციით, ტრანსფორმატორით აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის გარდა სხვა მიმდებარე ობიექტებიც სარგებლობენ.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გვერდით არსებულ ობიექტში ელექტრომრიცხველები დაიწვაობიექტი, სადაც ცეცხლი გაჩნდა
ის ხელის აფარებით შემოვიდა სასამართლო დარბაზში და ბრალდებულისთვის განკუთვნილ ადგილას უხმოდ დაჯდა.
“ჩვენ ვითხოვთ სასამართლო პროცესის დახურვას,” – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა ბიძინა ბერიძემ.
ადვოკატის თქმით, მკვლელობაში ბრალდებულს არ სურს მისი სამსახურებრივი მონაცემების გასაჯაროება.
“სხდომის დახურვას თავისი საფუძველი აქვს, რაც არ არსებობს,” – მოუჭრა ადვოკატს პროკურორმა რამაზ შავაძემ.
რეპლიკის შემდეგ ადვოკატმა დაამატა, რომ ბრალდებულს პირადი ცხოვრების გასაჯაროებაც არ სურს. მისი განმარტებით, ბრალდებულს კონკრეტულ მიმოწერაზე სურს საუბარი.
მოსამართლე ლევან გელოვანმა ადვოკატის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სხდომის მხოლოდ ის ნაწილი დახურა, სადაც ბრალდებულს უნდა ეთქვა საკუთარი პოზიცია.
საუბარია 24 ნოემბერს ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე – სამორინეში ერთი ქალი დანით მოკლეს, მეორე – დაჭრეს. ბრალდებულ ლევენთ ულუთურქს დღეს, 26 ნოემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის ვერსიით, ლევენთმა, რომელიც თურქეთის მოქალაქეა, ბათუმში უზბეკი ქალი გასული წლის დეკემბერში გაიცნო. ლევენთი თამბაქოს ბიზნესში ყოფილა ჩართული, უზბეკი ქალი – სექსინდუსტრიაში. მათ ბინა იქირავეს და რამდენიმე თვე ერთად ცხოვრობდნენ.
ბრალდებულის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, ლევენთს ქალთან კონფლიქტი მოუხდა. უზბეკი ქალი საცხოვრებლად მეგობართან გადავიდა, რომელიც ასევე უზბეკეთიდანაა. ქალები სამორინე “პრინცესას” ხშირი სტუმრები იყვნენ, სადაც მკვლელობა მოხდა.
„მკვლელობის ღამემდე ლევენთ ულუთურქმა ბათუმში, ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე სამონადირეო მაღაზიაში იყიდა დანა ქარქაშით, ასევე წებოვანი ლენტი, რომელიც მან დანას ააკრა იმისთვის, რომ სამორინეში შესვლა დანით მოეხერხებინა და უსაფრთხოების სამსახურს არ გაეჩერებინა…” – განაგრძო სასამართლო პროცესზე ბრალდების არსის წაკითხვა პროკურორმა.
მკვლელობა ღამის ოთხის თხუთმეტ წუთზე მოხდა. გამოძიების ვერსიით, ლევენთმა სამორინეში თავისი სექსუალური პარტნიორის მეგობარი მოკლა – მას გულმკერდისა და მარჯვენა ბარძაყის არეში რამდენჯერმე დაარტყეს დანა. უზბეკი ეროვნების ქალი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
იმავე ღამეს ლევენთმა პარტნიორ ქალი დანით დაჭრა. ის კლინიკიდან უკვე გაწერეს.
გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ლევენთმა თქვა, რომ ეს ეჭვიანობის გამო გააკეთა. მას არ სურდა, პარტნიორს ისევ სექსმუშაკად ემუშავა.
ლევენთ ულუთურქს გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება. გამოძიებას მისთვის ჯერ არ წაუყენებია ბრალი პარტნიორი ქალის დაჭრის ნაწილში.
“ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას. ამის შესაბამისად წავუყენებთ ბრალს,” – გვითხრა პროკურორმა რამაზ შავაძემ.
ლევენთ ულუთურქს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. მისი საქმე შესაძლოა ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. გადაწყვეტილება თავად ბრალდებულმა უნდა მიიღოს. შეკითხვას მოსამართლე ბრალდებულს ამ საკითხზე წინასასამართლო სხდომაზე დაუსვამს.
ბათუმის მერი ლაშა კომახიძე დღეს, 26 ნოემბერს, წლის ანგარიშს წარადგენს. ანგარიში ღია ცის ქვეშ გაიმართება, რის გამოც, დღეს დილიდან მერიის შენობის წინ, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდა.
როგორც მერიის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს,, ქუჩა საღამოს 21:00 საათამდე იქნება გადაკეტილი. კითხვაზე – რატომ გადაწყვიტა ლაშა კომახიძემ წლის ანგარიშის ღია სივრცეში წარდგენა და ხომ არ შეუშლის სიცივე ხელს მოქალაქეებს, რომ დაესწრონ მერის ანგარიშის წარდგენას, პრესსამსახურში გვეუბნებიან, რომ ვისაც სურვილი აქვს მოუსმინოს მერს, მისთვის პრობლემა არ იქნება.
„საკრებულოს დარბაზში ყველა ვერ დაეტეოდა და აქედან გამომდინარე კეთდება გარეთ. კი ცივა, მაგრამ ყველას გვაცვია პალტო“, – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.
ამ დროისთვის მერიის წინ სკამებს დგამენ და სცენას ამონტაჟებენ.
ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, დღეს, 26 ნოემბერს, წლის ანგარიშს წარადგენს. ფოტო: მანანა ქველიაშვილი
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას საქართველოსთვის სტაბილურობა სურს. მისი თქმით, ქვეყანას რევოლუცია და ერთმანეთს შორის დაპირისპირება აღარ სჭირდება. ამის შესახებ დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„მე ამ ქვეყნისთვის სტაბილურობა მინდა. ჩვენი ურთიერთობები უცხოეთში, საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის დამოკიდებულებადა ურთიერთგაგება ქმნის სტაბილურობას. ამ ქვეყანას აღარ სჭირდება არც რევოლუცია, არც ერთმანეთში დაპირისპირება. არამედ, ჩვენ გვჭირდება ამ გზის გავლა იმისთვის, რომ სარკის მეორე მხარეს გავიდეთ და გავხდეთ თანამედროვე, ჩვენ თავში დარწმუნებული ქვეყანა“, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, მას საქართველოს მომავლის სჯერა და სწორედ ამიტომ ჩამოვიდა ქვეყანაში და დარჩება აქ.
„ამ ქვეყნის მომავლის რწმენა და იდეოლოგია არის ის, რაც ჩვენ არა მხოლოდ გვაერთიანებს, არამედ მომავლის გზასაც გვიჩვენებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დღეს, 25 ნოემბერს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ხილის ფესტივალი გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ბაღის ტერიტორიაზე არსებული ციტრუსების კოლექციიდან 33 სახეობის ციტრუსი, ხეხილ-კენკროვნები, ბაღის ფიტოგეოგრაფიული განყოფილებების ეგზოტური ხილი და კაკლოვნები. დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ შეეძინათ ბაღის სანერგეში გამოყვანილი ციტრუსის ნერგები.
ფესტივალში მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“ და მეწარმეები, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვადასხვა სახის წვენებს, ჯემებს, მურაბებსა და მანდარინის ,,ჩიფსებს”.
ხილის ფესტივალი. ფოტო: ბათუმის ბოტანიკური ბაღიხილის ფესტივალი. ფოტო: ბათუმის ბოტანიკური ბაღიხილის ფესტივალი. ფოტო: ბათუმის ბოტანიკური ბაღიხილის ფესტივალი. ფოტო: ბათუმის ბოტანიკური ბაღიხილის ფესტივალი. ფოტო: ბათუმის ბოტანიკური ბაღიხილის ფესტივალი. ფოტო: ბათუმის ბოტანიკური ბაღიხილის ფესტივალი. ფოტო: ბათუმის ბოტანიკური ბაღი
დღეს, 25 ნოემბერს, ხიჭაურში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, რომელმაც ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაზიფიცირების პირველი ეტაპის დასრულების აღსანიშნავად მაგისტრალური მილიდან გაზი აანთო.
„ეს არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ნაბიჯი, ვინაიდან, ეს საშუალებას მოგვცემს, რომ მთიან აჭარაში მოსახლეობა არათუ შემცირდეს, არამედ პირიქით, კიდევ უფრო გაიზარდოს და ეს ადგილი გახდეს უფრო საინტერესო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. ეს შესანიშნავი ბუნება, რასაც ჩვენ ვუყურებთ, უნდა გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი და რა თქმა უნდა, ამის წინაპირობა გახლავთ სწორედ გაზიფიცირება. კიდევ ერთხელ მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ყველას და კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მათ შორის დონორებს, რომლებიც დაგვეხმარნენ ამ პროექტის რეალიზაციაში. როგორც შეგპირდით, 2020 წლისთვის უკვე გოდერძის უღელტეხილამდე მივა ჩვენი მილსადენები და დამატებით 15 000 ოჯახი შეძლებს ბუნებრივი გაზის მიღებას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის ცნობით, მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტის პირველი ეტაპი სოფელ სალიბაურიდან სოფელ ხიჭაურამდე მონაკვეთს მოიცავს. გაზის მილები ცენტრალური მაგისტრალის 65 კმ მონაკვეთზე ჩაიდო. პროექტი ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს.
გაზსადენის მშენებლობის ღირებულება 25 768 251 ლარია. სამუშაოები შპს „ენერჯი ინვესტი2009″-მ განახორციელა.
პროექტი 2017 წლის 17 ოქტომბერს დაიწყო.
საქართველოს მთავრობის ცნობით, უკვე დაწყებულია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების მეორე ეტაპის პროექტირება, რაც შუახევი-გოდერძის უღელტეხილის 54.0 კმ. მონაკვეთზე ძირითადი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ დამატებით 15 200 აბონენტის გაზიფიცირება მოხდება. გაზიფიცირების მეორე ეტაპის მშენებლობა ბიუჯეტიდან 30 მლნ ლარით ფინანსდება.
________________
მთავარ ფოტოზე: ზურაბ პატარაძე, მამუკა ბახტაძე და თორნიკე რიჟვაძე
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის სახურავის, ვიტრაჟებისა და ფასადის მოპირკეთებისთვის საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 16 934 136 ლარია. აეროპორტის ახალი ტერმინალის გადახურვა და მოპირკეთება ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 კვირაში უნდა დასრულდეს.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით:
„არსებული ტერმინალის გაბარიტული ზომებია 49მX87მ-ზე (მალებში), ხოლო ახალი ნაწილის – 69მX153მ-ზე, მათ შორის გათვალისწინებულია 5მ-იანი კონსტრუქციული გადაბმის ნაკერი.
არსებულ ერთსართულიან შენობაში განთავსდება გაფრენის დარბაზი მაღაზიებით და კაფეებით; საპასპორტო-სასაზღვრო კონტროლი; გასასვლელი ჭიშკრების სივრცე; დამხმარე სათავსები; სან-კვანძები და აეროპორტის თანამშრომლების საოფისე ოთახები, მოეწყობა დამატებითი ანტრესოლები/მეზანინები.
ახალი ტერმინალი მოშენებით თითქმის ორჯერ აღემატება არსებულს. კონსტრუქციულადაც და ფუნქციურადაც იგი ორ ნაწილადაა დაყოფილი: ძირითადი დარბაზი – განკუთვნილია მგზავრების მიღებისთვის, რეგისტრაციისთვის და მეორე – ჩამოფრენის დარბაზი.
ახალი ტერმინალის პირველი სართულის ქვეშ მთლიანად გათვალისწინებულია სარდაფის მოწყობა. ცენტრალურ ნაწილში მოხდება 4 სართულის-მეზანინის დაგეგმარება, ჩამოფრენის დარბაზში ასევე მოეწყობა ანტრესოლი/მეზანინი საოფისე სივრცეებისთვის. სარდაფის სართული ძირითადად განკუთვნილია საბარგო ოპერირებისთვის, აქ ასევე განთავსდება საინჟინრო დანადგარებისთვის საჭირო ოთახები/სივრცეები, საწყობები, სასადილო და სან-კვანძები საშხაპეებით თანამშრომლებისთვის.
ახალი ტერმინალის ცენტრალური, 4-დონიანი ნაწილის პირველ სართულზე განთავსდება თანამშრომლების საოფისე ოთახები, აეროპორტის ოპერირებისთვის საჭირო დამხმარე სივრცეები და სან-კვანძები, კიბესთან გათვალისწინებულია ორი ლიფტის და ორი შახტის დაგეგმარება საიჟინრო კომუნიკაციებისთვის. მე-2 სართულზე მდებარეობს ძირითადი კაფე-რესტორანი და „ლაუნჯი“, საიდანაც მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ გავიდნენ სახურავზე მოწყობილ ამფითეატრულ ტერასაზე. მე-2 სართულის დანარჩენი ნაწილი (ჩამოფრენის დარბაზში არსებული მეზანინიც) მთლიანად განკუთვნილია საოფისე და აეროპორტის ოპერირებისთვის საჭირო სივრცეებისთვის“.
სატენდერო პირობის თანახმად, „ახალი ტერმინალის ექსტერიერი იქნება არსებულის შესაბამისი. ფასადები ძირითადად შემინულია მაღალი ხარისხის ვიტრაჟებით, ხოლო ნაწილი – მოპირკეთდება ალუმინის ფილებით (არსებულის მსგავსად). სახურავის მოპირკეთება შედგება ორი ნაწილისგან: ხის პოლიმერული კომპოზიტური ფილებით მოპირკეთებული ამფითეატრი-ტერასა და არაექსპლუატირებადი მწვანე გადახურვა. შენობის კონსოლები მოპირკეთდება ალუმინის ფილებით“.
ტენდერში წინადადებების მიღება 2018 წლის 12 დეკემბერს დაიწყება და 17 დეკემბერს დასრულდება.
„მომწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სამშენებლო ობიექტი მდებარეობს ოპერირებადი აეროპორტის მომიჯნავედ. ამასთანავე, სამუშაოს საბოლოო ეტაპზე ხდება ახალი შენობის შეერთება არსებული ტერმინალის შენობასთან. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ობიექტზე იმუშავებენ სხვა მომწოდებლებიც. შესაბამისად, რიგ შემთხვევებში შესაძლოა წარმოიშვას გარკვეული შეზღუდვები სამუშაო დროის ანდა არეალის თვალსაზრისით. მომწოდებელმა გეგმა-გრაფიკის და ზოგადად სამუშაოების დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინოს ამგვარი ფაქტორების შესაძლებლობა გონივრულ ფარგლებში და არ დაუშვას (ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, აღმოფხვრას) ამგვარი ფაქტორებით გამოწვეული ჩამორჩენა, პროცესის ინტენსიფიკაციის მეშვეობით – მაგ. ტექნიკის დამატებით, მუშახელის ანდა ცვლის დამატებით და სხვ.“ – აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.
ახალი ტერმინალის დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობები გასამმაგდება. რამდენიმე თვის წინმთავრობაში განაცხადეს, რომ განახლებული ტერმინალი 2019 წლის დასაწყისში, აეროპორტის სრული რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ გაიხსნებოდა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ არსებული გეგმის მიხედვით ახალი ტერმინალი 2019 წლის ბოლოს გაიხსნება.
ქობულეთში 40 მლნ ლარის საინვესტიციო ღირებულების ახალი სასტუმრო-კომპლექსი შენდება. აჭარის მთავრობის ცნობით, კომპლექსის მშენებლობას 24 ნოემბერს ჩაეყარა საფუძველი და ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე და ინვესტორი კომპანიის ხელმძღვანელი, გიორგი შერაზადიშვილი ესწრებოდნენ.
აჭარის მთავრობის ცნობით, სასტუმროში 240 ნომერი იქნება, თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო კომპლექსში განთავსდება გამაჯანსაღებელი ცენტრი, ღია და დახურული აუზი, საკონფერენციო დარბაზი, სპა ცენტრი, რესტორნები და კაფეები. სასტუმროში ასევე მოეწყობა რეკრეაციული ზონა. მშენებლობის პროცესში 150 ადამიანი, ხოლო ოპერირებისას – 70 მოქალაქე დასაქმდება.
პროექტს შპს “ელ & ერ კომპანი” ახორციელებს, რომლის მესაკუთრეებიც სლოვაკეთის მოქალაქე, გიორგი შერეზადაშვილი და ჩეხეთის მოქალაქე, რადეკ ბრაზდა არიან. კომპანია საქართველოში 2014 წლიდან მუშაობს.
ამავე კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტია „რივიერა შეკვეთილი“.
სასტუმროს მშნებლობა ქობულეთში. ფოტო: აჭარის მთავრობა
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 ნოემბრის 21 საათიდან 26 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 13 – 18 გრადუსი
ღამით: 5 – 10 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 27-28 ნოემბერს, აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
_________
მთავარ ფოტოზე: ბათუმის ცენტრალური პარკი. მარი ზაქარაძის ფოტო.
დღეს, 25 ნოემბერს, ბათუმის დრამატულ თეატრს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ეწვია მთავრობის წევრებთან ერთად და მსახიობებსაც შეხვდა.
ოფიციალური ცნობით, პრემიერმა თეატრი დღეს, დილის 11 საათზე გახსნა, თუმცა არ შემდგარა გახსნის ოფიციალური ცერემონია, რომელსაც ფართო საზოგადოება დაესწრებოდა და შეხვედრა მსახიობებთან მედიისთვისაც დახურული იყო. ჟურნალისტები შენობის გარეთ დარჩნენ, მათ თეატრის გახსნის და მსახიობებთან შეხვედრის გაშუქების შესაძლებლობა არ მიეცათ.
პრემიერ-მინისტრის მსახიობებთან შეხვედრის მოკლე ფრაგმენტი მამუკა ბახტაძის ოფიციალური გვერდით გავრცელდა.
„განსაკუთრებით მინდა მივულოცო დღევანდელი დღე აქ მოღვაწე საზოგადოებას. შენობა აღდგენილია ისე, რომ შენარჩუნებულია ყველა ისტორიული ნიუანსი, უნიკალური მხატვრობა, ჭაღები, კოლონები… ეს გააკეთა ფონდმა „ქართუმ“ და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს ამ დახმარებისთვის,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის წევრებიც, ასევე, საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე და აჭარის მთავრობის კიდევ ერთი ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრი არჩილ ხაბაძე.
არჩევნების მეორე ტურის წინ აჭარაში სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფთან მედიისთვის დახურულმა შეხვედრებმა იმატა. 16 ნოემბერს აჭარაში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი შეხვდა ექიმებს დახურულ შეხვედრაზე, იმავე დღეს კი, განათლების მინისტრი შეხვდა ბათუმის უნივერსიტეტში სტუდენტებს, ასევე, დახურულ შეხვედრაზე.
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავალუტო ჯიხური გაძარცვეს. ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, შემთხვევა 23 ნოემბერს მოხდა: „ჯიხურში მომუშავე ფულს ითვლიდა, რა დროსაც, დაახლოებით 5 ათასამდე ლარი ხელიდან გასტაცეს, ეტყობა, მძარცველი ქუჩიდან უთვალთვალებდა.“
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე [ძარცვის] მუხლით.
ამ მუხლის მიხედვით, „ძარცვა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე“.
შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
დღეს, 24 ნოემბერს, ბათუმის ბულვარში, მდებარე ერთ-ერთ რესტორანზე გამოფენილი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშა ჩამოხსნილია. რუსეთის დროშა რესტორანზე დილით გამოფინეს. ინფორმაცია „ბათუმელებს“ მოქალაქემ მიაწოდა. გამოცემის მიერ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნებას, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მოქალაქეების მძაფრი რეაქცია და პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ „მიდიოდნენ ბულვარში რუსეთის დროშის ჩამოსაგლეჯად“.
ვიდეოს გავრცელებიდან რამდენიმე საათში რესტორნის მენეჯმენტმა რუსეთის დროშა ჩამოხსნა. რესტორან “მედუზას” მენეჯერი, თეონა ხოზრევანიძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის და “ბათუმელებთან” განმარტებას აკეთებს. ნახეთ ვიდეო:
მთავარი ფოტო: რესტორანზე, რომელზეც დღეს დილით რუსეთის დროშა იყო გამოფენილი, ახლა სხვადასხვა ქვეყნის დროშაა გამოფენილი
2019 წლიდან, „საქართველოს რკინიგზის“ მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლებით მგზავრობისას კიდევ 70 000-მდე მოქალაქე ისარგებლებს 50%-იანი შეღავათით.
შეღავათი შეეხება: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების მონაწილეებს, ამ ბრძოლებში დაღუპულების ოჯახის წევრებს და მარჩენალდაკარგულებს;
აგრეთვე, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და ავღანეთის ომის მონაწილეებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივა, ვეტერანებს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილ შეხვედრაზე, „საქართველოსრკინიგზის“ წარმომადგენლებმა გააცნეს.
პრემიერის ინიციატივას მთავრობა უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებს, რის შემდეგაც საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭო შესაბამის დადგენილებას 2018წლის ბოლომდე გამოსცემს.
ბათუმის ბულვარში ერთ-ერთი რესტორნის შენობაზე რუსეთის დროშა ფრიალებს. დროშები დღეს გამოფინეს. ადგილზე რუსეთის დროშის გამოფენა მოქალაქე შოთა კვანტალიანმა გააპროტესტა, რომელიც ბულვარში ველოსიპედით სეირნობდა. მისი თქმით საქართველოში ოკუპანტის დროშის გამოფენა მიუღებელია და ვერანაირი მიზეზი, „მათ შორის ვერც ტურისტების მოზიდვა, ამას ვერ გაამართლებს.“
ადგილზე გამოფენილია ასევე აჭარისა და უკრაინის დროშები, ჯერჯერობით საქართველოს დროშა გამოფენილი არ არის.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა შენობის მეპატრონეს რამაზ ცეცხლაძეს, რომელმაც სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ შენობა იჯარით აქვს გაცემული.