მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

პატარა სახელმწიფო დიდი სამართლის მოლოდინში

19.11.2018 • 3096
პატარა სახელმწიფო დიდი სამართლის მოლოდინში

ავტორი: აკაკი ბერიძე, ლექტორი, საერთაშორისო  სამართლის დოქტორანტი

2008 წლის აგვისტოში, როცა საერთაშორისო სამართლის რეიტინგული ჟურნალები ჩვეულებრივ შვებულებაში იყვნენ და სტატიების გამოქვეყნებაზე დროებითი პროფესიული შესვენება ჰქონდათ აღებული, 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტმა ეს შვებულებები შეაჩერა და სტატიების გამოქვეყნება დაიწყო ერთი-მეორეზე მიყოლებით.

თუ გადავხედავთ იმ დროინდელ პრესას, გარდა ამერიკული და რუსული ჟურნალებისა, აქტიურობდნენ საერთაშორისო სამართლის ისეთი კლასიკური ქვეყნები, როგორიცაა ნიდერლანდები, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და სხვები.

ბევრმა შეიძლება იკითხოს, რა მნიშვნელობა ჰქონდა მედიაში რომელიღაც ექსპერტის მოსაზრებებს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ გარდა პოლიტიკური, საინფორმაციო და საზოგადოებრივი დატვირთვისა, საერთაშორისო სამართლის მეცნიერებაში არსებობს ერთი დაუწერელი კანონი, ყოველი კონკრეტული მოვლენის საერთაშორისო სამართლებრივი შეფასებისას ყოველთვის იყენებენ აღიარებული ექსპერტების მოსაზრებებს საერთაშორისო ფორუმებზე საკუთარი პოზიციის გასაძლიერებლად არა-მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციები, ეროვნული მთავრობები, არამედ თვით საერთაშორისო სასამართლოებიც კი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს აქვს  საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძლიერი სკოლა, ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდებოდა ამ კრიტიკულ სიტუაციაში საერთაშორისო აკადემიური წრეების მხარდაჭერა 8 აგვისტოს ომის საერთაშორისო სამართლებრივი შეფასებისათვის.

2008 წლის 12 აგვისტოს ბრიტანულმა „გარდიანმა“ გამოაქვეყნა ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის თავმჯდომარის, 21-ე საუკუნის საერთაშორისო სამართლის მეცნიერების ერთ-ერთი არქიტექტორის, იტალიელი პროფესორის ანტონიო კასესეს სტატია – „მგელი, რომელმაც საქართველო შეჭამა“. ეს არ ყოფილა უბრალო სტატია სტატიისთვის და ინტერვიუსთვის, საინფორმაციო ომის პირობებში კასესემ მიწასთან გაასწორა ყველა ის არგუმენტი, ვინც საქართველოს ბრალს სდებდა 8 აგვისტოს დროს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვისთვის.

აკაკი ბერიძე

რა თქმა უნდა, ჩემი, როგორც წინამდებარე სტატიის ავტორის პოზიცია არ მდგომარეობს იმაში, რომ მოვახდინო ანტონიო კასესეს სტატიაზე დაყრდნობით ჩემი მოსაზრებების აგება და ჩამოყალიბება. შესაძლოა ის, რაც გარდიანზე ვახსენე ზემოთ, უფრო ეპილოგის ადგილს უნდა იჭერდეს, ვიდრე პროლოგისას ჩემს მოსაზრებაში, მაგრამ ეს შეგნებულად გავაკეთე, რადგან როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ვუყურებ რა საქართველოში ორი პარტიის წინასაარჩევნო დაპირისპირებას, და მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკისგან ამ ეტაპზე დისტანცირებული ვარ, ჩემს პროფესიულ მოვალეობად ვთვლი მკითხველს გავუქარწყლო ერთგვარი შიშები, ავუხსნა გასაგებად, რას უნდა ველოდოთ ჰააგისგან მიმდინარე  გამოძიების ჭრილში.

დავიწყოთ იქედან, რომ ჰააგას დღემდე არ გააჩნია ქალაქის სტატუსი, ის ჰოლანდიის ერთ-ერთი სოფელია. მიუხედავად ამისა, ის საერთაშორისო სამართლის „მექაა“. მას მსოფლიოს საერთაშორისო სამართლის დედაქალაქად აღიარებენ. ჰააგაში არის 4 სასამართლო: მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (ICJ), საერთაშორისო სისხლის სასამართლო (ICC), ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი (ICTY) და საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო (IAC). გარდა ამისა, ბევრი ისეთი საერთაშორისო სამართლებრივი კვლევითი ინსტიტუცია, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია საერთაშორისო სამართლის მეცნიერება.

სამწუხაროდ, საქართველოს უკვე  ორჯერ მოუწია ჰააგაში განთავსებული სასამართლოების გამოყენება რუსეთ-საქართველოს ომის კონტექსტში.

პირველი სარჩელი, რომელიც ჰააგაში წავიდა იყო 8 აგვისტოს ომის დამთავრებიდან ძალიან მალე. რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელი საქართველომ 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა და რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ადგილობრივი სეპარატისტული ხელისუფლებების დახმარებით, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციასა და რასიზმში დაადანაშაულა. სარჩელი აერთიანებდა არა მარტო 2008 წლის კონფლიქტის ფაქტებს, არამედ 1990 წლიდან 2008 წლამდე დაფიქსირებულ შემთხვევებს და ამ ქმედებების შეწყვეტის დავალდებულებას ითხოვდა. მიმაჩნია, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ შეცდომით შეიტანა ეს სარჩელი სამართლებრივი კუთხით, და უფრო პოლიტიკური ინსპირაცია ჰქონდა მას.

საერთოდ, საერთაშორისო სამართალში თავისებური ქცევა ახასიათებთ დიდ სახელმწიფოებს. ისინი ხელს არ აწერენ სენსიტიურ საერთაშორისო კონვენციებს, რადგან სურთ არ იქონიონ ვალდებულებები საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ. არც ეს კონვენცია ყოფილა რუსეთის ფედერაციის მიერ ხელმოწერილი, ეს საბჭოთა მემკვიდრეობის ნაწილია. სწორედ ამის შედეგი იყო ალბათ, რომ საქართველომ ვერ მონახა რუსეთის ხელმოწერილი სხვა კონვენცია, რომელზეც დავას ააგებდა საერთაშორისო სასამართლოში. იგივე გააკეთა უკრაინამ ყირიმის კონფლიქტის შემდეგ.

ბევრი საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი 2008 წელს ამ სარჩელის შეტანას  იმიტომ ეწინააღმდეგებოდა, რომ კონვენციის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი დაუშვებლად იქნებოდა ცნობილი. გარდა ამისა, სუფთა საერთაშორისო სამართლებრივი პერიპეტიებისა, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო გაეროს ერთ-ერთი ორგანოა, რომელზეც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს (მათ შორის, რუსეთს) დიდი გავლენა აქვთ და  საქართველო ალბათ ვერ გადაწონიდა რუსეთის პოლიტიკურ ძალას გაეროს დონეზე.

მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო: სასამართლომ გადაწყვეტილების მისაღებად იხელმძღვანელა დისკრიმინაციის ლიკვიდაციის კონვენციის 22-მუხლით, რომელშიც ნათქვამია, რომ კონფლიქტი პირდაპირი მოლაპარაკებების ან ამავე კომიტეტის საშუალებით უნდა მოწესრიგდეს. საწყენია სასამართლოს გადაწყვეტილებაში შემდეგი ჩანაწერი – ქართულმა მხარემ აღიარა, რომ რუსეთის წინააღმდეგ რასობრივი დისკრიმინაციის საერთაშორისო კონვენციის ასამოქმედებლად, ანუ საკითხის დასასმელად, ყველა ეტაპი და პროცედურა არ გაუვლია. ქართულმა მხარემ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში საქმე სარჩელის არასწორად შეტანის გამო წააგო.

მეორე სასამართლო, რომელსაც საქართველომ მიმართა არის საერთაშორისო სისხლის სასამართლო

განსხვავებით მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსგან, სადაც სახელმწიფოთაშორის დავებს განიხილავენ, საერთაშორისო სისხლის სასამართლო ადგენს ინდივიდუალურ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იმ დანაშაულებზე რომის სტატუტის წევრ ქვეყნებში, რაც საერთაშორისო სამართლის მიხედვით არის უმძიმესი დანაშაულები და მიუტევებელია მსოფლიო თანამეგობრობისთვის.

2016 წლის 27 იანვარს, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) წინასასამართლო პალატამ ჩათვალა, რომ 2008 წლის აგვისტოს წინ, მიმდინარეობისას და შემდეგ შესაძლოა მომხდარიყო ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ.

ეს იყო პირველი შემთხვევა საერთაშორისო სისხლის სასამართლოს ისტორიაშიროდესაც გამოძიება უნდა დაწყებულიყო საერთაშორისო კონფლიქტზე და ევროპაში არსებულ სიტუაციაზე. მანამდე საერთაშორისო სისხლის სასამართლოს არ ჰქონია ასეთი შემთხვევა. სწორედ ამიტომ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები ხუმრობით ამ სასამართლოს ზოგჯერ აფრიკელების დამსჯელ სასამართლოსაც უწოდებენ, გამომდინარე იქედან, რომ აფრიკაში მომხდარ დანაშაულობებს იძიებდნენ.

წინა-სასამართლო პალატის სამმა მოსამართლემ პროკურორ ფატუ ბენსუდას დართო ნება დაეწყო რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება. ჰააგის სასამართლომ შესასწავლად 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდი განსაზღვრა. გამომდინარე იქედან, რომ კონფლიქტი მიმდინარეობდა რამდენიმე დღეს, მისასალმებელია ის, რომ გამოძიება ვრცელდება არა უშუალოდ 8 აგვისტოდან კონფლიქტის დამთავრებამდე, არამედ იკვლევს კონფლიქტის ესკალაციის პრეისტორიას. შესაბამისად, ICC იძიებს სამხრეთ ოსეთში და მის მიღმა საქართველო-რუსეთის შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე სავარაუდოდ ჩადენილ კაცობრიობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულებს, გენოციდს.

შეიძლება სკეპტიკოსები საქართველოს ხელისუფლებას ბრალს სდებენ იმაში, რომ მან არ გამოიყენა ე.წ. კომპლემენტარობის პრინციპი სრულყოფილად და თვითონ არ მოახდინა ამ კონფლიქტის პერიოდში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და საერთაშორისო სისხლის სასამართლოსათვის მიწოდება, მაგრამ ეს გამართლებადია რამდენიმე ფაქტორის გამო:

  1. სასამართლო თვითონ ახალისებს წევრ ქვეყნებს არ გამოიყენონ კომპლემენტარობის პრინციპი და საქართველო ალბათ ამ ტენდენციას გაჰყვა;
  2. საერთაშორისო სისხლის სასამართლოს აქვს უკეთესი ბერკეტები მოახდინოს იმ პირების და ფაქტების მსჯავრდება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის, ასევე გამოძიების ბოლომდე მიყვანისათვის;
  3. საერთაშორისო სისხლის სასამართლო მიუხედავად იმისა, რომ ადგენს საგამოძიებო დოკუმენტებს, ბრალის წარდგენა, გამოძიების დაწყება, განაჩენის გამოტანა, მისი თითოეული დოკუმენტი არის საერთაშორისო სამართლის ნაწილი. მნიშვნელოვანია, რომ ამ დოკუმენტებში ჩაიწერა ორი მთავარი რამ:
  4. კონფლიქტი არის საერთაშორისო და მისი ერთი მხარე არის რუსეთის ფედერაცია, ხოლო მეორე საქართველო, დე ფაქტო ცხინვალი მხარე არაა – მასზე ხორციელდება კონტროლი რუსეთის ფედერაციის მიერ. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, ვინაიდან აქამდე კონფლიქტს ჰქონდა არა-საერთაშორისო კონფლიქტის სტატუსი და რუსეთი გადიოდა მშვიდობისმყოფელად.
  5. სასამართლოს დოკუმენტებში ჩაიწერა, რომ კონფლიქტი მიმდინარეობდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს ნაწილია.

საქართველო, როგორც რომის სტატუტის წევრი ქვეყანა, ვალდებულია სასამართლოს გადასცეს პირები, რომელზეც ჰააგის სასამართლო დაკავების ორდერს გასცემს. იგივე ვალდებულება არ აქვს რუსეთს (ისევე როგორც აშშ-ს, ჩინეთს, ისრაელს, კორეას, იაპონიას), რომელიც არასდროს ყოფილა რომის სტატუტის წევრი ქვეყანა და 2016 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებაზე თავისი ხელმოწერაც კი უკან გაიწვია.

საქართველოს მოქალაქეებზე დაკავების ორდერების გაცემის შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა ვალდებული იქნება დააკავოს ეს ადამიანები და გადასცეს სასამართლოს.

რუსეთის მოქალაქეებს ამ მხრივ არაფერი ემუქრებათ: რუსეთი არ არის სასამართლოს წევრი ქვეყანა, არ თანამშრომლობს სასამართლოსთან, იმთავითვე უნდობლობას უცხადებს გამოძიებას და არ აქვს ის ვალდებულებები, რომელიც საქართველოს გააჩნია. აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, რუსეთი არ გადასცემს თავის მოქალაქეებს ჰააგას. თუმცა არსებობს მეორე გზა: ეს ადამიანები შეიძლება, დააკავონ რუსეთის ფარგლებს გარეთ, როდესაც გადაკვეთენ ჰააგის სასამართლოს რომელიმე წევრი ქვეყნის საზღვარს. სულ მსოფლიოს 123 ქვეყანაა ჰააგის სასამართლოს წევრი.

დღეს საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება მოსაზრებები, რომ ICC დააკავებს სამხედროებს, პოლიტიკოსებს, რაც არ შეესაბამება რეალობას. სასამართლოს თავისებურება არის ის, რომ ის ახდენს მხოლოდ იმ პირების მსჯავრდებას, ვინც „უშუალოდ ბრძანების გამცემია და პასუხისმგებელია ბრძანების გაცემაზე“.

სასამართლო არ შედის დაბალი რანგის ჯარისკაცების ქმედებების განსჯაში.

ასევე, პირდაპირი თვალსაზრისით, სასამართლო არ ადგენს, კონფლიქტის რომელი მხარეა დამნაშავე, რუსეთი თუ საქართველო. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მხრიდან მოხდება მაღალი თანამდებობის პირების დაკავება და მსჯავრდება, ამან შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს თვი დეოკუპაციის პროცესსა და კონფლიქტის დარეგულირებაზე. იმ შემთხვევაშიც კი, რომ დადგინდეს ქართული მხარის ბრალეულობა კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში ან გენოციდში (რისი ალბათობაც ფაქტობრივად გამორიცხულია) არ შეიცვლება კონფლიქტის სტატუსი, მისი საერთაშორისო ხასიათი და რუსეთის ფედერაციის სტატუსი, როგორც ოკუპანტისა.

გამომდინარე იქედან, რომ საქმე პრეცედენტულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ისტორიაში მნიშვნელოვანია საქართველომ ყურადღება დაუთმოს ამ მიმართულებით მუშაობას. კერძოდ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უშუალოდ ომის დროს დაზარალებული მოსახლეობის, სამოქალაქო მოსახლეობის მიერ მიწოდებულ მტკიცებულებებსა და ჩვენებებს, ასევე განდევნილი ლტოლვილების წვდომას მართლმსაჯულებისადმი. იმ ფონზე, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარეობს დავა ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევებზე (საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის დარღვევებზე), მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სასარგებლოდ გამოტანილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ერთგვარი ელექსირი აღმოჩნდეს ჰააგისათვის და მტკიცებულებით ნაწილში გამოიყენოს სტრასბურგში საქართველოს სასარგებლოდ დაყენებული მტკიცებულებები ჰააგამ.

გარდა ამისა, სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევას ახდენს ფარული და ღია გზით. კერძოდ, პროკურორი თავად ახორციელებს წევრი ქვეყნებისთვის ცნობის გარეშე შესაბამისი თანამდებობის პირების დაკითხვას და მტკიცებულებების ამოღებას. მნიშვნელოვანია ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავი შეიკავონ ქვეყნისათვის წამგებიანი პოზიციის დაფიქსირებისგან, ვინაიდან ეს არაპირდაპირ გავლენას ახდენს სასამართლოზე და ჩამოყალიბდეს ერთიანი პოლიტიკა ჰააგის სასამართლოში მიმდინარე დავაზე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: