2019 წლის პირველი აპრილიდან სპირტიანი სასმელების ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება

საქართველოს მთავრობამ სპირტიანი სასმელების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა, რომელიც ადგენს მოთხოვნებს სპირტიანი სასმელების დასახელებების, აღწერის, წარდგენის და ეტიკეტირების მიმართ და რომელმაც უნდა მოაწესრიგოს ბიზნესოპერატორის მიერ სპირტიანი სასმელების წარმოების, ბაზარზე განთავსების და წარდგენის პირობები.

„ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს სპირტიანი სასმელების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას“, – აღნიშნულია რეგლამენტში.

რეგლამენტი ძალაში 2019 წლის პირველი აპრილიდან შედის. თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებით, ის სპირტიანი სასმელები, რომლებიც არ შეესაბამება ამ რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ბაზარზე განთავსებული იქნება 2020 წლის პირველ იანვრამდე.

რეგლამენტის მიხედვით დაუშვებელია:

[crosslist]

  • სპირტიანი სასმელის ოფიციალური დასახელების შეცვლა სასაქონლო ნიშნით, სავაჭრო ნიშნით, ან წარმოსახვითი სახელით [ფანტაზიის ნაყოფი];
  • ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სპირტიანი სასმელების კატეგორიების დასახელებების ან საქართველოს კანონმდებლობით დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენება სურსათის ინგრედიენტების ჩამონათვალში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესახებ“ მოთხოვნების შესაბამისად;
  • სპირტიანი სასმელების ბაზარზე განთავსება ან რეალიზაცია ჭურჭელში, რომელიც დახურულია ფოლგის ან ტყვიის კაფსულების შემცველი თავსახურით/საცობით.

[/crosslist]

რეგლამენტს დანართის სახით ახლავს ასევე ევროკავშირში გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცული სპირტიანი სასმელების ჩამონათვალი, რომლებიც საქართველოშიცაა დაცული.

რეგლამენტით, ბიზნესოპერატორი ვალდებულია: „უზრუნველყოს სპირტიანი სასმელების შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან; დაიცვას ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნები სპირტიანი სასმელების წარმოების, გადამუშავების ან/და დისტრიბუციის ეტაპებზე; შესაძლებელია ბიზნესოპერატორმა გამოიყენოს განსხვავებული მოთხოვნები იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ დასაბუთებული იქნება, რომ გამოყენებული განსხვავებული მოთხოვნებით უზრუნველყოფილია ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნების დაცვა“.

ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სპირტიანი სასმელების რეგლამენტთან შესაბამისობის კონტროლი ხორციელდება:

სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ – სახელმწიფო კონტროლის დროს;
სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ – იმპორტის სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას სავალდებულოდ წარსადგენი შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის – მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისობის დეკლარაციის ან სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატის გამოყენებით;
ბიზნესოპერატორის მიერ – შიდა საწარმოო კონტროლის დროს.

ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის სპირტიან სასმელს არ მიეკუთვნება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ჯგუფები:

[checklist]

  • 2203 ჯგუფი – ალაოს ლუდი;
  • 2204 ჯგუფი – ღვინოები ყურძნის ნატურალური, შემაგრებული ღვინოების ჩათვლით; ყურძნის ტკბილი, 2009 სასაქონლო პოზიციაში მითითებულის გარდა;
  • 2205 ჯგუფი – ვერმუტები და ყურძნის სხვა ნატურალური ღვინოები, მცენარეული ან არომატული ექსტრაქტების დამატებით;
  • 2206 ჯგუფი – სხვა დადუღებული სასმელები (მაგალითად, სიდრი, პერი (მსხლის სიდრი), თაფლის სასმელი), ნარევები დადუღებული სასმელებისაგან და დადუღებული სასმელებისა და უალკოჰოლო სასმელების ნარევები;
  • 2207  ჯგუფი – ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით (მოცულობითი სპირტშემცველობა) 80% ან მეტი, ეთილის სპირტი და სხვა დენატურირებული სპირტები ნებისმიერი კონცენტრაცით.

[/checklist]

წამლები და მკურნალობა – რას ვერ აკმაყოფილებს სამედიცინო ბაზარი საქართველოში

 

მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ წამლების ყიდვა თურქეთში დაიწყო და სამედიცინო მომსახურების მიღებაც, სადაზღვევო კომპანიების ნაწილმა საქართველოში ახალი სერვისი შექმნა – დაზღვევა თურქეთში. რას ფიქრობენ ამ თემაზე ჯანდაცვის სპეციალისტები?

თინა ტურძილაძე, ჯანდაცვის კონსულტანტი ფარმაკოეკონომიკის სპეციალიზაციით:

პრობლემა სადაზღვევო პაკეტებში არ არის, რომლებიც საერთაშორისო სამედიცინო სერვისებზე და მ. შ. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას სთავაზობს ბენეფიციარებს, ეს პაკეტები მოსახლეობის საჭიროების და, შესაბამისად, მოთხოვნილების პასუხადაა შექმნილი.

ნიშანდობლივია, რომ ადამიანებს გეგმიური სამედიცინო სერვისების და მედიკამენტების შეძენა სურთ ქვეყნის გარეთ. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს აქვთ საჭიროებები, რომელსაც ვერ აკმაყოფილებს ქართული ბაზარი. რა თქმა უნდა, ამ სერვისებში გადახდილი თანხები ქვეყნიდან გადინებული ფულია, რომელიც სხვა ქვეყნის ბიუჯეტში ხვდება და სხვა ქვეყნის განვითარებას ხმარდება. ეს ნამდვილად არ არის გზა, რომელიც წარმატებამდე მიიყვანს სახელმწიფოს, მაგრამ ამ ხარჯების შეკავება, სერვისის მიწოდების შეზღუდვის ხარჯზე არ შეიძლება, ამისთვის საჭიროებების ადგილობრივი უზრუნველყოფაა საჭირო.

გასაგებია, რომ საქართველო სამედიცინო ნანოტექნოლოგიებით ვერც დაეწევა და მით უფრო, ვერ გაუსწრებს მოწინავე ქვეყნებს, სადაც მილიარდობით დოლარი იხარჯება ახალი მედიკამენტების და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების R&D-ში. მაგრამ ის, რომ მისი მოქალაქეები ეფექტური და ხარისხიანი მედიკამენტების საყიდლად, მეზობელ ქვეყნებში არ გარბოდნენ, ეს ნამდვილად არ არის დაუძლეველი პრობლემა და უფრო მეტიც, ეს სახელმწიფოს ვალდებულება.

სადაზღვევო და ფარმაცევტული ინდუსტრიის ინტერესები, როგორც წესი, კონფლიქტში უნდა იყოს ერთმანეთთან: სადაზღვევო უნდა ცდილობდეს მაქსიმალურად ხარჯ-ეფექტური წამლები დააფინანსოს და რაციონალური დანახარჯით მიიღოს სასურველი შედეგი თავისი ბენეფიციარისთვის, რომ არ გახდეს საჭირო შემდგომი ჩარევები და დამატებითი ფინანსები. რაც შეეხება ფარმაცევტულ ინდუსტრიას, ღარიბ ქვეყნებში მოგების მაქსიმიზაციას ის იაფი წამლებით ცდილობს.

ამ მოცემულობაშიც კი, ქართულ სადაზღვევო ინდუსტრიას შეუძლია ბევრად უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე არის. თუმცა სისტემურად მოცემულობის შეცვლისთვის მთავარი ფუნქცია ისევ სახელმწიფოზეა – მისი ვალდებულებაა, რომ ხარისხიანი, ეფექტური სასიცოცხლო მედიკამენტებისთვის პაციენტები სხვა ქვეყანებში არ გარბოდნენ.

მთავრობამ უშიშროების საბჭოს აპარატის სალიკვიდაციო კომისია შექმნა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სალიკვიდაციო კომისიას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი უხელმძღვანელებს. კომისიის წევრები იქნებიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საგარეო საქმეთა, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების, ასევე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

სალიკვიდაციო კომისიაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის მიიღებენ ასევე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წარმომადგენლები. ამ კომიტეტების თავმჯდომარეებმა წარმომადგენლები კომისიის თავმჯდომარეს მიმდინარე წლის პირველ დეკემბრამდე უნდა წარუდგინონ.

კომისიამ 2019 წლის პირველ იანვრამდე უნდა უზრუნველყოს:

[checklist]

  • უშიშროების საბჭოს აპარატის ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა;
  • აპარატის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ  –  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა;
  • აპარატში არსებული დოკუმენტაციის (მასალის) დამუშავება-სისტემატიზაცია და, საჭიროების შემთხვევაში, მათი დაარქივება და განადგურება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • კომისიის მუშაობის დასრულების შესახებ ინფორმაციის საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენა;
  • აპარატის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების განხორციელება.

[/checklist]

ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციონირება, საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე შეწყდება. ამ მომენტიდან საქართველოს მთავრობა, კომპეტენციის ფარგლებში, ითვლება ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამონაცვლედ. ეს განისაზღვრა საქართველოს ორგანული კანონით, რომელიც 2018 წლის 21 ნოემბერს ამოქმედდა.

მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს, ბათუმში მიმდინარე რიგით მე-12 „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაზე“ (GDSC)  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობას მოუწოდა, სასწრაფოდ შექმნას უშიშროების საბჭოს ჩამნაცვლებელი სტრუქტურა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ისეთი სტრუქტურის შექმნა, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირები მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან მიმართებაში.

ამ თემაზე:

პრეზიდენტმა მთავრობას უშიშროების საბჭოს ჩამნაცვლებელი სტრუქტურის სასწრაფოდ შექმნისკენ მოუწოდა 

რაში ხარჯავენ ჩვენს ფულს ქართველი პოლიტიკოსები

არჩევნები და ფული – ეს ერთ-ერთი თემა იყო, რაზეც ლევან ცუცქირიძემ, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელმა ბათუმში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. „ბათუმელები“ გთავაზობთ ჩანაწერს საჯარო გამოსვლიდან. ლევან ცუცქირიძეს „ბათუმელებმა“ ჰკითხა საბანკო დავალიანების ჩამოწერის დაპირებასთან დაკავშირებითაც – რა საფრთხეს შეიცავს პოლიტიკურად, როცა ასიათასობით ადამიანს წინასაარჩევნოდ ვალების გასტუმრებას ჰპირდებიან.

„დავიწყებ იმით, რომ საქართველო ხარჯავს უზომოდ ბევრ ფულს პოლიტიკოსებზე. ჩვენ, ქართველი ამომრჩევლები, პოლიტიკოსებს ბევრს ვუხდით. შედარებისთვის შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ვუხდით ბევრად მეტს პოლიტიკოსებს, ვიდრე, მაგალითად, ნორვეგიელები უხდიან. ამ დროს ნორვეგია არის ჰუმანური განვითარების ინდექსში ნომერ პირველი სახელმწიფო, საქართველო კი  57-ე ადგილზეა. საშუალო ნორვეგიელის ხელფასი არის 45 ათასი დოლარი წელიწადში, საშუალო ქართველის შემოსავალი – 4 ათასამდეა. მშპ-სთან შედარებით, ჩვენ ვიხდით 37-ჯერ უფრო მეტს, ვიდრე იხდიან ნორვეგიელები. ეტყობა, 37-ჯერ უფრო უკეთეს პოლიტიკას აკეთებენ ქართველები.

ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა, რომელსაც ჰყავს ძალიან მდიდარი პოლიტიკოსები. ხალხი, რომელსაც დავცინით კიდევ კენჭს იყრისო, რა ძალა ადგასო, ის ძალა ადგია, რომ კაი ფული იშოვება პოლიტიკაში.

როგორ იღებენ პოლიტიკოსები დაფინანსებას

მე გეტყვით, რა მექანიზმები არსებობს პოლიტიკაში ფულის შოვნისთვის: არსებობს პარტიების საბაზო დაფინანსება, ასევე, თუკი არჩევნებში 10 პროცენტზე მეტი აიღე, მილიონ ლარს მიიღებ ბიუჯეტიდან. მაგალითად, სალომე ზურაბიშვილმა აიღო წინასაარჩევნოდ სესხი „ქართუ ბანკისგან“, მას მილიონი ეკუთვნის, რადგან 10 პროცენტზე მეტი მიიღო და  სალომეს ჩვენ გავუსტუმრებთ ვალს.

მე არ ვაკრიტიკებ მოდელს, როცა სახელმწიფო ეხმარება პოლიტიკოსს. ოპოზიციის დიდი ნაწილის ხარჯი არის საბიუჯეტო და ეგ რომ არ ჰქონდეთ, საერთოდ ვერაფერს შეძლებდნენ, მაგრამ საჭიროა ზღვარი. ძალიან ცუდი რამ გააკეთა პარლამენტმა, როცა კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის ცნება შეცვალა რეტროაქტიულით: თუკი პარტია ერთ მაჟორიტარს მაინც გაიყვანს პარლამენტში, ის მიიჩნევა კვალიფიციურ პარტიად და მაშინვე საბაზო დაფინანსება ენიშნება. აი, „მრეწველებს“ გაყვანილი ჰყავთ ერთი კაცი და გახდა კვალიფიციური – მისცეს მას საბიუჯეტო დაფინანსება, ათხოვეს დეპუტატები და შექმნა ფრაქციაც, რაც დამატებით დაფინანსებას მოიცავს. რეალურად, ამის ფულს ჩვენ ვიხდით. ამით კიდევ სხვა რაღაც მოხდა.

ჩვენ გვგონია, რომ ბევრი რამე არ გვეხება, რომ ეს საპარლამენტო მაქინაციებია და ასე შემდეგ, არ ვინტერესდებით. რეალურად კი ჩვენი ჯიბიდან ამოდის ძალიან დიდი ფული და მიდის პოლიტიკოსებთან. ვიწრო წრეშია ეს ფული კონცენტრირებული.

რაში ხარჯავენ ჩვენს ფულს პოლიტიკოსები

დეკლარირებული ხარჯების მიხედვით, წინასაარჩევნოდ დანახარჯების 90 პროცენტი მიდის რეკლამაში. ეგ ნიშნავს, რომ პარტიების წარმომადგენლებს ნაკლები სურვილი აქვთ ამომრჩევლებთან ურთიერთობების, პროგრამების მომზადების, ქალთა გაძლიერების, ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართვის და ასე შემდეგ. მთავარი არის შენი „მესიჯბოქსი“, ამას ქმნი და მიდის ფულის ქაჩვა რეკლამებზე. გარდა ამისა, ყველა პარტიას თავისი ტელევიზია აქვს და ეს ფული სად როგორ მოძრაობს, ვერც გამოიკვლევ.

სახელმწიფო, ასევე, აძლევს კანდიდატებს ფულს, რომ მათ საარჩევნო კამპანია აწარმოონ. მაგალითისთვის, შემიძლია ვინმეს გავუფორმო კონტრაქტი, რომ ჩემი სარეკლამო საქმიანობა აწარმოოს და მერე მეორე ჯიბეში რომ ჩამიდოს ეს ფული, ამის შესაძლებლობა არსებობს. აუდიტის სამსახურს რაღაც რომ გამოეკვლია ამ კუთხით, არ არსებობს…

ბევრი ხვრელია სპეციალურად შექმნილი, რომ ბევრმა ფულმა იმოძრაოს პოლიტიკაში. ეს ფული, გარდა იმისა, რომ ამ ხალხს ამდიდრებს, ხელს უშლის დამოუკიდებელი კანდიდატების გაძლიერებას, ასევე, პატარა პარტიებს, რომლებსაც, მაგალითად, სამპროცენტიანი ნდობა აქვთ ამომრჩევლის. შესაძლოა, ვინმემ თქვას, რატომ უნდა მიიღოს ამან დაფინანსება, მაგრამ, ჩემი აზრით, უნდა ისმოდეს ამომრჩევლის სამი პროცენტის ხმაც პარლამენტში, ერთპროცენტიანისაც უნდა ისმოდეს…

ყველაფერი ფულს არ უნდა დავაბრალოთ. ხშირად იქცევა ფული „განტევების ვაცად“ – ფული არ მქონდა და ამიტომ წავაგეო. თანამედროვე მედიამ ბევრი რამ შეცვალა: თუ არჩევნებს რეალურად აგებ, მაინცადამაინც ფული ვეღარ გიშველის. გასულ არჩევნებზე ალეკო ელისაშვილის თბილისის მერის ტურში მეორე ადგილზე გასვლა ამის კარგი მაგალითია… ქართველ პოლიტიკოსებს რომ ჰკითხო, უფულობაა მათი მთავარი პრობლემა, მაგრამ რეალურად პრობლემაა კარგი კანდიდატის არყოლა, ის, რომ ჩაკეტილია პარტია, კამპანიები არ უვარგათ…

რატომ რყვნის ფული პოლიტიკას

ბევრი ფული რყვნის დემოკრატიას. დემოკრატია ეფუძნება მოხალისეობას, თვითორგანიზებას, როცა ბევრი ფული შემოდის ყველგან და ყველაფერში, იწყება ღირებულებების ლპობა. განსაკუთრებით ახალგაზრდული მოძრაობებისთვის ძალიან სახიფათოა წინასაარჩევნოდ ფულების ჩამორიგება, ეს ახალგაზრდები ეგრევე ეჩვევიან, რომ ფული უნდა აიღოს ვიღაც ბიძიასგან და არა ის, რომ მოხალისეობრივად იდეას მხარი დაუჭიროს. თუ ყველა არჩევნებზე ფული იშოვება, მოხალისეობის იდეა ზარალდება. მე ბევრჯერ მინახავს დამკვირვებელი, რომელმაც არ იცოდა, რომელ ორგანიზაციას წარმოადგენდა.

კანდიდატებს ფული დამკვირვებლებისთვისაც ეძლევათ, მათ შორის, ტექნიკურ კანდიდატებს. ტექნიკური კანდიდატი კი ბევრი გვყავდა ამ არჩევნებზეც, ანუ კანდიდატი, რომელსაც პოლიტიკური წონა და ცნობადობა არ აქვს.

არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ პოლიტიკოსებს ტყუილად არ აძლევენ ფულს ბიზნესმენები. ბიზნესმენებმა იციან, რომ მათ ინტერესებს დაიცავენ ეს პოლიტიკოსები წარმომადგენლობით ორგანოებში. ამიტომაცაა, რომ კანდიდატები წინასაარჩევნოდ გვესაუბრებიან იმაზე, რომ მშენებლობა პრობლემაა, არჩევნების შემდეგ კი ვხედავთ კორპორატიული ინტერესებით მოსყიდულ პოლიტიკურ ჯგუფებს პარლამენტში.

მე ვსაუბრობ დეკლარირებულ ხარჯებზე, არადეკლარირებული ფული კიდევ როგორ იხარჯება, რთული დასადგენია. ჩემი ინფორმაციით, არადეკლარირებული ხარჯები პოლიტიკური სუბიექტების დეკლარირებული დანახარჯების დაახლოებით 90 პროცენტია. გამოდის, რომ ჩვენ, რეალურად, ნორვეგიელებთან შედარებით 37 პროცენტით მეტს კი არ ვუხდით პოლიტიკოსებს, არამედ, 74 პროცენტით მეტს ვუხდით.

ეკონომიკური პოპულიზმი პოლიტიკაში

დავალიანება „შავ სიაში“ მყოფი ადამიანებისთვის ჯერ არ ჩამოუწერიათ, მათ დაჰპირდნენ, ჩამოგაწერთო… მე აბსოლუტურად არ მჯერა, რომ მილიარდ-ნახევარს ვინმე, უბრალოდ, გადაიხდის.

ეს ეკონომიკური საფრთხეა, რომელიც შეიძლება შემდეგ პოლიტიკურ საფრთხედ გადაიქცეს. შესაძლებელია, საფინანსო ინსტიტუტებმა საკრედიტო პორტფელი შეამცირონ და ესეც კიდევ პრობლემად იქცეს… ეკონომიკური პოპულიზმი თუ გახდა პოლიტიკური ქმედების საფუძველი, ეკონომიკა ძალიან აირევა.

 

შსს: ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი, დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული მ.დ. აჭარაში დააკავეს.

პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ მ.დ.-მ, სარფის საბაჟო პუნქტის გავლით, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი უკანონოდ შემოიტანა.

პოლიციის ინფორმაციით დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია: 105 აბი “სუბოქსინი” და ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.  დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმში გუშინ 38 წლის ქალი მოკლეს, პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ბათუმში გუშინ, 24 ნოემბერს ერთი ქალი მოკლეს და ერთი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1961 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ლ.უ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, „გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, ღამით, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს – 1987 წელს დაბადებულ ი.ზ.-ს და 1980 წელს დაბადებულ ჰ.მ.-ს. ი.ზ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე დაჭრილი კი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში განაგრძობს“.

პოლიციამ ლ.უ. შემთხვევის ადგილზე დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

კიდევ ერთი სამშენებლო პროექტი ქობულეთის ფიჭვნარში, მწვანე ზოლში

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შპს „L & R-კომპანი“ ქობულეთში, აღმაშენებლის #379-ში გეგმავს განახორციელოს 40-მილიონიანი ინვესტიცია. კომპანია საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე 240-ნომრიან სასტუმროს ააშენებს, რომელშიც გამაჯანსაღებელი ცენტრი, ღია და დახურული აუზი, საკონფერენციო დარბაზი, სპა ცენტრი, რესტორნები და კაფეები განთავსდება.

„ბათუმელების“ ინფორომაციით, კერძო კომპანიისთვის საკუთრებაში გადაცემულ ტერიტორიაზე ინვესტორმა სამი შენობის მშენებლობის ნებართვა 2018 წლის ზაფხულში მოითხოვა და მიიღო კიდეც. მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებულ პრეზენტაციას კი ხვალ, 24 ნოემბერს მთავრობის წევრებთან ერთად გეგმავს.

რას უპირებს კომპანია გადაცემულ ტერიტორიაზე მრავალწლოვან ფიჭვებს? – ამ კითხვაზე პასუხი, ჯერჯერობით, არ გვაქვს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ქობულეთის ფიჭვნარში, აღმაშენებლის ქუჩის #379-ის მიმდებარედ 13 213 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ორმა ჩეხურმა კომპანიამ – შპს „L & R – კომპანიმ“ და „სის ინვესტიმ“ 2018 წლის ივლისში დაირეგისტრირეს.

შპს „L & R – კომპანის“ 50 %-ს ფლობს სლოვაკეთის მოქალაქე ლევან შერაზადიშვილი, ხოლო „სის ინვესტის“ ასივე პროცენტს სლოვაკეთის მოქალაქე იან ბიბანი ფლობს.

 

სექსუალური შევიწროების სტატისტიკა ევროპის ქვეყნებში [ინფოგრაფიკა]

ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან [25 ნოემბერი] დაკავშირებით, ორგანიზაცია European Foundation for Progressive Studies (FEPS) – მა და Jean-Jaurès ფონდმა ქალებზე სექსუალური ძალადობის თემაზე კვლევა ჩაატარა. კვლევა აშშ-სა [1000 ქალი] და ევროპის ხუთ ქვეყანაში – საფრანგეთში [1004 ქალი], იტალიში [1009 ქალი], ესპანეთში [1007 ქალი], გერმანიასა [1004 ქალი] და ბრიტანეთში [1001 ქალი] ჩატარდა. ჯამში კვლევის ფარგლებში 18 წელს გადაცილებული, 6025 ქალი გამოიკითხა.

კვლევის თანახმად, ყოველი მეორე ქალი აშშ-ში ისმენს ქუჩაში მისი მისამართით გამოთქმულ სექსუალური შინაარსის კომენტარებსა და შეურაცხყოფას, ბრიტანეთში გამოკითხული ქალების – 43%, ესპანეთში – 40%, საფრანგეთში -39%, 36% – გერმანიაში და 25% – იტალიაში.

 

კვლევის მთავარი მიგნებები:

  • ევროპელი ქალების 65%-ისთვის ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაუსტვენიათ ქუჩაში, ამერიკაში ეს მაჩვენებელი 70%-ია.
  • ევროპელი ქალების 36% -ი გამხდარა ქუჩაში სექსუალური შინაარსის კომენტარების, შეურაცხყოფისა და დაცინვის მსხვერპლი. ამერიკაში ეს მაჩვენებელი 50%-ია.
  • ევროპელი ქალების 36%-ის მისამართით გამოუყენებიათ ქუჩაში უხეში სექსუალური შინაარსის ჟესტები ცხოვრებაში ერთხელ მაინც (ესპანეთში ეს მაჩვენებელი 50%-ია), ამერიკაში ეს მაჩვენებელი 46%-ია.
  • ფრანგი ქალების 43%-ს ადევნებიან ქუჩაში (ევროპის საშუალო მაჩვენებელი 37%-ია).
  • ესპანელი ქალების 35%-ს ერთხელ მაინც შეხვედრია ეგზიბიციონისტი ქუჩაში.
  • ბრიტანელი ქალების 40%-ს შეხებიან ხელით უხამსად ქუჩაში, მათივე ნებართვის გარეშე (ევროპის საშუალო მაჩვენებელია 34%), ამერიკის საშუალო მაჩვენებელია 41%.
  • 56% ფრანგი ქალებისა გამხდარან სექსუალური შევიწროვებისა და თავდასხმის მსხვერპლი ცხოვრებაში ერთხელ მაინც.

ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა გაერომ საქართველოში გასულ წელს ჩაატარა, სადაც გამოჩნდა, რომ ძალადობა ხშირი პრაქტიკაა ბევრი ქალის ცხოვრებაში, შვიდიდან ერთი ქალი (15-64 წლის ასაკის) აღნიშნავს, რომ გამოუცდია ფიზიკური, სექსუალური და ემოციური ძალადობა მათი პარტნიორისგან.

ამავე კვლევამ უჩვენა, რომ ოთხიდან ერთი ქალს (27%) საქართველოში, გამოუცდია ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობა მათი პარტნიორის მხრიდან ან სექსუალური ძალადობა (მათ შორის ბავშვბოიბის დროს) არა-პარტნიორი მამაკაცის მხრიდან. ასევე გამოუცდიათ სექსუალური შევიწროება ერთხელ მაინც ცხოვრების განმავლობაში.

გქონიათ თუ არა სექსუალური შევიწროების შემთხვევა მოზარდობის ასაკში? – ეს და კიდევ რამდენიმე შეკითხვა „ბათუმელებმა“ თავის მკითხველს დაუსვა გასულ წელს. გამოკითხვაში სულ 144-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და მათგან 108 ადამიანმა, გამოკითხულთა 75 პროცენტმა თქვა, რომ სექსუალური შევიწროვების შემთხვევა ჰქონია.

144-დან 108 ადამიანი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი იყო – „ბათუმელების“ გამოკითხვის შედეგი

 

რას აკეთებს სახელმწიფო, როცა ჩვენს ჯანმრთელობას თურქეთში აზღვევენ – ინტერვიუ ჯანდაცვის ექსპერტთან

მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ წამლების ყიდვა თურქეთში დაიწყო და სამედიცინო მომსახურების მიღებაც, სადაზღვევო კომპანიების ნაწილმა საქართველოში ახალი სერვისი შექმნა – დაზღვევა თურქეთში. მომხმარებლის მოთხოვნას ბიზნესი, ანუ ამ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიები, უკან გაყვა. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, როცა მოქალაქე ქართულ კლინიკებში მკურნალობას საზღვარგარეთ წასვლას არჩევს? – „ბათუმელები“ ჯანდაცვის ექსპერტს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს, თენგიზ ვერულავას ესაუბრა.

ბატონო თენგიზ, სადაზღვევო ბიზნესმა ახალი პაკეტი შექმნა – საქართველოს მოქალაქეები ჯანმრთელობას თურქეთში ან ისრაელში დააზღვევენ. ხედავთ თუ არა პრობლემას ამ სიახლეში, თუ ეს მხოლოდ მოთხოვნა-მიწოდების მარტივ მოცემულობად უნდა მივიჩნიოთ? 

სადაზღვევო კომპანიები აზღვევენ იმ სერვისებს, რომლებიც საქართველოში არ გვაქვს, ან სხვა ქვეყანაში უკეთესი ხარისხით არის. საერთოდ, ჯანდაცვის სფეროში სწრაფად ვითარდება სამედიცინო ტექნოლოგიები, მეთოდების თვალსაზრისით. შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში სერვისი გვაქვს, მაგრამ პერსონალი არ არის სათანადო დონეზე. განსაკუთრებით ეს ეხება ონკოლოგიის სფეროს, არსებობს მკურნალობის მეთოდები, რაც ჩვენთან არ არის განვითარებული. პაციენტები როცა იგებენ, რომ არსებობს უკეთესი მეთოდი, რაც ჩვენთან არ არის, მიდიან მეზობელ ქვეყანაში, თუ ამის შესაძლებლობა აქვთ. ცხადია, თურქეთში ან ისრაელში სამედიცინო მომსახურების მიღება საკმაოდ ძვირია. სახელმწიფოს აქვს გარკვეული პროგრამა, რომელიც აკმაყოფილებს მხოლოდ უმწეო მოსახლეობას. ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა კონკრეტული სერვისი საქართველოს კლინიკებში არ გვაქვს.

რამდენად დიდია ნდობის პრობლემა, როცა ადამიანები სამედიცინო მომსახურების მიღებას თურქეთში ამჯობინებენ? 

თავისთავად ნდობა არის უმთავრესი ამ საკითხში. ევროპის ქვეყნებში სამედიცინო პერსონალს მოეთხოვება უწყვეტი სამედიცინო განათლება. სახელმწიფო იქ ავალდებულებს ექიმებს ყოველ ხუთ წელიწადში გაიარონ გადამზადება და შემდეგ შემოწმდეს მათი ცოდნა. ახლა აპირებენ ჩვენთანაც მსგავსი სისტემის შემოღებას, მაგრამ ამ ეტაპზე ეს არ გვაქვს.

საუბარია მაღალშემოსავლიან ადამიანებზე, ვინც სადაზღვევო პაკეტს თურქეთში მკურნალობაზე იღებს. რატომ ირჩევენ ისინი თურქეთს ან ისრაელს და არა, მაგალითად, გერმანიას? 

გერმანიაშიც მიდიან, მაგრამ იქ ბევრად უფრო ძვირია სამედიცინო მომსახურების მიღება, ვიდრე თურქეთში. ფინანსური ხელმისაწვდომობის გარდა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემაცაა, თურქეთში შეგიძლია ავტობუსითაც ჩახვიდე… ჩვენთან დაახლოებით 17 სადაზღვევო კომპანიაა წარმოდგენილი, შესაბამისად, განსხვავებული პაკეტის შექმნას ყველა ცდილობს.

გვაქვს რეალური კონკურენცია სადაზღვევო კომპანიებს შორის? ცნობილია, რომ ამ კომპანიების დიდ ნაწილს აქვს საკუთარი კლინიკა და აფთიაქიც. 

ჯანდაცვა, საერთოდ, მხოლოდ ჩვენთან არა ოლიგოპოლიური. ამისთვისაა საჭირო შესაბამისი რეგულაციების ამოქმედება. ბევრ ქვეყანაში აკრძალულია, მიმწოდებელს ჰქონდეს საკუთარი ამბულატორიული დაწესებულებაც კი. სადაზღვევო კომპანიას ისრაელში და ამერიკაშიც აქვს თავისი სამედიცინო დაწესებულება, მაგრამ იქ ეს მკაცრად რეგულირებადია. უნდა იყოს კონკურენციის პირობა, როცა ინტეგრირებულ სქემას აკეთებ. შეერთებულ შტატებში ამას ჰქვია მართული ჯანდაცვა. სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს იმას, რომ არ შეიქმნას დიდი ინტეგრირებული სქემები. ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ადამიანები თურქეთში გადიან სამედიცინო მომსახურების მისაღებად, ამ ოლიგოპოლიურობის შედეგია. პაციენტი  მარტივად ხედავს, რომ მედიკამენტი აქ ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში.

რა კუთხით უნდა დაწესდეს რეგულაციები, რომ ეს არ აღიქვას ბიზნესმა ჩარევად?

ეს სისტემური პრობლემაა და რამდენიმე დიდ საკითხს ეხება. ერთი სისტემური პრობლემაა, მაგალითად, პირველადი ჯანდაცვის სისტემა, ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერება, სადაც ოჯახის ექიმს ექნება სათანადო განათლება, ნდობა და ანაზღაურება. მნიშვნელოვანია სამედიცინო დაწესებულებების მესაკუთრეობის ფორმებზე საუბარი. ჩვენთან მიიჩნევენ, რომ სამედიცინო კლინიკა უნდა იყოს უკიდურესად მომგებიანი. ევროპის ქვეყნებში პირიქითაა. იქ სამედიცინო დაწესებულება არის ბიზნესი, მაგრამ ეს არის აღქმული ბიზნესად, რომელმაც არ შეიძლება მოიტანოს დიდი მოგება. ევროპის ქვეყნებში საავადმყოფოების დაახლოებით 80 პროცენტი არამომგებიანია, შეერთებულ შტატებში – 57 პროცენტი. ეს ისტორიულად ჩამოყალიბდა.

ჩვენთან, საბჭოთა წარსულში, ყველა სამედიცინო დაწესებულების ნაციონალიზაცია მოხდა, მერე დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და თითქმის ყველა გავყიდეთ. ევროპაში სამედიცინო დაწესებულება თავიდანვე იყო არაკომერციული, საქველმოქმედო, ან ეკლესიასთან არსებული. ჩვენთანაც იყო წინათ მსგავსი გამოცდილება, მაგალითად, ზუბალაშვილების კლინიკა, ასევე „არამიანცის საავადმყოფო“ თავის დროზე არაკომერციული იყო. 90-იან წლებში სამედიცინო კლინიკები უნდა გადასცემოდა საზოგადოებრივ საბჭოებს, როგორც ეს ბალტიისპირეთის ქვეყნებში მოხდა. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ იქ გაიხსენეს, რომ გასაბჭოებამდე კლინიკა საზოგადოებრივი ორგანიზაცია იყო და არ იყო ორიენტირებული მოგებაზე. ამ ქვეყნებში, სადაც არაკომერციული საავადმყოფოების რაოდენობა დიდია, პაციენტს უფრო მეტი ნდობა აქვს ექიმების მიმართ. პაციენტი იქ არ უყურებს კლინიკას ადგილად, სადაც უნდა „გაღლიტონ“. ჩვენ ეს შესაძლებლობა დავკარგეთ.

ოლიგოპოლიური ბაზარი კიდევ უფრო არაკონკურენტულს ხდის ამ რეალობას. როცა ზოგიერთ წამალზე 100 პროცენტზე მეტ მოგებას ნახულობს კომპანია, ყველასთვის გასაგები, რომ სახელმწიფო იქ უნდა ჩაერიოს. მედიკამენტების ფასზე ევროპული მიდგომა ასეთია, რომ მოგება 20 პროცენტს არ უნდა აჭარბებდეს.

არსებული ხელისუფლება ყველაზე მეტ ფულს ხარჯავს ჯანდაცვაში. კრიტიკაც მოგვისმენია ამ კუთხით, რომ არ შეიძლება ბიუჯეტის მესამედი ჯანდაცვაზე იხარჯებოდეს. თქვენი აზრით, რატომ არ ცდილობს ხელისუფლება ეფექტურად დახარჯოს ფული ჯანდაცვაში? 

ყველაფერი დამოკიდებულია ნებაზე. ყველა მთავრობა იწყებს ჯანდაცვის რეფორმას და შემდეგ უცებ წყდება. რეალურად, პირველადი ჯანდაცვის რეფორმას თუკი დაიწყებ, შედეგს მიიღებ დაახლოებით 10 წლის შემდეგ. ჩვენ კი უფრო  მოკლევადიანი პროექტები გვიყვარს.

ჩემი აზრით, სამედიცინო განათლების დაფინანსებაზე უნდა გაკეთდეს მთავარი აქცენტი. იგივე თურქეთში, დაახლოებით 8 წლის წინ სახელმწიფო მიხვდა, რომ ჯანდაცვა არ არის მხოლოდ მკურნალობა, არამედ ჯანდაცვა არის უმთავრესად პრევენცია და ჩადო სერიოზული ინვესტიცია ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარებაში, ისინი გადაამზადა და დაუნიშნა საშუალოდ 2500 ევრო თითოეულ მათგანს. ჩვენთან ჯანდაცვის ხარჯები იზრდება – ბოლო რამდენიმე წელია გაორმაგდა, გასამმაგდა, მაგრამ რომ გადავხედოთ, ჯამში მთლიანი ბიუჯეტის 40 პროცენტი მაინც არ არის ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების დანახარჯი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვეუბნება, რომ თუ გვინდა მივიღოთ ნორმალური სისტემა, სახელმწიფომ დაახლოებით 40 პროცენტი მაინც უნდა დახარჯოს ამაში.

პრობლემაა თანხის ოდენობა, თუ ამ ფულის ეფექტური ხარჯვა?

ორივე. თუ შენ გაზრდი თანხას და არ გააკონტროლებ მის ხარჯვას, არაფერი გამოვა, აუცილებლად უნდა შემუშავდეს ხარჯთეფექტური მექანიზმები. ყველაზე ხარჯთეფექტური მექანიზმი არის პირველადი ჯანდაცვა, რომელიც მართავს პაციენტების ნაკადს და ეს როცა არ არის ქვეყანაში, პაციენტი გარბის პირდაპირ კლინიკაში ან აფთიაქში.

პრობლემა კომპლექსურია და სხვადასხვა მიმართულებით საჭიროებს პოლიტიკის შემუშავებას. მაგალითად, ჩვენთან ერთ ექიმზე ერთი ექთანიც არ მოდის, ევროპის ქვეყნებში კი, ერთ ექიმზე ოთხი ექთანია. ოლიგოპოლიურობის და არსებული შრომის კოდექსის პირობებში იოლია აიყვანო მხოლოდ ერთი ექთანი, რომელსაც ხუთ ფუნქციას დააკისრებ და 300 ლარს გადაუხდი, თუ უარს იტყვის, მარტივად გაუშვებ და ახალს აიყვან. თანაც, ჩვენთან ექთანი შესაძლოა მარტივად გახდე ორთვიანი გადამზადების შედეგად, საზღვარგარეთ კი ექთნებს სერიოზული განათლება სჭირდებათ. ეს ყველაფერი მაშინ შეიცვლება, როცა სახელმწიფოს გაუჩნდება ნება და სისტემურ მოწყობაზე დაიწყებს მუშაობს.

ამ თემაზე:

მოქალაქე: წამლები, რომლებშიც საქართველოში 187 ლარი უნდა გადამეხადა, თურქეთში 63 ლარად ვიყიდე

 

სალომე ზურაბიშვილის მიმართვა ქართულ ჯარს

დღეს, გიორგობის დღესასწაულზე, მსურს მივმართო ქართულ ჯარს და ჩემი უღრმესი პატივისცემა გამოვხატო ჩვენი ჯარისკაცების მიმართ! ვულოცავ საქართველოს თავდაცვის ძალებს დღევანდელ წმინდა დღესასწაულს! წმინდა გიორგი იყოს თქვენი მფარველი! გასული ასწლეულის განმავლობაში, ქართულმა ჯარმა არაერთგზის გმირულად იომა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად – 1918-21 წლებში, ჩვენი საამაყო გენერლების, გიორგი მაზნიაშვილისა და გიორგი კვინიტაძის მეთაურობით; 1921 წელს, თბილისის მისადგომებთან, იუნკერების თაოსნობით; 1990-იანი წლების დასაწყისში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში; 2008 წელს, რუსული ჯარის წინააღმდეგ. იუნკრების, შინდისის გმირების, გიორგი ანწუხელიძის მსგავსი გმირების მხრებზე იდგა და დგას ჩვენი სახელმწიფობრიობა და ეროვნული თვითმყოფადობა!

დღეს, ჩვენი სამხედრო ძალები იცავენ საქართველოს სახელს და ღირსებას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მისიებში. ჩვენს ჯარისკაცებს შეაქვთ უმნიშვნელოვანესი წვლილი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებაში, გლობალური მშვიდობის შენარჩუნებასა და საერთაშორისო ტერიტორიზმთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაში. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გამტკიცება ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა – უნდა განახლდეს ქვეყნის თავდაცვის კონცეფცია; უნდა გაგრძელდეს თავდაცვის ძალების აღჭურვა თანამედროვე საბრძოლო ტექნიკითა და სამხედრო ტექნოლოგიებით; უნდა გაძლიერდეს ჯარისკაცის სტატუსი საზოგადოებაში; უნდა შეიქმნას ღირსეული პირობები ვეტერანებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც სიცოცხლეს წირავდნენ ქვეყნის დასაცავად.

ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანაა ჯარის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა. ჩვენი ჯარისკაცების ღირსებაზე მეტყველებს, რომ სხვადასხვა უღირსი მცდელობის მიუხედავად, ვერავინ შეძლო ჯარის პოლიტიკური ნიშნით დაყოფა და ჯარში რაიმე დაპირისპირების შეტანა. ქართული ჯარის ერთიანობის, ნეიტრალიტეტისა და სახელმწიფოს მიმართ ერთგულების ხელყოფას ვერავინ შეძლებს! ამის გარანტი იქნება თქვენი პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი.

მე, როგორც თავდაცვის ძალების მომავალი უმაღლესი მთავარსარდალი, საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში, ვიქნები საქართველოს თავდაცვის ძალების ინტერესების გამტარებელი და დამცველი. ყველაფერს გავაკეთებ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის. კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართულ ჯარს და ჩვენს ჯარისკაცებს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს, გფარავდეთ მისი მადლი!

ბათუმში „რივიერაზე“ „თავდაცვით ნაგებობას“ ძეგლის სტატუსი მოეხსნა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2018 წლის 15 ნოემბრის ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მოეხსნა „თავდაცვით ნაგებობას“ [მისამართი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიხედვით:  ქ. ბათუმი,  იაკობ გოგებაშვილის  ქ. N1; ფაქტობრივი მისამართი: ნინოშვილის ქ.]“.

ბრძანება ძალაში გუშინ, 22 ნოემბერს შევიდა. ბრძანებას სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პაატა გაფრინდაშვილი აწერს ხელს.

„თავდაცვითი ნაგებობის“, როგორც ძეგლის ფაქტობრივი ადგილმდებარეობა ბათუმში ე.წ. საოცრებათა პარკი იყო [„რივიერას“ და ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორიები].

აღნიშნული ძეგლი [დასახელებული როგორც „კედელი“, მისამართზე: ე. ნინოშვილის ქუჩის დასაწყისი/საოცრებათა მოედანი] შპს „გეოგრაფიკის“ მიერ შედგენილ იმ ძეგლების სიაშია, რომლებზეც „გეოგრაფიკმა“ ძეგლის სტატუსის მოხსნის რეკომენდაცია გასცა. აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიაზე დღეს არანაირი ძველი ნაგებობა არ დგას.

„თავდაცვითი ნაგებობა“ / „კედელი“ [აღნიშნულია წითელი ფერით], რომელსაც ძეგლის სტატუსი მოეხსნა / „გეოგრაფიკის“ მიერ შედგენილი თემატური რუკიდან
ტერიტორია, სადაც ძეგლი მოიაზრებოდა, დღეს „სილქ როუდის“ შვილობილი კომპანიის – „ბათუმი რივიერას“ საკუთრებაშია და იქ 6 შენობის აშენებაა დაგეგმილი. ექვსი შენობიდან ყველაზე მაღალი – „სილქ თაუერი“ კი, სავარაუდოდ, 42-სართულიანი იქნება და ამ პროექტის განხორციელება ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ფინანსური თანამონაწილეობით იგეგმება.

„ტერიტორია არქეოლოგიური კვლევისთვის გავთხარეთ, სადაც გვეგონა, რომ ძველი [მეფის რუსეთის დროინდელი] ფორტის ნაწილები იყო დარჩენილი. აჭარის არქეოლოგიის ინსტიტუტი დავიქირავეთ მაგისთვის, მაგრამ ვერაფერი ვიპოვეთ“ – განაცხადა რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებთან“ „ბათუმი რივიერას“ დირექტორმა გიორგი კაპანაძემ.

აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] ბათუმის მერიის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართავს. საია იმ განკარგულების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც საკრებულომ მერიის წარდგენით მოიწონა და შეითანხმა შპს „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც ბათუმში დამცავი ზონების დადგენას ითვალისწინებდა. საიას პრეტენზია დამცავი ზონების დადგენას არ უკავშირდება – საქმე იმაშია, რომ მერიამ დოკუმენტის დასამტკიცებლად წარდგენამდე კვლევით დადგენილი საზღვრები შეცვალა.

 

მთავარი ფოტო: ტერიტორია, რომელიც ძეგლის – „თავდაცვითი ნაგებობის“ მისამართად იყო მითითებული

 

„არა ნაცებს“ – ბათუმში „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები იკრიბებიან [ფოტო]

დღეს, 23 ნოემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ აქციას მართავს. აქციის გზავნილია „არა-ნაცებს! არა – წარსულში დაბრუნებას!“. მსგავსი აქციის გამართვას „პატრიოტთა ალიანსი“ თბილისშიც გეგმავს.

„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია ბათუმში. მარიამ ქველიაშვილის ფოტო
„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია ბათუმში. მარიამ ქველიაშვილის ფოტო
„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია ბათუმში. მარიამ ქველიაშვილის ფოტო
„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია ბათუმში. მარიამ ქველიაშვილის ფოტო

ამავე თემაზე: შუახევში „პატრიოტთა ალიანსის“ ათმა წევრმა პარტია დატოვა

„ბაბილონ თაუერის“ 30-მილიონიანი პროექტი ბათუმში შესაძლოა გაიყიდოს

ბაბილონ თაუერის“ დაწყებული პროექტი ბათუმის ცენტრში, ზღვასთან ახლოს, შესაძლოა გაიყიდოს – ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მშენებელი კომპანია ერთი თვის ვადაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ვერ წარუდგენს საბანკო გარანტიას, რომ აქვს ფული პროექტის დასასრულებლად.

კომპანიისგან, რომელსაც 30-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს, სამინისტრო 200 000  ლარის საბანკო გარანტიას ითხოვს.

თუ მშენებელი კომპანია „TAM GEO LLC“-ი ასეთ გარანტიას წარადგენს 2018 წლის ბოლომდე, მას მშენებლობის დასასრულებლად ახალ ვადას 2020 წლის ბოლომდე მისცემენ. ხოლო თუ ასეთ გარანტიას ის სამინისტროს ვერ წარუდგენს, მაშინ სამინისტრომ ხელშეკრულების მოშლის პროცედურა უნდა დაიწყოს. კანონში შესული ცვლილებით, სამინისტროს უკვე არა მხოლოდ ამის უფლებამოსილება, არამედ ვალდებულება აქვს.

„ბათუმელებისთვის“ უცნობია, რას აპირებს 47-სართულიანი „ბაბილონი თაუერის“ მშენებელი კომპანია „TAM GEO LLC“-ი. კომპანიის წარმომადგენლებთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. თუმცა ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სულ ცოტა სამ კომპანიას სურს პროექტის შესყიდვა. ამ კომპანიებს „ბათუმელები“ ჯერჯერობით არ ასახელებს, რადგან, მათი თქმით, მოლაპარაკების დეტალებს ჯერ ვერ გაასაჯაროებენ.

აჭარის მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით კი, „TAM GEO LLC“-ს შეუძლია გაყიდოს პროექტი იმავე ვალდებულებებით, რაზეც პასუხისმგებლობა აქვს თავის დროზე აღებული. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მანამდე, ვიდრე ამას გადაწყვეტს, კომპანიის მფლობელმა მთავრობასთან პრობლემები უნდა მოაგვაროს.

აჭარის მთავრობასთან დადებული შეთანხმებით, ბათუმში, რუსთაველის ქ N30-ში, ინვესტორს 47-სართულიანი სასტუმროსა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობა 2015 წლის ბოლოს უნდა დაესრულებინა. ამის შემდეგ კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებების გადავადება რამდენჯერმე მოითხოვა და თანხმობაც მიიღო.

ვადების რამდენჯერმე გადავადების მიუხედავად, კომპანია ერთხელაც არ დაუჯარიმებიათ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ დარღვევა „შენობის კონსტრუქციული მდგრადობის ამაღლების მიზნით ჩატარებულმა სამუშაოებმა გამოიწვია“. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, პრობლემა მხოლოდ შენობის მდგრადობას არ უკავშირდებოდა – მესაკუთრეებმა ქონების გაყოფის მიზნით ჯერ კერძო აუდიტს მიმართეს, შემდეგ კი დავა სასამართლოში გააგრძელეს.

„ბათუმელებისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ამ ეტაპზე დავა დასრულებულია, კომპანიის მფლობელებმა დავის შემდეგ წილები შეინარჩუნეს, კომპანიის ერთ-ერთმა მეწილემ მთავრობას ვადის გაგრძელება ისევ სთხოვა, მთავრობა კი მისგან საბანკო გარანტიას ელოდება.

„TAM GEO LLC“-ი მიწის ნაკვეთი ბათუმში, რუსთაველის ქუჩის #30-ში, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ პირდაპირი მიყიდვის წესით, 2012 წელს გადასცა. ამ ნაკვეთთან ერთად ინვესტორს გადასცეს ნინოშვილის ქუჩის N23-ში მდებარე 513,3 კვ.მ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შენობა და მასზე დამაგრებული 982 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიც.

 

 

 

რატომ უნდა დალიოს ყავა სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძესთან ერთად

„როგორ წარმოგიდგენიათ, დღეს სალომე ზურაბიშვილი რომ ყავას სვამდეს სადმე გრიგოლ ვაშაძესთან ერთად?“ – ლევან ცუცქირიძის ამ შეკითხვამ შეხვედრის დასაწყისში ღიმილი გამოიწვია… ლევან ცუცქირიძე „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელია და ბათუმში შეხვედრა გამართა არჩევნებზე სასაუბროდ: რა გამოჩნდა არჩევნების პირველი ტურიდან და რა საფრთხეები შეიძლება არსებობდეს არჩევნების დასრულების შემდეგ – „ბათუმელები“ ლევან ცუცქირიძის საჯარო გამოსვლიდან რამდენიმე მონაკვეთს გთავაზობთ.

მთავარი რისკი

„ჩვენი ქვეყნის მთავარი რისკი 2009 წლიდან მოყოლებული არის ერთმანეთთან მებრძოლი პოლიტიკოსები. „მშვიდობის ფონდიც“ გვეუბნება, რომ ჩვენი მთავარი რისკი არის არა ეკონომიკა, რუსეთი და ასე შემდეგ, არამედ ჩვენივე პოლიტიკოსები. დღესაც მარგინალების ძახილი პარტიაზე, რომელსაც 600 ათასი ადამიანი აძლევს ხმას, უაღრესად სახიფათოა, ისევ როგორც „ოცნებისთვის“ იმის ძახილი, რომ ისინი მოღალატეები არიან. ეს არ უნდა აწყობდეს „ქართულ ოცნებას“ განსაკუთრებით, რომელსაც შემკვრელი იდეოლოგია, გარდა ძალაუფლებისა, არ გააჩნია.

ის მუდმივად ვერ დარჩება ხელისუფლებაში, შენ თუ ეძახი სისხლისმსმელებს და ფაშისტებს ოპოზიციას, ის რომ აღმოჩნდება ხელისუფლებაში, მერე არ გაგიკვირდეს, რომ  შესაბამისად მოგექცეს. ამიტომაც უნდა დალიონ ყავა სალომემ და გრიგოლმა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

წარმოვიდგინოთ ასეთი რეალობა: 2020 წლის არჩევნებში ვერც „ოცნება“ და ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ აკომპლექტებს მთავრობას და საჭირო ხდება მათ შორის თანამშრომლობა. „ოცნებამ“ როგორ უნდა აუხსნას ამომრჩეველს, რომ „დემონებთან“ შექმნა კოალიცია, ან პირიქით – „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამბობს, რომ აი, „მოღალატეებს“ შეეკრა. ამ ხალხის ასეთი აღტკინება აღარ ტოვებს კოალიციური მმართველობის შესაძლებლობას.

ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი იქნებიან პირველები, ვინც ერთმანეთთან დიალოგის საჭიროებას დაინახავენ, ისინი დაიწყებენ ამას, ჯერ ჩუმად, მერე საჯაროდ…

რა გამოაჩინა არჩევნების პირველმა ტურმა

„ქართული ოცნების“ მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, არის არა ის, რომ მათ კომუნიკაცია არ ჰქონდათ ხალხთან, არამედ არაფორმალურ მმართველობაში, ავტორიტარიზმი და პოლიტიკური სისტემის პირად ინტერესებზე დაქვემდებარება. ავტორიტარიზმი იმიტომ, რომ ივანიშვილი ყველაფერს წყვეტდა. ვერავინ ამბობს დღემდე, რომ სალომე ზურაბიშვილი უმძიმესი კანდიდატია. პარლამენტის რამდენიმე წევრს ჰქონდა მცდელობა, დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი, მაგრამ გაჩუმდნენ, დუმილი კი საკმარისი არ არის. ვინმემ შეიძლება ამას დაარქვას პარტიული დისციპლინა, მაგრამ ეს უფრო ივანიშვილის დისციპლინაა.

მთავარი პრობლემა, რასაც ქართველი ამომრჩეველი ხედავს „ოცნებაში“, არის უსამართლობა. ახლაც, 7 ნოემბრის მიტინგი მოაწყვეს და ისე ჩაუარეს სარალიძეს, ზედაც არ შეუხედავთ. არაფორმალური მმართველობა, სიღარიბე და გაჭირვება გასაგებია, მაგრამ ასეთ მომენტებზე აქვს განსაკუთრებული რეაქცია ქართულ საზოგადოებას. არ ვიცი, ამ ყველაფრის შეცვლას რამდენად შეძლებს და უნდა „ოცნებას“.

არჩევნებმა აჩვენა კარგი რამეებიც – მაგალითად ის, რომ დემოკრატია მუშაობს. ეს არის ლიბერალური დემოკრატია, მაგრამ დემოკრატიაა, როცა ამომრჩეველი გახდა თავდაჯერებული და სჯერა, რომ უბანზე მივა, ხმას მისცემს და შეცვლის, დასჯის მთავრობას, მან იცის უკვე, რომ მისი ხმა მნიშვნელოვანია. ქვეყანაში არსებობს კრიტიკული მედია იმის მიუხედავად, რომ არავის მოგვწონს ნეგატივის ნიაღვარი… უმჯობესია, ეს მედია იყოს კონსტრუქციული, პოზიტიური, მაგრამ გასაგებია, რა პოლიტიკურ კლიმატში გვიწევს ცხოვრება. რეალურად არსებობს სივრცე თავისუფალი აზრის გამოხატვისთვის.

არჩევნებმა აჩვენა ასევე, რომ გვაქვს რეალური შეჯიბრი. რეალურად ჯერ არავისთვის არაა ცნობილი, ვინაა გამარჯვებული. ადრე მინახავს კიდეც შეხვედრები, სადაც მსჯელობდნენ – კარგი, შენ 20 პროცენტს დაგიწერთ და ასე შემდეგ.

რას უნდა ველოდოთ არჩევნების შემდეგ

„ქართულ ოცნებას“ რეალურად დარჩა ორი გამოსავალი: ერთია, რომ მან დაიწყოს ხიდების მშენებლობა საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც აუცილებლად გამოჩნდებიან 2020 წლამდე. ცხადია, კონსტიტუციური უმრავლესობის აღება ძალიან გაუჭირდება „ოცნებას“, არსებული ეკონომიკა არ იძლევა ამის საფუძველს, რომ რამე ქვეყანაში არსებითად შეიცვლება, არც გლობალური და რეგიონალური ეკონომიკა იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს… როცა შეიძლება ვეღარ მოიგო არჩევნები, უნდა ააშენო ხიდები.

მეორე გზა არის ავტორიტარიზმის განმტკიცების მცდელობა. ახლა ამის პრელუდიას ვხედავთ: არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია, აგრესია კრიტიკული მედიის მიმართ… ეს იქნება ყველაზე სახიფათო არჩევანი. აქამდე ჩატარდა წყნარი არჩევნები, რადგან „ოცნებას“ კონკურენციის განცდა არ ჰქონდა. ახლა უკვე სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანია „ოცნებისთვის“.

ავტორიტარიზმი კი არ გამოვა, რადგან უკვე არსებობს ძლიერი ოპოზიცია, კრიტიკული მედია და რაც მთავარია – ქვეყანაში უხვად არსებობს ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილება, მშვიდობიანი აქციები კარგად ვიცით.

რატომ არ სურს ამომრჩეველს საქართველოში წინასაარჩევნო პროგრამა

ორგანიზაციას „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაც ჰქონდა ინტერნეტ პლატფორმა Prezidenti.ge, სადაც ადამიანებს პრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო ხედვების გაცნობა და ერთმანეთთან შედარება შეეძლოთ. ლევან ცუცქირიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ამ ინტერნეტ გვერდზე მომხმარებელი ძირითადად „ფეისბუკიდან“ შევიდა და 7 ათასი ადამიანი გაეცნო პროგრამებს.

რატომ არ სურს ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამის გაცნობა და რა შემთხვევაში დაინტერესდებიან ადამიანები კანდიდატების ხედვებით? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ლევან ცუცქირიძეს შეხვედრის დროს.

„პროგრამას რომ გაეცნო, რაიმეს კითხვა უნდა დაიწყოს ამომრჩეველმა. ზოგადად, ძალიან ცოტას კითხულობს საზოგადოება, ჩვენი განათლების სისტემა არა ჩავარდნილი, არამედ ჩანგრეულია. იქედან როცა ადამიანები გამოდიან, არაფერი არ იციან, გარდა იმისა, თუ როგორ ჩააბარონ ტესტი უმაღლესში… ასეთ ამომრჩეველს როგორ უნდა მოსთხოვო წინასაარჩევნო პროგრამის კრიტიკული წაკითხვა.

განათლებული ამომრჩეველი სხვანაირ პოლიტიკოსს გთხოვს. ამიტომაცაა, რომ ჩვენთან პოლიტიკოსები განათლების რეფორმას არ აკეთებენ, – ურჩევნიათ, რომ გზა დააგონ, მერე აყარონ, ხელახლა დააგონ… განათლების რეფორმა, არის 15-წლიანი პროექტი.

ამიტომ მრავალპარტიული კონსენსუსი აუცილებელია, რომ სერიოზულ რაღაცებზე წინსწრებით იფიქრო.  წინასაარჩევნოდ არა, მაგრამ არჩევნების შემდეგ ნახულობენ ხშირად ჩვენს გვერდს Prezidenti.ge, რომ შემდეგ პოლიტიკოსებს შეახსენონ წინასაარჩევნო დაპირებები.

 

დაცული ტერიტორიების სააგენტო დრონებს შეიძენს

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო დისტანციურად მართვად სამ საფრენ აპარატს, დრონს შეიძენს.

სააგენტომ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 15 500 ლარია.

ტენდერის ტექნიკური დავალების თანახმად საფრენი მოწყობილობის წონა 907 გრამი უნდა იყოს, პიქსელების რაოდენობა – არანაკლებ 20 მილიონისა, მაქსიმალური სიჩქარე არანაკლებ 70 კმ საათში, მაქსიმალური მომსახურების ზღვარი – ზღვის დონიდან არანაკლებ 6000 მეტრი, მაქსიმალური ფრენის მანძილი (უქარო ამინდში) – არანაკლებ 18 კმ.

მოწოდებულ საქონელს თან უნდა ახლდეს ქარხნული შეფუთვით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი აქსესუარი. საქონლის მიწოდება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2018 წლის 26 დეკემბრისა.

ვირტუალური რეინჯერების კლუბი ბათუმის ამერიკულ კუთხეში

ბათუმის ამერიკულ კუთხეში ახალი კლუბი -Virtual Rangers [ვირტუალური რეინჯერები] შეიქმნა. მასში გაწევრიანება 16-დან 23 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ.

კლუბის წევრები მიიღებენ ინფორმაციებს ვირტუალური რეალობისა და VR ტექნოლოგიის განვითარების შესახებ, შექმნიან 3D მოდელებსა და იმუშავებენ ამერიკული კუთხის უახლეს ტექნიკასთან.

კონკურსის შედეგად შეირჩევა 15 ფინალისტი, რომლებიც ტრენერების დახმარებით VR ტექნოლოგიებთან ყოველ კვირას 6 თვის მანძილზე იმუშავებენ. თითოეული მონაწილე კურსის მანძილზე ჩვენი ექსპოზიციის მონაწილე იქნება, რომლის ფარგლებშიც მათ თავიანთი ნამუშევრების გამოფენის საშუალება მიეცემათ.

კლუბში გაწევრიანებისთვის უნდა შეავსოთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა 25 ნოემბრის ჩათვლით.

შეხვედრები ჩატარდება ყოველ კვირას, 12:00-15:00 საათების მანძილზე.

ხომ არ ემუქრება ახალ სანიაღვრე ქსელს მოშლა ბულვართან სასტუმროების მშენებლობის გამო

მრავალსართულიანი მშენებლობები ბათუმის ბულვართან იმ ადგილებზეა დაგეგმილი, სადაც მიწის ქვეშ სანიაღვრე არხები გადის. ერთი ლერმონტოვის ქუჩის არხია, რომელიც წვიმის წყალს ლერმონტოვისა და მისი მიმდებარე ქუჩებიდან კრებს, ხოლო მეორეა ნურის ტბის არხი. „ბათუმელები“ დაინტერესდა, ხომ არ უქმნის პრობლემას დაგეგმილ თუ მიმდინარე პროექტებს აღნიშნული არხები და ამის გამო ხომ არ იგეგმება მათი რეკონსტრუქცია. ამ არხების, განსაკუთრებით ლერმონტოვის ქუჩის არხის, ფუნქციონირებას კი ქალაქისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, წვიმის დროს ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილის დატბორვის თავიდან ასაცილებლად.

ბათუმში მთელი რიგი ადგილები, მათ შორის ლერმონტოვის ქუჩის სიახლოვეს, გუშინ, 22 ნოემბერსაც დაიტბორა.

„ნურის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არ იგეგმება მიწისქვეშა კომუნიკაციებზე რაიმე სახის ტექნიკური, სარეაბილიტაციო ან/და საპროექტო სამუშაოები“, – მოგვწერა ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალმა“.

ნურის ტბასა და ბულვარს შორის ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია სამუშაოები მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობისთვის. აქ ნაკვეთები კერძო კომპანიებს აჭარის მთავრობამ პირობებით მიჰყიდა. დელფინარიუმის მიმდებარედ, სადაც სანიაღვრე არხები გადის, ნაკვეთები ორი კომპანიის საკუთრებაშია: შპს „ვესტინვესტი“ [რომელიც დღეს „ორბი ჯგუფის“ შვილობილია] და შპს „ალიანს ფრივილიჯი“ [„ალიანსი“].

„ალიანს ფრივილიჯი“, რუსთაველის ქუჩაზე, 54-სართულიან და 172 მეტრი სიმაღლის მრავლფუნქციურ კომპლექსს აშენებს. მის გვერდით კი ნაკვეთი „ვესტინვესტის“ საკუთრებაშია, სადაც ეს კომპანია ასევე სასტუმრო კომპლექსს ააშენებს.

სანიაღვრე არხებთან დაკავშირებით „ბათუმელები“ აღნიშნულ კომპანიებსაც დაუკავშირდა, თუმცა პასუხები ვერ მივიღეთ, მათი პროექტების განხორციელებას რა პრობლემებს უქმნის [ან უქმნის თუ არა საერთოდ] მიწისქვეშა კომუნიკაციები.

ამ ნაკვეთებსა და ბულვარს შორის კიდევ ერთი სანიაღვრე – ნინოშვილის არხი გადის, რომელიც ზღვას არდაგანის ტბასთან უერთდება. ნინოშვილის არხი ბულვარის ველობილიკის პარალელურად გადის. ამ არხის გამართულად ფუნქციონირებისთვის კი მნიშვნელოვანია იმ სატუმბი სადგურის მშენებლობა, რომელიც ტბასთან უნდა აშენდეს. სადგურის მშენებლობა დაწყებულია და ის გეგმის მიხედვით 2020 წელში უნდა დასრულდეს.

სანიაღვრე არხები დელფინარიუმთან და კომპანიები, რომლებსაც აქ ნაკვეთები აქვთ საკუთრებაში / სანიაღვრე არხების სიტუაციური რუკა „ბათუმის წყალმა“ მოგვაწოდა.

ნურის ტბიდან გამავალი არხი ადრე ზღვას უერთდებოდა, თუმცა შემდეგ ამ არხს ზღვაზე გასასვლელი ჩაუკეტეს და დღეს, როგორს „ბათუმის წყალში“ გვეუბნებიან, ეს არხი ნინოშვილის სანიაღვრე არხს უერთდება. ნურის ტბის არხი რკინაბეტონის კონსტრუქციაა და მას დიდი მნიშვნელობა აქვს ტბისთვის.

ნურის ტბაში ადრე წყალი სანიაღვრე არხებიდანაც ჩადიოდა, თუმცა ქალაქის მერიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შემდეგ ეს წყლები არა ტბაში, არამედ უკვე ლერმონტოვის ქუჩის არხში იყრის თავს. ლერმონტოვის არხიდან კი წყალი ზღვაში ღიად ჩაედინება, თუმცა, მანამდე ეს არხი ნინოშვილის არხსაც კვეთს.

„ლერმონტოვის არხი და ნინოშვილის არხი ერთმანეთს უკავშირდება ყოველგვარი სპეციალური ფარების გარეშე. სიმაღლეების მიხედვით კი ისეა კონსტრუქცია, რომ ლერმონტოვის არხიდან შესაძლოა წყალი გადავიდეს ნინოშვილის არხში, თუმცა, პირიქით, რაღაც მნიშვნელოვანი თუ არ მოხდა, წყალი ლერმონტოვის არხში ვერ გადმოვა“, – გვითხრეს „ბათუმის წყალში“.

„ნურის ტბის არხი კერძო საკუთრების ქვშ ექცევა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არხის ოპერირების დროს რაიმე სახის პრობლემები იქმნება“, – აცხადებს „ბათუმის წყალი“. რომელი ნაკვეთის ქვეშ გადის ზუსტად ლერმონტოვის არხი დელფინარიუმიდან ზღვამდე, „ბათუმის წყალში“ ვერ დაგვიკონკრეტეს. მათგან მოწოდებული სიტუაციური ნახაზისა და საკადასტრო რუკის შედარებით კი ირკვევა, რომ ლერმონტოვის არხის ნაწილიც კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე გადის.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე სანიაღვრე არხის რაღაც ნაწილი შესაძლოა გადიოდეს კერძო საკუთრებაში. ეს არ არის ერთადერთი და უნიკალური შემთხვევა, როცა სანიაღვრე არხი გადის კერძო საკუთრებაში. ქალაქში ბევრ ადგილზე გადის სხვის საკუთრებაში სანიაღვრე არხი მიწის ქვეშ, მაგრამ ეს ამ სისტემების ოპერირებას ხელს არ უშლის. ზოგადად, თუ რაიმე დაგეგმილი ან მიმდინარე სამუშაოები ეხება მიწისქვეშა სისტემას, მშენებელი მიმართავს ქალაქის მერიას და ხდება საკითხის ერთობლივად განხილვა. დელფინარიუმთან კი, რომელიმე არხის ჩაკეტვა-გაუქმება გამორიცხულია“, – გვითხრეს „ბათუმის წყალში“.

აღნიშნულ ნაკვეთებიდან ერთ-ერთი ნაკვეთის ქვეშ ასევე გადის მილი, რომლითაც ბათუმის დელფინარიუმი ზღვის წყლით მარაგდება. დელფინარიუმში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაგეგმილი მშენებლობების გამო მათთვის ამ დრომდე არავის მიუმართავს.

ნურის ტბიდან გამავალი არხი / 23.11.2018
ლერმონტოვის არხის შესართავი ზღვასთან [დელფინარიუმის მოპირდაპირედ] / 23.11.2018
ნურის ტბის არხი ამ ადგილზე ღიად უერთდებოდა ზღვას, თუმცა ბულვარის სასეირნო ბილიკთან დღეს მხოლოდ ყოფილი არხის თავზე დამონტაჟებული მოაჯირია / 23.11.2018

 

მთავარი ფოტო: ლერმონტოვის არხი ბულვარში ამ ადგილიდან ღიად უერთდება ზღვას / „ბათუმელების“ ფოტო / 23.11.2018

ნეკერჩხლები და დეკორატიული ტყემლის ხეები – ბათუმის ბულვარი ახალ მცენარეებს შეიძენს

ბათუმის ბულვარი სხვადასხვა სახის მრავალწლიანი ხე-მცენარეებისა და ბუჩქების შესასყიდად ტენდერს აცხადებს.

ბულვარი ამჯერად უთხოვარის ორი ჯიშის, მტირალა კედარის, კვიპაროსის, წითელი ნეკერჩხლის, სოფორას, დეკორატიული ტყემლისა და ჯუჯა ვარდების ნერგებს შეიძენს.

ახალი ნარგავების შესაძენად გამოცხადებული ტენდერის სავარაუდო ღირებულება 164 150 ლარია.

დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ მოწოდებული ხე-მცენარეები და ბუჩქები მოთავსებული უნდა იყოს კონტეინერებში, ხე-მცენარეების და ბუჩქების ფესვთა სისტემა კონტეინერში განვითარებული უნდა იყოს დამოუკიდებლად, რათა მოხდეს მისი გადარგვა წელიწადის ნებისმიერ დროს;  დამუშავებული უნდა იყოს შხამქიმიკატებით და ა.შ. ასევე,  მიმწოდებელი ვალდებულია მცენარეების მოწოდებამდე შემსყიდველს წარუდგინოს მოსაწოდებელი მცენარეების ფოტოები.

ტენდერში წინადადებების მიღება 4 დეკემბერს დასრულდება.

____________

მთავარ ფოტოზე: მტირალა კედარი

შუახევში „პატრიოტთა ალიანსის“ ათმა წევრმა პარტია დატოვა

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა  შუახევიდან, ბეგლარ ფუტკარაძემ, დღეს, 23 ნოემბერს, ბათუმში, გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში ბრიფინგზე განაცხადა, რომ მან და პარტიის კიდევ ათმა წევრმა პარტია დატოვეს. ბეგლარ ფუტკარაძე ამბობს, რომ ყოფილი წევრები აპროტესტებენ პარტიის პრორუსულ კურსს და მმართველ პარტიასთან ალიანსს. „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრები გაერთიანებულ ოპოზიციას უერთდებიან.

„შექმნილმა ვითარებამ, პარტიის არასწორმა ქმედებებმა, მათ შორის პრორუსულმა პოლიტიკამ, იმან, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ დღეს ატარებს „ქართული ოცნების“ ინტერესებს, გადაგვადგმევინა ეს ნაბიჯი. დარჩენილი წევრებიც, ვფიქრობ, ძალიან მალე დატოვებენ პარტიას“, -ამბობს ის.

კითხვაზე, ის რომ პარტიის ლიდერები არასდროს მალავდნენ პოლიტიკურ სიმპათიებს რუსეთის მიმართ, იყო თუ არა მისთვის უფრო ადრე ცნობილი და ჰქონდა თუ არა ამაზე საუბარი პარტიის ლიდერებთან? ბეგლარ ფუტკარაძე ამბობს, რომ ის პარტიის პრორუსულ პოლიტიკას მანამდეც აკრიტიკებდა.

„მქონდა პარტიაში ამასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია დაფიქსირებული. დღეს კიდევ ვაფიქსირებ და თან ვტოვებ პარტიას. მე პატრიოტად მივიჩნევ ადამიანს, რომელიც ქვეყნის, ხალხის სასიკეთოდ მოქმედებს, მოსახლეობის გვერდით დგას და არა ადამიანს, რომელიც გარკვეული ფულის სანაცვლოდ, თამაშობს სხვადასხვა როლს“, – ამბობს ფუტკარაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რას გულისხმობს „გარკვეული ფულის სანაცვლოდ“ სხვადასხვა როლის თამაშში, ფუტკარაძე ამბობს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ფინანსურ სარგებელს იღებს მმართველი პარტიისგან.

„დღეს არის დაგეგმილი პატრიოტთა ალიანსის აქცია ევროპის მოედანზე, სინამდვილეში ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი აქცია და „ქართული ოცნების“ ფინანსური სახსრები იხარჯება სოფლებიდან ადამიანების მობილიზებაში.

ბეგლარ ფუტკარაძე ამბობს, რომ პარტიის დატოვების შესახებ „პატრიოტთა ალიანსი“ ინფორმირებული არ არის და ის ამის შესახებ, დღეს, ბრიფინგის შემდეგ გაიგებს.

ბეგლარ ფუტკარაძე ამბობს, რომ დანარჩენი ათი წევრი, რომლებმაც პარტია დატოვეს, ბათუმში ბრიფინგზე, უამინდობის გამო ვერ ჩამოვიდნენ.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23  ნოემბრის  21 საათიდან 24  ნოემბრის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 24-25 ნოემბერს, აჭარაში მოსალოდნელია  უმეტესად უნალექო ამინდი.

ბათუმის საკრებულოში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დასრულდა

ლუკა ასათიანის სხდომათა დარბაზში საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. ბიუჯეტის პროექტი კომისიის წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოვალეობის
შემსრულებელმა ედნარ ნატარიძემ წარუდგინა.

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე - ზურა ნაკაიძე
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე – ზურა ნაკაიძე

პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტი ჯამში 154,361,6 ლარითაა განსაზღვრული. პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ რჩება მუნიციპალური იფრასტრუქტურის განვითარება, ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება, მუნიციპალური სერვისების განვითარება, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება.

დღესვე, საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომისდაწყებამდე, სხდომა გამართა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიამაც, რომელმაც საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიას ბიუჯეტის პროექტზე დადებითი დასკვნა წარუდგინა. ბიუჯეტის პროექტზე დასკვნები, ასევე, წარადგინეს საკრებულოს სხვა კომისიებმაც. თავის მხრივ, საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისია შემაჯამებელ დასკვნას არა უგვიანეს 25 ნოემბრისა წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც იმავე დღეს დაუბრუნებს ქალაქის მერს ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებითურთ.

კომისიის სხდომა
კომისიის სხდომა

თავმჯდომარის წერილთან ერთად მერს გადაეგზავნება საფინასო და ეკონომიკური განვითარების კომისიის შემაჯამებელი დასკვნის დამოწმებული ქსეროასლი ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნების თაობაზე.  ქალაქის მერი ვალდებულია განიხილოს ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნები და ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებული ვარიანტი შენიშვნებზე დასკვნასთან ერთად არა უგვიანეს 10 დეკემბრისა წარუდგინოს საკრებულოს დასამტკიცებლად.

ბიუჯეტის პროექტის განხილვას, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან ერთად, არასამთავრობო სექტორისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

1200 ვაქცინა ამოწურულია – გრიპზე უფასო აცრის აქცია ბათუმში დასრულდა

საღამოს ხუთი საათისთვის საოჯახო მედიცინის ცენტრს ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე, გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციისთვის ასამდე პირმა მიაკითხა. მათ შორის იყვნენ როგორც ხანდაზმულები, ასევ, მიიყვანეს ჩვილებიც. აქ მომუშავე ექთანმა გვითხრა, რომ სკეპტიკური დამოკიდებულება აცრების მიმართ შეიცვალა და ახლა ადამიანები მოტივირებულები არიან მსგავსი საშუალებები, მით უმეტეს თუ მისი მიღება აქციის ფარგლებში უფასოდ შეუძლიათ, აუცილებლად გამოიყენონ:

„ხუთი წლის წინ რომ შემოვიდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, ამასაც შიშით უყურებდნენ. თანდათან შეეჩვიენ. ახლაც არის ახალი წამლის მიმართ შიში, მერე ეჩვევიან.“

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, უფასო ვაქცინაციისთვის გათვალისწინებული 1200 ვაქცინა უკვე ამოიწურა. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრა, საერთო ჯამში, ბათუმში 437-მა, ხელვაჩაურში – 243-მა, ქობულეთში 230-მა, ქედაში- 100-მა, ხულოში – 80-მა და შუახევში 110-მა პირმა გაიკეთა.

აქცია ერთდღიანი იყო და დღესვე დასრულდა.

გარდა ამისა, დამატებით უფასო ვაქცინა გათვალისწინებულია რისკ- ჯგუფებისთვისაც, როგორებიც არიან: ბავშვები, ორსულები, დიაბეტით დაავადებულები, მოხუცები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული პირები და ა.შ.

გრიპის უფასო ვაქცინაცია ტარდება ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით.

ტკივილგამაყუჩებელი და ზოგიერთი სხვა წამალი ისევ გაძვირდა

საქსტატის მონაცემებით, ზოგიერთი მედიკამენტი ისევ გაძვირდა. გაძვირება, ძირითადად, შეეხო ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებს, ანტიბიოტიკებსა და ვიტამინებს. გაძვირდა ანთების საწინააღმდეგო წამლებიც. თუმცა ფასების მატება მხოლოდ ამ მედიკამენტებზე არ ასახულა.

„ბათუმელები“ გთავაზობთ სამი დასახელების მედიკამენტს, რომელთა ფასებიც სექტემბრის შემდეგ შეიცვალა:

მაგალითად, სექტემბრის თვეში ერთი ფლაკონი კეტონალი [25 კაფსულა] ღირდა 4.85 ლარი. დღეს ეს მედიკამენტი 5.65 ლარი ღირს.
ლაზოლვანის ყიდვა სექტემბერში შესაძლებელი იყო 10.94 ლარად, ამ მედიკამენტის ფასი დღეისათვის 11.38 ლარს აღწევს.


1.53 ლარით გაძვირდა კიდევ ერთი მედიკამენტი – ლოქსიდოლის ყიდვა სექტემბერში შეიძლებოდა 23.83 ლარად, ახლა ამ მედიკამენტის ფასი 25-26 ლარამდეა გაზრდილი.

ფასების მატება, სავარაუდოდ, ლარის კურსს უკავშირდება.

ჯანდაცვის კომისიაში ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილება

ბათუმის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის კომისიის სხდომაზე ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით გასახორციელებელი პროგრამები და ქვეპროგრამები მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა სოფო მიქელაძემ წარადგინა. მისი განცხადებით, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული მიმართულებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

ბათუმის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის კომისიის სხდომა

პროექტის მიხედვით, ბიუჯეტიდან ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება 16,056,5 ლარითაა გათვალისწინებული. მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამებზე გამოყოფილია 5,907,9 ლარი, სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამებზე  – 9,370,6 ლარი, სანიტარული ზედამხედველობისა და ეპიდსიტუაციის მართვის პროგრამებზე – 778,0 ლარი.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსულობები ჯამში 154,361,6 ლარს შეადგენს.

კომისიის სხდომას, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ამავე კომისიის წევრი ნატალია ძიძიგური უძღვებოდა.

წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ბათუმის მერიის შპს – „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, გაწმენდისა და ამოტუმბვის სამუშაოები ბაგრატიონისა და თავდადებულის, ასევე, აღმაშენებლისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთებში ამ წუთებშიც გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია 6 ერთეული ტექნიკა და ფიზიკურად მუშაობს 75 ადამიანი.

ქალაქში გადაადგილების დროს „ბათუმელებმა“ დააფიქსირა, რომ დატბორილია ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების გადაკვეთის ადგილიც.

„ბათუმის წყალში“ გვითხრეს, რომ ამ ქუჩების დატბორვის შესახებ მათთან ინფორმაცია არ შესულა. კომპანიაში ვერ გვითხრეს, რამდენი შეტყობინება შევიდა ამ დროისთვის.

„ბათუმის წყლის“ პრესსამსახურში განმარტეს, რომ ძლიერი წვიმის შედეგად პრობლემა რამდენიმე ქუჩაზე დღის მეორე ნახევრიდან შეიქმნა – მოქალაქეებმა ცხელ ხაზზე 4 საათის შემდეგ დარეკეს.

ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია საცხოვრებელ სახლებში წყლის შესვლის შესახებ.

მთავარი ფოტო: დატბორილი 26 მაისის ქუჩა, მანანა ქველიაშვილის ფოტო.

 

ზამთრის სეზონთან დაკავშირებით მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობისთვის ემზადება

დღეს ბათუმის მერმა ზამთრის სეზონთან დაკავშირებით მერიაში საგანგებო თათბირი გამართა. შეხვედრაზე ითქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ბათუმის მერიის სტრუქტურული ერთეულები და მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციები ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, უხვი ნალექისა და თოვლის შემთხვევაში, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავლენ.

გასულ წლებში დიდთოვლობის გამო, გარკვეული პერიოდით ბათუმის ქუჩებში ტრანსპორტით გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. თოვლის გამო დაზიანდა სადენებიც და მცენარეებიც. დღეს, 22 ნოემბერს, მოსული უხვი ნალექის გამო ბათუმში უკვე დაიტბორა რამდენიმე ქუჩა. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ასეთი ვითარების თავიდან ასაცილებლად ტექნიკა, რომელიც საჭიროა ქალაქის გასუფთავებისთვის, გამართულია, მობილიზებულია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ფიზიკურად მუშაობს თოვლის საფარის გაწმენდისთვის. ასევე, შეძენილია ქალაქის ტერიტორიებისა და ცხაურების თოვლის საფარისგან გასაწმენდად ყველა საჭირო ხელსაწყო და ინსტრუმენტი.

შეხვედრას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, „ენერგო-პრო ჯორჯიას“, „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „სილქნეტის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 

უბისა-შორაპნის ახალი გზისთვის 902 მილიონამდე ლარი დაიხარჯება – ავტობანი რიკოთზე

რიკოთის უღელტეხილზე ახალი გზის მშენებლობისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მორიგი ხელშეკრულება გააფორმა. ამჯერად, უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობისთვის ხელშეკრულება ჩინურ კომპანია China Road and Bridge Corporation-თან 901 973 206 ლარზე გაფორმდა.

უბისა-შორაპნის მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის 4-ზოლიანი 13 კმ-იანი გზა,  27  ხიდი და 18 გვირაბი აშენდება. სამშენებლო სამუშაოები  ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიღებული სესხით დაფინანსდება. პროექტის განხორციელების ვადა, ხელშეკრულების მიხედვით,  2018 წლის დეკემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდეა განსაზღვრული. თუმცა სხვა პროექტებს რომ გადავხედოთ, უმეტეს შემთხვევაში სამუშაოების დასრულების ვადები გახანგრძლივებულია.

რიკოთზე დაგეგმილი ავტობანი ოთხი მონაკვეთისგან შედგება:

I სექცია – ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი – 11,7 კმ.
II სექცია – ხევი-უბისას მონაკვეთი – 12,2 კმ.
III სექცია – უბისა-შორაპნის მონაკვეთი – 13 კმ.
IV სექცია – შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი – 14,7კმ.

აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო მაგისტრალის დასრულებული, მშენებარე და დაგეგმილი მონაკვეთები წითელი ხიდიდან სარფამდე / წყარო: გზების დეპარტამენტი

დეპარტამენტს ხელშეკრულება უკვე გაფორმებული აქვს ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობისთვისაც, 732 296 478 ლარზე, ხოლო ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე ტენდერია გამოცხადებული, სადაც სატენდერო თანხა 376 962 285 ლარია.

რაც შეეხება შორაპანი-არგვეთას მონაკვეთს, დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები და მშენებლობის ღირებულება ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გასაჯაროვდება.

რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილია სულ 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.

ამ თემაზე:

4-ნახევარი საათი სარფიდან წითელ ხიდამდე – 3 მილიარდამდე ლარი ავტობანისთვის რიკოთზე

მთავარი ფოტო: ავტობანი რიკოთზე / ფოტომონტაჟი / გზების დეპარტამენტის ვიდეორგოლიდან

დაზღვევა თურქეთში – როგორ გაჩნდა ახალი შეთავაზება პაციენტებისთვის

სადაზღვევო კომპანიებს საქართველოში ახალი სერვისი აქვთ – დაზღვევა თურქეთში. შეთავაზება მას შემდეგ გააქტიურდა, როცა საქართველოდან თურქეთში ადამიანების გადასვლის მაჩვენებელმა იმატა. მედიკამენტების იაფად ყიდვის გარდა, ადამიანები სამედიცინო მომსახურების მიღებასაც თურქეთის სამედიცინო კლინიკებში არჩევენ.

„არდის სადაზღვევო ბარათით თქვენ მიიღებთ ექსკლუზიურ ფასდაკლებას თურქეთის ნომერ პირველ წამყვან კლინიკაში…“ – ეს სადაზღვევო კომპანია „არდის“ ჯანმრთელობის დაზღვევის შეთავაზებაში გაჩნდა. შეთავაზების მიხედვით, „არდის“ მომხმარებელი თურქეთში მითითებულ კლინიკაში სამედიცინო მომსახურების საფასურის 5-დან 10 პროცენტამდე ფასდაკლებას მიიღებს, ისრაელში მდებარე კლინიკებში კი 7-15 პროცენტამდე.

შეთავაზება ვრცელდება საზღვარგარეთ მედიკამენტების შეძენაზეც – 50 პროცენტის ოდენობით. თუკი „არდის“ დაზღვევის მქონე ადამიანი წამალს საქართველოში შეიძენს, ის 55-პროცენტიან ფასდაკლებას მიიღებს, თუმცა მედიკამენტი მხოლოდ PSP – სააფთიაქო ქსელში უნდა შეიძინოს. ამ დრომდე სადაზღვევო კომპანიები კონკრეტულ სააფთიაქო ქსელთან არიან დაკავშირებული. მას შემდეგ, როცა თურქეთში მედიკამენტების დაბალ ფასად ყიდვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, რამდენიმე სააფთიაქო ქსელი მომხმარებელს ამ სერვისსაც დაჰპირდა – წამლების თურქეთიდან გადმოტანას იმის მიუხედავად, რომ თავად მედიკამენტების წარმოება-გაყიდვით არიან დაკავებული.

„არდის“ მსგავსად საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების დაზღვევას სხვა კომპანიებშიც შემოგთავაზებენ, ანუ სადაზღვევო ბიზნესს შეუმჩნეველი არ დარჩენია ქართველი მომხმარებლის ინტერესი თურქული კლინიკების მიმართ. კომპანიების: „ირაოს“, „იმედი L“-ს, „სადაზღვევო ჯგუფის“, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ცხელი ხაზის ოპერატორებმა გვითხრეს, რომ თურქეთში მკურნალობის დაზღვევა შესაძლებელია. „დეტალები ფორმა 100-ზეა დამოკიდებული და ინდივიდუალურ შეთანხმებაზე“, – აღნიშნეს ოპერატორებმა.

სადაზღვევო კომპანიების ოპერატორების განმარტებით, კორპორატიული დაზღვევის შემთხვევაში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში მკურნალობის საფასური მაშინ იფარება, თუკი ანალოგიური სერვისის მიღება საქართველოში შეუძლებელია. ოპერატორებმა, ასევე, გვითხრეს, რომ შეთანხმების შემთხვევაში, შესაძლებელია კორპორატიული დაზღვევაც ითვალისწინებდეს თურქეთში მკურნალობის დაზღვევას იმის მიუხედავად, კონკრეტული სამედიცინო მომსახურება საქართველოში მდებარე კლინიკებში აქვთ თუ არა.

რატომ გააქტიურეს სადაზღვევო კომპანიებმა თურქეთში მკურნალობის დაზღვევა და კონკრეტულად რამდენად აძვირებს ეს სიახლე სადაზღვევო პაკეტის საფასურს – სადაზღვევო კომპანიების ოპერატორების თქმით, ამ თემაზე ინფორმაციის მოწოდება მათ არ შეუძლიათ. ოპერატორები დაგვპირდნენ, რომ მენეჯერებს შეატყობინებდნენ ჩვენთვის საინტერესო თემის შესახებ და შემდეგ მივიღებდით პასუხს. ამ დრომდე კომპანიებისგან განმარტებები არ მიგვიღია „არდის“ გარდა, სადაც გვითხრეს, რომ კონკრეტულად თურქეთთან დაკავშირებით კონკრეტული მენეჯერი მუშაობს, რომელიც ორშაბათამდე სამსახურში არ იქნება.

ამ თემაზე:

მოქალაქე: წამლები, რომლებშიც საქართველოში 187 ლარი უნდა გადამეხადა, თურქეთში 63 ლარად ვიყიდე

ბათუმის საკრებულოს განათლების კომისიაში ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს

ბათუმის საკრებულოს კომისიებში მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება. წარმოდგენილი პროექტი ამჯერად საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიამ განიხილა.

განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე
განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე

როგორც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019-2022 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტშია აღნიშნული, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. პროექტის მიხედვით, ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტიდან განათლების მიმართულებით 15,626,0 ლარი დაიხარჯება, აქედან 15,445,0 ლარი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამას მოხმარდება, პროფესიული განვითარებისა და უმაღლესი განათლების ხელშეწყობას – 170,0 ლარი, ხოლო ზოგადი განათლების ხელშეწყობას – 11 ათასი ლარი.

რაც შეეხება კულტურას, ახალგაზრდობის ხელშეწყობასა და სპორტს, ქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ამ მიმართულებით გამოყოფილია 13,398,4 ლარი, კერძოდ: მუნიციპალური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოვლა პატრონობაზე 1,944,5 ლარი დაიხარჯება, კულტურულ ღონისძიებებსა და ფესტივალებზე – 2,613,6 ლარი, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობაზე -2,446,7 ლარი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარებაზე – 308,0 ლარი, ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობაზე -157,0 ლარი.

კომისიის სხდომა
კომისიის სხდომა

კომისიის სხდომას, რომელსაც ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე უძღვებოდა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეცვლილი დოკუმენტი – საია ბათუმის მერიას სასამართლოში უჩივის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] ბათუმის მერიის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართავს. საია იმ განკარგულების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც საკრებულომ მერიის წარდგენით მოიწონა და შეითანხმა შპს „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც ბათუმში დამცავი ზონების დადგენას ითვალისწინებდა. საიას პრეტენზია დამცავი ზონების დადგენას არ უკავშირდება – საქმე იმაშია, რომ მერიამ დოკუმენტის დასამტკიცებლად წარდგენამდე, კვლევით დადგენილი საზღვრები შეცვალა.

ყველაფერი უფრო მარტივად გასაგები რომ გახდეს, მოვლენები ასე განვითარდა:

სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევა, რომლითაც ბათუმში დამცავი ისტორიული ზონის საზღვრები დაადგინეს, ბათუმის მერიამ თავისი შეხედულებისამებრ შეასწორა და ისე წარუდგინა საკრებულოს. ეს დოკუმენტი საკრებულომ ისე მოიწონა, რომ ერთი კითხვაც არ  გასჩენია დოკუმენტის შეცვლის თაობაზე – ყოველ შემთხვევაში, ასეთი კითხვები საკრებულოს სხდომაზე  საკითხის დამტკიცებისას არ დაუსვამთ და არც საზოგადოებისთვის განუმარტავთ რაიმე.

არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებმაც დოკუმენტი მოიწონეს, მშვიდად იყვნენ, რადგან ეგონათ, რომ საკრებულოში არა შესწორებული, არამედ დოკუმენტის პირველადი ვარიანტი იყო წარდგენილი. დოკუმენტის შეცვლის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი დაინტერესებული პირებისთვის, როცა ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარედ მერიაში სამშენებლო პროექტის განხილვა დაიწყეს.

საიას განმარტებით, მერია სათანადო ექსპერტიზის გარეშე, თვითნებურად მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე, მაშინ როცა საზღვრების დადგენას სჭირდება მეცნიერული კვლევა; დოკუმენტი, რომლითაც დგინდება ისტორიული საზღვრები, სპეციალისტების ჯგუფმა უნდა შეადგინოს:

„ეს იმდენად სპეციფიკური სფეროა, რომ თუ არა სპეციფიკური ცოდნა, სხვაგვარად შეუძლებელია ისტორიული საზღვრების დადგენა. მერიას არ გააჩნდა რესურსი და ამიტომაც შეექმნა ეს დოკუმენტი ტენდერის გზით. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მოამზადა დოკუმენტი, რომელიც მერიამ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დააკორექტირა. თანაც ჩამოაჭრეს ტერიტორია, რომლის არეალში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – შუქურაა მოქცეული“.

საია სასამართლოში მოითხოვს ბათუმის საკრებულომ ბათილად ცნოს #33 დადგენილება, რომლითაც „გეოგრაფიკისმომზადებული, მაგრამ მერიის მიერ შეცვლილი დოკუმენტი მოიწონა და დაამტკიცოს დოკუმენტის პირველადი ვარიანტი.

მერიის პოზიციას ამ საკითხზე „ბათუმელები“ მისი მიღებისთანავე, აქვე შემოგთავაზებთ.

კრიპტომატის საშუალებით მოცდის გარეშე თანხის განაღდების ლიმიტი 3000 ლარამდე გაიზარდა

„კრიპტომატი“ (Cryptomat) – კრიპტოვალუტების ორმხრივი ბანკომატების ოპერატორი კომპანია მომხმარებელს სიახლეს სთავაზობს.

ამიერიდან, 3000 ლარამდე თანხის განაღდება, მომხმარებლებს სწრაფად, ყოველგვარი მოცდის გარეშე: ე.წ. Redemption Code-ისა და ბლოკჩეინის ქსელში დადასტურების გარეშე, ტრანზაქციის დასრულებისთანავე შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ „კრიპტომატი“ კრიპტოვალუტებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს კრიპტოვალუტების  –  ბიტკოინის (BTC) ლაითკოინის (LTC), ბიტკოინ ქეშისა (BCH) და ეთერიუმის (ETH) ლარში ყიდვისა და გაყიდვის შესაძლებლობას აძლევს.

კომპანია ქართულ ბაზარზე 7 თვის წინ გამოჩნდა და დღეის მდგომარეობით თბილისში 5, ხოლო რეგიონებში – თელავი, ქუთისი, ბათუმი – 3 აპარატს ფლობს.

კრიპტომატმა ბათუმში ოპერირება 1 თვის წინ დაიწყო და მისით სარგებლობა დაინტერესებულ პირებს სასტუმრო „კოლიზეუმი მარინა“-ში – შერიფ ხიმშიაშვილის 16-ში შეუძლიათ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ზრდის პარალელურად მომხმარებელს სხვა სიახლეებსაც შესთავაზებენ.

იგივე თემაზე: „კრიპტომატი“ – სიახლე ბათუმში

შუახევის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, ჯანდაცვის პროგრამებზე 611 700 ლარი დაიხარჯება

დღეს შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში ,,შუახევის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ პროექტი საჯაროდ განიხილეს.

მუნიციპალიტეტის 2019 წლის საწყისი ბიუჯეტი 9 600 000 ლარია. აქედან ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე 4 101 700 ლარი, ხოლო განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით 2 305 000 ლარია გათვალისწინებული. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებზე 611 700 ლარი დაიხარჯება.

პროექტის მიხედვით, პრიორიტეტულ მიმართულებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურა, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის განვითარება და სოციალური პროგრამები.

,,შუახევის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ პროექტის საჯარო განხილვას შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, საკრებულოს წევრები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

საკრებულოში ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს

ბათუმის საკრებულოს კომისიებში დღეს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომაზე ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ელდარ ნატარიძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტული მიმართულებაა და მასზე 2019 წელს ქალაქის ბიუჯეტიდან საერთო ჯამში 64,861,100 ლარი დაიხარჯება.

ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე - გოჩა მგელაძე
ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე – გოჩა მგელაძე

ინფრასრუქტურულ ნაწილში ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პროგრამების შესაბამისად,  საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება დაფინანსდება – 34,772,2 ლარით; სატრანსპორტო სისტემისა და სერვისის განვითარება – 9,658,1 ლარით; საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება – 11,700,2 ლარით; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია, დემონტაჟი 5,135,8 ლარით; მუნიციპალური სასაფლაოების მოწყობა და მოვლა-პატრონობა – 761,2 ლარით; ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა და მართვა – 1,924,0 ლარით; ქალაქის კეთილმოწყობა – 909,6 ლარით; ქალაქის დასუფთავების მომსახურების განვითარება – 8,921,0 ლარით; ეკოლოგიური მდგომარეობის და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება – 4,174,6 ლარით; საბავშვო ბაღების შენობების მშენებლობა და კაპიტალური რეაბილიტაცია – 737,9 ლარით; სასპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია – 469,9 ლარით.

ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა
ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი საერთო ჯამში 154,361,6 ლარს შეადგენს.

კომისიის სხდომას მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომას ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.

დღესვე ბიუჯეტის პროექტის განხილვა განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე 14 საათზე დაიწყება.

განათლების მინისტრი აცხადებს, რომ 3 000 სტუდენტისთვის ქალაქს ააშენებენ

საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა დღეს, 22 ნოემბერს, განაცხადა, რომ 3 000 სტუდენტისთვის სტუდენტური ქალაქი აშენდება თბილისში.

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სტუდენტურ ქალაქს 2019 წელს თსუ-ს მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ააშენებენ.

„პროექტში გათვალისწინებულია როგორც საერთო და ინდივიდუალური ოთახები, ასევე, ცენტრალური და საერთო სამზარეულოები, რეკრეაციული და სოციალური სივრცეები, ბიბლიოთეკები, სპორტული დარბაზები, აუზები და მულტი-პროფილური გარე მოედნები. კამპუსს ეყოლება 24-საათიანი დაცვის და დასუფთავების სამსახურები“, – აცხადებს მინისტრი.

მისივე ინფორმაციით, სტუდქალაქი 3000 სტუდენტზე იქნება გათვლილი „საერთო საცხოვრებლით და სტუდენტებისთვის საჭირო მრავალი სერვისით. ამ ქალაქით არა მხოლოდ თსუ-ს, სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებიც ისარგებლებენ“.

რამდენი ლარია ბიუჯეტში სტუდენტური ქალაქის მშენებლობისთვის, განათლების მინისტრს ამ საკითხზე არ უსაუბრია.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, განათლების სამინისტროს  დაფინანსება 37.7 მლნ ლარით იზრდება და 1 522,7 მლნ ლარს შეადგენს.

გრიპზე უფასო აცრა სოფლებშიც ყველას ეკუთვნის – საზოგადოებრივი ჯანდაცვის განმარტება

შუახევის მუნიციპალიტეტიდან „ბათუმელებს“ მოქალაქეები დაუკავშირდნენ და განაცხადეს, რომ მათ გრიპის უფასო აცრაზე უარი უთხრეს. მათ უთხრეს, რომ ვაქცინაცია მხოლოდ გარკვეული ჯგუფისთვის არის განკუთვნილი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ გრიპზე უფასო აცრა ყველა მსურველს შეუძლია.

„შუახევის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ როგორც უბნის ექიმს, ასევე დაბაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და ჩაიტარონ აცრა.

შესაძლოა ზოგიერთ უბნის ექიმს არ ჰქონდეს მიღებული ვაქცინა და ამის გამო შევიდა მოსახლეობა შეცდომაში. ასეთ შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებს რეგიონებში და ისინი მიაწვდიან ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოიქცნენ“, – ამბობს შავიშვილი.

როგორც რუსუდან შავიშვილი ამბობს, ყველა რისკ-ჯგუფი ამ დროისთვის უკვე აცრილია და დღეს, 22 ნოემბერს დაგეგმილი ვაქცინაცია სხვა მსურველებისთვის არის გათვალისწინებული.

„4 400-მდე ვაქცინა უკვე გაკეთებულია და ისეთი რისკჯგუფები, როგორიცაა, მაგალითად, ბავშვები, ორსულები, დიაბეტიკები, მოხუცები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული პირები და ა.შ. ყველა აცრილია. ეს არის დამატებითი ვაქცინაცია იმ მოქალაქეებისთვის, ვინც გადაწყვიტა, რომ თავი დაიცვას გრიპის ვირუსისგან“.

რუსუდან შავიშვილის თქმით, ამ დროისთვის აჭარაში გრიპის  1 200 ვაქცინაა შემოტანილი. იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ბევრად მეტი ადამიანი ცხოვრობს, „ბათუმელებმა“ რუსუდან შავიშვილს ჰკითხა, მოთხოვნის შემთხვევაში არის თუ არა ვაქცინის დამატება შესაძლებელი? მისი თქმით, ეს აჭარის საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე არ არის დამოკიდებული.

შენიშვნა: აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა და ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით განმარტა, რომ გრიპზე უფასო აცრა შეუძლიათ არა მხოლოდ ზრდასრულებს, არამედ ბავშვებსაც. 

„შავი პარასკევი“ ბელჰაუსში – 40%-მდე ფასდაკლება სრულ კოლექციაზე

Black Friday-ს შეთავაზებები ბელჰაუსი Belhouse-ში დაიწყო! 23-დან 27 ნოემბრამდე მიიღე საქართველოში არსებულ ყველა ფილიალში რბილი ავეჯის სრულ ასორტიმენტზე 40 %-მდე ფასდაკლება.

„ბელჰაუსი“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდია იმ მომხმარებელთა შორის, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ხარისხს, ფასსა და მრავალფეროვნებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის გვიპოვეთ ფეისბუქზე: ბელჰაუსი Belhouse

ან გვეწვიეთ  მისამართებზე: ბათუმი, გორგილაძის ქუჩა N88, ბათუმი მოლი, მე-3 სართული.

თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა N14 ; თბილისი, ლუბლიანას ქუჩა N11; თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი N12

ტელ.: +995 32 230 95 50

Exit mobile version