მთავარი,სიახლეები

ახალგაზრდები, რომლებიც კორეულ დორამებს ქართულად თარგმნიან

21.11.2018 • 10713
ახალგაზრდები, რომლებიც კორეულ დორამებს ქართულად თარგმნიან

საინტერესო სიუჟეტი, რომანტიკული, მაგრამ არა ეროტიკული, მინიმუმამდე დაყვანილი ძალადობის სცენები, ახალი, უცნობი კულტურა და ემოციების ფეიერვერკი – ეს არ არის ყველა ის მიზეზი, რის გამოც კორეული დორამა საქართველოში პოპულარული გახდა. ათასობით თინეიჯერი ქვეყნის მასშტაბით გატაცებულია დორამებით.

სიტყვა „დორამა“ თავდაპირველად იაპონური ტელესერიალების აღსანიშნავად გამოიყენებოდა, დღეს კი აზიური სერიალების საერთო სახელია. არსებული კორეული, ჩინური, იაპონური და ტაივანური დორამებიდან, ყველაზე პოპულარული კორეულია, შემდეგ მოდის იაპონური. ქართული საიტების სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში, ისე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, უფრო პოპულარული კორეული დორამებია.

დორამების პოპულარობის ზრდასთან ერთად ქვეყანაში გამოჩნდნენ ახალგაზრდები, რომლებიც ენთუზიაზმით თარგმნიან დორამებს ქართულად. koreamania.ge და animetv.ge კი ის საიტებია, რომლებზეც სამოყვარულო თარგმანები იდება.

მარიამ გაბრიჭიძე

მარიამ გაბრიჭიძე მომავალი ისტორიკოსია. სწავლობს, მუშაობს, თავისუფალ დროს კი კორეულიდან და ინგლისურიდან დორამებს ქართულად თარგმნის.

„19 წლის ვიყავი, კორეული დორამა რომ აღმოვაჩინე. თანდათან ჩამითრია, შემდეგ თარგმნა დავიწყე. კორეული ჩემით ვისწავლე დორამებიდან. თარგმნა ოთხი წლის წინ დავიწყე. ერთი სერიის თარგმნას ხუთი-ექვსი საათი მაინც სჭირდება, მით უმეტეს, თუ უყურებ და ისე თარგმნი, რომ სიტყვა სიტყვაზე დასვა. ჩემი ნათარგმნია „სამოთხის ხე“, რომელიც koreamania.ge-ზე დევს,“ – ამბობს მარიამი.

საკმაოდ შრომატევად სამუშაოს მარიამი, ისე როგორც ყველა, ვინც დორამებს ქართულად თარგმნის ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, საკუთარი სურვილით ასრულებს.

„დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ დორამას თარგმნა ჩემთვის ერთგვარი განტვირთვაა. კორეული დორამების სიყვარულმა კორეული ენა მასწავლა. საერთოდაც, ძალიან ბევრს სწავლობ დორამიდან – სწავლობ ადამიანების მოსმენას, ქცევას, კულტურას. აბსოლუტურად სხვა სამყაროა,“ – ამბობს მარიამი.

დანიელი 25 წლისაა. ის ყველაზე უფროსია Kmania-ს იმ ჯგუფში, რომლებიც კორეულ დორამებს ქართულად თარგმნის. პროფესიით ვებდეველოპერია. ამბობს, რომ ოთხი წლის წინ შემთხვევით აღმოჩენილმა დორამამ ჩაითრია, შემდეგ ფეისბუქზე ჯგუფი იპოვა, სადაც გაწევრიანდა. ოთხი წლის წინ, ქართველი თინეიჯერები დორამებს ძირითადად რუსულად უყურებდნენ, ან ინგლისური სუბტიტრებით დადებას ელოდნენ.

„მაშინ დამებადა იდეა და ვიკითხე – რას იტყოდით ქართულად რომ იდებოდეს სერიები-მეთქი. გამოხმაურება ძალიან დიდი იყო. შემდეგ უკვე რამდენიმე ამყვა, დავმეგობრიდით და დავიწყეთ თარგმნა. ფანკლუბი ვართ, როლებსაც იმ დონეზე გვიყვარს დორამა, რომ გადავწყვიტეთ სხვა ახალგაზრდებსაც და არამარტო მათ, მივცეთ საშუალება ქართულ ენაზე ნახონ დორამები. გახმოვანებაზე უარი ვთქვით, რადგან პროფესიონალურად ვერ გავახმოვანებდით. სუბტიტრებზე გავაკეთეთ არჩევანი. ვცდილობთ სერიები დათქმულ დროს დავამატოთ საიტზე. მაგრამ ზოგჯერ ხდება ისე, რომ ვაგვიანებთ. არავის არ გვაქვს შესაფერისი სიმძლავრის კომპიუტერები. ხან გაჭედავს, ხან რაღაც ხდება. დრო სჭირდება ყველაფერს,“ – ამბობს დანიელი.

ანა ბადაშვილი

Kmania-ს კიდევ ერთი მთარგმნელი ანა ბადაშვილი 17 წლისაა, აბიტურიენტია და ეროვნული გამოცდებისათვის ემზადება. დორამებს ინგლისურიდან თარგმნის. ამბობს, რომ ასე ერთდროულად ორ კურდღელს იჭერს.

„დორამების თარგმნა დაახლოებით 2-3 თვის წინ დავიწყე, როდესაც Kmania-ს შევუერთდი. ვთარგმნი ინგლისურიდან, კორეული არ ვიცი, სამწუხაროდ. საშუალოდ 2 საათი მჭირდება ერთსაათიანი სერიის სათარგმნად. ვცდილობ, ეს პროცესი ჩემი ინგლისურის გასაუმჯობესებლად გამოვიყენო, თან ასე ხალხს უფრო მეტ დორამას ვაცნობ,“ – ამბობს ანა.

ანასტასია ჯღარკავაც Kmania-ს მთარგმნელთა გუნდის წევრია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობს, მუშაობს და თავისუფალ დროს დორამებს თარგმნის.

ანასტასია ხსნის თუ რატომ მოსწონს დორამა.

“მოკლეა – არ გამოირჩევა რამდენიმე სეზონით და ათასობით სერიით,” – ამბობს ის. მისი თქმით, პოპულარობა “არა კონკრეტულად დრამებმა, არამედ აზიურმა ქვეყნებმა და მათმა კულტურამ, მათმა ენამ მოიპოვა. დორამა კი საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა ახლოს იყო იმ ენასა და კულტურასთან, რომელიც გაინტერესებს”.

koreamania.ge-ის მიერ ქართულად ნათარგმნი დორამები

თუ animetv.ge-ზე შეხვალთ და რომელიმე დორამას ერთ სერიას მაინც ჩართავთ, შეუძლებელია არ დაგამახსოვრდეთ ხმა, რომელიც ამ დორამებს ქართულად ახმოვანებს. დავითი, რომელსაც დორამების მოყვარულები იაგამის სახელით იცნობენ, ხუთი წელია, რაც ქართულ ინტერნეტსივრცეს ქართულენოვანი ანიმებით ამარაგებს. დორამების თარგმნა ერთი წლის წინ დაიწყო.

ყველაფერს მარტო აკეთებს – თარგმნის, ასწორებს, ახმოვანებს და საიტის პროგრამულ უზრუნველყოფასაც თვითონ ახერხებს. პროფესიით ვებ დეველოპერია. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ცდილობს გახმოვანების ტემპი არ დააგდოს და მაყურებელი დორამებით მოამარაგოს.

„თარგმანსაც, აწყობასაც, გახმოვანებასაც ვაკეთებ მარტო. საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ სურვილი დუბლირების და დავიწყეთ ერთობლივი გახმოვანება. ტექნიკურად ხდება ასე –  ჩვენ ჩვენთვის ვახმოვანებთ სახლებში, ბოლოს ვაჯამებთ და გამოდის ერთი საერთო ნამუშევარი,“ – ამბობს დავითი.

მისი თქმით, გახმოვანების დროს მთავარი მოტივატორები ის ადამიანები არიან, ვინც მის მიერ გახმოვანებულ დორამებს ელოდებიან.

„მიუხედავად იმისა, რომ მარტო ვზივარ და მარტო ვახმოვანებ, ყველა ის ადამიანი, ვინც შემდგომ უყურებს ამ ჩემს გახმოვანებულს, მგონია, რომ მათთან ჩემი ემოციები მიდის. ამ ხუთი წლის მანძილზე ბევრი მაყურებელი დაგროვდა და რაღაცნაირი სიყვარული მაქვს თითოეულის მიმართ. ისიც კი სასიამოვნოა, რომ ვიღაც ჩემს გაკეთებულ საქმეს უყურებს.

ამ წლების მანძილზე ძალიან დიდი დრო მაქვს დათმობილი ამ ყველაფრისთვის.  მაგრამ როცა ვფიქრობ, რომ ეს ვიღაცისთვის გასახარი იყო, ვიღაცისთვის სარგებლის მომტანი, აღარ მენანება ის დრო, რომელიც გახმოვანებაში მაქვს გატარებული,“ – ამბობს დავითი.

კითხვაზე, რამ განაპირობა დორამებისადმი ახალი თაობის ასეთი დიდი სიყვარული, დავითი ამბობს, რომ მთავარი გასაღები გულწრფელობა და სილაღეა, რომლითაც არის სავსე ყველა დორამა.

„დორამები დასავლური ფილმებისგან განსხვავდება. არ არის ძალადობა. ეს ჟანრი და თემატიკა ყველაზე მეტად გამოხატავს სითბოს და იმ თბილ ურთიერთობებს, რომელიც დღესდღეობით ჩვენ, ყველას გვაკლია. ალბათ ამიტომ მოვიდა ყველაზე ახლოს დღევანდელ თაობასთან“.

animetv.ge -ს მიერ ნათარგმნი დორამები

გადაბეჭდვის წესი