მთავარი,სიახლეები

საპატრიარქოს განცხადება მონაზონ სიდონიას ტოლერანტობის ქომაგად დაჯილდოების გამო

19.11.2018 • 2562
საპატრიარქოს განცხადება მონაზონ სიდონიას ტოლერანტობის ქომაგად დაჯილდოების გამო

საქართველოს საპატრიარქომ მონაზონ სიდონიასთვის ტოლერანტობის ქომაგის ჯილდოს გადაცემის გამო განცხადება გაავრცელა. საპატრიარქოს განცხადებით, მონაზონი სიდონია საქართველოს ეკლესიის წევრი არ არის.

„დედა სიდონია კარგა ხანია საბერძნეთის ეკლესიის დაქვემდებარებაშია და დიდი სქემაც [ბერ-მონაზვნის უმაღლესი ასკეტური ხარისხი მართლმადიდებელ ეკლესიაში] იქ მიიღო. დიდსქემოსნობა, ფაქტიურად, განდეგილური ცხოვრების წესს ნიშნავს, რაც ამ პიროვნებისთვის, სამწუხაროდ, საერთოდ უცხო აღმოჩნდა. იგი არ მოქმედებს არც საბერძნეთის და არც საქართველოს ეკლესიის კანონმდებლობით და ამდენად, მის საჯარო ქმედებებთან არც ერთ ეკლესიას კავშირი არა აქვს,“ – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მონაზონ სიდონიას ტოლერანტობის ქომაგის სტატუსი მისი საქმიანობიდან გამომდინარე მიანიჭეს და არა იმის გამო, რომ ის რომელიმე ეკლესიის წევრია.

„ეს არჩევანი გაკეთდა არა იმის გამო, რომ დედა სიდონია საპატრიარქოს წევრია, არამედ იმის გამო, რასაც აკეთებს ეს ადამიანი. ეს არის ადამიანი, რომელიც არის დამცველი ეთნიკური ჯგუფების, იმ ადამიანების, ვისაც თანადგომა სჭირდება. წლების განმავლობაში ვხედავთ ჩვენ ამას. ეს ღიაობა და ეს თანამშრომლობის სურვილი დააფასა რელიგიათა საბჭომ.

საპატრიარქოს განცხადება ღიმილის მომგვრელია, უაზრობაა თავისი არსით. ვერ ვხვდები რა საჭირო იყო იმის დემონსტრირება, რომ მათთვის [საპატრიარქოსთვის] ისეთი ადამიანები, რომლებიც ტოლერანტულები არიან, მიუღებელია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რამდენად სწორი არჩევანი გააკეთა საბჭომ,“ – უთხრა ბექა მინდიაშვილმა „ბათუმელებს“.

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრის ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა ყოველწლიური ტოლერანტობის ქომაგის ჯილდოს მფლობელები 16 ნოემბერს დაასახელეს.

 

https://netgazeti.ge/news/320017/?fbclid=IwAR3t45lHP8wx-ApJoP-tPrc3DH1LzZ0yLuH-yHsgj6XVGFkYFS3IhuTQUDs

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: