მთავარი,სიახლეები

ბსუ-ს 100 სტუდენტი ჩინეთში გაემგზავრება, თუმცა ჯერ პროგრამა მზად არ არის

20.11.2018
ბსუ-ს 100 სტუდენტი ჩინეთში გაემგზავრება, თუმცა ჯერ პროგრამა მზად არ არის

აჭარის მთავრობა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბათუმის უნივერსიტეტის [ბსუ] 100 სტუდენტი, მათ შორის მაღალმთიანი აჭარიდან, ჩინეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში ჩაერთვება. „ბათუმელების“ ინფორმაციით კი, ჯერ არც სტუდენტები შეურჩევიათ, არც გამგზავრებისა და სწავლების ვადებია დადგენილი და არც სხვა დეტალებია გარკვეული. არც ის არის ცნობილი, ვინ დააფინანსებს ამ სტუდენტების ჩინეთში ცხოვრების ხარჯებს.

მთავრობის ინფორმაციით, თანამშრომლობის მიზნით, ბათუმის უნივერსიტეტში მყოფ ჩინეთის დელეგაციის წევრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროექტები და გაცვლითი პროგრამები განიხილეს.

მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, ასევე, რომ სტუდენტები ჩანგშას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ისწავლიან. გაცვლითი პროგრამა საქართველო-ჩინეთის ასოციაციის იმ მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება, რომელსაც  ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციის დირექტორმა დავით ებრალიძემ და ჩანგშას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორმა ფუ ჰანგუანიმ მოაწერეს ხელი.

მხარეთა შეთანხმებით, უნდა შემუშავდეს ერთობლივი საგანმანათლებლო სადოქტორო პროგრამები, ჩატარდება სამეცნიერო პროექტები, კონფერენციები, საზაფხულო სკოლები და სემინარები. მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს საგანმანათლებლო, სამეცნიერო, მეთოდოლოგიური ლიტერატურის გაცვლასა და სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების მართვის გამოცდილების გაზიარებას.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: